კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ და როდის ეძებს გათხოვილი ქალი მამაკაცს გასართობად


ალბათ, რთულია იმაზე საუბარი, არის თუ არა ღალატის მაპროვოცირებელი სოციალურ კიბეზე აღმასვლა. ვინ უფრო ხშირად დგება ცდუნების წინაშე – ის, ვისაც ცხოვრებაში გაუმართლა და მიაღწია ყველაფერს, რისი მიღწევაც გეგმაში ჰქონდა, თუ უიღბლობით შეწუხებული, არშემდგარი პიროვნება. როგორც გაირკვა, ის ქალებიც კი, რომლებიც ქმრებთან სრულ თანხმობაში ცხოვრობენ, ღალატობენ მათ. ძნელი სათქმელია, რა უბიძგებთ ქალბატონებს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ. ფსიქოლოგები ვერ ასახელებენ კონკრეტულ მიზეზს და მიიჩნევენ, რომ ეს უფრო პიროვნულია, ვიდრე გარეშე ფაქტორებით განპირობებული. ანუ, ადამიანი ან არის ბუნებით მოღალატე, ან – არა და თუ არის, მაშინ რაღაც მომენტში მანკიერება აუცილებლად იჩენს თავს. საქმე ისაა, რომ ზოგჯერ გარემოებაც ქმნის შეგნებას და არც შემთხვევითობაა გამორიცხული.



ვერიკო (42 წლის): სხვათა შორის, ძალიან მიკვირს, თქვენთან საუბრის სურვილი რომ გამიჩნდა. საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი, მოვსულიყავი თუ არა, მაგრამ რაშია, იცით, საქმე?! ჩემნაირი ბევრია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. უბრალოდ, უმრავლესობას ურჩევნია, ჩუმად იყოს. ეს მათი პირადი ცხოვრებაა და მესმის, რატომაც იკავებენ თავს. ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვრებს. მთავარია, გულწრფელი იყო შენს საქციელში.

– შეიძლება, ღალატობდე საყვარელ ადამიანს და გულწრფელი იყო შენს საქციელში?

– რატომ არ შეიძლება. გულწრფელობაა, როცა იმას აკეთებ, რაც მართლა გინდა. არ თამაშობ და პოზა არ გიჭირავს, რომ მაგარი პატიოსანი ხარ. გული მერევა, როცა ასეთებთან მაქვს ურთიერთობა. მზად რომ არიან, პირველივე შემხვედრ მამაკაცს ჩაუხტნენ ლოგინში, იმიტომ რომ საკუთარ ქმრებთან არაფერი აღარ აქვთ. მაგრამ, ამას არ აღიარებენ. პირიქით, სხვებზე ჭორაობენ და სიბინძურეში სვრიან. მე წინასწარ არაფერი დამიგეგმავს. არავისთვის მიმიცია პირობა, ჩემი ცხოვრება ასეთი და ასეთი იქნება-მეთქი. ეს აბსურდია. ტყუის ის ქალი, რომელიც გათხოვებამდე იფიცება, ქმარი კუბოს ფიცრამდე მეყვარება და არასოდეს ვუღალატებო.

– რატომ?

– რას ნიშნავს, რატომ? ეს არის სრული აბსურდი. წინასწარ არავინ იცის, რა ელის ხვალ. ნათელმხილველობაზე რომ თავს დებენ, იმათაც არ შეუძლიათ საკუთარი მომავლის წინასწარ განჭვრეტა. ეჭვი ხომ არ გეპარებათ ამაში. მანახეთ, ერთი ადამიანი მაინც, გნებავთ ქალი, გნებავთ მამაკაცი, რომელიც იტყვის, მე ჩემი ცხოვრება ისე დავგეგმე, ოჯახიც უნდა მქონოდა და საყვარელიც უნდა მყოლოდაო. შეუცნობლად თუ ქვეცნობიერად, ყველანი ვეძებთ იმ ერთადერთს, რომელიც ჩვენი მეორე ნახევარი იქნება. ვინ როგორ პოულობს, რა დროს და რა გარემოებაში, ეს სხვა საქმეა.

– გინდათ მითხრათ, რომ თქვენს ცხოვრებაში არაფერი დაგიგეგმავთ და დინებას მიჰყვებოდით?

– არა. მე ამას არ ვამბობ? დინებას მხოლოდ ის ადამიანები მიჰყვებიან, რომლებსაც საკუთარი დანიშნულება არ ესმით. მე ასეთებს პატივს არ ვცემ. ღმერთმა რომ გაგაჩინა და სიცოცხლე გაჩუქა, გულზე ხელები არ უნდა დაიკრიფო და არ უნდა დაელოდო, ხვალ კიდევ რა წყალობას დაგაბერტყავს თავზე. ეს ყველაფერი უკვე შენზეა დამოკიდებული. საკუთარი თავი შენ თვითონ უნდა შექმნა. ჩემი წარმატება თავისით არ მოსულა და არც არავისზე ყოფილა დამოკიდებული. თავი მოვიკალი, იმ მდგომარეობისთვის რომ მიმეღწია, რომელიც ახლა მაქვს. ჩემი ქმარი ასეთი არ არის. მისთვის სრულიად საკმარისია, სამსახური რომ აქვს და მიაჩნია, ათასი ლარი კარგი ხელფასია. არაფერს აკეთებს მეტის მისაღწევად. ოღონდ კომპიუტერთან დაჯდეს და გაერთოს, ან წამოწვეს და დაიძინოს. დარწმუნებულია, რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს.

– იქნებ მართლაც ასეა?

– არა. მეც რომ ასე მეფიქრა, ვერ ვიქნებოდი წარმატებული ქალი. არ არის ადვილი, ამ ცხოვრებაში ადგილი დაიმკვიდრო. ანგარიშგასაწევ ფიგურად იქცე და რაც მთავარია, შემოსავალი გქონდეს ისეთი, თავს ფუფუნების უფლებაც მისცე.

– ისეთი „ფუფუნების“, როგორიც არის საყვარელი.

– ვხვდები, რისი თქმაც გინდათ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ცდებით. საყვარლის ყოლა ფუფუნება არ არის და ჩვენი ამბავი შეგნებულად არ მომხდარა. ურთიერთობა სხვანაირად დავიწყეთ და თავიდან საერთოდ არ მიფიქრია იმაზე, რომ ქმარს ვუღალატებდი. ნამდვილად არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, სექსუალურ თავგადასავლებს რომ ეძებენ. უბრალოდ, გართობა მომინდა. მე ისეთ რეჟიმში ვცხოვრობ, ზოგჯერ განტვირთვა ძალიან მჭირდება. ჩემს ქმარს კი არ შეუძლია თუ არ უნდა, დამეხმაროს ერთფეროვნების გადახალისებაში. მე მართლა მინდოდა მყოლოდა ადამიანი, მამაკაცი, რომელთანაც მექნებოდა მსუბუქი, არაფრის დამავალდებულებელი ურთიერთობა. ხვდებით, რას ვგულისხმობ? როცა ზედმეტად სერიოზული ცხოვრება გაქვს, შეიძლება „გადაიწვა“, თუ ხანდახან განტვირთვას ვერ მოახერხებ. ჩემი „გამრთობი მამაკაცი“ ჩემი ქმრისგან აბსოლუტურად განსხვავებული უნდა ყოფილიყო. ძალიან მხიარული, იუმორის გრძნობით, ვალდებულებებისგან და პრობლემებისგან თავისუფალი. ყურადღებიანი და ცოტათი ცელქი...

– ანუ, ასეთ მამაკაცს თქვენ შეგნებულად ეძებდით.

– ამასაც ვერ ვიტყვი. მინდოდა, რომ გვერდით ასეთი მამაკაცი მყოლოდა. ქალად რომ დარჩე, აუცილებელია, ვიღაც შენს ქალურ ღირსებებს ამჩნევდეს, თაყვანისმცემელი სტიმულს გაძლევს და სულ ტონუსში ხარ.

– ქმარი ამას ვერ „ქაჩავს“?

– გააჩნია ქმარს. ეს ინდივიდუალურია. ზოგი „ქაჩავს“ და ასეთები ძალიან ცოტანი არიან, ზოგიც – ვერა. როცა ქალი და კაცი თხუთმეტი წლის განმავლობაში ერთ სახლში ცხოვრობენ და ერთ ლოგინში წვებიან, იქ ასეთ „აღმაფრენებზე“ ზედმეტია ლაპარაკი. ყოფა კლავს რომანტიზმს, სამწუხაროდ, ეს რეალობაა. მე ამით, იმის თქმა არ მინდა, რომ ოჯახი საჭირო არ არის. სწორად გამიგეთ. უბრალოდ, ოჯახს სხვა დატვირთვა აქვს. მე მიმაჩნია, რომ ის ოჯახია განსაკუთრებით მყარი და ჰარმონიული, სადაც მეუღლეები ერთმანეთის მეგობრები და თანამზრახველები არიან.

– მერე რა, თუ ქმარს ცალკე ეყოლება საყვარელი და ცოლს – ცალკე.

– მე ეს არ მითქვამს. საყვარლის ყოლა აუცილებელი არ არის. მაგრამ, თუ ხვდები, რომ ის შენი კომფორტისთვის, შენი სულიერი სიმშვიდისთვის, შენი თვითდამკვიდრებისთვის გჭირდება, უნდა გყავდეს.

– ვერაფრით დაგეთანხმებით.

– თქვენი ნებაა. მე არ მოვსულვარ იმიტომ, რომ ჩემი სიმართლე ვამტკიცო, უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ყველა ქალი, ვინც ქმარს ღალატობს, ავხორცი, ზნედაცემული და სექსუალური მანიაკი არ არის. წარმოიდგინეთ, ან შეეცადეთ წარმოიდგინოთ, ჩემი მდგომარეობა. მე არ ვარ ჩვეულებრივი ცოლი. წინსაფარაფარებული დიასახლისი, რომელსაც მარტო ის აქვს საზრუნავ-საფიქრალი, რა მოუმზადოს გემრიელი ოჯახს. ამით დიასახლის ქალბატონებს არ ვაკნინებ, ღმერთმა დამიფაროს! ესეც უდიდესი ნიჭია და თუ ქალი სამზარეულოში გრძნობს თავს ყველაზე კომფორტულად, იქ უნდა იყოს. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს საკუთარ არჩევანში. მაშინ ის, როგორც პიროვნება, შედგება. თუ სულ იმაზე იფიქრე, ამან ეს არ თქვას, იმან – ისო, წასულია შენი საქმე.

– თავისუფლება კარგია, მაგრამ არსებობს პასუხისმგებლობის და ვალდებულების გრძნობა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ მე ვალდებულების გრძნობა არ მაქვს? ძალიან ცდებით. ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რათა ჩემი ოჯახის სიმშვიდეს და კეთილდღეობას პრობლემები არ შევუქმნა. შემთხვევითობა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ბევრს ვერაფერს შეცვლის. მე არ დავუშვებ ამას. თუმცა, ვაღიარებ, რომ კაცი, რომელიც ასე მოულოდნელად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში სულერთი ნამდვილად არ არის ჩემთვის.

– მოულოდნელად შემოვიდა თუ თქვენ მას ეძებდით?

– როგორ გითხრათ, ვეძებდი, რომ მისი საყვარელი გავმხდარიყავი-მეთქი, ეს არ არის სიმართლე. მე პატარა ფლირტი მინდოდა, ხანმოკლე გართობა. თუ შევეჩვეოდი და სხვანაირი ურთიერთობაც იქნებოდა ჩვენ შორის, ვერ წარმოვიდგენდი. გავიცანი კორპორატიულ წვეულებაზე. მაშინვე მომეწონა. ისეთი იყო, როგორიც მე მჭირდებოდა. უდარდელი, მხიარული და ძალიან თავაზიანი. იმ საღამოს არაჩვეულებრივად გავერთე.

– მარტო იყავით ამ წვეულებაზე?

– რა თქმა უნდა. ჩემი ქმრის ცხვირწინ ხომ არ გავაჩაღებდი ფლირტს. ასეთი თავხედიც არ ვარ. ჩემს ქმარს არ უყვარს ამ ტიპის წვეულებები და დიდი ხანია, შევეჩვიე იმას, რომ ყოველთვის მარტო მიწევს წასვლა. არადა, იმ საღამოს მივხვდი, როგორ მჭირდებოდა თურმე კავალერი. მარტოობა არც ერთი ქალისთვის არ არის სასიამოვნო. როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს. თუნდაც, ამ სიძლიერის დემონსტრაციისთვის სჭირდება გვერდით მამაკაცი.

– თქვენი მეუღლე ისე გიშვებდათ ამ წვეულებებზე, რომ არ ეჭვიანობდა?

– არა. არ ეჭვიანობდა. მას მიაჩნია, რომ ეს წვეულებები საქმიანი ქალის ცხოვრების ნაწილია. მისთვის კი – სრულიად მოსაბეზრებელი ზედმეტობა, რის გარეშეც მშვენივრად გაძლებს. ისეთი დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა მის დასაყოლიებლად, რომ წამომყოლოდა, მომბეზრდა და ხელი ჩავიქნიე. ის სახლში რჩებოდა, მე ვიცვამდი, ვირთვებოდი და მივდიოდი.

– და მას პრეტენზია არ ჰქონდა?

– არა, რა თქმა უნდა. პირიქით, მგონი, ეს იყო მისთვის საუკეთესო დასვენება. მეც მომბეზრდა მარტოობა. არაფრად ღირს შენი გარეგნობა და წარმატება, თუკი გვერდით ისეთი არავინ გყავს, ვინც შენს ღირსებებს დააფასებს და ხმამაღლა აღიარებს. ჩემს ქმარს დაავიწყდა, რომ გვერდით ქალი ჰყავდა და იმ ქალს ყურადღება სჭირდება. მაგრამ, ეს მისი პრობლემაა. ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევნის უფლება. მე რაც გავაკეთე, ჩემი არჩევანი იყო. უბრალოდ, ყველაფერი ვერ გავთვალე და გაუთვალისწინებელი მოხდა. იმაზე შორს შევტოპე, ვიდრე მინდოდა.

– ღალატს გულისხმობთ?

– დიახ. ფიზიკურ სიახლოვეს იმ ახალგაზრდა მამაკაცთან. ჩვენი ურთიერთობა ფლირტის იქით არ უნდა წასულიყო და მალე დამთავრებულიყო, მაგრამ ყველაფრის გათვლა და დაგეგმვა შეუძლებელი ყოფილა.

– ფლირტი არ იქნებოდა ქმრის ღალატი?

– არა. რატომ იქნებოდა? გავერთობოდი და დამთავრდებოდა ყველაფერი. მაგრამ, ხომ გითხარით, ღრმად შევტოპე. ახლა იმაზე ვნერვიულობ, სიტუაციის გაკონტროლება რომ ვერ შევძლო. არავითარი სურვილი არ მაქვს, ეს ადამიანი შემიყვარდეს. საეჭვოდ შევეჩვიე. შეჩვევა კი ძალიან საშიში რაღაც არის. მე მომწონს მასთან ყოფნა. უზარმაზარ ენერგიას ვიღებ. მასთან გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ, თითქოს თავიდან ვიმუხტები. ჩემი საქმიანობის გადამკიდე, სულ დაძაბული და გაღიზიანებული ვიყავი, დივანზე წამოკოტრიალებული ქმარიც მაღიზიანებდა და სულ ვიღრინებოდი. ახლა ამის პრობლემაც აღარ მაქვს. პირიქით, ძირითადად კარგ გუნებაზე ვარ. გახალისებული და ძალიან აქტიური. თითქოს ათი წლით გავახალგაზრდავდი.

– თქვენმა ქმარმა რომ შეიტყოს ამ რომანის შესახებ?

– არ უნდა შეიტყოს. მე ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. უკვე შევთხზე ამბავი ჩემს ერთ ახალ თანამშრომელზე, რომელმაც კარგად შემივსო სიცარიელე და მოვუყევი კიდეც ქმარს.

– კი, მაგრამ, ეს ხომ ისეთი ტყუილია, რომელიც დიდხანს არ იმალება, თქვენ ხომ მარტო არ ხართ?

– მერე რა. ეს ჩემი ცხოვრებაა და როგორც მინდა, ისე მოვიწყობ. თან არც ისეთი ტყუილია. მართლა ჩემი თანამშრომელია და ჩვენი ურთიერთობა ძალიან თვალშისაცემი არ არის. ერთადერთი პრობლემა, ისევ მე ვარ და არ უნდა მივცე საკუთარ თავს უფლება, შემიყვარდეს. თუ ამას თავიდან ვერ ავიცილებ, ძალიან გამირთულდება ცხოვრება.

– თქვენ არაფერს ამბობთ, თვითონ იმ პიროვნებას რა დამოკიდებულება აქვს თქვენ მიმართ.

– იმან თავიდანვე იცოდა, რომ სერიოზული ურთიერთობა ჩვენ არ გვექნებოდა. მე არ ვარ „იგროკი“. არაფერში მჭირდება თამაში. ზუსტად ვუთხარი, რა მინდოდა მისგან და რისი იმედი არ უნდა ჰქონოდა. ოჯახის დანგრევას არ ვაპირებ, ჩემი ქმარი, როგორც ქმარი, აბსოლუტურად მაკმაყოფილებს. ჩემს შვილებს მშვიდი, სტაბილური ოჯახი სჭირდებათ და აქვთ კიდეც. ქარაფშუტა გოგო არ ვარ, რომ ემოციებს ავყვე და პრობლემები შევიქმნა. მთავარია, არ შემიყვარდეს.

– ადვილად ამბობთ, „არ შემიყვარდეს“. სიყვარული ჩვენზეა დამოკიდებული?

– ჩემს ასაკში და ჩემს მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის სიყვარული უსარგებლო ტვირთია. მე შემიძლია, გრძნობების გაკონტროლება. ჩემმა ცხოვრებამ ბევრი საჭირო რამ მასწავლა და ვიცი, რა მოაქვს ჭარბ ემოციებს. ეს ურთიერთობა ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება. მე ახლა მაქვს იმის მოთხოვნილება, რომ ქალად ვიგრძნო თავი, ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით. მაგრამ, რაღაც პერიოდის შემდეგ, ეს გაივლის. მე ჩემს ქმართან დავრჩები. ის კარგი ქმარია, თუმცა – ცუდი კავალერი და ცუდი საყვარელი. ამიტომაც დამჭირდა პატარა თავგადასავალი.


скачать dle 11.3