კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სახიფათო თამაშში ითრევს დასავლეთი რუსეთს საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხარჯზე


ევროპელები კიდევ უფრო მეტად შემჭიდროებისთვის ემზადებიან, მეტიც, გუმანში ერთობლივი შეიარაღებული ძალების შექმნაც აქვთ. თუ ეს მოხდება, ევროპის ახლებური გაერთიანება, შესაძლოა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ალტერნატივადაც კი იქცეს და არც ისაა გამორიცხული, რომ ევროკავშირის ქვეყნები კონტინენტიდან აშშ-ის გაძევებასაც ისახავდნენ მიზნად. ამ შემთხვევაში, კონტინენტის ევროპულ, გნებავთ, მის მეტ-ნაკლებად ევროპულ ნაწილში, მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების როლებს ევროკავშირი და რუსეთი გადაინაწილებენ. ეს კი, ევროკავშირის გულგრილობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც კავკასია, რუსეთის გავლენის სფეროდ მოიაზრება. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად შევეცდებით იმის გაანალიზებას, რამდენად რეალურია, საქართველოს რუსულ წიაღში ჩათრევის პერსპექტივა.


– ევროკავშირის მცდელობა კიდევ უფრო შემჭიდროებისკენ, ნიშნავს თუ არა ევრაზიიდან ამერიკული გავლენის გაძევების მცდელობას?

– ჯერ ერთი, ჩვენს დიალოგში მეტისმეტად ადრე გავისტუმრეთ ამერიკა კონტინენტიდან, თუმცა ის, რომ ევროპა ცდილობს ამერიკული გავლენის შემცირებას, სავსებით ბუნებრივია და ჯერ ამის მხოლოდ ნიშნებია. თუკი შორეულ პერსპექტივაში ევროპამ თავის სივრცეში ამერიკის გავლენა შეასუსტა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ამერიკა მიდის კონტინენტიდან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ასეთი მოდელი ძალიან უნდა. თუ გავიხსენებთ ბზეჟინსკის მიერ ობამასთვის მიცემულ რეკომენდაციას, რომ ამ ეტაპზე ამერიკისთვის უპრიანია ჩინეთთან ალიანსი და ყველა სხვა კონტაქტი ნაკლებყურადღებამისაქცევია, შესაძლოა, კონტინენტზე ამერიკული გავლენა სხვა მხრიდან შემოვიდეს.

– შორი გზიდან მოუაროს, რომ შინ მშვიდობით მივიდეს?

– ამერიკა, რა თქმა უნდა, არც ევროპულ მხარეს დაკარგავს რამდენიმე მიზეზით: ჯერ ერთი, კულტურული თვალსაზრისით, ეს ერთიანი სივრცეა და, მეორეც, ამერიკამ სულაც რომ არ გამოიღოს ხელი, რუსეთი იმდენად ექსპანსიურ პოლიტიკას ატარებს, რომ მისი ზედმეტი აქტივობა ევროპას ისედაც დააყენებს ალტერნატივის წინაშე, ვისი გავლენა ურჩევნიათ: ამერიკის თუ რუსეთის.

– ესე იგი, ერთი მხრივ, ამერიკის მიერ ევროპაზე გავლენის შენარჩუნება და, მეორე მხრივ, კონტინენტისთვის ჩინეთიდან შემოვლა, შეიძლება, განვიხილოთ, როგორც რუსეთის ალყაში მოქცევა?

– ამერიკისთვის, ისევე, როგორც ყველა საღად მოაზროვნე პოლიტიკური სუბიექტისთვის, თვითმიზანი არ უნდა არსებობდეს. ანუ რუსეთის გარშემო პოლიტიკის აგების თვითმიზნად ქცევა უკვე წამგებიანია. უნდა არსებობდეს კონკრეტული მიზნები. მაგალითად, ბუშის პოლიტიკური კურსი მიმართული იყო იქითკენ, რომ ევროპიდან საქართველოსა და უკრაინის გავლით გადაესროლა თავისი გავლენა აღმოსავლეთში და ასე გაეკონტროლებინა, ერთი მხრივ, ნავთობის, მეორე მხრივ, ტერორიზმის საბადოები. მოგეხსენებათ, ეს ორი საბადო ერთმანეთს ხშირად ემთხვევა. ზუსტად არ ვიცით, ითვალისწინებს თუ არა ობამას ადმინისტრაცია ბზეჟინსკის რეკომენდაციას, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩინეთის მიმართულებით ენერგიული ნაბიჯები გადაიდგა. შეიძლება, ობამას პოლიტიკური ხაზი იმავეს გულისხმობს, რასაც ბუში გულისხმობდა, ოღონდ, შემოვლითი გზით.

– ეს ნიშნავს, რომ ამ ჩვენზე გამავალმა პოლიტიკურმა გზამ კრახი განიცადა?

– მეტ-ნაკლებად, ალბათ, განიცადა კრახი, რადგან არც უკრაინაა სტაბილური წერტილი და არც საქართველოა იმდენად სტაბილური, რომ აქ ამერიკამ გზის გაჭრა დაიწყოს შუა აზიისკენ. ფერადი რევოლუციების ექსპორტის შეჩერება უკვე მიუთითებს, რომ ეს პოლიტიკა წარუმატებლად მიიჩნიეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელი ჩაიქნიეს ამ ტერიტორიების გავლენის სფეროებად დატოვებაზე.

– ჩინეთს, წესით, ვინ უფრო ურჩევნია: რუსეთი თუ ამერიკა?

– გააჩნია, როგორი გეგმები აქვს ჩინეთს. ამერიკა ყველასთვის უფრო სასურველი პარტნიორია, თუ რუსეთის არ ეშინია. ჩინეთი არ ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც რუსეთის ეშინია, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთმა დაიწყო ჩინეთთან პარტნიორობის პოლიტიკა. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთის ერთ-ერთი არსებითი პრობლემაა ის, რომ მოსახლეობა ჰყავს ბევრი და ტერიტორია არ ჰყოფნის, მას, ადრე თუ გვიან, დაპირისპირება მოუწევს რუსეთთან. ჩინეთს ამერიკასთან პირდაპირი საზღვარი არ აქვს, რუსეთთან კი აქვს. ეს საზღვარი რამდენიმე ათეულმა მილიონმა ჩინელმა უკვე გადალახა და, ადრე თუ გვიან, რუსეთში ჩინელების გადასვლის საკითხი რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობის დაძაბვის ერთ-ერთ საკითხად იქცევა. თუ რა კურსს აირჩევს ჩინეთი რუსეთთან: რბილი პარტნიორობის თუ კონფრონტაციის, დამოკიდებულია, იმაზე, საყრდენად ამერიკას აირჩევს თუ რუსეთთან ეცდება დიპლომატიური გზების მოძებნას. თუ ვიგულისხმებთ, რომ რუსეთი და ჩინეთი აზიური ქვეყნებია, მე მაინც მგონია, რომ მათ შორის უფრო კონფრონტაციული დამოკიდებულება ჩამოყალიბდება და, შესაბამისად, ჩინეთისთვის სამომავლოდ ამერიკის პარტნიორობა უფრო პერსპექტიულია.

– ჩვენ რა ხეირი ამერიკა-ჩინეთის დამეგობრებით?

– ეს მხოლოდ ვერსიაა, თუმცა, რეალობასთან დაახლოებული. ამ შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობების ინტერესები ჩვენზე აღარ გაივლის, განსხვავებით ბუშის ეპოქისგან. თუ ობამამ მეორე მხრიდან გადაწყვიტა შემოვლა, მაშინ მისთვის საინტერესო რეგიონი აღარ ვართ.

– ვისთვის ვრჩებით საინტერესო?

– ჩვენ მუდმივად ვიქნებით ინტერესის საგანი, როგორც ენერგომატარებლების ერთი ხაზი, რომელიც უკვე არსებობს და ამ ხაზს არავინ დახურავს, თუმცა ჩვენზე გამავალი ენერგოდერეფნის შემდგომი განვითარების პერსპექტივა თვალშისაცემი აღარ იქნება.

– ცნობილია, რომ რუსეთში დამოუკიდებლობის შემდგომ შექმნილ ქართულ სიმღერებსა თუ ფილმებს არ უჩვენებენ. რუსეთის კინოთეატრებში გამოდის ფილმი, რომელშიც ნინო ქათამაძის სიმღერაა ქართულად. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ანუ ჩვენს ხელახლა მისაღებად მზადაა რუსული წიაღი?

– რა თქმა უნდა, რუსეთში შემთხვევითი დეტალები იშვიათია. რაც შეეხება რუსულ პოლიტიკას: ჩვენთან შეიქმნა მოსაზრება, რომ რუსეთი ოცნებობს საქართველოს გაქრობაზე. მგონია, რომ ეს მაინც ჩვენი სურვილების გადატანაა რუსეთზე, რადგან ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკურ სუბიექტს თვითმიზანი არ უნდა ჰქონდეს და არც მუდმივი მტერი ჰყავდეს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც რუსეთს ექნება ასეთი თვითმიზანი. უბრალოდ, მტრის ხატის შემოტანა რუსეთს პოლიტიკურ ამოცანებს გადააწყვეტინებს ხოლმე. პოლიტიკურ სისტემაში რუსეთის ხელახალი დამკვიდრება საჭიროებდა პუტინის მიერ შემოტანილ აგრესიულობას. თუკი რუსეთმა ეს თვითდამკვიდრება მოახერხა, ამერიკის ევროპაზე გავლენა კი შემცირდება ჩინეთზე გადამისამართებით, რაც რუსეთს ევროპაზე ენერგეტიკული ზეწოლის გაგრძელების საშუალებას მისცემს, ასეთ შემთხვევაში რუსეთის ამბიციები მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილდება. რუსეთს სჭირდება მრავალპოლუსიან სამყაროში ერთ-ერთ პოლუსად ყოფნა, მაგრამ, თუკი ამ კონდიციამდე მივიდა და აქამდე ბევრი არაფერი უკლია, მას უკვე დასავლეთზე ზეწოლისთვის საქართველო აღარ სჭირდება. ამდენად, მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება იმიჯის გამოსწორება, რომელიც დასავლეთის დაშინების პერიოდში შეიქმნა.

– ჩვენს ხარჯზე, რა თქმა უნდა.

– რა თქმა უნდა და ამ იმიჯის გამოსწორების საშუალება იქნება კონფლიქტების ისე მოგვარება, რომ რუსეთმა უკან არ დაიხიოს მის მიერ გაკეთებულ აღიარებებზე.

– დუგინის თეორია ერთიანი ევრაზიული სივრცის შექმნის, ანუ საბჭოთა კავშირის რეანიმაციის შესახებ?

– დიახ. ეს რუსეთს საშუალებას მისცემს, აღადგინოს ურთიერთობა კავკასიასთან, რომლის ერთ-ერთ შტოდ, შეიძლება, განვიხილოთ ის პროცესები, რამაც აზერბაიჯანი რუსეთს მიაკრა. შესაბამისად, მზადდება პირობები, რომ რუსეთის გავლენა კავკასიაზე აღდგეს მშვიდობისმყოფელის როლში.

– მხოლოდ ყარაბაღთან მიმართებაში?

– რატომ მხოლოდ ყარაბაღთან მიმართებაში?! უკვე დიდი ხანია, რუსეთი შიგადაშიგ ამბობს, რომ საქართველოს აღდგენა შეიძლება კონფედერაციული მოდელით.

– მაგრამ ეს იმაზე უარესია, რაც დღეს გვაქვს?

– უარესია ჩვენთვის, მაგრამ რუსეთისთვის უკეთესია, მსოფლიოსთვის კი ეს არის პრობლემის გადაწყვეტა. მე არ ვამბობ, რომ ეს საჩვენო სცენარია, ჩვენთვის ეს ძალიან მძიმე სცენარია, მაგრამ, შესაძლოა, რუსეთი ასეთ სცენარზე ფიქრობდეს.

– თუკი რუსეთს ექნება საშუალება, იქცეს ევროპის ენერგეტიკულ მონსტრად, აღარ დასჭირდება საქართველოს წვალებაო. მაგრამ დასავლეთ ევროპას უკვე შეუძლია, მომარაგდეს თხევადი და გაცილებით იაფი გაზით აფრიკიდან, ოღონდ, აღმოსავლეთ ევროპა ამ ახალ ენერგოსისტემაში ვერ ჯდება. ანუ რუსეთს მთელ პოსტსოციალისტურ სივრცეზე უნდა გავლენის აღდგენა?

– ნუ შეუზღუდავთ გემოვნებას რუსეთს, ლუკმის ზომა მას არ აშინებს ხოლმე. თუ მოახერხებს, ლაპარაკია ვარშავის ხელშეკრულების სივრცეზე, თორემ პოსტსაბჭოთა სივრცე მიაჩნია, რომ ღმერთისგან აქვს ბოძებული. და თუ აღმოჩნდება, რომ ამ სივრცეზე ისევ აქვს გავლენა, ყოველ შემთხვევაში, დაწყნარდება მაინც.

– თუ მაღალია ალბათობა იმისა, რომ რესეთმა თავისი გავლენა აღადგინოს პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ? მოვდუნდეთ და მივიღოთ სიამოვნება?

– გავიხსენოთ ნატოს ბოლო რეკომენდაცია: მოაგვარეთ ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენ იქით ვთხოვთ რუსეთთან პრობლემების მოგვარებას, მათ კი აქეთ დაგვიბრუნეს. ასეთ პირობებში ბევრი ქვეყანა, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ალბათ, ორმაგი თამაშით დაკავდებიან და ეს ორმაგი თამაში იქნება რუსეთისთვის ეკონომიკურად რაღაცის დათმობა, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებში დასავლეთზე ორიენტაციის შენარჩუნება. ევროპამ ეკონომიკური ორიენტაცია რომ აიღოს კიდეც რუსეთზე, რუსეთი ამას ვერ გაუძლებს, რადგან თვითონ რუსეთია დასავლეთის გრანტების დონორი. ამ პროცესს კი რუსეთისთვის თან სდევს ერთი საფრთხე, რაზეც დასავლეთის ექსპერტები აკადემიური სიმშვიდით საუბრობენ: რუსეთი მიისწრაფის იმისკენ, რისი ეკონომიკური პოტენციალიც არ აქვს.

– ანუ გავლენას ძალით დაამყარებს?

– ფიზიკური ძალაც ეკონომიკას ითხოვს. ასე რომ, გამორიცხული არ არის და მეც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ თამაშის მიზანია რუსეთის უკიდურეს მდგომარეობამდე მიყვანა. გახსოვთ, რეიგანმა ვარსკვლავეთის ომები რომ წამოიწყო, რამაც კოლაფსში ჩააგდო საბჭოთა ეკონომიკა?! ანუ რუსეთს მიიყვანენ იმ დონემდე, როდესაც უკვე თვითონ რუსეთი ვეღარ შეძლებს თავისი თავის შენარჩუნებას. ამდენად, რუსეთის მისწრაფება გავლენის გაფართოებისკენ, მას ქვეყანაში გაუჩენს პრობლემებს, რადგან ძალიან დიდი ძალა უნდა გქონდეს, რომ ეს გაფართოება მოახერხო; დიდი ეკონომიკური პოტენციალი უნდა გქონდეს, რომ ამ გაფართოებაში ეკონომიკა არ დაგეშალოს. რუსეთს არ უშლიან ხელს გაფართოებაში, რომ თვითონ ამ გაფართოებამ შეუქმნას რუსეთს ისეთი სიძნელეები, რომელიც გაფართოების თემას უკანა პლანზე გადაწევს.

– ანუ მიზანი რუსეთის ფედერაციის დაშლაა?

– საკმარისია, რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი დაძაბუნდეს, რომ ჯარის რჩენა შეუძლებელი გახდება; თუ ჯარის რჩენა შეუძლებელი იქნება, რუსეთს უკვე უჭირს და უფრო გაუჭირდება რესპუბლიკებზე კონტროლის შენარჩუნება, რაც სეპარატიზმის აღმოცენებას შეუწყობს ხელს.

– და ეს ჩვენ გვაძლევს პოლიტიკური ღანღალის პერსპექტივას?

– აბა, სად წავა ქვეყანა?! უბრალოდ, მთავარია, მანამდე, სანამ ძალა აქვს რუსეთს, გავითვალისწინოთ დასავლელი ექსპერტების რეკომენდაცია: არ უნდა დაეჯახო შუბლით კედელს, სანამ ის მაგარია.

– სენეკას გამონათქვამია, როდესაც არ იცი, რომელი ნაპირისკენ გიჭირავს გეზი, არასდროს დაგეხმარება ზურგის ქარიო.

– ჩვენ ბევრი პრობლემა გაგვიჩინა იმან, რომ არ გვქონდა სტრატეგიული ხედვა და ამიტომ ყოველთვის მომხდარის გამოსწორება გვიწევდა. ამ გამოსწორებაში კი პირველი მოსახვედრიც ჩვენ გვხვდებოდა, რასაც, სამწუხაროდ, ადამიანები ეწირებოდნენ.

– არაფერი გვითქვამს თურქეთზე, ის დაკმაყოფილდება დამკვირვებლის როლით?

– თურქეთი ახლა იწყებს თამაშს და თურქეთის მიზნები გაუშიფრავია. ჩვენ ვერსია ამერიკის შესახებ ავაგეთ ბზეჟინსკის ფრაზაზე დაყრდნობით, თუმცა, ჩინეთის მსგავსად, თურქეთშიც სიჩუმეა. ანუ, არც ის აცხადებს აშკარად, რა არის მისი მოქმედების სტრატეგიული მიზანი, მაგრამ იმაზე, რომ რაღაც მიზანი არსებობს, მიუთითებს მისი აქტიური მოქმედება კავკასიის რეგიონში. გამორიცხული არ არის, რომ თურქეთს, ისევე, როგორც რუსეთს, უნდოდეს გააკონტროლოს და გადაინაწილოს რუსეთთან ერთად ევრაზიის სატრანზიტო სივრცე. დღეისთვის რუსეთი და თურქეთი შეხმატკბილებულნი არიან, მაგრამ თურქეთს უნდა, რომ ევროპისკენ მიმავალმა გზამ მასზე გაიაროს, ბაქო-ჯეიჰანის პროექტიც მან შესთავაზა ამერიკას თავის დროზე. ასე რომ, აშკარად იკვეთება თურქეთის ეს სტრატეგია: დერეფნების მასთან თავმოყრისა.

– ესე იგი, იმის იმედიღა უნდა გვქონდეს, ისე მაინც შეთანხმდნენ, რომ ჩვენ დღევანდელზე უარესად არ დაგვშალონ?

– თუკი რუსეთს დასჭირდება, რომელიც დღეს მაინც ყველაზე მეტ ბერკეტს ფლობს ჩვენს ბედ-იღბალზე, დასავლეთისთვის იმის ჩვენება, თუ ვინ არის კავკასიაში უფროსი, შეიძლება, ეს ბერკეტები თავიდან ამუშავდეს. მეორე მხრივ, თუ კავკასიაში თურქეთის დომინირების თემა გახდება აქტუალური, გამორიცხული არ არის, რომ ბერკეტები ამჯერად თურქეთმა აამოქმედოს. ამდენად, გულზე ხელის დაკრეფა და იმის მოლოდინი, რა მოხდება, არ ღირს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანას რეალური ბერკეტები თითქმის არ გააჩნია, მან აუცილებლად უნდა იცოდეს, რა ხდება მის გარშემო და საით მიდის პროცესები, თორემ, ბრმად, თვალდახუჭული თუ დაელოდა, არანაირი შანსი არ ექნება. მაგრამ, თუ კომპეტენტური იქნა, კიდევ რჩება შესაძლებლობა, რომ პროცესებზე გარკვეული გავლენა მოახდინოს.

– რომ გათამამებული მონა მაინც ვიყოთ?

– თუ ციხეში ჯდები და მხოლოდ იმას ელოდები, როდის დაინგრევა ციხეო, შეიძლება, დიდხანს მოგიწიოს ჯდომა და ციხე არ დაინგრეს. მაგრამ, თუ გეცოდინება ციხის ცხოვრება, ციხის სუსტი და ძლიერი წერტილები, ციხის გამოსასვლელები, შეიძლება, გამოხვიდე კიდეც. ჩვენ, სამწუხაროდ, ცოდნის მიღება გვეზარება, თორემ, დღეს იმაზე გაცილებით მაღალი თავისუფლების ხარისხი გვაქვს, ვიდრე სხვადასხვა იმპერიის ციხეებში გვქონდა. თუკი ციხეში შეიძლება თავისუფლების პოვნა, ეს დღევანდელ გარემოცვაში მით უმეტესაა შესაძლებელი, უბრალოდ, უნდა იცოდე, რა არის შენთვის ხელსაყრელი.


скачать dle 11.3