კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იმოქმედა რუსეთმა 1993 წელს სოხუმში და 2008 წელს ცხინვალში ერთი და იმავე პოლიტიკური სცენარით და რას იყენებს ახალ სატყუარად დსთ-ში საქართველოს ხელახლა შესაყვანად


ქართველი ჟურნალისტების გამოჩენამ ყოველწლიურ მედია-ფორუმზე, რომელსაც დსთ-ის, ბალტიისპირეთის, ევროპის, ჩინეთისა და ისრაელის მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ქართულ საზოგადოებრივ თუ პოლიტსპექტრში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მედია-ფორუმის ერთ-ერთ ქართველ მონაწილეს, ჟურნალისტ თენგიზ პაჭკორიას, რომელიც იქ პერსონალური მოწვევით იმყოფებოდა, სრულიად განსხვავებული აზრი აქვს.


თენგიზ პაჭკორია: ჩემზე მეტად არავინ შეიძლება, იყოს გაბრაზებული რუსეთზე. 1993 წლის 20 თებერვალს რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი პირველი და მასშტაბური დაბომბვის დროს სოხუმში ჩემი სახლის ეზოს 500-კილოგრამიანი ბომბი მოახვედრეს. მამაჩემი დაიღუპა, დედა დაინვალიდდა, მე ექვსი ჭრილობა მივიღე. უამრავი მეგობარი და ნათესავი დამეღუპა იმ ომში. შესაძლოა, ჩემზე მეტად გაბრაზებულებიც მოიძებნოს, მაგრამ არ მგონია, ის ხალხი, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩემზე გაბრაზებული იყოს. მე, როგორც ჟურნალისტს, არც მიფიქრია, წავსულიყავი თუ არა მედია-ფორუმზე, რადგან მიმაჩნია, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენო.

– შესაძლოა, სხვა სხვის ომში ბრძენიაო, მაგრამ მგონია, რომ უფრო არგუმენტირებული შეკითხვების დასმაც შეიძლებოდა რუსეთის პრეზიდენტისთვის.

– მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, მახსოვს, საბჭოთა დროს საზოგადო მოღვაწეებს ეუბნებოდნენ, უნდა გამოხვიდეთ და გალანძღოთ საბჭოთა დისიდენტებიო და შემდეგ, როდესაც მათ ეკითხებოდნენ უცხოელი ჟურნალისტები, თუ წაგიკითხავთ დისიდენტების ნაწარმოებებიო, ისინი პასუხობდნენ, არაო. მედია-ფორუმის პირველ დღეს შესავალი სიტყვით გამოვიდა ლავროვი, მაგრამ მოიბოდიშა, მეჩქარებაო და არავის შეკითხვას არ უპასუხა. როდესაც მედვედევი მოვიდა, იმ მომენტში დარბაზში არც ერთი ქართული ტელეარხი, „მაესტროს“ გარდა, არ იყო, სხვები მოგვიანებით მოვიდნენ, არ ვიცოდითო. შესაძლოა, მართლაც, არ იცოდნენ, თუმცა ინფორმაცია მედია-ფორუმის ჩატარების შესახებ ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი. ასე რომ, იმ ადამიანებს, რომლებიც გვაქებენ ან გვაკრიტიკებენ, ჩვენი ნათქვამი მედია-ფორუმზე სრულად არც მოუსმენიათ. სხვათა შორის, მალხაზ გულაშვილი პრეზიდიუმში იჯდა. იქვე იჯდა დსთ-ის აღმასრულებელი მდივანი ლებედევი, რომელმაც თქვა: მე ხშირად მეკითხებიან, აღიარებს თუ არა დსთ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთსო“, მაგრამ, რადგან დსთ-ის არც ერთ წევრ სახელმწიფოს ისინი არ უღიარებია, ამიტომ მათ დსთ-ში ვერ მივიღებთო. შესაძლოა, ეს გამოსვლა პოლიტიკური სვლა იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასე ითქვა. მალხაზი ორჯერ გამოვიდა და მან ხაზგასმით აღნიშნა: რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობა უნდა აღადგინოს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზეო და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა კონკრეტულ საკითხებზე, როგორებიცაა: რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი მიმოსვლა, ლარსის არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ საქართველისთვის გახსნა, რუსეთთან სავიზო მიმოსვლის გამარტივება და ასე შემდეგ. რუსეთში საქართველოდან წასული მილიონ 700 ათასი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. მათგან 400 000 საბჭოთა დროს დასახლდა იქ, დანარჩენი – მილიონ 300 ათასი კი – შემდგომ პერიოდში. მედვედევმა მალხაზის შეკითხვის პასუხად თქვა: საჰაერო მიმოსვლაზე პრობლემა არ უნდა იყოს, დავალებას მივცემო; ლარსზეც თანახმა ვარ, ვიზებზე არ დაგპირდებით სწრაფად მოგვარებასო, მაგრამ ვიმუშაოთო. მეორე მხრივ, ცხადია, რომ რუსეთი ერთბაშად არაფერს მოგვცემს, მათი ხასიათიდან გამომდინარე, ამიტომ ნელ-ნელა უნდა გამოვტაცოთ. წარმოიდგინეთ, მაშინ, როდესაც რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქცია შედიოდა, საქართველოში ათეულობით მილიონი შემოდიოდა, ასე რომ გაგრძელებულიყო, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ნაკლებად შეგვეხებოდა. ჩვენთან ზოგიერთი ითხოვს – ჯერ დეოკუპაცია, დეოკუპაციაო, მერე სხვა საკითხებიო, მაგრამ რეალურად ხომ ვიცით, რომ რუსეთი ასე იოლად და სწრაფად ამას არ გააკეთებს და საჭიროა ეტაპობრივად სხვადასხვა საკითხების მოგვარება. დეოკუპაცია არის ერთი ეტაპი საქართველოს გაერთიანებისა, ამას ხომ კიდევ რამდენი ეტაპი სჭირდება. მოსკოვში მე განწყობილი ვიყავი საიმისოდ, რომ მედვედევისთვის რჩევა მიმეცა, მაგრამ აშკარა იყო, შეკითხვებს სვამდნენ ის ჟურნალისტები, რომლებიც წინასწარ იყვნენ ჩაწერილი. როდესაც მედვედევმა თქვა, ერთი შეკითხვა დარჩაო, ვიფიქრე, დამთავრდა ყველაფერი, შეკითხვა აუცილებლად უნდა დავსვა-მეთქი და წამოვდექი. წამყვანმა მითხრა, ხელს ნუ მიშლით, თქვენთვის სიტყვა არ მომიციაო. მე ვუპასუხე, იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ მხოლოდ თქვენთვის მომესმინა, იმიტომ ჩამოვედი, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის რჩევა მიმეცა-მეთქი. მედვედევმა წამყვანს, „რია ნოვოსტის“ მთავარ რედაქტორს, სვეტლანა მირონიუკს, უთხრა, ნუ შეუშლით ხელსო და მე ვუთხარი მედვედევს: თქვენ არა მხოლოდ კითხვა უნდა დაგისვათ, არამედ თხოვნა, რჩევა და დარიგება გადმოგცეთ: შეცვალეთ პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, ნუ გამოიყენებთ მათრახს, შეუწყვეთ ხელი საქართველოში კონფლიქტების მოგვარებას და საქართველოს გაერთიანებას, ამით საქართველოს მოსახლეობაც მადლიერი იქნება. ეს რუსეთის ინტერესიც არის-მეთქი. ჩემი რჩევა პასუხზე არც იყო გათვლილი. მე 50 წლის კაცი ვარ და ჩემი მძიმე ცხოვრებიდან გამომდინარე, უფრო მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, ვიდრე შეიძლება, მედვედევს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მმართველი არ ვყოფილვარ. ასე რომ, არაფერია უცნაური იმაში, რომ 45 წლის კაცს რჩევა მივცე ამ ფორმით. მედვედევმა მიპასუხა: ყურადღებით მოვისმინე თქვენი შეკითხვა და რჩევა-დარიგება, „უსლიშანო ი პრინიატოო“, თუმცა არავინ იცის, როდის შეცვლის რუსეთი პოლიტიკას. პრესკონფერენციის შემდეგ ძალიან ბევრი ჟურნალისტი მოდიოდა და დიდ მადლობას მიხდიდნენ, ჩვენ ვერ მოვასწარით ამის თქმა, არადა, არა მხოლოდ თქვენ მიმართ, ყველას მიმართ ასეთი პოლიტიკა აქვს რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ დავუბომბივართო. მოვიდნენ რუსი ჟურნალისტებიც, ოღონდ მათ სხვა რამის გამო მითხრეს მადლობა: შენ დაარღვიე მედია-ფორუმის მიმდინარეობის წესი, რადგან აქამდე ჩაწერის გარეშე არავის აძლევდნენ შეკითხვის დასმის უფლებას რუსეთის პრეზიდენტისთვისო.

– ჟურნალისტების გარდა, რომელ რუს პოლიტიკოსს შეხვდით?

– მეორე დღეს შევხვდით ვლადიმირ ჟირინოვსკის. მე მას 1989 წლიდან ვიცნობ, როდესაც სოხუმში იყო ჩამოსული. სხვათა შორის, მან თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო ერთი სოხუმელი სომეხი კაცის სასამართლო პროცესის მოგებით თურქეთში, რამაც მას დიდი ფული მოუტანა. ეს ფული ჟირინოვსკიმ პოლიტიკაში ჩადო და შექმნა პარტია. ცნობილია, რომ ჟირინოვსკი არის კრემლის რუპორი: რასაც არ ამბობს რუსეთის პრეზიდენტი, იმას იტყვის ჟირინოვსკი. მე მას ვუთხარი, ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან შეიძლება, მოვილაპარაკოთ მათ დაბრუნებაზე საქართველოს შემადგენლობაში და თუ ჩვენ უარს ვიტყვით ნატოზე, რა აზრის ხართ საქართველოს გაერთიანებასა და ნეიტრალიტეტზე ევროკავშირის, რუსეთისა და ამერიკის გარანტიით-მეთქი. ეს საკითხი სამუშაოაო, მიპასუხა. როგორც მე ვიცი, ამერიკის პოლიტიკურ წრეებთან ამერიკაში სომხური დიასპორა მუშაობს იმაზე, რომ სომხეთი გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო. ესე იგი, რუსეთი უნდა გავიდეს თავისი ბაზებით იქიდან. მოსკოვი კი ამას განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოც იქნება ნეიტრალური. ფაქტობრივად, როგორც ამერიკაში, ისე სომხეთსა და რუსეთში კულისებში ეს საუბარი იყო და გაგრძელდება. ამერიკაში მცხოვრები სომხური დიასპორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთიდან რუსული ბაზების გასვლა, რადგან ეს მათ საშუალებას მისცემს, სომხეთის ეკონომიკაში დააბანდონ თავიანთი ფული.

– ნეიტრალიტეტი იმ პირობებში, როდესაც ვერ ვაკმაყოფილებთ ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირის სტანდარტებს, ცხადია, გამოსავალია, მაგრამ, ჩემი აზრით, რუსეთი გვთავაზობს იმ ტერიტორიის ნეიტრალიტეტს, რაც ჩვენგან 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დარჩა.

– 2008 წლის შემდეგ დარჩენილი ტერიტორიის ნეიტრალიტეტზე საუბარი არც ღირს. ნეიტრალიტეტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია განხილვის თემა, თუ გვიბრუნდება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მე მილაპარაკია ამ თემაზე ოსებთან და აფხაზებთან და მათ გვითხრეს, ამაზე მსჯელობა შეიძლებაო. გაგახსენებთ, ამა წლის გაზაფხულზე კონსტანტინე კოსაჩოვმა, დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც პუტინთან დაახლოებული პირია, თქვა, თუ აფხაზები, ოსები და ქართველები მოილაპარაკებენ ერთიან საქართველოს სახელმწიფოში ცხოვრებაზე, ხელს არ შევუშლით, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობაა საჭირო. მეტიც, თუ ისინი შეთანხმდებიან, პრეზიდენტის 26 აგვისტოს განკარგულება ამ ტერიტორიების აღიარების თაობაზე ავტომატურად ანულირდებაო. გასაგებია, ის ფორმულას გვაძლევს, მაგრამ მეორე საკითხია, რის ფასად. ისიც გასაგებია, რომ რისკიც დიდია: შეიძლება, რუსებმა მოგვატყუონ. გასააზრებელია რამდენიმე ვარიანტი: არ შედიხარ ნატოში და გიბრუნებენ ტერიტორიებს; ისიც შესაძლებელია, რომ ნატოზე უარის თქმა არც მოგვთხოვონ. ნებისმიერ შემთხვევაში რისკი მაინც დიდია, მაგრამ არც იმის ლოდინი მოგვიტანს არაფერს, რომ, ადრე თუ გვიან, რუსეთი დაიშლება ან დასუსტდება და ეს ტერიტორიები მაინც ჩვენ დაგვიბრუნდება. არ არის გამორიცხული, ასეც მოხდეს, მაგრამ რომ არ დაიშალოს და არ დასუსტდეს რუსეთი?! ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს სრული ინფორმაცია, რა ხდება პოლიტიკურ კულისებში, მაგრამ, ფაქტია, ეს თემა განიხილება. თითქმის ყველა აფხაზი გავლენიანი პოლიტიკოსი მეუბნება, თუ დიალოგი რუსეთთან არ იქნება შეთანხმებული, ვერაფერს გავაკეთებთო.

– მაშინ ასე გკითხავთ: რატომ უნდა დასთანხმდეს რუსეთი საქართველოს ნეიტრალიტეტს, თანაც მას შემდეგ, რაც მას გაამთლიანებს? რუსეთს აქვს ორი ჯუჯა სახელმწიფო: ცხინვალის რეგიონი ერთ დიდ სამხედრო ბაზად გადააქცია, აფხაზეთით კი შავი ზღვით მიუჩოჩდა თურქეთს და მუდმივად აქვს ჩვენი შანტაჟის საშუალებაც.

– აფხაზეთში ომის დროს რუსეთის ხელმძღვანელები მუდმივად ამბობდნენ, შემოდით დსთ-შიო, ჩვენები კი უარზე იყვნენ. გრაჩოვის ერთ-ერთი მოადგილე მეუბნებოდა 1992 წლის ოქტომბერში, გაგრის აღების შემდეგ, თენგიზ, სამ დღეში ავიღებდით სოხუმს გაგრის შემდეგ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებლობას ვაძლევთ დსთ-ში შევიდნენ. ჩვენ ვეუბნებოდით მაშინ საქართველოს ხელისუფლებას – რუსეთი გადაგვივლის, დასავლეთიდან არავინ გვიცავს, არავინ გვეხმარება, უნდა შევიდეთ დსთ-შიო, მაგრამ შევარდნაძე ამბობდა, საზოგადოებრივი აზრი ამისთვის მომზადებული არ არისო თბილისში. მე არ ვამბობ, რომ დღესაც იგივე სიტუაციაა. სააკაშვილმა ამ ზაფხულს თქვა: მე რამდენიმე წლის წინ ვკითხე პუტინს, დაგვიბრუნებთ თუ არა აფხაზეთსა და ცხინვალს იმის სანაცვლოდ, თუ ნატოზე ვიტყვით უარსო, მაგრამ პუტინმა უარით მიპასუხაო. მიმაჩნია, რომ პუტინი შეცდა, რადგან რომ დათანხმებულიყო რუსეთიც და საქართველოც მოგებული იქნებოდნენ.

რა უნდა რუსეთს ჩვენგან? მას მხოლოდ აფხაზეთი და ცხინვალი არ აკმაყოფილებს, მას უნდა, რომ საქართველო მისთვის, მინიმუმ, არ წარმოადგენდეს საფრთხეს ამერიკის თუ თურქეთის აქ ყოფნის სახით, რადგან ჩრდილო კავკასიაში ვითარების არევის ეშინია და, მაქსიმუმ, უნდა, რომ საქართველო იყოს მეგობრულად განწყობილი სახელმწიფო. რუსეთს შეიძლება, არც უნდოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება, მაგრამ ასე გამოუვიდათ თავის აგრესიულ აზარტში. ზოგი რუსი ექსპერტი ამბობს, რუსეთის ჯარი ცხინვალს რომ არ გასცდენოდა, ამდენი ხმაური არ ატყდებოდაო მსოფლიოში.

– სამაგიეროდ, რუსი სამხედრო ექსპერტები, წიგნში „აგვისტოს ტანკები“ წერენ, მედვედევს 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმება რომ შეესრულებინა და რუსული ჯარებისთვის დანარჩენი საქართველოს ოკუპაცია შეეჩერებინა, საქართველო ამ ომიდან, ფაქტობრივად, დანაკარგების გარეშე გამოვიდოდაო.

– რუსეთი ჰგავს მოკრივეს, რომელიც გამოდის მძიმე წონით კატეგორიაში, საქართველო კი მსუბუქ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მოკრივეა, რომელიც ნოკდაუნში გააგზავნა მოწინააღმდეგემ და აკრძალული წესებიც გამოიყენა. ახლა ეს მძიმე მოკრივე – რუსეთი - გამოსავალს ეძებს, რომ რაღაც ფორმით შეარბილოს მის მიერ წესების დარღვევა. შეიძლება, ეს ჩვენთვის ხაფანგი იყოს, მაგრამ „დაიუტ ბერი, ბიუტ ბეგი“! ამიტომ ჩვენ ძალიან ეშმაკურად და ჭკვიანურად უნდა მოვსინჯოთ სხვადასხვა არხებით სხვადასხვა ვარიანტები საქართველოს პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებით რუსეთს არაფერი მოუგია. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ყველა საშუალებით ქვეყნის გაერთიანებისთვის. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ფეხბურთი და გერმანიის ნაკრები, იმიტომ რომ ბოლო წუთამდე იბრძვიან, აგებენ ორით ნულს? იმდენს მაინც ახერხებენ, რომ ორით ორი დაამთავრონ მატჩი. სამით ნულს აგებენ? იმდენს მაინც ახერხებენ, რომ სამით ორი წააგონ თამაში! ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ პოლიტიკაშიც და ფეხბურთშიც.

– არავინ იცის, როგორ თაფლაკვერებს მოგვართმევს რუსეთი, თუმცა ამთავითვე ფაქტია, რომ საჩვენო თაფლაკვერი ვერ იქნება. თქვენ იცნობთ ქართულ პოლიტიკაში ამაზე მოფიქრალ ხალხს, რომლებიც დიპლომატიურ და პოლიტიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთთან?

– სავსებით ბუნებრივი იყო, როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა ყოველთვის იყო და ახლაც არის. ფაქტია, რომ რუსეთმა ჩაგვითრია ომში, საქართველოს ომი არ დაუწყია! შეიძლებოდა, მისი თავიდან აცილება, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ეს მაინც მოხდებოდა, რადგან რუსეთს უზარმაზარი რესურსი აქვს.

– სწორედ ამიტომაც საჯაროდ არ უნდა დაამცირო, თორემ ძმრად ამოგადენს და ამოგვადინა. დღემდე ბოღმიანად იხსენებენ რუსი პოლიტიკოსები „გრუს“ ოფიცრების საჯაროდ გაძევების სკანდალს.

– ეს არ მოხდებოდა, სხვა მიზეზს მოძებნიდა რუსეთი. ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს 90-იანი წლებიდან ჰქონდა წარმოდგენა, რომ დასავლეთი და ნატო დაგვეხმარებოდნენ. მე ასეთებს ყოველთვის ვეუბნებოდი: გაიხსენეთ ქართული მენშევიკური მთავრობის პერიოდი-მეთქი. ევროპამ მაშინ თავის ინტერესებში გაგვცვალა ბოლშევიკურ რუსეთთან. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. თავი უნდა დავაღწიოთ ზედმეტ ილუზიებს, რომ დასავლეთი რუსეთს ჩვენს თავს არ აცემინებს. მოსკოვში ყოფნის დროს ჩემს რამდენიმე სოხუმელ მეზობელსა და ახლობელს შევხვდი. მათი ნაწილი შეძლებულია, ნაწილი – მეტ-ნაკლებად. ყველა ამბობდა, არაფერს აქვს გემო ცხოვრებაში, თუ აფხაზეთი არ დავიბრუნეთო. ერთმა სოხუმელმა ბიზნესმენმა კაცმა მითხრა: რუსებს ვეუბნები, ყველაფერს დაგიტოვებთ, რაც რუსეთში მაქვს, ოღონდ მოგვეცით აფხაზეთიო. არადა, ერთი-ორი თაობის შემდეგ ეს ასე აღარ იქნება. ამიტომ დრო არ უნდა დავკარგოთ, უნდა ვიმუშაოთ აფხაზებთან. იგივე ბაღაფში თუ ანქვაბი ის ხალხია, რომლებიც თავის დროზე თბილისშიც მუშაობდნენ. არ აქვს მნიშვნელობა რომ ისინი პროაფხაზები არიან თუ პრორუსები, რაც მთავარია, პრაგმატიკოსები არიან და იციან, თუ ქართველებთან დაიწყებენ დიალოგს, ხელებს მოამსხვრევენ მოსკოვიდან. ანუ ისინი პოლიტიკურ სიტუაციას ჰყავს „გამოჭერილი“, თორემ პიროვნულად, მაგალითად, ანქვაბი ღირსეული კაცია, საკმაოდ მდიდარი. იცით, რომ ხელფასს არ იღებს, თავის დამლაგებელს აძლევს. მათი არც ზედმეტად მოფერება ივარგებს, არც გინება. უნდა გავთვალოთ თითოეული ჩვენი მოქმედება და გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი, თუ მისი ფაქტორი არ იქნება გათვალისწინებული, ხელს შეგვიშლის აფხაზებთან დიალოგში. გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლება ერიდება რუსეთთან პირდაპირ დიალოგს, ამიტომ რაღაც არხებია გამოსანახავი. მზა რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ ერთი რეცეპტი არის: „დაიუტ ბერი“ და იმდენი მაინც უნდა გავაკეთოთ, კიდევ რომ აღარ გვცემონ.


скачать dle 11.3