კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თეონა კონტრიძე: „ბავშვობიდან მიყვარდა ყველას გაღიზიანება. ახლა გაღიზიანება აღარ მომწონს, ახლა კლოუნობა მომწონს“


სულ ცოტა ხნის წინ ყველაზე ექსცენტრიკული, ნიჭიერი და ემოციური ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე, მცირე ხნით თბილისში იმყოფებოდა. დღეს ის ისევ მოსკოვშია, თუმცა ჩვენთან საუბარში თქვა, რომ საბოლოოდ, ცხოვრებას მაინც თბილისში აპირებს, რა თქმა უნდა, ოჯახთან ერთად, რადგან მისი მეუღლე, კოლია, საქართველოზე და თბილისზეა შეყვარებული.


თეონა კონტრიძე: გასული წელი ძალიან დიდი წარმატების მომტანი იყო ჩემთვის, უფრო ფინანსურ ასპექტში. მეც საინტერესო პროექტებზე ვიმუშავე, ჩემმა ქმარმაც თავისი ბიზნესი დაიწყო, აღარ არის დამოკიდებული სხვა ადამიანზე, ვინმე უფროსზე, საკუთარი თავის უფროსი თავად არის. დავიწყეთ ბინის მშენებლობა თბილისში, რადგან საბოლოო ჯამში მაინც თბილისში ცხოვრებას ვაპირებთ. სიბერის გატარება აუცილებლად საქართველოში გვაქვს გადაწყვეტილი. კოლკა გიჟდება საქართველოზე, მერე, მეგობრები, ნათესავები – ყველა მანდ არიან. თან, რუსეთთანაც უფრო ახლოსაა. ეს დაახლოებით შვიდ-რვა წელიწადში მოხდება. სხვათა შორის, ვნახე წმიდა გიორგის სკოლა და გადავირიე.

– ანუ ბავშვებისთვის სკოლასაც არჩევ უკვე?

– რა თქმა უნდა. გამოდის, ბავშვებიც თბილისში გაიზრდებიან. მაგრამ, მაინც ისე ავაწყობთ, რომ საქმე ვაკეთოთ როგორც თბილისში, ისე მოსკოვში.

– ამ შვიდი-რვა წლის განმავლობაში რას აპირებ?

– ფულის შოვნას, სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობს. მთელი ცხოვრება ვმუშაობ და, ახლა რომ თბილისში ჩამოვიდე და უსაქმურად დავრჩე, შეიძლება გავაფრინო. საშინლად შრომისმოყვარე ვარ, თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რას ვაკეთებ. თუ არ მომწონს ის საქმე, კი არ დამეზარება, საერთოდ არ გავაკეთებ. რაც ჩემია, იმაში „სამურაი“ ვარ, რას ამბობ! რაც უნდა გადამიხადონ, გამორიცხულია, ის საქმე გავაკეთო, რაც არ მომწონს.

– სად მღერის ან მღერის თუ არა საერთოდ თეონა კონტრიძე?

– საქმე ისაა, რომ მაინც ალტერნატიული კულტურის წარმომადგენელი ვარ, ანდერგრაუნდის. რატომღაც, ხალხს ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს ანდერგრაუნდზე, რაც არასწორია. იცი, როგორ არის? ვერასდროს ვიქნები პაპსა, ელიტა ვარ, მუსიკალური ელიტის წარმომადგენელი და მხოლოდ ელიტის წარმომადგენლები მისმენენ. როდესაც ელიტისთვის მღერი, შენ არ გჭირდება ფიარი, ქსელური მარკეტინგით ხდები ცნობილი. ანუ, ერთმა მომისმინა, მან მეორეს უთხრა, მეორემ – მესამეს... – ზუსტად ასეთი კარიერა მქონდა თხუთმეტი წლის განმავლობაში.

– ესე იგი, შენ არ გადაუხვიე გზიდან, თხუთმეტი წელი ელოდი, რომ ამ მხრივ გამხდარიყავი პოპულარული და არ შეგეცვალა სტრატეგია.

– იცი, რა? საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე, რას მომიტანდა ეს და არც გრძელვადიანი გეგმები მქონია. „ამდენ წელიწადში ასე იქნება“ – ეს აზრი თავში არასდროს გამივლია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვჩანვარ, არ ვარ ამბიციური ადამიანი და არ მქონია არანაირი გათვლა ჩემს საქმეში. უბრალოდ, ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც საუკეთესოდ ვიცოდი. არავისთან არანაირი საუბარი არ მქონია იმაზე, რომ, ის გზა, რომლითაც მივდივარ, სწორია ან არასწორია. ძალიან დიდი სულიერება მაკავშირებს ჩემს საქმესთან. უფლის წინაშე მხოლოდ ამ საქმით ვარ პასუხისმგებელი. არც შვილები მეკუთვნის ასი პროცენტით, არც ქმარი და არც სამშობლო. ერთადერთი, რაც ასი პროცენტით ჩემია, ჩემი საქმეა და უფალთან ამ საქმით ვაგებ პასუხს. აქედან გამომდინარე, ამ საქმეში არ უნდა იყოს ტყუილი, პირფერობა, ამპარტავნება და სხვა მანკიერებები, აბსოლუტურად სუფთა უნდა იყო.

– არასდროს გიფიქრია, სხვა რამ გეკეთებინა?

– არა. რაც უნდა ცუდად წასულიყო საქმე, ხელის ჩაქნევის მომენტი არ მქონია. ჩემთვის წარუმატებლობა ტრაგედია არასდროს ყოფილა.

– მაგრამ, ფინანსურად რთული პერიოდები ხომ იყო?

– კი, ჩემო კარგო, როგორ არ იყო. ისეთი დღეებიც ყოფილა ბოლო ათი მანეთი მქონია და იმით მიმოძრავია. ათი მანეთი რამდენია, იცი? – 20 თეთრი.

– რას ყიდულობდი ბოლო ოცი თეთრით?

– არაფერსაც არ ვყიდულობდი, დავრბოდი მეტროთი, ხალხს ვხვდებოდი, ველაპარაკებოდი, საკუთარ თავს „ვატენიდი“, როგორც შემეძლო.

– ელიტური წრეები ახსენე. არ გაგიჭირდა ამხელა მეგაპოლისში ელიტურ წრეებში მოხვედრა?

– არავითარ შემთხვევაში და ამის მარტივი მიზეზი არსებობს: მე რომ ვიყო ლენინაკანელი ან ნოვოსიბირსკელი, გამიჭირდებოდა, მაგრამ მე არ ვარ პროვინციელი, მოსკოვმა ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს თბილისი. საბჭოთა კავშირის დროს, თუკი ვინმეს ეცვა, თუკი ვინმეს ეხურა, თუკი ვინმე იპრანჭებოდა და იყო სნობი, ის აუცილებლად თბილისელი იყო. „სტალიჩნაია შტუჩკა“ ვარ, ერთი დედაქალაქიდან მეორე დედაქალაქში, ერთი დედაქალაქის ელიტიდან მეორე დედაქალაქის ელიტაში გადმოვინაცვლე. მიუხედავად იმისა, რომ „გაღმელი“ ვარ, მაინც ელიტარული ვარ, მამაჩემიან-დედაჩემიან, ბებია-ბაბუიანად.

– ყოველთვის გამოირჩეოდი ექსცენტრიკული ჩაცმულობით, ეს შენი იმიჯის ნაწილია?

– არანაირად. ჩემს მეგობრებს რომ ჰკითხოთ როგორ ვიცვამდი მთელი ცხოვრება, მოგიყვებიან. ყოველთვის გიჟურად ვიცვამდი, „პანკური“ სულისკვეთება ბავშვობიდან მქონდა და, არ ვიცი, პროტესტი იყო ეს, თუ რაღაც სულიერის გამოხატულება. ბავშვობიდან მიყვარდა ყველას გაღიზიანება. ახლა გაღიზიანება აღარ მომწონს, ახლა კლოუნობა მომწონს. მე ხომ კლოუნი ვარ.

– რატომ ამბობ ამას?

– იმიტომ, რომ მართლა ასეა. ყოველთვის დიდი იუმორის გრძნობა მქონდა და ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდი. ამასთან დაკავშირებით არასდროს მქონია კონფლიქტი საკუთარ თავთან. ცოტა რომ წამოვიზარდე, მამაჩემი საოცარ რაღაცეებს მიყვებოდა. ჯერ მარტო ზღაპრებს ყვებოდა ისე, რომ, შეიძლება, გაგიჟდე. მაგალითად, მიყვებოდა, წითელქუდა როგორ გალოთდა და მგელი როგორ შველოდა... ისეთ ინტერპრეტაციას აკეთებდა, გაგიჟდებოდი. დედაჩემსაც საოცარი იუმორი ჰქონდა. ერთი სიტყვით, ჩემს სახლში ყველა იცინოდა. მერე ცოტა კიდევ გავიზარდე და გავიცანი ერთი ასეთი საოცარი ქალბატონი, მადლენ პუშიტაშვილი, მხატვარი, დიზაინერი, ეზოთერიკი – რაც გინდა, უწოდე, რომელთანაც საოცარი დიალოგი მქონდა. მან მითხრა, თეონა, შენ ძალიან ბევრი პლუსი გაქვს, საოცრად მღერი, ნიჭიერი ხარ, საოცრად მუსიკალური და ჭკვიანი, მაგრამ, დაიმახსოვრე, შენი მთავარი პლუსი ის არის, რომ პირდაპირპროპორციული ხარ ჯულიეტა მაზინასი. პირდაპირ კლოუნი კი არა, რაღაც ტრაგიზმის და კომიზმის სიმბიოზიო. ამ ფრაზამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე. მუსიკაშიც ბალანსს მხოლოდ მაგ ორი გაგების შუაში ვპოულობ. საერთოდ, ძალიან ბევრი და სხვადასხვა შეფასება მაქვს მოსმენილი საკუთარ თავზე: რომ ვარ ექსცენტრიკული, ფილოსოფოსი, ძალიან მხიარული და საოცრად ნაღვლიანი. მე თუ მკითხავ, ჩემი მთავარი პლუსი ცნობისმოყვარეობაა, რაც მამოძრავებს. ცნობისმოყვარეობა მაყოფინებს ყველგან ცხვირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ჩემი საქმე, ბევრი კოპიც გაჩენილა ამის გამო ჩემს თავზე და კარგიც მოუტანია. პლუსია ისიც, რომ არასდროს ჩემი პირადი ცხოვრება დამალული არ არის.

– რატომ? ეს შენი პრინციპული დამოკიდებულებაა?

– როდესაც ადამიანი საჯარო პიროვნება ხარ, ხალხს ჭორაობა უნდა დაასწრო – სანამ შენზე ალაპარაკდებიან, მანამდე უნდა თქვა ყველაფერი. იქნება ეს ირინა პანაროვსკაია, კატრინ დენევი თუ მაკა ასათიანი, თუ უნდა, რომ ჭორი აიცილოს თავიდან, თავად უნდა მოყვეს ყველაფერი. ჩემი ცხოვრება არ ჰგავს „სანტა-ბარბარას“, არაფერი ყოფილა ისეთი, რაც შეიძლება, არ ითქვას. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი კაცი მყოლია და არც ორი, მაინც ნორმალურად ვცხოვრობ, ყველა რელიგიურ მიმდინარეობას ვექვემდებარები. რა თქმა უნდა, ცოდვილი ვარ და, „რენტგენში“ თუ გამატარებ, იქ ბევრი რაღაც ამოიქექება, მაგრამ, არა ისეთი, რაზეც ლაპარაკის მრცხვენია. რომ მკითხოთ, შევცვლიდი თუ არა რამეს ცხოვრებაში, გეტყვით, რომ არაფერსაც არ შევცვლიდი.

არც მგონია, რომ შეცდომა მაქვს დაშვებული. იმ კონკრეტულ მომენტში ის მართალი იყო, სწორი იყო. არავისთვის არც ქმარი, არც „ბოიფრენდი“ არ წამირთმევია, არავის წინ არ გადავხტომივარ, არც 13 წლის „ბოიფრენდი“ მყოლია. რეალურად, მორალის თაყვანისმცემელი ვარ და სულ ვიცავ მორალის წესებს, არ მიყვარს ამორალური ადამიანები.

– მაგრამ, ეს მორალიც ინდივიდუალურია და არა საზოგადო.

– რა თქმა უნდა! ადამიანი თვითონ იგონებს თავის ჩარჩოებს. თუ ადამიანი არ ექვემდებარება არანაირ რელიგიურ მიმდინარეობას და თვითონ ტაბუებს იგონებს, მაინც გაუჭირდება მორალურ ჩარჩოებში დარჩენა. ათი მცნებიდან ოთხს მაინც თუ იცავ, უკვე იცი, რას არ უნდა გადააჭარბო.

– სულ ამბობ, რომ შენთვის ყველაზე დიდი საჩუქარი შენი ქმარია. რა დროს გამოჩნდა ის შენს ცხოვრებაში?

– მაშინ, როდესაც დოპინგების მიღებას დავანებე თავი – მოსაწევს და ასე შემდეგ რაღაც მაიმუნობებს. უბრალოდ, კლუბში შევხვდით ერთმანეთს. გავიარე და დავაბნელე, საიდანღაც გადმოვვარდი, ხელებში ჩავუვარდი და მერე ერთად ვითვლიდით ვარსკვლავებს, – ასეთი რამ არ ყოფილა. ძალიან მარტივად დაიწყო ყველაფერი. აბსოლუტურად განსხვავებული პოლუსები ვართ, არაფერში ვგავართ ერთმანეთს.

– იმ პერიოდში გყავდა ვინმე?

– არა. ერთი-ორი კვირის დაშორებული ვიყავი „ბოიფრენდს“. როგორი სხვადასხვა ტრადიციების, ფასეულობების ადამიანები ვართ, იცი? ვერც კი წარმოიდგენ და, ისე გადავკვეთეთ ერთმანეთი, რომ, მართლა შემიძლია, ვთქვა: „სიყვარულო ძალსა შენსა“... ვერასდროს, წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ტიპი შემიყვარდებოდა, რადიკალურად სხვანაირი.

– ქორწილის შემდეგ რა შეიცვალა?

– კონკრეტული ცვლილება, მართალი გითხრა, არ ყოფილა. არ ავრეულვართ, არადა, ქორწილის შემდეგ რაღაცეები ირევა ხოლმე: ურთიერთობა გაოფიციალურდა და სიტუაცია აირია... გარდა იმისა, რომ ჩვენი გრძნობები გამყარდა და გაღრმავდა, სხვა არანაირი ცვლილება არ ყოფილა, მადლობა ღმერთს.

– ახალ წელს რას აპირებ?

– 4 და 5 იანვარს ძალიან სერიოზული კონცერტები მაქვს, ამიტომ, უნდა გამოვიძინო და დავისვენო. მაშინ, როდესაც თქვენ იქეიფებთ მე ვიმუშავებ. შარშანდელი ახალი წელი მახსოვს კოშმარივით. ერთ-ერთი ტელეარხის დიეტურ პროგრამაში ვმონაწილეობდი და ასე ჩამოვედი საახალწლოდ თბილისში. მაშინ, როდესაც მთელი საქართველო გოზინაყებს და საცივებს ჭამდა, მე უცხიმო ხაჭოს მივირთმევდი. ღამით ისიც კი მესიზმრა, ვითომ აუზთან ვიწექი, „ზაგარს“ვიღებდი და მთელ ტანზე ხაჭაპურები მელაგა (იცინის) – სიგიჟემდე მინდოდა ხაჭაპური. სამაგიეროდ, იმ პროგრამით 27 კილოგრამი დავიკელი. ყველას მინდა, ამ ახალ წელს ბევრი ფული, ჯანმრთელობა და სიმშვიდე გისურვოთ, ძალიან მიყვარხართ!


скачать dle 11.3