კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ითვლება ჰოლივუდში მძაფრსიუჟეტიანი ფილმების საუკეთესო რეჟისორად და რა აკავშირებს მას საქართველოსთან


საქართველოს კულტურული ცხოვრების ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური თემა, რა თქმა უნდა, ჰოლივუდური დესანტის სტუმრობას ეხება. თუნდაც, ერთი წლის წინ, ძნელად წარმოიდგენდა ვინმე, რომ ამერიკული ბლოკბასტერების შემქმნელი რეჟისორი, ფინელი რენი ჰარლინი წალკის რაიონში რუსეთ-საქართველოს ომზე ფილმის გადაღებას დაიწყებდა. მაგრამ, ფაქტია, რომ რეჟისორი უკვე შეუდგა საქმეს და მომავალი წლის კანის კინოფესტივალზე ჯერჯერობით უსათაურო ფილმის პრემიერაც შედგება. ჰარლინი მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია, რომლის ანგარიშზე ისეთი ცნობილი ფილმებია, როგორებიცაა „კერკეტი კაკალი 2“, „მთასვლელი“, „ღრმა ცისფერი ზღვა“ და კინომანიაკ ფრედი კრიუგერზე გადაღებული „თელას ქუჩის კოშმარის“ მეოთხე ნაწილი.

ლაური მორი არიოლა ანუ რენი ჰარლინი (ჰოლივუდში გადაბარგების შემდეგ, ლაურის გვარის შეცვლა მოუწია) 1959 წელს დაიბადა ფინეთში, ქალაქ რიიჰიმაკში ექიმი მამისა და ექთანი დედის ოჯახში. ბავშვობაში რენი დედასთან ერთად ხშირად დადიოდა კინოთეატრებში და იმ დროს მისი საყვარელი რეჟისორები – ალფრედ ჰიჩკოკი და სემ პეკინპა იყვნენ. რენის განსაკუთრებით სემ პეკინპას ვესტერნი „ველური ბანდა“ უყვარდა და ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, მან აღნიშნა კიდეც, რომ დაახლოებით, 200-ჯერ მაინც ექნება ნანახი ეს კინოშედევრი. 12 წლის ასაკში მამამ რენის სამოყვარულო კინოკამერა აჩუქა და მას შემდეგ მომავალმა რეჟისორმა მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დაიწყო. 14 წლის ასაკში კი მტკიცედ გადაწყვიტა, რომ რეჟისორი გამოსულიყო. როგორც ამბობენ, ჰელსინკში, რენი ფილმ „ტელეფონის“ გადაღებას დაესწრო და აღაფრთოვანა რეჟისორ დონ სიგელისა და მსახიობ ჩარლზ ბრონსონის პროფესიონალიზმმა.

1980 წელს რენი ჰარლინი „შელ ოილის“ კომერციულ დირექტორად მუშაობდა ჰელსინკში და იმ დროისთვის ექვსწუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჰუსტანოტა“ (საერთაშორისო) ჰქონდა გადაღებული. მისი პრემიერა ფინური ტელევიზიით შედგა. ჰარლინს არ ხიბლავდა კომპანიაში მუშაობა და 1981 წელს რეჟისორმა იან კუუსიამ ფილმ „გარბენის“ გადასაღებ მოედანზე მიიწვია. აქ ის ოპერატორიც იყო და ეპიზოდური როლის შემსრულებლად მოგვევლინა. შემდგომ პერიოდში ჰარლინმა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გადაიღო და 1982 წელს ფინური ტელევიზიის ჯილდოც მიიღო, როგორც მოკლემეტრაჟიანი ფილმების საუკეთესო რეჟისორმა. ამ პრემიის შემდეგ ჰარლინი საბოლოოდ დამკვიდრდა კინოინდუსტრიაში და ფინური კინობაზრისთვის ფილმების ყიდვის ექსპერტად დაიწყო მუშაობა. ამავე დროს შეუდგა თავის პირველ მხატვრულ ფილმზე მუშაობას. ფილმში „დაბადებული ამერიკელად“ თავდაპირველად მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ვარსკვლავს ჩაკ ნორისს უნდა ეთამაშა, მაგრამ ფინანსების არარსებობის გამო, ჩაკის ნაცვლად ფინეთში მისი შვილი მაიკ ნორისი ჩავიდა. 1986 წელს გამოსული ფილმი ამერიკელი ტურისტის თავგადასავალზე მოგვითხრობდა, რომელმაც შეცდომით საბჭოთა კავშირის საზღვარი გადაკვეთა. ფილმმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ფინეთში, რადგან მათი მეზობელი – საბჭოთა კავშირი მასში ბოროტების იმპერიად იყო წარმოდგენილი. ჰარლინს რაღაც პერიოდი აუკრძალეს კიდეც ფილმების გადაღება, მაგრამ ამ ფაქტმა არ იმოქმედა მისი ჰოლივუდური კარიერის წინსვლაზე. ამერიკაში დაინტერესდნენ ახალგაზრდა ფინელით, რომელმაც საბჭოთა კავშირი ნეგატიური მხრიდან დაახასიათა და ჰოლივუდში მიიწვიეს სამუშაოდ.

1988 წელს შედგა ჰარლინის დებიუტი ჰოლივუდში. ფილმი „ციხე“, სადაც მთავარ როლებს ვიგო მორტენსენი და ჩალსი ფილდი ასრულებდნენ, დაბალბიუჯეტიანი ფილმების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, მაგრამ ჰარლინის ნიჭით ჰოლივუდელი პროდიუსერები დაინტერესდნენ. მისი მომდევნო ფილმი „თელას ქუჩის კოშმარის“ მე-4 ნაწილი ნამდვილ ბლოკბასტერად იქცა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში სარგებლობდა პოპულარობით. ჰარლინის მომდევნო ფილმი 1990 წელს გამოვიდა და ეს იყო ყველასათვის კარგად ნაცნობი „კერკეტი კაკალის“ მეორე ნაწილი, სადაც მთავარ როლს ბრიუს უილისი ასრულებდა. ფილმი საკმაოდ დინამიკური გამოვიდა, და ჰარლინიც მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორად მიიჩნიეს ჰოლივუდში. მისი მომდევნო ფილმი ასევე ჰიტად იქცა – „მთამსვლელი“ სილვესტერ სტალონესთან ერთად, 1993 წლის ერთ-ერთ საუკეთესო „ბოევიკად“ მიიჩნიეს. სხვათა შორის, გადასაღებ მოედანზე ჰარლინი სტალონეს დაუმეგობრდა და ისინი დღემდე ინარჩუნებენ ურთიერთობას. გარდა ამისა, ჰარლინმა კიდევ ერთი ფილმი გადაიღო სტალონეს მონაწილეობით, ავტომრბოლელებზე – „მრბოლელი“. იმავე პერიოდში ჰარლინი მსახიობ ჯინა დევისზე დაქორწინდა და 1995 წელს გამოვიდა მათი ერთობლივი ნამუშევარი, სათავგადასავლო ფილმი მეკობრეებზე – „თავზეხელაღებულთა კუნძული“. თუმცა, ეს ფილმი ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებლად მიიჩნევა. ფილმმა დახარჯული ასი მილიონი დოლარის ნაცვლად, კინოგაქირავებიდან მხოლოდ ათი მილიონის ამოღება მოახერხა. ამ ფაქტმა კინოკომპანია „კაროლკო ფიქჩერზი“ გააკოტრა. ჰარლინის მომდევნო ფილმი – „ძილი ნებისა, დიდი ხნით“ ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ ამ ფილმშიც მთავარ როლს მისი მეუღლე, ჯინა დევისი ასრულებდა. ფილმების წარუმატებლობამ ჰარლინის და დევისის ურთიერთობაზეც იქონია გავლენა და 1996 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 1999 წელს, ხანმოკლე შესვენების შემდეგ, „უორნერ ბრაზერს ფიქჩერსის“ ბაზაზე ჰარლინმა ალბათ, თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ღრმა ცისფერი ზღვა“ გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს სამუელ ელ ჯექსონი და თომას ჯეინი ასრულებდნენ. მოქმედება დახურულ სამეცნიერო-საზღვაო სადგურზე ვითარდებოდა, სადაც ზვიგენებზე სხვადასხვა სახის ცდებს ატარებდნენ. ამ ფილმის პრემიერის შემდეგ ჰარლინმა რაღაც პერიოდი სამშობლოში გაატარა, სადაც რამდენიმე სატელევიზიო სერიალის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. ჰოლივუდში ის 2004 წელს დაბრუნდა და გადაიღო „ბოევიკი“ – „გონებაზე მონადირეები“, სადაც მთავარ როლებს ველ ქილმერი და ქრისტიან სლეითერი ასრულებენ. რაც შეეხება მის ბოლო ნამუშევარს ფილმ „12 რაუნდს“, მასში მთავარ როლს ამერიკელი რესთლერი ჯონ სენა ასრულებს. ფილმი წლევანდელი წლის „ოქროს ჟოლოს“ ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.

90-იანი წლების შუა პერიოდში წარუმატებელ ფილმთა მთელი სერიალის მიუხედავად, რენი ჰარლინი დღესაც ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან რეჟისორად ითვლება ჰოლივუდში. მისი ფილმების საერთო შემოსავალი რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენს. საინტერესოა, ამჯერად როგორ გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და გახდება თუ არა საქართველო-რუსეთის ომზე გადაღებული ფილმი ჰარლინის მორიგი ბლოკბასტერი.


скачать dle 11.3