კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (50)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-49(467)

თვითონაც უკვირდა, რომ შურისძიების გრძნობა არ გასჩენია. ყველა საფუძველი ჰქონდა იმისთვის, რომ კაცი სძულებოდა და სძულდა კიდეც. მაგრამ შურისძიების სურვილი კიდევ სხვა იყო – ის, რაც მოქმედებისკენ უბიძგებდა. აქტიურობისკენ... ქალი დარწმუნებული იყო, რომ საკმაოდ ადვილად შეძლებდა იმ ადამიანის განადგურებას, რომელმაც მისი ბედნიერება დაანგრია. ზოგჯერ არ ესმოდა, რატომ არ გააკეთა არაფერი, ბედისწერას რატომ მიანდო, საკადრისი მიეზღო მისთვის. შეიძლება, შვილის გამო. ქვეცნობიერად ეშინოდა თავისი შურისძიების მოსალოდნელი შედეგების. წინასწარ არავინ იცის, როგორ შემოუბრუნდება ჩადენილი ბოროტება. შურისძიებაც ხომ ბოროტებაა, დაგროვილი ნეგატიური ენერგია, რომელსაც შურისმაძიებლის განადგურებაც ისევე შეუძლია, როგორც იმ ადამიანის, რომლისკენაც ის არის მიმართული.

ელენეს ძალიან უყვარდა შვილი და ამ სიყვარულმა განაიარაღა. ამ სიყვარულმავე არ მისცა საშუალება, აქტიური წინააღმდეგობა გაეწია მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მის წინაშე თავს დამნაშავედ არ გრძნობდა, მორჩილად დაუთმო და ნიკუშას ცხოვრებიდან დროებით გაუჩინარება არჩია. დროებით, იმიტომ რომ, შვილზე უარის თქმა აზრადაც არ მოსვლია. ნიკუშა მისი იყო, მისი სულის, სხეულის ნაწილი; არსება, რომელმაც სხვა თვალით დაანახვა სამყარო. შვილს რომ ეთხოვა, პირად ბედნიერებაზეც უარს იტყოდა. ჟანი არ იყო მისთვის ცხოვრების მამაკაცი, სიყვარული, რომლისთვისაც დაუფიქრებლად გაწირავდა თავს. იმ მომენტში ჟანი ის მაშველი რგოლი აღმოჩნდა, რომელსაც სასოწარკვეთილი ქალი მოებღაუჭა. მაშინ მოეჩვენა, რომ ეს კაცი, თავისი თბილი ღიმილითა და უანგარო გრძნობით, თავად ბედმა გამოუგზავნა. ამიტომ ბევრი არც უფიქრია, ისე დასთანხმდა ცოლობაზე...

ელენემ სიგარეტი საფერფლეზე ჩააქრო და ნახატის წინ გაჩერდა. როგორ უნდოდა, მეხსიერებიდან წაეშალა ყველაფერი, რაც ამ სურათთან იყო დაკავშირებული. ყოველთვის სჯეროდა, რომ საჭირო მომენტში გულს ადვილად დაუმორჩილებდა გონებას, მაგრამ ცხოვრებამ საპირისპიროში დაარწმუნა. ელენემ შუბლი მოისრისა. თითქოს მტანჯველი ფიქრების მოშორება სურდა. მერე ისევ ნახატს ახედა. ნეტავი შეცვლიდა თუ არა რამეს, ამ ნივთის ჭეშმარიტი ღირებულება ცოტა ადრე რომ სცოდნოდა? ფული ყველაფერი არ არის, მაგრამ მას ბევრი შეუძლია, ძალიან ბევრი... ნიკუშასაც თუ მოატრიალებს დედისკენ, მაშინ ელენეს იმის თქმის უფლება ექნება, რომ მისი გაღებული მსხვერპლი ამად ღირდა. იქნებ, სწორედ ეს სურათი იყო ის დაგვიანებული შურისძიება, რომელზეც ქალმა უარი თქვა? ბედისწერა თვითონ გამოვიდა მსაჯულის როლში, მაგრამ, ჰქონდა თუ არა საბოლოო ვერდიქტი გამოტანილი, ეს ელენემ არ იცოდა...

... ქალი მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც მოხდა, თანაც, ძალიან ცუდი, გამოუსწორებელი... ის, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში თითქმის ყოველდღე ელოდა, ქმრის სახეზე ამოიკითხა... არა, უფრო გულმა უგრძნო, ინტუიციამ უკარნახა... ხელები გაეყინა მღელვარებისგან, მაგრამ მაინც სცადა გაეღიმა.

– საყვარელო, კარგად ხარ? – ჰკითხა უფრო მოვალეობის გამო, რადგან პასუხი ისედაც იცოდა.

სერგიმ პიჯაკი დაუდევრად მიაგდო სკამზე. პიჯაკი დაცურდა და იატაკზე ჩამოვარდა, მაგრამ კაცს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. არც წარბი გაუხსნია და არც ცოლისთვის შეუხედავს.

– ნიკუშა სად არის? – ჰკითხა დაღლილი, გაღიზიანებული ხმით.

– საყვარელო, კარგად ხარ? – ელენე მიხვდა, რომ კაცს სიმივით ჰქონდა დაჭიმული ნერვები.

– ჩემი შვილი სად არის? – გაიმეორა სერგიმ.

– დღეს ბანკეტი აქვს. ბიჭებთან ერთად წავიდა, მაგრამ დაბრუნდება, ტანსაცმელს გამოიცვლის.

– ესე იგი, სახლში მარტონი ვართ – მე და შენ. კარგია...

– რა უცნაურად ამბობ, თითქოს ამით რაღაცის თქმა გინდა, – გაღიმება სცადა ქალმა.

– ჰო, მინდა და, როცა გეტყვი, სასაცილოდ ნამდვილად არ გექნება საქმე.

– კი, მაგრამ... საყვარელო, – ელენემ ქმრისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.

– საყვარელოს ნუ მეძახი და, მირჩევნია, მანდ იჯდე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მეც აღმოვჩნდებოდი ამ რეალობის წინაშე.

– ვერ გავიგე, რა რეალობას გულისხმობ. რამე მოხდა?

– ჰო, მოხდა!.. – სერგიმ სიგარეტს მოუკიდა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, – ერთ შეკითხვას დაგისვამ და შენთვისვე იქნება უკეთესი, თუ...

– ეს რა, დაკითხვაა? რა ტონით მელაპარაკები? ვფიქრობ, ასეთი მოპყრობა არ დამიმსახურებია! – თავის დაცვა შეტევით სცადა ელენემ.

– არ დაგიმსახურებია? – ზიზღნარევი ირონიით გაიმეორა კაცმა, – მე ვიცი, რაც დაიმსახურე, მაგრამ ჯერ მაინტერესებს, ჩემს კითხვაზე რა პასუხს მივიღებ...

– მკითხე. მე შენთვის არასდროს არაფერი დამიმალავს.

– უკვე მატყუებ. კარგი, გეკითხები: რა გაკავშირებს ზურაბთან?

– რომელ ზურაბთან?

– ელენე, არ გინდა, ჩემს მოთმინებას ნუ გამოსცდი. ხომ ხედავ, როგორ ვცდილობ, ნერვები მოვთოკო და დროზე ადრე არ ავფეთქდე!

– თუ ნერვები სამსახურში მოგიშალეს, მე გიწინასწარმეტყველებდი ამას და არ არის საჭირო, დამნაშავე ჩემში ეძებო.

– მე არაფერს ვეძებ. მე მარტო ერთი რამ მაინტერესებს: რა გაკავშირებს ზურაბთან?

ელენემ ამოიოხრა:

– არაფერი. უფრო სწორად, აღარაფერი.

სერგი გაფითრდა და ტუჩის კუთხეებით რაღაც გრიმასა გამოხატა:

– შეიძლება ვიგულისხმო, რომ მისი საყვარელი იყავი?

– არა, შეყვარებული, – ელენემ თავი გააქნია, – ჰო, მისი შეყვარებული ვიყავი. შეყვარებული და არა საყვარელი. შეიძლება, შენ ფიქრობ, რომ საყვარელსა და შეყვარებულს შორის განსხვავება არ არის, მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია.

– ფეხებზე მკიდია, რა მიგაჩნია. შენ მე რქები დამადგი, რქები! რატომ გააკეთე ეს, რისთვის?..

– მე შენთვის არ მიღალატია, არასოდეს. ცოლად რომ მოგყვებოდი, არ დამიმალავს, რომ ჩემი პირველი მამაკაცი არ იყავი.

– ჰო, ვიცოდი. ვიცოდი, ვიღაც რომ გყავდა, მაგრამ თუ ეს ზურაბი იყო... რატომ დამიმალე? ელენე, რატომ დამიმალე-მეთქი, ერთმანეთს თუ ხვდებოდით!

– იმიტომ, რომ ეს ჩემი წარსულია, მხოლოდ ჩემი და, მინდოდა, სამუდამოდ წარსულში დამეტოვებინა. ამისი ახსნა ძნელია. უნდა იგრძნო, ისე ვერ გაიგებ.

– ჩემს გაბრუებას ნუ ცდილობ. რაც აქამდე მასულელე, ისიც გეყოფა!

– მე არ გასულელებ. უნდა მენდო, სხვანაირად, შენ გვერდით არ ვიქნებოდი. შენ იცი, რომ...

– მე მარტო ის ვიცი, რომ ზურაბის საყვარელი იყავი და, მგონი, ახლაც ხარ!..

– არა, არა, არა! – შეჰკივლა ელენემ.

– მე შენთვის არასდროს მიღალატია, გესმის? არა! ეს აბსურდია! ჩემი ტრაგედიაა ის, რომ ეგ ნაძირალა შენი ნაცნობი გამოდგა.

– ნაცნობი? ზურაა ჩემი ნაცნობი? – სერგიმ სიგარეტი ხელში მოსრისა, – თქვენ ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ, ერთმანეთს შეეკარით და ჩემი განადგურება გადაწყვიტეთ!

– ღმერთო, საიდან მოიტანე ეს სისულელე? მე არ გაფრთხილებდი, ზურაბთან შორს დაგეჭირა საქმე? მე არ გთხოვდი, მე არ გირჩევდი, მასთან საერთო არაფერი გქონოდა? ნუ დამადანაშაულებ იმაში, რაც არ ჩამიდენია.

– შენ მისი საყვარელი იყავი.

– ღმერთო! არ ვყოფილვარ-მეთქი. რატომ არ გჯერა? – ელენეს ხმა აუკანკალდა, – მე ასე არ დავიმცირებდი თავს. თანაც, შენ მიყვარხარ. რატომ უნდა მეღალატა?

– იმიტომ, რომ მოღალატე ხარ! ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მატყუებდი. ალბათ, პირველივე ხელსაყრელი შემთხვევისას გარბოდი და ლოგინში უწვებოდი! ამის წარმოდგენა ჭკუაზე მშლის. არ ვიცი, შენ უნდა მოგკლა თუ ის! იქნებ, ორივე ერთად?

სერგი გაჩერდა. ოთახში მიმოიხედა. ელენე გაფითრდა და იგრძნო, როგორ გაეყინა ხელები.

– ძალიან გთხოვ, სისულელე არ ჩაიდინო, – თქვა ხმადაბლა და ქმარს შიშით შეხედა.

– ჰოო?! ხვდები, რომ ზღვარზე ვარ?! რომ მოგკლა, არავინ გამამტყუნებს.

– კარგი, თუ გინდა, მომკალი, მაგრამ იცოდე, რომ ამით ძალიან სერიოზულ შეცდომას დაუშვებ, წარსულს კი ვეღარ დააბრუნებ. მომისმინე... სერგი, გთხოვ, გემუდარები, კარგად მომისმინე და მერე გამომიტანე განაჩენი. შენ ვიღაცამ გაგაგიჟა.

– გამაგიჟა? როგორი უსირცხვილო ხარ, ამას რომ ამბობ. კი არ გამაგიჟა, შენმა საყვარელმა სიმართლე მითხრა. იმიტომ არა, რომ სინდისმა შეაწუხა. არა, ზურაბისნაირ ადამიანებს სინდისის ცნებაც არა აქვთ. ფეხქვეშ უნდოდა რომ გავეთელე. ასეთივე ხარ შენც! რა ბრმა ვიყავი, როგორ მოგეცით ჩემი გასულელების საშუალება? ნიკუშას რა ვუყო, თორემ მართლაც მოგკლავდი. მაგრამ... – სერგის ერთბაშად სახე დაუგრძელდა და ფერი დაკარგა, – იქნებ, ნიკუშაც... ნიკუშაც... – სერგიმ მკერდზე მიიდო ხელი და დაბარბაცდა, – შენ მე მიღალატე და, შეგიძლია, იზეიმო. ახლა უკვე აღარაფერი შეგიშლის ხელს. შენს საყვარელს მაშინ შეხვდები, როცა მოგინდება. შეგიძლია, ჩემს დაკრძალვასაც არ დაელოდო!

– სერგი...– ელენემ სცადა ხელი მოეხვია ქმრისთვის, მაგრამ კაცმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ზიზღით მოიშორა, – მძულხარ! სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ გული მწყდება, რომ შენ და იმ ღორს ამით ბედნიერებას მოგანიჭებთ... – სერგი ნელა ჩაიკეცა. ელენემ შეჰკივლა და უგონოდ მყოფი ქმრის წინ დაიჩოქა.

– სერგი! არა!

– მამა! – ნიკუშა შეშლილივით შევარდა ოთახში და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დედამისს უყვირა: – მოსცილდი, შენი ბრალია! ყველაფერი შენი ბრალია! მძულხარ და, თუ მოკვდება, შენც მასთან ერთად მოკვდები ჩემთვის!..

***

... ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო პრეტენზიულები არიან და სამჯერ უფრო ხშირადაც აკითხავენ მათ სხვადასხვა მოთხოვნებით. რა თქმა უნდა, საუბარია ზრდასრულ ასაკზე და არა იმ პერიოდზე, როცა პატარა ბიჭები დედის კალთას არიან ჩაბღაუჭებული. ამ შემთხვევაში ისინი სულაც არ ავლენენ ძლიერი სქესისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს.

სოციალურ კიბეზე ქალბატონების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოიკიდა ფეხი მყარად. დანარჩენების შემოსავალი გაცილებით დაბალია მამაკაცებისაზე. ამიტომ მათი მხრიდან იმის მოთხოვნა, რომ კაცმა არჩინოს, რაღაცწილად სამართლიანიც არის. თუ მამაკაცის ინტელექტის დონე ნორმალურ სიმაღლეზეა, მაშინ საგანგაშოც არაფერია. მას ესმის, რას ითხოვს მისგან ქალბატონი და არც ღიზიანდება...

დათო ფეხაკრეფით შევიდა საძინებელში და ნელა შეუდგა ტანსაცმლის გახდას. ცდილობდა, არ ეხმაურა. ნათიამ თვალი მაშინ გაახილა, როცა დათომ იფიქრა, კარგია, ასე ღრმად რომ სძინავსო.

– შენ უკვე დგები? – დამცინავად ჰკითხა ქმარს და იდაყვებზე წამოიწია. დათოს ნირი წაუხდა.

– დაწოლას ვაპირებდი, – ჩაიბურტყუნა უხალისოდ.

– მართლა?! ლევანმა დაგრთო ნება? აღარ სჭირდები? წავიდა თუ თვითონ სასტუმრო ოთახში გელოდება და წაძინების უფლება მოგცა?

– ნათი, იცი, როგორ დავიღალე? ცოტას დავიძინებ, რა! – შეეხვეწა დათო.

გოგომ მხრები აიჩეჩა:

– კი ბატონო, დაიძინე, ვინ გიშლის, მაგრამ, გაითვალისწინე, რომ უკვე შვიდის ნახევარია.

– მერე რა, დილით ადრე ხომ არ ვარ ასადგომი, რა მნიშვნელობა აქვს, რომელ საათზე მივალ სამსახურში? უფროსი მე არ მყავს, რომ გამიბრაზდეს...

– ჰო, უფროსი არ გყავს, მაგრამ ის თუ გახსოვს, ცოლი რომ გყავს?

–კარგი, რა, საყვარელო, ეგ როგორ არ მახსოვს.

ნათიამ მაცდურად გაიღიმა:

– ჰოდა, თუ გახსოვს, ხვალ 10 საათზე ექიმთან უნდა ვიყოთ.

დათომ ამოიოხრა:

– ჰო, მომაგონდა. არა უშავს, ავდგები.

– არა, თუ გეზარება, ტაქსით წავალ, – განაგრძობდა ნერვებზე თამაშს ქალი.

– ავდგები-მეთქი, ჯანდაბას! რა დაგემართა, სულ რატომ ცდილობ, გამაღიზიანო? – ნერვებმა უმტყუნა დათოს, – ისედაც არა მაქვს მშვიდი ცხოვრება.

– მერედა, რატომ? ნიკუშას მილიონებმა აგირია ჭკუა?

დათომ პირი დააღო მოულოდნელობისგან. ნათიამ ნიშნისმოგებით ჩაიცინა:

– დიახ. არ მეძინა. გისმენდით და ყველაფერი გავიგონე. ასე ნუ მიყურებ, კრიმინალი არ ჩამიდენია. უბრალოდ, საკუთარ თავს ზედმეტის უფლება მივეცი. რა ვქნა? ცოტათი მრცხვენია, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რა არის ჩემი საყვარელი ქმარუკას შეცვლის მიზეზი. ჩემი საწყალი ბიჭი... ისე, ორი მილიონი კარგი ფულია, არა?!

დათომ საყვედურით შეხედა ცოლს:

– ნათო, ძალიან ცუდად მოიქეცი, მაგრამ გაპატიებ, თუკი ამაზე აღარ ვილაპარაკებთ.

– რას ამბობ? სწორედ ამაზე მინდა შენთან ლაპარაკი. ვკვდები, ისე მაინტერესებს, რის გაკეთებას აპირებ.

– რის გაკეთებას უნდა ვაპირებდე, რა სისულელეს ამბობ?

– გგონია, დავიჯერებ? – ჩაიცინა ნათიამ და უფრო მოხერხებულად მოეწყო, – ორი მილიონი დოლარი ერთ ნახატში... რა მაგარია! თან, როცა არაფრის გაკეთება არ არის საჭირო, მაკლერის პოვნაც კი. იტყვი, ვყიდიო და მაშინვე გაიყიდება. შეიძლება, მეტიც გადაგიხადონ, ანუ, კი არ გევაჭრებიან, ცოტა დაგვიკელითო. ოღონდ მე მომყიდე და ორი მილიონი რა სალაპარაკოა, სამი მილიონი ინებეო...

– ეეე!.. გეყოფა, რა ამბავია! – დათომ მხარში მოჰკიდა ცოლს ხელი და მსუბუქად შეანჯღრია, – მორჩა. დაივიწყე! არც ის ნახატია ჩვენი და არც მასში გადახდილი მილიონები.

– დათო, ხომ გითხარი, ყველაფერი გავიგონე-მეთქი. რად გინდა, რომ მატყუებ?

– რას გატყუებ! კარგი, რა, ნათი, მართლა გგონია, რომ ნიკუშას ფულის ხელში ჩაგდებას ვეცდები?

ნათიამ მხრები აიჩეჩა.

– თუ არ ეცდები, დიდ შეცდომას დაუშვებ. აბა, რად უნდა ნიკუშას ამდენი ფული? საყვარელიც კი არ ჰყავს, რომ მას დაახარჯოს.

– ჰყავს.

– რა თქვი? – გაიცინა ნათიამ.

– რა ვთქვი და ჰყავს საყვარელი-მეთქი. შეყვარებულიც ჰყავს, რომელიც, ფაქტობრივად, მისი საცოლეა.

– რას ამბობ, მართალია? მე რომ არაფერი ვიცოდი ამის შესახებ?

– შენ რატომ უნდა გცოდნოდა?

– რატომ არ უნდა მცოდნოდა? – გამოაჯავრა ნათიამ, – იცი, შენი პრობლემა რაშია? პატარა, სულელი გოგო გგონივარ და ფიქრობ, რომ ისევ შენს ჭკუაზე იცხოვრებ. არ გამოვა ეს ამბავი. მე ვახოს რომელიმე ყოფილი ცოლი არა ვარ, რომ ასეთი რაღაცეები ავიტანო.

– რა შუაშია ვახო და მისი ყოფილი ცოლები? მე ვიცი, რომ მყავს ცოლი და ის შენ ხარ. გპირდები, სხვა ცოლზე არ ვიფიქრებ, – გახუმრება სცადა დათომ, მაგრამ ნათია დათმობას არ აპირებდა.

– შენი არ ვიცი, მაგრამ მე სრულ იდიოტიზმად მიმაჩნია ასეთი შანსის ხელიდან გაშვება. ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ნიკუშამ შენ განდოს ეგ ფული. თუ არა, სხვა რაღაცის მოფიქრებაც შეიძლება. იცი, ჩემი ბიძაშვილი პარიზში ცხოვრობს.

– ფრანგია? – აგდებით იკითხა დათომ.

– რა ფრანგი, არალეგალია, მაგრამ მაგარი ტიპია. თუ გინდა, დავურეკავ.

დათო შეიჭმუხნა.

– ნათია, ძალიან გთხოვ, ჩემი და ჩემი მეგობრების საქმეებში ნუ ჩაერევი.

– აჰა, ისევ დაიწყე. ეს რა მესაკუთრული გამოხდომებია! შენ გყავს ცოლი და, შესაბამისად, სიტყვა „ჩემი“, უნდა დაივიწყო. „ჩვენი“, დათუნი, „ჩვენი“!

დათომ ამოიოხრა. ცოლი აშკარად ნერვებს უშლიდა, მაგრამ მასთან ჩხუბი არ უნდოდა ისევ და ისევ მისი მდგომარეობის გამო.

– კარგი, შევთანხმდით. ნაბიჯსაც არ გადავდგამ, სანამ შენ არ შეგეკითხები... ოღონდ, ახლა დავიძინოთ. კარგი? სულ ცოტა ხნით...

– ექიმთან ერთად მივდივართ?

– რა თქმა უნდა, აუცილებლად, – დათომ ბალიშში ჩარგო თავი და საბანი წაიფარა.

***

... ზურაბმა მოსვენება დაკარგა. ლევანისგან ყველაფერს ელოდა, მაგრამ ასეთ კვანტს თუ გამოსდებდა, თანაც ყველაზე შეუფერებელ მომენტში, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა.

„ლაწირაკი! შეხედე, ერთი, რა რიხზეა?! ის ქალბატონიც რომ აიყოლია?! რა უნდა ველაპარაკო! მოდი და, გაზარდე შვილი... გველის წიწილი! სულ დედამისს დაემსგავსა. არაფერში არ ვარგა. იმასაც ვერ ხვდება, რომ ამ მილიონებს საფლავში არ წავიღებ. მაგრამ, თუ მეთამაშებიან და ჩემი გვერდის ავლით უნდათ ყველაფერი ხელში ჩაიგდონ, არ გამოუვათ. ვერ ვიტან, როცა თავზე მახტებიან. ელენე ვალშია ჩემთან... რა სულელი ვიყავი, რა სულელი!.. ჩემი საკუთარი ხელით მივართვი მილიონები. ზოგჯერ ჩვენი სიძუნწე ძალიან ძვირად გვიჯდება ხოლმე. მერჩივნა, ბრილიანტები მეყიდა მისთვის, თუნდაც მანქანა. რატომ მაინცდამაინც ის სურათი?.. ვერ დავიჯერებ, რომ ელენემ მისი ჭეშმარიტი ღირებულება იცოდა, ეს აბსურდია. ყველაფერი შემთხვევით მოხდა და სწორედ ეს შემთხვევითობაა ჩემი მთავარი მტერი. მაგრამ, ასე ადვილად არ დავნებდები.

ფრენას რომ ვიტანდე, მე თვითონ ჩავიდოდი პარიზში, მაგრამ ასეთ რისკზე ვერ წავალ. თუმცა... – ზურაბი სავარძლიდან ადგა, კაბინეტში გავიდა და საწერი მაგიდის უჯრაში რაღაცას დაუწყო ძებნა. ნახევარი საათის შემდეგ მიაგნო სასურველ ნივთს. კარი შიგნიდან ჩაკეტა. პატარა ტყავის ბლოკნოტი გადაშალა და ტელეფონის აპარატს მიუჯდა... საკმაოდ დიდხანს რეკავდა. აბონენტი არ პასუხობდა. მაინც განაგრძო რეკვა, ჯიუტად, მოთმინებით...

***

ვახომ ოფიციანტს ორი ყავა შეუკვეთა და სთხოვა, „ის“ კაბინეტში მიეტანათ. დათოს დაღლილი და რაღაცით უკმაყოფილო სახე ჰქონდა.

– რა იყო, წუხელ არ გძინებია? – ჰკითხა მეგობარს.

– როგორ გამოიცანი? – დათომ სახე ხელისგულებით მოისრისა, – უჰ, სიამოვნებით დავიძინებდი, მაგრამ სახლში მისვლა არ მინდა.

– რატომ?

– ოჰ, არ მკითხო. მალე, ალბათ, გავაფრენ, – დათომ ხარბად მოსვა ცხელი ყავა, – იქნებ ამან მაინც მიშველოს.

– აგირია ცოლმა? – ჩაიცინა ვახომ, – მიდი, მიდი, მოყევი. ხომ იცი, ცოლქმრულ საკითხებში სპეციალისტი ვარ.

– დამცინე, დამცინე, რა გენაღვლება, თავი ქუდში გაქვს!

– ეგ ვითომ რატომ, რადგან ამ ეტაპზე ცოლი არ მყავს? ეჰ, არც მარტოსულობაშია ბედნიერება... – პათეტიკა მოეძალა ვახოს ხმაში.

– კარგი, რა! ტვინს მაინც არავინ გიბურღავს.

– შენც, ნუ გააბურღვინებ, რა პრობლემაა?

– პრობლემა ის არის, რომ ვერ ვახერხებ. რა ვუყო, ხომ იცი, ორსულად არის. რა ვქნა, ვუთმენ.

– ბიჭო, ამხელა კაცი ხარ, ამ თითის სიგრძე გოგოს როგორ ვერ უნდა აჯობო...

– ორსულს ვეომო? შენ გიჟი ხომ არ გგონივარ?

– გიჟის რა მოგახსენო, მაგრამ სუსტი ნებისყოფის მამაკაცი ნამდვილად ხარ, – ჩაიხითხითა ვახომ, – ომი საერთოდ არც ერთ ქალთან არ არის მომგებიანი ვარიანტი.

– სუსტი ნებისყოფის? ჰმ!

– დიახ. ისიც გრძნობს და ამაზე თამაშობს. ჭკუით გჯობნის, რა! აი, მომისმინე: როცა მამაკაცი პირდაპირ ამბობს „არა“, ეს ნებისმიერ ქალს, ორსულსაც და არაორსულსაც, სხვათა შორის, სერიოზულ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს უქმნის. ამიტომ, გესმის? ამიტომ, თუკი ბედნიერი და ჰარმონიული ურთიერთობის მომხრე ხარ, ჯერ ეს სიტყვა უნდა დაივიწყო, მერე კი ისწავლო, როგორ უთხრა უარი ქალს ისე, რომ კმაყოფილიც დარჩეს.

– ატყობ, რომ ბოდავ? – გაღიზიანდა დათო, – რას მეღადავები, თუ ძმა ხარ. მე მგონი, ლევანი მართალია, მთავარი პრობლემა ასაკია.

– რა? ლევანმა გითხრა, ცოლად ასეთი პატარა არ უნდა მოგეყვანაო?! ვაა! ლევანა „გლეჯავს“, ტო... თვითონ რომ დაძვრება თოთო ნაშებში, მაშინ რატომ არ ფიქრობს ასაკზე?!

– კარგი ერთი, რა დაძვრება. მაგისი დრო აქვს? – დათოს ლევანთან თავისი წუხანდელი საუბარი გაახსენდა და უკმაყოფილოდ დაიღრიჯა, – მარტო შენ შეგიძლია, ნაშებზე იფიქრო იმ დროს, როცა ასეთი სერიოზული საკითხი წყდება.

– ვაა, ახლა აქეთ მომდგა საყვედურებით! შენ არ იყავი, ცოტა ხნის წინ რომ წუწუნებდი?

– მერე რა, რომ ვწუწუნებდი! აბა, ძმაკაცი რისთვის მინდა? ვიღაცას ზოგჯერ მაინც ხომ უნდა შევჩივლო ის, რაც მაწუხებს?

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მეც დაგეხმარები და ერთ რჩევას მოგცემ ჩემი „ოქროს ფონდიდან“: ქალს ყველაფერს უნდა დაჰპირდე, მაგრამ არაფერი შეუსრულო. სულ თავი უნდა უქნიო: „დიახ, საყვარელო“, „რა თქმა უნდა, გიყიდი, საყვარელო!“, „წავიდეთ, კი, მინდა“... მერე კი გულმავიწყ ტიპს ითამაშებ და მორჩა. ხომ არ მოგკლავს ამისთვის. სკლეროზიანი ბებერი ყველას ეცოდება, – ვახო ახარხარდა.

– აუტანელი ხარ! – გაბრაზდა დათო, – მაგრამ ეს ჩემთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ნიკუშას ხომ არ დაურეკავს შენთვის?

– არა. მობილური სულ ჩართული მაქვს, ღამითაც კი, მაგრამ არავის დაურეკავს. არც ლევანს შეუწუხებია თავი მაინცდამაინც. არადა, უნდა მოსულიყო.

– ლევანი ჩემთან იყო.

– ვა, როდის, უთენია?

– შეიძლება ასეც ითქვას. პრინციპში, უფრო ეგ არის ჩემი უძილობის მიზეზი.

– თუ „სხადნიაკი“ გქონდათ, მე რატომ არ დამირეკე?

– რა „სხადნიაკი“, რას ამბობ! უბრალოდ, როცა მოიცალა, მაშინ შემომიარა. ნიკუშას ამბავი აინტერესებდა.

– მერე, რაო, ბატონმა მინისტრმა? გეშინოდეთ მაგ კაცისო?

დათომ თავი გააქნია.

– არაო, შიშის საფუძველი არა გაქვთო... კარგი ტიპიაო.

ვახოს თვალები გაუბრწყინდა.

– ხომ გეუბნებოდი, კარგი ტიპია-მეთქი.

– მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ მივიდეთ მათთან? არ გავიგოთ, რა ხდება?

ვახომ მხრები აიწურა:

– რა ვიცი, აბა?! სანამ შენ მოხვიდოდი, ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი. პახმელიაზე მაინც ხომ უნდა გამოვიყვანოთ ის კაცი?!

– ორ საათზე რაღა დროს პახმელიაა, ბიჭო! თან, რა პახმელია უნდა ჰქონდეს, სამი ჭიქის მეტი არ დაულევია.

– ჰო, არ სვამდა. კარგი, მაგრამ ჭამა ხომ მაინც უნდათ?! ნიკუშასაც მაცივარი არ ჰქონდეს გამოტენილი ნაირ-ნაირებით. იცი, რა ვქნათ? მე ახლა გოგოებს ვეტყვი, რაღაც-რაღაცეები გაგვიმზადონ, სუპერმარკეტშიც შევიაროთ და მივადგეთ.

– ჯერ დაგვერეკა. სახლში იქნებიან?

– აბა, სად წავიდოდნენ, ექსკურსიაზე ბოტანიკურ ბაღში?

– მე მაინც დავრეკავ, – დათომ მობილური აიღო, მაგრამ ნომრის აკრეფა ვერ მოასწრო, რომ ტელეფონმა დარეკა.

– ჰო, ლევან, გისმენ! ვახოსთან ვარ. არა, ჯერ არ დაურეკავს. ახლა სწორედ მაგაზე ვლაპარაკობდი... ექვსი საათისთვის? კარგი. კარგი, მერე, შეძლებ? მესმის... მოვალთ! – დათომ მობილური გათიშა და ვახოს შეხედა.

– რაო, ბატონმა მინისტრმა, თავისთან ხომ არ გვიბარებს თათბირზე?

– არა. 4 საათზე რესტორანში გველოდება, ნიკუშასაც თავისი მამინაცვლიანად.

– ჰოო? ნიკუშას ჩვენ უნდა გავუაროთ?

– არა. მისთვის უკვე დაურეკავს, – დათომ საათზე დაიხედა, – მაშინ მე ახლა სახლში წავალ და ორი საათით მაინც წავიძინებ, თორემ სუფრაზე ჩამომეყვინთება. თან ნათიასაც ვეტყვი, რომ გაემზადოს.

– ესე იგი, საყოველთაო შეკრება გვაქვს. შენ და ბატონი ლევანი შემადგენლობებით იქნებით, ნიკუშას მამინაცვალი დაუმშვენებს გვერდს. მე რა ვქნა, მარტო ვიჯდე და თქვენ გიყუროთ?

– მარტო რატომ უნდა იჯდე? თავს ნუ დაიჩაგრავ. ქალი გაგიჭირდა? ბოლოს და ბოლოს, ყოფილებიდან გააბედნიერე რომელიმე. მე შენ გეტყვი, უარს გეტყვიან. ერთი ის მაცოდინა, შენზე და ნიკუშაზე ქალები ასე რატომ ირევიან, რა იცით მაგისთანა?

– ნიკუშაზე მარტო ქალები კი არა, კაცებიც ირევიან. რაღაცნაირი სუფთაა, ხომ გესმის, მე, მაგალითად, ძმასავით მიყვარს.

– მე, მე არ გიყვარვარ? – ირონიულად ჰკითხა დათომ.

– შენც მიყვარხარ, ლევანიც, ოღონდ თქვენ ცოტათი „ჩათლახები“ ხართ, სულ ცოტათი. ნიკუშა კი სხვანაირია, – ვახომ ძმაკაცს თვალი ჩაუკრა და ნებივრად გაიზმორა, – ესე იგი, „სვეტსკი“ ვახშამი გველის. საღამომდე ქალი უნდა ვიშოვო. კარგი, რაღაცას მოვიფიქრებ.

***

ლევანმა პიჯაკი ჩაიცვა და ცოლს გახედა. თინიკო ჩუმად სვამდა ყავას და მისკენ არ იყურებოდა. კაცს ნერვებმა უმტყუნა.

– რა გადაწყვიტე?

ქალმა მხრები აიჩეჩა:

– ჯერ არაფერი.

– თინი, რა დაგემართა, პირველად ხომ არ მივდივართ რესტორანში ბიჭებთან ერთად?

– პირველად არ მივდივართ, მაგრამ დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, – წყნარად ჩაილაპარაკა ქალმა, – გული მიგრძნობს, რომ ჩემი იქ ყოფნა საჭირო არ არის.

ლევანმა ამოიოხრა, ცოლს მხრებზე დაადო ხელები და ლოყით ლოყაზე მიეხუტა:

– სულ ტყუილად ნერვიულობ, დამიჯერე!

– და, თუ ნიკუშა მართლა ჩემი ძმაა? – საცოდავად იკითხა თიკამ. ლევანი ქალს მოსცილდა და შეწუხებულმა ხელები გაშალა.

– გამაგიჟებ მე შენ! რა გინდა, რატომ ვერ ისვენებ? რატომ დასდევ კატას ბნელ ოთახში, მაშინ, როცა ის იქ საერთოდ არ არის? იცი, რას გეტყვი? ნიკუშა აზრზე არაა, ვისთან ადგამდა მისი საყვარელი დედიკო მამამისს რქებს და არ გირჩევ, შენ მიაწოდო ამის შესახებ ინფორმაცია.

– სიმართლე არასოდეს იმალება. ადრე თუ გვიან, ნიკუშა აუცილებლად გაიგებს, ვინ იყო დედამისის საყვარელი.

– გაიგოს, მაგრამ არა ახლა და არა ჩემი ცოლისგან, ამას ვერ დავუშვებ, არც იფიქრო!

– არ მესმის შენი. ეს ყველაფერი მარტო მე და ნიკუშას გვეხება. შენ საერთოდ არაფერ შუაში ხარ.

– რას მეუბნები? – ყასიდად შეიცხადა ნიკუშამ, – შენ იცი, როგორ მოკვდა ნიკუშას მამა? რას მიყურებ, სერგი იყო მამამისი და ყოველთვის ასე იქნება. მოკლედ, გული გაუსკდა ამ არაჩვეულებრივ ადამიანს. როგორ ფიქრობ, რამ გაუხეთქა გული?

– არ ვიცი.

– სამაგიეროდ, მე ვიცი. ეჭვი მაქვს, რომ მამაშენისა და თავისი ცოლის რომანის ამბავი გაიგო. გესმის? ახლა შენ თვითონ გაანძრიე ტვინი, თუ საერთოდ გაქვს ტვინი, როგორ შეხვდება ნიკუშა იმ კაცის ქალიშვილს, რომელმაც მამა მოუკლა – ხელებს გაშლის და გულში ჩაიკრავს? ამიტომაც, გირჩევ, ენას კბილი დააჭირე და პრობლემებს ნუ შემიქმნი.

– მამაჩემი თუ მკვლელია, ელენე ვინღაა? – ცრემლი გამოერია ხმაში თიკას.

– ისიც მკვლელია, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არ არის, თინიკო, არ არის ჩვენი საქმე! ახლა ადექი და ჩაიცვი. მინდა, ამ საღამოს განსაკუთრებით ლამაზი უნდა იყო. ბატონ გრაფს კარგი გემოვნება აქვს და არ მინდა, თქვას, ქართველ მინისტრს საკუთარი ცოლისთვის ვერ მიუხედავსო.

თინიკო ჩუმად იჯდა და თავის თითებს ჩაშტერებული, რაღაცაზე ფიქრობდა. თავი რომ ასწია, წამწამები ცრემლებით ჰქონდა სველი.

– ლევან, შეგიძლია, რაღაც მითხრა? ოღონდ, არ მომატყუო.

ქმარმა თავი დაუქნია.

– შენ ცოლად იმიტომ შემირთე, რომ ზურაბის შვილი ვიყავი?

ლევანი შეიჭმუხნა:

– თუ იმას გულისხმობ, რომ მამაშენისა და ნიკუშას დედის ამბავი ჩვენს შეუღლებამდე ვიცოდი, არ არის ასე, ეს არც ისე დიდი ხნის წინ გავიგე – მაშინ, როცა მამაშენმა მითხრა, გეფიცები. ის სურათი რომ არა, ვერასდროს გავიგებდი სიმართლეს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3