კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან ქართველ დიზაინერ ნესტან დავითაშვილს და ცნობილ ამერიკელ დიზაინერ ემილიო პუჩის

21 წლის ნესტან დავითაშვილი 14 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს. ქართველ გოგონას თავდაპირველად გაუჭირდა დიდ ქვეყანაში თავის დამკვიდრება, რადგან საქართველო და ამერიკა ორი რადიკალურად განსხვავებული სამყარო აღმოჩნდა მისთვის, თუმცა  მეგობრებისა და საყვარელი საქმის – დიზაინერობის წყალობით, გაუცხოების მომენტი მალე გაუქრა.

– სანამ წახვიდოდი, აქ რას საქმიანობდი და რატომ გადაწყვიტე ამერიკაში წასვლა?

– 53-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. პარალელურად, დაახლოებით შვიდი წელი, ცურვაზე დავდიოდი. შემდეგ წავედი ამერიკაში, სადაც ერთი წელი ვსწავლობდი. მერე ისევ დავბრუნდი. მერე წავედი ბულგარეთში და იქ ამერიკულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი ბიზნესფაკულტეტზე. იქაც წელიწად-ნახევარი დავყავი, მაგრამ, რატომღაც, აღარ მომეწონა იქ ყოფნა და წავედი კალიფორნიაში და ჩავაბარე ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც ორ წელიწადში დავამთავრე და სან-ფრანცისკოს ხელოვნების აკადემიაში განვაგრძე სწავლა მოდელიორ-დიზაინერის ფაკულტეტზე. გავიგე, რომ ნიუ-იორკში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძლიერი სკოლა – „პარსონის დიზაინ-სკოლა”, რომელიც ცნობილმა დიზაინერებმა მარკ ჯეიკობსმა და დონა კარანიმ დაამთავრეს. ცხადია, ამან ძალიან დამაინტერესა და იქ შევიტანე საბუთები, თუმცა, არ მეგონა, რომ მიმიღებდნენ. მიღების პროცესი ოთხი თვე გრძელდებოდა და სამ ნაწილად იყო გაყოფილი. სხვათა შორის, იქ რომ ჩავედი პირველად, 14 წლის ასაკში, ძალიან განვიცდიდი, იმდენად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდი. თან თბილისი, ოჯახი, მეგობრები მენატრებოდა, კულტურული შოკი მქონდა, რომ ასეთ განსხვავებულ გარემოში მოვხვდი.

– შემდეგ როგორ შეეწყვე იქაურობას, ვისთან ცხოვრობდი?

– თავიდან წავედი გაცვლითი პროგრამით და ვცხოვრობდი იტალიელების ოჯახში, რომელსაც ძალიან დავუახლოვდი და საქართველოშიც ჩამოვიყვანე ორჯერ. ორი ბიჭი ჰყავთ და როგორც საკუთარი ქალიშვილი, ისე მიმიღეს. დღემდე ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, მეც ვურეკავ და ისინიც მირეკავენ, დაბადების დღეზე საჩუქრებს მიგზავნიან. ყველა ამერიკელ ბავშვს დაძაბული და დატვირთული დღე აქვს. აქ გვიან გაღვიძებას ვიყავი მიჩვეული, იქ კი დილის 6 საათზე ვდგებოდი და ესეც უცხო იყო ჩემთვის. რვა საათზე სწავლა იწყებოდა, სწავლის დამთავრების შემდეგ ვცურავდი. მერე გვქონდა ოჯახური სადილი. როგორც წესი, იქ გვიან და არაჯანსაღად იკვებებიან. იქ ყოფნის პერიოდში ძალიან მოვიმატე წონაში. აქედან რომ წავედი, 45 კილო ვიყავი და რომ ჩამოვედი, 65 კილოგრამამდე ვიწონიდი, თუმცა ამას დიდად არ განვიცდიდი. მოკლედ, ძალიან უდარდელად ვიყავი. ასე შემიყვარდა ამერიკა, მაგრამ მათ საჭმელებს აღარ ვეკარები. „აღმოვაჩინე“ სხვა ქვეყნების სამზარეულოები, რომლებიც ნაკლებად კალორიულია. ძალიან შემიყვარდა ინდური სამზარეულო, ჩახოხბილი, შემწვარი ყველი, ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული. ასევე მიყვარს კორეული, იაპონური სამზარეულო... ძალიან მიყვარს გემრიელი კერძები და რა ვქნა?

– რა გააკეთე იმისათვის, რომ ისევ ძველ წონას დაბრუნებოდი და ახლა როგორ ინარჩუნებ ფორმას?

– რომ ჩამოვედი და აეროპორტში დამხვდნენ, დედა გადაირია, ძლივს მიცნო. ამას მოჰყვა წიწიბურის ორთვიანი დიეტა. მაშინ შემიყვარდა წიწიბურა, რომელსაც ახლა ტყემალთან ერთად მივირთმევ. უკვე სამი წელია, ტრენაჟორებზე დავდივარ. ძალიან იცის მიჩვევა და სამი დღე თუ გავაცდინე, ტონუსიდან მაგდებს და მოშვებული ვარ.

– განტვირთვას როგორ ახერხებ, გართობის რა საშუალებებს მიმართავ?

– ძალიან ბევრი მეგობარი მყავს იქ. ღამის კლუბებში, ბარებში 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის აკრძალულია შესვლა. იქ, უბრალოდ, სასმელსაც ვერ იყიდის ამ ასაკის ადამიანი. ერთ დღეს ავდგებოდით და სან-ფრანცისკოდან წავიდოდით ლას-ვეგასში ან ლოს-ანჯელესში. ცხრა საათის სავალია მანქანით, დავრჩებოდით ერთი ღამე და დილით უკან ვბრუნდებოდით. ერთხელ იმიტომ წავედით, რომ ჩემი ერთი მეგობარი გათხოვდა, ამერიკელს გაჰყვა. ერთხელ, მანქანით გავედი, სან-ფრანცისკოში მეგობართან. უკან რომ ვბრუნდებოდი, გვიანი იყო. ამ დროს ძალიან რთულია პარკინგთან გაჩერება. ერთი საათის განმავლობაში სახლის გარშემო წრეზე დავდიოდი, რომ გამეჩერებინა. წითელზე გავიარე, ოღონდ შესახვევში და პოლიციამ გამაჩერა. დიდი თანხით რომ არ დავეჯარიმებინე, შევეცადე, ქალური ხიბლი გამომეყენებინა, მაგრამ არ გაჭრა – 950 დოლარით დამაჯარიმეს. სამ თვეში სასამართლო იყო და თანხა გამინახევრეს. ამით მივხვდი, რომ იქ პოლიცია კარგად მუშაობს.

– როგორ აითვისე დიზაინერის პროფესია?

– ძალიან შრომატევადი საქმეა. მსოფლიოში ზოგადად, ამ საქმეს ხელოვნებად არ აღიქვამენ, მაგრამ ამას ეწინააღმდეგება ჩემი სკოლა და სტენტობა. ჩვენი იდეები ესკიზის სახით გადაგვაქვს ფურცელზე, შემდეგ კი, სისრულეში მოგვყავს. ამის ბოლო შედეგი არის ის ულამაზესი დეფილეები, რასაც ცხოვრებაში ვხედავთ – ქუჩაში ან, თუნდაც, ეკრანზე. ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ჩემი საყვარელი დიზაინერი არის ნიკოლას გესკიერი, რომელმაც ახალგაზრდობაშივე მიაღწია უდიდეს წარმატებას თავისი შრომითა და ნიჭით. დიდ პატივს ვცემ და დიდი სურვილი მაქვს, რომ მასთან ვითანამშრომლო. ეს ადამიანი არის ბალენსიაგას მთავარი დიზაინერი. მეორეა, სალვატორე ფერაგამო.

– რა პარალელს გაავლებდი ქართველ და ამერიკელ ბიჭებს შორის? როგორები არიან ისინი ქალებთან მიმართებაში?

– კარგი და ცუდი ყველგან არის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ამდენი წელი ვიცხოვრე, უპირატესობას ქართველ ბიჭებს ვანიჭებ. რა თქმა უნდა, ყველა მამაკაცი პატივს უნდა სცემდეს ქალს და თავი ქალად უნდა აგრძნობინოს, მე ჩემი კრიტერიუმები მაქვს ამ საქმესთან მიმართებაში. ძალიან წუნია ვარ. მამაკაცს ყველაფერში უნდა ემჩნეოდეს გემოვნება – ჩაცმაშიც და ქალებშიც. მნიშვნელობას ვანიჭებ ინტელექტს, საუბრის მანერას, ქცევებს, ასევე – გარეგნობას, მაგრამ ეს ჩემთვის პირველ ადგილზე არ დგას. არასდროს მომწონებია ამერიკელი ბიჭი და, ალბათ, ამაში არის რაღაც ლოგიკა. იქ მცხოვრები იტალიელები, ევროპელები უფრი მომწონს. მათ სულ სხვა შარმი აქვთ. იცი, იქ როგორი წესია? მამაკაცი როცა ეპატიჟება გოგოს, აბსოლუტურად მიღებულია, რომ მენიუს თანხა ორივემ გადაიხადოს. ერთხელ ასეთი შემთხვევაც კი მოხდა, ჩემი უახლოესი მეგობარი დაპატიჟა ბიჭმა ხუთვარსკლავიან რესტორანში. მათი მენიუ იყო პატარა პორციების. ბოლოს, ანგარიში რომ მოუტანეს, მასზე აღნიშნული იყო გარკვეული თანხა. ბიჭმა ჩემს მეგობარს ჰკითხა, არ აპირებ ამის დამთავრებასო? გოგომ უპასუხა – არაო. მაშინ, თუ შეიძლება, მე მივირთმევო და თანხა გაიყვეს.

– მოდი, ისევ შენს დიზაინერობას მივუბრუნდეთ: თუ გაქვს ურთიერთობა ცნობილ დიზაინერებთან?

– ჩვენთან, უნივერსიტეტში, მესამე კურსის ბოლოს სტუდენტები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს ანუ კოლექციას. ჟიურის წევრებში არიან ცნობილი დიზაინერები: მარკ ჯეიკობსი, პრადა, ემილიო პუჩი და იყვანენ პრაქტიკანტებს. ზოგს მაშინვე ასაქმებენ თავიანთ სამოდელო დახლებში. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ასეთ სკოლაში ვიყო, ასეთი ადამიანების გვერდით, რომლებიც მონაწილეობენ პოპულარულ სატელევიზიო შოუებში როგორც დიზაინერები. ჩვენი პროფესორები მაგარი პროფესიონალები და პოპულარულები არიან ამერიკაში. ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ქალბატონი არის პროფესორი ქეროლ ნანლი. ეს გახლავთ მსოფლიოში ძალიან ცნობილი ილუსტრატორი. მან გამოსცა წიგნი, რომელიც ნიუ-იორკში ბესტსელერი გახდა. მან მირჩია, რომ პარსონში მეცადა ჩაბარება. აკადემიამ დიდი როლი ითამაშა, რომ პარსონში მიმიღეს. ისეთმა პროფესორებმა მომცეს რეკომენდაცია, რომელთა სახელი და გვარი ძალიან ბევრს წყვეტს მოდის ინდუსტრიაში. მაღალკურსელებს უკვე აქვთ გამოფენები, სადაც ერთ-ერთი ჩემი ილუსტრაცია ანუ ესკიზიც მოხვდა. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები თავიდანვე ერთად ვიწყებთ მუშაობას, რაც შემდგომშიც უნდა გავაგრძელოთ.

– როგორია შენი სამომავლო გეგმები?

– ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება ამერიკას, ნიუ-იორკს, რადგან მიმაჩნია, რომ მსოფლიო მოდის ცენტრი ნიუ-იორკია და ყველა სიახლე აქედან მოდის, თუმცა, არ მინდა, რომ თბილისს მოვწყდე. თბილისი ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი და სასიამოვნო ნაწილია, რომლის გარეშეც სიცოცხლე არ შემიძლია, რადგან აქ არიან ჩემი საყვარელი ადამიანები.

– როგორც მომავალ დიზაინერს, თუ მოგწონს ქართველების ჩაცმის სტილი და რას ურჩევდი მოდის მიმდევარ ადამიანებს?

– თბილისში უმეტესობას ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს, მაგრამ ვურჩევდი, რომ ინტერნეტში ან თუნდაც ტელევიზორში „ფეშენ-ტივის“ ყურების ნაცვლად, ყურადღება მიაქციონ, რა აცვიათ მათ გარშემო მყოფ ადამიანებს და აქცენტი საკუთარ თავზე გააკეთონ. მოვერიდოთ კოპლებიან სამოსს, რადგან ძალიან აფუჭებს სილუეტს, უპროპორციოს აჩენს. მუქი ფერები არ მომწონს, მაგრამ ქალაქი მუქ ფერებშია და ხალხიც იხდენს. ცოტა არარეალური იქნებოდა, რომ, მაგალითად, როგორც ბრაზილიელებს, ისე ეცვათ თბილისშიც, ალბათ ვერც ვერასდროს მიიღებენ აქ ჩაცმის ასეთ სტილს – ღია სამოსი და მკვეთრი, ნათელი ფერები.



ეკა პატარაია


скачать dle 11.3