კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გრძნობს ადამიანი ჯვრის სიმძიმეს


ადამიანს შეეძლო ეცხოვრა სამოთხეში უზრუნველად, განცხრომით და თავისუფლად; უხვად ექნებოდა ყველაფერი, მაგრამ დაკარგა სამოთხე და განსაცდელში, შეჭირვებაში ჩავარდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს აუცილებელია ადამიანისთვის. რამეთუ, ვინც ფართოს ირჩევს, წარსაწყმედელში მიდის. წარმატების შემთხვევაშიც კი რამდენი შრომა, რამდენი ოფლია საჭირო, რათა საჭმელი, ტანსაცმელი, ჭერი, უსაფრთხოება, ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს; და რას განიცდის ადამიანი მაშინ, როცა სიღარიბე, წარუმატებლობა, უბედურება და მწუხარება შეაჭირვებს?! განსაცდელი, ჭირი ჩვენი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრებია, უფალმა პირველმშობელთა ცოდვის გამო რომ მოგვიჩინა. სამოთხის შვებათა უღირსნი აღმოვჩნდით და სიმძიმილის ტვირთვა დაგვიწესა ღმერთმა, რათა შეჭირვება ამოგვათქმევინებდეს გულიდან სამოთხის მონატრების სულთქმას და სიმდაბლით ვდრეკდეთ ღვთის მართლმსაჯულებას წყალობისკენ. ძნელია, მაგრამ შენს ხელთაა ცხონების მოპოვება ჭირთა თმენით. იშრომე კეთილსინდისიერად, ხარჯე ზომიერად, გაყავი მეგობრულად, სხვისას ნუ მიითვისებ, მოითმინე სულგრძელად, განსაკუთრებით სინანულზე იფიქრე და ღმერთს შეუვრდი; ცხოვრებისეული ჯვარი იტვირთე, როგორც დამსახურებული სასჯელი და ცხოვრების წარმართების (გამოსწორების, წრფელყოფის) საზომი და მის მიერ სულს იცხონებ. სიზარმაცე, ყოველგვარი ტაცება, ფუფუნება, ამაოებით შებილწვა, სასჯელის დავიწყება, მით უმეტეს – დრტვინვა და სასოწარკვეთა ჯვრისგან ვერ ათავისუფლებს, მაცხოვნებელ ძალას კი ართმევეს მას. ამ მიზეზთა გამო ჯვარი აწვება ადამიანს და თავის სიმძიმით თრგუნავს.

ჩვენ ცოდვის გავლენის ქვეშ ვართ მოქცეული შინაგანადაც და გარეგნულადაც, მაგრამ ჩვენი არსება და მნიშვნელობა არ დაგვიკარგავს. ღმერთმა შექმნა მართალი ადამიანი სიმართლის მსახურად. ბრძენი (სოლომონი) ჭეშმარიტ ადამიანს დაცემის შემდეგაც ასეთად ცნობს: „ღმრთისა გეშინოდენ და მცნებანი მისნი დაიმარხენ, რამეთუ ესრეთ არს ყოველი კაცი“ (ეკლ. 12.13). მოციქულიც მიიჩნევს, რომ ადამიანი შექმნილია და დაბადებული „ქრისტე იესოს მიერ საქმეთათვის კეთილთა... რათა მათ შინა ვიდოდეთ“ (ეფეს. 2.10). ქველისმოქმედების ასპარეზი ყოველ ადამიანს აქვს. მამას თუ დედას, შვილებს, ძმებს, დებს, მოსამსახურეს, მეომარს, მწერალს, მოსამართლეს, ქალწულებს და ჭაბუკებს, გათხოვილებსა და ქვრივებს, მყიდველსა და გამყიდველს, ხელმძღვანელსა და ხელქვეითს, მასწავლებელსა და მოწაფეს, ეკლესიის მსახურსაც და მრევლსაც – ყველას თავისი მოვალეობა აქვს. ცხრა მთას იქით წასვლა სულაც არ არის საჭირო, ვალდებულებებს რომ მიაგნო. შენი ყოველი მოძრაობა სჯულითაა განსაზღვრული. დაიხედე, როგორ აბიჯებ და სწორად დადგი ფეხი. ჩვენ გვეჩვენება, რომ მოვალეობის უღელი მეტისმეტად გვამძიმებს, თუმცა, უფლის განგებით, ჩვენი არც ერთი ნაბიჯი არ დაიკარგება უკვალოდ, და ჩვენი შრომის წილ უსათუოდ შევიმკობით სიმართლის გვირგვინით, უფალმა თავის მოყვარულთ რომ აღუთქვა. მოთმინებით აღასრულე შენი მოვალეობა, ანუ ყოველი საქმე კეთილსინდისიერად მიიყვანე თავიდან ბოლომდე, და მთელი შენი სიცოცხლე მოვალეობის ერთგულებას მიუძღვენი. იცოდე, გხედავს სჯულისმდებელი, და, როგორც კეთილსა და ერთგულ მონას, უეჭველად შეგიყვანს თავის სიხარულში. ასე ტვირთულობენ მოვალეობის ჯვარს საცხოვნებლად; საქმეში დაუდევრები კი უსჯულოების მოქმედთა თანა წარწყმდებიან.

ახლა ყველაფერს მოკლედ ვიტყვი: ღმერთი გვამცნებს ჯვრის აღებას იმ განზრახვით, რომ შინაგანი და გარეგანი ღვაწლით ვებრძოლოთ ვნებებსა და გულისთქმებს; სულგრძელად გადავიტანოთ ცხოვრებისეული განსაცდელი; მოთმინებით აღვასრულოთ ჩვენი მოვალეობა და მარადიულ განსასვენებელში შესვლის ღირსნი ამგვარად გავხდეთ. თუ ჩვენც ასე გვიტვირთავს ჩვენი ჯვარი, მაშინ ის აგვიმაღლებია, ხოლო თუ თავის დაძვრენას ვცდილობთ, მაშინ ჯვარი დაგვიმხვია და ფეხქვეშ გაგვითელავს. თუმცა, არა, კარგად ვერ გამოვთქვი: ჯვარს როგორ მოიშორებ, სად მოისვრი? ის ისე შემოგვეჭდო, როგორც კანია ხორცთან მიერთებული. გვინდა, თუ არ გვინდა, ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს. ჩვენზეა დამოკიდებული, ვცხონდებით მის მიერ, თუ წარვწყმდებით. უმჯობესი, ავირჩიოთ: ავიღოთ ჩვენი ჯვარი და მხნედ გავყვეთ უფალს, ვმადლობდეთ მას იმ დიდი წყალობისთვის, ჩვენთვის ჯვრების განწესებაში რომ ვლინდება. რამეთუ, როგორც სალბუნია საჭირო და აუცილებელი ჭრილობისთვის, საჭმელი – მშიერისთვის, თავისუფლების ნათელში გამავალი კარის გასაღები – ტუსაღისთვის, ისეა ჩვენი ჯვარი – ჩვენთვის. და ჩვენ სწორედ ის ჯვარი გვჭირდება, რომელიც გვკიდია. ყოველ ადამიანს თავისი ჯვარი აქვს და ყოველი მათგანისთვის მაცხოვნებელი მხოლოდ და მხოლოდ მისი ჯვარია. ნუ გშურს სხვისი, ნუ გეჩვენება სხვისი ჯვარი მსუბუქად, რამეთუ ჯვრის სიმძიმე არავინ უწყის, გარდა იმისა, ვისაც ის უტვირთავს. ერთი რამ კი უეჭველია: რომელი ჯვარიც უნდა აიღო, არც ერთი არ გამოგადგება, შენი ჯვრის გარდა. გაიხსენე, როგორ შეაწყენდა უფალს ლოცვებით ერთი ჯვარის მტვირთველი კაცი და ევედრებოდა, შეეცვალა მისთვის ჯვარი, რადგან ის ძალიან მძიმედ ეჩვენებოდა. ამ კაცს ღმერთი გამოეცხადა ძილში, ბევრნაირი ჯვარი უჩვენა და არჩევის ნება მისცა. კაცმა რომელი ჯვარიც სინჯა, ვერც ერთი ვერ მოირგო. მხოლოდ უკანასკნელი მოერგო, მაგრამ ეს სწორედ მისი საკუთარი ჯვარი აღმოჩნდა. ჯვრის მტვირთველი კაცი დამშვიდდა და შემდგომში უკვე აღარ მერყეობდა, სულგრძელად ატარებდა ჯვარს. ასევე, ჩვენ ყველას გვიჯობს, დავემორჩილოთ ღვთის განგებას. ჯვრები კი არ უნდა ვარჩიოთ, არამედ ღონე ვიძიოთ, როგორ ვიტვირთოთ ჯვარი. მაშ, აიღე შენი ჯვარი და თავს იდე, როგორც ღმერთი გვიჩვენებს – უფალმა უკეთ იცის, მოვალეობის რამხელა სივრცე განგვისაზღვროს, რომელი ცხოვრებისეული სიძნელე გამოგვატაროს, და როგორ ბრძოლასა და განსაცდელში შეგვიყვანოს. დაემორჩილე მას და უდრტვინველად ვიდოდე. მხოლოდ იმაზე იზრუნე, რომ ჯვარის ტვირთვა შენი ყოფილიყოს შენს საცხოვნებლად და ღვთის სადიდებლად. ამინ.

უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს.

წმინდა თეოფანე შეყენებული


скачать dle 11.3