კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის სჭირდება გათხოვილ ქალს ახლობლების მხარდაჭერა და რა არის მისთვის „აკრძალული“ ბედნიერება


სიყვარული ყოველთვის გაუფრთხილებლად მოდის, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილი სიყვარული. მისთვის სულერთია სოციალური სტატუსი და ოჯახური მდგომარეობა. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მძაფრი შეგრძნებების მოთხოვნილება, ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ თითოეულში, მეტ-ნაკლები სიმწვავით ვლინდება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ უსიყვარულოდ და ფიქრობენ, რომ ეს მათ დისკომფორტს არ უქმნის. მაგრამ, მათ რეალობაშიც შეიძლება, დადგეს მომენტი, რომელიც ყველაფერს რადიკალურად შეცვლის და სწორედ ეს ადამიანები ხდებიან მთავარი მსხვერპლი მოულოდნელად მოსული სიყვარულისა.


თეა (37 წლის): ძალიან მრცხვენია, თქვენთან რომ მიწევს ჩემს პრობლემაზე ლაპარაკი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ამ უკიდურესობამდე თუ მივიდოდი. ძალიან ცუდად ვარ, გაორებული და გაოგნებული. მართლა არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა ვიცხოვრო. ყველაფერი, რასაც აქამდე პატივს ვცემდი, რითაც ვარსებობდი და რაზეც ვოცნებობდი, თავდაყირა დადგა. საშინელება ყოფილა, როცა არ იცი, რას მოგიტანს ხვალინდელი დღე. არც ის ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ ყველაფერს. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, თავი ბედნიერ ქალად მიმაჩნდა. მშვიდად ვცხოვრობდი, ყოველგვარი ზედმეტი გართულებების გარეშე. პრობლემები როგორ არ მქონდა, მაგრამ ისეთზე, როგორიც ახლა მაქვს, ვერასოდეს ვიფიქრებდი. ვინც ჩემს ამბავს წაიკითხავს, იტყვის, რა უნდა ამ ქალს, მოსწყენია კარგი ცხოვრება და თვითონ აუტეხავს საკუთარი თავისთვის დავიდარაბაო. მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის. ვის არ უნდა მოსვენებით, სიმშვიდეში ცხოვრება.

– მაშინ, რა მოხდა? რატომ აირია თქვენი ცხოვრება?

– აბსოლუტურად შემთხვევით. მეეჭვება, არსებობდეს ქალი, რომელიც ოცნებობდეს იმაზე, ჯერ გათხოვდეს და მერე შეიყვაროს ვინმე. ხომ წარმოუდგენელია, ვინმემ რომ გითხრათ, ეს ჩაფიქრებული მქონდაო. როცა ვთხოვდებოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ცხოვრების მამაკაცი ვიპოვე.

– შეიძლება დავინტერესდე, როგორ მოხდა თქვენი დაოჯახება?

– ანუ გაინტერესებთ, იყო თუ არა ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის სიყვარული. იყო, რა თქმა უნდა, ჩვიდმეტი წლის არ ვყოფილვარ, როცა მას შევხვდი. ოცდაშვიდი წლის გახლდით. რამდენიმე თვის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს. შეყვარებულები ვიყავით. მე მართლა ძალიან მომწონდა ის. ბევრი ისეთი თვისება ჰქონდა, რომელსაც ძალიან ვაფასებდი მამაკაცში და ახლაც ვაფასებ.

– თქვენ მოწონება სიყვარულში აგერიათ?

– რთული შეკითხვაა... არც ვიცი, რა გიპასუხოთ. იცით, უფრო რაშია საქმე, მე იმ მომენტში ისეთი სიყვარული ვიცოდი და ვერ წარმომედგინა, სხვანაირიც თუ არსებობდა. არ იცოდით, რომ სხვადასხვანაირი სიყვარული არსებობს? არც იმისი გჯერათ, რომ შეიძლება, ერთდროულად ორი პიროვნება გიყვარდეთ?! მე მაგალითად, ახლა უკვე მჯერა იმ მამაკაცების, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ცოლიც უყვართ და საყვარელიც.

– უბრალოდ, ერთის მიმართ, უფრო ხშირად ცოლის, ისინი განიცდიან სიბრალულს, შეჩვევას და ეს ჰგონიათ სიყვარული.

– ვერ დაგეთანხმებით. უბრალოდ, სხვადასხვანაირი სიყვარული არსებობს. იმ კაცებს ცოლი სხვანაირად უყვართ, საყვარლები – სხვანაირად.

– უფრო კონკრეტულად?

– ვცდილობ, დაგიკონკრეტოთ, მაგრამ გრძნობების ახსნა ადვილი არ არის. პრინციპში, მე ახლა საკუთარ გრძნობებზეც ვლაპარაკობ. სხვადასხვა ასაკშიც სხვადასხვანაირად გიყვარს. თექვსმეტი წლის გოგოს სიყვარული რომ განსხვავებული იქნება ჩემხელა ქალის სიყვარულისგან, ეჭვი გეპარებათ ამაში?

– თქვენ თვითონ თქვით, რომ თექვსმეტი წლის არ გათხოვილხართ.

– დიახ. იმ ასაკში გავთხოვდი, საკუთარ საქციელზე სრულიად რომ მოგეთხოვება პასუხი. შეგნებული რომ გაქვს, რას აკეთებ. მე არ შემიძლია, იმ წლებზე რამე ცუდის თქმა. ჩემმა ქმარმა მართლა ყველაფერი გააკეთა ჩემი ბედნიერებისთვის. პრობლემა ჩემშია და არა მასში. ვიცი, რომ ჩემზე ძალიან ცუდს იტყვიან და იფიქრებენ, მაგრამ ამას თითქმის შევეგუე. გაურკვევლობაში ცხოვრება ისეთი კოშმარი ყოფილა, რომელსაც ყველაფერი ჯობია.

– როდის დაგეძაბათ ქმართან ურთიერთობა?

– ჩემი ყველაზე დიდი პრობლემაც ეგ არის, რომ არაფერი დამძაბვია. ისევ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორც გვქონდა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი. ჯერჯერობით მარტო ჩემს გულში ტრიალებს ქარიშხალი, რომელსაც მალე, ალბათ, ვეღარ დავმალავ. როგორ გადავუსვა ხაზი ყველაფერს, როგორ დავანგრიო ის, რაც საკუთარი ხელით ამ ცხრა წლის განმავლობაში შევქმენი. უკვე ცხრა წელია, გათხოვილი ვარ. ორი შვილი მყავს – ექვსის და ოთხის წლის. მათ უყვართ და უნდათ მამა. ნორმალურ ოჯახში უნდა იზრდებოდნენ. ვიცი, მეტყვით, თუ ამდენი იცი, მოეშვი ღრუბლებში ფრენას და ოჯახს მიხედეო. მართალი ბრძანდებით, მაგრამ ეს მარტო სათქმელად არის ადვილი. ვერ ვერევი საკუთარ თავს. ძალიან მიყვარს და ეს გრძნობა ჩემზე ძლიერია.

– იმას ჰყავს ოჯახი?

– ჯერ არა. საცოლე ჰყავს, რომელთან ურთიერთობასაც მარტო იმიტომ არ წყვეტს, რომ მე მელოდება.

– ანუ, რეზერვში ჰყავს?

– სიმართლე რომ გითხრათ, მე მათი ურთიერთობა ნაკლებად მაინტერესებს. ჯერ ის უნდა გავარკვიო, მე რა მინდა და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღო. მე ქმარი მყავს და მას საცოლესთან დაშორება როგორ უნდა მოვთხოვო. მეუბნება, როგორც კი ქმარს ყველაფერს ეტყვი, მაშინვე დავცილდებიო, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ ვბედავ ოჯახის დანგრევას.

– ეჭვი გეპარებათ, რომ გიყვართ?

– არა. ამაში ეჭვი არ მეპარება. ასეთი გიჟური რაღაც არასოდეს განმიცდია. საკუთარ თავს არ ვეკუთვნი. სარკეში ვიხედები და საკუთარ თავს ვეკითხები: შენ მართლა ის ქალი ხარ-მეთქი? თითქოს გარეგნულადაც შევიცვალე. ჩემი ქმარიც ამჩნევს ამას და აშკარად კმაყოფილია. მას ხომ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ამის მიზეზი. ძალიან მეცოდება. მას ნამდვილად არ დაუმსახურებია ის, რასაც მე ვაკეთებ. ჩემი საქციელის სიმძიმე სრულიად მაქვს გაცნობიერებული, ერთი წუთითაც არ ვიმართლებ თავს, მაგრამ ერთი შემამსუბუქებელი გარემოება მაინც მაქვს: მე ეს ყველაფერი არ მინდოდა. როცა გავიცანი, საერთოდ არ მომწონებია. არც შემიხედავს მაგ თვალით.

– „არ შემიხედავს მაგ თვალითო“. კონკრეტულად რას გულისხმობთ ამ სიტყვებში?

– გათხოვილი ქალი კაცს მუშტრის თვალით არ უყურებს. მით უმეტეს, თუ თავისი ქმრით კმაყოფილია. შეიძლება, მოგეწონოს ან არ მოგეწონოს. კაცის გარეგნობას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. „სხვანაირად“ მარტოხელა ქალები აფასებენ კაცს. მე იმ ცხრა წლის განმავლობაში, მამაკაცს არ ავუღელვებივარ. უცხო მამაკაცს ვგულისხმობ. საერთოდაც, არასოდეს ვყოფილვარ ვნებებს აყოლილი ქალი. საკმაოდ მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანად მიმაჩნდა საკუთარი თავი. ჩვეულებრივად ვცხოვრობდი, როგორც ყველა.

– ამით იმის თქმა გინდათ, რომ ყველა გათხოვილი ქალი მძაფრი ვნებების გარეშე ცხოვრობს?

– არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ძირითადად ასეა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ საკუთარი ქმრები არ უყვართ. უბრალოდ, ცხოვრებაა ისეთი, რომ კლავს მძაფრ ემოციებს, ვნებას. მეც შეიძლებოდა, ისე გამევლო ცხოვრება, არ მეგრძნო ეს ყველაფერი და ალბათ, უკეთესიც იქნებოდა. მაგრამ მოვიდა ეს გიჟური გრძნობა ჩემთან და ახლა ვერაფერს შევცვლი.

– თქვენ თქვით, რომ თავიდან არც მოგეწონათ. მაშინ რანაირად შეგიყვარდათ?

– მეც არ ვიცი. საერთოდ, ინიციატივა იმისგან წამოვიდა. ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გავიცანით. სუპერმარკეტში, ზედა თაროდან რაღაცის ჩამოღებაში დამეხმარა და გამომელაპარაკა. აბსოლუტურად ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო საუბარი გვქონდა. შეიძლება, იმას მოვეწონე, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, იმ პირველი შეხვედრისას მსგავსი არაფერი შემინიშნავს. ერთად ვივაჭრეთ და ნავაჭრი მანქანამდე მიმატანინა. უფრო სწორად, კალათა მიაგორა ჩემს მანქანამდე და სულ ეს იყო. დამავიწყდა კიდეც ეს ამბავი. თქვენც ხომ არ მიანიჭებდით განსაკუთრებულ მნიშვნელობას. არ მახსოვს, ერთი კვირა გავიდა თუ ორი და ისევ შევხვდით. ისევ სუპერმარკეტში. მე ბავშვით ვიყავი. ის უკვე გამოდიოდა მარკეტიდან. ჩემს შვილს მოეფერა და მითხრა, მაღაზიის „დალაშქვრამდე“ ჩემთან ერთად ყავას ხომ არ დალევო. უარი არ მითქვამს, მსიამოვნებდა მისი საზოგადოება. თან ამაში ცუდი არაფერი დამინახავს.

– იფიქრეთ, რა მოხდა, სასიამოვნო ნაცნობთან ყავას თუ დავლევ, ამით ქვეყანა არ დაინგრევაო...

– საერთოდ არაფერი მიფიქრია. უბრალოდ, დავლიეთ ყავა საუბრისას გავიგე, რომ ბანკში მუშაობდა. თავისი „ვიზიტკაც“ მომცა, იქნებ რამეში დაგჭირდესო. მეც ვუთხარი, სადაც ვმუშაობდი. დავემშვიდობეთ ერთმანეთს და წავიდა.

– თქვენი მობილურის ნომერი არ მიგიციათ?

– არა. მაგრამ დილით მისგან მესიჯი მივიღე. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გაიგო ჩემი ნომერი. როცა ვკითხე, მოვინდომე და გავიგეო, მიპასუხა. მესიჯიც არ იყო რაღაც განსაკუთრებული. მწერდა, მგონი, საყიდლებზე სიარული შემიყვარდა. კიდევ როდის გეგმავ პროდუქტით ოჯახის მომარაგებასო.

– ამიტომ უნდა იაროს ქალმა საყიდლებზე ქმართან ერთად...

– დამცინით? თუმცა, თქვენს თვალში, ალბათ, სასაცილო ვარ. რა მინდოდა, რატომ ავყევი ამ საბედისწერო თამაშში?! რამდენიმე დღე ვმესიჯობდით. ქმრისთვის, რა თქმა უნდა, არაფერი მითქვამს. თვითონაც არაფერი შეუმჩნევია. საერთოდ, ნაკლებად აქცევს ყურადღებას წვრილმანებს. ბევრი საქმე აქვს და სულ არ სცალია.

– თქვენთვისაც არ სცალია... ბუნებრივია, არ სცალია ფლირტისთვის საკუთარ ცოლთან. სუპერმარკეტში მასთან ერთად ფინჯანი ყავის დასალევადაც არ სცალია...

– მე მესმის თქვენი ირონია. ვიცი, რომ დამნაშავე ვარ. სულ ისე, ჰაერიდან არაფერი ხდება. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს ბედისწერა იყო. რა სასაცილოები ვართ ადამიანები. როგორ ვცდილობთ, ჩვენს დანაშაულზე პასუხისმგებლობა თავიდან ავიცილოთ. ბედისწერასაც კი ვხვევთ შარში... მალე აღმოვაჩინე, რომ მოუთმენლად ველოდებოდი მესიჯის მოსვლას. სხვა აღარაფერი მაინტერესებდა. მობილურჩაბღუჯული დავდიოდი. ცოტა რომ დააგვიანებდა მესიჯი მოსვლას, ვნერვიულობდი. მივხვდი, რომ ეს რომანტიზმი და სიტყვებით მოფერება ძალიან მაკლდა. ისეთ თბილ სიტყვებს მწერდა, არც ვიცი, საიდან მოჰქონდა ასეთი ფრაზები. ძალიან, ძალიან მინდოდა მასთან შეხვედრა, მაგრამ ის არ ჩქარობდა. ჩვენი ასეთი ურთიერთობა იმასაც მოსწონდა. მთელი ცხოვრება შენნაირ ქალს ვეძებდიო.

– შეიძლება გკითხოთ, რამდენი წლისაა?

– ვიცი, თქვენ ფიქრობთ, რომ ის ჩემზე უმცროსია. ასეც არის. მაგრამ მხოლოდ ორი წლით. ასე რომ, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ. არ ვიცი, რამ არ დააკმაყოფილა თავის საცოლეში, მაგრამ ფაქტია, ჩვენ ერთმანეთის სიცარიელე შევავსეთ. ერთმანეთს ის მივეცით, რაც ორივეს გვაკლდა. თვრამეტი წლისას არ მიგრძვნია ის, რასაც ახლა განვიცდიდი. ეს სასწაულია. ცხოვრებაც სხვა თვალით დავინახე და ახლა ყოველი დღის გათენება სხვანაირად მიხარია. მე შეყვარებული ვარ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

– ანუ, ბედნიერი ხართ.

– ვიქნებოდი ბედნიერი, პასუხისმგებლობის გრძნობა და ვალდებულებები რომ არ მაწამებდეს. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. საყვარლის ყოლა კიდევ სხვა რაღაც არის. მე საყვარელი კი არ მყავს, შეყვარებული ვარ. ქმართან ყველაფერი მქონდა – უზრუნველი ცხოვრება, სიმშვიდე, სტაბილურობა, მაგრამ მთავარი მაკლდა. ის, რაც თავს ქალად მაგრძნობინებს. გული ძალიან ცუდი მრჩეველია, როცა შენ აღარ გემორჩილება. არ უნდა მოუსმინო მას, მაგრამ ამას სერიოზული ძალა სჭირდება, რომელიც მე არ მაქვს.

– განქორწინება არც ისე დიდი ტრაგედიაა, როგორც თქვენ ფიქრობთ. გაშორდით ქმარს და იმასთან იყავით, ვინც ასე ძალიან გიყვართ.

– თქვენ ეს ასეთი მარტივი გგონიათ?! ოჯახიდან რომ წავიდე, საშინელება მოხდება. ჩემი ქმარი ძალიან კარგი მამაა, გიჟდება ბავშვებზე. შეიძლება, არ გამატანოს ისინი მათთვის უცხო კაცთან. სასამართლოს და ადვოკატის ჩარევა კი, არ მინდა. არც ის მინდა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს ჩემი ოჯახი. მე ვითხოვ ბედნიერებას, რომელიც აკრძალულია ჩემთვის.

– არსებობს აკრძალული ბედნიერება?

– როგორ არა. როცა არ გაქვს ბედნიერების უფლება. შეგიძლია, იყო ბედნიერი, ის სულ ახლოს არის შენთან, ერთი ხელის გაწვდენაზე, მაგრამ უფლება არა გაქვს. საშინელებაა, დამიჯერეთ. ჩემი მთავარი პრობლემა ის არის, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა ზომაზე მეტად მაქვს განვითარებული. ცოტა ფეხებზე მკიდია რომ ვიყო, ასე არ გავიტანჯებოდი.

– დედა რომ შვილების კარგად ყოფნაზე ფიქრობს, ეს ბუნებრივია.

– საქმეც ეგაა. შვილების გამო უნდა დავრჩე მამაკაცთან, რომელიც არ მიყვარს, მაგრამ სულ უფრო მიჭირს მასთან ერთად ერთ ლოგინში ჩაწოლა. მასთან ვწევარ და იმაზე ვფიქრობ. ჩემი ქმრის ალერსი ტანჯვაა ჩემთვის. მირჩევნია, საერთოდ არ შემეხოს. მაგრამ როგორ ვეტყვი ამას?! მაშინ მიზეზიც უნდა ვთქვა.

– თქვენი შეყვარებული რას გეუბნებათ?

– ძალიან ბრაზობს. უფრო გაბედული უნდა იყოო. თქვი, რაც ჩვენს შორის ხდება და მოხდეს, რაც მოსახდენიაო.

– მზად არის, რომ ორი შვილით მიგიღოთ?

– ამბობს, რომ მზად არის ამისთვის. მაგრამ მე მეშინია. შეიძლება, მერე სერიოზული პრობლემები წარმოიშვას. იმასაც რომ თავი დავანებოთ, რა ამბავსაც ჩემი ქმარი ატეხავს. ერთი სიტყვით, ძალიან მძიმე და გამოუვალ სიტუაციაში ვარ. ალბათ, ისევ მსხვერპლის გაღება და სიყვარულზე უარის თქმა მომიწევს. ამაზე ფიქრი ჭკუიდან მშლის. შევძლებ კი, მერე ჩვეულებრივად გავაგრძელო ცხოვრება?!


скачать dle 11.3