კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უტყუარი ტექნოლოგიები შეიმუშავა ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უეჭველი გამარჯვებისთვის


ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ნაცვლად ამჟამად პოლიტიკური სპექტრის ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისკენაა მიმართული. სახელისუფლო გუნდი კვლავაც მტკიცედ დგას და დარწმუნებულია, რომ, ჯერ ერთი, მერის პირდაპირი არჩევნებისთვის მხოლოდ თბილისელი ამომრჩეველია მომზადებული და, რაც მთავარია, ადგილობრივ არჩევნებში გასამარჯვებლადაც კვლავაც მხოლოდ ამომრჩეველთა ხმების 30 პროცენტია საკმარისი (რაც, იმავდროულად, იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერად აირჩევა კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ორ მესამედზე ნაკლებს მოაგროვებს). მეორე მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარლამენტის წევრებსაც მიეცემათ მონაწილეობის მიღების საშუალება (თუმცა, სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა გაცვალო უმაღლესი კანონმდებლის სტატუსი, თავის ხელფასიან-იმუნიტეტიანად, საკრებულოს წევრობაზე) და, უფრო მეტიც, წარუმატებლობის შემთხვევაში, ისევ პარლამენტში შეეძლებათ დაბრუნება. იმას, კიდევ რა მოულოდნელობებს ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის მაისის არჩევნები, იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის – „კანონი ხალხისთვის“ – თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი განგვიმარტავს.



– კონკრეტულად რა სქემით ჩატარდება მაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გარდა იმისა, რომ კვლავაც ძალაშია უმცირესობის უპირატესობის პრინციპი?

– არჩევნები ჩატარდება როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით, თუმცა შარშან მოხდა ერთი ცუდი რამ: პარტიები შეთანხმდნენ და საინიციატივო ჯგუფს წაართვეს კანდიდატის წამოყენების უფლება, რაც დამოუკიდებელ მოქალაქეებს აიძულებს, ან რომელიმე პარტიას მიეკედლონ, ან თავად შექმნან ახალი პოლიტიკური პარტია. ამიტომაც, სწორედ ახლა აღინიშნება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში პოლიტიკური პარტიების განსაკუთრებული სიმრავლე: ფაქტობრივად, ყველა ცნობილ სახეს თავისი პარტია აქვს. რაც შეეხება საარჩევნო კომისიებს: დატოვეს ძველი ფორმულა და არ გაითვალისწინეს პარიტეტის პრინციპი, რომ კვალიფიციურ სუბიექტებს თავიანთი წარმომადგენლები ჰყოლოდათ. როგორც ითქვა, შეიცვლება მხოლოდ ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე. პრეზიდენტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სამ კანდიდატურას წარუდგენს და შვიდწევრიანმა კომისიამ უმრავლესობით უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე.

– ანუ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ახალი თავმჯდომარე თარხნიშვილი იქნება?

– ასე გამოდის, რადგან შერჩევისა და წარდგენის უფლება ისევ პრეზიდენტს აქვს, ხოლო, თუ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, მაშინ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთს. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე არანაირი ცვლილება არ იქნება, უბრალოდ, კომისიის ოპოზიციურ წევრს დაარქმევენ მდივანს. მდივნის უფლებები კი იმით გამოიხატება, რომ მას აქვს ჟურნალი და ამ ჟურნალში ატარებს საჩივრებსა და განცხადებებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საჩივრების განმხილველი ორგანოა ზემდგომი საარჩევნო კომისია, მისი ზემდგომი კი – სასამართლო, რომელსაც აკონტროლებს ხელისუფლება, საჩივრების შენახვას არანაირი აზრი არ აქვს, სასამართლოები ისედაც სავსეა საჩივრებით.

– შევახსენოთ მკითხველს, როგორაა დაკომპლექტებული საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიები?

– იმავე პრინციპით, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია: ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს რამდენიმე წევრს, კვალიფიციური სუბიექტები კი – თითო-თითო წევრს, მაგრამ, საერთო ჯამში, ხელისუფლების პარტიული და მის მიერ დანიშნული წევრები აღემატებიან მთელი ოპოზიციური პარტიების წევრების რაოდენობას, ანუ ნახევარზე მეტი ხელისუფლებისაა.

– ანუ საარჩევნო კომისიებში გადაწყვეტილების მიღების უპირატესობა ისევ ხელისუფლების მხარესაა?

– დიახ და ეს უკვე გარანტირებული აქვს ხელისუფლებას. უფრო მეტიც, წინა არჩევნებში გამოყენებული იყო ასეთი ტექნიკა: აშინებდნენ ოპოზიციური კომისიის წევრებს და ისინი, უბრალოდ, არ მიდიოდნენ სხდომაზე, ხოლო, როდესაც რომელიმე წევრი არ არის, კვორუმი დაბალია. ანუ, როდესაც 13-კაციან კომისიაში შენ გყავს 7 წევრი, მე კი – 6 და კომისიის სხდომაზე 10 წევრი მოვა, უმრავლესობა უკვე 6 წევრია. ასე რომ, თუ პიროვნებას ვერ მოისყიდიან და ვერ მიიმხრობენ, ეუბნებიან, გადი თამაშიდანო. ამას გარდა, გაბათილებული ბიულეტენი ისევ არ ჩაითვლება არჩევნებში მონაწილედ. მოგეხსენებათ, ბათილად ითვლება ის ბიულეტენი, რომელზეც ამომრჩეველი ერთის გარდა სხვა კანდიდატსაც შემოხაზავს ან დასვამს რაიმე ნიშანს. ეს თემა მეტად საფრთხილოა, რადგან შეუძლებელია, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოახერხოს ყველა საარჩევნო უბნის კომისიის თავისი წარმომადგენლობით დაკომპლექტება, ასეთი მხოლოდ ორი-სამი ოპოზიციური პარტია თუ იქნება, მაშინ, როდესაც ხელისუფლება ყველგანაა წარმოდგენილი – მათ აქვთ ადგილობრივი ადმინისტრაციული რესურსი. როგორც წესი, ხელისუფლება უთანხმდება იმ ორ-სამ ოპოზიციურ პარტიას და კონკურენტებს ბიულეტენებს ერთად უბათილებენ. მათი ლოგიკა ასეთია: ამომრჩეველმა არც შენს კანდიდატს მისცა ხმა, არც – ჩემსას, მოდი, სხვებს გავუბათილოთ ბიულეტენებიო, რადგან გაბათილებული ბიულეტენები აღარ ითვლება არჩევნებში მონაწილედ, სამაგიეროდ, მცირდება საარჩევნო ბარიერი. მაგალითად, თუ არჩევნებზე 100 ამომრჩეველი მოვიდა, საარჩევნო ბარიერი 30 პროცენტი, ანუ 31 ხმაა, მაგრამ, 20 ბიულეტენიც რომ გავაბათილო, ესე იგი, 30 პროცენტი უკვე 80 ხმიდან დაითვლება და ეს 25 ხმაა. ანუ გაბათილებული ბიულეტენებით შეგიძლია, კანდიდატს გაამარჯვებინო ხმების 20-25 პროცენტითაც კი.

– როგორ დაითვლება ხმები, ანუ ხმების რა პროცენტი დასჭირდება კანდიდატს, რომ საკრებულოს წევრობა გაინაღდოს?

– მაჟორიტარი კანდიდატების არჩევისთვის, ალბათ, თბილისი 25 საარჩევნო ოლქად დაიყოფა.

– ეს 25 საიდან მოიტანეს?

– მოიტანეს. თვითმმართველობის ისტორიაში საკრებულო ყველაზე მრავალრიცხოვანი 1998 წელს იყო, საკრებულოს წევრთა რაოდენობა თანდათან მცირდებოდა და 2008 წელს 35-ზე ჩამოვიდა, ახლა კი ისევ იზრდება 50-მდე. უკვე განსაზღვრულია, რომ 25 წევრი აირჩევა მაჟორიტარული სისტემით, 25 კი – პროპორციულით, თუმცა, არ არის განსაზღვრული, როგორ აირჩევა ეს 25 მაჟორიტარი. თუ თბილისი 25 ნაწილად დაიყოფა, მაშინ თითო-თითო მაჟორიტარს აირჩევენ, ან 5 ან 10 რაიონად დაყოფილი თბილისიდან თითოეულ რაიონში 2-3 ან 4-5 მაჟორიტარი აირჩევა. მინდა ამომრჩეველს, ყურადღება მივაქცევინო პროპორციულ საარჩევნო ბარიერზე: ოთხპროცენტიანი ბარიერი ნიშნავს იმას, რომ, თუ ხმები არ დაიკარგა, 25-ის 4 პროცენტი არის 1 მანდატი, ანუ ვითომ არჩევნების ზღურბლგადალახული პარტია მიიღებს ერთ მანდატს. როგორც წესი, არჩევნებში ხმების 30-40 პროცენტი იკარგება. ანუ პარტიას, საკრებულოში ფრაქცია რომ შექმნას, ანუ სამი წევრი გაიყვანოს, ხმების მინიმუმ 10 პროცენტი მაინც სჭირდება. 10-პროცენტიანი სეგმენტის მოგროვება თბილისში 2-3 პოლიტიკურ პარტიას თუ შეუძლია, ამიტომ დედაქალაქში ყველა პარტია იჭიდავებს, რადგან აქ მეტ-ნაკლებად ვრცელდება თავისუფალი სიტყვა და, მოსალოდნელია, რომ ხმები 10-15 პარტიას შორის დაიქსაქსოს.

– ეს გასაგებია, მაგრამ 4-პროცენტიანი ბარიერი არ არის მაღალი, სადამდე შეიძლება, დაიწიოს ზღურბლი?

– ეს ნორმალური ზღურბლია, რადგან ყველა ქვეყანაში პროპორციული არჩევნების ზღურბლი 4-5 პროცენტია, მაგრამ იქ პარტიული სისტემებია ჩამოყალიბებული, ჩვენგან განსხვავებით. ზღურბლის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უმრავლესობის კრიტერიუმი არ შეიძლება, იყოს უმცირესობა. უმრავლესობის პრინციპია – ნახევარზე მეტი. ამიტომაც, სწორედ ამ პრინციპით ირჩევა პრეზიდენტი, ამ პრინციპით ირჩევს საკრებულო თავმჯდომარეს, ამ პრინციპით ირჩევს პარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარეს. როგორ შეიძლება, აირჩიო პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის წევრთა მესამედით?! ამიტომაც, მიუღებელია, როდესაც საარჩევნო სისტემას აგებ არა უმრავლესობის, არამედ უმცირესობის ნებაზე.

– მე ასე ვიტყოდი: მოხერხებული უმცირესობის-მეთქი.

– მე ამას ვუწოდე არა ლეგიტიმურობის, არამედ ძალაუფლების ზღურბლი, რადგან 30 პროცენტი გამოდგება ძალაუფლების ზღურბლად, მაგრამ არა – ლეგიტიმურობის ზღურბლად. 30-პროცენტიანი ბარიერი ხელისუფლებას ადმისტრაციული რესურსისა და მოსყიდვის ფაქტორების გათვალისწინებით, გამარჯვების ძალიან დიდ შანსს აძლევს, თუ ოპოზიციური პარტიები არ შეთანხმდნენ საერთო კანდიდატის გამოვლენის წესზე და არ დაიცვეს ეს წესი.

– პარლამენტის წევრს უფლება აქვს, მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და, თუ დამარცხდა, ისევ პარლამენტს დაუბრუნდეს. ეს ხალხის რჩეულისთვის საკადრისი საქციელია თუ ამის მიზანიც ხმების დაქსაქსვაა?

– ეს ახალი არ არის, ადრეც ჰქონდათ პარლამენტის წევრებს უფლება, რომ სხვა წარმომადგენლობით ორგანოში ეყარათ კენჭი და გამარჯვების შემთხვევაში დამდგარიყვნენ არჩევნის წინაშე. მიშა სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ ასეთმა დეპუტატებმა აირჩიეს.

– მახსოვს.

– სამმა დეპუტატმა მისცა ხმა მას, როდესაც ის კენჭს იყრიდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, თუმცა მათ არ ჰქონდათ შეწყვეტილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. შემდეგ ისევ დაბრუნდნენ პარლამენტში.

– მაგრამ ახლა მათ დამარცხების შემთხვევაში მიეცათ პარლამენტში დაბრუნების უფლება, თითქოს პარლამენტი ხელმოცარულთა თავშესაფარი იყოს?

– იმის თქმა მინდა, რომ ეს ახალი არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცოტა გაუგებარია, რატომ უნდა იბრძოლოს პარლამენტის წევრმა საკრებულოს წევრობისთვის, თუ რომელიმე პარტიის ლიდერი არ არის და თბილისის მერად არ იყრის კენჭს? თუ დავალება არ მიიღო, არც ერთი გონებადამჯდარი დეპუტატი არ მიიღებს მონაწილეობას საკრებულოს არჩევნებში.

– მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი მერის პირდაპირი წესით არჩევა. სხვა ქალაქებს რატომ უფრთხის ხელისუფლება? რეგიონებს ხომ უფრო ეფექტურად აკონტროლებს, ვიდრე თბილისს?

– ეს, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციული მიდგომაა, რადგან, რას ნიშნავს, თბილისელ ამომრჩეველს ვენდობით და არათბილისელს – არა?! თბილისელებსაც არ ენდობიან, მაგრამ ეს ნაბიჯი იძულებით გადადგეს, რომ დღის წესრიგიდან რამენაირად მოიხსნას რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების იდეა, ამ მიზნითვე დასწიეს ზღურბლიც. მართალია, ხელისუფლებას რეალურად რეგიონებში უფრო მეტი შანსი აქვს, მაგრამ, თავიანთი პატრონყმური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ფიქრობენ, რეგიონებში დემოკრატიის ელემენტს არ გავაჭაჭანებთო. იმიტომ რომ, თუ რეგიონებში ვიღაც დამარცხდება, ის ან შეეგუება ვითარებას, ან გააგრძელებს ბრძოლას. თუ უსამართლო ბრძოლაში დამარცხდება და ამომრჩეველს ეს ეცოდინება, ისინი მხარს დაუჭერენ და პროტესტი გაგრძელდება.

– და მოგვინდომებენ დემოკრატიას?

– დიახ, პატრონყმური მენტალობის ადამიანი ასე ფიქრობს: რეგიონები ჩემია, თბილისში კი დახოცონ ერთმანეთი, მაინც ჩემსას გავიყვან და 20-25 პროცენტს ავარჩევინებ თბილისის მერსო.

– ესე იგი, იმ მექანიზმებით, რომელიც მმართველმა გუნდმა შეიქმნა, მას გასამარჯვებლად სავსებით ჰყოფნის 30 პროცენტი, ანუ თავი ქუდში აქვს?

– ხელისუფლებამ შეძლო ოპოზიციური სპექტრის რამდენიმე ნიშნით სეგმენტიზაცია: საპარლამენტოდ და არასაპარლამენტოდ; შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიცია დაყო რადიკალებად და არჩევნებში მონაწილე ჯგუფებად. თავის მხრივ, ოპოზიცია ისედაც ბუნებრივადაა დაყოფილი სხვა ნიშნებით. ერთი სიტყვით, ხელისუფლებამ მიაღწია ოპოზიციის სეგმენტიზაციას და როდესაც საარჩევნო ზურბლი დაბალია, ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს საერთო კანდიდატზე, რადგან ეს ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდის ერთადერთი საშუალებაა.

– მაგრამ როგორ უნდა შეთანხმდნენ საერთო კანდიდატზე ქრისტიან-დემოკრატები, „ალიანსი“, „ფორუმი“, თორთლაძის პარტია და ასე შემდეგ?

– ამ შემთხვევაში იგულისხმება 4-5 მთავარი მოთამაშე: „ალიანსი“, ლეიბორისტები, „ფორუმი“, ბურჯანაძის პარტია და ლევან გაჩეჩილაძე. ამიტომაც, თუ მთავარი მოთამაშეები შეთანხმდებიან საერთო კანდიდატის შერჩევის წესზე, იმის მიუხედავად, დაასახელებენ თუ არა დანარჩენები თავიანთ კანდიდატებს, ამომრჩეველი არ დაიბნევა. ამომრჩევლის აქტივობა კი საარჩევნო ზღურბლს მაღლა ასწევს. ოპოზიციამ აღარ უნდა გაიმეოროს ის, რაც 2008 წელს მოხდა, როდესაც დახურულ კარს მიღმა გამოკვეთეს საერთო კანდიდატი, ეს აღარ იმუშავებს. საზოგადოებამ უნდა იგრძნოს თავისი ჩართულობა გამარჯვებული კანდიდატის შერჩევის პროცესში, იქნება ეს პრაიმერი თუ სოციოლოგიური გამოკვლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების ადმინისტრაციულ რესურსსა და მოსყიდვას, არაფერს ვიტყვი პროპაგანდასა და დაშინებაზე, არჩევნები წაგებულია.


скачать dle 11.3