კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდება საქართველო მტრული და ნახევრად მტრული ქვეყნების ალყაში უკრაინული არჩევნების შემდეგ


ჩვენს პარტნიორ უკრაინაში იანვარში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვარში საზღვაო მოკავშირესაც დავკარგავთ. მეორე მხრივ, საქმე უკეთ არც ხმელეთზე გვაქვს: რუსეთთან გამოცხადებულ ომში ვართ, სომხეთთან – გამოუცხადებელში, იმ მარტივი ლოგიკით, რომ ის სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ერთადერთი მოკავშირეა; აზერბაიჯანთან ურთიერთობა ნელთბილია, ხოლო, თუ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობას გავიხსენებთ, რის ფონზეც რუსეთი აზერბაიჯანის თავისკენ გადაქაჩვას ცდილობს, ჩვენს ურთიერთობებს გაცივების პერსპექტივა უფრო ელის. თურქეთი თავისას ცდილობს: რუსეთთან ერთად რეგიონში ხელახლა გადაინაწილოს გავლენის სფეროები. შესაბამისად, ჩვენს სამეზობლოში, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, სანდო პარტნიორი სანთლით გაგვიხდა საძებარი. ამ სიტუაციისა და, აქედან გამომდინარე, შედეგების ანალიზს, აკაკი ასათიანთან ერთად შევეცდებით.



– დავრჩებით იანვრის უკრაინული არჩევნების შემდეგ რეგიონში მარტო?

– დავიწყოთ ბოლოდან. მე მგონია, რომ უკრაინა, პროდასავლური და პროქართული თვალსაზრისით, დაკარგულია. ეს არჩევნები ამას გააფორმებს და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, ტიმოშენკო მოიგებს თუ იანუკოვიჩი. მაშინ, როდესაც იუშჩენკო და სააკაშვილი ერთმანეთს ხვდებოდნენ, ტიმოშჩენკო ისე კისკისებდა პუტინთან ჰალსტუხებზე ლაპარაკისას, რომ ეს ყველასთვის ცხადი გახდა. ზღვის გადაღმა ვკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან მოკავშირეს, რაც გვიქმნის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. არ მგონია, უკრაინა ჩვენი მტერი გახდეს, მაგრამ ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ მოკავშირის დაკარგვა ძალიან ბევრს ნიშნავს. კენედი ამბობდა, ტიტოსნაირი პრეზიდენტი მირჩევნია საბჭოთა კავშირის 200 დივიზიასო. ტიტო ამერიკისკენ არ იყო, ვითომ სოციალისტური ქვეყანა ჰქონდა, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რომ საბჭოეთს ბალკანეთზე გაბატონების საშუალებას არ აძლევდა. უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსეთისკენ მიცურავს, თუმცა, მაინც ბუნდოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან დასავლეთ უკრაინა ასე ადვილად არ შეურიგდება ამ ამბავს. საერთოდ, უკრაინაზე დიდი იმედების დამყარება იმთავითვე შეცდომა იყო, რადგან, თუ ჩვენ სახელმწიფოებრიობის პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ, როგორც ქვეყანა, ვიყავით, ვართ და ყოველთვის ვიქნებით, უკრაინას აქვს ქვეყნის პრობლემაც.

– აზერბაიჯანი?

– უნდა ვაღიაროთ, რომ აზერბაიჯანს საკმაოდ გონივრული, თანმიმდევრული და დამოუკიდებელი პოლიტიკა ჰქონდა, აქვს და, იმედოვნებს, რომ ექნება, მაგრამ უჩვენოდ ძალიან გაუჭირდება. დღეს ხდება ის, რასაც თქვენ ბრძანებთ, მისი იზოლირება. ეს ასე იოლი არ არის და სწორედ აზერბაიჯანის ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ნელ-ნელა მიდის ეს პროცესი, თუმცა, არც რუსეთი აქტიურობს, იმიტომ რომ აქვს ნავთობის, კასპიის ზღვის გაყოფის პრობლემები. აზერბაიჯანი ჯერჯერობით დაკარგული არ არის, მაგრამ ეს ჩვენზეა დამოკიდებული. რაც შეეხება სომხეთს: ბევრი მიიჩნევდა, რომ სომხეთი ჭკვიანურად იქცეოდა, ჩემი აზრით კი, მათი პოლიტიკა განპირობებული იყო ერთადერთი არჩევნით. ჩვენ ბევრი არჩევანი გვქონდა, ახლა არ გვაქვს, თუმცა, სხვასთან შედარებით, მაინც ბევრი გვაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, მგონია, რომ სომხეთისთვის არ არის ხელსაყრელი ჩვენთან ურთიერთობის გამწვავება და, იმდენი გონიერება მაინც აქვთ სომხებს, რომ, რაც გინდა პირობები შეექმნათ ჩვენთან სიტუაციის გასამწვავებელი, არ გადაიჭრან არტერია. თუმცა, საუკუნეში ერთხელ, მათ რაღაც დიდი შეცდომა მოსდით და ის, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც აჰყვნენ რუსებს, კატასტროფა მოუვიდათ თურქეთთან, იძლევა საფუძველს, რომ ესეც დასაშვებია.

– სომეხმა ანალიტიკოსმა, როდესაც რუსეთის მოთხოვნით ჯავახეთის აფეთქების ალბათობაზე ვეკითხებოდი, მიპასუხა, თვითგამორკვევა ხალხის უფლებაა და, სხვა საკითხია, შემდეგ მათ ვინ დაეხმარებაო. თქვენ მინიმალური გგონიათ ასეთი საფრთხე?

– მინიმალურია, მაგრამ ეს მინიმუმი ნულს არ უდრის. ყველა თავისას იფიქრებს, შენ თუ არ ივარგე, თურქეთიც კი, რომელიც ძალიან კორექტულია მთელი ამ წლების განმავლობაში და ერთგულია ათა თურქის ბოლო გამოსვლის, რომელშიც მან ერთი აბზაცი მოგვიძღვნა. საქართველოში აღარ სჯეროდა არავის ჩვენი დამოუკიდებლობა, როდესაც ათა თურქმა თქვა, ეს ქვეყანა დამოუკიდებელი იქნება, ჩვენ უნდა ვიყოთ მისი საუკეთესო მეზობელი, იმიტომ რომ არც ჩევნ გვყავს მათზე კარგი მეზობელიო. მაგრამ რუსეთთან ომის შემდეგ თურქი პოლიტიკოსები ევროპელ ექსპერტებთან ერთად განიხილავდნენ საკითხს: მოდი, გადავარჩინოთ რაღაც ნაწილი მაინც, რომელზეც თურქეთს ოდესღაც პრეტენზია ჰქონდაო.

– ამიტომაც იყო, რომ აჭარა გადარჩა ომის დროს.

– მაგრამ, მე მგონია, რომ რუსეთი არავის არაფერს დაუთმობს, თუ ისე გაგიჟდა, რომ საქართველოს დაკავებაზე წავიდა. ამდენად, თურქეთისთვის ესეც შემაკავებელი ფაქტორი იქნება. ჩვენ ძალიან კოშმარული სურათი დავხატეთ, მაგრამ, იმედი მაქვს, აქამდე არ მივალთ.

– რუსეთზე არ გვითქვამს არაფერი.

– მანდეთკენ მივდივარ: რუსეთთან ზავიც კი არ არის, რუსული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ეს არის „პერემირიე“ ფრონტის ხაზზე. ძალიან ცუდად მენიშნა პუტინის ფრაზა ბოლო ბრიფინგის დროს, „ბი ბი სი“ ატრიალებდა გამუდმებით: მთავარია, დავსაჯოთ ისინი, ვინც ტერორისტების ზურგს უკან დგასო და, იმას აღარ ვიტყვი, ვინ შეიძლება, იდგეს ტერორისტების ზურგს უკან, პუტინის აზრით.

– ჩვენ, რა თქმა უნდა.

– პუტინის აზრით, ჩვენთან, თურმე, ტერორისტები არიან. ძალიან საფუძვლიანია პაატა დავითაიას მოსაზრებაც, რომ რუსეთი ფოთისა და ბათუმის პორტების ჩაკეტვას აპირებს. გაატარებენ მხოლოდ სომხეთში მიმავალ ტვირთს, რომელსაც შენ არ გაატარებ – რატომ მხოლოდ სომხეთიო და ამით ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევ. რუსეთი ძალიან უხეშად და ტლანქად მოქმედებს ოცდამეერთე საუკუნის პირობაზე, მაგრამ მოქმედებს გეგმაზომიერად და ჩვენ მივეცით მას ამის საშუალება, დასავლეთის მხრიდან კი სოლიდარობა იმ ზომის და ფორმის არ აღმოჩნდა, რომ ეს შეეკავებინა. რუსეთი ამ საქმეს არ მოეშვება, ისევე, როგორც შეერთებული შტატები, რადგან, თუკი დასავლეთისთვის ცენტრალური აზია გადამწყვეტი არ არის, ეს ორი ერთმანეთს უპირისპირდება და თანამშრომლობს ამ საკითხში. რა გადაწონის: მათი თანამშრომლობა და ვის ხარჯზე, თუ, დაპირისპირება და ისევ ვის ხარჯზე?! თუ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაინც ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ასპარეზი, თუ ითანამშრომლეს, ისევ ჩვენს ხარჯზე გარიგდებიან. ჩვენ კი მხოლოდ იმით ვკმაყოფილდებით, რა საშინელება თქვა პუტინმაო.

– რატომ მხოლოდ ეს, „სანტა კლაუსსაც“ ვეხვეწებით, გაგვამთლიანეო?

– რამდენადაც ვიცი, სანტა კლაუსი რეინტეგრაციის მინისტრი არ არის. ერთი სიტყვით, სერიოზული მდგომარეობა იქმნება, რომელზეც, ჩვენი ხელისუფლებიდან გამომდინარე, არც ჩვენი საზოგადოება რეაგირებს ადეკვატურად. უკეთეს შემთხვევაში, ისმის შეძახილები, რომ ეს საფრთხეა და ხელისუფლებამ აქამდე მიიყვანა საქმე, რაც, მართალია, მაგრამ, არავინ ამბობს, რა უნდა გავაკეთოთ. ჩემი აზრით, უნდა მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია და ეს უკვე ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვამბობთ და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით?! ცხინვალის ყოფილ ოლქში 20 000 ადამიანიც აღარ ცხოვრობს, ესე იგი, ის არის რუსეთის ბაზა და არა რაღაც ტერიტორიული ერთეული, გნებავთ, დამოუკიდებელი, გნებავთ, რუსეთის ან ჩვენს შემადგენლობაში. ბიჭები რუსული კანონებით გაასამართლეს და, იცით, რისთვის? რუსეთის საზღვრის გადალახვისთვის! უნდა განვსაზღვროთ, მორევაზეა საქმე თუ კიდევ რაიმეს ეწევა ანგარიში და ამით ვიხელმძღვანელოთ. ჰააგის სასამართლომ უკან დაგვიბრუნა სარჩელი, იმიტომ რომ საკითხი არასწორად იყო დაყენებული.

– ლამის საბავშვო ბაღის ასაკის ჩინოვნიკებმა შეადგინეს სარჩელი და საკითხს სწორად ვინ დააყენებდა? ვერაფრით დავადგინე, რა საქმიანობაში იღებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე წელიწადში 114 000-ლარიან ხელფასს?

– სერბებმა გაეროში იჩივლეს, რამდენად სამართლებრივი იყო კოსოვოს აღიარებაო და, ფაქტია, რომ სამართლებრივად სწორი არ იყო. ამერიკას მხოლოდ ის შეუძლია, რომ გაწელოს გაეროში გადაწყვეტილების მიღება, თორემ, არაფერი გამოვა, სერბები მართლები იქნებიან. თუ მაინცდამაინც, ამ გზით უნდა გვევლო, პირადად მე რუსეთთან ყველანაირ ფორმას მოვსინჯავდი, თუმცა ამ ხელისუფლებას სხვა მიდგომა აქვს. ერთიც შეიძლება და მეორეც, ოღონდ, მეორე იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთისგან მყარი მხარდაჭერა გვექნებოდა. დააკვირდით ნატოს განცხადებებს: ყველაფერი დამოკიდებულია შიდა დემოკრატიზაციაზე, როგორ ჩატარდება არჩევნები, როგორი იქნება სასამართლოო. ჩვენ გვგონია, რომ ისინი ვალს იხდიან, სინამდვილეში კი ისინი გვეუბნებიან, რამდენადაც გახდები ჩვენნაირი, იმდენად მაიძულებ, დაგიცვაო. მე ეს მგონია გამოსავალი. ხელისუფლებას არ ჰგონია, საზოგადოებას კი ჰგონია, რომ გამოსავალი ხელისუფლების გაშვებაა. არადა, ჩვენი ამოცანაა, გავაზრდევინოთ მხარდაჭერა ცივილიზებულ სამყაროს და ამის ერთადერთი სწრაფი გზაა, გავხდეთ ისეთები, როგორებიც ისინი არიან! ზოგი ამბობს, ჩავბარდეთ რუსეთსო, მეორენი ამბობენ, რუსეთთან კიდევ უფრო გავამწვავოთ ურთიერთობაო, მაგრამ არავინ ამბობს, რა შეიძლება მოჰყვეს ან ერთ, ან მეორე ვარიანტს. ვთქვათ, ჩავბარდით რუსეთს, მოგვცემენ აფხაზეთსა და ცხინვალს?!

– მათთან საუბარი მაფიქრებინებს, რომ არ მოგვცემენ.

– მეც მგონია, რომ არ მოგვცემენ, თორემ მე ვიქნებოდი ამის პირველი მედროშე. ვთქვათ, გავამწვავეთ, თუ ზურგი არ გვექნება, ესეც არ მოიტანს შედეგს. თითქოს პირდაპირ არ არის დაკავშირებული ამ საკითხთან, მაგრამ, ვიმეორებ: ჩვენი საზოგადოების კონსოლიდირება რეალურად დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს აშენებაში, გახდებოდა ამ პრობლების გადაჭრის იარაღი. როგორ უნდა გავხდეთ მომხიბვლელი აფხაზეთისა და ცხინვალისთვის? როგორ უნდა მოვიპოვოთ დასავლეთის უფრო მეტი მხარდაჭერა? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ შტატები არ გვიყურებდეს მხოლოდ როგორც ცენტრალურ აზიაში გავლენის პლაცდარმს და სამხედრო ტვირთის გადაადგილების საშუალებას? რატომ გაგვიბედა რუსეთმა ის, რასაც ვერ გაუბედავდა ჩვენზე მცირე ზომის და სუსტ ბალტიისპირეთის სახელმწიფოსაც კი?! იმიტომ, რომ რუსეთს ბალტიის ქვეყნებისადმი აქვს კომპლექსი, მიუხედავად იმისა, რომ, ისინი ჩვენზე ასი წლით ადრე შეიერთეს, მაგრამ ყოველთვის ევროპული ტიპის სახელმწიფოებად ითვლებოდნენ და ითვლებიან, ამიტომ მათზე თავდასხმა პირდაპირ ევროპაზე თავდასხმად აღიქმებოდა, თორემ ევროპამ, შესაძლოა, არც ისინი დაიცვას სამხედრო ძალით. მოდი, პირდაპირ ვთქვათ: ამ ხელისუფლების შეცდომა იყო, როდესაც ამბობდა, საქართველოში მეხუთე კოლონააო. თბილისთან იყო მოსული ჯარი, რომლის ვითომ მეხუთე კოლონა აქ უნდა ყოფილიყო, მაშინ რატომ არ შემოვიდნენ?! იმიტომ, რომ არ აღმოჩნდა მეხუთე კოლონა. ორივეჯერ, როდესაც შემოვიდნენ, საბაბი ჰქონდათ: 1801 წელს ისინი ემყარებოდნენ არა გეორგიევსკის ტრაქტატს, არამედ გიორგი მეთორმეტის სათხოვარ წერილს; 1921-ში კი, მართლაც, მეხუთე კოლონას, რომელიც აქაც იყო და შემოუძღვა კიდეც. მაგრამ დღეს ეს არ იყო და ხაზგასმით უნდა თქმულიყო. ისინი ორ რამეს მოერიდნენ: სტიქიურ წინააღმდეგობას, რომელიც მათ სამუდამოდ დააკარგვინებდა საქართველოს და, მე როგორც ვიცი, ესეც ყოფილა განხილვის თემა მოსკოვში: იმდენი სისხლი შეიძლება, დაიღვაროს, რომ დამთავრდეს საქართველოზე ლაპარაკიო; მაგრამ, უმთავრესი ის იყო, რომ აქ არ აღმოჩნდა პოლიტიკური ძალა, რომელიც გამოაცხადებდა: ვაშა, რა კარგია, რომ შემოვიდნენო. ეს კარგია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავლაგდეთ ევროპულად, რუსეთს ველაპარაკოთ ევროპული, ცივილიზებული სამყაროს პოზიციებიდან და ასე მოვძებნოთ მასთან საერთო ენა.

– რამ უნდა მოგვანახვინოს ეს საერთო ენა?

– მგონია, რომ ნეიტრალიტეტის თემამ ჩაიარა, სხვა რა ვარიანტი შეიძლება, იყოს? ან ჩაბარდე, ან გაამწვავო, ან არაფერი აკეთო. თუ არაფერს გააკეთებს ხელისუფლება და მხოლოდ იმაზე იფიქრებს, რაც გინდა, მოხდეს, ოღონდ ადგილობრივი არჩევნები მოვიგოო, არაფერი გამოვა. პირდაპირ გვეუბნება დასავლეთი: როგორ მოვიქცევით, იმაზეა დამოკიდებული, როგორ ჩატარდება არჩევნებიო. მეტი რა უნდა თქვას?! ახლა ვერ გიცავ, იმიტომ რომ შენც ძალიან საეჭვო ხარო. თორემ, რას ჰქვია, ვინ გახსნა ცეცხლი პირველად, როდესაც შენს ტერიტორიაზე უცხო ჯარი გადაადგილდება?!

– ჩვენც იმას ვედავებით ჩვენს ხელისუფლებას, თუ შნო არ გქონდა, რას ხსნიდიო?!

– რა თქმა უნდა! არადა, დასავლეთმა პირდაპირ დაგვიწერა, პირველად ცეცხლი შენ გახსენიო, მაგრამ, თვითონ როგორ მოიქცეოდა?! თუმცა, იმიტომ გედავება, რომ შენ ისეთი არ ხარ, რომ ეს არგუმენტი შენს სასარგებლოდ მეტყველებდეს.

– თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტმა თქვა, დასავლური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება იმით გამოიხატება, რომ კონტინგენტს ვზრდით ავღანეთშიო, მაინცდამაინც არ ფიქრობენ არჩევნების ევროპული სტანდარტებით ჩატარებაზე? მეტიც, თურმე, ავღანეთში დემოკრატიის დამყარება ყოფილა ჩვენი მთლიანობის გარანტია?

– ამ ლოგიკას ვერ დავეთანხმები, რადგან ჩვენ არ გვაქვს ამდენი დრო. ლოგიკური იქნებოდა, ეთქვა, თალიბებისნაირი მმართველები ქვეყანას არ უნდა მართავდნენო. მეორე მხრივ, ჩვენ სწორედ ავღანეთში მხარდაჭერისა და ნატოს გამო გვაქვს პრობლემები და ეს საკმარისი უნდა ყოფილიყო დასავლეთისთვის. დალოცვილო, თუ შენ გამო გაჭირვებასა და უბედურებაში ვარ, თუ კბილით მიჭირავს ის ტერიტორია, რომლის გავლითაც აპირებ გავლენის შენარჩუნებას, საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?!

– მაგრამ ეს ვიღაცამ უნდა უთხრას მათ, თვითონ რატომ მოიკლავს თავს?

– მე ვუთხარი, ნატოში შესვლის სურვილი ძალიან ძვირად გვიზის, ან დააჩქარეთ, ოღონდ ეს უნდა იყოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტია, ან გავანებოთ თავი ამაზე ლაპარაკს-მეთქი. თორემ, როცა ამბობ, ნატოს წევრი გახდებაო, რუსი ამაზე შმაგდება. გახდება? მაშინ მე ჩავკეტავ პორტებსო! გახდება? მაშინ პანკისში ტერორისტები არიანო! გახდება? ცხინვალი და აფხაზეთი წავიღე და სხვა რაღაცასაც წავიღებო! სწორედ ცენტრალურ აზიაზეა დამოკიდებული, ვის ექნება ჰეგემონი. ხომ ყველა ესმის, რაზეა ლაპარაკი? ჩვენი გავლით არსებობს ვიწრო, მაგრამ რუსეთის პარალელური გზა. ამ გზის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი ჩვენ გვიჭირავს, რადგან შავ ზღვაზე გავდივართ. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, ისინი ნათლად გვეუბნებიან: უნდა გახდე ისეთი ქვეყანა, რაც ჩვენს რეკომენდაციებში წერია, ეს კი გამოჩნდება არჩევნებზეო. რუმინეთში ერთი პროცენტითაც ვერა, მაგრამ მოიგო ოპოზიციონერმა კანდიდატმა, ამიტომაც არის რუმინეთი ნატოს წევრი, თორემ სხვა პარამეტრებით მძიმე შედეგები აქვს. თუ ვლაპარაკობთ, რომ რუსეთში მონოპოლიზებულია მასმედია, მაშინ მოვხსნათ ეს პრობლემა ჩვენთან.

– მაშინ ისინი სკამებს დაკარგავენ?

– რამდენჯერ უნდა ვნახოთ, რომ მხოლოდ სკამის შენარჩუნება სკამს ვერ ინარჩუნებს?! სკამს ინარჩუნებს ის, ვინც ფიქრობდა, რომ ხან ზიხარ და ხან დგები. მუდმივად არც ჯდომა შეიძლება, არც დგომა და არც წოლა. ვინც ჯდება და დგება, აი, იმისია სკამი. ვინც სულ ზის ავტობუსში, იმას, ბოლოს, მთელი ავტობუსი იკრიბება და ხან მუშტი-კრივით, ხან მიწოლით, ხან სროლით, აგდებს. უარესია, თუ საჭეს უზის და ცუდად დაჰყავს – ამ შემთხვევაში ულაპარაკოდ აგდებენ. აბა, ხან ადექი, ხან დაჯექი, ვერც კი შეგნიშნავენ. შესაძლოა, ეს მეტაფორა მაინცდამაინც არ გამოდგეს, მაგრამ, ფაქტია, სკამისთვის ბრძოლას შედეგი არავისთვის მოუტანია. არის მეორე უკიდურესობაც: ოღონდ ესენი მოვიშოროთ და, რაც გინდა, იყოსო. ესეც უშედეგოა. დავაკვირდეთ, რუსეთსა და ამერიკას, მიუხედავად მწვავე დაპირისპირებისა, ერთმანეთთან არასდროს უომიათ, მუდმივად სხვისი ხელით ომობენ და მაინცდამაინც ჩვენ უნდა ვიყოთ სულ ამ როლში?!


скачать dle 11.3