კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოუწოდებდა ახალგაზრდებს არენბის ვარსკვლავი ალეშა დიქსონი პრეზერვატივების ყიდვას და რის გამო გადაუხადა მას მადლობა პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა

არცთუ ხანმოკლე კარიერის განმავლობაში ამ ბრიტანელმა ლამაზმანმა მოასწრო მომღერლობაც, მოდელობაც, ტელეწამყვანობა და ცეკვის დედოფლის სტატუსის დაუფლებაც კი. დღესდღეობით ალეშა დიქსონი რიტმ ენდ ბლუზის ნამდვილ ვარსკვლავად ითვლება, რომელსაც პოპულარობა ერთმა მუსიკალურმა კლიპმა მოუტანა. ჰიტი „ბიჭი არაფერს აკეთებს“ იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს საცეკვაო მოედნებზე, რომ მისი სექსუალური შემსრულებელი ვარსკვლავად აქცია. არადა, ალეშა დიქსონი სულაც არ ითვლება დებიუტანტად მუსიკალურ სამყაროში, რამდენიმე წლის წინ ის წარმატებული ბრიტანული რიტმ ენდ ბლუზ-ჯგუფის „მის-ტიქის“ წევრი იყო, მაგრამ ნამდვილი აღიარება მას სოლო-კარიერამ მოუტანა.

ალეშა ანჟანეტა დიქსონი ბრიტანულ ქალაქ ველვინ გარდენ სითიში, ინგლისელი დედისა და იამაიკელი მამის ოჯახში, 1978 წელს დაიბადა. ოჯახში ალეშა მეშვიდე შვილი იყო, მას ხუთი ნახევარძმა და ერთი ნახევარდა ჰყავს. ბავშვობაში ალეშა დიდ დროს ატარებდა ქუჩის მოცეკვავეებთან და სიყვარული მუსიკისა და ცეკვის მიმართ მათგან ჩამოუყალიბდა. მშობლიური ქალაქის სკოლის დამთავრების შემდეგ, ალეშა, რომელიც ბავშვობაში ფიზკულტურის მასწავლებლობაზე ოცნებობდა, ლონდონში გაემგზავრა და ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო სკოლა „დანს ატიკში“ განაგრძო სწავლა. საცეკვაო სკოლაში ალეშამ საბრინა ვაშინგტონი გაიცნო და ორივემ ერთად გადაწყვიტა დუეტის ჩამოყალიბება, რადგან ცეკვის გარდა მათ საკმაოდ კარგი ვოკალური მონაცემებიც ჰქონდათ. მოგვიანებით, ალეშას და საბრინას კიდევ ერთი ვოკალისტი, სუ-ელის ნეში შეუერთდა. იმ პერიოდში გოგონები დემო-ალბომზე მუშაობდნენ და სულ მალე მათი ჩანაწერები ლონდონურმა ხმისჩამწერმა სტუდია „ტელსტარ რეკორდსმა“ შეამჩნია, რომელმაც დამწყებ მუსიკოსებს კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. მოგვიანებით მათ კიდევ ერთი წევრი ზენა მაკნეილი დაემატათ და ასე ჩამოყალიბდა ბრიტანული არენბი გერლს-ბენდი „მის-ტიქი“. ჯგუფის პირველი ალბომი 2001 წელს გამოიცა, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოჰყოლია. მათი ყველაზე ცნობილი სინგლი, რომელიც ბრიტანულ ჩარტებში ხშირად ტრიალებდა იყო „სკანდალოუს“, ამასთან ერთად 2002 წელს „მის-ტიქი“ ნომინირებულ იქნა „ბრიტ ევორდსის“ ჯილდოზე. ჯგუფთან მუშაობის პარალელურად ალეშა სხვა პროექტებითაც იყო დაკავებული. ის მონაწილეობს სხვადასხვა შემსრულებელთა კლიპებში. ერთ-ერთი ასეთი კლიპი ჰიპ-ჰოპ ჯგუფ „ნერდს“ ეკუთვნოდა, სადაც ალეშამ მთავარი გმირი განასახიერა.

2005 წელს „მის-ტიქი“ დაიშალა და ბოლო სიმღერა, რომელიც ალეშამ ჯგუფის შემადგენლობაში ჩაწერა, დისნეის ანიმაციურ ფილმში „ვალიანტის“ საუნდთრეკში შევიდა. იმავე წელს ალეშა დიქსონმა 500 ათასი ფუნტის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა „პოლიდორ რეკორდსთან“, რომლებმაც თავის თავზე აიღეს ალეშას სამი სოლო-ალბომის ჩაწერა და გავრცელება. 2006 წელს გამოვიდა ალეშა დიქსონის სადებიუტო ალბომი „ფაირედ აფ“, რომელიც თბილად მიიღო ინგლისელმა მსმენელმა, ხოლო რამდენიმე სიმღერა ალბომიდან ბრიტანულ ტოპ-ჩარტებშიც კი მოხვდა.

2008 წელს ალეშამ გაწყვიტა კონტრაქტი „პოლიდორ რეკორდსთან“ და ხელშეკრულება გააფორმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ხმისჩამწერ სტუდიასთან „ასილუმ რეკორდსთან“. იმავე წელს გამოვიდა ალეშას რიგით მეორე სტუდიური ალბომი „ზი ალეშას შოუ“, რომელიც წინაზე წარმატებული გამოდგა, ხოლო სიმღერა ამ ალბომიდან „ბიჭი არაფერს აკეთებს“ საერთაშორისო დონის ჰიტად გადაიქცა. ალბომის გამოსვლას მუსიკოსმა დაამთხვია საკუთარი ვებგვერდის განახლება და გახსნა ბლოგი (ვებ-დღიური), რომლის მეშვეობითაც ალეშა პირადად ეკონტაქტება თავის მსმენელებს. სწორედ მისი ბლოგის მეშვეობით საზოგადოება გაეცნო საინტერესო რეპორტაჟს ტანზანიიდან. საქველმოქმედო ორგანიზაცია „ქომიკ რელიეფის“ მიერ ორგანიზებულ კილიმანჯაროს მთის დალაშქვრაში მონაწილეობა მიიღეს: პოპულარული „გელს ელაუდის“ წევრებმა შერილ ქოულმა და ქიმბერლი უოლშმა, გარი ბარლოუმ, რონან ქიტინგმა, დენის ვან ოუტონმა და ალეშა დიქსონმა. ამ საქველმოქმედო აქციის განმავლობაში მუსიკოსებმა ერთი მილიონი ფუნტი სტერლინგის მობილიზება მოახერხეს და ეს თანხა მთლიანად მოხმარდა ტანზანიაში მალარიასთან ბრძოლას. კილიმანჯაროს დალაშქვრის შემდეგ მუსიკოსები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დაუნინგ სთრითზე მიიღო და პირადად გადაუხადა მადლობა ასეთი თავგანწირული ქმედებისთვის. 2009 წლის შემოდგომაზე დაგეგმილია ალეშას მსოფლიო ტურნეს დაწყება, ამასთან ერთად მუსიკოსი აპირებს მონაწილეობა მიიღოს ენრიკე ეგლესიასის კონცერტებში, რომლებიც წლის ბოლოს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უნდა გაიმართოს.

მუსიკისა და ქველმოქმედების გარდა, ალეშა სამოდელო და სატელევიზიო საქმიანობითაც არის დაკავებული. მუსიკოსი რეკლამირებას უწევდა ავტომობილ „ფორდ ფოკუსის“ ახალ მოდელს. ასევე, უსაფრთხო სექსის მოწოდებებით გამოდიოდა ტელევიზიით და ახალაგაზრდებს პრეზერვატივების მოხმარებას ურჩევდა. გარდა ამისა, მისი ხილვა შესაძლებელი იყო პრიალა ჟურნალების – „კოსმოპოლიტენის“, „არენას“, „ეფეიჩემის“ და „ბლისის“ გარეკანებზე. 2008 წელს ალეშა დიქსონმა გაიმარჯვა გამოკითხვაში „ბრიტანეთის ყველაზე სექსუალური ფეხები“ და აჯობა ისეთ კონკურსანტებს, როგორებიც არიან: ქეით მოსი, ნაომი ქემპბელი და შერილ ქოული. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ 2009 წლის სექტემბრიდან ბრიტანეთის ტელევიზიით გავა შოუ „სთრიქლი ქამ დენსინგ“, რომელსაც წაიყვანს ალეშა დიქსონი. რაც შეეხება მუსიკოსის პირად ცხოვრებას, 2005 წელს ალეშა ცოლად გაჰყვა ჯგუფ „სოუ სოლიდ ქრიუს“ წევრს, ემსი ჰარვის, მაგრამ ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ამჟამად მუსიკოსი მარტო ცხოვრობს თავის ორ, კოლის ჯიშის ძაღლთან. თუმცა, ბრიტანულ პრესაში მუსირებს ჭორი, რომ ალეშას რომანი აქვს საფეხბურთო კლუბ „ასტონ ვილას“ ფეხბურთელთან, ნორვეგიელ ჯონ კარეუსთან. კარეუ ამჟამად ტრავმას იშუშებს და როგორც ინგლისური ტაბლოიდები იუწყებიან, პოპულარული მომღერალი და გიგანტური აღნაგობის ფეხბურთელი თავისუფალ დროს მუდმივად ერთად ატარებენ.



უშანგი რუხაძ


скачать dle 11.3