კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

ვინ იყო ქართველი თავადი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ნდობით სარგებლობდა და რა ამჯობინა მან თავადის ტიტულს


ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქართველები აქტიურად მოღვაწეობდნენ და მათ დიდი კვალი დატოვეს როგორც ამ ქვეყნის, ასევე იქაური ქართული სათვისტომოსა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მათ შორის იყო ცნობილი პაინისტი და „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის პირველი დირექტორი, ერეკლე ორბელიანი, რომლის შესახებ გვესაუბრება ისტორიკსი რუსუდან დაუშვილი:


– 1801 წელს ბატონიშვილთა ერთი ჯგუფი – იოანე, ბაგრატი და მიხეილი ალექსანდრე პირველის მეფედ კურთხევის ცერემონიალზე მიიწვიეს პეტერბურგში. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების მანიფესტის გამოქვეყნების შემდეგ ისინი აღარ გამოუშვეს სამშობლოში. იქიდან მოყოლებული, ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენლები ძალდატანებით არაერთხელ გადაუსახლებიათ საქართველოდან. მხოლოდ რამდენიმემ მოახერხა სამშობლოში დარჩენა. მათ შორის იყო ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟი, თავისი დიდი პაპის – ერეკლე მეორის მოსახელე, ერეკლე ბატონიშვილი. მასზე და მის ოჯახზე არაერთი სტატია დაიბეჭდა – „გადაკარგული უფლისწული“, „ელისაბედ ორბელიანი – ტახტდაკარგული სიძე“. ერეკლე ბატონიშვილი, მისი მეუღლე და ქალიშვილი მშობლიურ მიწაში განისვენებენ, მისმა მოსახელე შვილიშვილმა, ერეკლე ორბელიანმა კი დიდი პაპის – ალექსანდრე ბატონიშვილის ბედი გაიზიარა და ემიგრაციაში გარდაიცვალა.

– რას საქმიანობდნენ ერეკლე ორბელიანის მშობლები?

– ერეკლე ორბელიანი დაიბადა 1901 წლის ნოემბერში, თბილისში. მამა, მამუკა ჯამბაკურ-ორბელიანი, ბორჩალოს მიწის მფლობელი, მდიდარი მემამულე, მეფის არმიის ოფიცერი, „ქართული დრუჟინის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, დიდი პატრიოტი იყო, ყველგან ჩოხით დადიოდა. დედა – ელისაბედ ბაგრატიონი (1870-1942 წლები), ერეკლე ბატონიშვილისა და თამარ ჭავჭავაძის უფროსი ქალიშვილი იყო, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, „საზანდარის“ ფსევდონიმით ცნობილი, „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულად მთარგმნელი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს ორი გაზეთის: ფრანგული „ჟორჟი ინდეპედენტისა“ და ინგლისური „ჯორჯიან მესენჯერის“ დამაარსებელი და რედაქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ კი, ფრანგული კათედრის პროფესორი იყო. მან სოლომონ იორდანიშვილთან ერთად შექმნა ფრანგული ენის სახელმძღვანელო. მშობლებმა უფროს ვაჟს სახელგანთქმული სარდლის – თამაზ ორბელიანის სახელი დაარქვეს, უმცროსს კი პაპის – ერეკლესი.

ორბელიანთა ოჯახისა და უფროსი ვაჟის შესახებ თავის მოგონებებში მოგვითხრობს თამაზის თანაკლასელი თავადაზნაურთა გიმნაზიიდან, მიხეილ დადიანი, რომელიც ემიგრაციაში, ჟურნალ „კავკასიონში“ დაიბეჭდა. ასევე, მათი თანაკლასელები ყოფილან შემდგომ ემიგრაციაში წასული ახალგაზრდები: ბერეჟიანი, თოხაძე, ჯორჯაძე, ჯინჭარაძე, მზარეულიშვილი, ძმები – ფაშალიშვილები და ანდრონიკაშვილები, ვაჩნაძეები და გედევანიშვილი. თამაზი ემიგრაციაში არ წასულა. როგორც ევროპული ენების კარგი მცოდნე, ინგლისელებთან მუშაობდა თარჯიმნად და მერე უკვალოდ გამქრალა.

– როდის გაემგზავრა ერეკლე ორბელიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში?

– ძმის მსგავსად, ერეკლემაც კარგად იცოდა ენები, ამასთან, მან ბავშვობიდანავე გამოამჟღავნა მუსიკის დიდი ნიჭი. თბილისში ქართული გიმნაზიისა და კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ გერმანიაში განაგრძო სწავლა. ერთი წლის მერე კი, როგორც პიანისტი, უკვე კონცერტებით გამოდიოდა ჯერ გერმანიაში, შემდეგ – საფრანგეთსა და იტალიაში. ევროპის მერე კონცერტებით მოიარა ამერიკის შეერთებული შტატები და ლათინური ამერიკის ქალაქები. გამოდიოდა იტალიელ ჯოლისთან ერთად. ყველგან დიდი წარმატება და პრესის კარგი გამოხმაურება ჰქონდა. საქართველოს ოკუპაციის დროს ერეკლე ერთ-ერთ ტურნეში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. 1924 წლიდან პარიზში ცხოვრობდა და კონცერტებს მართავდა, 1930 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა და 1931 წლის ბოლოს სამი კონცერტი გამართა: პირველი – 12 ნოემბერს „ასტორ გალერეაში“, რომელსაც პრესა ძალიან კარგად გამოეხმაურა; მეორე კონცერტის შემდეგ კი „ნიუ-იორკ ჰერალდ ტრიბუნი“ წერდა, რომ მსმენელები გულით ესალმებოდნენ „ყოფილ ქართველ თავადს, რომელმაც ტიტულს მუსიკოსობა ამჯობინა“. მესამე კონცერტი 4 დეკემბერს სტენვეის ხალხით სავსე დარბაზში ჩატარდა. ამ კონცერტით დაიწყო ერეკლე ორბელიანის წარმატებული საშემსრულებლო კარიერა. სერგეი რახმანინოვი, რომელიც ოჯახის მეგობარი და თამარ გრუზინსკის სალონის ხშირი სტუმარი იყო, ამბობდა, ჩემ შემდეგ ჩემს ნაწარმოებებს ყველაზე უკეთ ირაკლი ორბელიანი ასრულებსო. საკონცერტო-საშემსრულებლო მოღვაწეობის გარდა, ის ასევე წერდა მუსიკას, რომანსებს ემიგრანტი პოეტების – შალვა ამირეჯიბისა და სიმონ ბერეჟიანის ლექსებზე და ხშირად თვითონვე ასრულებდა. მაგრამ, სუსტი ჯანმრთელობის გამო, მუსიკალური კარიერა ვეღარ გააგრძელა.

– გარდა მუსიკალური კარიერისა, კიდევ რას საქმიანობდა ერეკლე ორბელიანი?

– 1920-1930 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა, ამიტომ, როგორც დიდი პატრიოტი, ერეკლე ორბელიანი თავიდანვე ჩაება ქართული კოლონიის საქმიანობაში. ის იყო ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და, 1936-1939 და 1944-1945 წლებში ორჯერ აირჩიეს მის ხელმძღვანელად. იგი აქტიურად მოღვაწეობდა სათვისტომოს ცხოვრებაში, ქართველების პრობლემების მოგვარებაში, რითიც ამერიკელ ქართველთა დიდი პატივისცემა და ამერიკის ადმინისტრაციის ნდობა დაიმსახურა. როგორც პიანისტი და კომპოზიტორი, ასევე აქტიურად მონაწილეობდა ქართულ ღონისძიებებში. ამერიკელი ქართველები საქართველოს დამოუკიდებლობისა და წმიდა ნინოს ხსენების დღეს შინაურულად აღნიშნავდნენ ხოლმე. 1935 წლიდან კი ზეიმს ოფიციალური სახე მისცეს და უცხოელებსაც იწვევდნენ, საკონცერტო ნაწილში კი დიდი ენთუზიაზმით ყოველთვის მონაწილეობდა ერეკლე ორბელიანი. 1941 წელს ის სან-ფრანცისკოში მერი ლი მაკნაიტზე დაქორწინდა, მაგრამ 1945 წელს ისე გაშორდა, რომ მემკვიდრე არ დარჩენია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკაში ქართველების რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. რუსეთის დამარცხებისა და საქართველოს გათავისუფლების იმედის გაცრუების შემდეგ საჭირო იყო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს საკითხს დააყენებდა როგორც ამერიკის საზოგადოების, ისე ადმინისტრაციის წინაშე. ამ მიზნით, 1950 წლის 20 ნოემბერს, ერეკლე ორბელიანის ბინაზე შეკრებილმა თეიმურაზ ბაგრატიონმა, ლეო დუმბაძემ და პავლე კვარაცხელიამ დააარსეს „ქართველ-ამერიკელთა ლიგა“, რომელმაც მემორანდუმი გაუგზავნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ყველა ქართველს მიმართა მოწოდებით: „ჩვენი ერის ინტერესების აუცილებლობა მოითხოვს, ამ გადამწყვეტ მომენტში აქ ისმოდეს საქართველოს ხმა“ – წერდა ლიგა ჟურნალში „ბედი ქართლისას“ ¹9-ში მოთავსებულ განცხადებაში. ლიგამ პრესკონფერენციაც ჩაატარა, თუმცა გამგეობის შეცვლის შემდეგ აქტიური ურთიერთობა ამერიკის ოფიციალურ წრეებთან აღარ ჰქონია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეთა შორის ურთიერთობის გაცივებისა და „ცივი ომის“ პირობებში, საქართველოს საკითხის წამოწევასა და მსოფლიოს საზოგადოების წინაშე მის დაყენებაში უდიდესი როლი ითამაშა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებით, რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ რედაქციაში ქართულ ენაზე მაუწყებლობის დაწყებამ. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესასრულებლად საჭირო იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველთა შორის შესაფერისი ინტელექტუალური ძალების შეკრება, რომლებიც საქმეს სათანადოდ გაუძღვებოდნენ. ხელისუფლებამ ყურადღება შეაჩერა ერეკლე ორბელიანზე, რომელსაც ამერიკის საზოგადოება უკვე კარგად იცნობდა, როგორც ცნობილ მუსიკოსს, განათლებულ ადამიანს, ევროპული ენების კარგ მცოდნეს, ქართული სათვისტომოს აქტიურ წევრსა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლს. ამიტომ მას მიანდეს „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მოწყობა და კადრებით დაკომპლექტება. ოთხი თვის შემდეგ, 1951 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, დინ აჩენსონმა, ამერიკის მთავრობის სახელით ქართველ ხალხს მოულოცა დამოუკიდებლობის დღე. 1952 წლის ოქტომბერში ქართულს სხვა განყოფილებებიც შეუერთდნენ: სომხური, აზერბაიჯანული, უკრაინული, თურქესტანული და მას „საბჭოთა კავშირის სექცია უწოდეს“, მის ხელმძღვანელად კი ერეკლე ორბელიანი დანიშნეს. სამწუხაროდ, მას დიდხანს არ მოუწია გაერთიანებული რედაქციის ხელმძღვანელობა – ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 53 წლის, 1954 წლის 31 მარტს გარდაიცვალა ლეიკემიით, დაკრძალულია ნიუ-იორკში.


скачать dle 11.3