კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რატომ დაინდო ქსნის ხეობაში ჩასაფრებულმა გიორგი სააკაძემ როსტომ ხანი და რით დაუფასა ამ უკანასკნელმა ეს ნაბიჯი დიდი მოურავის შთამომავლებს


როსტომ ხანი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოლიტიკური მოღვაწეა საქართველოს ისტორიაში. ისტორიკოსები სხვადასხვაგვარად ახასიათებენ ამ პიროვნებას, თუმცა ერთ საკითხში მათ მუდამ ერთი აზრი აქვთ. ყოველი მათგანი აღიარებს, რომ როსტომ ხანი, იგივე ხოსრო მირზა, ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. ისტორიკოსი გოჩა საითიძე აღნიშნავს, რომ ამ კაცში ერთად იყო თავმოყრილი ქართულ-ირანული ეშმაკობა და გამჭრიახობა. ბატონი გოჩა დღეს ჩვენი რესპონდენტია.


გოჩა საითიძე: როსტომ ხანი მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოსა და მეჩვიდმეტე საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი საინტერესო სახეა საქართველოს ისტორიაში. ეს მუსლიმი ქართველი მეფე ჩემში იწვევს ორმაგ ასოციაციას: ერთი მხრივ – დადებითს და მეორე მხრივ – უარყოფითს.

– მისი მმართველობიდან რას აფასებთ დადებითად?

– დადებითი არის ის, რომ, განსხვავებით მის პერიოდში მოღვაწე სხვა ქართველი მეფეებისგან, როსტომ ხანმა დაალაგა ქვეყანა, დაამშვიდა, ეკონომიკურად მოამძლავრა. რადგან როსტომი თვითონ ითვლებოდა ირანის მოხელედ, მისი მმართველობის ხანაში ირანელების შემოსევები ქართლში შეწყდა, ხალხი მოძლიერდა, სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, შენდებოდა ქარვასლები, გზები, ხიდები. როსტომ ხანის აშენებულია ცნობილი „წითელი ხიდი“, რომელიც დღესაც არსებობს, ფუნქციონირებს და იმავე სახელით მოიხსენიება.

– ცუდი რაღა იყო როსტომ ხანის მმართველობის ხანაში?

– როსტომ ხანის მეფობის ხანაში ჩვენმა ქვეყანამ ძალიან სწრაფად დაიწყო გადასვლა ირანულ ყაიდაზე. ქართველებმა ლამის ქართული ენა დაივიწყეს. ყველაფერი შემოვიდა ირანული. მეფის მიბაძვით, ძალიან ბევრი ადამიანი მაჰმადიანდებოდა. რაც ირანელებმა და მათმა შაჰებმა ვერ შეძლეს საქართველოში განეხორციელებინათ მახვილითა და ცეცხლით, ის როსტომმა თავისი რბილი პოლიტიკით უფრო იოლად მოახერხა. ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ქართველი ხალხი, იკარგებოდა ქართული ტრადიციები. ამ ყველაფრით ვხსნი ჩემს ორმაგ დამოკიდებულებას როსტომ ხანის მიმართ.

– როსტომ ხანის წარმოშობის შესახებ რა არის ცნობილი?

– როსტომ ხანი ბაგრატიონია. დიდი ქართველი მეფე, სვიმონ პირველი, როსტომის ალალი ბიძაა, რომელიც მთელი მოღვაწეობის განმავლობაში ჯერ ირანელებს ებრძოდა, შემდეგ – ოსმალებს; შეინარჩუნა სარწმუნოება, ქართველობა. სვიმონის ძმა იყო როსტომ ხანის მამა, დავით მეთერთმეტე (დაუდ ხანი), რომელიც არაფრით ჰგავდა თავის ძმას. ის ირანელებმა გადაიბირეს. დაუდ ხანი საკუთარი ნებით ეახლა შაჰს და გამაჰმადიანდა და, როდესაც ის ებრძოდა სვიმონს, იმ პერიოდშია დაბადებული როსტომი – დაახლოებით 1565 წლისთვის. სხვათა შორის, როსტომი, როდესაც საქართველოს ტახტზე ადის, უკვე 70 წელსაა მიტანებული. თუმცა, იგი სწორედ ირანში დაიბადა, აღიზარდა და ძალიან წარმატებულ კარიერასაც მიაღწია.

– ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მისი მენტალიტეტი, ფაქტობრივად, იყო არაქართული.

– რა თქმა უნდა. როსტომი დაუდ ხანის უკანონო შვილია. დედა წავკისელი გლეხის ქალი ყოფილა, რომლის არც სახელი ვიცით, არც გვარი. როსტომ ხანის ნამდვილი სახელია ხოსრო, როსტომი მან მოგვიანებით დაიქვა. „მირზა“ ირანულად ნიშნავს „უფლისწულს“, ანუ – უფლისწული ხოსრო, ქაიხოსრო. მოგვიანებით ის ირქმევს ირანელების დიდებული გმირის – რუსტამის, როსტომის სახელს. როსტომი დედასთან ერთად იზრდება ირანში. მას არავინ აქცევს ყურადღებას, არის უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ის კი არ ცხოვრობს, არამედ, მხოლოდ არსებობს. ასეთი მდგომარეობიდან ხოსრო მირზა გამოიყვანა ბედნიერმა შემთხვევამ: 1612 წელს ირანში აღმოჩნდა საქართველოდან გაქცეული გიორგი სააკაძე და მან იპოვა როსტომი, უპატრონოდ მიგდებული ბაგრატიონი.

– შემთხვევით?

– არა. გიორგი სააკაძემ რამდენიმე წელიწადში შაჰის კარზე დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. ამ დროს მას უკვე სიტყვა ეთქმის ირანის პირველ პირთან და, დღევანდელი ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, მან გაუწია შაჰთან პროტექცია როსტომს. ბევრგან წერია, რომ ეს საქციელი გიორგიმ თავისი კეთილი გულის გამო გააკეთაო, თუმცა მე ამის არ მჯერა. ჩემი აზრით, გიორგის სულ სხვა მოტივი ამოძრავებდა. მან ამ საქციელით დაიახლოვა ბაგრატიონი, რომელიც, შესაძლოა, გამოსდგომოდა და გამხდარიყო ლუარსაბ მეფის ალტერნატივა მომავალში. გიორგი სააკაძემ როსტომ ხანში ლუარსაბ მეორის კონკურენტი დაინახა და ამიტომაც, ძალიან მალე, როსტომი სააკაძის ბანაკში გაერთიანდა. სხვათა შორის, სწორედ გიორგი სააკაძის დიდი მეცადინეობითა და მონდომებით დაინიშნა როსტომი, არც მეტი, არც ნაკლები, ირანის დედაქალაქის – ისპაჰანის ტარუღად, ანუ მერად, რაც, დამეთანხმებით, პატარა თანამდებობა არ არის. თუმცა, მოგვიანებით ის კიდევ უფრო წინაურდება შაჰის კარზე. გარკვეულ პერიოდამდე როსტომს საქართველოსთან უშუალო შეხება არ ჰქონია. ის ქართლში მოხვდა 1625 წელს, სადაც ისევ გიორგი სააკაძე ფიგურირებს. ეს იყო მარტყოფის აჯანყება, შემდეგ – მარაბდის ბრძოლა. შაჰ აბასს ჰყავდა 120-ათასიანი არმია და სააკაძემ მას დაახლოებით 60 ათასი მებრძოლი გაუწყვიტა. გიორგი სააკაძე ქსნის ხეობაში ჩაუსაფრდა შაჰის ლაშქარს, გაწყვიტა 12 ათასი მეომარი, ცოცხალი მხოლოდ ხოსრო მირზა და მისი რამდენიმე თანმხლები გადარჩა.

– ეს არ იყო შემთხვევითობა?

– წყაროში წერია, რომ როსტომი მამაცურად იბრძოდა და მტრის ლაშქარი გაარღვიაო, მაგრამ, მე რომ მკითხოთ, ვერაფერსაც ვერ გაარღვევდა, თვითონ გიორგი სააკაძეს რომ არ მოესურვებინა თავისი მეგობრის დანდობა. ცხადია, მან ის გაუშვა. სხვათა შორის, ეს ურთიერთობა მოგვიანებით ძალიან დაუფასა როსტომ ხანმა გიორგი სააკაძის შთამომავლებს.

შაჰ აბასის გარდაცვალების შემდეგ, 1629 წელს, ირანის ტახტზე ადის შაჰის შვილიშვილი სეფი პირველი, რომელიც, ფაქტობრივად, როსტომის გაზრდილია და მას შაჰი „მამას“ ეძახის. ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხოსრო მირზა განაგებს ირანს.

– ქართლის ტახტზე როგორ მოდის როსტომი, ანუ ხოსრო მირზა?

– ამ პერიოდისთვის ქართლ-კახეთის მეფე არის თეიმურაზ პირველი, რომელიც, იმის ნაცვლად, რომ ფრთხილი პოლიტიკა ეწარმოებინა, ადგა და ღიად დაუპირისპირდა სეფი პირველს. 1632 წელს თეიმურაზმა დაარბია შაჰის სამფლობელო – განჯა-ყარაბახი. როსტომს სულ უნდოდა ქართლის ტახტის ხელში ჩაგდება და თეიმურაზ პირველის ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი ამისათვის კარგად გამოიყენა. მან აამხედრა სეფი პირველი თეიმურაზ პირველის, ანუ საკუთარი ვასალის წინააღმდეგ. შედეგად, შაჰ სეფიმ ჩამოართვა თეიმურაზს ქართლის მეფობა და 1632 წლის ბოლოსათვის ქართლის ტახტზე დაჯდა ხოსრო მირზა, როსტომ ხანად წოდებული. აქედან მოყოლებული, იგი 26 წლის განმავლობაში მართავს ქართლს. როსტომმა იქორწინა სამეგრელოს მთავრის – ლევან მეორე დადიანის დაზე, მარიამ დედოფალზე. მარიამი მასთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდა გახლდათ, ამ პერიოდისათვის როსტომ ხანი 68 წლის იყო. პატრიოტსა და დიდ მამულიშვილს, მარიამ დედოფალს, როსტომი არ უშლის ხელს ქართული საქმეების კეთებაში. მარიამის ბრძანებით, გადაიწერა „ქართლის ცხოვრება“, მისი ძალისხმევით გადაურჩა განადგურებას სვეტიცხოველი და მარიამ დედოფლის პატივსაცემად დახატეს სვეტიცხოველში მისი ფრესკა, სადაც იგი ვაჟიშვილ ოტიასთან ერთადაა გამოსახული. ოტია მარიამს პირველი ქორწინებიდან – სვიმონ გურიელისგან, ჰყავდა, რომელიც ლევან დადიანმა მოაკვლევინა და მანვე გაათხოვა იგი მუსლიმან როსტომზე. ეს იყო წმინდა პოლიტიკური ნაბიჯი ლევან დადიანის მხრიდან.

როსტომ ხანის მმართველობიდან მოყოლებული, 113 წლის განმავლობაში, ქართლსა და კახეთში გამეფება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ პირობით, თუ მეფობის კანდიდატი გამაჰმადიანდებოდა. ასე გაგრძელდა თეიმურაზ მეორემდე და ერეკლე მეორემდე, როდესაც ამ უკანასკნელებმა შეძლეს შაჰის ვასალობიდან გამოსვლა.

– როსტომ ხანის მთელი მმართველობა კახეთის მეფე თეიმურაზ პირველთან ქიშპობის ფონზე მიმდინარეობს.

– ქართულ-ირანული ეშმაკობა ერთად გაერთიანდა როსტომ ხანში. ის გარეგნულად ძალიან კეთილშობილ პიროვნებას თამაშობს. როდესაც როსტომი ჩამოვიდა ქართლში სამეფოდ, თეიმურაზმა კახეთიც დაკარგა და დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. ამის შემდეგ მალე თეიმურაზმა კახეთის სამეფო ტახტის დაბრუნება მოახერხა, თუმცა მას როსტომისთვის ქართლის წართმევაც სურდა. თეიმურაზი გამუდმებით ესხმოდა თავს როსტომს, რამდენჯერმე მისი ინიციატივით აჯანყებაც მოეწყო ქართლის მეფის წინააღმდეგ. როსტომი 1648 წელს შეესია კახეთს, დაარბია და შემოიერთა, თეიმურაზი კი იმერეთში განდევნა, საიდანაც ცდილობდა იგი, დაებრუნებინა ქართლ-კახეთი. აქვე მინდა გიამბოთ ერთი პატარა ეპიზოდი, რომელიც ძალიან საინტერესოა და როსტომის გამჭრიახობაზეც მიუთითებს: როდესაც იგი კახეთში შეიჭრა, თეიმურაზს ყველა გასაქცევი გზა მოეჭრა და უკვე განწირული იყო ტყვედ ჩასავარდნად. ასეთ ვითარებაში თეიმურაზის მეუღლე შეწყალებისა და გზის გახსნის თხოვნით მივიდა როსტომთან.

– რა უპასუხა როსტომ ხანმა?

– წყაროში წერია: როსტომი კეთილი იყო, შეიწყალა, გაატარა იმერეთისკენ თეიმურაზი და არ დასაჯაო. თუმცა, აქ კეთილშობილება არაფერ შუაშია. როსტომი ცბიერი და გამჭრიახი დიპლომატია. მართალია, ის ირანის კაცია და ყველაფერს თითქოს ირანისთვის აკეთებს, თუმცა, მეორე მხრივ, მან გათვალა, რომ, სანამ თეიმურაზი მას ებრძვის და წინააღმდეგობას უწევს, მანამ ირანის შაჰის თვალში მისი, როსტომის, ფასი მეტია. თეიმურაზი თუ აღარ იქნებოდა, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს, როსტომისთვის ეთქვა შაჰს, შენ რაღად მინდიხარო. ამიტომაც გაუშვა როსტომმა თეიმურაზი.


скачать dle 11.3