კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასარგებლო „ვირუსი“


როგორც ყოველთვის, მე და ჩემი მეწყვილე შემოვლას ვამთავრებდით, ბოლო სადარბაზო გვქონდა დარჩენილი. ერთი კი ვთქვით, დილით დავუაროთ დანარჩენსო, მაგრამ, როცა „რეესტრში“ ჩავხედე, ისედაც ბევრი მყავდა სანახავი და გადავწყვიტეთ, საქმე გაგვეგრძელებინა. მეცხრე სართულზე ქალი დაგვხვდა. გარეთ გვკითხა, გაზიდან ხართო? ჩვენც, კიო, მივუგეთ. იმ წამს სახლში შეგვიყვანა და დაიწყო: რა ვქნა, შვილებო, ამ ჩემი უვარგისი მეზობლის გამო გაზი ვერ შემყავს. ჩემ დაბლა მილი გადაჭრილია. აქ არავინ ცხოვრობდა და ამიტომაც მოჭრეს. 2 წელია, რაც გადმოვედი. ერთხელ წყალი ჩავუშვი და იმის შემდეგ ურთიერთობა აგვერია. ვინ არ მოვიყვანე, ათასი განცხადება დავწერე თვითონ გაზის კანტორაში, პოლიციაც ჩაერია, მაგრამ არაფერმა გაჭრა. სახლში არავის უშვებენ. თან ამბობს, სხვისგან შეიყვანონ, მე მაგათ არ ველაპარაკებიო. არადა, შვილებო, ჩემ გვერდით გაზი არ აქვთ, უფრო ქვემოდან რომ ამოვიყვანო, იმას დიდი ხარჯები სჭირდება, ფული კი არ მაქვს და რა ვქნა, არ ვიცი. ჩემს თავს რას დავეძებ, ბავშვები დამეყინებაო. მოკლედ, ისე გველაპარაკა გული დაგვეთუთქა ორივეს. უცებ მანუჩარმა, ჩემმა მეწყვილემ, ერთი წუთით, ქალბატონო, ახლავე შეიძლება გიშველოთო. გადარეკა და ზეინკალი გამოიძახა თავის „სვარკით“. რას აპირებ-მეთქი, ვკითხე გაკვირვებულმა. ახლავე გაიგებო, ჯიბიდან პირბადე ამოიღო, მეც გამიკეთა და დაბლა, მეზობელთან ჩავედით. კარი ქალმა გაგვიღო, პირბადიანები რომ დაგვინახა, გვკითხა, ვინ ხართო. მანუჩარმა საბუთი ანახა და განუმარტა, გაზიდან ვართ. თქვენთან მრიცხველი უნდა შევამოწმოთ, თან საქმეც გვაქვსო. ქალმა სახლში შეგვიყვანა, ჩვენ მრიცხველი დავათვალიერეთ. მერე ჩამოვჯექით და მანუჩარმაც დაიწყო. ქალბატონო, ალბათ, იცით ამ ახალი ვირუსის შესახებ. დილით თათბირზე სპეციალისტები იყვნენ ჯანდაცვიდან და გვითხრეს, შეიძლება, მისი გაზით გავრცელებაო. ამიტომ ახლა მოვლენ. ქვემოთ ყველა გაფრთხილებულები გვყავს. გაზს გამორთავენ. რაღაც აპარატით მილებს დეზინფექციას გაუკეთებენ და წავლენ. თქვენიდან იმიტომ ვიწყებთ, რომ მაღლა გაზი არ აქვთ. ქალი შეფიქრიანდა. მე სიცილს ძლივს ვიკავებდი და შეიძლება, ყველაფერსაც მიმხვდარიყო, მეზობლებთან რომ დაერეკა, მაგრამ ვინ დააცალა. ამასობაში ზეინკალიც მოსულიყო და დააკაკუნა. მანუჩარმა სასწრაფოდ შემოიყვანა. ქალს კი უთხრა, ახლოს არ მიხვიდეთ, გამოსხივება აქვსო და სხვა ოთახში გავედით. იქაც ბევრი ილაპარაკა, თუ როგორ შეეყარა მის ნათესავს ეს ახალი ვირუსი და უამრავი ფული დასჭირდა, რომ გამოჯანმრთელებულიყო. ქალიც აჰყვა. ამასობაში ზეინკალმა მილი შეადუღა (ისეთი საქმე იყო, ორი წუთი სჭირდებოდა სულ), მანუჩარმა, აბა, ქვევით წავიდეთ ახლა, სხვებიც გავათავისუფლოთ ვირუსისგან. ცოდოა ამდენი ხალხი, უგაზოდ რომ დავტოვეთო. გამოსვლისას ქალბატონისგან დიდი მადლობაც მივიღეთ, მაგრამ დამთხვევა იყო თუ რა, ჩვენ გამოვედით და მეზობელი შევიდა. მეოთხე სართულზე ვიყავით, რომ გავიგონეთ, იმ ქალბატონის ყვირილი – „როგორ მომატყუეს, ვინ ყოფილან ეს შეყრილაძეები, რომ ყველას ჩემს წინააღმდეგ იყენებენო“. ჩვენ ყურიც არ ვათხოვეთ მის ლანძღვასა და წყევლას. ზეინკალი ჩავსვით მანქანაში და იმ საცოდავ ქალბატონს დავურეკეთ. ვუთხარით, მილი მიერთებულია და თუ განცხადებას დაწერთ, დღესვე დაგიმონტაჟებთ მრიცხველსო. ქალმა, – თქვენ ვინ ყოფილხართ, თქვენ შემოგევლეთო და რაც იმ ქალმა გვწყევლა, ამან შეგვავსო ლოცვით. ასე გათბა ერთი საწყალი ოჯახი მანუჩარის ყოჩაღობით, რომელმაც მეც ძალიან გამაოცა.


скачать dle 11.3