კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოაკვლევინა ყოფილ ქმარს ახალი საქმრო დარეჯან ქებაძემ


ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ყოფილ ცოლს საქმრო მოუკლა. ლევან გოცაძე ამჟამად სამწლიან სასჯელს იხდის, თუმცა, დანაშაულზე წაქეზების გამო განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა მისი ყოფილი ცოლი, დარეჯან ქებაძეც, მაგრამ, ყოფილი ქმრისგან განსხვავებით, სასამართლომ ის ხუთწლიანი პირობითი სასჯელით გაათავისუფლა.

ლევან გოცაძემ და დარეჯან ქებაძემ დიდი ზარ-ზეიმით იქორწინეს, მაგრამ მათი ქორწინება კრახით დასრულდა – ცოლ-ქმრის გაყრის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. როგორც ირკვევა, დაქორწინებამდე ქალი ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, კაცების გარემოცვაში მუშაობდა, რაც საქმროს არ მოსწონდა, მაგრამ დარეჯანმა მას პირობა მისცა, რომ ქორწინების შემდეგ მუშაობას თავს დაანებებდა, რაც არ შეასრულა. ცოტა ხანში კი ქმარს გამოუცხადა, რომ ყოფილ „პაკლონიკს“ ისევ უყვარდა და, თუ კარგად არ მოიქცეოდა, მას გაჰყვებოდა, რადგან თანამშრომელი სამსახურში ყველასთან ღიად ამბობდა, რომ, გათხოვების მიუხედავად, მის ცოლად მოყვანას არ მოერიდებოდა. მოკლედ, ქმარს ეჭვიანობის მიზეზი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ საკითხი მოგვარდა – დარეჯანი დაორსულდა და წოლითი რეჟიმის გამო სახლში მოუწია ყოფნა. თუმცა, მშობიარობის შემდეგ ქმარს კვლავ გამოუცხადა, რომ სამსახურს არ მიატოვებდა და მუშაობა ისევ განაგრძო. ეჭვიანობის სცენები კვლავ განახლდა და საბოლოოდ ქალმა გადაწყვეტილება მიიღო – მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლიდან წავიდა, ამის შემდეგ კი სასამართლოს განქორწინებაზე განცხადებით მიმართა. თუმცა, კუთვნილი წილი ქალმა სასამართლომდე მიიღო – ლევანმა ცოლ-შვილს ბინა უყიდა და მათთან ურთიერთობას განაგრძობდა, პერიოდულად ბავშვი თავისთანაც მიჰყავდა.

საქმის მასალების თანახმად, განშორებიდან სამ წელზე მეტი იყო გასული, რომ, ერთ დღეს ლევანმა შვილს მიაკითხა. მისი ვიზიტი ყოფილ ცოლთან შეთანხმებული არ ყოფილა, ამიტომ იგი მოულოდნელობისგან დაიბნა, როცა სახლში უცხო მამაკაცი დახვდა, რაც, ცხადია, არ ესიამოვნა და სახეზე დაეტყო კიდეც, მაგრამ არაფერი უთქვამს, ბავშვი სასეირნოდ წაიყვანა და, საღამოს, როდესაც ბავშვთან ერთად დაბრუნდა, ყოფილ ცოლთან კონფლიქტი მოუხდა. მან ცოლყოფილს უთხრა, ვიცი, რომ ადრეც მღალატობდი, ისიც ვიცი, შენსას არასდროს მოიშლი, მაგრამ, გაფრთხილებ, რომ ჩემს ნაყიდ ბინაში კაცების მოყვანას არ გაპატიებო. შემდეგ კი დაემუქრა, კაცი არ ვნახო ამ სახლში, თორემ არ ვაცოცხლებო და სახეში გაარტყა. ასეთი მუქარით დასცილდა გოცაძე ყოფილ ცოლს. თუმცა ინციდენტი ამით არ ამოწურულა. სამი დღის შემდეგ, როდესაც ბავშვს მიაკითხა, სადარბაზოსთან ისევ იმ კაცს შეხვდა, რომელიც ცოლის ბინაში ნახა. უცნობი აშკარად გამომწვევად უყურებდა, რაზეც ლევანი ძალიან გაბრაზდა, მაგრამ ვიდრე თვითონ ეტყოდა რამეს, უცნობმა დაასწრო, შენიშვნა მისცა, რატომ სცემე ყოფილ ცოლსო და დაამატა, ოფიციალურად ხარ გაყრილი და ვისთან ექნება ახლა ურთიერთობა, ეს შენი საქმე აღარ არისო (რეალურად, ცოლ-ქმარი ოფიციალურად გაყრილი არ იყო).

ამ სიტყვებმა ლევანი გააღიზიანა და კაცებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. უბნელმა ბიჭებმა მოჩხუბრების გაშველება სცადეს, მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მოულოდნელად ლევანმა უცნობი, როგორც შემდეგ გაირკვა, გელა გელაშვილი, დანით დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გელა გელაშვილის სიკვდილის მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა იყო, ორი ჭრილობიდან ერთი გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა.

ლევან გოცაძეზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა და მალე დააპატიმრეს კიდეც. თუმცა, განსასჯელი განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა. ამბობდა, რომ მას მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია, ყველაფერი ძლიერი აღელვების გამო მოხდა.

ლევან გოცაძის ჩვენებიდან: „განზრახ მკვლელობა არ ჩამიდენია... მე ცოლთან ოფიციალურად გაყრილი არ ვიყავი. მართალია, ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ ერთმანეთთან ურთიერთობა გვქონდა. იმ დღეს, ბავშვის წასაყვანად რომ მივედი, სახლში შევედი და უცხო მამაკაცი ოთახის ჩუსტებითა და შორტებით დამხვდა. ვიეჭვიანე და ამას არც უარვყოფ. იმ წუთში არაფერი მითქვამს, ბავშვი წავიყვანე და უკან გვიან დავბრუნდით. ვცადე, გამერკვია, ვინ იყო ის კაცი და ასე თავისუფლად რატომ დადიოდა ჩემს ნაყიდ სახლში, მაგრამ დარეჯანმა კონკრეტული პასუხი არ გამცა. სწორედ ამიტომ გავარტყი სახეში, რის გამოც ცხვირიდან და ტუჩიდან სისხლი წასკდა, მაგრამ არ შემცოდებია. ვუთხარი, რომ, თუ კიდევ დამახვედრებდა ვინმეს, არ ვაცოცხლებდი... რამდენიმე დღის შემდეგ ის კაცი სადარბაზოსთან შემხვდა და საქმის გარჩევა დამიწყო. ჩემს ცოლთან კონფლიქტის გამო საყვედური აქეთ მითხრა და პირდაპირ მომახალა – შენს ცოლთან სასიყვარულო ურთიერთობა მაქვს, შენ გაშორებული ხარ და ვინ გკითხავს, მას ურთიერთობა ვისთან ექნებაო. გავღიზიანდი, საშინელი რეაქცია მქონდა, თან, შემაგინა და მოთმინების ფიალაც ამევსო. ამასობაში ორი უბნელი ბიჭი მოვიდა, მათაც უთხრეს, ცოტა დაფიქრდი, რას ამბობო, მაგრამ მან უპასუხა, თქვენ ნუ ერევით ჩვენს საქმეში, ვიცი, რასაც ვამბობ. იმ ქალს არ უნდა ამასთან ურთიერთობა და მთხოვა, ყოფილი ქმარი ჩამოვაცილოო... ძალიან აღელვებული ვიყავი და გონება დამიბნელდა. გამახსენდა, რომ ჯიბეში დანა მქონდა და ამოვიღე. უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, რამდენჯერ დავარტყი, არც ის მახსოვს... ბიჭების ყვირილზე გამოვფხიზლდი – მგონი, მოკვდაო, ყვიროდნენ, ამის შემდეგ მანქანა მოიყვანეს, მეც ვეხმარებოდი, რომ ჩაგვესვა და საავადმყოფოში წაგვეყვანა, მაგრამ მე აღარ გავყევი. ისინი რომ წავიდნენ, მე გავიქეცი.... მოგვიანებით გავიგე, რომ გარდაიცვალა. როცა აზრზე მოვედი და გავაცნობიერე, რაც მოხდა, პოლიციაში ჩემი ფეხით მივედი და ვაღიარე, მაგრამ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა, ეს იყო ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაული“, – აცხადებდა განსასჯელი.

სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით ფაქტის თვითმხილველი ორი მოწმეც დაიკითხა, რომლებმაც წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება დაადასტურეს.

მოწმის ჩვენებიდან: „გარდაცვლილს მხოლოდ სახელით ვიცნობდი, მას გელა ერქვა. უბანში რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. ვიცოდით, რომ ლევანის ოჯახში დადიოდა, მაგრამ ჩვენ ნათესავი გვეგონა. იმ დღეს ეზოში ვიდექით. განაწყენებული ტონით გვკითხა, ხომ არ იცით, ლევანი როდის მოვაო. მალე ლევანიც გამოჩნდა და პირდაპირ მიახალა, რატომ სცემე შენს ცოლსო. ლევანმა უპასუხა, საცემი იყოო. მან კი – იცოდე, შენს ცოლთან მე მაქვს ურთიერთობა, შენ გაცილებული ხარ და ჩვენს საქმეში ნუ ჩაერევიო. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი და ვუთხარი, გაჩუმებულიყო, მაგრამ ამ დროს ყველას მისამართით შეიგინა... ამის შემდეგ ჩხუბი დაიწყეს. ვცდილობდით, გაგვეშველებინა, გელა გამოვიყვანეთ, მაგრამ ხელიდან დაგვისხლტა და ისევ ლევანისკენ წავიდა... მოულოდნელად იყვირა და მივხვდით, რომ დაჭრილი იყო, რადგან სისხლი მოსდიოდა“, – განაცხადა მოწმემ.

საგულისხმოა, რომ გამოძიებამ წამქეზებლად ცნო განსასჯელის მეუღლე, რადგან, დადგინდა, რომ სწორედ მან მოსთხოვა საყვარელს, ქმრის თავიდან მოშორებაში დახმარებოდა. რაც შეეხება მის დაკითხვას, ჩვენებაში არ დაუმალავს, რომ მოკლულთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.

დარეჯან ქებაძის ჩვენებიდან: „ლევანთან ოფიციალურად განქორწინებული არ ვიყავი, თუმცა, ერთად არ ვცხოვრობდით. განქორწინებაზე საბუთები შეტანილი მქონდა, მაგრამ პროცესი გაჭიანურდა... ლევანი პერიოდულად მოდიოდა და ბავშვს ნახულობდა. არ უარვყოფ, რომ გელასთან სასიყვარულო ურთიერთობა მქონდა. იმ დღეს ლევანი ბავშვთან რომ მოვიდა, გელაც სახლში იყო. ლევანს მასთან ურთიერთობის გამწვავება არ უცდია, ბავშვს ჩააცვა და სახლიდან წაიყვანა. რომ დაბრუნდნენ, მერე დამიწყო გამოკითხვა და მცემა. მითხრა, თუ სხვასთან გააბამ რომანს, იცოდე, არ გაცოცხლებო. თუმცა, მე მასთან შერიგებას არ ვაპირებდი, რადგან მისმა ეჭვიანობამ დამღალა. არც იმის სურვილი მქონდა, გელაზე რამე მეთქვა... ჩემი ცემის ფაქტს გელა არ შესწრებია, მაგრამ იმავე საღამოს მოვუყევი და ვთხოვე, ლევანის თავიდან მოშორებაში დამხმარებოდა. მინდოდა, ბინაც გამეყიდა და სხვაგან გადავსულიყავი საცხოვრებლად. შემდეგ გავიგე, რომ რომ მკვლელობა მოხდა...“

გამოძიებამ დაზარალებულად მოკლულის დედა ცნო, რომელმაც სასამართლოზე განსასჯელის უმკაცრესად დასჯა და, ამასთან ერთად, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

გარდაცვლილის დედის ჩვენებიდან: „დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი შვილი დაჭრეს. მაშინვე საავადმყოფოში წავედი, მაგრამ ცოცხალი აღარ დამხვდა. ორი ჭრილობა ჰქონდა.... მერე გავიგე, ვინ იყო ჩემი შვილის მკვლელი. რაც შეეხება იმ ქალს, ვიცოდი, მასთან ურთიერთობა რომ ჰქონდა და არ მსიამოვნებდა, ვთხოვდი ურთიერთობა გაეწყვიტა, მაგრამ, ამბობდა, რომ უყვარდა... როგორც ვიცი, ის ქალი ქმარს გაცილებული იყო“.

წინასწარი გამოძიების დროს ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზით, ლევან გოცაძე მკვლელობის მომენტში აფექტის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. თუმცა, ეს საკითხი სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ წამოსწია განსასჯელის ადვოკატმა. იგი ირწმუნებოდა, რომ გოცაძემ დანაშაული ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩაიდინა. ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებდა ძველ დასკვნას და განმეორებითი სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და მიღებულმა დასკვნამ განსასჯელის მდგომარეობა შეცვალა. ამჯერად ექსპერტის დასკვნა კატეგორიული იყო, სადაც ეწერა, რომ გოცაძემ დანაშაული ფსიქოლოგიური აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. აქედან გამომდინარე, საქმის კვალიფიკაცია შეცვალა, გოცაძეს განზრახ მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და სასამართლომ ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაულისთვის 3 წელი მიუსაჯა.

რაც შეეხება მორალურ და მატერიალურ ზიანს: დაზარალებული მხარე მორალური ზიანისთვის 10 000, ხოლო მატერიალურისთვის 6 500 ლარს ითხოვდა. თუმცა, სასამართლომ მოთხოვნა მხოლოდ მატერიალური ზარალის ნაწილში დააკმაყოფილა, მორალურ ზიანთან დაკავშირებით კი საქმე განუხილველი იმ მოტივით დარჩა, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე დასადგენი იყო. განსასჯელის ქონებრივი მდგომარეობა.


скачать dle 11.3