კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და რატომ ხოცავდა თბილისელ ქალებს განსაკუთრებული სისასტიკით


სამმაგი მკვლელობა

თექვსმეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან ჩაკიდებულ ტროსზე ფრთხილად დაეშვა ახალგაზრდა კაცი და მეათე სართულის სამოთახიან ბინაში გაუჩინარდა. მარტის ცივი და უკუნეთი ღამე იდგა. ახალგაზრდამ, ფეხაკრეფით გაიარა ლოჯია და კარისკენ გაემართა, რომ თავისი მეწყვილისთვის კარი გაეღო და ბინაში შეეშვა. მაგრამ რაღაც ძალიან არასასიამოვნო სუნმა ლამის გული აურია. მარცხნივ გაიხედა, უკუნეთში ტახტის კონტურები დალანდა, ტახტზე ადამიანის ფიგურა ჩანდა, რომელიც უძრავად იდო. ახალგაზრდამ იცოდა, რომ ბინა ცარიელი იყო და შეცბუნებაც ვერ მოასწრო, რომ ვიღაცამ უკნიდან მარცხენა ხელი პირზე ააფარა, ყელზე კი მარჯვენა ხელით ხანჯალი ამოსდო და უჩურჩულა:

– მარტო ხარ?

– დიახ, – იცრუა ახალგაზრდამ, მაგრამ, კარზე კაკუნი გაისმა.

– თუ გინდა, არ მოგკლა, სიმართლე თქვი. ვინ აკაკუნებს ასე ფრთხილად, შენი „პაძელნიკი“?

– წადი, შენი...– თქვა ახალგაზრდამ და ხმის აწევა დააპირა, რომ მეწყვილე დაეფრთხო და გაექცია. მაგრამ, მძლავრმა ხელთათმანიანმა ხელმა მას ხმა დაუხშო, სამართებელივით ალესილმა ხანჯალმა კი არტერია გაუჭრა, შემდეგ მას თავიც მიჰყვა და სულ რამდენიმე წამში თავმოკვეთილი გვამი იატაკზე ეგდო.

ხელთათმანიანი მამაკაცი ფეხაკრეფით მივიდა კართან, საკეტი გადაატრიალა, გააღო და სანამ მოკლულის მეწყვილე მიხვდებოდა, რომ მის წინაშე ვიღაც უცხო იდგა, ბინაში შემოათრია. კარი უხმაუროდ მიხურა, თავში ხანჯლის ტარი ჩაარტყა და დაარეტიანა. იქვე მოკვეთა თავი და გვამთან ერთად კარისკენ ხელმარჯვნივ დადო. ბოლოს სააბაზანოში შევიდა, ჯერ სისხლიანი ხანჯალი გარეცხა და ტყავის ქურქში შეინახა, შემდეგ დინჯად გამოვიდა, კარი გააღო და სანამ კიბეებზე დაეშვებოდა, მაჯის საათს დახედა... ისრები ღამის ოთხ საათს უჩვენებდნენ.

დიღმის მასივში, დოცენტ სიმონ ხიდაშელის ბინაში მილიციამ სამი ადამიანის გვამი აღმოაჩინა. ოპერმუშაკებმა კარი შეამტვრიეს და ისე შევიდნენ შიგ. მილიცია ხიდაშელის ბინაში მისმა მეზობლებმა გამოიძახეს, რადგან მეთერთმეტე სართულზე მცხოვრებმა კარლო ბიწაძემ ტროსი აღმოაჩინა, რომელიც ხიდაშელების აივანზე ეშვებოდა. სახლში შესულ მილიციელებს სისხლის გუბეები, ორი თავმოკვეთილი ახალგაზრდის ცხედარი და შიშველი, ახალგაზრდა ქალის დანაწევრებული გვამი დახვდათ. მოკლულები იყვნენ: ბინის დიასახლისი, 31 წლის ნონა ხიდაშელი, 24 წლის მალხაზ ქურხული, რომელიც დიღმის მასივის მკვიდრი იყო და 29 წლის ვახტან ქვლივიძე, ცნობილი ბინის ქურდი, მეტსახელად „სკალალაზი“. მალხაზ ქურხული, ბინაში შესასვლელ კართან ეგდო თავმოკვეთილი. „სკალალაზი“, სასტუმრო ოთახში, მაგიდიდან ხელმარცხნივ და ისიც თავმოკვეთილი, ხოლო ნონა ხიდაშელი, თეთრეულგადაფარებულ, არაბულ ტახტზე იწვა სრულიად შიშველი. მას თავი მოკვეთილი ჰქონდა და რადიომიმღებზე იდო. მოკვეთილი ჰქონდა ძუძუს თავები, ენა, ყურები და ცხვირი, რომლებიც თევზებით სავსე, მოზრდილ აკვარიუმში ეყარა. მოკვეთილი ხელ-ფეხის მტევნები კი სხვადასხვა საოჯახო ნივთებზე ელაგა. მოკლულ ქალს საშოში 30 სანტიმეტრის სიგრძის ჟანგიანი არმატურა ჰქონდა გარჭობილი... გვამის გაკვეთამ, ნონა ხიდაშელის ორგანიზმში ალკოჰოლის საშუალო დოზაც აღმოაჩინა...

ხიდაშელების ბინაში მომხდარი სამმაგი მკვლელობის ფაქტზე თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი სამი განზრახ მკვლელობისთვის. საქმეს ბეჟან ცინცაძე იძიებდა.

სერიული მკვლელობები

გამოცდილი გამომძიებელი ბეჟან ცინცაძე ჩახლართული მკვლელობების გახსნით იყო ცნობილი და მუშაობა ენერგიულად დაიწყო. ცინცაძემ რამდენიმე ვერსია შეიმუშავა და მათ გადამოწმებას შეუდგა. გამომძიებელი დარწმუნდა, რომ ქურხული და „სკალალაზი“ შემთხვევით შეეჩეხნენ მკვლელს, როდესაც ბინის გასაქურდავად იყვნენ შესულები და ამის გამო მოკლეს. ცინცაძე ნონა ხიდაშელის მკვლელობის მოტივად შურისძიებას მიიჩნევდა და დარწმუნებული იყო, რომ ქალის ასეთი სასტიკი მკვლელობა სწორედ იმით იყო განპირობებული. ქალაქის მთავარ პროკურორთან მისულმა ცინცაძემ მას უთხრა:

– ასე სადისტურად მხოლოდ შურისმაძიებლები და მანიაკები იქცევიან. გამოძიების ყველა დეტალი იმაზე მიანიშნებდა, რომ ეს დანაშაული წინასწარ, საგულდაგულოდ იყო მოფიქრებული და შესრულებული. მკვლელმა ხელჩასაჭიდად მცირედი სამხილიც კი არ დაგვიტოვა და ყველაფერი იდეალურად სუფთად შეასრულა. მეტიც, შემიძლია თავი დავდო, რომ მკვლელი გაწონასწორებული, რკინის ნერვების პატრონია. მან ბინაში გაუთვალისწინებლად მოხვედრილი ორი ძლიერი ახალგაზრდა ისე აუღელვებლად მოკლა, ყველა ვერ შეძლებდა ასეთ რამეს.

– სამწუხაროდ, ასეა, – დაეთანხმა ცინცაძეს თბილისის პროკურორი, – სიმონ ხიდაშელი თუ გადაამოწმე?

– მოკლული დიასახლისის ქმარს გულისხმობთ, დოცენტ ხიდაშელს?

– კი.

– მას რკინის ალიბი აქვს. მკვლელობის მომენტში მოსკოვში იმყოფებოდა, ბიოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმზე.

– ეგ გასაგებია. მაგრამ, იქნებ ცოლის მკვლელობა ვინმე სხვას შეუკვეთა და თვითონ კი სიმპოზიუმზე გაემგზავრა, რომ რკინის ალიბი ჰქონოდა, – არ ცხრებოდა მთავარი პროკურორი.

– თეორიულად, რა თქმა უნდა, დასაშვებია, მაგრამ არ მგონია, – თავი გააქნია ცინცაძემ, – 38 წლის დოცენტი ხიდაშელი თავიდან ბოლომდე მეცნიერია და ბიოლოგიის გარდა არაფერი აინტერესებს. ის იმაშიც კი გამომიტყდა, რომ თურმე შეგნებულად არ გააჩენინა ცოლს შვილი, რათა მუშაობაში არ შეშლოდა ხელი. მიაჩნია, რომ მისი ცოლი საყვარელმა მოკლა. თუმცა, მოტივს ვერ ასახელებს. მისი განმარტებით, ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში ნონას რადიკალურ ცვლილებებს ამჩნევდა და ეჭვობდა, რომ ქალი ვიღაცას ხვდებოდა, თუმცა, არც ამ ამბის გაგება უცდია და არც ხელის შეშლა.

– საინტერესოა, – თავი გააქნია მთავარმა პროკურორმა, – რას აპირებ?

– ნონა ხიდაშელის სავარაუდო საყვარლის კვალზე დადგომას შევეცდები. თუმცა, ეს ძალიან რთული საქმე იქნება.

ცინცაძე მართალი აღმოჩნდა. სადისტურად მოკლულ ნონა ხიდაშელს ყველა მისი ნაცნობი, მეზობელი თუ ნათესავი პატიოსან ადამიანად ახასიათებდა და საყვარლის არსებობას უარყოფდნენ. მიუხედავად ამისა, ძიების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, მოკლული ქალი და მკვლელი ბინაში სვამდნენ და სავარაუდოდ, სქესობრივი აქტის ჩატარებას აპირებდნენ. თუმცა, გაკვეთის შედეგებმა ეს უარყო. მაგრამ, ნათელი იყო, რომ ქალი ნებაყოფლობით გაშიშვლდა და მხოლოდ ამის მერე იქნა მოკლული... ცინცაძე, ფაქტობრივად, ჩიხში იყო შესული, როდესაც მკვლელობიდან 36-ე და 43-ე დღეს, თბილისში ორი ანალოგიური მკვლელობები მოხდა. საბურთალოზე მოკლული იქნა 34 წლის ანა სირაძე, გლდანის მასივში კი – 35 წლის ჟანა კედელაძე. ორივე ქალი გათხოვილი, ქმრიანი, მაგრამ უშვილო იყო. ისინი, ზუსტად ისევე იყვნენ დანაწევრებულები, როგორც ნონა ხიდაშელი. მკვლელობის მომენტში, ორივეს ქმარი მივლინებასა და ღამის ცვლაში იმყოფებოდა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა და კრიმინალისტებმა სამივე მკვლელობაში ერთი ადამიანის ხელწერა დაინახეს და ამტკიცებდნენ, რომ სამივე დანაშაული ბასრი, დიდი ზომის ცივი იარაღით, სავარაუდოდ, ხანჯლით იყო ჩადენილი. თბილისში მანიაკზე ალაპარაკდნენ, რომელიც ქალაქში სერიულ მკვლელობებს სჩადიოდა და ახალგაზრდა ქალებს ხოცავდა. სახელდებოდა ფანტასტიკური ციფრები და ამბობდნენ, რომ მოკლულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბაო... მაშინდელ „ცეკას“ პირველ მდივანს, ედუარდ შევარდნაძეს მოსკოვიდან დაურეკეს და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს. შევარდნაძემ კი, თავისი ყოფილი კოლეგები შეკრიბა კაბინეტში და სერიული მკვლელის სასწრაფოდ მოძებნა და დასჯა დაავალა. ამ დანაშაულს მანიაკი რომ სჩადიოდა, უკვე არავის ეპარებოდა ეჭვი. ყველა დეტალი ამაზე მიუთითებდა და დანაშაულის სასწრაფოდ გასახსნელად ბეჟან ცინცაძეს დამატებითი ძალები გამოუყვეს. შევარდნაძეს პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი ეს საქმე...

ღვაწლმოსილი მაიორი

უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, რასაც თბილისელი მილიციელები იჩენდნენ, მაინც ბევრი ვერაფრით დაიტრაბახებდნენ, რადგან, სერიული მკვლელობების საქმეები წინ ვერ იძროდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით კი ღამით, მილიციელების პატრულირება გაძლიერდა და ყველა მოქალაქეს ამოწმებდნენ, მანიაკის საქმემ წინ ვერ წაიწია. მართალია, ოცამდე სხვა დანაშაული გაიხსნა და 4 ძებნილიც დააკავეს, მაგრამ ცინცაძე უკმაყოფილო იყო, თუმცა, არა უიმედოდ. მას მიაჩნდა, რომ მკვლელი კვლავ გამოიჩენდა თავს, შეცდომას დაუშვებდა და მისი შეპყრობაც მოხერხდებოდა. 18 ივნისს, საბურთალოზე, ერთ-ერთი ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, ოთხოთახიან ბინაში 30 წლის ლანა ბანძელაძის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს. მკვლელობის სურათი ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც წინა შემთხვევებში. მოკლული ბანძელაძეც გათხოვილი, მაგრამ უშვილო გახლდათ და მკვლელობის ღამეს მისი მეუღლე ბათუმში იმყოფებოდა. უდავოდ, ლანა ბანძელაძეც, ასევე, მანიაკის მოკლული იყო და მასაც საშოდან 30 სანტიმეტრის სიგრძის არმატურა ამოუღეს. თუმცა, თუკი წინა შემთხვევებისას არმატურა ძველი, ჟანგიანი და არაფრით გამორჩეუული იყო, ბანძელაძის საშოდან ამოღებული რკინა ახალთახალი იყო და რაც მთავარია, მას ამოტვიფრული ჰქონდა დამამზადებლის დამღა, რომელზეც ეწერა „სვერდლოვსკი...“ შემდეგ წარწერა წყდებოდა, რადგან არმატურა გადაჭრილი იყო. გარდა ამისა, მოკლულის სხეულის კვლევისას კრიმინალისტებმა მოკლე ბეწვის ნიმუში აღმოაჩინეს, რაც მათი ვარაუდით, მამაკაცის, ამ შემთხვევაში კი მკვლელის წვერ-ულვაშის ფრაგმენტი უნდა ყოფილიყო. მესამე და მთავარი, 75 წლის ელენე გაგოშიძემ, რომელიც მოკლული ბანძელაძის მეზობელი იყო და მეხუთე სართულზე ცხოვრობდა, ბეჟან ცინცაძეს განუცხადა, რომ მკვლელი ნახა. „ენკავედეს“ ყოფილი თანამშრომელი ელენე გაგოშიძე შვილთან, მერაბ გაგოშიძესთან და მის მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა სამოთახიან ბინაში. დაკითხვისას მან ცინცაძეს უთხრა:

– ღამის ოთხი საათი სრულდებოდა, როდესაც ჩემმა შვილმა და რძალმა თათბირი დაასრულეს. მე ყველაფერი შევიტყვე და ბუნკერიდან გამოსვლას ვაპირებდი, რომ ამ დროს კიბეებზე მომავალი კაცი დავინახე. ის ფრთხილად მოდიოდა და ჩვენს კარს რომ ჩაუარა, მისი კეხიანი ცხვირი და ცოცხივით ულვაშები დავინახეო...

როგორც თავადვე განმარტა, ბუნკერიდან ელენე გაგოშიძე თავის შვილს და რძალს ფარულად უსმენდა. იქიდან კარგად ისმოდა ყველაფერი, რაც მათ საძინებელში ხდებოდა. ქალს ეჭვი ჰქონდა, რომ მისი ოჯახის წევრები ბინის გადაცვლას აპირებდნენ და ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად უსმენდა მათ. ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, გაგოშიძემ მილიციელებს მამაკაცის ფოტორობოტი შეადგენინა და ძიებამ წინ წაიწია. არმატურაზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, ბანძელაძის საშოდან ამოღებული რკინა ქალაქ სვერდლოვსკში იყო დამზადებული სულ რაღაც ორი კვირის წინ, თბილისის ¹1 ბაზას ჰქონდა მიღებული მისი ძალიან მცირე რაოდენობა – 5 ათასი ცალი. საქმე ის იყო, რომ არმატურა უახლესი ტექნოლოგიით მზადდებოდა, განსაკუთრებული სიმტკიცით გამოირჩეოდა, დეფიციტური იყო და ჯერჯერობით მასობრივად არ აწარმოებდნენ. ცინცაძის საგამომძიებლო ჯგუფის თანამშრომლები ¹1 ბაზაზე გაემართნენ და დაადგინეს, რომ 2 ათასი არმატურა საბურთალოზე, ერთ-ერთი ექსპერიმენტული სახლის მშენებლობაზე გაიგზავნა, 3 ათასი ცალი კი – ვაკეში, სადაც „ცეკას“ მაღალჩინოსნების ბინები შენდებოდა. ცინცაძის ოპერებმა საბურთალოს მშენებლობაზე გაარკვიეს, რომ არმატურები საწყობში იყო შენახული. მშენებლობის უფროსს ისინი „ობეხეს“ თანამშრომლები ეგონა და შიშისგან გაფითრდა. თუმცა, არმატურები რომ გადათვალეს და 2 ათასი ცალი აღმოჩნდა, ოპერები მშენებლობის უფროსს დაემშვიდობნენ და მშვიდობიანად დაშორდნენ. ვაკის მშენებლობაზე ოპერებმა დაადგინეს, რომ არმატურები ერთი კვირის წინ იქნა გამოყენებული. მშენებლობის უფროსმა კი კატეგორიულად განუცხადა ბეჟან ცინცაძეს:

– ჩვენთან, ამხანაგო, ამ მხრივ სიმკაცრეა. არმატურებს არ ვყიდით და ნარჩენებსაც კი ვინახავთ. წამობრძანდით და თავად დარწმუნდებით.

მშენებლობის უფროსმა ცინცაძეს ოთახი გაუღო, სადაც ექსპერიმენტული არმატურების ნაჭრები ეყარა. ზუსტად ისეთი, როგორიც ბანძელაძეს ამოუღეს საშოდან.

– აი, ხომ ხედავთ, ამხანაგო! – ამაყად თქვა მშენებლობის უფროსმა, – ჩვენთან ნარჩენებიც კი ინახება.

ცინცაძეს გაეცინა, ჩანთიდან გადაჭრილი არმატურა ამოიღო, რომელიც მკვლელობის სამხილი იყო და მშენებლობის უფროსს უთხრა:

– არც ეს დაკარგულა?

მშენებლობის უფროსი არ დაიბნა და ცინცაძეს მიუგო:

– ერთი-ორი ნარჩენი თუ სადმე გაიბნა, რა დიდი ბედენაა. მე მგონი, ეს სისხლის სამართლის დანაშაული არაა.

ცინცაძემ, მშენებლობის უფროსს ერთი-ერთზე ესაუბრა და სიმართლე უთხრა. ბოლოს კი სავარაუდო მანიაკის ფოტორობოტი უჩვენა და ჰკითხა:

– ამის მსგავსი პიროვნება ხომ არ მუშაობს თქვენთან?

– ეს ხომ პავლე ღლონტია. ჩვენი ერთ-ერთი დარაჯი. ძალიან პატიოსანი ადამიანია. სხვათა შორის, თქვენი კოლეგა. ამჟამად პენსიაზეა. მილიციის თადარიგის მაიორია და რომ არა ერთი შემთხვევა, ის დღესაც იმუშავებდა მილიციაში.

პავლე ღლონტი, 46 წლის მილიციის გადამდგარი მაიორი და მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო. თბილისში ქუთაისიდან გადმოსახლდა 3 წლის წინ. იქ ადრე ქალაქის მილიციის სამმართველოში მუშაობდა. ინვალიდობა და სიმამაცის მედალი ღლონტმა იმის გამო მიიღო, რომ ცეცხლწაკიდებული ბინიდან ტყუპისცალი ჩვილები და მათი გონდაკარგული დედა გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა. უკან რომ შებრუნდა მოხუცის გადასარჩენად, თავში მორი დაეცა და დაინვალიდდა... ღლონტი ქვრივი იყო და ცოლი 3 წლის წინ უგზო-უკვლოდ დაეკარგა. სწორედ მას მერე გადმოსახლდა თბილისში და ქალ-ვაჟიც თან წამოიყვანა. გოგონა 16 წლისა, ვაჟი კი – 17-ის და ორივე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობენ. მილიციამ ფარული თვალთვალი დააწესა ღლონტზე და მას შემდეგ, რაც ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ღლონტის ულვაშის ნიმუში და ბანძელაძის სხეულზე აღმოჩენილი ბეწვი იდენტურები იყო, მილიციის ღვაწლმოსილი მაიორი დააპატიმრეს. მას წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია და მას შემდეგ, რაც ის ელენე გაგოშიძემაც ამოიცნო, ჩვენების მიცემა დაიწყო. ღლონტმა ცინცაძეს უთხრა:

– სამი წლის წინ, მაშინ, როდესაც საავადმყოფოდან ახალი გამოსული ვიყავი, პირველად ვიგრძენი, რომ ცოლი მღალატობდა. როცა ფეხზე დავდექი, დავადგინე, რომ არ ვცდებოდი და ჩემი მეუღლე მერი გალდავა და მისი საყვარელი ანზორ ჯაში დავხოცე. ორივე საღორიის ტყეში, მიწაში ღრმად დავმარხე. თბილისშიც იმიტომ გადმოვსახლდი, რომ იქიდან შორს ვყოფილიყავი. თუმცა ქალის, მოღალატე ქალის სახსენებელიც მძულდა და მათი გაწყვეტა გადავწყვიტე. მე შეგნებულად ვაბამდი სქესობრივ კავშირებს უშვილო, გათხოვილ ქალებთან და შემდეგ მათ სადისტურად ვხოცავდი. დანაშაულს ვაღიარებ, შენდობას არ ვითხოვ და ერთადერთი მინდა, ჩემს შვილებს მიხედოთ...

პავლე ღლონტი გაასამართლეს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და ორთაჭალის ციხეში, 47 წლის ასაკში დახვრიტეს.

P. S. დახვრეტილი ქართველი მანიაკის შვილებზე ზრუნვა ბეჟან ცინცაძემ ითავა და ქალ-ვაჟი იშვილა, ფეხზე დააყენა და საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე და-ძმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაამგზავრა. ისინი დღესაც სხვა გვარით ცხოვრობენ ამერიკაში და მცირე, ოჯახურ ბიზნესს ეწევიან...


скачать dle 11.3