კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


 კაკაბაძე-კეკიძე-გეგიძე

ამ გვარის ფუძედ ზოგი კაკაბა-ს მიიჩნევს და ფრინველს უკავშირებს, კერძოდ კაკაბს. ვფიქრობ, ეს გულუბრყვილო ეტიმოლოგიაა.

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი კაკა, რომელსაც ერთვის თან სუფიქსები ბა და ძე.

კაკა ჩხარის ციხის მეციხოვნე, მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნეში.

კაკაბაძე ერთ-ერთი უძველესი და ლიბოძლიერი გვარია. გვარი გვხვდება 1545 წლიდან.

„კაკაბაძე, კურსევს მცხოვრები, ბაგრატ მეფემ მისი შეწირულსა განუახლა გელათის წმიდა გიორგის“ (1545 წელი).

კაკაბაძეები მოიხსენიებიან 1561-1612 წლებში ქვემო ქართლში, 1621 წელს – ხონში, 1583 წელს – ფიმში. ასევე, კაკაბაძეები მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდნენ აჭარაშიც, კერძოდ კი ქედის რაიონის სოფელ ორიცვაში. აქ ცნობილი იყო 1895 წელს მღვდელი კაკაბაძე, დიდი მქადაგებელი, მოყვარე და პატივმცემელი ქართველთა. თურმე, ის არ უშინდებოდა მუქარას, ეკლესიაში ზარებს რეკდა, რამდენიმე სოფლის ხალხს წირვაზე იხმობდა ამით. წინ აღდგომია ჯამეს აგებას, მაგრამ თავისი არ გასვლია. მან ჩაქვისკენ გაქცევით უშველა თავს, რადგან იქ ისლამი ისე ძლიერად არ იყო. იმ პატრიოტი მღვდლის, კაკაბაძის შვილები მომხვდურებმა ქეშიშოღლებად მონათლეს, ანუ „ურჩი მღვდლის შვილები“. გადმოცემის თანახმად, დევნის თავიდან ასაცილებლად, მღვდელს დედის თუ ახლო ნათესავის გვარი კეკიძე – გეგიძე მიუღია. ემსახურებოდა ჩაქვი-მახინჯაურის ზონის, ჯერ კიდევ, ქრისტიანად დარჩენილ მოსახლეობას.

მარადიდის უბან ქუთურეთში არიან კეკიძეები – ასე მონათლეს მღვდელ კაკაბაძის შთამომავლები. დაბა ქედის გარეუბანში კი არის სოფელი კაკაბაძიები, აქვეა ნაცოხვარი ამავე სახელწოდებით.

კაკაბაძეები, კეკიძეები და გეგიძეები ცხოვრობენ სხვა ადგილებშიც. ისინი დამოუკიდებლად გაჩენილი გვარებია.

გეგიძეები აზნაურებიც იყვნენ.

იმ კაკაბაძეებმა კი, რომლებიც აჭარაში ცხოვრობდნენ, აწარმოეს გვარი კეკიძე დ  ა გეგიძე.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის კაკაბაძეებს რაოდენობის მიხედვით 169-ე ადგილი უჭირავთ.

საქართველოში 3 444 კაკაბაძე ცხოვრობს: თბილისში – 868, ხონში – 575, ხელვაჩაურში – 422.

ჯაყელი

სტეფანოს ორბელიანი ამბობს: „ივერიელთა ხალხს წესად აქვთ, უწოდონ თავიანთ თავადებს სახელები, მათი ადგილების მიხედვით“.

ჯაყელებმა გვარი ციხესიმაგრე ჯაყიდან მიიღეს.

სახელწოდებამ ჯაჰის წყალი, ჯაყის ციხე და ციხისჯვარმა მოგვცა ცნობილი საგვარეულოები ჯაყელნი-ბოცოსძენი. ეს მოხდა მეთორმეტე საუკუნეში, კერძოდ, 1191 წლამდე. ჯაყელნი-ციხისჯვარელნი ჩნდებიან მეთოთხმეტე საუკუნეში. ისინი იყვნენ სამცხის სასპასალაროს ერისთავთ-ერისთავები.

დიდი თამარ მეფის კარზე სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი.

თამარის მეფობის მეორე პერიოდში, 1211 წელს, შემოღებული იქნა ახალი თანამდებობა ვაზირის, კერძოდ ათაბაგი. ათაბაგი იყო სამეფო ტახტის მემკვიდრე უფლისწულის აღმზრდელი. თავისი რანგით, ათაბაგი მეორე ვაზირად ითვლებოდა. ეს პატივი წილად ხვდა ჯაყელს.

გიორგი მესამის მეფობის მეორე პერიოდში, კერძოდ 1177-1184 წლებში, მეჭურჭლეთუხუცესი იყო ყუთლუ-არსლან ჯაყელი-კორიდელი. ჩრდილო ჭანეთის კორიდეთის თემის ერისთავთ-ერისთავი. აქედან მოყოლებული, სამცხის ერისთავები და სპასალარები არიან ყვარყვარე-ივანე მეორე ჯაყელი-ციხისჯვარელი, სარგის პირველი ჯაყელი-ციხისჯვარელი, ბექა პირველი ჯაყელი-ციხისჯვარელი, ყვარყვარე მეორე ჯაყელი-ციხისჯვარელი, შალვა ჯაყელი-ციხისჯვარელი და ასე შემდეგ.

ჯაყელები, ასევე იყვნენ ვაზირები. ჯაყელები ჩორჩანელების ცნობილი საგვარეულოს განაყოფებიდანაც ჩანან. გიორგი ჩორჩანელის შუათანა ვაჟმა ბეშქენმა საფუძველი დაუდო ჯაყელთა საგვარეულოს. ბეშქენის შთამომავლობამ მეფისგან სამამულედ მიიღო ჯაყისწყლის, ფოცხოვის და ურავლის ხეობები.

ჯაყელები სამხრეთ საქართველოს, კერძოდ, სამცხის წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო იყო მეთერთმეტე-მეცამეტე საუკუნეებში, ხოლო მეცამეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში ისინი სამცხის მთავრები იყვნენ.

ბოცვაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბოცვა, ბოცუა, ბოცოვა.

ინაია ბოცვაისძე მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში.

ბოცვაისძეთა სახლი დიდად დაახლოებული იყო ლაშა-გიორგისთან. ჟამთა აღმწერელი გადმოგვცემს, რომ განძის ომში, რომელიც გადაიხადა ახალგაზრდა ლაშა-გიორგიმ მეფობის პირველ წლებში, ბრძოლაში მისი უშუალო თანმხლები და მცველნი იყვნენ ყვარყვარე ჯაყელის ვაჟი ბექა, გურკალელი ბაბიდა და ბოცო ბოცოისძე. მემატიანე ბრძოლის ერთ ეპიზოდს ასე აღწერს: „თვით მეფე ლაშა წინა მიეტევა მხნედ და ძლიერად, თვით გოლიათი მკლავითა სვიანითა, რომლის თანა წინამბრძოლობდეს ძლიერად ყვარყვარე ჯაყელის შვილი ბეგა, ბაბიდა გურკალელი, ბოცო ბოცოისძე, ძმა მემნარი, რამეთუ ესენი წინა განაწესეს“.

საქართველოში 576 ბოცვაძე ცხოვრობს: სამტრედიაში – 141, თბილისში – 109, ჩოხატაურში – 48.

მირზაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი მირზა. ეს საკუთარი სახელი წინაპრებს ნასესხები აქვთ არაბულ-სპარსული სიტყვისგან ამირზადე, რაც „ამირას შვილს“ ნიშნავს. ამირი შუა აზიაში ეწოდებოდა მხედართმთავარს, მმართველს. ასე მივიღეთ საკუთარი სახელი მირზა, რომელიც შემდგომში გვხვდება, როგორც ტიტულად, ასევე საკუთარ სახელადაც.

საქართველოში ამ საკუთარი სახელის ფართოდ გავრცელებაზე მიუთითებს გვარი მირზაშვილი და გეოგრაფიული სახელი მირზაანი.

ფუძე მირზა გვხვდება გვარებში: მირზელაშვილი, მირზიაშვილი, მირზიკაშვილი.

მირზაშვილები შედიოდნენ წილკნის სამწყსოში, ცხოვრობდნენ ფრეზეთში. თუ სახლის უფროსები ან მათი მეუღლეები გარდაიცვლებოდნენ, წილკნის საყდრისთვის უნდა მიერთმიათ კაცზე მთელი ნიშანი, შეკაზმული ცხენი, ორი გადასახურავი, სუფრის იარაღი და თასი, კერძოდ, ქალზე – საწირავი ნიშანი ან ტალომა, კაბა, სარტყელი, ღილი, ბეჭედი, თავსაბურავი, ორი გადასახურავი.

საქართველოში 544 მირზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 260, გარდაბანში – 67, გორში – 62.

ვეციკაშვილი – ანტონაშვილი

ვეციკაშვილის გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ვეციკა.

„ვეციკას ჰყავს შვილები: ანტონა, ნექონა, ნიკოლოზა და ხეჩუმა ვეციკაშვილები. მან იყიდა სანასარასაგან ფშანის პირს, ამირათ გოზალბეგათ მიწის ბოლოს მამული“ (1547 წელი).

„ვეციკაშვილისეული მიწა დამპალაში ერანა გოგინაშვილმა მიჰყიდა ზურაბ თუმანიშვილს 1675 წელს“.

ვეციკაშვილთა საგვარეულო სახელი იყო ვეციკა და ანტონა. ვეციკამ აწარმოა გვარი ვეციკაშვილი, ხოლო ანტონამ კი – ანტონაშვილი.

„ვეციკაანთ ანტონა – შვილი ვეციკაანთ ანტონასშვილ სარგისასი. ვეციკაანთ გიორგი, სიმონა და მიქელა“.

„ანტონაშვილი ახალციხელი, იოსებ ყანჩაულის წინამძღვრობის დროს ის თავისი ნებით შეეწირა მღვიმის მონასტერს“ (1682 წელი).

საქართველოში 26 ანტონაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 14, მცხეთაში – 4, საგარეჯოში – 8.

კედია

კედიათა გვარი ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება შემდეგი ფორმებით: კედია, კეიდია და კეირდია. ყველა ამ გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კედრა.

იოანე ბაგრატიონი გვარის ფუძედ ტოპონიმს მიიჩნევს და წერს: „მეფე დიმიტრიმ უბოძა აზნაურობა კეისადგეობის ადგილისა გამო“.

„ზუგდიდელი აზნაური უჩანა კედია და მისი ნაყიდი ბიჭუნა ჯიშქარიანი ბატონყმად ვეღარ მოთავსებულან და ჯიშქარიანი დაკარგულა“.

საქართველოში 90 კედია ცხოვრობს: თბილისში – 49, ზუგდიდში – 21, ბათუმში – 12.

კეიდია 132: ზუგდიდში – 81, თბილისში – 38, ჩხოროწყუში – 5.



აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3