კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ გაიწვია პირველ მსოფლიო ომში სტალინი სამხედრო სამედიცინო კომისიამ და ჰყავდა თუ არა უკანონო შვილი მას


სოლვიჩეგოდსკის გადასახლებიდან გაქცევის შემდეგ სტალინი არალეგალურად ცხოვრობდა ბაქოში. ადგილობრივ ჟანდარმერიას ქალაქში სტალინის ჩასვლა არ გამოჰპარვია და მას მუდმივი მეთვალყურეობისთვის მიუჩინა ორი აგენტი – „ფიკუსი“ და „მიხაელი“. ჟანდარმერიის მასალებში ამ პერიოდში სტალინი ფიგურირებდა „მერძევის“ („მალოჩნის“) ფსევდონიმით. ჟანდარმერია დიდხანს ცდილობდა ჯუღაშვილის წინააღმდეგ სამხილის მოპოვებას, მაგრამ დაბალი პროფესიული შესაძლებლობების მქონე აგენტები – „ფიკუსი“ და „მიხაელი“, ხშირად კარგავდნენ „მერძევის“ კვალს. ბოლოს და ბოლოს, 1910 წლის 30 მარტს, სტალინი დააპატიმრეს. იმავე წლის 23 სექტემბერს სტალინი ბაქოდან ვოლოგდაში გაგზავნეს, ხოლო ოქტომბრის ბოლოს სოლვიჩეგოდსკში დააბრუნეს. ამჯერად სტალინი ახალგაზრდა ქვრივ ქალთან, მარია კუზაკოვასთან ჩაასახლეს. ამ დროისათვის ჟანდარმერიას უკვე დადგენილი ჰქონდა სტალინის კავშირები რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა კავშირის ხელმძღვანელობასთან. ამიტომ იყო, რომ მარია კუზაკოვას სახლს თითქმის მუდმივად უთვალთვალებდნენ. მიუხედავად ამისა, სტალინი მაინც ახერხებდა კონსპირაციული შეხვედრების გამართვას. მოგვიანებით გავრცელდა ხმები, რომ სტალინს მარია კუზაკოვასაგან შეეძინა ვაჟი, რომელიც შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა.

ამჯერად, სოლვიჩეგოდსკიდან გაქცევა სტალინს აღარ უცდია, რადგან მას გადასახლების ვადა მალე უმთავრდებოდა. გადასახლების ვადის დასრულების შემდეგ, 1911 წლის ივლისში, სტალინი სოლვიჩეგოდსკიდან ვოლოგდაში ჩავიდა. ვოლოგდაში მას 2 თვე უნდა გაეტარებინა და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო, თავისუფლად გადაადგილების უფლება მიეღო. ჟანდარმერიას აინტერესებდა, ვისთან აპირებდა კავშირის დამყარებას ვოლოგდაში მყოფი სტალინი, რა გეგმები ჰქონდა სამომავლოდ. ამიტომ იყო, რომ ჟანდარმერიისა და „ოხრანკის“ აგენტები მუდმივად უთვალთვალებდნენ მას. „ოხრანკის“ მასალებში ამ პერიოდში სტალინი „კავკასიელის“ ფსევდონიმით მოიხსენიება. 6 სექტემბერს სტალინი პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე დღე დაჰყო და 1912 წლის 16 მარტს თბილისში დაბრუნდა. მალე კი თბილისიდან ისევ პეტერბურგს გაემგზავრა. პეტერბურგში ჩასულმა სტალინმა არალეგალური მოღვაწეობა განაგრძო. მას ჟანდარმერია და „ოხრანკა“ უკვე კვალში ედგა. ასე რომ, „კავკასიელის“ წინააღმდეგ ბევრი სამხილი დაგროვდა. ჟანდარმერიასა და „ოხრანკას“ კონტროლზე ჰყავდა სტალინთან კავშირში შემჩნეული ყველა ადამიანი, იცოდა იმ ბინების მისამართები, სადაც ჯუღაშვილი ღამეს ათევდა. მართალია, სტალინს ჟანდარმერია და ოხრანკა მუდმივად კვალში ედგა ვოლოგდიდან –პეტერბურგამდე, პეტერბურგიდან – თბილისამდე და თბილისიდან – პეტერბურგამდე მგზავრობისას, მაგრამ მისი დაპატიმრება მხოლოდ ამის შედეგი არ იყო. პეტერბურგში მყოფ სოციალ-დემოკრატთა შორის ჟანდარმერიას ბევრი აგენტი ჰყავდა, რომელთა შესახებაც, ცხადია, სტალინს არ შეიძლებოდა, რაიმე სცოდნოდა. სტალინის მორიგი დაპატიმრება მეტწილად ამ აგენტების დამსახურებაა. პეტერბურგში ჩასული ჯუღაშვილი ყალბი პასპორტით ცხოვრობდა და ეჭვიც არ ჰქონდა, რომ ამის შესახებ დაწვრილებით იყო ინფორმირებული ადგილობრივი ჟანდარმერია და „ოხრანკა“. სტალინი სრულიად მოულოდნელად დააპატიმრეს ერთ-ერთ შეკრებაზე 1912 წლის აპრილში. სტალინს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა იმაში, რომ იგი სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ჟანდარმერიისა და „ოხრანკის“ აგენტებმა გასცეს. ჯუღაშვილი გაასამართლეს და 3 წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. პატიმართა ჯგუფთან ერთად სტალინი ციმბირში, ქალაქ ტომსკში, 1912 წლის 18 ივლისს ჩავიდა, საიდანაც თბომავლით კოლპაშევომდე მიაღწია. კოლპაშევოში სტალინი ცოტა ხანს შეჩერდა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი გადასახლების ადგილას, ნარიმში ჩავიდა. ამ დროისათვის ნარიმში უკვე იმყოფებოდა პოლიტპატიმართა ერთი ჯგუფი. სტალინმა ბინა ორ გადასახლებულთან ერთად ეფროსინია ალექსეევას სახლში დაიდო.

ჯუღაშვილმა მორიგი გაქცევისთვის დაიწყო მზადება. გაქცევაში მას დახმარებას უწევდნენ იაკობ და აგაფონ ალექსეევები, რომლებმაც იგი არყითა და სურსათით მოამარაგეს. მათვე მისცეს სტალინს ნავი და ღამით მდინარემდე მიაცილეს. ამჯერად გაქცევა წარმატებით დამთავრდა. 1912 წლის 1 სექტემბერს სტალინმა იმ თბომავალზე მოახერხა ასვლა, რომელიც ტომსკში მიდიოდა. ტომსკიდან მატარებლით სტალინმა პეტერბურგამდე მიაღწია. ნარიმის გადასახლებაში მან სულ 38 დღე დაჰყო. 12 სექტემბერს სტალინი პეტერბურგში ჩავიდა, საიდანაც მალე თბილისში გაემგზავრა. იგი თბილისში დიდხანს არ დარჩენილა.

1913 წლის თებერვალში სტალინი კვლავ პეტერბურგში დაბრუნდა. მან წინა დაპატიმრების დროიდან უკვე იცოდა, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მყოფი ჟანდარმერიის აგენტები უთვალთვალებდნენ, მაგრამ ეჭვიც არ შეუტანია, რომ მისი მთავარი დამსმენი ცნობილი სოციალ-დემოკრატი რომან მალინოვსკი იყო. (მალინოვსკის აგენტურული საქმიანობა გაცილებით გვიან დადასტურდა). სწორედ მალინოვსკის წყალობით, 23 თებერვალს, ერთ-ერთ მეჯლისზე, სრულიად მოულოდნელად დააპატიმრეს სტალინი. 7 ივნისს მას ციმბირის შორეულ კუთხეში, ტურუხანსკში 4 წლით გადასახლება მიესაჯა. გადასახლების ადგილას სტალინი ივნისშივე გაემგზავრა. კრასნოიარსკში ჩასული, იგი თბომავალზე მოათავსეს, რომელიც მდინარე ენისეის აღმა მიუყვებოდა. ჯუღაშვილის გადასახლების ადგილი – ტურუხანსკის მხარე, ფართობით იმაზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია ერთად აღებული. თუმცა, იქ მხოლოდ 12 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. 26-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, 10 აგვისტოს, სტალინი ტურუხანსკის პროვინციის ცენტრში – მონასტირსკოეში ჩავიდა, საიდანაც სოფელ მიროედიხაში გადაიყვანეს, ორი კვირის შემდეგ კი იგი სოფელ კოსტინოში გადავიდა საცხოვრებლად.

სტალინი კვლავ გაქცევისათვის ემზადებოდა, თუმცა, ტურუხანსკიდან გაქცევა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. უკვე ნოემბრის დასაწყისში იქ ტემპერატურა მინუს 33 გრადუსამდე, ხოლო ზოგჯერ მინუს 50 გრადუსამდეც ეცემოდა. წარმატებული გაქცევისთვის ამ შემთხვევაში თბილი ტანსაცმელი და საგზალი საკმარისი არ იყო, აუცილებელი იყო დიდი რაოდენობით ფულიც, რის შოვნაც ჯუღაშვილს ძალიან გაუჭირდებოდა, თუ მას რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობა არ დაეხმარებოდა. 1914 წლის იანვარში სტალინმა მართლაც მიიღო 140 მანეთი, რაც სრულიად საკმარისი იყო ყალბი დოკუმენტების შესაძენად. სტალინისთვის ფულის გაგზავნა შეიტყო „ოხრანკის“ აგენტმა რომან მალინოვსკიმ. მალინოვსკისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ რუსეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ტურუხანსკში დეპეშა გაგზავნა და ადგილობრივ პოლიციას აცნობა, რომ სტალინი გაქცევისთვის ემზადებოდა. დეპეშის მიღების შემდეგ ჯუღაშვილი გადასახლების ახალ ადგილას – 290 კილომეტრით ჩრდილოეთით, სოფელ კურეიკაში გადაიყვანეს. ეს სოფელი არქტიკული პოლარული წრიდან 130 კილომეტრით იყო დაშორებული. კურეიკა, პრაქტიკულად, სოფელიც არ იყო. იქ ერთმანეთის მონათესავე 38 მამაკაცი და 29 ქალი რვა ქოხში ცხოვრობდა. კურეიკაში სტალინი ალექსი და ანტისა ტარასევების ქოხში დააბინავეს. 1914 წლის 27 აპრილს ჟანდარმერიამ მიიღო ცნობა, რომ სტალინი გაქცევას აპირებდა. ამის მიზეზი გამხდარა ის, რომ ჯუღაშვილი ხშირად თხოულობდა ნავს ფიოდორ ტარასევისაგან. მალე მდინარე ენისეიზე ნაოსნობა გაიხსნებოდა, ამიტომ იყო, რომ ჟანდარმერიამ სტალინს მდინარეზე ნავით სეირნობა აუკრძალა.

გადასახლებიდან სტალინის გაქცევით დიდად იყო დაინტერესებული რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ხელმძღვანელობა. 1915-1916 წლებში სტალინმა პარტიისგან გაქცევისთვის აუცილებელი სოლიდური თანხა მიიღო, თუმცა, გაქცევა მიანც ვერ მოახერხა.

1915-1916 წლის ზამთარი სტალინმა ახალ ბინაზე, პერეპრიგინების ქოხში გაატარა. გაზაფხულდა თუ არა, მან ისარგებლა იმით, რომ მდინარე ენისეი ჯერ კიდევ გაყინული იყო და მარხილით კურეიკადან მონასტირსკოეში გაემგზავრა, მაგრამ გაქცევა ჯუღაშვილმა ამჯერადაც ვერ შეძლო.

1916 წლის ოქტომბერში სხვა გადასახლებულებთან ერთად სტალინი პირველ მსოფლიო ომში გაიწვიეს. მას, მართალია, ომში წასვლა არ ეპიტნავებოდა, მაგრამ თანხმობა მხოლოდ იმიტომ განაცხადა, რომ ტურუხანსკიდან თავის დაღწევა სურდა. 12 დეკემბერს სტალინი გადასახლებულთა ჯგუფთან ერთად კრასნოიარსკში გაემგზავრა. გადასახლებულებს ირმებშებმული მარხილებით უნდა ემგზავრათ. სტალინი მგზავრობას სხვადასხვა მიზეზით განგებ აჭიანურებდა. ამის გამო ხშირად ერთ ადგილზე ორი-სამი დღე ჩერდებოდნენ. ომში გაწვეულმა გადასახლებულებმა კრასნოიარსკში მხოლოდ 1917 წლის 9 თებერვალს ჩააღწიეს. პოლიციისგან გადასახლებულები სამხედროებს უნდა მიეღოთ, რასაც რამდენიმე დღე დასჭირდა. სამხედრო სამედიცინო კომისიამ იოსებ ჯუღაშვილი მკლავის დაზიანების გამო სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად მიიჩნია. 16 თებერვალს ჯუღაშვილმა ენისეისკის გუბერნატორს თხოვნით მიმართა, გადასახლების დარჩენილი 4 თვე სოფელ აჩინსკში გაეტარებინა, რაზეც თანხმობა მიიღო. აჩინსკში სტალინი 21 თებერვალს ჩავიდა. ეს ის დრო იყო, როდესაც რუსეთში რევოლუცია მძვინვარებდა. იოსებ სტალინს გადასახლების ვადის დასრულება აღარ მოუხდა – რევოლუციამ რომანოვების იმპერიას ბოლო მოუღო: 1917 წლის 2 მარტს იმპერატორი ნიკოლოზ მეორე ტახტიდან გადადგა. 12 მარტს პეტროგრადში (ამ პერიოდისთვის უკვე ასე ერქვა პეტერბურგს) ჩავიდა ყოფილი პოლიტპატიმარი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი – რუსეთის მომავალი მმართველი.



ვახტანგ გურულის

მასალების მიხედვით მოამზადა

ანრი შავლაძემ


скачать dle 11.3