კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უფლის ჯვარი კაცობრიობის მხსნელია


დღეს ჩვენ ვზეიმობთ პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლებას და კეთილმსახურებით თაყვანს ვცემთ ჩვენი ცხონების ამ დიად ნიშანს. ბოროტებამ, უმეცრებამ დამარხა ის მიწაში და ნაგვითა და უწმინდურებით შებილწა. სარწმუნოებამ, კეთილმსახურებამ მოიპოვა იგი და მთელ ქრისტიანულ სამყაროს შესძინა პატივის საცემად. ვაღიაროთ, რომ ეს ღვთის წყალობაა ჩვენდამი, და ზეაღპყრობილი გულით ვადიდოთ უფალი.

მაგრამ ეკლესიის დღესასწაულის მიმართ ამგვარად განწყობილთ ჩვენი თავიც არ უნდა დაგვავიწყდეს. უფლის ჯვარი მთელი საქრისტიანოს დიდებაა; ყოველი ჩვენგანი კი თავისი ჯვრით იდიდება. უფლის ჯვრით მთელი კაცობრიობის გამოხსნა აღსრულდა, ხოლო თითოეული ჩვენგანი თავისი ჯვრით ცხონდება. სწორედ ამას გულისხმობს უფალი, როცა ამბობს: ვისაც ცხონება სურს, „აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8,34).

ჯვრის აღება ნიშნავს, რომ ის აღმართული უნდა გვქონდეს. ასე რომ, ვისაც საცხონებლად სურს ჯვრის ტვირთვა, ამაღლებული უნდა ეპყრას. რამეთუ, როგორც უფლის ჯვარი იყო დაფლული ხაროში და ზედ ნაგავი ეყარა, ასევე ჩვენი ჯვრები შეიძლება დაემხვნენ ჩვენი ამპარტავნებისა და დაუდევრობის გამო. თუ ასეა, ცხონებას კი არა, წარწყმედას მოვიმკით ჯვრისადმი ასეთი დამოკიდებულებით; თუმცა ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ამგვარად სულს იცხონებს.

ჩავუკვირდეთ თავს და გამოვიძიოთ, როგორ გვიპყრია ჯვარი: ზეაღმართული გვაქვს ის, თუ ქვედადრეკილი, დაუდევრობით დათრგუნული? ამასთანავე, უეჭველად გამოვიძიოთ: რა არის ჩვენი ჯვარი და რა შეადგენს მას.

ჩვენს ჯვარს შეადგენს ყოველივე, რაც აწუხებს, ამძიმებს სულს და რაც ჰგვემს გულს ღმერთთან აღსავალ გზაზე მთელი ჩვენი ცხოვრება, ყოველდღიურად.

1) ჩვენი ჯვარი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ბუნების უძლურებაა და მისი ძალების ნაკლულოვანება: გონების შორსგაუმჭვრეტელობა და განსჯის უმწიფრობა, ენერგიის სიმწარე ნებელობაში და ნების უძრაობა მოვალეობის აღსრულებისას, საცნობელთა (გრძნობების) გადამეტებული სწრაფვა იმისკენ, რისკენაც არ უნდა ისწრაფოდნენ. მეტადრე კი, თვითებისა და ამპარტავნების ნაშიერთა, ვნებებისა და ყოველგვარ ხორციელ გულისთქმათა ლაშქარია ჩვენი ჯვარი. გაღვიძებული სული ხედავს ყოველივე ამას თავის თავში, უმძიმს ეს და ისევე უტვირთავს ეს სიმძიმე, როგორც დამნაშავეს, რომელსაც სასჯელად ზურგზე აჰკიდეს გახრწნილი გვამი. ეს ცოდვით დაცემული კაცობრიობის ჯვარია, ანუ ჩვენი ჯვრის ერთი მკლავი (ქიმი, წვერი).

2) ჩვენი ჯვრის მეორე მკლავი ყოველგვარი ცხოვრებისეული უსიამოვნება და განსაცდელია. ჩვენ ვცდილობთ, ყველასთან კეთილსასურველი ურთიერთობა გვქონდეს და წარმატებას მივაღწიოთ ყველა საქმეში, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში თითქმის გამუდმებით ხდება სამწუხარო, ზოგჯერ კი უბედური შემთხვევები. ჩვენ უსიამოვნებების თავიდან აცილებას ვცდილობთ, ვებრძვით წინააღმდეგობებს და სიცოცხლეს ვიხანგრძლივებთ იმ კაცის მსგავსად, ძეძვიანში რომ დადის და დროდადრო ეკლები უკაწრავს სხეულს, – ეს ცხოვრებისეული ჯვარია.

3) ჯვრის მესამე მკლავი ჩვენი ვალდებულებებია. ყოველ ჩვენგანს თავის მოვალეობა აქვს. ყოველი ვალდებულება საქმეებში სრულდება. ყოველი საქმე მოითხოვს შრომასა და მოთმინებას, თავიდან ბოლომდე მიყვანას იმ თანამიმდევრობით, ისე, როგორც ამას საქმის არსი მოითხოვს, და მასთან დაკავშირებული გარდაუვალი წინააღმდეგობების დაძლევას. გამოდის, რომ ჩვენთვის სავალდებულო ყოველი საქმე ტვირთია, ხოლო საქმეთა ერთობლიობა შეადგენს მოვალეობის არცთუ მსუბუქ უღელს, რომელიც გვადევს და სამარის კარამდე უნდა ვატაროთ. მოდი, ამას უფლის, საზოგადოებისა და მოყვასის მსახურების ჯვარი დავარქვათ.

ამქვეყნად არავინაა ისეთი, ეს სამი ჯვარი, უფრო სწორად, თავისი სამმკლავიანი (სამნაწილიანი, სამშემადგენლიანი) ჯვარი რომ არ ეკიდოს ზურგზე. მაგრამ ერთნი ჯვარს საცხოვნებლად ტვირთულობენ, მეორენი კი წარსაწყმედად. უფალი გვკიდებს ჯვარს და სურს, რომ მის მიერ ვცხონდეთ; და თუკი ვინმე ჯვრისგან თავის დაღწევას შეეცდება, სასიკვდილოდ მოიწყლავს თავს. ეს უმეცრება იქნება და უფლის მაცხოვრებელი მადლის მზრუნველობითი ნიშნების უგულებელყოფა. უფალს სურს, რომ თავის თავთან ბრძოლით კარგისა და ცუდის გარჩევის გამოცდილება შევიძინოთ და ცოდვისგან განვიწმიდოთ, მოთმინებით ავიტანოთ ცხოვრებისეული განსაცდელები, ჩვენი სიმდაბლით ვეწიოთ ღვთის წყალობას და შეწყალების ღირსები გავხდეთ, რათა ყველა სიძნელე დავძლიოთ, ჩვენი ვალი აღვასრულოთ და ღირსებით მოვიმუშავოთ გვირგვინი სიმართლისა. ამრიგად, უფლის ამ კეთილ განზრახვათა საგრილობელში მყოფთ თუკი სწორედ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენს ჯვართან, მაშინ ის საცხონებლად გვიტვირთავს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ჯვარი არა საცხოვნებლად, არამედ წარსაწყმედად გვიდვია თავს.

ადამიანი დაეცა ცოდვით და არა სრულყოფილების, ვნებებისა და გაუკუღმართებული ხორციელი აღძვრების თესლები გადმოეცა. მაგრამ სული მისი, რომელსაც თავისი მაღალი დანიშნულება აქვს, მრთელი დარჩა მასში. მისი მოვალეობა ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაა. თვითონ სული უძლურია, მაგრამ უფალმა შემწედ მოგვანიჭა ქრისტეს წმიდა სარწმუნოებით დაარსებული მაცხოვნებელი დაწესებანი. ვინც რწმენით განათლდება და საეკლესიო საიდუმლოებაში საცხონებელ ძალებს იკრებს, შინაგანი და გარეგანი ღვაწლით ებრძვის ვნებებსა და გულისთქმებს, რათა მოაკვდინოს ისინი და თავდაპირველ სიწმიდეს მიაღწიოს, საცხოვნებლად ტვირთულობს ცოდვით დაცემული კაცობრიობის ჯვარს. ვინც პირიქით, თვითონ ეძლევა ვნებებსა და ჟინს, მათივე შხამით იგესლება და იღუპება. ჯერ არს, რათა ჩვენი ვნებიანი შინაგანი ადამიანი ვაცვათ ჯვარს ჩვენს გულში, – გვამცნებს მოციქული, – ვნებებს მიცემულნი კი თვითონ ეცმებიან ჯვარს თავიანთ ვნებებზე. იესო ქრისტეს ჭეშმარიტების აღსრულება ნიშნავს, განვიშოროთ „ძუელი იგი კაცი გახრწნილი გულისთქუმისა მისებრ საცთურისა...“ და შევიმოსოთ „ახალი კაცი ღმრთისა მიერ დაბადებული, სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაითა“ (ეფეს. 4.22-24). ხოლო ვნებებს აყოლილნი ღვთის ჭეშმარიტებას სიცრუედ აქცევენ, რამეთუ „ვლენან ამაოებითა გონებისა მათისაითა... წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგარებისა“ (ეფეს. 4.17-19).



წმიდა თეოფანე შეყენებული


скачать dle 11.3