კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცოდვა აღემატება მღვდლის მიერ ჩადენილ ყველა სათნოებას


ეკლესია სულიწმიდის გარდამოსვლით დაარსდა, იყო დრო, როდესაც მხოლოდ იმისთვის სდევნიდნენ ადამიანს, მხოლოდ იმისთვის ასახლებდნენ და იმისთვის უსჯიდნენ სიკვდილს, რომ ქრისტიანის სახელი ერქვა. თუმცა ქრისტიანები მზად იყვნენ, წამება დაეთმინათ და არც სიკვდილს ერიდებოდნენ, არც ერთობლივ ლოცვას აკლდებოდნენ. მათი უკანასკნელი სურვილი ზიარების წმიდა საიდუმლოში მონაწილეობა იყო. როგორ ლოცულობდნენ და ეზიარებოდნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ძველი ქრისტიანები, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):



– უძველესი ლიტურგიები და ძველქრისტიან აპოლოგეტთა თხზულებები მოწმობს, რომ ღვთისმსახურებისას ტაძარში, ქრისტეს სისხლსა და ხორცს იღებდა ყველა იქ მყოფელი, ეპიტიმიით დასჯილთა გარდა, ხოლო ავადმყოფებს ღვთისმსახურნი სახლში მიართმევდნენ ხოლმე ზიარებას. მომდევნო საუკუნეებში, როცა მოწამეობა მოღვაწეობით შეიცვალა, ისინი, ვისაც სურდა, სრულად მიეძღვნა საკუთარი თავი ღვთისთვის, მონასტრებსა და უდაბნოებში განმარტოვდებოდნენ ხოლმე. ეკლესიამ კი განსაკუთრებული კანონით დართო ნება სკიტელებსა და განდეგილებს, სენაკებში ჰქონოდათ წმიდა ძღვენი და იქ მიეღოთ ის. შესაბამისად, არსებობს გარკვეული ლოცვები, რომლებსაც ასეთ შემთხვევაში კითხულობდა ბერი.

– მამაო, შეიძლება თუ არა, ადამიანი ხშირად ეზიარებოდეს, იღებდეს უფლის სისხლსა და ხორცს?

– ზიარება ღმერთის მოწყალების უდიდესი გამოვლინებაა. იობის წიგნში ვკითხულობთ, რომ უფლის წინაშე მისი ანგელოზებიც არასრულყოფილნი არიანო. ჩვენ, ადამიანები კი, ღმერთის წინაშე ყველანი ცოდვილები ვართ და ყველა ჩვენგანს შეწყალება სჭირდება. რას ნიშნავს, იყო წმიდა საიდუმლოთა ღირსი? – კითხულობს იოანე ოქროპირი და იქვე პასუხობს: – ეს იმას ნიშნავს, საკუთარ უღირსებას ხედავდეო. ანგელოზსაც რომ მოენდომებინა ზიარება არა უფლის მოწყალებით, არამედ საკუთარი ანგელოზებრივი ბუნების სიწმიდის ამარა და იმის იმედით, რომ საქმით არ უცოდავს, ისიც განიგდებოდა ღმერთის მიერ. ანუ, ზიარება განუზომლად აღმატებულია იმაზე, რაც ეკუთვნის არა მხოლოდ ადამიანთა, არამედ ანგელოზთა ღირსებებსაც კი. ზიარებისას კი მთავარი სინანულია.

– ხშირად მღვდელი ადამიანს აღსარების შემდეგ ეპიტიმიას ადებს, რაც ზიარებაზე უარის თქმით გამოიხატება.

– საერთოდ, მღვდელი აღსარების მიღების დროს წყვეტს, დაუშვას თუ არა მორწმუნე ზიარებაზე. როცა ადამიანს ისეთი ცოდვები აქვს, რომ მოსანანიებლად დრო სჭირდება, მას ეპიტიმიას ადებენ. თუ მორწმუნეს ადევს ამგვარი ეპიტიმია, ან თუ ის სათანადოდ არ არის მომზადებული ზიარებისთვის, მას არ აზიარებენ – არ არსებობს წმიდა ბარძიმისგან განყენების სხვა მიზეზი. ეკლესიის ყველა წევრს თავისი უფლებები და ვალდებულებები აქვს. წმიდა საიდუმლოებებში მონაწილეობა ერისკაცის უფლებაა, თუ, რა თქმა უნდა, ამას ხელს არ უშლის რაიმე მიზეზი, რომლის გამოც, ეკლესიის კანონების მიხედვით, დაუშვებელია ზიარება. ჯერ კიდევ გრიგოლ ღვთისმეტყველი აღნიშნავდა, რომ მღვდლობა არის თვითნებური მაგისტრატურა, რომელიც თავის ყოველ სიტყვას კანონად მიიჩნევს. ზიარებას „პური ცხოვრებისა“ ჰქვია და, განა შეუძლია მღვდელს, უარი უთხრას პურზე მშიერს?! ზიარება ჩვენი სულების ზეციური წამლობაა – განა შეუძლია მწყემსს, უარი უთხრას სნეულს: იმის გამო, რომ ავად ხარ, წამალს არ მოგცემთო?! საერთოდ, აღსარებისას ჩვევად იქცა იმის კითხვა, თუ როდის ეზიარა აღმსარებელი და, თუ აღმოჩნდა, რომ ეზიარა არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ყოველგვარი კანონიკური საფუძვლის გარეშე ართმევდნენ მას ზიარების უფლებას, მიზეზად კი იმას ასახელებდნენ, რომ ხშირი ზიარებით ადამიანი მოწიწებას კარგავს, ხოლო, რაც უფრო იშვიათად ეზიარება კაცი, უფრო მოკრძალებული ხდებაო. წმიდა იოანე ოქროპირსა და სხვა წმიდა მამათა მოწმობით, ზიარების მიღების საკითხში სამსახურებრივი პრივილეგია არ არსებობს და მღვდელმსახურიც ეზიარება არა როგორც განსაკუთრებული უფლებების მქონე, თავის ხარისხით სხვებზე აღმატებული პირი, არამედ, როგორც მონანიე ცოდვილი. ჩვენ ვერ ვიპოვით ვერც ერთ მაგალითს იმისას, რომ ადამიანი, რომელიც იშვიათად ეზიარება, მეტი კრძალვით ეკიდებოდეს სიწმიდეს, ვიდრე ის, ვინც ხშირად ეზიარება. პირიქით, მათი სული, ვინც იშვიათად ეზიარებიან, უხეშდება, ველურდება, უგრძნობელი ხდება.

უნდა ითქვას, რომ ქრისტიანობის პირველ წლებში ქრისტიანთა ცხოვრება გაცილებით უფრი მაღალსულიერი და დინამიკური იყო, მადლის მოქმედებებიც ბევრად საგრძნობი და აშკარა იყო, ვიდრე დღეს არის. მაგრამ, ამავე დროს, ღმერთის ნებით, ბნელეთის ძალები ისეთ ხანგრძლივ და სახიფათო გამოცდას უწყობდნენ კაცს, რომლის გაძლებასაც ჩვენ ვერ შევძლებთ. ამიტომ, ასეთ ინტენსიურ სულიერ ბრძოლაში, ზიარებისგან განყენებული ადამიანი თითქოს ფიზიკურადაც შეიგრძნობს დემონთა სამყაროს შემოტევას. ჩვენი სისუსტის გამო დღეს უფალი არ მოუშვებს ასეთ განსაცდელს ჩვენზე, ეშმაკი დღეს ვერ მოქმედებს ადამიანის სულზე ისე აშკარად, როგორც ძველ დროში – მისი ტაქტიკა ახლა უფრო მზაკვრული და შეფარულია, ზიარების გარეშე ეშმაკის წინააღმდეგობის დაძლევა კი შეუძლებელია. პატერიკონში ვკითხულობთ, რომ, როცა წმიდა ბერმა ლოცვის ძალით უბრძანა დემონს, ეთქვა, თუ რისი ეშინოდა ყველაზე მეტად, ბოროტმა სულმა უპასუხა: იმის, რითაც თქვენ განიბანებით (ნათლობის საიდუმლო), იმის, რაც თქვენ გკიდიათ (ჯვარი) და იმის, რასაც თქვენ ჭამთ (ზიარება), მაგრამ უკანასკნელი ყოველივეზე საშინელიაო. ასე რომ, დემონისთვის ყველაზე საშიში, ხოლო კაცთათვის ყველაზე მაცხოვნებელი არის ზიარება. ამიტომ ცდილობს კაცობრიობის მტერი, ყოველგვარი ძალა იხმაროს, რომ ადამიანი წმიდა ბარძიმთან არ მიუშვას.

ადამიანის წმიდა ძღვენისგან განყენება შეუნანებელი ცოდვის მიმართ გამოყენებული ერთ-ერთი უკიდურესი საშუალებაა, რომლითაც ეკლესია მის გულში სინანულის გაღვივებას ცდილობს. ღირსი მაკარი დიდის ცხოვრებაში მოთხრობილია ერთი მღვდლის დასჯის შესახებ, რომელიც თავისი მრევლის წევრებს უსამართლოდ განაყენებდა ზიარებისგან, რაც ბევრის ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი ხდებოდა. იოანე ოქროპირი ამბობს, თუ მღვდლის მიზეზით უზიარებელი ადამიანი გარდაიცვალა ვინმე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მღვდელმა თავი წარწყმიდაო, ესე იგი, ეს ერთი ცოდვა მთელს მის სათნოებებს აღემატება. წმიდა იოანე კრონშტადტელი წერს, რომ, იმის მიხედვით, თუ რა ხალისითა და მოშურნებით მიდის მღვდელი სნეულთა საზიარებლად, მის რწმენასა და სულიერებაზე შეგვიძლია მსჯელობა. რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ცოდვლის დროებით განყენება ზიარებისგან და მისი ეპიტიმიით დასჯა, მაგრამ კაცმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რისთვის დასაჯეს, რას ითხოვს მისგან და რა უნდა გამოასწოროს. ზიარების შემწეობის გარეშე ადამიანი იოლად მიიდრიკება ცოდვისკენ, ცოდვა კი სულის სიკვდილია. საეკლესიო ლოცვის თანახმად, ადამიანი ეზიარება საკურნებლად სულისა და ხორცისა, მის ცოდვებს ზიარების ცეცხლი წვავს, სხეული იკურნება მასში დაბუდებული მრავალი სენისგან და, თუ ღმრთის განგებით საჭიროა, რომ კაცმა სულიერი და ფიზიკური ტანჯვა დაითმინოს, ზიარება მას სნეულების გმირულად გადატანის ძალას ანიჭებს და ეხმარება, რისთვისაც ადამიანი ყოველთვის უნდა მადლობდეს უფალს და განადიდებდეს.


скачать dle 11.3