კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცხოვრობს გოგიჩას სახლში სამი ოჯახი და რა ნივთებით გაუვსო მას ცოლმა სახლი


ნათია ბანძელაძე: ამ სახლში სამი ოჯახი ვცხოვრობთ, ფართიც შესაბამისად გვაქვს განაწილებული. ბინის მოწყობაზე ძირითადად მე და ნანუკამ ვიზრუნეთ, მაგრამ გოგიჩასაც ვეკითხებოდით აზრს – გვინდოდა, ჩვენს მამიკოსაც მიეღო მონაწილეობა ამ საქმიანობაში, რადგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ერთსულოვნად ჯობია, რომ ამ ყველაფერს ოჯახი ერქვას. გოგიჩამაც უკვე წინასწარ იცის, რა უნდა თქვას. მაგრამ მაინც დაფიქრდება ხოლმე და ჩვენი პატივისცემით, ბოლოს ყველაფერზე გვეთანხმება. საერთოდ, ვფიქრობ, სახლი მაშინ არის შენი, როცა იქ მყოფ ნივთებს სული აქვს და შენიანებად მიგაჩნია. ჩემთვის აქ ყველაფერი ცოცხალია. არ არის აუცილებელი, ძალიან მაგარი რემონტი გქონდეს და ულტრათანამედროვე ავეჯით იყოს სახლი გავსებული. ასეთი სახლებიც მინახავს, მაგრამ იქ თავი კომფორტულად ვერ მიგრძვნია.

შემიძლია, ყველა ნივთის ისტორია მოგიყვე. სათითაოდ ვეფერები ხოლმე (იცინის). მართლა. სხვისთვის ამ ნივთებს შეიძლება, არანაირი ღირებულება არ ჰქონდეს, მაგრამ მე ყველა მათგანთან რაღაც მაკავშირებს. მაგალითად, მახსოვს, როგორ ინაწილებდნენ გოგოები საწოლებს. რომელიც ნანუკას მოსწონდა, ის უნდოდა ნინუცასაც. სერიოზული დავა იყო. იმასაც ვერ ვწყვეტდით, რომელ კუთხეში დაგვედგა საწოლები. ხედავ, ალბათ დიზაინითაც განსხვავებულებია. ბოლოს ისევ პატარამ, ნინუცამ დათმო. ახლა ნინუცა გერმანიაშია და მისი იოც მოწყენილია.

– რბილი სათამაშოები ალბათ სულ ნინუცას საკუთრებაა.

– არა მხოლოდ მისი, მეც ძალიან მიყვარს. სულ ახლახან, დაბადების დღეზე, გოგიჩამ ისევ რბილი სათამაშო მაჩუქა. მერე აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ძალიან ბევრია და გაჩუქებაც დავიწყეთ, მაგრამ ყველას ვერ ველევით.

– ეს საოცარი, მინიატურული კინოკამერა თქვენს სახლში როგორ აღმოჩნდა?

– როგორ და, მე მოვიპოვე (იცინის) ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გოგი გეგეშიძემ დაგვიბარა თავისთან და ოთახში შესვლისთანავე დავინახე. მაგიდაზე ედო. დავინახე და თვალები დამიტრიალდა (იცინის). მიხვდა, ბატონი გოგი, რომ შევიშალე და მაშინვე მითხრა, რადგან ასე მოგეწონა, შენი იყოსო. ცოტა კი „ვიჭიდავე“ ზრდილობის გამო, მაგრამ უარს როგორ ვიტყოდი. თან, ძალიან მთხოვა, წაიღეო. სხვათა შორის, სხვაგან არსად მინახავს მეორე ასეთი. როგორ არ მიყვარდეს? ეს „ბათინკიც“ მიყვარს, თან – ძალიან. გოგიჩას დისშვილი პირველად რომ იყო უცხოეთში, მე ჩამომიტანა, როგორც უცნაური ნივთების მოყვარულს.

– თქვენს ბინაში ძალიან ძველ ნივთებსაც ვხედავ.

– ყველას გვიყვარს ძველი ნივთები. ეს ბუხარი, მაგალითად, ძალიან ძველია. გიორგიც და ჩემი მულიც პატარები იყვნენ, როცა ეს ნივთი ამ ოჯახში შემოვიდა. მგონი ვიღაც აგდებდა და ჩემმა მამამთილმა გადაარჩინა. ჩვენ ცოტა გავათანამედროვეთ და ელექტროქურად ვაქციეთ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს სითბოს. ისეთი მძიმეა, ძლივს გადმოვიტანეთ ამ ბინაში და ცოტა დაზიანდა. ძალიან მიყვარს. ასეთი ბუხარი, ჩემს ბავშვობაში, პუშკინოში მაქვს ნანახი და ძალიან გამიკვირდა, როცა გოგიჩას გავყევი და მასთან სახლში ზუსტად ისეთივე დამხვდა. ორი საუკუნის მაინც იქნება, თუ მეტის არა.

– შენ ხშირად დადიხარ მივლინებებში, თითქმის მთელი მსოფლიო გაქვს მოვლილი. სახლისთვის რა ჩამოგაქვს?

– დავიწყოთ იმით, რომ იქ ბევრი ფული არასოდეს არ მაქვს. მაგრამ მაინც ვახერხებ რაღაცეების ყიდვას. მაგალითად, სამზარეულოს ჭაღი ეგვიპტეში ვიყიდე.

– მე შენი შემოქმედება მეგონა.

– არა. ეგ კაცუნები, ზედ რომ ჰკიდია, ბანანის ქერქისგან არის დამზადებული და ჩემი უსაყვარლესი მეგობრები არიან. ჩემმა მამამთილმა, რადგან დაინახა, რომ ასე ძალიან მომწონდა, სიმინდის ფუჩეჩისგან გამიკეთა კიდევ რამდენიმე და მათ კედელზე მივუჩინეთ ადგილი. ერთი მათგანი მე ვარ, მიკროფონი მიჭირავს. დანარჩენებიც ჩვენი ოჯახის წევრები არიან. ამ ჭაღმა სამზარეულო დანარჩენი ოთახისგან გამოყო და მგონი საკმაოდ ორიგინალური გამოვიდა. დანარჩენი სამი ჭაღი, რომლებიც ოთახის ჭერზეა გადანაწილებული, ერთი ძველი ჭაღიდან შევქმენით, დავშალეთ ის და გამოვიდა სამი ერთნაირი.

ეგვიპტიდან მაქვს ჩამოტანილი ეს ძველი გასაღებებიც. ჩემმა დედამთილმა იხუმრა, რომ მკითხავენ, რძალმა რა მოიტანა მზითევშიო, მეც ვეტყვი, ორი ჟანგიანი გასაღები-მეთქი. (იცინის).

– ეგვიპტიდან ხალხს ოქრო ჩამოაქვს...

– ოქროც ჩამოაქვთ, ძვირფასი თვლებიც. მე ჟანგიანი გასაღებები ჩამოვიტანე, მაგრამ ძალიან მომწონს და სახლსაც მოუხდა, ვგიჟდები ისე მიყვარს. პატარა ზღაპარივით არის და არავის რჩება შეუმჩნეველი, ყველას მოსწონს, თანაც, დადებითი აურა აქვს. ეგვიპტიდან მაქვს ჩამოტანილი ის სანათიც, ფერად ბუშტებს რომ ჰგავს. შუშის არის და ხელითაა დამზადებული. პირით არის გაბერილი თითოეული ბუშტი ცალ-ცალკე. „ლუქსორში“ მაქვს ნაყიდი. 250 დოლარი დამიფასა და ბოლოს 35 დოლარად ვიყიდე. ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ არ იყიდო, მოგკლავთო (იცინის). მე ეტლში ვიჯექი, გამყიდველი კი ფეხდაფეხ მომდევდა და თან მიკლებდა და მიკლებდა ფასს. ისეთი მძიმეა, სულ ხელით ვატარე.. ერთი სიტყვით, ამ სახლში ყველაფერი მეც მიყვარს და გოგიჩასაც.

– ყველზე ძვირფასი რა ჩამოგიტანია უცხოეთიდან?

– ხომ გითხარი, ის ჟანგიანი გასაღებებიც კი ძალიან ძვირფასია-მეთქი ჩემთვის. ბოლოს ყატარიდან ჩამოვიტანე საათი, რომელიც ემირმა გვაჩუქა ყველას სახსოვრად. ალბათ, ძალიან ძვირფასია, მაგრამ მე გიორგის ნაჩუქარი მირჩევნია და ის მიკეთია.

– ეს ნიანგი ნამდვილია?

– ნამდვილია. ჩემს მეგობარს ჩამოუყვანა ქმარმა დიდი ამბით. იმას კი ეშინია ასეთი რაღაცეების და ჩვენ გვაჩუქა. ძალიან გამიხარდა. ასე გახდა ნიანგი ჩვენი ოჯახის წევრი, მაგრამ, ინვალიდია ერთი თათი მოჭმული აქვს – ჩვენ ძაღლი გვყავდა – ჯესი. ამ ფიტულს, რომ ვეფერებოდით ვერ აიტანა ჩვენი ემოცია, იეჭვიანა და ფეხი მოაკვნიტა.


скачать dle 11.3