კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ზუგდიდის სამშენებლო ტრესტის მუშა ზუგდიდის რაიონული პროკურორი


ისინი, ლევან ხუხუა, ტერენტი კოკაია და კონსტანტინე არნანია პროკურორები არიან (განა უბრალო, რაიონული მასშტაბის!). მათგან უხუცესი (კონსტანტინე არნანია) 1968 წელსაა დაბადებული, დანარჩენი ორი კი, სრულად აკმაყოფილებს (ასაკის თვალსაზრისით) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატივს (ანუ ფრიად და მეტად ახალგაზრდები ბრძანდებიან), ოღონდ, ერთმანეთისგან ის განასხვავებს, რომ თვისებრივად ერთსა და იმავე საქმიანობაში, რატომღაც, სრულიად განსხვავებულ ანაზღაურებას იღებენ.


ლევან ხუხუა

1977 წელს წელს დაბადებული ლევან ხუხუა ფოთის რაიონული პროკურორი 2006 წლიდანაა. მან ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა (1999 წელს), შემდეგ კი – ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტიც და მენეჯერის კვალიფიკაციაც მიენიჭა. მისი შრომითი ბიოგრაფია 2001 წელს დაიწყო – ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში სტაჟიორად; 2002 წელს ზუგდიდის რაიონული პროკურორის თანაშემწედ გადაიყვანეს (2004 წლამდე); 2004 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი გახდა; 2005 წელს – საგამომძიებლო ნაწილის უფროსიც; 2006 წელს კი, როგორც მოგახსენეთ, ფოთის რაიონულ პროკურორადაც დაინიშნა.

2008 წელს ლევან ხუხუამ დეკლარაცია ფოთის რაიონული პროკურორის ამპლუაში შეავსო და მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა ფოთი, გორგასლის ქუჩა, ოჯახის წევრებად კი – 1978 წელს დაბადებული მეუღლე, თამარ სურგულაძე; დედა – ციცინო ჯიჯელავა და მამა – ზაალ ხუხუა.

დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის საცხოვრებელი ბინა ფოთში, გორგასლის ქუჩაზე; სამაგიეროდ, ვიგებთ, რომ ციცინო ჯიჯელავას საკუთრებაა საცხოვრებელი სახლი ზუგდიდში, 50 000 ლარად ღირებული, აგრეთვე, 6 000 ლარად შეფასებული ავეჯი. ზაალ ხუხუას საკუთრებაა მიწის ნაკვეთი ზუგდიდის რაიონში, 10 000 ლარად ღირებული, თავად ლევან ხუხუას კი მხოლოდ მიწის ნაკვეთი აქვს ზუგდიდში, ისიც „საგარაჟე“ ადგილად, რომლის ფასიც 5 000 ლარია.

ბანკში ანაბარი მხოლოდ ზაალ ხუხუას აქვს გახსნილი, რომელზეც 2008 წელს 200 ლარს ინახავდა, დეკლარაციის შევსების დროს მხოლოდ მასვე ჰქონდა ნაღდი ფული – 4 500 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებას, მაშინ, როდესაც ლევან ხუხუა ფოთის რაიონული პროკურორი გახლდათ, მისი მეუღლე ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში მუშაობდა ექიმად, ქ-ნი ციცინო კი – ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგად. შესაბამისად, 2007 წლის განმავლობაში, ლევან ხუხუას წლიურმა საპროკურორო ანაზღაურებამ 22 800 ლარი შეადგინა, ქ-ნი ციცინოს წლიურმა პედაგოგიურმა შემოსავალმა – 1 908 ლარი, თამარ სურგულაძეს კი ხელფასი არ მიუღია, რაც გვაფიქრებინებს, რომ 2007 წელს ის უმუშევარი გახლდათ.

ფოთის მთავარ პროკურორს 2007 წელს „თი ბი სი ბანკიდან“ სესხიც გამოუტანია – 5 500 აშშ დოლარის ოდენობით და 3 წლის ვადით.

2009 წელს შევსებული დეკლარაციის ქონებრივ ნაწილში არანაირი ცვლილება არ არის, სამაგიეროდ, ფოთის რაიონულ პროკურორს ქალიშვილი – ანა – შეეძინა, რომელსაც „პროკრედიტ ბანკის“ საბავშვო ანაბარზე 50 ევრო ერიცხება.

დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდი ფულის სახით, ზაალ ხუხუას ჰქონდა: 8 500 ლარი და 6 700 აშშ დოლარი, თამარ სურგულაძეს კი – 5 000 ლარი, 4 200 აშშ დოლარი და 800 ევრო.

ხუხუას ოჯახის წევრები 2009 წელსაც იმავე სამსახურებში არიან დასაქმებულნი, სიახლე მხოლოდ ისაა, რომ მუშაობა ბ-ნ ზაალსაც დაუწყია (ზუგდიდის კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანების მთავარ ოპერატორად). შესაბამისად, 2008 წლის განმავლობაში ლევან ხუხუას საპროკურორო შემოსავალმა 26 520 ლარი შეადგინა, ბ-ნი ზაალის – 1 200 ლარი, ქ-ნი ციცინოს – 2 482 ლარი, თამარ სურგულაძის – 1 220 ლარი.

კონსტანტინე არნანია

1968 წელს დაბადებული კონსტანტინე არნანია ზუგდიდის რაიონულ პროკურორად 2006 წელს დაინიშნა. ის იურისტია (თსუ 1993 წელს დაამთავრა). მისი შრომითი ბიოგრაფია კი გაცილებით ადრე დაიწყო – 1985 წელს, როდესაც ის ზუგდიდის სამშენებლო სამმართველოს სამშენებლო ტრესტის მუშად მუშაობდა (1986 წლამდე). შემდეგ, სავარაუდოდ, სწავლობდა. შესაბამისად, მისი შრომითი ბიოგრაფიაც 1994 წელს განახლდა ზუგდიდის სარაიონთაშორისო პროკურატურაში, სადაც სტაჟიორ-გამომძიებლად 1997 წლამდე იმუშავა. 1997-1999 წლებში შპს „უშბას“ იურისტ-კონსულტანტი იყო, 1999 წელს კვლავ სახელმწიფო სამსახურს დაუბრუნდა და 2004 წლამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად დაინიშნა. 2004 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი გახდა, 2005 წელს კი – განყოფილების პროკურორიც. 2005-2006 წლებში ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამომძიებლო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად დაინიშნა. 2006 წლიდან კი, როგორც მოგახსენეთ, ზუგდიდის რაიონული პროკურორია. შესაბამისად, 2008 წლის დეკლარაციაც ზუგდიდის რაიონული პროკურორის ამპლუაში შეავსო და მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა ზუგდიდი, 9 აპრილის ქუჩა, ოჯახის წევრებად კი: მეუღლე, ნინო ანთია, დაბადებული 1982 წელს ვოლგოგრადში; ქალიშვილი ნია და დედა ია ნარმანია.

საცხოვრებელი სახლი ზუგდიდში, ოღონდ, გამსახურდიას ქუჩაზე, დედა-შვილის საკუთრებაა და 50 000 ლარი ღირს, თუმცა კონსტანტინე არნანიას საკუთრებაა ავტოფარეხი, 3 000 ლარად ღირებული.

მაშინ, როდესაც კონსტანტინე არნანია ზუგდიდის რაიონულ პროკურორად მუშაობდა, ქ-ნი ია ზუგდიდის სახელმწიფო კოლეჯის მასწავლებელი იყო. შესაბამისად, ბ-ნი არნანიას წლიურმა შემოსავალმა 23 050 ლარი შეადგინა, ქ-ნი არნანიას წლიურმა შემოსავალმა – 482 ლარი.

2009 წლის დეკლარაციის მიხედვითაც, ზუგდიდის რაიონულ პროკურორს მხოლოდ საცხოვრებელი ბინა და ავტოფარეხი აქვს, უცვლელია ოჯახის წევრების სამუშაო ადგილებიც, თუმცა შემოსავლები მაინც გაეზარდათ. კერძოდ, ბ-ნი არნანიას საპროკურორო სახელფასო შემოსავალმა 34 660 ლარი შეადგინა, ქ-ნი არნანიას პედაგოგიურმა შემოსავალმა – 960 ლარი.

ტერენტი კოკაია

1974 წელს წელს დაბადებული ტერენტი კოკაია ამჟამად მესტიის რაიონის მთავარი პროკურორის მოვალეობას ასრულებს. ბ-ნმა კოკაიამ უმაღლესი იურიდიული განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში მიიღო (რომელიც 1997 წელს დაამთავრა). მისი შრომითი ბიოგრაფია 2001 წელს დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის უფროსის თანაშემწის ვაკანტურ თანამდებობაზე (სადაც 2003 წლამდე იმუშავა); 2003- 2004 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შსს სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსად მუშაობდა; 2004-2005 წლებში – სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსად. 2007 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი გახდა, ამჟამად კი მესტიის რაიონული პროკურორის მოვალეობას ასრულებს. ამავე ამპლუაში შეავსო მან 2008 წლის დეკლარაციაც და მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა მარტვილის რაიონის სოფელი დიდი ჭყონი, ოჯახის წევრებად კი: მამა, ჯემალ კოკაია და დედა ლუდმილა გულორდავა.

კოკაიების საცხოვრებელი სახლი დიდ ჭყონში ჯემალ კოკაიას საკუთრებაა და 40 000 აშშ დოლარი ღირს, თავად ტერენტი კოკაიას კი – 2002 წლის „ნივა“ ჰყავს, 6 500 აშშ დოლარად ღირებული.

ბ-ნი ჯემალი სოცუზრუნველყოფის სააგენტოს რაიონული განყოფილების მთავარ სპეციალისტად მუშაობდა და 2007 წლის განმავლობაში მისმა წლიურმა სახელფასო შემოსავალმა 6 800 ლარი შეადგინა. კოლეგებზე საგრძნობლად დაბალი ხელფასი ჰქონდა ტერენტი კოკაიას – მისმა წლიურმა საპროკურორო შემოსავალმა 2007 წლის განმავლობაში, სულ რაღაც, 18 915 ლარი შეადგინა.

2009 წლის დეკლარაცია სიტყვასიტყვით იმეორებს 2008 წლისას, იმ განსხვავებით, რომ სახელფასო სამართლიანობას უზეიმია და ამჯერად, ანუ 2008 წლის განმავლობაში, ტერენტი კოკაიას საპროკურორო წლიურ სახელფასო შემოსავალს 34 460 ლარამდე მიუღწევია.


скачать dle 11.3