კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაუჯდებათ ძვირად როგორც მსხვილ, ისე წვრილ ქართველ ბიზნესმენებს მთავრობის წინასაახალწლო საჩუქარი


მართალია, ქაღალდზე დაწერილი არავის უნახავს, თუმცა საერთო მაუწყებლებმა უკვე აუწყეს საზოგადოებას, რომ წინასაახალწლოდ მთავრობა ბიზნესმენებს საჩუქარს უმზადებს. მისი არსი კი შემდეგია: თუ გადასახადების დამმალავი მეწარმე თავისი ფეხით მივა საგადასახადოში და გულწრფელად აღიარებს, რომ ბიუჯეტს ქურდავდა, ნაქურდალის ნაწილს ჩამოაწერენ, ნაწილს კი ულუფა-ულუფა გადაახდევინებენ (საგულისხმოა, რომ საჩუქარი მცირე მეწარმეებისთვისაცაა განკუთვნილი და მსხვილებისთვისაც). საპარლამენტო ოპოზიციად წოდებული „ქრისტიან-დემოკრატები“ „საჩუქრად“ წოდებულ ინიციატივაში შემდეგ საშიშროებას ხედავენ: თუ რომელიმე მეწარმე თავისი ფეხით არ მივა საგადასახადოში „საჩუქრის“ მისაღებად, მაშინ საგადასახადო მივა მასთან დასაჯარიმებლად. ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ პირველი დეკემბრიდან ჩვენს სამთავრობო სტრუქტურებში ფინანსური პოლიციაც აღდგა (სავარაუდოდ, ძველი დიდებით). ახალ სამთავრობო, ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერ, მაგრამ მაინც ინიციატივაზე, ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური გვესაუბრება.



– რამდენად სასარგებლოა ეს ინიციატივა სახელმწიფოსთვის და ბიზნესმენებისთვის?

– დავიწყოთ იმით, რომ პირველ დეკემბერს ამოქმედდა ახალი ფინანსური სამსახური, ამდენად, ეს საკითხი კომპლექსში უნდა განვიხილოთ. სიმართლე გითხრათ, არსად მინახავს დაწერილი ეს საგადასახადო ინიციატივა, თუმცა, შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არ არის ახალი ინიციატივა. 2004 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ფინანსური ამნისტიის შესახებ, რომელიც დაახლოებით მსგავს რაიმეს ითვალისწინებდა. სახელმწიფომ ამ ინიციატივით, შეიძლება, გააკეთოს ერთი მნიშვნელოვანი რამ, მომავალში გაზარდოს გადასახადების გადახდის მაჩვენებელი. კერძოდ, თუ ვინმე მივა საგადასახადოში და აღიარებს, რომ დეკლარირებული ჰქონდა ყოველთვიური 1 000-ლარიანი ბრუნვა, რეალურად კი 10 000-იანი ბრუნვა ჰქონდა, მომავალში ის უკვე იძულებული იქნება, აჩვენოს რეალური ბრუნვა.

– ანუ ამ ინიციატივით სახელმწიფო ინვესტიციას დებს მომავალი წლის ბიუჯეტში?

– „აპრავებს“ დამალულს, ანუ მომავალში სახელმწიფო ნაკლები ძალისხმევით გაზრდის გადასახადების გადახდის მაჩვენებელს, რაც, თავისთავად, ძალიან კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, მე მაინც ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესოა ამ ინიციატივის ფსიქოლოგიური მომენტი: ჩვენში, სამწუხაროდ, გადამხდელის კულტურა არ არის ჩამოყალიბებული. მეტიც, არავინ თქვას, რომ ამერიკაში ან მსოფლიოს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, რომლებსაც უზარმაზარი ბიუჯეტი აქვთ, მოქალაქეები იმაზე ფიქრით ათენებენ და აღამებენ, ბიუჯეტში გადასახადები გადამახდევინაო. ბუნებრივია, ყველა ქვეყანაში ცდილობენ, რომ კანონში არსებული ხვრელების გამოყენებით თავიდან აიცილონ გადასახადების გადახდა, ანუ ცივილიზებულ სამყაროში ამას ცდილობენ კანონიერი გზებით. არსად დედამიწის ზურგზე არ არის სრულყოფილი კანონმდებლობა, არასრულყოფილი კანონმდებლობა კი იძლევა გადასახადებისგან თავის არიდების საშუალებას. ასეა ჩვენთანაც, თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ ჩვენთან მხოლოდ კანონიერი გზებით ხდებოდეს გადასახადებისთვის თავის არიდება. როგორც ჩანს, ფინანსთა სამინისტრო სერიოზულად დააფიქრა იმ გარემოებამ, რომ ეკონომიკური აქტივობის დაცემის ფონზე შემოსავლები შემცირდა. წლევანდელ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 4 მილიარდ 700 მილიონი ლარი უნდა შესულიყო, მაგრამ პირველად 2003 წლის შემდეგ, წელს, ივლისში, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 500 მილიონით შემცირდა. ანუ, მთავრობამ აღიარა, რომ იმდენ გადასახადს ვერ ამოიღებდა, რის ამოღებასაც წლის დასაწყისში გეგმავდა. თუმცა ჩვენ შარშან, ნოემბერშივე, ვამბობდით, რომ 2009 წლის ბიუჯეტი ძალან ოპტიმისტურად იყო დაწერილი. ერთი სიტყვით, თუ ივლისში 500 მილიონით შემცირდა, 13 ნოემბერს კი პარლამენტში შევიდა მორიგი კანონპროექტი, რის მიხედვითაც კიდევ 80 მილიონით მცირდება სახელმწიფო ბიუჯეტი საგადასახადო შემოსავლების ნაწილში, ანუ, საერთო ჯამში, ეს თანხა შეადგენს 580 მილიონ ლარს. შესაბამისად, სახელმწიფოს უწევს სხვა რესურსების მობილიზება. ამიტომ, როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დგას, ცდილობს გამოსავლის ძიებას. წელს მას აქვს რესურსი უცხოური დახმარებების სახით, რომ საბიუჯეტო პრობლემები მძაფრად არ დადგეს, მაგრამ მომავალი წლისთვის ეს პრობლემები, შეიძლება, კიდევ უფრო გამწვავდეს. ასე რომ, ამ ნაბიჯის, რომლის შესახებაც ჯერჯერობით მხოლოდ არაოფიციალურად ითქვა, მიზანი იქნება ის, რომ ხელისუფლებას 2010 წლის საგადასახადო ბაზრის შესახებ მეტ-ნაკლებად ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს.

– თუ ვიგულისხმებთ იდეალურ ვარიანტს, რომ მთავრობას შევსებული ბიუჯეტი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის უნდა, მეტად კეთილშობილურია მთავრობის ძალისხმევა, მაგრამ არის საშიშროება, რომ ეს ინიციატივა იქცეს ბიზნესმენების შანტაჟის მექანიზმად?

– ნებისმიერ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ დღეს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ ამ მეთოდებით, მხედველობაში მაქვს დაჯარიმებების ფართო სპექტრი. ჯერ ერთი, ისევ პრობლემებია სალარო-აპარატებთან დაკავშირებით. მაგალითად, როდესაც პატარა ჯიხურს, რომელშიც მყიდველს არ ამოურტყამენ სალაროს ქვითარს, დააჯარიმებ 500 ლარით, არადა, სულ რომ გაყიდო ის ჯიხური თავის გამყიდველიანად, შეიძლება, 500 ლარი ვერ მოგროვდეს, ეს ნიშნავს, რომ ამ ჯიხურმა არსებობა უნდა შეწყვიტოს. მეორე მხრივ, ამ ბოლო დროს დაჯარიმების ძალიან ბევრი შემთხვევაა. ჩამოვთვლი მხოლოდ გახმაურებულ შემთხვევებს: თბილისის აეროპორტის მომსახურე კომპანია 30 მილიონით დააჯარიმეს, „ყაზბეგი“, თუ არ ვცდები, 3,5 მილიონით, „ნიკორა“ – 14 მილიონით. ანუ, ფინანსთა სამინისტრო ცდილობს, ის, რაც ვერ ამოიღო გადასახადების სახით, ამოიღოს ჯარიმებით, რაც ბიზნესისთვის ერთი და იგივეა. ამდენად, ოქროს შუალედია საპოვნელი, რადგან, თუ ასე გაგრძელდება დაჯარიმების პრაქტიკა, ძალიან ბევრი ბიზნესი გადახდისუუნარო აღმოჩნდება. მით უმეტეს, რომ დავალიანების წარმოქმნის პროცესი არ არის გამჭვირვალე.

– და დავალიანებების წარმოქმნა მაშინვეა შესაძლებელი, როგორც კი ამის სურვილი გაუჩნდება შესაბამის სამსახურებს?

– ორი აზრი არ არის, თუ ბიზნესი იტყუება, სახელმწიფომ სადამსჯელო ღონისძიებებს უნდა მიმართოს, მაგრამ სახელმწიფოს ამოსავალი პრინციპი არ უნდა იყოს ვინმეს დასჯა. ეს უნდა იყოს პარტნიორობა და არა ჩასაფრებულის პოზიცია: მოვალ და დაგაჯარიმებ!

– ამ წინასაახალწლო ინიციატივაში ხედავთ ჩასაფრებულის პოზიციას: მოვალ და დაგაჯარიმებო?

– ბევრმა, შეიძლება, ზუსტად ასე გაიგოს. თუ მიიტან დეკლარაციას საგადასახადოში და იტყვი, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მალავდი შემოსავლებს, მე ვერ ვხედავ გარანტიას, რომ ეს არ იქნება გამოყენებული გარკვეული მიზნით. მაგალითად, მე, გადამხდელი, ვამბობ, რომ გასული წლის განმავლობაში მოვიტყუე 5 მილიონი. იქნებ, ფინანსთა სამინისტრო ფიქრობს, რომ მე 10 მილიონი მოვიტყუე?! ამის დაზღვევის მექანიზმი არ არსებობს: იქნებ საგადასახადომ უკეთესად დაითვალოს, ვიდრე მე და აღმოჩნდეს, რომ გაცილებით მეტი მომიპარავს?!

– თან, არც ის არის ცნობილი, არადეკლარირებულიდან რამდენს გაპატიებენ და რამდენს არა?

– პატიების მექანიზმიც არ მესმის, იმიტომ რომ, პატიების ნებისმიერი მექანიზმი ქმნის მომავალში პატიების სურვილს. ამდენად, საფინანსო წესრიგის დამყარებაში ესეც სერიოზული პრობლემაა. თუ დღეს გამიგო ფინანსთა სამინისტრომ და მაპატია, იქნებ ხვალაც გააკეთოს იგივე?! მით უმეტეს, რომ 2003 წელთან შედარებით, მართლაც, კოლოსალური ზრდაა ბიუჯეტის შემოსავლებში: გადასახადების მოცულობა 4-5-ჯერ მაინც გაიზარდა. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა თავისი სუბიექტური და ობიექტური საფუძვლები, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, გადასახადების ზრდა თვალშისაცემია. როდესაც ამ ფონზე ხელისუფლება ამბობს, რომ გადასახადის გადამხდელები მაინც მალავენ დიდი მოცულობით გადასახადებს, ესე იგი, სისტემაა პრობლემა, ვგულისხმობ საგადასახადო ადმინისტრირებას. ანუ მთლად ფრთიანი ანგელოზებითაც არ ყოფილა დაკომპლექტებული ზოგიერთი ორგანო, თორემ ასეთ პირობებში ამაზე საუბარი არ დაიწყებოდა. ყველაზე დიდი გადასახადია დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომელიც გულისხმობს გადასახადების გარკვეულ კონტროლს და რეალიზაციის ბოლო ეტაპზე თითოეულ საქონელს გადასახადების გადახდის თავისი ისტორია აქვს.

– ასევე, ახალ ინიციატივად გასაღდა ექსპორტიორებისთვის დღგ-ს დაბრუნება?

– მე არ ვიცი, რატომ დადგა ეს საკითხი, რადგან კანონი ითვალისწინებს, რომ ზედმეტად გადახდილი გადასახადი უკან დაბრუნდეს. თუ მე ვაწარმოებ პლატსმასის ჭიქებს, რომლებიც გამაქვს უცხოეთში, მჭირდება პლასტმასის მასალა, რომელიც ვიყიდე თქვენგან და გადაგიხადეთ დღგ. ამას გარდა, ვიყიდე ელექტროენერგია, წყალი, გაზი და ამაშიც გადავიხადე დღგ. ანუ პლასტმასის ჭიქის თვითღირებულება რომ შევქმენი, ამაში არის დღგ-ის რაღაც ნაწილიც. თუკი პროდუქციას გავიტან უცხოეთში, ჩემ მიერ გადახდილი დღგ უკან უნდა დამიბრუნდეს, რომ პროდუქციის თვითღირებულება არ გაიზარდოს და უცხოურ ბაზარზე ის კონკურენტუნარიანი იყო. კანონში წერია, რომ ეს თანხა სამი თვის განმავლობაში უნდა დაბრუნდეს. პრეზიდენტმა ბრძანა, 7-8 თვის განმავლობაში ვერ იბრუნებენო, თუ ეს ასეა, ესე იგი, ვიღაც არღვევს კანონს.

– ფინანსთა პოლიციის ძველი დიდების აღდგენა უკავშირდება ბიზნესმენებისთვის გამზადებულ საახალწლო „საჩუქარს“?

– ფინანსური პოლიცია, ალბათ, არც არასდროს გაუქმებულა, უბრალოდ, დღეს ჰქვია „ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებლო დეპარტამენტი“, აქამდე ერქვა „შემოსავლების სამსახურის საგამომძიებლო დეპარტამენტი“, უფრო ადრე კი იყო „ფინანსური პოლიცია“. და ყველა ეტაპზე ეს სამსახური ითვალისწინებდა ყველა იმ ღონისძიების განხორციელებას, რასაც ადრე ფინანსური პოლიცია აკეთებდა. კარგია, რომ ეკონომიკური დანაშაულის გამოძიებისგან ჩამოშორებულია ყველა სხვა საგამომძიებლო სტრუქტურა, მაგრამ, მეორე მხრივ, გააჩნია, როგორ გამოიყენებს ხელისუფლება ამ ფინანსურ ინსტრუმენტს, ანუ აქცენტი ისევ დასჯაზე გადავა თუ პრევენციაზე. მე მირჩევნია, რომ ასეთმა სტრუქტურებმა პრევენციაზე. ძალიან ბევრი ფირმაა, რომელსაც არ აქვს საშუალება, დაიქირავოს კვალიფიციური ბუღალტერი, აუდიტორი ან იურიდიული ფირმა, ამდენად, სახელმწიფომ ახსნასა და სწავლებაზე რომ მიმართოს რესურსები, მერწმუნეთ, არც იმის აუცილებლობა აღარ იქნება, რომ…

– შექმნან შეიარაღებული დანაყოფი?

– ყოველ შემთხვევაში, ამხელა შეიარღებული დანაყოფი. ცნობილი გამონათქვამია: ორი რამაა გარდაუვალი – სიკვდილი და გადასახადებიო. ფრანკლინს არ უთქვამს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, დავამატოთ: იშვითათია სუიციდის შემთხვევა და, ასევე, იშვიათია, გადასახადის საკუთარი ნებით გადახდის შემთხვევაც. თუკი არ არსებობს გადასახადის სწორი ადმინისტრირების მეთოდი, ადამიანს სული წასძლევს ხოლმე, რომ არ გადაიხადოს გადასახადები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტანკებით უნდა მივადგეთ ცუდ გადამხდელს. კოდექსი ისე უნდა იყოს დაწერილი, რომ ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლეოდეს, არადა, საგადასახადო კოდექსში ძალიან ბევრი რთული წინადადებაა. რთული წინადადება, შეიძლება, რომანში იყოს კარგი წასაკითხი, თორემ, საგადასახადო კოდექსში რთული ქვეწყობილი წინადადებების გამოყენება აბნევს გადამხდელსაც და ინსპექტორსაც. კანონი უნდა იყოს ნათელი, მკაფიო და გასაგებად დაწერილი.

– აკაკი წერეთლის ლექსივით?

– თუნდაც და მაშინ არც ამხელა დანახარჯები დაგვჭირდებოდა გადასახადების ადმინისტრირებისთვის.

– რომ ჩამოვაყალიბოთ, რა უფლებები ექნება რეანიმირებულ ფინანსურ პოლიციას? ბარემ ბოლომდე შევაშინოთ ბიზნესმენები.

– ვერ შევაშინებთ.

– უკვე შეშინებულები არიან.

– მათ ძალიან კარგად იციან ის პერიოდი, როდესაც ფინანსური პოლიცია საკმაოდ იყო აღჭურვილი ყველანაირი უფლებით და, ფაქტობრივად, განსაზღვრავდა ამინდს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში. თუ ვიხელმძღვანელებთ პრინციპით: „შიში შეიქმს სიყვარულსაო“, შეიძლება, ხელისუფლებამ ეს ინსტიტუტი სიყვარულისთვის გამოიყენოს. მათ აქვთ, ფაქტობრივად, ყველანაირი საგამომძიებლო უფლება, ეყოლებათ ოპერატიული დანაყოფები, რაც საშუალებას მისცემს, შევიდნენ და ნებისმიერი საწარმოს საქმიანობა შეისწავლონ, ექნებათ იარაღის ტარების უფლება და ასე შემდეგ.

– ოპერატიული სამსახურია ყველაზე საინტერესო: ფინანსური აგენტების ჩანერგვა ან ორგანიზაციის ფინანსური თანამშრომლების გადაბირება?

– სამწუხარო ის არის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს, შეიძლება, იყოს პროვოცირება. მაგალითად, როდესაც საგადასახადოს თანამშრომელი მიდის მაღაზიაში, ყიდულობს რაღაცას და არ ითხოვს ქვითარს, შეიძლება, ჩაითვალოს, რომ პროვოცირებას უწევს გადასახადების დამალვას, რადგან ყველგანაა გამოკრული წარწერა: „მოითხოვეთ ქვითარი“.

– რას ურჩევთ ბიზნესმენებს, თავისი ფეხით მივიდნენ და აღიარონ, რომ მალავდნენ გადასახადებს?

– თუ მათ, მართლაც აქვთ დამალული გადასახადები, ჯობია, თავიანთი ფეხით მივიდნენ და აღიარონ, მაგრამ, ეჭვი მეპარება, დღეს ვინმემ ისე გარისკოს, რომ გადასახადები თვითონ დამალოს.

– რომ არა კოოპერაცია საგადასახადო ორგანოებთან?

– არ ვიცი, ვისთან – კოოპერაცია, მაგრამ გადასახადების დამალვის ვაჟკაცობა დღეს და შვიდი წლის წინათ სრულიად განსხავებული ცნებებია. მაშინ გადასახადების დამალვისას რისკიც დაბალი იყო და ამ რისკის განეიტრალების საშუალებებიც არსებობდა. დღეს ასეთი რისკი ძალიან მაღალია!


скачать dle 11.3