კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (146)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

რატომ ეძებდნენ სტამბის თანამშრომლები ბანდაჟებს, ძუძუებსა და ბუასილს მენეჯერთან


ამ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ კერძო სტამბაში ჩემს წიგნს ვბეჭდავდი. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე მიწევდა იქ მისვლა და, ამიტომ, ჩემდაუნებურად ვხდებოდი იმ ალიაქოთის მოწმე, რაც სტამბაში ხდებოდა.

ძალიან მებრალებოდა სტამბის მენეჯერი, სრულიად ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სხვადასხვა დროს აღმოუჩინეს...

თუმცა, ჯობია, ყველაფერი თანმიმდევრობით გიამბოთ:

ერთი სიტყვით, ვზივარ ოპერატორის გვერდით და ჩემი წიგნის დაბეჭდვაში ვეხმარები, სხვა დამკვეთები სხვა ოპერატორებთან სხედან, ყველა თავისი საქმით არის გართული, რომ უცებ, ოთახის კარი შემოგლიჯა კარგად ჩასუქებულმა შუახნის ქალმა და გამყინავი ხმით იკივლა:

– ვინ აიღო ჩემი ბანდაჟი?

თანამშრომლებმა მშვიდად აიჩეჩეს მხრები, მე და დანარჩენმა დამკვეთებმა კი, გაოცებით გადავხედეთ ერთმანეთს და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაგვექცა. ყველამ ერთდროულად გავიფიქრეთ, რომ ამ მსუქანი და, ცოტა არ იყოს, დარტყმული ქალბატონის ჩანაცვამი ბანდაჟი ან რატომ უნდა დებულიყო ისეთ ადგილას, რომ ვინმეს ხელი მოეკიდა, ან რატომ აგებინებდა ამ ამბავს ქვეყანას.

ქალბატონი კი არ ცხრებოდა, დაქროდა ოთახიდან ოთახში და ხმამაღლა ეძებდა თავის ბანდაჟს, რომელიც, ღმერთმა იცის, რატომ გაიხადა შუა სამუშაო დღეს და რატომ დააგდო სხვის ხელმისაწვდომად. რომ ვერ იპოვა, შემოვიდა სასოწარკვეთილი, დაეხეთქა სკამზე და დაიწყო მოთქმა: დავიღუპე, ბანდაჟი დავკარგეო. ამ მოთქმა-გოდებაში იყო, რომ ძალიან ნელა გაიღო ოთახის კარი და შემოიძურწა ძალიან ფერმკრთალი და გამხდარი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დაბნეული სახით მოათვალიერა იქაურობა, მსუქანი ქალბატონის დანახვაზე კიდევ უფრო დაკარგა ფერი და, შეშინებულმა, ენის ბორძიკით მიმართა:

– ქალბატონო ზეინაბ... მაპატიეთ... თქვენი ბანდაჟი მე მაქვს... წამობრძანდით, თუ შეიძლება...

და ქალბატონმა ზეინაბმა ისეთი დაჰკივლა, კომპიუტერებმა წუილი დაიწყეს:

– რა გინდა, ბიჭო, რას მერჩი, რას გადამეკიდე?! რა გინდა ჩემს ნივთებთან, შენისთვის ვერ მოგივლია! ვინაა ეს ტუტუცი, არ გამიშრო სისხლი?!. – შემდეგ თავისი აღნაგობისთვის შეუფერებელი სისხარტით წამოხტა სკამიდან და ისეთი სისწრაფით გავარდა ნახევრად ღია კარში, რომ საწყალი ბიჭი მისგან დაქროლილმა ქარმა თან გაიტანა.

ამ ამბიდან გავიდა რამდენიმე დღე, რომ იმავე ოთახის იგივე კარი ისეთივე ძალით გაიღო და გამხდარი და ფერმკრთალი ახალგაზრდა, რომელიც კართან ერთად შემოფრიალდა ოთახში, თავის თანამშრომლებს მივარდა და სასოწარკვეთილი ხმით შეევედრა:

– ძუძუები დავკარგე! მომეხმარეთ, მომაძებნინეთ, თორემ ერთ საათში მომაკითხავენ, მე კი ჯერ არ გამიკეთებია!

– ჩვენ სად მოვძებნოთ?! ჰკითხე გოგოებს, შემთხვევით ვინმემ ხელს ხომ არ გააყოლა! – მშვიდად უპასუხა ერთ-ერთმა.

ამ დიალოგის შემდეგ არ გასულა ათი წუთი, რომ მენეჯერი მხიარული ყიჟინით შემოვარდა და თავის თანამშრომლებს ახარა:

– ვიპოვე, ძუძუები ვიპოვე! ქვედა უჯრაში ჩამიდევს და აღარ მახსოვდა! კიდევ კარგი, ვიპოვე! ნახევარ საათში მომაკითხავენ და მზად უნდა დავახვედრო!

რამდენიმე დღის შემდეგ სტამბაში კიდევ ერთ საოცარ დიალოგს შევესწარი: შემოვიდა ოთახში სტამბის ერთ-ერთი თანამშრომელი გოგონა და იქ მყოფთ (ცხადია, დამკვეთების გარდა) ძალიან მშვიდად ჰკითხა:

– ვის გაქვთ ბუასილი?

უარის ნიშნად ყველამ თავი გააქნია.

მერე ერთ-ერთმა უთხრა, დათოს ჰკითხე, ნამდვილად იმას ექნებაო.

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გოგონა ოთახში შემობრუნდა და მშვიდად გამოაცხადა:

– ვიპოვე. როგორც ყოველთვის, დათოს ჰქონდა. მერამდენედ მიკეთებს ასეთ რამეს. იცის, რომ ამ ოხერ ბუასილს დილიდან ვეძებ, თურმე მაგას ჰქონია და ხმა კი არ ამოიღო, მარბენინებს აქ სულელივით!

... იმ დღეს ჩემი წიგნის ბეჭდვა დამთავრდა. ვინ იცის, კიდევ როდის მომიწევდა იქ მისვლა, არადა, იმ ბიჭის სიბრალულით ვიწვოდი. ყველა სიკეთესთან ერთად, ბუასილიც თუ სჭირდა, ამას როგორ წარმოვიდგენდი, თანაც ინტერესი მკლავდა. ვერაფრით ვერ მოვერიე ცნობისმოყვარეობას, ერთ-ერთ გოგონას მივუახლოვდი და ათასი ბოდიშის შემდეგ ძალიან დელიკატურად ვკითხე:

– შვილო, ამ თქვენს დათოს რა სჭირს, გადახრები აქვს?

– რა გადახრები, ქალბატონო? – ვერ მიხვდა გოგონა.

– რა ვიცი – მოპარული ბანდაჟი, დაკარგული ძუძუები... ახლა აღმოჩნდა, რომ ამ საცოდავს ბუასილიც ჰქონია...

გოგონას ხმამაღალმა ხარხარმა სიტყვა შემაწყვეტინა. როგორც ჩანს, ჩემი სიტყვები სხვებმაც გაიგონეს და ისეთი სიცილი აუტყდათ, იქაურობა ზანზარებდა. როცა ცოტა დაწყნარდნენ, ამიხსნეს, რომ დათოს არაფერიც არ სჭირს – არც სხვის ბანდაჟებს იპარავს და იცვამს, არც „მოსახსნელი“ ძუძუები აქვს და არც ბუასილი აწუხებს, უბრალოდ, ცოტა დაბნეული ბიჭია და მასალები ეკარგება ხოლმეო. თურმე, ერთი – სარეკლამო ბუკლეტი (ბანდაჟების), ერთი – პატარა კალენდარი, შიშველმკერდიანი ქალების ფოტოებით და ერთიც – ბუასილის ხალხური მეთოდებით მკურნალობის სარეკლამო ფურცელი უნდა დაებეჭდათ.

მე კი, რა არ ვიფიქრე...

მაია დანელია


скачать dle 11.3