კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (152)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

რისთვის ვერ გაიმეტა რომან გვენცაძემ შვილი და რატომ ეკიდა კანონიერ ქურდს საკანში მისი ფოტო

ის, საკმაოდ დიდხანს, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი  პოლიციელი იყო, შესაბამისად, მის „ანგარიშზე” ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე ითვლება. ამბობს, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა, სადაც მისი მთავარი სტიქია, საყვარელი საქმე – დამნაშავეებთან „ჭიდილი” იყო. რომან გვენცაძის ისტორიები რამდენიმე დეტექტიური წიგნის პრეამბულაც გახდა. გზა „პუსტა-პუსტა” მილიციელიდან მინისტრის რანგამდე, ოჯახი და  ნარიყალას ტაძარი,  რომლის მშენებლობაზეც ცხოვრების ყველაზე დიდი ემოციები ჩადო და ნოსტალგია, რომელიც დღემდე არ ასვენებს...  – რომან გვენცაძე წარსულ ისტორიებს იხსენებს.

– როგორ ხართ, ბატონო რომან, როგორ ცხოვრობთ?
  –  ძალიან საინტერესო  ცხოვრება გავიარე, მაგრამ, ბოლოს ყველაფერმა ერთად იჩინა თავი, უპირველესად, იმ ნატყვიარებმა, რომლებიც სხეულზე დამრჩა. ბოლო წლებში სიარული მიჭირს. კუს ტბაზე დავყავარ ბიჭებს, დავსხდებით ბებრები, ნარდს ვთამაშობთ, რაღაცეებს ვყვებით, ხანდახან პოლიტიკასაც გავკრავთ ხოლმე (იცინის). იქ  ერთი „სტაიანშიკია“, ყოფილი თანამშრომელი. ამას წინათ, ჩემს დანახვაზე თავი გადააქნია. მე რას გამომაპარებდა –  შევეცოდე, მეც შემეცოდა ჩემი თავი...  საშუალო გლეხის დონეზე ვცხოვრობ. სულ პატარა  ვიყავი, მაშინ ინსპექტორად ვმუშაობდი. ტელევიზია მოვიდა ჩემთან, საბჭოთა მილიციელის სახეს ქმნიდნენ.  სახლის უკან ბოსტანი გვქონდა. თოხი დამაჭერინეს ხელში – ვითომ თოხნიო. პირველად მეჭირა თოხი ხელში, რა უნდა მექნა?  ჯულიეტა ვაშაყმაძის დრო იყო, დაგვიდებდნენ ხოლმე ტექსტის ამონარიდებს, ზეპირად უნდა გეთქვა. აბა, მაშინ იყო ასეთები (იცინის). ერთი ისტორია  გამახსენდა: გადატრიალება ახალი მომხდარი იყო, საავადმყოფოში ვიწექი დაჭრილი. მითხრეს, მილიციას მიხედეო. ბიჭებმა თქვეს, მარტო შენ  გამოგყვებითო.   გამომიყვანეს საავადმყოფოდან, „პირველ არხზე“ მივედი  ინტერვიუზე,  წამყვანის გვერდით ვზივარ. ისეთ კარგ თემაზე ჩამომიგდო კითხვა, მადაზე მოვედი და ავყევი. ორივე ფეხში ვიყავი დაჭრილი, იქვე  „კასტილები“ მქონდა მიყუდებული. რომ აღარ გავჩერდი, წამყვანმა ფეხი წამარტყა და, ვაიმეო – თვითონ იყვირა, რომ გაახსენდა ჩემი ფეხები.
– ის ყანის ამბავი როგორ დამთავრდა, გათოხნინეს?
– მათოხნინეს რომელია! ხომ უნდა ეჩვენებინათ, როგორ ცხოვრობდა საბჭოთა  მილიციელი.  ამით ხალხის წახალისებას უწყობდნენ ხელს, ენთუზიაზმს ამაღლებდნენ. „წითელი ვარსკვლავის ორდენი“ რომ მომცეს, გააკეთეს პლაკატი, ზომით 70-50-ზე. ზედ გამოხატული იყო ჩემი სურათი, გვარი, სახელი და  ძალიან ხატოვანი  ტექსტი, თუ როგორი სიმამაცე გამოვიჩინე განსაკუთრებით საშიში დამნაშავის დაჭერის დროს. ეს  პლაკატი გაკრული იყო საბჭოთა კავშირის ყველა  სამინისტროსა  და მილიციის ქვეგანყოფილებაში.  „წითელი ვარსკვლავის ორდენი“ ძალიან საპატიო იყო,  საბრძოლო ორდენად ითვლებოდა.  ჩვენ ამ ორდენებს დიდად არ დავეძებდით, ჩვენთვის მთავარი საქმე იყო. ისე მიყვარდა ჩემი საქმე, ორდენებზე სულ არ ვფიქრობდი. იმ პერიოდში, როცა მე მილიციაში მივედი, ბევრი ჩემი  ძმაკაცი მუშაობდა  ოპერატიულ სამსახურში. მე  ნავთლუღში ვცხოვრობდი. ისეთი უბანი იყო,  ბევრი ჩხუბი  ხდებოდა და, თავი რომ დაგეცვა, ჩხუბი უნდა გცოდნოდა. „ბოქსი“ შემოვიდა მოდაში, იქ მეც დავიწყე სიარული და კარგი ჩხუბიც ვისწავლე. უკვე ზავრიევის ინსტიტუტში ვმუშაობდი, მეცნიერ-თანამშრომლად,  როცა ძალიან მომინდა მილიციაში მუშაობა. ვიფიქრე, ნაღდად თავს გამოვიჩენ-მეთქი. კი  მეხერხებოდა ლაბორატორიაში ცდების ჩატარება, მაგრამ, გული მილიციისკენ მიწევდა. ძმაკაცი მყავდა ერთი, კარლო  გაბუნია, იცოდა ჩემი ამბავი. ერთხელ, ჩამისვა მანქანაში და „ბებელის მოედანზე” წამიყვანა, მისი ძმაკაცი ყოფილა ჯემალ მიქელაძე, მერე ჩემი მოადგილე გახდა მინისტრობის დროს. კარლომ უთხრა, მილიციელობა უნდა და პატრონი არავინ ჰყავსო. მართლაც, ჩემი პატრონი არავინ ყოფილა. მამაჩემი ეკონომისტი იყო, წესიერი კაცი, ქრთამი რა იყო, არ იცოდა. სულ მარიგებდა: შვილო, სიღარიბეში გაიზარდე, მაგრამ, ისე გააგრძელე ცხოვრება,  ქრთამი  არ აიღოო. ნავთლუღში, ამ  ძველ სახლში, ორ ოთახში გავიზარდეთ მე და ჩემი და, მთელი ხონი აქ ცხოვრობდა.  მეც აქ  გავატარე მთელი ცხოვრება,  სხვაგან გადასვლა არც კი მიფიქრია. მიმიყვანა თუ არა კარლომ ჯემალთან, ერთ კვირაში დამნიშნეს ინსპექტორად ნარკომანიის ხაზით. ცხრა თვე სულ რიგითი ვიყავი, „პუსტა-პუსტა”, მაგრამ, რომ მკითხოთ, დღეს ის პერიოდი მინისტრობაზე კარგად მახსენდება (იცინის). მერე წელიწადი არ გავიდოდა, არ დავეწინაურებინე, ეს კი არ მიხაროდა. ახალგაზრდა ვიყავი, ვფიქრობდი: ასე უცებ რომ მაწინაურებენ, მერე უცებ არ დამაბერტყონ ძირს-მეთქი, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემი ცხოვრება  იღბლიანად წარიმართა, თუმცა, კაცს თუ შენი საქმე არ გიყვარს,  მარტო იღბალი ვერ გიშველის. მე ძალიან გაბედული და რისკიანი ვიყავი,  ბევრჯერ წავსულვარ სიკვდილზე.   
– თქვენს „ანგარიშზე” ძალიან ბევრი  იმ პერიოდისთვის გახმაურებული საქმის გახსნაა, მაგრამ, ის საქმეები თუ გახსოვთ, სადაც პროფესიულმა იღბალმაც  გიმტყუნათ და დამნაშავეც თქვენზე გამოცდილი აღმოჩნდა?
–  იყო ერთი-ორი ასეთი საქმე,  რაზეც დღესაც ვფიქრობ ხოლმე. დიდუბეში  ვნახეთ პატარა გოგოს გვამი, თავი ისე ჰქონდა გაბრტყელებული, გრამი ტვინი არ ჰქონდა დარჩენილი. ვერც ერთმა ექსპერტმა ვერ დაასკვნა, რამ გამოდევნა ტვინი თავიდან. კიდევ იყო ერთი ისტორია: 11 წლის გოგო  გააუპატიურეს. მისი გვამი კი ვიპოვეთ, მაგრამ საქმე ვერ გავხსენით. მერე იყო ჩემი მეგობრის შვილის გატაცების ამბავი, ჩემი ნათლული იყო მარიამი.  მე უკვე აღარ ვმუშაობდი მილიციაში, თუმცა,  ვცდილობდი დახმარებას ჩემი კავშირებით და მაინც არაფერი გამოგვივიდა. საქმეში არასდროს ჩავფლავებულვარ.  დღემდე მახსოვს ანდღულაძის საქმე – ჩვენი თანამშრომელი აიყვანა ნუცუბიძის პლატოზე და ავტომატით მოკლა. მე მაშინ რიგითი ვიყავი. ეს საქმე გავხსენით, ანდღულაძე დავიჭირეთ.  მახსოვს, თათბირს ატარებდა შადური, როცა შემოვიდა მორიგე და გვითხრა: ანდღულაძე გაიქცა „კაპეზედანო“. გავგიჟდი. შემთხვევის ადგილზე გაყვანის დროს, ხელში ჩაუგდია „ნაჟოვკა”, გადაუხერხავს „კაპეზეს“ გისოსი და, ვირთხა რომ გაეტევა, იმხელა ადგილში გაძვრა და გაიქცა. ატყდა მთელი ამბავი. დაჭერილი კაცი რომ „კაპეზედან“ გაგექცევა, ამაზე მეტი ჩაფლავება რა გინდა?! ვდიეთ მის კვალს და სამტრედიაში, „ტავარნი” მატარებელზე დავიჭირეთ.  
– თქვენი  და ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების  განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ბევრი თქმულა და ბევრიც დაწერილა;  მათ შორის არის ერთი გახმაურებული ისტორია – როგორ გადაარჩინეთ ცნობილი კრიმინალი და როგორ  მეგობრობდით მასთან მთელი ცხოვრება. 
– როცა ერთმანეთს შეგვახვედრა ცხოვრებამ,  მე რიგითი ინსპექტორი ვიყავი, ის კი უკვე  ცნობილი  კანონიერი ქურდი იყო. მძიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და უნდა დამეჭირა. ის „მიშენიაზე”  მესროდა, მე არ ვესროდი დამიზნებით – არ მინდოდა მისი მოკვლა, თუმცა, ჩემს ადგილას ათიდან ცხრა კაცი მოკლავდა. როცა მიხვდა, რომ ბოლო ტყვია დარჩა, მუცელში დაიხალა. საოპერაციოში რომ შეიყვანეს და მე სისხლი გადავუსხი, ექიმებმა არ იცოდნენ, დამნაშავე რომ იყო. ნარკოზიდან ახალგამოსული იყო და მკითხა: რატომ გადამარჩინე, მე ხომ მაინც დამხვრეტენო? მინისტრი იყო – კოტე კეთილაძე, ძალიან ვუყვარდი, ასეთი მინისტრი  იმ შენობაში არ ყოფილა. თათბირზე, როცა მომაყოლეს რა მოხდა და შადურმა მკითხა, რატომ არ მოკალიო, ვუპასუხე: ძალიან ლამაზი ბიჭია,  ვერ მოვკლავდი-მეთქი, ხომ ასე მოვიქეცი?! დაინახეს ეს ადამიანობა და მაშინვე  ორდენზე წარმადგინეს.   იმ კანონიერ ქურდს საკანში ჩემი სურათი ეკიდა – ამის ოჯახს არავინ შეეხოს, თორემ, ჩემთან ექნება საქმეო. როცა შვილი ეყოლა, შეუთვალა:  გვანცა დაარქვით, მაგრამ, სახლში გვენცო დაუძახეთო. მერე შვილის მონათვლაც მთხოვა, მაგრამ,  ომის  პერიოდი იყო, მე ცხინვალში ვიყავი და ჩემმა შვილმა მონათლა მისი  შვილი.  ჩვენი ურთიერთობა მთელი ცხოვრება გაგრძელდა,  ორივე ძალიან ვუფრთხილდებოდით ჩვენს ურთიერთობასა და ავტორიტეტს.  ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა. ნარკომანების გამოსასწორებელი პროექტები დაიწყო თოდუას კლინიკაში, მაგრამ, მერე მოკლეს კიდეც.  მე არასდროს პატიმრისთვის ღირსება არ ამიყრია, ამიტომაც  ვგრძნობდი მათგან პატივისცემას. მთელი ჩემი ცხოვრება სისხლის სამართლის სამძებროში გავატარე და ერთი კაცი ვერ იტყვის, რომ დაუმსახურებლად გავუშვი სასჯელზე. ადამიანური ურთიერთობის ხარჯზე,  კანონსაც  ვარღვევდი ხანდახან (იცინის). ერთმა კაცმა „კაპეზედან“, ჩემთან შეხვედრა მოითხოვა, ყაჩაღობაზე იყო დაჭერილი, 15-წლიან სასჯელზე მიდიოდა. შევხვდი, მითხრა:  ბოროტმოქმედი ვარ, მაგრამ, ეს ყაჩაღობა არ ჩამიდენიაო, – დაიფიცა კაცმა. შევახვედრე სანდრო კავსაძეს. სამინისტროში ჩვენი მოადგილე იყო სანდრო კავსაძე, უკეთილშობილესი, ნიჭიერი და  სუფთა კაცი იყო, ახლახან გავიგე, რომ ბერად აღკვეცილა. შევახვედრე ის კაცი სანდრო კავსაძეს, რომელმაც უთხრა, თუ თავს გაიმართლებ, გაძლევ პირობას, გაგიშვებო. საგამოძიებო სამსახურმა დაადგინა, რომ დანაშაული „აკიდებული“ ჰქონდა და გაათავისუფლეს. ერთხელ, ჯგუფი დააკავეს, მათ შორის იყო ერთი, შალიკიანი,  მიმაგრებაში იხდიდა სასჯელს. საქმისთვის მსვლელობა რომ მიმეცა, ციხეში შეაბრუნებდნენ.   გადავწყვიტე, გამეშვა და უფროსობას ვთხოვე. რომ ვუთხარი, გიშვებ, ოღონდ, იცოდე, დანაშაული აღარ ჩაიდინო-მეთქი, დაიბნა. ჯანდარაში უნდა წასულიყო, გზის ფული  მივეცი. წავიდა შალიკიანი. გავიდა 13 წელი, უკვე სამძებროს უფროსი ვარ, როცა ჩემთან მოვიდა. კარი რომ შემოაღო და გაიცინა, თვალებით ვიცანი. რუსეთში საქმოსანი გამხდარიყო, კარგად უძღვებოდა საქმეებს, გარეგნულადაც ეტყობოდა. მადლობა უნდა გითხრა, მაშინ ციხეში რომ არ გამიშვი და არ დამღუპე. ვიცი, ფულს არ იღებ და, ერთ „ზაჟიგალკას”  მაინც გაჩუქებო, – მთხოვა (იცინის). ასეთი ისტორიები ბევრი იყო.  ერთი ჯგუფი ავიყვანეთ, მათ შორის გადიოდა ქოიავა, მძღოლად ჰყავდათ, ნაქურდალი გადაჰქონდათ მისი მანქანით. ბიჭებს ვთხოვე, მოდი, ეს ქოიავა – გავუშვათ, ცოდვაა ეს ცოლშვილიანი კაცი-მეთქი. იმათ ჩვენება მივაცემინე, რომ ქოიავამ არაფერი არ იცოდა და ქოიავასაც ასეთივე ჩვენება ჩამოვართვი.  კალინინის მილიციაში გვყავდა გადაყვანილი, არ იცოდა, რომ უნდა   გაგვეთავისუფლებინა, საგამომძიებლო მოქმედებები  უნდა დამთავრებულიყო. ერთ-ერთი დაკითხვის დროს ქოიავა მესამე სართულიდან გადახტა. ამოვიყვანეთ, გადარჩა, მაგრამ ხეიბარი დარჩა კაცი. უამრავ  ადამიანს შევხვედრივარ ცხოვრებაში, ისეთი სამსახური მქონდა – „ოპერობით“ დაწყებული, მინისტრობამდე, ყველა საფეხური გავიარე, არც ერთი წოდება არ გამომიტოვებია.  47 წლის ვიყავი, როცა მილიციიდან წამოვედი, სხვათა შორის, ჩემი შვილი, ლევანიც, ამ ასაკში წამოვიდა პოლიციიდან.
– როგორ გაიმეტეთ იმ ცხოვრებისთვის, რაც თქვენ გაიარეთ?
–  თვითონ გადაწყვიტა ასე, მე არ გამიზრდია ჩემი შვილი – სად მეცალა ოჯახისთვის. ბაბუა ზრდიდა ჩემს შვილებს და მიხარია, რომ  ისეთი კარგები  გაზარდა, ნებისმიერი მამა რომ იამაყებს. ცხოვრება რომ გაჭირდა, ის დრო იყო, უკვე ლევანს პროფესია უნდა აერჩია. ვიფიქრე: მე თავი შევაკალი ამ საქმეს და რა?  მოდი  ლევანს კარგ ხელობას ვასწავლი, მთელი ცხოვრება გამოადგება-მეთქი. – ასეთი რა იყო?  სტომატოლოგია. გავუხსნიდი აქვე კაბინეტს და იმუშავებდა წყნარად. ჩააბარა ლევანმა სტომატოლოგიურზე,  კარგი სტომატოლოგიც დადგა, მაგრამ, მერე, მე რომ საერთოდ არ ჩამრია, ისე გაყვა ჩემს გზას: ჯერ იურიდიული დაამთავრა. მერე „კაგებეს“ სკოლა და  „ეფბეერის“  აკადემია; ირანში გაიარა სტაჟირება. შვილები მომიკვდეს, თუ ვინმესთვის ერთხელ მაინც მეთხოვოს მისთვის სამსახური, სულ თავისით წავიდა წინ. თვითონაც არასდროს უცდია ჩემი სახელის  გამოყენება.   სამმართველოს უფროსი რომ ვიყავი, ლევანს პატარა „ჯიპი“ ჰყავდა. ერთ დღეს, თურმე, ლექციები გაუცდათ, მოდიან ის და მისი მეობრები გადახდილი მანქანით და, რეიდში გააჩერეს – შატალოზე ხართო? უკითხავთ. ვაკის მილიციის უფროსის მოადგილეს უთქვამს, წადით, ცნობა მომიტანეთ, რომ ლექციები გაგიცდათო და, ისე წასულა ლევანი ცნობის ასაღებად,  არ უთქვამს   ჩემი შვილი რომ იყო – ასეთია,  კანონის კაცი.
– როცა მისი  შვილი,  თქვენი სეხნია  რომან გვენცაძე დააკავეს მკვლელობის ბრალდებით,  მან სამსახური დატოვა. 
– ლევანი მაშინ „სოდში“ სამმართველოს უფროსი იყო. დაწერა განცხადება, მაგრამ, ვანო მერაბიშვილმა არ დააკმაყოფილა. იქ  ყველამ იცოდა, სინამდვილეში რაც მოხდა. რომიკოს დანაშაული კვალიფიცირდებოდა როგორც თავდაცვა, აუცილებელი მოგერიება ძალის გადამეტებით,  ეს  სამ წლამდე სასჯელს ითვალისწინებს, მაგრამ, რადგან ჩემი შვილიშვილი და ლევანის შვილი იყო, განზრახ მკვლელობის მუხლით გაუშვეს, უმაღლესმა სასამართლომ შეუცვალა სასჯელი და ჩემმა შვილიშვილმა  ხუთი წელი გაატარა „კრიტში”.
– არის რამე, რასაც ნანობთ წარსულიდან?
– ამას სინანული არ ჰქვია, მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ პოლიტიკა არ იყო ჩემი საქმე,  თუმცა, გარემოებები აეწყო ისე, რომ ვერ ავიცდენდი ამას თავიდან. ქალაქის სამმართველოს უფროსი გავხდი, როცა მიტინგები დაიწყო. ლიდერებთან  ყველასთან  კარგი ურთიერთობა მქონდა. იმ წლებში ბევრი ისეთი პროცესი დაიწყო, გვერდზე ვერ გავდგებოდი. არც ჩემი ნება იყო და, თან, განზე გადგომა დედლობაში ჩამეთვლებოდა.  ეს გრძელი ისტორიაა, რომლის დიდი ნაწილიც   მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი. მერე მოვიდა ხელისუფლებაში კაცი, რომელსაც არ მოვწონდი. თუ პირველი კაცის კაცი არ  ხარ, მაშინ სამართებელზე დადიხარ, მე არც ეს შემეძლო და არც  ხელი  გავუყარე  იღლიაში (იცინის) და გამიშვა კიდეც ნაადრევ პენსიაზე. მახსოვს, ქუჩაში, „არაგვთან“ რომ გავჩერდი, უკვე უმუშევარი, ვფიქრობდი: ახლა საით წავიდე-მეთქი. ფული მქონდა სახლში, 60 ათასი მანეთი, მაშინ ეს ფული ერთი თვე თუ მეყოფოდა. მომაგონდა, რომ თორნიკე ფიფიას მე და დათო სალარიძემ პოლიციის ფონდი შევუქმენით. მივადექი თორნიკეს და პირობა გავახსენე. გვერდზე კაბინეტი მომცა – აგერ დაჯექიო. შვილებს გეფიცები, თუ ვიტყუებოდე,  გაზეთებს თორნიკე რომ  წაიკითხვდა, იმას ვკითხულობდი მერე მე – ასე იყო ჩემი ამბავი (იცინის).  მილიციაში ვიყავი, შოთა გორგოძემ რომ შემომთავაზა, „ობეხეესში“ გადადიო. ეს ისეთი საქმე იყო, გაკეთდებოდი კაცი. უარი ვუთხარი შოთას: მშენებელი ვარ და მშენებლები როგორ უნდა დავიჭირო-მეთქი. მერე გავკეთდი, როცა წიგნი დავბეჭდე და მაშინ კი  გავხდი მილიონერი, მაგრამ, იმ მილიონს ფასიც აღარ ჰქონდა (იცინის).  
რაც შეეხება სინანულს, ყველაზე მეტად იმაზე ვნანობ, რომ უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა  შემეძლო   ციხისგან.  ციხე აფუჭებს კაცს. თუ გაქვს, შანსი, არ დაიჭირო, არ უნდა გაუშვა ციხეში. სამმართველოს უფროსი ვიყავი, მივიდოდი ხოლმე არაყიშვილის პოლიციაში, გავარკვევდი, ვინ რაზე იყო დაჭერილი; „ანაშის“ მოწევისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ვინც იყო ხოლმე დაკავებული, ვუშვებდი – ამნისტიაა-მეთქი. გიჟდებოდა მილიციის უფროსი (იცინის).  იმასაც ვნანობ, რომ ერთი ჩემი საყვარელი ადამიანი თავის დროზე არ დავიჭირე, მაშინ უნდა ჩამესვა ერთი წლით მაინც, მაგრამ,  ვერ გავიმეტე. მერე მეგობარს ვთხოვე, მოდი, შენ დაიჭირე, ასე ჯობია საქმისთვის-მეთქი. ვერც მან გადააბიჯა ჩემთან მეგობრობას. ახლა რა დამრჩა? სულ ვამბობ ხოლმე, რამე  მძიმე დანაშაული რომ მოხდება, იქ მიმიყვანონ, პატარა კაბინეტში დამსვან, მხოლოდ ერთი მაგიდა რომ დგას და მამუშაონ ამ საქმის გახსნაზე – აი, ეს ოცნება მექნება სიცოცხლის ბოლომდე, სიზმრებშიც კი დანაშაულის გახსნა მესიზმრება და,  ვიცი, რომ ეს ნოსტალგია ბოლომდე გამყვება (იცინის).

скачать dle 11.3