კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

მგლები 5

უკანასკნელი ქურდი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-33(607)

იგორმა მძიმედ აზიდა ქუთუთოები და აქეთ-იქით მიმოიხედა. ოთახი, რომელშიც იმყოფებოდა, ვერ იცნო: ჭერი, იატაკი, ავეჯი – მისთვის სრულიად უცხო იყო. დაძაბულობა საწოლთან მიახლოებულმა ქალმა გაამძაფრა. ის სკამზე ჩამოჯდა, პულსი შეუმოწმა, შემდეგ კი აბი და ჭიქით წყალი გაუწოდა. იგორი გაერიდა.
– დალიეთ, წამალი დაგამშვიდებთ და ძალას შეგმატებთ, – თქვა ქალმა.
– ვინ ხართ? – ჰკითხა იგორმა.
– რა მნიშვნელობა აქვს... წამალი დალიეთ, – მშვიდად უპასუხა ქალმა.
– არაფერს არ დავლევ! – წამოიძახა იგორმა და საწოლიდან წამოიწია.
იმავ წამს კარი გაიღო და ოთახში შუახნის  მამაკაცმა შემოაბიჯა. იგორს თავზარი დაეცა – მის წინაშე ლუკა გეგეშიძე იდგა, რომელსაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში დაეძებდა.
– მშვიდად! – მბრძანებლურად თქვა ლუკამ, როგორც კი გამომძიებლის დაზაფრული მზერა შენიშნა, – შენ აქ არაფერს დაგიშავებენ!
– რა გინდათ ჩემგან? – დაძაბული ხმით ჰკითხა იგორმა.
– უკვე გითხარი... დამშვიდდი... – უპასუხა ლუკამ.
– სად ვარ? – მიმოიხედა იგორმა.
– კითხვებს მე დავსვამ! მანამდე კი... – ცივად თქვა ლუკამ,  საწოლთან ჩამოჯდა, ჟურნალის მაგიდაზე პისტოლეტი დადო და ქალს ხელით ანიშნა.
ქალი საწოლს მიუახლოვდა და იგორს კვლავ გაუწოდა აბი და ჭიქა. ამჯერად მას წინააღმდეგობა აღარ გაუწევია – აბი გადაყლაპა, წყალი დააყოლა და კითხვით აღსავსე მზერა მიაპყრო ლუკას.
– დაგვტოვე... – უთხრა ლუკამ ქალს და იგორს მიუბრუნდა, – იცი, ვინც ვარ?
– ვიცი, – ყრუდ ჩაილაპარაკა იგორმა.
– თუ იცი, არ გიკვირს ცოცხალი რომ ხარ?! – განაგრძო ლუკამ.
– სად არის დიმა? – ჰკითხა იგორმა.
პასუხად ლუკა დისტანციური მართვის პულტს გადაწვდა, ტელევიზორი ჩართო და მერე თქვა:
– ეს ბოლო საინფორმაციო გამოშვების ჩანაწერია...
ეკრანზე გამოსახულება გამოჩნდა:
ნაცნობი კაფე, ნაცნობი ჩიხი, ნაცნობი მანქანა...
დიმა ტროტუარის გასწვრივ, სისხლის გუბეში იწვა. თავს პოლიციელები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები დასტრიალებდნენ. ჩანაწერს თან სდევდა კომენტარი:
„დღეს, დაახლოებით დილის ათ საათზე, ოლიმპიისკაიას პროსპექტზე მდებარე კაფე „ჟემჩუჟინას” მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს ცნობილი ჟურნალისტი დიმიტრი გრომოვი. ბოლო ხანს გრომოვი ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტთან, გეგეშიძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობდა. პროკურატურის მონაცემებით, გეგეშიძე მხილებულია რუსეთის რამდენიმე მოქალაქის მკვლელობაში. აქამდე გეგეშიძე დაღუპულად ითვლებოდა, მაგრამ, ჟურნალისტური გამოძიებისას გრომოვმა აღნიშნული ინფორმაციის მცდარობა დაადასტურა, რაზეც ის თავის სტატიაში საუბრობდა. პირველადი მონაცემებით ჟურნალისტის მკვლელობაც ქართველი კანონიერი ქურდის, გეგეშიძის დაკვეთილი იყო...”
ლუკამ ჩანაწერი შეაჩერა და იგორს გახედა:
– რას იტყვი ამაზე?
იგორი წამოჯდა, მძიმედ მოისრისა საფეთქლები და შემდეგ იკითხა:
– რას მიპირებთ?
– შენ, გეტყობა, რომ საერთოდ ვერ ხვდები, რა ხდება.
– დაახლოებით ვხვდები...
– არა მგონია.... – ლუკამ პაუზა გააკეთა და შემდეგ განაგრძო, – რას ნიშნავს შენთვის სიმართლე?
– რა?! – გაკვირვებული სახით გახედა იგორმა.
– გჯერა, რასაც ახლა უყურე? – ლუკამ ტელევიზორისკენ გაიშვირა ხელი.
– არა, – თავი გაიქნია იგორმა.
– სხვა ვითარებაში, შენს სამუშაო ოთახში ან ბინაში რომ მოგესმინა, მაშინ თუ დაიჯერებდი?
– რა მნიშვნელობა აქვს, დავიჯერებდი თუ – არა?
– ერთხელ უკვე დაიჯერე. არა აქვს მნიშვნელობა, მოისმინე თუ წაიკითხე, მაგრამ, დაიჯერე და ვიღაცის ხელში იმ ნაგაზად იქეცი, რომელიც დღედაღამ დამეძებდა.
– რა გინდა? რა საჭიროა ეს საუბარი?
– მინდა, გავერკვე, რა ხდება? ამიხსენი, რატომ შეეტენე ამ დამპალ საქმეში?
– ეს ჩემი პროფესიაა!
– ტროტუარზე  შუბლგახვრეტილი გდებაა შენი პროფესია?! იცი, ვინ იყვნენ შენი მეგობრის მკვლელები?
– დაახლოებით ვხვდები.
– ვინ? – ჰკითხა ლუკამ.
– „ეფესბე”...
– ნაწილობრივ მართალი ხარ, „ეფესბეს” ხალხი იყო, მაგრამ, არა პაგონიანები. შენს ენაზე მათ „ოპერატიული აგენტები“ ჰქვიათ, ჩემს ენაზე კი – ნასედკები! ეს გასაგებია, მაგრამ, მე კონკრეტული სახელები მჭირდება. ვინ დგას ამ საქმის უკან?
– არ ვიცი....
– ვიდრე პასუხს გამცემ, კარგად დაფიქრდი. ეს მეგობრული საუბარი არ არის და, შესაძლოა, შენი სიცოცხლის საფასურიც ეს იყოს! – ცივად თქვა ლუკამ.
– არ ვიცი, გესმის? არ ვიცი!... – ნერვიულად წამოიყვირა იგორმა, – რომ ვიცოდე, ჩემით ამოვხოცავდი იმ ნაბიჭვრებს!
– საამისო მიზეზი ნაღდად გაქვს.... ინფორმატორების სიაზე რა იცი? – განაგრძო ლუკამ.
– მაგაზეც ვერაფერს გეტყვი.
– და ამას უთვლი საკუთარ თავს პროფესიად? – ირონიით თქვა ლუკამ.
– გამიჩალიჩეს... იმ დოსიესთან შეხება არ მქონია, – უპასუხა იგორმა.
– შენ ჯერ ყველაფერი არ იცი... – ამ სიტყვებთან ერთად ლუკა დისტანციური მართვის პულტს გადაწვდა და სატელევიზიო ჩანაწერი ჩართო.
ეკრანზე  პროკურატურის შენობის ფასადი გამოჩნდა. შენობის შესასვლელთან ჟურნალისტების ჯგუფი იდგა და ერთ-ერთი მათგანი განცხადებას აკეთებდა:
„ამ დრომდე ჩვენ უშედეგოდ ვცდილობთ პროკურატურის პრესსამსახურისგან განმარტების მიღებას. ჩვენთვის ცნობილია, რომ თავდასხმისას დიმიტრი გრომოვთან ერთად იმყოფებოდა პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, იგორ რიბკინი. ამ დროისთვის რიბკინის ადგილსამყოფელი უცნობია. კონფიდენციალური წყაროებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელმა რიბკინმა გრომოვს იმ კანონიერი ქურდების დოსიეები გადასცა, რომლებიც სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობენ. აღნიშნული ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო და მისი გამჟღავნებისთვის გამომძიებელ რიბკინს პასუხისგებაში მიცემა ემუქრება”.
ლუკამ ჩანაწერი შეაჩერა და იგორს გახედა:
– ხედავ, როგორ გაგწირეს?
იგორმა დუმილით უპასუხა.
– ეს შენი იარაღია... – მაგიდაზე დადებულ პისტოლეტზე მიანიშნა ლუკამ, – შეგიძლია, აიღო და წახვიდე!
– მიშვებ?! – გაოცებული მზერა მიაპყრო იგორმა.
– ჰო... წადი... უკვე მივხვდი, რომ, რაც მაინტერესებს, შენ არ იცი. შენი სიცოცხლე კი არ მჭირდება!.. წადი!..
იგორი პისტოლეტს გადაწვდა, თან ლუკას არ აშორებდა მზერას და მშვიდად ადევნებდა თვალს მის მოქმედებას. იგორი რამდენიმე წამით ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა:
– ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ადამიანმა ერთ-ერთი მხარე უნდა აირჩიოს...
– შემდეგ?..
– მე იმ წრემ გამწირა, რომელიც ჩემიანად მიმაჩნდა. ახლა უკან დახევა უკვე გვიანაა. ისინი აღარ შეჩერდებიან და მეც არ ვაპირებ სასამართლოს დარბაზში თავის მართლებას.
– შემდეგ?.. – უცვლელი ტონით გაიმეორა ლუკამ.
– მობილური ტელეფონი მომეცი, – სთხოვა იგორმა.
ლუკა წამით ჩაფიქრდა. შემდეგ ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და იგორს გაუწოდა.
* * *
ნიკოლაი მოწყვეტით დაეშვა მანქანის უკანა სავარძელზე და მალიშევს დაძაბულმა გახედა.
– რა მოხდა? – მოჩვენებითი სიმშვიდით ჰკითხა მან.
– ეს ყველაფერი მართვადაკარგულ ორთქლმავალს ემსგავსება! – უპასუხა ნიკოლაიმ.
– რას გულისხმობ?
– ოლიმპიისკაიას გამზირზე მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას!..
– ეგ უკვე შენი კომპეტენცია არ არის! – მკაცრად თქვა მალიშევმა.
– ცდები... დღეს დილიდან პროკურატურის წინ რუსეთის ყველა საინფორმაციო საშუალება გამწკრივდა  ტელევიზიების, გაზეთებისა და ჟურნალების სახით და ყოველი მათგანი ერთ კითხვას სვამს: კონკრეტულად რა ინფორმაციამ გაჟონა პროკურატურიდან?.. ისინი „ეფესბეს” შენობის წინ არ სვამენ ამ კითხვას!..
– ნუ ბავშვობ, კოლია. შენც კარგად იცნობ ჟურნალისტების საყვარელ თემებს: თოვლის კაცები, მეტეორიტები და, რა თქმა უნდა, სპეცსამსახურები... ეს იგივეა, რაც შემოდგომა და გაზაფხული, ან კიდევ, მზის ამოსვლა და ჩასვლა... ხვალინდელი დილა სხვა საგაზეთო სტატიით დაიწყება!
– არა, ბორია, მარტივი განმარტებებით მდგომარეობიდან ვეღარ გამოვალთ. შენმა კანტორამ აშკარად გადაამლაშა. რიბკინი ჩემი გამომძიებელი იყო. მის საქციელზე მე მაკისრებენ პასუხისმგებლობას და ჩემმა ხელმძღვანელობამ უკვე მომცა კონკრეტული დავალება – დღეს საღამომდე მედიას ლოგიკური პასუხი უნდა გავცე.
– და, ამისთვის მთხოვე შეხვედრა?!
– არა... საფიქრალი უნდა გაგიჩინო!
– რას გულისხმობ? – ჰკითხა მალიშევმა.
– ნახევარი საათის წინ რიბკინი დამიკავშირდა...
– ეს უკვე საინტერესოა, – სწრაფად გახედა მალიშევმა.
– შემდეგ უფრო საინტერესო გახდება... მას აუდიოჩანაწერი აქვს, რომელზეც მე გეგეშიძის საქმის შეწყვეტას ვთავაზობ.
– და, რა უნდა რიბკინს?
– იმ პიროვნების ვინაობა, ვისაც სურდა იმ გამოძიების შეჩერება!
– შენ რას აპირებ? – მცირე პაუზის შემდეგ ჰკითხა მალიშევმა.
– შენ გადაწყვიტე. მე უკვე მომბეზრდა სხვისი შეცდომების გაპრავება!
– რა მოხდება უარის შემთხვევაში? – ჰკითხა მალიშევმა.
– ჩანაწერი ტელევიზიაში გაიგზავნება!
– ასე გაშინებს ათწუთიანი ტექსტი?
– შენ წარმოიდგინე, რომ არ მაშინებს. უბრალოდ, არ ვაპირებ რიგითი იდიოტის პოზაში დგომას და შესაბამისი ახსნა-განმარტებების გაცემას ჩანაწერის ფალსიფიკაციაზე, უსაფუძვლო კომპრომატზე და ასე შემდეგ. უბრალოდ, ვიტყვი: „ეფესბე”... ბორის მალიშევი...
– ნუ მევაჭრები, კოლია!..
– მე არ გევაჭრები. უბრალოდ გიხსნი ვითარებას, რომელშიც შენი იდიოტი თანამშრომლების დამსახურებით აღმოვჩნდით!.. შეგიძლია, ამიხსნა, რომელ კრეტინს მოუვიდა აზრად გრომოვის მოკვლა?!
– კოლია!.. – ბრაზით თქვა მალიშევმა, – მე მგონი, შენ ბოლომდე არ მოუსმინე საინფორმაციო გამოშვებებს. იქ ნათლად და გასაგებად ითქვა, რომ გრომოვის მკვლელობა გეგეშიძემ დაუკვეთა!
– იმ გეგეშიძემ, რომელიც მე დაღუპულად გამომაცხადებინე?!
– იურისპრუდენცია მათემატიკა არ არის. ყოველთვის არსებობს ცდომილება და...
– გასაგებია... – ბრაზით ჩაილაპარაკა ნიკოლაიმ და კარის სახელურს წაეტანა.
– მოიცადე! – მხარში სწვდა მალიშევი, – გაქცევით არც ერთი პრობლემა არ წყდება!.. რა უნდა რიბკინს?
– შეხვედრა, რომელზეც ყველა საკითხი გაირკვევა.
– შეხვედრა ვისთან? – ჰკითხა მალიშევმა.
– მასთან, ვისაც რეალური გადაწყვეტილების მიღება შეუძლია... ანუ, შენთან! – უპასუხა ნიკოლაიმ.
– მიგაჩნია, რომ საჭიროა მასთან შეხვედრა?
– თუ არ შეხვდები, მოსკოველ ჟურნალისტებთან საუბრისთვის უნდა მოემზადო, – უპასუხა ნიკოლაიმ.
– კარგი, შევხვდები.... – უეცრად გადაწყვიტა მალიშევმა, – დაურეკე!..
* * *
შეხვედრა ქალაქგარეთ, კაფე „ლესნაიაში” უნდა შემდგარიყო. რიბკინმა წინასწარ გააფრთხილა მალიშევი, რომ, თუ მის სიახლოვეს მეორე და მესამე კაცს შენიშნავდა, იქაურობას მაშინვე გაეცლებოდა. ამიტომაც, ბორისი მარტო მივიდა კაფეში.
ოფიციანტი ქალი დარბაზის შესასვლელში შეეგება.
– ბორის მალიშევი ბრძანდებით? – ბლოკნოტს ჩახედა ქალმა.
– დიახ.
– თქვენთვის სუფრა მესამე კუპეშია გაშლილი, გაგაცილებთ...
– ვინ შეუკვეთა სუფრა? – ჰკითხა მალიშევმა.
– არ ვიცი, შემკვეთი ჯერ არ მოსულა, – თქვა ოფიციანტმა და კუპეს კარი გააღო, – რამის დამატებას ხომ არ ისურვებთ?
– ცივი ჩაი მომიტანეთ, – უთხრა მალიშევმა და კუპეში შევიდა.
ხუთიოდ წუთში კუპეს კარი ისევ გაიღო. მალიშევი კარის მიმართულებით შებრუნდა და გაოგნებული გაშეშდა – ზღურბლზე ლუკა გეგეშიძე იდგა.
– დაჯექი! – ცივად უთხრა მან და სკამისკენ მიუთითა.
პასუხად მალიშევი პისტოლეტს წაეტანა.
– არ გირჩევ მაგის გაკეთებას. მე სალაპარაკოდ ვარ მოსული. ჩემს სათქმელს გეტყვი, შენსას მოვისმენ და წავალ. ჩემს შეჩერებას თუ დააპირებ, მოკვდები! გასაგებია?..
მალიშევი ორიოდ წამი დაჟინებით ჩააცქერდა სახეში, მერე პისტოლეტს ხელი გაუშვა და მაგიდას მიუჯდა.
– ასე ჯობია, – ჩაილაპარაკა ლუკამ და მის პირისპირ დაჯდა.
– კარგად მუშაობ, – ირონიანარევი ხმით თქვა მალიშევმა.
– მუშაობ შენ, მე ვცხოვრობ! – უპასუხა ლუკამ.
– არ მეგონა, თუ ასეთ ვითარებაში მომიწევდა შენთან შეხვედრა, – განაგრძო მალიშევმა.
– შენს კაბინეტში გერჩივნა ჩემთან შეხვედრა?
– არა... დაკითხვის ოთახში! – ავად წამოისროლა მალიშევმა.
– იოცნებე... ჯერჯერობით კი აქ მოგიწევს ჩემთან ლაპარაკი.
– კარგი.... რადგან ასეა, ასე იყოს. ეს თუ მოახერხე, რაღაც გექნება ჩემთვის სათქმელი.... გისმენ...
– ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ მომიწია შენი პროფესიის ადამიანებთან საუბარი. მათგან ზოგი რეგვენი იყო, ზოგი ნაძირალა, ზოგიც იდეალისტი, მაგრამ, ყველა საუბარი ერთი შედეგით დამთავრდა – ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგეთ. იქნებ, შენ დაარღვიო ეს ტრადიცია, – წამოიწყო ლუკამ.
– მეც იმავეს გეტყვი: ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ მომიწია შენი პროფესიის ადამიანებთან საუბარი... გავაგრძელო?!
– არ არის საჭირო.... ესე იგი, იმ სიაში ხარ, ვინც ვერ გამიგო!
– შენ ჯერ არაფერი გითქვამს და რა უნდა გაგიგო?
– კეთილი... პირდაპირ გეტყვი სათქმელს: შენ ჩემი მტერი ხარ, მე – შენი. მაგრამ, ყველა ომს აქვს თავისი წესი. ნუ გაიტან ჩვენს მტრობას ჩარჩოებს მიღმა.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა მალიშევმა.
– ქალს, რომელიც დღეს საქართველოს ციხეში ზის!.. მე ვიცი, რომ დღესდღეობით რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს საგამოძიებო სამსახურები ერთობლივ ოპერაციას ატარებენ. შენ იმ სისტემის ერთ-ერთი ჭანჭიკი ხარ, რომელიც მე მდევნის. ეს ჩვენი ომია. ამიტომაც გაფრთხილებ: ნუ წახვალ იმაზე, რაზეც მე არ წავალ... – ლუკა წამით შეჩერდა და შემდეგ განაგრძო, – ისევ მეტყვი, რომ არაფერი იცი ამის შესახებ?
– მე მართლა ვერ ვხვდები, რა გინდა, ამიხსნა.
– ესე იგი, ვერ ხვდები!... – მოიღრუბლა ლუკა, – კარგი, სხვანაირად აგიხსნი: ბორის მალიშევი, 46 წლის, დაიბადა პერმში, განათლება – სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპორტის ოსტატი ბეატლონში, ამჟამად მუშაობს „ეფესბეს” ოპერატიულ სამმართველოში. წოდება – პილკოვნიკი. მეუღლე – ლარისა ციპკინა, მუშაობს მოსკოვის 217-ე პოლიკლინიკაში პედიატრად, შვილები... ოლგა, 25 წლის, მუშაობს „ოერტეში” ჟურნალისტად; ვაჟი – მიხეილი, 20 წლის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი... – მალიშევისთვის მოულოდნელად, ლუკა მაგიდაზე გადაიხარა, ყელში სწვდა, თავისკენ მიიზიდა და ყინულივით ცივი ხმით უთხრა: – ყურადღებით მომისმინე, ნაბიჭვარო! თუ ძალიან გაინტერესებს, შემიძლია, გითხრა, როდის ჰქონდა შენს ცოლს ბოლო მენსტრუაცია, მაგრამ, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ჩემი პირობა ასეთია: ქალი, რომელიც თქვენი ერთობლივი ოპერაციით აიყვანეს, დაბრუნდება სახლში. თუ არა... მაშინ, სახლში ვერ დაბრუნდებიან შენები!..
– მე... მე...
– დაჯექი! – ლუკამ ზიზღით უბიძგა მალიშევს, – გაუშვით ქალი და მერე გავარჩიოთ ჩვენი საქმეები!
– მე მართლა არაფერი მესმის. საერთოდ, რომელ ქალზეა საუბარი?
– სახე მოიწმინდე! – ლუკამ ცივად მიუგდო ცხვირსახოცი.
მალიშევმა მექანიკური მოძრაობით აიღო ცხვირსახოცი და დაცვარული შუბლი შეიმშრალა.
– კარგად გაიგე, რაც გითხარი? – განაგრძო ლუკამ.
მალიშევი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:
– არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც მე არ შემიძლია.
– ესე იგი, ვერ შევთანხმდით, – თქვა ლუკამ, მერე ადგა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა კუპედან.
* * *
გურამმა აუჩქარებლად გადაიკითხა სამედიცინო დასკვნა და მურთაზს მიუბრუნდა:
– კიდევ ვინ იცის ამის შესახებ?
– ჯერჯერობით არავინ, ექიმმა დღეს დილით მიიღო ანალიზის შედეგი, – უპასუხა მურთაზმა.
– თავად ნუცუბიძემ თუ იცის რამე?
– არა, – თავი გაიქნია მურთაზმა.
– ასეთი დიაგნოზით მისი იზოლატორში გაჩერება შეუძლებელია, საავადმყოფოში გადაყვანა მოგვიწევს.
– იქნებ... – გაუბედავად წამოიწყო მურთაზმა.
– არა... – სწრაფად შეაწყვეტინა გურამმა, რომელიც წინასწარ მიხვდა, რის თქმასაც აპირებდა გამომძიებელი.
– ბატონო გურამ, არ ღირს ასეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. არასამთავრობოები უკვე იწყებენ ხმაურს. გარკვეული მონაცემები მედიასაც დაუგროვდა და ეს ყველაფერი ხვალ ან ზეგ ნიაღვარივით დაგვატყდება თავს. ეს დიაგნოზი კი, პირდაპირი განაჩენია ჩვენთვის. ასეთ ვითარებაში ნუცუბიძის იზოლატორში დატოვება აშკარა კანონდარღვევაა. თავდებობით გავათავისუფლოთ და შემდეგ სასამართლომ მიხედოს.
– არა, მაგის საშუალებას არ მოგვცემენ, – თავი გაიქნია გურამმა.
– არის ისეთი რამ, რაც მე არ ვიცი? – ჰკითხა მურთაზმა.
– არის... რუსულ მხარეს გარკვეული დაბრკოლებები შეექმნა. მათი ინფორმაციით, გეგეშიძემ თავის დოსიე კიდევ ერთი მკვლელობით გაზარდა.
– ვინ მოკლა?
– ჟურნალისტი დიმიტრი გრომოვი, – უპასუხა გურამმა.
– და, რას ითხოვენ ჩვენგან?
– განსაკუთრებულს არაფერს. ვითარების გარკვევამდე ნუცუბიძე იზოლატორში უნდა დარჩეს.
– ამ დასკვნით ეს შეუძლებელია. იდიოტების მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
– ჰო, მაგრამ, ჩვენ ამაში გვიხდიან ხელფასს. თუ საჭიროა, იდიოტების მდგომარეობაშიც უნდა ჩავიყენოთ თავი.
– კარგი... მაშინ, შენი საბოლოო გადაწყვეტილება მითხარი.
გურამი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:
– ნუცუბიძის გათავისუფლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ, იზოლატორშიც არ დავტოვებ. მოამზადე დადგენილება მისი საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე!....
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3