კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28(550)-33(607)

– ვიმეგობროთ. ცხოვრებაში სექსი არ არის მთავარი, – მივუგე ჯინას.
მე და ჯინამ ერთად ორი დღე გავატარეთ, მაგრამ მე თვითმფრინავში „ავფეთქდი“ და უკვე სამუდამოდ დავშორდი მილიარდერის ქვრივს. თუმცა, ამით ეს პრობლემა არ ამოწურულა და „კაგებეს“ კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარება მოუწია კვალის საბოლოოდ წასაშლელად. მე ამ ოპერაციაში არ ვმონაწილეობდი და ის სხვებმა შეასრულეს.
– ქალების კერპო, როგორ ხარ, ჯინა ხომ არ მოგენატრა? – მკითხა შჩუკინმა, როდესაც თვითმფრინავში „აფეთქებიდან“ ორი კვირის შემდეგ, მას კაბინეტში ვეწვიე, მანამდე კი ჩემი შეწყვეტილი დასვენება დავასრულე ბაიკალის ტბაზე.
– დიდი აბეზარი ქალია. კიდევ კარგი, რომ თვითმფრინავში „ავფეთქდი“, თორემ, ალბათ, ძებნას დამიწყებდა და, შეიძლება, პრობლემებიც შეექმნა ჩვენთვის, – მივუგე შჩუკინს, მან კი მითხრა:
– გვიქმნიდა კიდეც, ჩვენს ბიჭებს რომ არ ეყოჩაღათ.
– რა მოხდა?
– რა და, – შჩუკინმა თავი გააქნია და გაეცინა, – როგორც ეტყობა, ფარულად სურათები გადაგიღო და, კიდევ კარგი, რომ თავადვე დაუბეჭდავს. ერთი დიდი ალბომი სავსე ჰქონდა შენი ფოტოებით და ის ალბომი თავის ფირიანად მოვპარეთ.
– კი მაგრამ, საიდან გაიგეთ, რომ მას ჩემი სურათები ჰქონდა?
– ეგაა სწორედ მთავარი. კიდევ კარგი, რომ დროზე აღმოვაჩინეთ და გავაუვნებელვყავით, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – მის ფეშენებელურ ვილაში ერთ-ერთ მსახურად ჩვენი აგენტი მუშაობს, რომელიც იმ გიჟს აკონტროლებს. ადრიატიკიდან დაბრუნების შემდეგ, შენი სიკვდილით თავზარდაცემულ ჯინას შენი უზარმაზარი პორტრეტი დაუბეჭდავს და, თურმე, სახლის ფასადზე აპირებდა გამოკვრას. ზუსტად ისევე, ჩვენში, უფრო სწორად კი, თქვენთან, დასავლეთ საქართველოში რომ იციან. სწორედ ამის გამო დაგვჭირდა პატარა ოპერაციის ჩატარება. ჩვენმა ბიჭებმა ძარცვა გაითამაშეს, ფეშენებელური ვილა გადაწვეს და შენი კვალი იქ ამგვარად წაშალეს.
– როგორ ვყვარებივარ, – ვიხუმრე მე.
– შენ ხუმრობ და, სახუმაროდ ნამდვილად არ გვექნებოდა საქმე, იმ გიჟს შენი უზარმაზარი პორტრეტი სახლის ფასადზე რომ გამოეკრა. ეს უმალვე პრესისა და ტელევიზიის ყურადღებას მიიპყრობდა, გაზეთებსა და ეკრანზე მოხვდებოდი და ასე გაიშიფრებოდა მსოფლიოში საუკეთესო ჩვენი თანამშრომელი.
– ტრაგიკომიკური სიტუაცია იყო და განგებამ გვიხსნა, თორემ, რომ გავშიფრულიყავი, მაშინ, ან გარეგნობა უნდა შემეცვალა პლასტიკური ოპერაციით, ან სხვა სამუშაოზე გადავსულიყავი. მე კი არც ერთი არ მინდოდა და ასეთ რამეზე არც არასოდეს მიფიქრია, ყოველთვის ისე ვიყავი შეჩვეული ჩემს გარეგნობასა და მუშაობის სტილს.
ერთხელ შჩუკინმა კაბინეტში დამიბარა და მითხრა:
– როგორ ხარ, კოკი, ხომ არ დაიღალე?
– რისგან, ვიქტორ იაკოვლევიჩ?
– მომქანცველი და სახიფათო სამუშაოსგან, ჩემო კარგო. აი, უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც ბეწვის ხიდზე დადიხარ და, არ მოგბეზრდა მაინც?
– რაშია საქმე, ამხანაგო გენერალო. რამეში ხომ არ შევმცდარვარ მუშაობისას, ასეთ კითხვას რომ მისვამთ? – მშვიდად და მტკიცედ ვკითხე გენერალს, რომელმაც ღიმილით მომიგო:
– არა, პირიქით, შენს მუშაობაში ყველაზე ტენდენციური და მკაცრი რევიზორიც კი ბეწვს ვერ იპოვის.
– აბა, რაშია საქმე?
– უბრალოდ, შენი კაბინეტურ მუშაობაზე გადაყვანა ხომ არ აჯობებდა?
– კაბინეტურზე? კი, მაგრამ კაბინეტში რა უნდა ვაკეთო?
– სპეცოპერაციებს უხელმძღვანელო, ახალგაზრდა, გამოუცდელ კოლეგებს შენი დიდი გამოცდილება გაუზიარო. ერთი სიტყვით, ჩემი მარჯვენა ხელი იქნები და საკმაოდ მოზრდილი და კომფორტული კაბინეტიც გექნება.
– არა, კატეგორიულ უარს ვაცხადებ. კაბინეტი ჩემი სტილი არაა. ჩემი დანიშნულება სულ სხვა საქმეა. თუ აღარ გაწყობთ ჩემ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი, მაშინ, პირდაპირ მითხარით. კაბინეტზე კი ლაპარაკიც ზედმეტია!
– კარგი, ასეც ვიცოდი, შენმა გაჭრა, – მითხრა შჩუკინმა, – მაშინ, მორიგი დავალების შესასრულებლად მოემზადე.
– ყოველთვის მზად ვარ. რა უნდა გავაკეთო?
ვიქტორ იაკოვლევიჩმა უჯრიდან შავ-თეთრი ფოტოსურათი ამოიღო, მაჩვენა და მითხრა:
– აი, ესაა ობიექტი.
ფოტოზე აღბეჭდილი პიროვნება საბჭოთა პარტიული იერარქიის ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენელი იყო. ასეთ ადამიანებს კი სპეციალური სანქციის გარეშე არ კლავდნენ და მივხვდი, რომ ლიკვიდაციის ბრძანება მთლად ზემოდან იყო წამოსული. ამიტომ, ვიქტორ იაკოვლევიჩს ვუთხარი:
– ალბათ, რაღაცაში ძალიან შეცდა.
შჩუკინმა გაზეთი „პრავდა“ დამიდო წინ, რომლის პირველ გვერდზეც ლეონიდ ბრეჟნევის უზარმაზარი პორტრეტი იყო დაბეჭდილი. მან თითი დაადო პორტრეტს და მომიგო:
– რაღაცაზე გული ძალიან ატკინა და, თან, არა უბრალო რამეზე, არამედ, უმნიშვნელოვანესზე. მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. მოკლედ, სამშობლოს უღალატა.
– გასაგებია. ლიკვიდაციის რომელი ფორმაა გამოსაყენებელი, თვითმკვლელობა ხომ არა?
– ჰო.
ყველაფერი გასაგები იყო. უმაღლესი ხელისუფალი, რომელზეც თვით ბრეჟნევი იყო გამწყრალი, ისე უნდა მომეკლა, რომ ამ ამბისთვის თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭებინათ.
მოგვიანებით, ამ მაღალჩინოსნის სიკვდილმა დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიო პრესაში და ის ლამის კომუნიზმთან მებრძოლ წმინდანადაც კი შერაცხეს. სინამდვილეში კი, ის ბრეჟნევის უმთავრესი კონკურენტი იყო ხელისუფლებისთვის ბრძოლაში და ლეონიდ ილიჩმა ის, უბრალოდ, თავიდან მოიშორა. თუმცა, „პრავდის“ პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ ნეკროლოგში პირველი სწორედ ბრეჟნევი აწერდა ხელს.
ობიექტის აგარაკი მოსკოვის მახლობლად, სამთავრობო ზოლში მდებარეობდა და შორიახლო თვით ბრეჟნევის აგარაკი იყო განლაგებული. იქ კი წინა ღამეს მოვხვდი, სადაც ფურგონიანი მანქანით შემიყვანეს და „მასპინძელს“ მთელი ღამე ველოდებოდი. ის დილით გამოჩნდა ორ ქალთან ერთად, დაცვა დაითხოვა და, სანამ ჩვეულ ორგიას დაიწყებდა, უზარმაზარ სააბაზანოში განმარტოვდა შხაპის მისაღებად. მე ის ჯერ კისერში ჩარტყმით გავთიშე, შემდეგ სამართებლით ვენა გადავუსერე, თბილ აბაზანაში ჩავაწვინე და სისხლისგან რომ დაიცალა, მხოლოდ მერე დავტოვე იქაურობა.
– უზადო და ძალიან მახვილგონივრული შესრულება იყო, – შემაქო მუხინმა, რომელიც უშუალოდ კურირებდა ამ საქმეს, – ამაღამვე გაემგზავრე ყირიმში, შენთვის იალტაში ნომერია დაჯავშნილი გუშინწინიდან და მესამე დღეა, რაც იქ ცხოვრობ, გასაგებია?
– გასაგებია, ანდრეი ლუკიჩ.
– წადი, დაისვენე.
ყირიმში რომ მივფრინავდი, გზაში ჩემ მიერ გაკეთებულ საქმეზე ვფიქრობდი და, ისიც კი გავიფიქრე – თავიდან ხომ არ მიშორებენ და მოსკოვიდან ასე შორს იმიტომ ხომ არ გამგზავნეს-მეთქი.
სამი თვის მერე მე და შჩუკინი ბუნების წიაღში შევხვდით ერთმანეთს და თევზის სუპის – უხას ჭამისას, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:
– გულზე ხელი დაიდე და მითხარი, იალტაში რომ მიფრინავდი, რას ფიქრობდი?
– როდის, ამხანაგო გენერალო?
– სამი თვის წინ.
– ისეთს არაფერს.
ვიქტორ იაკოვლევიჩს გაეცინა და მითხრა:
– დარწმუნებული ვარ, გეგონა, რომ თავიდან მიშორებენო. მართალს ვამბობ?
– კი, ასე იყო.
– და, არც გამტყუნებ, ჩემო კარგო. შენ აბსოლუტურად მართალი იყავი და ასეთი საქმის მერე შემსრულებელსაც კლავენ. თუმცა, შენ სულ სხვა ხარ. შენ ჩვენი ნომენკლატურის განსაკუთრებული წევრი ხარ და განსაკუთრებულად გენდობით. სწორედ ამიტომ ხარ ცოცხალი და ბუნების წიაღშიც იმიტომ გამოგიყვანე, რომ ეს მეთქვა შენთვის. ხომ იცი, ლუბიანკაზე კედლებსაც ყურები აქვს. ასე რომ, ნურაფრის გეშინია, ჩემო კარგო, და ჩვეულებრივ რეჟიმში შეგიძლია იმუშაო.
იმ პერიოდისთვის შჩუკინთან უკვე ძალიან ახლო დამოკიდებულებაში ვიყავი, მაგრამ, ამ აღიარების შემდეგ კიდევ უფრო დავახლოვდით და, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ვიყავი.
– დიდი მადლობელი ვარ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, იმ უდიდესი ნდობისთვის, რომელსაც თქვენ ჩემ მიმართ გამოხატავთ, – ვუთხარი შჩუკინს და გავუღიმე.
იმავე შეხვედრის დროს შჩუკინმა მითხრა:
– დაიხსომე, ჩემო კარგო, რომ კეთილსაიმედო ადამიანები ჩვენთან ორმაგად არიან დაფასებულნი და სწორედ მათ რიცხვში შედიხარ შენ. ჩვენთან უფრო თანამშრომლობა და საქმიანი ურთიერთობებია მიღებული, ვიდრე მეგობრობა, მაგრამ, ჩათვალე, რომ ჩვენ მეგობრები ვართ, ეს კი თანამშრომლობაზე ბევრად მეტია და გაფრთხილება სჭირდება...
იმ თევზაობიდან  და უხის ჭამიდან მრავალმა წყალმა ჩაიარა და ვიქტორ იაკოვლევიჩთან კიდევ არაერთი საქმიანი თუ არაფორმალური შეხვედრა მქონდა, თუმცა, მსგავსი საუბარი აღარ გვქონია და არც იყო საჭირო, რადგან, ყველგან და ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერასა და ფარულ ძალას. სახუმარო საქმე არაა, როდესაც „კაგებეს“ ძლევამოსილი გენერალი გთავაზობს მეგობრობას და ხელს გიწვდის. ჩემი მხრივ, არც მე დამიხევია არასდროს უკან და ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რასაც მკარნახობდა სინდისი და ის უდიდესი მოვალეობის გრძნობა, რომელსაც ჩემი სამშობლოს წინაშე განვიცდიდი. იმ წლებში კი ჩემი სამშობლო საბჭოეთი იყო, რომელშიც საქართველოც შედიოდა და მზად ვიყავი, ყველასა და ყველაფრისთვის თავი გამეწირა. ანუ, იმ პერიოდში მე სულით ხორცამდე საბჭოთა პატრიოტიზმით ვიყავი გამსჭვალული და მართალია, ქართული ფესვები არასოდეს დამიკარგავს, მაგრამ, რუსი, უკრაინელი და ნებისმიერი სხვა საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენელი ისევე ახლობელი იყო ჩემთვის, როგორც ქართველი. შეიძლება, ვცდები, მაგრამ, დღემდე ვფიქრობ, რომ საბჭოთა პატრიოტიზმი არც ისე ცუდი იყო და იმ ინტერნაციონალურ სახელმწიფოში უფრო მეტად  ინარჩუნებდა ყველა ერი თავის ეროვნულ თვითმყოფადობას, ვიდრე დღეს, ამ ბაბილონის გოდოლში...
რამდენიმე წლის წინ მე და შჩუკინი ერთმანეთს მოსკოვში შევხვდით, სადაც მე, უბრალოდ, ჩემი სახლის სანახავად ვიყავი ჩასული და იქ სამი დღე გავჩერდი. ვიქტორ იაკოვლევიჩი პატარა რესტორანში დავპატიჟე, სადაც სიმყუდროვე იყო და შესანიშნავ კერძებს ამზადებდნენ. ჩვენ საუცხოო არაყს ვსვამდით და რიგრიგობით ვამბობდით სადღეგრძელოებს. მეოთხე ჭიქაზე ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:
– გულწრფელად მითხარი, კოკი, როგორ ფიქრობ, საბჭოთა კავშირის დაშლით საქართველომ უფრო წააგო თუ რუსეთმა?
– უპირველესად, საბჭოთა კავშირმა წააგო, – მივუგე შჩუკინს, – მერე კი თითოეულმა რესპუბლიკამ და, წარმოიდგინეთ, ბალტიისპირეთმაც კი, რომელიც, ერთი შეხედვით, სხვებზე უკეთეს მდგომარეობაშია. რუსეთი და საქართველო კი ცალკე თემაა და, დარწმუნებული ვარ, მეგობრობით უფრო მეტს მივაღწევდით, ვიდრე მტრობით.
– მე კი ვფიქრობ, რომ ამერიკის წაქეზებას არც რუსეთი უნდა აჰყოლოდა და არც საქართველო. მე და შენ მაინც კარგად ვიცით, რაებს ხლართავდა ყოველთვის ლენგლი, რომ საბჭოელებს შორის შუღლი ჩამოეგდო.
– ვიცით, – დავუდასტურე შჩუკინს, – თან, რამდენი გვიწვალია ამ ყველაფრის გასანეიტრალებლად და მაინც არაფერი გამოგვივიდა.
– გამოგვივა.
– ხუმრობთ, ამხანაგო გენერალო?
– სულაც არა. აი, ნახავ, თუ არ ვაჯობოთ ამერიკელებს, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა და ხუმრობით დაამატა, – არ გახსოვს საბჭოთა დევიზი? – „დავეწიოთ და გავასწროთ ამერიკას.“
– ეეჰ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, ამერიკისთვის ჩვენ გასწრებული გვქონდა და ამ კრეტინმა, გამყიდველმა პოლიტიკოსებმა უიმედოდ დაგვხიეს უკან.
– ისევ წინ წავალთ. ჩვენს წინსვლას გაუმარჯოს!
შჩუკინის სიტყვები უფრო ქარაგმული ნათქვამი იყო, ვიდრე უსაფუძვლო ოპტიმიზმი და. მართალია, ძალიან კარგად ვიცნობდი ვიქტორ იაკოვლევიჩს, მაგრამ, მის აზრებში ბოლომდე ჩაწვდომა მაინც ვერ მოვახერხე.
– გაუმარჯოს! – გავიმეორე მე და დავამატე, – თუმცა, არა მგონია, რომ საბჭოეთი აღდგეს.
– ეს არცაა საჭირო, ჩემო კარგო, – ეშმაკურად ჩამიკრა თვალი გენერალმა, – ჩვენ უკეთესი კავშირი გველოდება, უფრო ძლიერი, მონოლითური და მეგობრული, აქედან გამომდინარე კი – ძლევამოსილი, ვიდრე ეს დიადი საბჭოთა კავშირი იყო.
მე, რა თქმა უნდა, შემეძლო, რომ ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვები სასმელისთვის მიმეწერა, მაგრამ ის მთვრალი არ იყო და სახეზე ეტყობოდა, რომ, რასაც ამბობდა, ნამდვილად სწამდა.
– და, რა გაძლევთ ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველს?
– რა, ჩემო კოკი და, ქართველებისა და რუსების გონიერება, სიმტკიცე, თუ გნებავს – ამბიციები და, რაც მთავარია, ის ორასწლიანი ერთად თანაცხოვრების გამოცდილება, რაც საქართველოში რუსული ოკუპაციის შედეგად დაგროვდა. ოკუპაცია, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ, ამ ფაქტს დადებითი მხარეებიც ჰქონდა.
– წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ასეთი სიტყვები რომ საბჭოთა კავშირის დროს გეთქვათ ლუბიანკაზე, – ღიმილით ვუთხარი გენერალს,  – ხომ გახსოვთ, ამბობდით, კედლებსაც ყურები აქვსო.
– რა მოხდებოდა და, მომსპობდნენ, თანაც, არა მარტო მე, არამედ, ჩემს მსმენელებსაც, – მითხრა შჩუკინმა, – და, შენ წარმოიდგინე, რომ მაშინაც ასე ვფიქრობდი. თუმცა, ამას ვერც ხმამაღლა ვიტყოდი და არც იყო საჭირო.
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, რატომ გგონიათ, რომ ჩვენი ქვეყნები ასეთ რამეზე წავლენ?
– მათ ხალხი აიძულებს ამის გაკეთებას, ხალხის უკან კი ჩვენ ვიდგებით, – მომიგო გენერალმა, – აი, ნახავ, ასე თუ არ იქნება. ახლა კი ფირფიტა შევცვალოთ და სხვა მელოდიაზე გადავეწყოთ.
მე და შჩუკინმა კიდევ ორიოდე საათი დავყავით რესტორანში, მაგრამ, სულ სხვა თემებზე ვსაუბრობდით და, ისე დავშორდით ერთმანეთს, ეს საკითხი აღარ წამოგვიწევია.
– აბა, ჩემო კოკი, მომავალ შეხვედრამდე. იმედია, კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს, – მითხრა შჩუკინმა და რესტორნის წინ მდგარი ტაქსით გაემგზავრა სახლში.
მე ფეხით გასეირნება ვამჯობინე და გაჩახჩახებულ, ნახევრად დაცარიელებულ გამზირს დინჯად გავუყევი, თან გენერლის თითოეულ სიტყვას ვიხსენებდი, ვშიფრავდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ, საკმაოდ ახალგაზრდული ასაკის, შჩუკინი, რომელიც ფიზიკურად და გონებრივად მშვენიერ ფორმაში იმყოფებოდა, ფარული ორგანიზაციის მმართველი თუ არა, ერთ-ერთი მეთაური მაინც იყო და ჩემს გადაბირებას ცდილობდა. თუმცა, გადასაბირებელი ნამდვილად არაფერი მჭირდა, რადგან, აბსოლუტურად ვეთანხმებოდი ყველა მის მოსაზრებას და, მზად ვიყავი, შემოთავაზების შემთხვევაში, აქტიურად ჩავრთულიყავი ამ საქმიანობაში.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ვიმუშავე „კაგებეში“, ჩემი გადაბირება მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ სცადეს და, ისიც, არა უცხოურმა სპეცსამსახურებმა, არამედ საბჭოთა უწყებამ, კერძოდ კი „გრუმ“, რომელიც, ტრადიციულად, „კაგებეს“ შეურიგებელი მეტოქე იყო და „გრუელებს“ მიაჩნდათ, რომ ისინი „ჩეკისტებზე“ უკეთესები იყვნენ.
ერთ ცხელ ზაფხულს იალტაში ვისვენებდი ოჯახთან ერთად. მერი და ბავშვები ნაპირზე იმყოფებოდნენ და მზის აბაზანებს იღებდნენ, მე კი წყალში შევცურე, ზურგზე დავწექი და გავცურე, თან ჩემებს ვუყურებდი. სამასიოდე მეტრით რომ გავცდი ნაპირს და პატარა კლდეზე ავცოცდი შესასვენებლად, კლდესთან კატერი მოცურდა, რომელზეც ორი კაცი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი, შედარებით ასაკოვანი და დაკუნთული, კლდეზე ამოვიდა, მეორე კი კატერში დარჩა და გააბოლა, თან ჰორიზონტს გასცქეროდა.
– გამარჯობა, კოკი, – გამიღიმა ახალმოსულმა და ხელი ისე ჩამომართვა, მაშინვე ვიგრძენი, რომ დიდი ძალის პატრონი იყო.
– გაგიმარჯოთ... – მე პაუზა გავაკეთე, ახალმოსულმა კი შემაშველა:
– გავრილ გავრილოვიჩი ვარ.
– გაგიმარჯოთ, გავრილ გავრილოვიჩ. რით შემიძლია, გემსახუროთ? – ვუთხარი ახალმოსულს, რომელიც მეკავშირე ნამდვილად არ იყო, რადგან პაროლი არ უთქვამს, თუმცა, მაშინვე მივხვდი, რომ სპეცსამსახურში მსახურობდა.
– გაკვირვებას ვერ გამჩნევთ სახეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თავშეკავების უნარი გაქვთ და შეგიძლიათ, თქვენი გრძნობები მართოთ. ეს კი თქვენს საუცხოო მომზადებაზე მეტყველებს.
– რა უნდა გამკვირვებოდა? – მხრები ავიჩეჩე მე, – დიდი ამბავი, თუკი ჩემი სახელი იცით.
– მე სხვაც ბევრი რამ ვიცი შენზე, ჩემო კოკი. სწორედ ამიტომ მოვედი აქ.
– ჩემი ბიოგრაფი ბრძანდებით?
– არა, მე პოლკოვნიკი გავრილოვი ვარ, გავრილ გავრილოვიჩი და, მინდა, ერთი წინადადებით მოგმართოთ, რომელზეც, იმადია, უარს არ იტყვით.
– წინადადებას გააჩნია. გისმენთ.
– მე „გრუში“ ვმსახურობ და, მინდა, რომ ჩემს დაქვემდებარებაში გადმოხვიდე. გარწმუნებ, ჩვენთან ბევრად უკეთესად იქნები და ხელის გულზე გატარებენ. ამისთვის კი მხოლოდ და მხოლოდ ერთგულებაა საჭირო.
 მე ახალმოსულს შევხედე და ვუთხარი:
– პოლკოვნიკო გავრილოვ გავრილ გავრილოვიჩ, რატომ ფიქრობთ, რომ თქვენს უწყებაში გამოგადგებით და რატომ გგონიათ, რომ დამითანხმებთ? ან, რა უნდა ვაკეთო თქვენთან? მე ხომ ერთი რიგითი გიდი ვარ და მეტი არაფერი...
– „გრუში“ მუშაობა, ჩემო კარგო, დიდი პატივია ყველასთვის და, როდესაც ამას გთავაზობენ, უარი არ უნდა თქვა.
– ეს არგუმენტი არ არის. გიმეორებთ, მე მხოლოდ და მხოლოდ გიდი ვარ, „გრუ“ კი ისეთი უწყებაა, რომელიც ჩემი პროფესიისგან ძალიან შორს დგას. სად დაზვერვა და სამხედრო საქმე და სად – აღმოსავლეთმცოდნეობა და შექსპიროლოგობა, რასაც მე ინსტიტუტში დავეუფლე. ასე რომ, პოლკოვნიკო, მისამართი შეგეშალათ და ტყუილად გაისარჯეთ.
– კოკი, ჩემო კარგო, ვიცი, რომ ღალატად მიგაჩნია, რასაც გთავაზობ, მაგრამ, ჩვენ ერთ ქვეყანას ვემსახურებით და, გარწმუნებ, „გრუში“ ბევრად უკეთესად შეასრულებ შენს პატრიოტულ ვალს, ვიდრე „კაგებეში“.
– „კაგებე“ რაღა შუაშია, პოლკოვნიკო? მე მხოლოდ გიდი ვარ და მეტი არაფერი, – გავუმეორე პოლკოვნიკს.
– ეს უკვე ბავშვობაც აღარაა, – თავი გააქნია გავრილოვმა, რომელიც აშკარად  გაღიზიანდა ჩემი უარით, – გირჩევნია, დამეთანხმო შემოთავაზებაზე და, გარწმუნებ, შენი ყოფილი უფროსობა ვერც შენ და ვერც შენს ოჯახს, ანუ ცოლ-შვილს, რომელიც ახლა პლაჟზე ნებივრობს, თითსაც ვერ დააკარებს.
ჩემი ცოლ-შვილის ხსენება უკვე აშკარა მუქარა იყო და პოლკოვნიკს მშვიდად ვუთხარი:
– გირჩევთ, ჩემი ცოლ-შვილი აღარ ახსენოთ და თუკი თქვენ დაივიწყებთ ამ საუბარს, აღარც მე გავიხსენებ მას.
გავრილოვი საკმაოდ ხისთავა და უტიფარი აღმოჩნდა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ის, თურმე, იმიტომ ცდილობდა ჩემს გადაბირებას, რომ ორი კურდღელი ერთად დაეჭირა: ერთი მხრივ, კარგი თანამშრომელი ჩაეგდო ხელში და მაქსიმალურად გამოეყენებინა ის, ანუ მე; მეორე მხრივ კი, დარტყმა მიეყენებინა შჩუკინისა და მუხინისთვის, რომლებთანაც ის ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში იყო დაპირისპირებული. ამიტომ, მან კოპები შეკრა და მითხრა:
– არ გირჩევ ასეთი ტონით ჩემთან ლაპარაკს. მართალია, პატივისცემით გეპყრობი, მაგრამ, შემიძლია, რადიკალურადაც შევიცვალო და მაშინ არც შენ იქნები დალხინებული და არც შენი ცოლ-შვილი.
ცოლ-შვილი ჩემთვის წმიდათაწმიდა იყო ყოველთვის და მათზე წინ არასდროს არავის და არაფერს ვაყენებდი. ამიტომ, მათ მიმართ მეორედ მუქარა უკვე მეტისმეტი იყო და პირდაპირ მოქმედებაზე გადავედი: დავიხარე, იქვე დაგდებულ ქვას დავწვდი, კატერში მჯდომ ახალგაზრდას შუბლში მოვარტყი და გავთიშე. შემდეგ გავრილოვს აპერკოტი ამოვარტყი, ისიც მივაძინე და ჯერ პატარა პაუზა გავაკეთე და მიმოვიხედე. შემდეგ კატერიდან ახალგაზრდა გადმოვათრიე და გავრილოვს გვერდით მივუწვინე. კატერზე წვრილი ტროსი ვიპოვე. გათიშულები ჯერ ერთმანეთზე მივაბი მაგრად, და შემდეგ კი უზარმაზარ ლოდზე, თან, ორივეს საცურაო ტრუსები გავაძრე, თავებზე ჩამოვაცვი და მათი კატერით კი ნაპირისკენ გავემართე. უპირველესად, ყოველი შემთხვევისთვის, ჩემი ცოლ-შვილი გადავმალე, თუმცა, მათ არც კი იცოდნენ,  რომ ვმალავდი. მე ისინი, უბრალოდ, ექსკურსიაზე გავუშვი გემით. შემდეგ ფოსტაში მივედი და ლუბიანკაზე სპეციალური ნომრით დავრეკე, რომელსაც ექსტრემალური სიტუაციისთვის ვიყენებდით. შჩუკინმა რომ აიღო ყურმილი, ვუთხარი:
– შეგიძლიათ, ისეთ ტელეფონზე დამირეკოთ, რომელზეც უსაფრთხოა ლაპარაკი?
– ილაპარაკე. დაცვის სისტემა ჩართულია და ვერავინ მოგვისმენს. რა მოხდა?
– „გრუს“ პოლკოვნიკი გავრილოვი და მისი მეგზური ბიჭი ზღვაში, პატარა კლდეზე მყავს ერთმანეთზე გადაბმული და ლოდზე მიბმული. თავებზე კი ნიფხვები აქვთ ჩამოცმულები.
– გავრილ გავრილოვი? – დააზუსტა შჩუკინმა.
– დიახ.
– რა უნდოდა?
– ჩემი ცოლ-შვილის მიმართ მუქარა გამოთქვა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ გადაბირებაზე უარი ვუთხარი.
– სწორად მოქცეულხარ. ცოლ-შვილი სად გყავს?
– ყოველი შემთხვევისთვის, გადავმალე და ექსკურსიაზე გავუშვი.
– კარგი. ახლავე მივიღებ ყველა საჭირო ზომას. ყველაფერი მაქსიმუმ ერთ საათში მოგვარდება. შენ კი იალტის „კაგებეს“ სამმართველოში მიდი და უფროსის კაბინეტში დამელოდე, იქ დაგირეკავ და ყველაფერს გეტყვი.
– წავედი, – ვუთხარი შჩუკინს და ყურმილი დავკიდე. შემდეგ ხსენებულ მისამართზე მივედი, სადაც იალტის „კაგებეს“ უფროსი, ჩინით პოლკოვნიკი, შესასვლელთან მელოდებოდა და რომ დამინახა, გულთბილად მომესალმა. შენობაში შემიყვანა, თავისი კაბინეტისკენ გამიძღვა და მითხრა:
– მოსკოვიდან დამირეკა გენერალმა და მიბრძანა, ჩემს კაბინეტში აგიყვანოთ.
ზუსტად ნახევარი საათი ველოდე შჩუკინის ზარს. „ვეჩეს“ ყურმილი რომ ავიღე, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:
– მოკლედ, ასე, ჩემო კარგო. გავრილოვს ახლა ჩვენები მოათრევენ მანდ და დაკითხავენ. რა თქმა უნდა, მისი უწყების წარმომადგენელთა თანდასწრებით. შენ არ გამოჩნდები – ჯერ არ არის საჭირო,  მერე კი ვნახოთ. კიდევ დაგირეკავ. ჯერჯერობით მანდ იყავი და ჩემს ზარს დაელოდე.
როგორც მოსკოვში დაბრუნების შემდეგ თვით შჩუკინისგან შევიტყვე, ვიქტორ იაკოვლევიჩი პირდაპირ ანდროპოვთან შესულა და ყველაფერი უთქვამს. ანდროპოვს ბრეჟნევისთვის დაურეკავს და საქმის კურსში ჩაუყენებია. ამის პარალელურად კი „კაგებეს“ სპეცრაზმს ებრძანა, რომ კლდეზე მიბმული გავრილოვი და მისი თანამგზავრი, „გრუს“ წარმომადგენელთა თანდასწრებით, იალტის „კაგებეს“ შენობაში მიეყვანათ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. მე კი იმიტომ არ გამომაჩინა შჩუკინმა, რომ ბევრ ადამიანს არ ვენახე და არ გავშიფრულიყავი, თან, გავრილოვისთვის რომ არ მიმეყენებინა ზიანი. ვიქტორ იაკოვლევიჩი მართლა კარგად იცნობდა გავრილოვს და, იცოდა, რომ ჩემთან შეხვედრისას შეურაცხყოფას მომაყენებდა, რაც, შეიძლება პოლკოვნიკისთვის სავალალოდ დასრულებულიყო. გენერალმა მეორედ რომ დამირეკა, მითხრა:
– ყველაფერი წესრიგშია. გავრილოვს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს და შემდგომი დაკითხვისთვის მოსკოვში მოჰყავთ. შენ კი შეგიძლია, დასვენება განაგრძო და ნურაფერზე იდარდებ. წადი, ცოლ-შვილს მიხედე.
მერისა და ბავშვებს მე თვითონ მივაკითხე. ისინი სიმფეროპოლში იმყოფებოდნენ და საექსკურსიო გემზე სხდებოდნენ, როდესაც მივუახლოვდი და ღიმილით ვუთხარი:
– არ მელოდით?
– კოკი, აქ საიდან გაჩნდი? – მკითხა მერიმ.
– მომენატრეთ და მოგაკითხეთ. წამოდით, მე დაგათვალიერებინებთ აქაურობას, ისეთ ექსკურსიას ჩაგიტარებთ, კმაყოფილები დარჩებით.
იალტაში გვიან დავბრუნდით. დასაძინებლად რომ დავწექით, მერიმ მკითხა:
– მოხდა რამე?
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3