კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ ირგებდა გოგი გეგეჭკორი სასცენო კოსტიუმებს და ვინ დასდევდა მას წინ და უკან

„გიორგი გეგეჭკორის ბიოგრაფია თითქმის არაფრით გამოირჩევა მისი თაობის ათასობით, ათიათასობით ადამიანის ბიოგრაფიისგან, – წერს ლალი ყურულაშვილი წიგნში „გიორგი გეგეჭკორი“, – დაიბადა 1923 წლის 23 თებერვალს, პედაგოგ თამარ გელოვანისა და პოეტ ლადო გეგეჭკორის ოჯახში.  მისი მშობლები წარსულში საკმაოდ აქტიური და სახელმოხვეჭილი სცენისმოყვარენი იყვნენ. მათ ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის მოღვაწეები და მათი საუბრები უმეტესად ხელოვნების სფეროს დასტრიალებდა. გოგი ყოველთვის გატაცებით უსმენდა მათ, ფიქრობდა, კითხულობდა თეატრის შესახებ ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გეგეჭკორი შევიდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1944 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. მოღვაწეობდა კინოსა და ტელევიზიაში. მისი ცხოვრებისა და შემოქმედების გზა უმტკივნეულო როდი იყო. შემოქმედების ამ რთულ გზაზე მსახიობს რამდენჯერ გადაუტანია შეუპოვარი ბრძოლები, გამარჯვების სიხარულთან ერთად რამდენჯერ უგემია წარუმატებლობის სიმწარეც! ასე რომ, გეგეჭკორის შემოქმედებითი ბიოგრაფია არ ყოფილა მრავალი დაბრკოლებისგან დაზღვეული. სინამდვილე გაცილებით უფრო რთული და მრავალფეროვანი იყო, ვიდრე ათიოდ სტრიქონში მომწყვდეული მისი ბიოგრაფია. რუსთაველის თეატრში გეგეჭკორი თეატრალური ინსტიტუტიდან მივიდა. მან ასზე მეტ მხატვრულ სახეს მიანიჭა სიცოცხლე. ეკრანზე ორმოცამდე დიდი თუ მცირე როლი განასახიერა. რადიოში, სტუდენტობიდან მოყოლებული, კითხულობდა ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავ-არაკებს, ქმნიდა საინტერესო სახეებს რადიოდადგმებში (ამაში ხელს უწყობდა დახვეწილი ხმა). უფრო გვიან, როდესაც გეგეჭკორი უკვე აღიარებული, პოპულარული მსახიობი გახდა, მის ცხოვრებაში ხელოვნების კიდევ ერთი დარგი – ტელევიზია შემოვიდა. არც არაფერი იყო გასაკვირი იმაში, რომ თავისი საქმის ოსტატი, პირველი ნაბიჯებიდანვე ქართული ტელევიზიის მუდმივი თანამგზავრი გახდა... სცენაზე სკამი გამოიტანა, დაჯდა და დაიწყო ილიას „მგზავრის წერილების“ კითხვა მშვიდად, თითქმის ხმადაბლა, მაგრამ ისე, რომ პირველი ფრაზიდანვე დაატყვევა მსმენელები. ეს ჭაბუკი გახლდათ მეორე კურსის სტუდენტი გიორგი გეგეჭკორი. საღამოს დამსწრენი პედაგოგ მალიკო მრევლიშვილს გარსს შემოერტყნენ და მოწაფის წარმატება მიულოცეს. გეგეჭკორი კი ტოვსტონოგოვმა დაიმარტოხელა და ესაუბრა. მეორე  დღეს კი, თავის ჯგუფთან საუბარში, ტოვსტონოგოვმა მისთვის ჩვეული ექსპრესიით თქვა: „აი, ეს არის ბუნებით მომადლებული ნიჭი!..“
კოტე ნინიკაშვილი წერს: „გიორგი გეგეჭკორი თეატრში იშვიათი მოვლენა გახლდათ. ქართულ სცენას არც ერთი დიდი მსახიობი (მამაკაცებს ვგულისხმობ), მცირე გამონაკლისის გარდა, ხანდაზმულობამდე არ შერჩა – ან ნაადრევად შეწყდა მათი სიცოცხლე, ან, შემოქმედებითი რესურსების ამოწურვამ თუ თეატრის ხელმძღვანელთა ტენდენციურმა ნებამ იძულებით ჩამოაშორა სცენას.
„ჩემი მშობლები თეატრის დიდი მოტრფიალენი იყვნენ. ჯერ კიდევ რევოლუციამდე, ბაქოს ქართველთა დასახლებაში შალვა დადიანის ხელმძღვანელობით იდგმებოდა სპექტაკლები, რომლებშიც ჩემი მშობლებიც მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, მათმა სიყვარულმა თეატრისადმი მე და ჩემს ძმაზე – მერაბზეც იქონია გავლენა“, – ამბობს თავად მსახიობი. „თუ გიყვართ თქვენ სიცილი? გინდათ, გულიანად იცინოთ? თუ გსურთ, დატკბეთ კომედიის მსახიობის ბრწყინვალე ოსტატობით? თუ ყოველივე ეს ნამდვილად გსურთ, მაშინ, დაუყოვნებლივ შეეცადეთ, იშოვოთ ბილეთი რუსთაველის სახელობის თეატრის სპექტაკლზე „ამბავი სიყვარულისა“ და ნახოთ გიორგი გეგეჭკორი, რომელიც ამ სპექტაკლში ასრულებს ექვთიმე ქათამაძის როლს“, – ამბობს მიხეილ თუმანიშვილი – ოთახის კარზე აბრაა მიკრული – „სამკერვალო საამქრო“. ოთახიდან ხმაური და ყვირილი მოისმის. გამვლელ-გამომვლელნი ნაბიჯს ანელებენ, ყურს უგდებენ, ცდილობენ, გაარკვიონ, რას ეხება ეს ცხარე კამათი. ეს არის საყელო?! ძონძია, საყელო კი არა!.. რა საჭიროა ამხელა ლიპები, საერთოდ რაში მჭირდება ლიპები? მხატვარმა ასე მითხრა, გოგის ვენაცვალე და რა ვიცი – ა, ესკიზს შეხედე. ესკიზი ქაღალდზეა დახატული, მე კი სცენაზე უნდა გავიდე... ეს ღილი აქ რატომ არის? გოგის ვენაცვალე, შენ თვითონ არ მითხარი? მერე  რა, რომ გითხარი, არ მომწონს, მე ეს კოსტიუმი სახლში კი არ მიმაქვს... ათჯერ მაინც გამომაცვლევინე ადგილი ამ საწყალი ფოლაქისთვის. კარის მიღმა კამათი ცხარდება. ასეა ყოველდღე, სანამ ითამაშებს. ვერაფრით ახერხებს საცოდავი კირილე გოგის გულის მოგებას. კი მაგრამ, დირექტორთან რატომ არ უჩივლებს? ვის, გოგის? თუკი ასე ჯვარს აცვამს... საშინლად აწამებს, უღმერთოდ... გუშინწინ დამთავრებული კოსტიუმი მთლად დაარღვევინა, არაფერი მესმის, რატომ ითმენს... უეცრად კარი მოწყვეტით იღება. ოთახიდან ჩქარი ნაბიჯით გამოდის გოგი გეგეჭკორი და ზევით ასასვლელი კიბისკენ მიემართება. მას კირილე მისდევს – ყველაფერს ისე გაგიკეთებ, შენი ჭირიმე, როგორც გაგიხარდება, ასე ნერვიულობა გამიგონია?!. ნამეტანი კაი ბიჭია, ნამდვილი არტისტია! სული ამომიღო ამდენი გადაკეთებით, მარა, ალალია მაგაზე. ზოგიერთებივით კი არაა, კოსტიუმის მაგივრად ტომარა რომ ჩააცვა, სიტყვას რომ არ იტყვის. არ ენაღვლებათ, რა აცვიათ, ეს კი... კარი იხურება. ოთახიდან მოისმის საკერავი მანქანის ნერვიული ხმაური. ისევ გოგი გეგეჭკორის კოსტიუმი კეთდება, ვინ იცის, უკვე მერამდენედ“...
„ფეხბურთი გეგეჭკორის ჰობია, – გვიამბობს ეროსი მანჯგალაძე, – რუსთაველის ფეხბურთელთა გუნდი თბილისის „დინამოს“ სტადიონზე მარჯანიშვილის თეატრის ფეხბურთელთა გუნდს ვეთამაშებოდით. მეტოქე დამარცხებული გვყავდა და, ცხადია, ახალ რევანშზე ფიქრობდა, ამიტომ, ამ პრინციპულ შეხვედრას ხუმრობით „საუკუნის მატჩი“ ვუწოდეთ. სამწუხაროდ, წელი არ შემომრჩა მეხსიერებაში, მაგრამ, ის კი კარგად მახსოვს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ანგარიშით 3:1. ერთ-ერთი გოლი სწორედ გეგეჭკორმა გაიტანა. ჭაბუკობის წლებში გეგეჭკორი უფრო კარგად თამაშობდა კალათბურთს. 1945-1948 წლებში რუსთაველის თეატრის გუნდი ერთ-ერთი უძლიერესი იყო რესპუბლიკაში. 1947 წელს კი, გეგეჭკორი, თავის მშობლიურ გუნდთან ერთად, საქართველოს ჩემპიონატში საპატიო კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა. ის ჩვენ შორის ყველაზე უკეთ თამაშობს მაგიდის ჩოგბურთსაც“.
გეგეჭკორის მეუღლე, ნათელა ურუშაძე წერს: „რბილი ხასიათის, ბუზღუნა, მაგრამ, უხმაურო. ჩემი ბუზღუნა ძალიან  მოწესრიგებული და სხვისგანაც ამის მომთხოვნი (თუმცა, საკუთარ სათვალეს განუწყვეტლივ ეძებს!). იშვიათი მეოჯახე, ცარიელი ხელით შინ მოსვლა არ უყვარს. აქვს კარგი იუმორი, რომელსაც უფრო ხშირად თავდაცვისათვის იშველიებს. ხშირად მეკითხებიან – რაშია გოგის ასეთი ხანგრძლივი ახალგაზრდობის საიდუმლო... არ გვაქვს აგარაკი, რომლის ასაშენებლად არც ფინანსური და არც ფიზიკური შესაძლებლობები არ გვქონია. მაშასადამე, ოჯახის მამა თავისუფალია უძრავ ქონებაზე მუდმივი საზრუნავისგან. არ გვყავს საკუთარი მანქანა, მაშასადამე, საჭესთან არ ზის, ფეხით მოსიარულეა. მოსიყვარულეა ძალიან, ბევრი ადამიანი უყვარს. მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული წამყვანია ჩვენს ოჯახში. ეს უღელი გვადგას“.
მანანა გეგეჭკორი: „ბავშვობაში, მახსოვს, სულ მენატრებოდა. მაშინ იგი, ფაქტობრივად, დაკავებული იყო – რეპეტიციები, სპექტაკლები, ტელე, კინოგადაღებები, გახმოვანება, რადიოჩაწერა... რამდენიმე წლის განმავლობაში ზაფხულს ბებიასთან ერთად, ქვიშხეთში ვატარებდით, მწერალთა დასასვენებელ სახლში. ყველა ჩემი თანატოლის მამა პარასკევს საღამოს ჩამოდიოდა ოჯახის მოსანახულებლად, ორშაბათს დილით კი თბილისში ბრუნდებოდნენ. ჩემს მშობლებს დასვენების ერთი დღე ჰქონდათ (მაშინ დედაც რუსთაველის თეატრში მუშაობდა) – ორშაბათ დილას ჩამოდიოდნენ და საღამოს უკან ბრუნდებოდნენ. გული მწყდებოდა, მაგრამ, რას ვიზამდი. ურთიერთობაში რბილი კაცია, ადვილად დამყოლი, თუმცა, ზოგჯერ, არცთუ იშვიათად, ბუზღუნებს, უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ, კარგად ვიცით, რომ, საბოლოოდ, ყველა თხოვნასა და სურვილს შეგვისრულებს. ეს, რაც შეეხება ყოველდღიურ ყოფას. ამასთან, აქვს მნიშვნელოვანი ზნეობრივი პრინციპები, რომლებისთვისაც არასდროს უღალატია. არაჩვეულებრივად მოწესრიგებული ადამიანია, პუნქტუალური, ვერ ეგუება ქაოსსა და ანარქიას, არეულობას. შიდასამსახურებრივ ჭორებსა თუ ინტრიგებზე შვილებთან არასდროს ულაპარაკია, სულ სხვებისგან ვიგებდი, რა ხდებოდა რუსთაველის თეატრში. გასტროლებზე არ დავყავდით. მხოლოდ ერთხელ, 70-იანი წლების ბოლოს, გაითვალისწინა ჩემი თხოვნა და მოსკოვში წამიყვანა. ბედნიერება მხვდა წილად, რუსთაველის თეატრის ტრიუმფალური წარმატების მოწმე ვყოფილიყავი, მაგრამ, მამამ იმ მატარებლით მგზავრობის ნება არ დამრთო, რომლითაც დასი მიდიოდა – ეს უხერხულად მიაჩნდა. ამიტომ, ორი დღის შემდეგ, მარტო გადავფრინდი“.

скачать dle 11.3