კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის შეუძლია ადამიანს ცოდვის ჩადენის სურვილის ადვილად დაძლევა და რა შემთხვევაში აღარ ამხილებს მას საკუთარი სინდისი

„დღე და ღამე გტკიოდეს (მწუხარებდე) შენი ცოდვების გამო. ნუ მოაქცევ შენს გონებაში ოდესღაც შენ მიერ ჩადენილ ცოდვებს, რათა ისინი კვლავ არ განგიახლდეს. დარწმუნებული იყავი, რომ ისინი შეგენდო იმ დროს, როცა თავი ღმერთსა და სინანულს მიუძღვენი და მცირედითაც ნუ შეეჭვდები ამაში. შვება-სიამეთ, რომელთაც შენ მცონარების ჟამს ეძლეოდი, ნუ მოიხსენიებ და ნურც ილაპარაკებ მათზე – მე ესა და ეს მიქნია და ეს დამირღვევიაო“, – ამბობს ღირსი მამა ანტონი დიდი.

მამა გიორგი (თევდორაშვილი) (ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): როცა სინდისი გვეუბნება, ასე ან ისე მოიქეციო და ჩვენ მას არ ვუსმენთ, შემდეგ ის თავს კიდევ შეგვახსენებს, მაგრამ, თუ კიდევ არ მოვუსმენთ, მაშინ ჩვენი სინდისი ითრგუნება და აღარ შეუძლია ჩვენი მხილება სიმძიმის გამო, ზედ რომ ადევს; ბუნდოვნად გვინათებს და მოვლენებს გარკვევით არ გვაჩვენებს. როგორც ამღვრეულ წყალში ვერავინ ხედავს თავის გამოსახულებას, ისე ვართ ჩვენც – აღარ გვესმის, რას გვეუბნება სინდისი, ისიც აღარ გვგონია, ჩვენთან არის თუ არა. თუმცა, სინდისი იმდენად წმინდა რამ არის, რომ ის ყველასთანაა, არასდროს ქრება და მუდამ ჩვენთვის კეთილს გვეუბნება. მაგრამ, ადამიანები ხშირად სინდისის ხმას არ უსმენენ, მას წინააღმდეგობას უწევენ, არ იცავენ საკუთარ სინდისს. ამის შედეგად, ისინი ცოდვასა და სრულ უგუნურებაში ვარდებიან. აი, რას ამბობს ამის შესახებ წმიდა ბასილი: „ძმებო, ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი სინდისი, სანამ წუთისოფელში ვართ. არ დავუშვათ, რამე საქმის გამო გვამხილოს, არც რამეში დავთრგუნოთ, თუნდაც უმნიშვნელო საქმეში. იცოდეთ, ამ უმნიშვნელოდან დიდამდეც მივალთ. ნელ-ნელა ცუდ ჩვეულებებს შევიძენთ და შემდეგ სინდისის უგულებელყოფას დავიწყებთ“.
– შესაძლებელია საკუთარი სინდისის დაცვა?
– ღვთის მიმართ სინდისის დაცვა ნიშნავს, რომ ადამიანმა დაიცვას მისი მცნებები – რასაც სხვები ვერ ხედავენ და რის გამოც არავისი ეშინია; სინდისი იმაშიც დაიცვას, მაგალითად, როდესაც ლოცვისას ბოროტი აზრი მოსდის და, თავს კი არ იცავს მისგან, არამედ, განამტკიცებს; ან, ხედავს, მოყვასი რაღაცას აკეთებს, ეს კი განიკითხავს. მოყვასის მიმართ სინდისის დაცვა ის არის, რომ კაცმა არაფერი გააკეთოს, რითაც იცის, რომ მოყვასს დააბრკოლებს სიტყვით, საქმით, შეხედვით, ანუ, მოყვასის დაბრკოლება შეიძლება სახითაც, შეხედვითაც. საგნების მიმართ სინდისის დაცვა კი ის არის, რომ არ გააფუჭოს სხვისი ნივთები, რამეს თუ დაინახავს დაგდებულს, აიღოს და თავის ადგილას დადოს, არ გააფუჭოს საკუთარი სამოსი.
– საიდან და როგორ იღებს სათავეს ადამიანში საცდური?
– ის ძირითადად სამი წყაროდან იღებს სათავეს: თავად ადამიანის სხეულიდან, წუთისოფლისგან და ეშმაკისგან. ადამიანის სხეული წარმოადგენს წყაროს ზნეობის საწინააღმდეგო მიდრეკილებისა და მისწრაფებისა. წინაპართა ცოდვა – ეს ჩვენი საერთო მიდრეკილებაა ცოდვისკენ. მემკვიდრეობითობა ჩვენს წინაპართა ცოდვებისგან და ჩვენი საკუთარი ცოდვები – ყველაფერი ეს გროვდება, ერთმანეთს აძლიერებს და ჩვენს სხეულში ქმნის საცდურს, ცოდვიან განწყობილებას. უფრო ხშირად ცოდვის წყაროდ ჩვენი გარემომცველი წუთისოფელი გვევლინება. თუკი პირველ მომენტში ადამიანი მტკიცედ და დაუყოვნებლივ უარყოფს ცოდვას, ის კი არ შესცოდავს, არამედ, დაამარცხებს ცოდვას და ამ დროს ყველაზე ადვილია ცოდვის დაძლევა. თუკი ნდომა უარყოფილი და დაძლეული არ იქნება, ის გადადის გაურკვეველ მისწრაფებაში, შემდეგ კი – ცოდვის ჩადენის მკაფიო სურვილში. ამ დროს ადამიანი ცოდვისკენ მიდრეკას იწყებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეუძლია, არ აჰყვეს ცოდვის საცდურს და არ შესცოდოს, რაშიც მას საკუთარი სინდისი და ღმერთი დაეხმარება, თუკი მას მიმართავს. გაცილებით ძნელია ცოდვასთან ბრძოლა მაშინ, როცა ის ხშირი გარემოების გამო ადამიანს ჩვევად გადაექცევა. უმაღლესი ხარისხის ცოდვაა, როცა ის უკვე სრულებით იმონებს ადამიანს. არის ვნება ამა თუ იმ ცოდვისმიერი ტიპისა და ამ მდგომარეობაში მას უკვე აღარ შეუძლია, ეზიზღებოდეს საკუთარი თავი, როგორც მანკიერება და მთლიანად ემორჩილება მას თავის განცდაში, მოქმედებასა თუ განწყობაში. აქ უკვე ადამიანი პირდაპირ უღებს გულის კარს სატანას და ასეთ შემთხვევაში მას კურთხეული ეკლესიის გარეშე უკვე ვერაფერი უშველის.  პავლე მოციქული გვეუბნება, რომ, არა მხოლოდ ვიტიროთ მოტირალებთან ერთად, არამედ, გავიხაროთ მათთან ერთად, ვინც გახარებულია, იმის საპირისპიროდ, ვისაც სხვათა წარმატებები შურს. ხოლო იმისთვის, რათა გავთავისუფლდეთ შურისგან, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ცოდვიან გრძნობას ჩვენი პატივმოყვარეობა და ეგოისტური მეტოქეობა უდევს საფუძვლად.
– რა შემთხვევაში ეხმარება ადამიანს უფლის მადლი?
– მადლის მართლმადიდებლური გაგებისთვის, ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაცხოვრის ცნობილ იგავს, რომლის მიხედვითაც, მადლი ეწყალობება ყველას. მადლის განაწილების ჟამს, სულიწმიდისგან ზოგს ბრძნადმეტყველების ნიჭი მიეცა, ზოგს – მეცნიერების, ზოგს – მტკიცე რწმენა და განკურნების ძალა, სხვას – წინასწარმეტყველებისა და სასწაულის მოხდენის უნარი, ზოგს – ენების ცოდნა და ასე შემდეგ. მადლის განაწილება ისე მოქმედებს, „ვითარცა ნებავს“, ესე იგი, თავისი ძირითადი თვისებების მიხედვით, რომელიც არის სიბრძნე, სიკეთე და სამართლიანობა. ხშირად, ბუნებით ნიჭიერი კაცი ვერ ხდება ღირსი სულიერი წყალობის მიღებისა, ამიტომ, მისი საქმე, სიტყვა უმადლოა, ღვთის სამსახურისთვის სრულიად უვარგისი. მორწმუნე მეზვერე კი სულიწმიდისგან მინიჭებული მადლის წყალობით მახარებლად იქცა, მეთევზე – ღვთისმეტყველად, ხოლო ქრისტეს მდევნელი – მოციქულად. სულიწმიდა მადლს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს გამართულ სამსჯავროზეც გაანაწილებს: მართალთ, ნიშნად წყალობისა, გვირგვინები ებოძებათ, ხოლო, ვინც მინიჭებული წყალობა მოძმეთ არ გაუნაწილა და ამ გზით არ გაამრავლა, მას ისიც წაერთმევა, რაც მიიღო და სხვას მიეცემა. როგორც მოციქული ამბობს, ამგვარნი სრულიად განიკვეთებიან. განკვეთა სულიწმიდისგან ადამიანის საბოლოო გაუცხოებას გულისხმობს. სული განიკვეთება, რადგან შეითვისა ცოდვილი სიბრძნე და სხეულს თანამოზიარედ ექნა ბოროტების ჩადენისას; განკვეთილ სულებს აღარ ექნებათ შემწეობა სულიწმიდისგან. ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, მიჰბაძოს ქრისტეს თავისი ცხოვრებით, რადგან, როგორც წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: „მადლი ეძლევა არა იმას, ვინც ლაპარაკობს, არამედ იმას, ვინც სიკეთით ცხოვრობს“.

 

скачать dle 11.3