კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რატომ „გადაიწვა” იმედა არაბული და ვინ ჰყავს გაგიჟებული მანიკა ასათიანს


ისინი დილას ერთდროულად იწყებენ და მთელ საქართველოს არაჩვეულებრივ განწყობაზე აყენებენ. მანიკა ასათიანი რომ გაგიღიმებს წვიმიანი ამინდიც კი გიხარია, ხოლო იმედა არაბულის საინტერესო მიმოხილვები, დილიდან ბევრ ინფორმაციას გვაწვდის. რა აინტერესებთ მათ ერთმანეთის ცხოვრებაში და როგორ აპირებენ ჟურნალისტობის გაღრმავებას ამაზე მათი ინტერვიუებიდან შეიტყობთ.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია მანიკა ასათიანი:

– იმედა, როგორ ხარ? რა მაინტერესებს ახლა, რომ გკითხო. მათთვის, ვისაც თეატრი უყვარს და შენს სპექტაკლებზე დადის, გადასარევად იცის, ვინ არის იმედა არაბული და პოპულარულიც იყავი, მაგრამ დღეს, როდესაც მთელმა საქართველომ გაგიცნო, როგორია ეს პოპულარობა, რა შეგმატა „რუსთავი 2-მა“ პოპულარობის თვალსაზრისით?

– ჩემი პოპულარობა უფრო გაიზარდა, გენაცვალე. ქუჩაში, რომ მივდივარ, ხალხისგან სულ ვგრძნობ სითბოს, ყურადღებას, ეს ხომ ის ბიჭია – ეს სიტყვები სულ მესმის.

– ეს სასიამოვნოა, თუ რაღაც მომენტში გაღიზიანებს?

– აუ, ვინ თქვა, საერთოდ პოპულარობა არ მსიამოვნებსო. მომწონს ეს, მაგრამ ისეც არ არის, რომ ამ პოპულარობის გამო თავი რაღაცა წარმოვიდგინე, თავში ამივარდა და შევიცვალე. რა სისულელეა...

– როგორ ფიქრობ, რა უვარდებათ ხოლმე თავში?

– არ ვიცი, მართლა ვერ გეტყვი. თუ შენ ხარ საჯარო პერსონა და ადამიანები გცნობენ, ეს რატომ ნიშნავს იმას, ცხვირი მაღლა უნდა აწიო არ მესმის. წარმოიდგინე, აკეთებ იმას, რაც მოგწონს, გიყვარს, თან ამით ცხოვრობ, შენს საარსებოს გამოიმუშავებ. თუ ეს ხალხსაც მოსწონს, აქ რა არის თავში ასავარდნი?!

– თეატრშიც ძალიან დაკავებული ხარ, „დილაშიც“, როგორ ახერხებ ამ ყველაფერს, დრო გყოფნის?

– არა, ვიღლები საშინლად და სექტემბერში ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც თეატრში „მაკბეტს“ ვდგამდით, კინაღამ გადავიწვი. იქ მუდმივად რეპეტიციები მქონდა, კარგ ვარიანტში, საღამოს ათ-თერთმეტ საათამდე. თუ ათზე გამოვიდოდით, ეს ძალიან მაგარი იყო. თორმეტი-პირველი იყო – სტანდარტული დრო. თუნდაც იყოს თერთმეტი, ამ დროს საშინლად დაღლილი სახლში რომ მიხვალ, სანამ მოწესრიგდები, დაწვები, დაიძინებ და დილის ხუთ საათზე ისევ ფეხზე უნდა იყო. ექვს საათზე „რუსთავი 2-ში“ ვიყავი, რვის ნახევრიდან ათ საათამდე ეთერი და მერე ისევ რეპეტიციაზე გავრბოდი.

– მაგრამ ამ რეჟიმს მაინც მიეჩვიე, ხომ?

– ახლა რეპეტიციები აღარ მაქვს, შესაბამისად, დასვენებულიც ვარ, მაგრამ მაშინაც არ ვწუწუნებდი. ძალიან მეხმარება ის ფაქტორი, რომ ათი საათის შემდეგ დღე ჩემია.

– კოლექტივს როგორ შეეგუე „რუსთავი 2-ში“? მეც მანდ ვარ და მაინც რაა... (იცინიან).

– მანიკა, ხომ იცი, შენზე სულ ვამბობთ, რომ ჩვენი მზეა-მეთქი. რომ გამოდიხარ და იკრიჭები, ანათებ. ისე, ამ ბოლო დროს აღარ იღიმები, რატომ?

– ეე, რა სისულელეა. მე სულ ვიღიმები, სულ...

– კი, მაგრამ, ერთი-ორი გადაცემაა ცოტა მოწყენილი ხარ.

– ეს ალბათ, იმის ბრალია, რომ საშინლად მეძინებოდა.

– წაგეძინა ხომ?! არა უშავს, ხდება. (იცინიან) თანამშრომლებზე მკითხე და გიპასუხებ. იცი, როგორ ვარ, ერთი გუნდი გვაქვს და მოსვლის დღიდან არ მიგრძვნია, რომ უცხო ვარ.

– კარგი, მოდი ცოტა პირად თემებსაც შევეხოთ. ოცდარვა წლის ხარ უკვე და ამხელა ბიჭს ცოლი არ გინდა?

– ცოლი არ მინდა რას ნიშნავს?! ამწუთას?! (იცინიან).

– ამწუთას არა, შეიძლება ვიღაც არის შენს ცხოვრებაში უკვე, ვის ცოლად მოყვანასაც აპირებ.

– ზოგადად, ცოლის მოყვანას და ოჯახის შექმნას ვაპირებ, მაგრამ არის თუ არა, ის ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, ვინც შეიძლება ჩემი ცოლი გახდეს, ამაზე საუბარი არ მინდა. არ მიყვარს.

– რატომ ერიდები?

– საერთოდ, პირად თემებზე მიჭირს საჯაროდ ლაპარაკი და მით უმეტეს, ჟურნალში.

– სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგებით და ცოლს არ მოიყვან, ამის შესახებ, მანამდე ვერაფერს გავიგებთ?

– მაშინაც ვერ გაიგებთ. ჩუმად მოვიყვან და თქვენც არ გეტყვით.

– ანუ, ქორწილშიც არ მპატიჟებ?

– არა, ქორწილი გვიან მექნება და მერე დაგპატიჟებთ.

– „ვაფშე“, არ მოვალ, კარგი ჰო. (იცინიან) კარგი, ვხუმრობ. მოდი, ის მითხარი, როგორი გოგოები გიზიდავს?

– ლამაზი.

– კარგი ერთი?!

– აი, ჩვენ რომ გვყავს ლამაზი გოგოები, მანიკა, გვანცა, ეკა, ლიკა, სალომე, ყველა ჩვენი ჟურნალისტი. ძალიან მომწონს ეს გოგოები, ულამაზესები არიან და თან კარგი ადამიანები და მეგობრები.

– გარდა გარეგნობისა...

– არ მიყვარს ცანცარა და არასერიოზული გოგოები.

– ესე იგი, მე არ გიყვარვარ. (იცინიან) არა, ჩემი მხიარულება სიცანცარეში არასდროს გადადის, ეს ვიცი, მაგრამ თავში ცოტა მიქრის.

– კარგი რა, ბოლოს და ბოლოს ჩვიდმეტი წლის ხარ, მეთორმეტე კლასში. შენხელა გოგოების უმრავლესობა, ძალიან შორს არის იმ სერიოზულობისგან, რაც შენ გაქვს. მუშაობ და საოცარი პასუხისმგებლობით უდგები შენს საქმეს. არც ცანცარა ხარ, არც უზრდელი. ზუსტად იცი, რა გინდა და ამ გზაზე სწორად მიდიხარ. არ მიყვარს ტუტრუცანა გოგოები.

– გავწითლდი მოკლედ. რაღაც ვერ გამოიყურები ისე, როგორც ყოველთვის, რა გჭირს?

– საშინელ „პახმელიაზე“ ვარ. გუშინ, დათო ოქიტაშვილმა დამპატიჟა სუხიშვილების ბანკეტზე და იქ რა მოხდა, ხომ წარმოგიდგენია, უფრო სწორად, ხომ მეტყობა, რაც მოხდა. (იცინიან).

– ცეკვავ?

– ზოგადად კი ვცეკვავ, მაგრამ იქ ეს ამბავი არც მიცდია, ისეთები მოხდა. საშინლად დავთვერი. სახლში, რომ მოვედი, იცი, როგორ პოზაში ჩამძინებია, როდესაც ფეხსაცმლის ზონარს ვიხსნიდი. სკამზე დამეძინა და როგორ აღმოვჩნდი საწოლში არ მახსოვს.

– უი, საწყალი შენი ცოლი.

– არა, არ ვსვამ ხშირად და ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველი იმიტომ რომ, კუჭი მაწუხებს, მეორე მაქვს საშინელი „პახმელია”, ისეთი, რომ ყოველი დალევის შემდეგ ღმერთს ვეხვეწები, ოღონდ ახლა გადამარჩინე და აღარასდროს დავლევ-მეთქი. რაც უნდა კარგი ღვინო დავლიო, რაც არ უნდა ვქნა, თუ ბევრი დავლიე, მორჩა, მკვდარი ვარ. დღეს შუადღის მერე, დაახლოებით, ხუთის ნახევარზე გავიღვიძე და მოვედი აზრზე. მესამე მიზეზიცაა, ხანდახან ცუდი სიმთვრალეც მაქვს. ასე ამ მიზეზებით ვცხოვრობ.

– აი, ინტრიგა წარმოიშვა. ახლა ჩქარა უნდა მითხრა, რას ნიშნავს შენი ცუდი სიმთვრალე?

– არაორდინალური ვხდები. (იცინიან) რაღაც სიგიჟეებს ვაკეთებ, არაადეკვატური ვარ ხოლმე.

– ერთი ფაქტი მოგვიყევი და ჩვენ თავად მივხვდებით.

– შეიძლება, ქუჩაში გავვარდე და რაღაც სიგიჟეები ვაკეთო, ვიყვირო...

– რაღაც დალეწო?

– არა, აგრესიული საერთოდ არ ვარ. თუ ვინმე გამაბრაზებს, მაშინ სიმთვრალეც არ მჭირდება, ისე ვხდები აგრესიული. მაგრამ, ასაკთან ერთად ყველაფერი შეიცვალა მაინც, უფრო მშვიდი გავხდი. რა თქმა უნდა, იყო ჩხუბებიც, მაგრამ არასდროს არავინ მიცემია და არც არავის ვუცემივარ.

– გოგოსთვის სახეში გაგირტყამს?

– არა.

– კარგი ბიჭი ხარ...

– ყური ამიწევია გოგოსთვის. (იცინიან) ვხუმრობ, რა თქმა უნდა.

– თმის მოქაჩვა? ეს ბავშვობაში მოწონებას უფრო გამოხატავდა.

– საერთოდ არ მომწონდა თმის მოქაჩვა. რომ მაბრაზებდნენ, თმას მაშინ ვქაჩავდი და არა მაშინ, როცა მომწონდა. ბავშვობიდან ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა მეტირებინა ის გოგო, რომელიც მომწონდა. (იცინიან) ისე, სიმართლე გითხრა, სხვანაირადაც დიდად არ გამოვხატავდი ჩემს მოწონებას, ჩუმი და მორცხვი ბავშვი ვიყავი.

– ახლა როგორ გამოხატავ სიყვარულს?

– საკმაოდ თბილი ვარ, ყურადღებიანიც. რა კითხვაა, მანიკა, როგორ ვილაპარაკო საკუთარ თავზე? შენ თქვი, როგორი ვარ. ყოველ შემთხვევაში ვიცი, რომ ცუდი და საზიზღარი არ ვარ.

– მხიარული ხარ? იუმორი გაქვს?

– ამბობენ. (იცინიან).

– ბიჭს და გოგოს შორის მეგობრობის გჯერა?

– კი, მყავს ნამდვილი მეგობარი გოგოები, რომელთან ურთიერთობაც დრომ გადასარევად გამოსცადა, ჩემი ძმაკაცები უფრო არიან. ერთ აუდიტორიაშიც დაგვძინებია, ღამეებიც გვითენებია ერთად და გვერდიგვერდ გამოგვიძინია, მაგრამ მეგობრობის იქით, არაფერი ყოფილა. თუ რაღაცის დაჯერება არ გინდა, არც დაიჯერებ, მაგრამ მე მწამს, ასეთი ურთიერთობის. შეგვიძლია ერთმანეთს ყველაფერი მოვუყვეთ, ყველაფერზე ველაპარაკოთ.

– და იქნებ მას მოსწონხარ?

ამას ხომ ვიგრძნობდი.



ინტერვიუ 2. ჟურნალისტია იმედა არაბული:



– როგორ მოხვდი „რუსთავი 2-ში“?

– გვანცა დარასელიამ დამირეკა, ხვალ მოდი „რუსთავი 2-შიო“. მოვედი და ასე გავხდი ამინდის პროგნოზის წამყვანი. მადლობა, გვანცას და პატრულს.

– როგორი ამინდია შენთან?

– ჩემსკენ სულ მზეა. (იცინიან) ისეთი საყვარლები ხართ ყველა, როგორ შეიძლება ცუდ ხასიათზე ვიყო. სულ მინდოდა, ისეთ ადგილას მემუშავა, თავი კარგად მეგრძნო. თან პატარა ვარ ჯერ ასაკით, ღლაპი, რომ იტყვიან და სერიოზული სამსახური ჩემგან ძალიან სასაცილო გამოვიდოდა. ასე რომ, კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით. შეიძლება, აქ მუშაობენ ადამიანები, ვინც ასი წელია „რუსთავი 2-შია“, თუმცა მათთან უცხოდ სულაც არ ვარ.

– აპირებ ჟურნალისტობას?

– კი, სერიოზულად მაქვს გადაწყვეტილი, რომ ის, რასაც ვაკეთებ, საფუძვლიანად ვისწავლო და დილეტანტის დონეზე არ დავრჩე. ვემზადები მისაღები გამოცდებისთვის.

– მანიკა, ხალხისგან რას გრძნობ?

– სითბოს. ქუჩაში, რომ მივდივარ, ვიღაცეები სულ მიქნევენ ხოლმე ხელს, ძალიან მაგარი ხარო. ჯერჯერობით ცუდი არავის არაფერი უთქვამს ან რატომ უნდა ეთქვათ, რას ვაკეთებ ისეთს?! თუ წვიმას ვაცხადებ, ამ დროსაც ისეთი ღიმილი მაქვს სახეზე, შეიძლება ვერც იგრძნონ რომ წვიმს.

– ვარსკვლავური დაავადება არ გჭირს?

– ხომ მიცნობ, რატომ მეკითხები ასეთ რაღაცეებს?! რა არის თავში ასავარდნი, ადამიანები სითბოს გამოხატავენ და მეც მიხარია.

– როგორც ვიცი, შეყვარებული გყავს.

– რეებს ლაპარაკობ?!

– შენ არ მიყვებოდი, კაცო, იმ დღეს? (იცინიან) ვხუმრობ. მართლა მითხარი, არის თუ არა შენი გული დაკავებული?

– ამ თემაზე არ მინდა ლაპარაკი. შენ რომ არ მითხარი არაფერი, ამიტომ მეც დავტოვებ ჩემს ამბებს საიდუმლოდ.

– კარგი. სად წარმოგიდგენია შენი თავი მომავალში, ისევ „რუსთავი 2”-ში? იცი რისი კითხვა მინდა, „პირველმა არხმა“ ან „იმედმა“ ორმაგი, სამმაგი ხელფასი რომ შემოგთავაზოს გადახვალ სხვა არხზე?

– არავითარ შემთხვევაში. ისევ „რუსთავი 2-ში“ დავხედავ ჩემს თავს დილაობით სარკეში. (იცინიან) სხვა არხზე ვერც წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიმუშაო. აქ უკვე ყველაფერს მივეჩვიე, აქ ავიდგი ფეხი. თან, დიდი პასუხისმგებლობაა და ასე უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცევი. რამდენიც არ უნდა გადამიხადონ არ წავალ...

– „რაიუნოზე“?

– „რაიუნოზე“ ვიფიქრებ. (იცინიან) ალბათ, წავალ. მერე იმ გამოცდილებას ხომ ისევ „რუსთავი 2-ს“ მოვახმარ. (იცინიან) რომ დავბრუნდები, გგონია არ მიმიღებენ?

– მანიკა, ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს მუშაობას?

– გადასარევად. გაგიჟდნენ და ახლაც სიხარულით გიჟებს გვანან. მიშელ ფაიფერი რომ არის ამინდის წამყვანი, ის ფილმი გინახავს?! ისინიც ალბათ, ფიქრობენ, რომ ასე დავიწყებ და მიშელ ფაიფერამდე მივალ. (იცინიან).

– მანიკა, შენს მოდელობაზე ვილაპარაკოთ. ხშირად გაქვს „პაკაზები”?

– არც ისე, ზოგადად, ძალიან ცოტა ჩვენება ტარდება. ისე, რაც არის, ყველა ჩვენებაზე ვმონაწილეობ. გარდა ამისა, ხშირად არის ფოტოგადაღებები, რეკლამები და ერთი სიტყვით, სამოდელო საქმიანობიდანაც გარკვეული შემოსავალი მაქვს.

– რა ასაკში ფიქრობ რომ გათხოვდები? შენი აზრით, ეს წინსვლაში ხელს შეგიშლის?

– რა ასაკში მოხდება ეს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, რაც შეეხება საქმიანობას, იქნება ეს სამოდელო თუ ჟურნალისტური, ჩემი მომავალი მეუღლე არაფერში შემიშლის ხელს. პირიქით, დამეხმარება ყველანაირად და ჩემს გვერდით იქნება. უფრო წარმატებული ვიქნები მის გვერდით. მგონი, კაცისთვისაც სასიამოვნო უნდა იყოს, როდესაც გვერდით წარმატებული ქალი ჰყავს და მხოლოდ იმისთვის არ სჭირდება ცოლი, რომ საჭმელები უკეთოს.

– თუმცა, შენი მდგომარეობა არ გამორიცხავს, რომ მომავალ ქმარს კარგ საჭმელებსაც გაუკეთებ.

– რა თქმა უნდა. თუ არ შემოვევლე ჩემს ქმარს თავზე და თუ არ გავუკეთე ჩემი საფირმო კექსი, აბა, ისე როგორ იქნება?!

– კარგ კექსს აკეთებ?

– „ფანტასტიჩნ”!

– რაში ხარჯავ საკუთარ შემოსავალს?

– რა ვიცი, ყველაზე მეტი ფული მაინც ტაქსიში მეხარჯება. ერთი სული მაქვს, როდის გავხდები თვრამეტი წლის და ვიყიდი მანქანას, რომ ნაკლები ფული დავხარჯო. ვყიდულობ ტანსაცმელს. მშობლებს საერთოდ აღარ ვართმევ ფულს, თუ, რა თქმა უნდა, ძალიან არ გამიჭირდა. ტელეფონები და შედარებით მსხვილი რაღაცეები, ადრე მამაჩემს ჩამოჰქონდა. მაგრამ, ახლა გამიტყდა და ალბათ, ჩემი ფულით მომიწევს ყიდვა.

– ყოფილა შემთხვევა, რომ ტაქსის მძღოლს ფული არ გამოურთმევია?

– კი, ყოფილა ასეთი შემთხვევა, თუმცა მაინც ვცდილობ, გადავუხადო საფასური, ეს ხომ მისი სამსახურია და შემოსავლის წყარო.

– შენი თაყვანისმცემლები საჩუქრებით განებივრებენ?

– კი, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, თუ იმ ადამიანის მიმართ არაფერს ვგრძნობ და მომავალშიც არაფერი იქნება, საჩუქარი არ გამოვართვა. მაგრამ, ხანდახან ესეც მრცხვენია, ცოტა უზრდელობა მგონია. ძირითადად, საჩუქრებს კარებთან ტოვებენ ხოლმე. რა აღარ დამხვედრია იქ – ყვავილები, საათი, ჯვარი. ერთხელ ყვავილის ფორმის ფუმფულა სათამაშოც დამხვდა; წერილიც, რომელიც ძველ სტილში იყო დაწერილი, გაყვითლებულ ფურცელზე, კარგად იყო მოფიქრებული.

– ტელეფონი არ მიგიღია, თან მით უმეტეს, თუ გაგიფუჭდა.

– რა სისულელეა, თავად ვიყიდი ტელეფონს. ძალიან უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს, როდესაც რაიმე ძვირფას მჩუქნიან. ასე რომ, მირჩევნია, ტელეფონი თავად შევცვალო.


скачать dle 11.3