კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ნიშნავს „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირება, რომ გამარჯვების შემთხვევაში მხარს დაუჭერს ისრაელს ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებაში

იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენს ქვეყანას, ჯერ ერთი, ამ უზარმაზარ დედამიწაზე ფრიად მოკრძალებული ადგილი უჭირავს და, იმის მიუხედავადაც, რომ საკუთარი არჩევნები გაგვჭირვებია, ჩვენს ყურადღებას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესიც იპყრობს. ერთი მხრივ, ყველაფერი, რაც დიდ სახელმწიფოებში ხდება, გავლენას ახდენს ჩვენზე, მით უმეტეს, თუკი საქმე ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხება, ხოლო, მეორე მხრივ, ისიც აშკარაა, რომ მეტად მწირი ინფორმაცია გვაქვს ოკეანისგაღმეთში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესზე. არის თუ არა „რესპუბლიკელი“ რომნი „დემოკრატ“ ობამას რეალური კონკურენტი და რას სთავაზობენ ისინი როგორც ამერიკელ, ისე დანარჩენი მსოფლიოს საზოგადოებას? – თემას გია მაისაშვილი განგვიმარტავს.

– ისე მოხდა, რომ ბოლო დროს ამერიკის პრეზიდენტები ორ-ორი ვადით რჩებიან საპრეზიდენტო სკამზე. ობამა გააგრძელებს ამ ტრადიციას თუ მაინც მოუწევს პოსტთან გამომშვიდობება, ანუ „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის მწვავე ბრძოლაა მოსალოდნელი?
– ხშირად ამბობენ ხუმრობით, რომ დანარჩენი მსოფლიოს მოქალაქეებსაც უნდა ჰქონდეთ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება…
– იმიტომ რომ ისწავლონ?
– ამიტომაც და იმის გამო, რომ ამერიკის პოლიტიკური ცხოვრება გავლენას ახდენს ყველა დანარჩენზე. ობამას გამარჯვება ძალიან დიდი მოვლენა იყო –  ის გახდა პირველი შავკანიანი პრეზიდენტი.
– და ამან აჩვენა ამერიკელი საზოგადოების პროგრესი.
– დიახ, რომ ეს არის შესაძლებლობების საზოგადოება და ყველას შეუძლია წარმატების მიღწევა, თავისი დამსახურებიდან და შრომიდან გამომდინარე. სწორედ ამას ჰქვია მელიტოკრატია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის იმედი, ის ძალიან დიდი მოლოდინი, რაც ობამას უკავშირდებოდა, მთლად ვერ განხორციელდა. რადგან იმდენად პარალიზებულია ამერიკის პოლიტიკური სისტემა, იმდენად დაპირისპირებულია და იმდენად ბევრი რამ აბალანსებს ამ პოლიტიკურ სისტემას, რომ ერთი პიროვნების, თუნდაც, პრეზიდენტის ძალაუფლება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რადიკალური ცვლილებები გამოიწვიოს.
– რა ასეთი რადიკალური ცვლილება სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს?
– დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პრობლემაა ეკონომიკა. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დიდ დოზას მოიცავს ეგრეთ წოდებული სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის ხარჯები.
– შოკირებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ამერიკის ფედერალურ ბიუჯეტში პენტაგონზე მეტი დაფინანსება აქვს სოციალურ პროგრამებს?
–  დიახ, პენტაგონისთვის წელიწადში, დაახლოებით, რვაასი მილიარდი დოლარი იხარჯება, ამას ემატება საპენსიო ანაზღაურებისა და 60 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებისთვის ჯანდაცვის უზრუნველყოფის ხარჯები და ეს ამერიკის ბიუჯეტის ყველაზე დიდი ხარჯია, რაც განაპირობებს მის დეფიციტურობას. ეს ყოველწლიური დეფიციტი, თავის მხრივ, ზრდის სახელმწიფო ვალსა და დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი 17 ტრილიონი დოლარია. შესაბამისად, ამ ვალის ყოველწლიური მომსახურების პროცენტი ერთ-ერთი დიდი მუხლია ამერიკის ბიუჯეტის ხარჯებში. ამას ემატება ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული უმუშევრობა, ძალიან დიდი რაოდენობა ლიკვიდური თანხების, ქეშის, ანუ ნაღდი ფულის არსებობა როგორც საბანკო სისტემაში, ისე ამერიკულ კორპორაციებში. ძალიან დიდი თანხა აქვთ კორპორაციებს, მაგრამ ამ თანხით ინვესტიციებს არ ახორციელებენ იმის გამო, რომ არ არის ნათელი, რა მოხდება. სწორედ გაურკვევლობაა ყველაზე ცუდი ბიზნესისთვის. ამერიკაში 8,3 პროცენტია უმუშევრობა, რაც რეკორდული ციფრია ამ ქვეყნისთვის. არც ერთი პრეზიდენტი არ არჩეულა 7,4 პროცენტზე მაღალი უმუშევრობის პირობებში.
– დიდი დეპრესიის დროსაც?
– მაშინ სხვა მაჩვენებლები იყო და ეს ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა. დაახლოებით, 20 პროცენტს მიაღწია მაშინ უმუშევრობამ, მაგრამ ლეგენდარულმა პრეზიდენტმა რუზველტმა მოახერხა ამ დიდი დეპრესიისიდან გამოსვლა. სხვათა შორის, ისიც „დემოკრატი“ იყო. ბარაკ ობამამ ძალიან დიდი ცვლილებებიც განახორციელა: ერთი ის, რომ ეკონომიკური სტიმულირებით ქვეყანა ეკონომიკური კატასტროფისგან იხსნა; მეორე, გადაარჩინა ავტოინდუსტრია და, მესამე, მოახდინა ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება. ამას ემატება სხვა წვრილ-წვრილი საკითხებიც, მაგრამ მთავარი მაინც ეს სამი საკითხია. აი, ეს არის ობამას მონაპოვარი. ამის ფონზე მისი მოწინააღმდეგე „რესპუბლიკელი“ მიტ რომნი...
– რომელსაც ბოლო კვლევებით რეიტინგით უსწრებს ობამა.
– ძალიან ცოტა პროცენტით, რაც ბუნებრივია ამერიკისთვის. ყველა არჩევნებზე ასე ხდება, იმიტომ რომ ამერიკელი საზოგადოება გახლეჩილია. არის 12 შტატი, რომლებიც დამოუკიდებელ შტატებად ითვლებიან და მათ შეიძლება, ხმა მისცენ ან „დემოკრატებს“, ან „რესპუბლიკელებს“. ამიტომ ორივე პარტიის ყურადღება სწორედ ამ 12 შტატისკენაა მიმართული, რომ როგორმე ამ შტატებში გაიმარჯვონ. ერთი კვირის წინათ მიტ რომნიმ, რომელიც მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი, ძალიან წარმატებული ბიზნესმენი და ეფექტიანი ორგანიზატორია...
– ბიზნესმენი პრეზიდენტი ჩვეულია ამერიკული რეალობისთვის?
– ყოფილა ასეთი შემთხვევები, მაგრამ ამერიკის ისტორიაში ყოფილი ბიზნესმენი არასდროს გამხდარა წარმატებული პრეზიდენტი. ამის პრეცედენტი არ არსებობს არც ამერიკაში და არც სხვა დასავლურ სახელმწიფოში. მიტ რომნი ზომიერი „რესპუბლიკელია“და „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერების დიდი სიყვარულით არ სარგებლობს. „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერი ამერიკელი საზოგადეობა დიდი ენთუზიაზმით არ უჭერს მას მხარს.
– რადიკალური არ არის თუ რატომ?
– არა მარტო რადიკალიზმი არ აქვს, არამედ ხშირად იცვლიდა პოზიციებს და უფრო პრაგმატული პოლიტიკოსია, ვიდრე იდეური, იდეალიზმი ნაკლებადაა მასში.
– მაშინ რატომ შეჩერდა მასზე არჩევანი?
– მან გაიმარჯვა შიდა პრაიმერში. ის წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც იღებდა მონაწილეობას პრაიმერში, როდესაც მაკკეინი გახდა „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ მაშინ მიტ რომნი დამარცხდა, დღეს კი გაიმარჯვა, იმიტომ რომ ძალიან დიდი არჩევანიც არ ყოფილა. გაიმარჯვა არა იმიტომ, რომ იყო ძალიან მომხიბვლელი, არამედ იმიტომ, რომ დანარჩენები იყვნენ ძალიან არამომხიბვლელნი. თუმცა ის არის არაჩვეულებრივი ორგანიზატორი და მენეჯერი. აი, ასეთი ფონი იყო, სანამ ერთი კვირის წინათ  მან არ დაასახელა პოლ რაიანი, კონგრესმენი ვისკონსიიდან, რომელიც მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე ხალხისთვის არის გმირი, იდეოლოგიურად ძალიან ქარიზმატული და მიმზიდველი. ამ წარდგინებამ რომნის კამპანია გააცოცხლა და „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერები გახდნენ ენერგიულები და მოტივირებულები. მაგრამ იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვო, არ არის საკმარისი მხოლოდ შენი მხარდამჭერების მოტივირებულობა, აუცილებელია დამოუკიდებელი, ანუ შუაში მდგომი ადამიანების მიმხრობა, რომლებიც სხვადასხვა არჩევნებში ხან „რესპუბლიკელებს“ უჭერენ მხარს, ხან –  „დემოკრატებს“. დამოუკიდებელი ამომრჩევლის მხარდაჭერის გარეშე ამერიკაში ვერავინ იმარჯვებს.
თუმცა არის მეორე ვერსიაც: შეგიძლია, წარმატებას მიაღწიო, თუკი შენი მხარდამჭერების სრულ მოტივირებას მოახდენ და მათ გამოიყვან არჩევნებზე.
– რას სთავაზობს ახალს მიტ რომნი ამერიკელ საზოგადოებას?
– ახალს ვერაფერს სთავაზობს. „რესპუბლიკელების“ ტრადიციული შეხედულებაა, რომ შევამციროთ გადასახადები, შევამციროთ მთავრობის ხარჯვითი ნაწილი, მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამები. „რესპუბლიკელების“ აზრით, გადასახადებისა და მთავრობის ხარჯვითი ნაწილის შემცირება საშუალებას მისცემს კერძო ბიზნესს, რომ თავად განახორციელოს ინვესტიცია მთავრობის ნაცვლად. „დემოკრატები“ კი მთავრობას უყურებენ, როგორც პრობლემის გადაჭრის საშუალებას და საშუალო ფენის შემქმნელ ინსტრუმენტს. „რესპუბლიკელები“ ამის მიღწევის საშუალებას კერძო ბიზნესში ხედავენ. თეორიულად ეს მოსაზრება შეიძლება მიმზიდველი ჩანდეს, მაგრამ წარსულის მთელმა რიგმა კრიზისებმა აჩვენა, რომ რეალურად ეს ასე არ ხდება ხოლმე. ობამას გადაწყვეტილებაა, რომ გადასახადები გაიზარდოს მდიდრებისთვის და ნელ-ნელა შემცირდეს სოციალური პროგრამების დაფინანსება, რაც მოსპობს ბიუჯეტის დეფიციტურობას და შეამცირებს საგარეო ვალს. ობამას გადაწყვეტილებას იზიარებს სწავლული ეკონომისტების უმრავლესობა. რომნის პოზიცია კი ემთხვევა ბუშისა და მისი ადმინისტრაციის მოსაზრებას. ამიტომ ობამა ამბობს, ეს ხომ გავიარეთ, სწორედ ბუშის პოლიტიკამ მიგვიყვანა კრიზისამდე და რატომ უნდა დავუბრუნდეთ ისევ იმ წარუმატებელ პოლიტიკასო.
– როდესაც ვამბობთ, რომ ამერიკაში უმუშევრობა 8,3 პროცენტია, აქვე უნდა ითქვას, რომ გარკვეული დათქმებით, მაგრამ იქ არსებობს უმუშევართა კომპენსაციის პრაქტიკა და, ამდენად, უმუშევრობა ამერიკაში იგივე არ არის, რაც საქართველოს უმუშევრობა?
– რა თქმა უნდა, ისეთსავე უმუშევრობას არ ნიშნავს, მაგრამ უმუშევრების დახმარების სისტემა შეიქმნა, როგორც დროებითი მოვლენა, სანამ შენ, ერთი სამუშაოდან წამოსული მეორეს იპოვი და მაქსიმუმ ექვსი თვის განმავლობაში იღებ დახმარებას. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ხშირად უმუშევრობა სტრუქტურულია. ეს იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილები არის, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი კვალიფიკაციის მუშახელი. აღმოჩნდა, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა უმუშევარი ექვსი თვეც არის და ერთი წელიც. ეს დამანგრეველია ფსიქიკისთვის, რადგან, რაც უნდა შემოსავალი გქონდეს და, თუნდაც, შიმშილით არ კვდებოდე, თუ არ გაქვს შენი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, ეს დამანგრევლად მოქმედებს საზოგადოებაზე. მაგალითად, უფრო დიდ დახმარებას უწევენ უმუშევრებს ევროპული სახელმწიფოები. ევროპული სოციალური მოდელი უფრო ცივილიზებულია, ვიდრე ამერიკული, მაგრამ ამერიკაში, სახელმწიფოსთან ერთად, არის მრავალი კერძო ფილანტროპიული ორგანიზაცია, რომლებიც ეხმარებიან უმუშევრებს. ევროპაში უმუშევრებისთვის სახელმწიფო  დახმარება უფრო ეფექტიანი და გრძელვადიანია, თუმცა საქართველოში ამის მსგავსი არაფერი არსებობს. თან იქ აქტიურად ხდება კადრების გადამზადება. არსებობს ეგრეთ წოდებული „ქომიუნითი“ კოლეჯების უზარმაზარი ქსელი, რომლებშიც პროფესიებს შეასწავლიან მოკლე ვადაში.
– რაზეც მოთხოვნაა?
– პრაქტიკული ჩვევების მქონე სპეციალობებს ასწავლიან. თან დიდ ორგანიზაციებს ასეთ კოლეჯებთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ და სწორედ ისინი უკვეთავენ კადრებს.
– შიდა პრიორიტეტები გასაგებია. რაც შეეხება საგარეო პრიორიტეტებს: ორივე ძალისთვის კვლავ მოვიაზრებით  ჩვენ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, შევდივართ ორივეს პრიორიტეტებში?
– რასაკვირველია: „რესპუბლიკური პარტიის“, ანუ რომნის ადმინისტრაციის, მათ საგარეო პოლიტიკის ქორები ჰქვიათ, რუსეთთან დამოკიდებულება იქნება უფრო კონფრონტაციული. ამდენად, ჩვენ ვჭირდებით, მაგრამ მეორე საკითხია, ჩვენთვის რამდენადაა მისაღები ჩვენი კონფრონტაციის იარაღად გამოყენება. ობამას ადმინისტრაციისთვის კი, მართალია, საქართველო სტრატეგიული ადგილია, მაგრამ მათი დამოკიდებულება რუსეთთან უფრო კოოპერირებულია და, შესაბამისად, ჩვენც უფრო მეტი საშუალება გვეძლევა ლავირებისთვის, რომ არ ვიყოთ არავისთან კონფტრონტაციის იარაღი და შეგვეძლოს თანამეზობლობაში ურთიერთობების ცივილიზებულ ფორმაში გადაყვანა.
– ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის რომლის გამარჯვებაა უპრიანი: „რესპუბლიკელების“ თუ „დემოკრატების“ კანდიდატის?
– ჩემი აზრით, ამერიკაში „დემოკრატების“, საქართველოში კი პროგრესული ძალის გამარჯვება ტანდემში უფრო ეფექტიანი იქნება ჩემი ქვეყნის მომავლისთვის, უფრო უსაფრთხო იქნება და უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება საგარეო პოლიტიკაში ლავირებისთვის, ვიდრე „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში. „რესპუბლიკელების“ დამოკიდებულება რუსეთთანაც, ირანთანაც იქნება ძალიან კონფრონტაციული.
– რომნიმ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის მხარს დაუჭერს ისრაელს ირანთან ომის დაწყებაში?
– წინასაარჩევნო რიტორიკა, როგორც წესი, პირდაპირ არ გადადის პოლიტიკაში მას შემდეგ, რაც ესა თუ ის კანდიდატი მოვა ხელისუფლებაში. ეს უფრო შიდა მოხმარებისთვის გაკეთებული განცხადება იყო, რომ რომნის ამერიკელი ებრაელების ხმები მიეზიდა და ფუნდამენტალისტი ქრისტიანებისაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომნი უფრო აგრესიულ საგარეო პოლიტიკას არ დაუჭერს მხარს და, სავარაუდოდ, მას მუსლიმანურ სამყაროსთან უფრო ხისტი დამოკიდებულება ექნება.
– „რესპუბლიკელი“ კანდიდატის გამარჯვება ნიშნავს, რომ ცხელი წერტილები აღმოსავლეთში გამრავლდება?
– ჩემი აზრით, საგარეო პოლიტიკაში დაძაბულობა გაიზრდება „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში. აღმოჩნდა, რომ ობამა ძალიან ეფექტიანი დიპლომატიით ახერხებს არა ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას, არამედ ევროპელებთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად კოლექტიური გადაწყვეტილებით ჭრის პრობლემას, რომნის პირობებში უფრო ბუშის პერიოდის მსგავსი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები იქნება.
– ესე იგი, გვაქვს ისევ „დემოკრატიის შუქურად“ გახდომის პერსპექტივა?
 – მგონია, რომ ასეთი პერსპექტივა, რომნი და ბუში ერთადაც რომ შევაერთოთ, აღარ ექნება ამ ჩვენს ნაშუქურალ ქვეყანას.
– ევროკავშირისთვის რომელია უფრო მისაღები?
– ევროკავშირისთვისაც „დემოკრატების“ გამარჯვებაა უფრო უპრიანი და, ტრადიციულად, მათ უფრო ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. „რესპუბლიკელები“, როგორც წესი, ეგრეთ წოდებული იზოლაციონისტები არიან: ჯერ ამერიკა და შემდეგ –  დანარჩენი სამყარო; ისინი მოქმედებენ მხოლოდ თავიანთი ინტერესებით და ნაკლებად პარტნიორული დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირთან. მაშინ, როდესაც „დემოკრატები“ არ არიან ასეთ რადიკალურნი. ევროპელებისთვისაც და ჩვენთვისაც გაცილებით ადვილია „დემოკრატების“ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა.

скачать dle 11.3