კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ბეჭედი დაასვეს რამაზ საყვარელიძეს მშობლებმა და რატომ აცხოვრეს ის სამკუთხედ ოთახში

პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ოჯახური ტრადიციებით ხელოვნების მსახურთა შორის არის. მამამისი ტარიელ საყვარელიძე მარჯანიშვილის თეატრის ცნობილი მსახიობი იყო, სცენასთან გახლდათ დაკავშირებული მისი დედაც, რომელიც საყვარელ საქმეს შვილის გამო შეელია. გენეტიკის წყალობით თეატრისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებაც მთელი ცხოვრება გამოჰყვა. ცნობილ მამასთან დაკავშირებული ისტორიები, დედა სამკუთხა სახლში და ადამიანები, ვინც  ქართული თეატრის ისტორიის ფურცლებს ქმნიდნენ – რამაზ საყვარელიძე მშობლებთან დაკავშირებული მოგონებებით.   

რამაზ საყვარელიძე: დედაც და მამაც მსახიობები იყვნენ. მამამ დედაჩემი, მარიამ თაბორიძე  სცენაზე გაიცნო.  მამა ზესტაფონიდან იყო, დედა დუშეთიდან, ამ ორი სხვადასხვა წერტილიდან  დაძრული ადამიანის ცხოვრება  თეატრის სცენაზე გადაიკვეთა. ორივე ძლიერი ხასიათის ადამიანი იყო, ცარიელი ფურცლიდან, ყოველგვარი საყრდენის გარეშე დაიწყეს ცხოვრება.  დედის  მსახიობობა მე არ მახსოვს, მაგრამ ფოტოებით და სხვა ადამიანების მონაყოლით  ვიცი, რომ დედა უფრო საინტერესო იყო სცენაზე, ვიდრე –  მამა. მას ძირითადად, ქართული რეპერტუარის როლები ჰქონდა. მისი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, ვერიკო ანჯაფარიძის დუბლიორობა ივდითის როლზე, რაც შემთხვევითი ნამდვილად არ იქნებოდა.
–  დედა კარიერას რატომ შეელია?
–  ამის მიზეზი მე აღმოვჩნდი,  მე გავჩნდი მათ ცხოვრებაში მურმანის ეკალივით (იცინის). დედას ძალიან უყვარდა თეატრი, მაგრამ ჩემს გამო დატოვა. მამა ხომ  ვერ მომივლიდა, ამისი ნიჭი ქართველ კაცებს ნაკლებად აქვთ.  დედა ფილოლოგიც იყო, თეატრიდან წასვლის შემდეგ გადავიდა სკოლაში,  ქართულის მასწავლებლად, მერე პედაგოგიკის ინსტიტუტსა და ეგრეთ წოდებულ პუშკინის ინსტიტუტში მუშაობდა.  იმის გამო, რომ ოჯახის ტვირთი  დედას აწვა კისერზე, ის რეპეტიტორობდა კიდეც, რომ ოჯახი ერჩინა. ჩვენ უზრუნველი ცხოვრება არასდროს გვქონია. გარკვეულ პერიოდებში რეპეტიტორობაც იკრძალებოდა ხოლმე და დედას, როგორც მის კოლეგებს, არალეგალურად  უწევდა მუშაობა. ძალიან მიხარია, რომ დედას დიდი წვლილი მიუძღვის სასკოლო პროგრამებში ქართული ლიტერატურისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შეტანაში, რაც მაშინ აქტიური  მოქალაქეობრივი პოზიცია იყო.    
–  როგორი იყო მამის გზა  სცენამდე?
–  მამა  ქუთაისში სამხატვრო სახელოსნოში მუშაობდა, კარგად ხატავდა.  მერე  ოჯახს პრობლემები შეექმნა, მამაჩემის მამა ფოსტის მმართველი იყო, ვიღაცამ ფოსტა გაქურდა, დაიკარგა სახელმწიფო ფული,  ოჯახს მოუწია სახლის გაყიდვა, რომ ეს   ვალი დაეფარა. ამ ამბავს ბაბუას სიცოცხლე შეეწირა, რის შემდეგაც მამა დედასთან ერთად, რომელიც ალპინისტი ჯაფარიძეების ერთ-ერთი და იყო, აქ ცხოვრობდა. აქედან უტევდნენ ისინი უშბას. მამა  საცხოვრებლად  თბილისში  გადმოვიდა და ასე დამთავრდა მისი  ცხოვრების ქუთაისური ხაზი. მამა წლების განმავლობაში ცხოვრობდა დეიდის, ალექსანდრა ჯაფარიძის  ოჯახში, მას ძალიან დიდხანს ჰქონდა ბინასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ყველა შიდა მიგრანტისთვის  მნიშვნელოვანი საკითხია. მაშინაც კი, როცა მე დავიბადე, ეს პრობლემა დღის წესრიგში იდგა. რამდენიმე წელი  მეც ჯაფარიძეების ბუდეში  ვიზრდებოდი. მერე ჩვენ ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელ ადგილს.  ვცხოვრობდით ნაქირავებში, მერე მამამ ბინის მიღებაც მოახერხა ჯავახიშვილის  ქუჩაზე.  მახსოვს, სამკუთხა ოთახში ვცხოვრობდით. სამკუთხა ოთახი მერე ოთხკუთხა ბინამ შეცვალა  და ასე, საკმაოდ დიდხანს მოგვიწია „მოგზაურობა” (იცინის). მამამ ჯერ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიწყო მუშაობა, მერე მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა. იმ პერიოდში, როცა მამას თაობა  თეატრში მივიდა, მარჯანიშვილი გადაჭედილი იყო  ვარსკვლავებით: ვერიკო, ვასო გოძიაშვილი. მამას და მის მეგობრებს – იაშა ტრიპოლსკის და სხვებს,  გარკვეული პერიოდი მოუწიათ „სათადარიგო სკამზე” ჯდომა. ეს იყო მათი თაობის დრამა,  ისინი წინა თაობის დუბლიორების თაობად იქცნენ.  მამას დამოუკიდებელი როლები უფრო გვიან პერიოდში წამოვიდა სპექტაკლებში:  „მეფე ერეკლე“, „ანტიგონე“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. მსახიობის გზა მარტივი არასდროს არაა, თუმცა მამა  მაინც იღბლიანი კაცი იყო.  ქუთაისიდან წამოსულებს აქვთ მეტყველებაში  იქაური მახასიათებელი – მამა „ლ-ს“ არბილებდა, სცენაზე ეს წარმოუდგენელი იყო. მამამ  თავისი მეტყველება ისეთ დონეზე დააყენა, ძნელი  დასაჯერებელი იყო, რომ ის იქამდე ქუთაისური  აქცენტით  მეტყველებდა.  ოღონდ ეს იყო „დგიფ,” „დგეფ,” „დგაფ,” ასეთი ვარჯიშის დონეზე (იცინის). მამას  ძალიან მძიმე მუშაობა უწევდა როლების ტექსტებზეც. ბრწყინვალე მეხსიერებით გამოირჩეოდა იაშა ტრიპოლსკი, მას შეეძლო მოსმენილი როლი ეთამაშა. ცნობილი ფაქტია, როგორ შეიყვანეს იაშა „ურიელ აკოსტაში”. მე მოწმე ვიყავი იმ დღის, როცა მარჯანიშვილის თეატრის გასტროლების დროს, კიბეზე არბენისას პიერ კობახიძე დაშავდა, რომელიც ურიელის როლს თამაშობდა.  ის სცენის ზედა სიმაღლიდან ჩამოვარდა და თავი რკინის არმატურას დაარტყა. ბუნებრივია, მას სპექტაკლის გაგრძელება არ შეეძლო, იაშას სასწრაფოდ გრიმი გაუკეთეს და  პირდაპირ შეცვალა პიერი სცენაზე. ისე გააგრძელა როლი, მგონი, მაყურებელი ვერაფერს მიხვდა.  
–  როგორი იყო მამის საახლობლო წრე, როგორ ცხოვრობდნენ ისინი?
–  დედას და მამას წრე მაინც ხელოვანი და ხელოვნების  დამფასებელი ხალხი იყო. რადგან, ორივე ერთი პროფესიის იყვნენ, მათ ნაკლებად ჰქონდათ ის სირთულეები, რაც მსახიობის ცხოვრებას ახლავს. დედა უძლებდა იმას, რომ მამა დილით რეპეტიციებზე იყო, საღამოს სპექტაკლებზე. ქალი ძალიან გამგები უნდა იყოს, რომ ეს აიტანოს. როგორც წესი,  მამას, ისევე როგორც მსახიობებს სჩვევიათ, ტონუსი სულ აწეული ჰქონდა. სპექტაკლის შემდეგ მსახიობების შეკრება სადმე სხვაგან,  ღამის ოთხ საათამდე, ჩვეულება იყო. ისიც  მახსოვს, ერთხელ, ასე გარეთ შერჩენილი მამა, როგორ „დააყენა” ღამის ოთხ საათზე დედამ სამკუთხიანი ოთახის კართან (იცინის).  მამას ჰყავდა ძალიან საინტერესო წრე, მისი უახლოესი ადამიანი იყო იაშა ტრიპოლსკი. მეგობრებიც აღარ ერქვათ, ისე იყვნენ „გადაბმულები.” ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა უშანგი ჩხეიძის ოჯახთან. მისი  და, ნინიკო ჩხეიძე დედას მეგობარი და  ჩემი ნათლია იყო.  მეგობრობდნენ უფროსები, ბავშვებიც  ერთად ვიზრდებოდით  კულისებში. ტარაკნებივით ვიყავით მოდებული თეატრს. კულისიდან სპექტაკლის ყურება სულ სხვაა.  თეატრის მიღების კულტურა ჩვენ ბავშვებსაც სხვანაირად გამოგვიმუშავდა. პატარა ვიყავი, როცა დედამ წამიყვანა მოსკოვში, სადაც ფრანგებს ჩამოტანილი ჰქონდათ „ფიგაროს ქორწინება”. ბრწყინვალე სპექტაკლი იყო. მახსოვს, იმ მომენტში, როცა ფიგარო მონოლოგს კითხულობდა, მე ფრანგული  ავტომატურად „მოვიშორე”, რადგან თარგმანი აშკარად ხელს მიშლიდა და წმინდა მსახიობური ოსტატობით დავტკბი, რაც იმ კულისების დამსახურება იყო, სადაც გავიზარდე.
–  თქვენ არ გქონიათ „ცდუნება” მშობლების გზას გაჰყოლოდით?
–  როდესაც ოჯახში ჩემს პროფესიულ არჩევანზე დაიწყო მსჯელობა,  ბუნებრივია, ერთ-ერთ ვერსიად  განიხილებოდა თეატრი,  რომელიც განსაკუთრებულად მიყვარდა.  მამას არ უნდოდა, მსახიობობაზე მეფიქრა. ვერ მიმეტებდა მძიმე ცხოვრებისთვის.  თუ რამ გამომყვა გენეტიკურად მამისგან, ეს არის ხატვა. თავის დროზე ვძერწავდი. ოჯახმა გადაწყვიტა, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა არქიტექტურულზე. ერთი წელი აკადემიაში დავდიოდი მოსამზადებელ კურსებზე, პარალელურად, ვწერდი კიდეც, სერიოზულად ვპოეტობდი. საკითხი ასე იდგა: წერა თუ ხატვა? ბოლო მომენტში, გადაწყვეტილება წერის სასარგებლოდ მივიღე. ჩავაბარე აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, მაგრამ მერე იმდენი ლიტერატურა ვქექე, სანამ დიმიტრი უზნაძემდე და ფსიქოლოგიამდე არ მივედი. როცა სახლში ვთქვი, ფსიქოლოგიაში უნდა გადავიდე-მეთქი, მამამ გააპროტესტა: აბა, ახლა შენ ხეტიალს თავი დაანებეო, მაგრამ ბოლოს  მაინც ჩემი გავიტანე.
–  მამა ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დეკლამატორი,  ლექსების  მკითხველი, ეს როლი როგორ მოირგო? 
–  ალბათ, მაინც იმ ვარსკვლავთცვენიდან გამომდინარე, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით,   მამამ იპოვა პარალელური ამპლუა –   დეკლამაცია. ის ბევრი ავტორის  ლექსების ერთ-ერთი პირველი მკითხველი იყო, მათ შორის ლადო ასათიანის, რომელიც პატრიოტული მოტივის გამო იკრძალებოდა. მამას ძალიან უყვარდა „ვეფხისტყაოსნის” კითხვა, ვაჟა.  მას ჰქონდა თავისი ნიშა,  იმ პერიოდში  ბევრი ბრწყინვალე მკითხველი იყო – უშანგი, სერგო, მოგვიანებით, გურამ საღარაძე.  ყველა თავისებურად კითხულობდა ლექსებს, ყველას თავისი სტილი ჰქონდა და ყველა შესრულებაში სხვადასხვა ლექსს ისმენდი. ამ მხრივ მსახიობებისთვის ცალკე სივრცე გაიხსნა, რაც მამასთვის ძალიან საინტერესო გახდა.  მამას ძალიან ეხმარებოდა დედა დეკლამაციის მიმართულებაში,  დედა ეძიებდა მისთვის  იმ ლიტერატურას, რაც შეიძლებოდა  კარგად აჟღერებულიყო  სცენიდან.  მამაც  დედაჩემის ცხოვრებაში ხშირად მონაწილეობდა როგორც ადამიანი, რომლის წინაც კარი იოლად იხსნება.  ხომ იცით, ქართული ამბები (იცინის) – ნაცნობ-მეგობრების დიდი წრე ჰყავდა. თვითონაც ძალიან უყვარდა  ადამიანების დახმარება. პოლიციელებს ჰქონდათ მასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება, პატივს სცემდნენ.     
 –  როგორი იყო მამათქვენის ცხოვრების  ბოლო წლები?
–  ბოლო წლები სცენას ჩამოშორდა, თუმცა სულ თეატრზე იყო მოფიქრალი. ბოლო წლებში ათეროსკლეროზი წამოეწია,  იმ დროს უკვე ლარსის ქუჩაზე ცხოვრობდა. ამ ბინამ მის ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა –  მორწმუნე გახდა. აივნიდან ეკლესია ჩანს, ერთხელ  დედამ მითხრა,  ეკლესიას უყურებდა და პირჯვარი გადაიწერაო. ეს დიდი უცნაურობა იყო მისგან. ძალიან მალე, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა. ვიღაცამ თქვა, ეს იღბლიანი ხალხის ბედიაო, მას მართლაც იღბლიანი ცხოვრება ჰქონდა. ერთი მხრივ, მიაღწია წარმატებებს, მაგრამ მას ხასიათიც იღბლიანი ჰქონდა. ეს არის ღმერთის წყალობა. გაბრაზება და როხროხი იცოდა, მაგრამ ეს გაბრაზება მაშინვე ქრებოდა, როგორც  კი სხვა თემა გაჩნდებოდა. თავისი ხასიათის მიუხედავად, არ ჰქონია პიკანტური ისტორიები. ბევრი მსახიობის ცოლი გამწარებულა ქმრის თავგადასავლებით, დედას ეს არ შეხებია, რასაც ძალიან აფასებდა.  სიცოცხლით ტკბობა და სიმსუბუქე ცოტა ხომ არაა? მე ძალიან ბევრგან დამხვდა მამაჩემის  გაკეთებული სიკეთე, რაც ჩემთვის კარგი საგზალი იყო. მშობლები ხომ  ყველა ადამიანს თავის ბეჭედს ასვამენ,  მე მადლიერი ვარ ჩემი ბეჭდისთვის...

скачать dle 11.3