კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ადარებდნენ ჯონ ლორდმანს ბრედ პიტს და ვის ეგონა ის „ცეერუს“ აგენტი

ჯონ ლორდმანს საზოგადოების გარკვეული ნაწილი კარგად იცნობს. ის ერთ-ერთი პირველი უცხოელია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, აქ დასახლდა და ქართული ღვინისა და სიმღერის პოპულარიზაციას ეწევა.

– მუსიკა ბავშვობიდან მიყვარდა. 15 წლის ასაკში მოვისმინე ქართული ხალხური სიმღერის ჩანაწერი და გავგიჟდი, ისე მომეწონა! სამი ანსამბლი ასრულებდა – „მთიები”, „სოინარი” და „მზეთამზე”. „ქართული ხალხური სიმღერა დღეს” – მგონი, ასე ერქვა ალბომს. ძალიან შემიყვარდა, თან უცხო იყო ჩემთვის. მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორი მაინტერესებდა და ერთ მაღაზიაში იყიდებოდა ეგეთი ჩანაწერები. მერე წავედი მოსკოვში, ოღონდ სულ სხვა მიზნით – კარგად ვხატავდი და სამხატვრო სკოლაში უნდა მესწავლა. სწორედ მოსკოვში ცხოვრების პერიოდში მქონდა საშუალება, მომესმინა ბევრი ქართული სიმღერა და ცოტ-ცოტა ქართულის სწავლაც დავიწყე. 1995 წელს ჩამოვედი თბილისში და ჰოპ! – მასპინძლებმა ეგრევე რესტორანში წამიყვანეს, სადაც, გარდა იმისა, რომ უამრავი გემრიელი საჭმელი მივირთვი, მღეროდა ანსამბლი „სოინარი”, არადა, ჩემი მასპინძელი აზრზე არ იყო, რომ მე ამ ანსამბლის შესახებ რამე ვიცოდი – ეს მათთვის სიურპრიზი იყო. 1996-ში შევიძინე სახლი სიღნაღში, მაგრამ, იქ მუდმივად არ ვცხოვრობდი, რადგან, მოსკოვში მომიწია სწავლის გამო დაბრუნება. მაშინ არც შუქი იყო, არც გაზი, არც წყალი… სამაგიეროდ, იყო სიწყნარე! ახლა ტურიზმი განვითარდა, საქორწინო ცერემონიები ტარდება, რაც ძალიან მახარებს, მაგრამ,  სამაგიეროდ, ჩემი პირადი სიმშვიდე დამთავრდა (იცინის). მე უფრო მიწასთან ახლოს მინდოდა დასახლება, სადაც ნამდვილი გლეხკაცი ცხოვრობდა და ნამდვილი ქართული ტრადიციები იყო შენარჩუნებული.  1998-ში დავიცავი დიპლომი და ჩამოვედი აქ მუდმივად საცხოვრებლად. მანამდე შუალედები მქონდა 2-3 თვე. რუსეთში სამი წელი ვცხოვრობდი, იქ ფერწერის ძალიან ძლიერი ტრადიციების მქონე სკოლაა. ამჟამად ხატვას ისე ხშირად ვეღარ ვახერხებ – არ მცალია.
– თავიდან როგორ აეწყო თქვენი ცხოვრება საქართველოში?
– თავიდან შემოვიფარგლებოდი ქართულის ცუდი ცოდნით, ძირითადად, სიმღერებს ვაგროვებდი და ვხატავდი. ქართული კარგად არც ახლა ვიცი, უფრო სალაპარაკო ენას დავეუფლე. ბევრ რამეს ვხატავდი ხოლმე: ხედებს, ხალხს, ბოდბის მონასტრის ინტერიერს – რაც ჩემს სულთან ახლოს იყო. სიმართლე გითხრათ, სანამ ჩამოვიდოდი, საქართველოზე დიდად ჩამოყალიბებული აზრი არ მქონდა, უბრალოდ, ვიცოდი, რომ რუსებთან შედარებით ბევრად უფრო თბილი  და უშუალო ხალხი იყო.
რომ ჩამოვედი, შუქი და გაზი არ იყო, მაგრამ, გაგიკვირდებათ და, ეს დისკომფორტს კი არ მიქმნიდა, პირიქით! ადამიანებს მაშინ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეებისთვის ეცალათ და უფრო ბევრს ფიქრობდნენ: ეცალათ წიგნის წასაკითხად, აზროვნებისთვის, ლოცვისთვის... თუ ამაღლებულ თემებზე გინდოდა კონცენტრაცია, ამ მხრივ უკეთესი იყო. აზერბაიჯანსა და სომხეთშიც ვარ ნამყოფი, კარგი მომენტები იქაც იყო, მაგრამ, სომხეთი დიდად არ „შემევასა” (იცინის). უკან არიან მენტალურად.
– ეს ქართული ჟარგონი რა კარგად აგითვისებიათ!
– ჰო, რა ვიცი, მე ხომ ვერ ვასხვავებ, რომელი ჟარგონია და რომელი სწორი? უნივერსიტეტში ხომ არ მისწავლია ქართული, მოსმენით ვისწავლე, რასაც ლაპარაკობენ, იმას ვამბობ მეც. ერთხელ, იყო ასეთი შემთხვევა: ჩემს მოძღვართან ვიყავი ალავერდში და, მკითხა – იოან, ბავშვები როგორ არიანო, რავი, მამაო, ხოშიანად-მეთქი (იცინის). მოეწონა, იცინოდა.
– ქართულის სწავლა არ გაგიჭირდათ?
– კი, არის სპეციფიკური ბგერები – ღ,ჭ, მაგრამ, თუ საქმეს სიყვარულით ეკიდები, ყველაფერი გამოგივა. აქ ჩემი მეგობარია, ფრანგი და ჩემზე მეტი ჟარგონი იცის. მოკლედ, „პოლინაციონალური ანდერგრაუნდი“ გვაქვს. თავიდან რომ ჩამოვედი, კითხვა ვიცოდი, მაგრამ წერა-კითხვა ვიცი 8 წლის ბავშვის დონეზე, შინაარსი კი მესმის, ნელა ვკითხულობ ძალიან – პრაქტიკა მაკლია. რუსული უფრო კარგად ვიცი.
ღვინის დაყენებას რაც შეეხება, სიღნაღში რომ ვიყიდე სახლი, მაშინ მქონდა პატარა ვენახი და ღვინოს ვაყენებდი ძირითადად სტუმრის მისაღებად. მაინცდამაინც კარგი ჯიშები არ მქონდა – ადესა მედგა და ადესა არავის არ მოგვწონს კახეთში (იცინის). მერე გავიცანი ჩემი პარტნიორი მეღვინე, რომელიც ძირძველი მევენახის ოჯახიდან იყო და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ასეთი პროექტი: მხოლოდ ქართული ჯიშები, მხოლოდ ტრადიციული მეთოდებით დაყენება და ყოველგვარი შხამ-ქიმიკატების გარეშე. ქართლის ღვინოებს – ქართლური წესით, იმერულს – იმერული და ასე შემდეგ. კახური ღვინო ძალიან მიყვარს, მაგრამ, სულ კახეთში ვარ და, იმერულ ღვინოს რომ ვსვამ, ცოტა ვისვენებ ხოლმე, უფრო მსუბუქია. ჩემთვის კარგი ჩხავერი და ცოლიკაური უკვე დღესასწაულია. სამას ორმოცი ჯიში გვაქვს ვენახში. საქართველოს აქვს უნიკალური ჯიშები და მემკვიდრეობა, ღვინოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქართული ხასიათი და ყველაფერში ევროპულს არ უნდა მიჰბაძონ. ფრანგი და იტალიელი ქართულ ღვინოს მაშინ იყიდის, თუ ის განსხვავებული იქნება. ბურგუნდიულის დაყენება თუ გინდა, ისედაც უამრავი სახის იყიდება.
– კახელებმა როგორ მიგიღეს თავიდან?
– რა ვიცი, „ცეერუს“ აგენტი ვეგონე (იცინის). ფიქრობდნენ, ჩამოვიდა შეძლებული ოჯახის შვილი ამერიკელი და ამ უშუქობასა და უწყლობაში აქ დასახლდა – ალბათ, გამოქცეულია და ვინმეს ემალებაო. თან, მაშინ გამხდარი ვიყავი და ბრედ პიტს მადარებდნენ ხოლმე (იცინის). იმ პერიოდში უცხოელი უფრო იშვიათობა იყო. მერე კი დავმეგობრდით მალე. დაძალებით, ღვინო არ დაუძალებიათ, ისედაც კარგად ვსვამ – ერთ ლიტრს საჭიროების მიხედვით (იცინის). მაგრამ, სიმთვრალე, ზოგადად, კარგი არ არის; კარგი სიმთვრალე, ცუდი სიმთვრალე – ეგეთი რამე არ არსებობს. უნდა იყო ნასვამი, რომ კარგად იმღერო და მოილხინო, ისე, როგორც გულს გაუხარდება. „პრიკლუჩენიებიც“ ბევრი მაქვს ამასთან დაკავშირებით. ერთხელ მამაჩემი იყო ჩამოსული საქართველოში და ჩემი მეგობრის სიმამრთან ვიყავით საქეიფოდ – ვანო იანტბელიძესთან.  მეოთხე თუ მეხუთე ქეიფი იყო იმ დღეს, ვქეიფობდით. ბავშვი მყავდა იმ დღეს მონათლული და მოვდივართ, ღამის 12 საათია. ესენი სუფრასთან არ სხდებიან უჩვენოდ, თურმე, მელოდებიან, როგორც ნათლიას. მამაჩემი ისე იყო დაღლილი, აღარც პურმარილი უნდოდა, არც დროსტარება, არც პატივისცემა – გამიშვით, დამაძინეთო (იცინის). ერთი სული ჰქონდა, საწოლამდე მიეღწია. მაინც მოგვიწია მათთან შესვლა. მეორე ნათლიამ მოიბოდიშა – ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელი და იქნებ გამიშვათო. კარგიო, – თამადამ, – მაგრამ, ორი ჯარიმა უნდა დალიოო. ამოიღეს ვარდები ლარნაკიდან და ჩაასხეს ღვინო. მამაჩემს გული გაუსკდა – კარგი, შვილო, თუ გინდა, მზის ამოსვლამდე აქ ვიყოთ, არ გვინდა ჯარიმებიო (იცინის). ეს ხუმრობით, მაგრამ, ღვინოსთან ასეთი დამოკიდებულება, არაჯანსაღია. კარგი ღვინო ცოტაა და ეს ღვინის უპატივცემულობა და უგემოვნობაა. განსხვავებულით მეც დამილევია – ყანწით, აზარფეშით, ძროხის შპრიცით...
– თქვენ როგორ ეზიარეთ მართლმადიდებლობას?
– 1997 წელს მოვინათლე მართლმადიდებლად. დედაჩემი ირლანდიელი კათოლიკეა, მამაჩემს კი ბუდიზმი და აზიური რელიგიები აინტერესებდა. რომ ვერ გაუგეს ერთმანეთს, გაშორდნენ.
– მეუღლე რა აზრის იყო მთაში დაფუძნებაზე?
– არა, ქეთოს არ უნდოდა. კახელი მეუღლე მყავს, ქიზიყელია. საქართველოში ყველაზე მეტად კახელებსა და სვანებს ვეწყობი – მომწონს  მათი პირდაპირობა და გულწრფელობა. რასაც ამბობენ, ასრულებენ და ეს ჩემს ხასიათთან უფრო ახლოსაა, ვიდრე იმერული, ან, ვთქვათ, მეგრული თვისებები. კი, ბევრი კარგი მეგრელი მეგობარი მყავს, მაგრამ, ეს „ნაჩალიჩები” რაღაცეები არ მომწონს, მიყვარს სილაღე და სიუბრალოე. ძალიან მომწონს კახური იუმორიც. ჰო, კიდევ, თუში ქალების იუმორითა და ენამოსწრებულობით მოვიხიბლე. ხევსური ქალები უფრო მძიმეები არიან, შავები აცვიათ და სახლიდან არ გამოდიან, თუშები კი გარმონზე უკრავენ, მღერიან და, შეიძლება, კაცებსაც აჯობონ ქეიფში. ძალიან დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი თუშეთში, სახლის ყიდვაც მინდოდა, მაგრამ, მიწის შეძენის უფლება არ მომცეს – თუ თუში არ არის, უფლება არ აქვს, იქ მიწა იყიდოს არა მარტო უცხოელმა, არამედ, კახელმა, იმერელმა...
– თქვენ თვითონ კარგი იუმორი გაქვთ?
– ისე რა (იცინის). მეგობრები ხშირად მეუბნებიან, რომ იუმორს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ და ცოტა „დაგრუზული“ ტიპი ვარ, ბევრს ვფიქრობ. ისე კი, როგორც ყველას, მეც მიყვარს იუმორი, შავი – ნაკლებად. კახელების ბილწსიტყვაობასაც შევაჩვიე ყური, იმდენი გინება მესმის (იცინის), მაგრამ, ვცდილობ, არ გავიმეორო.
– ანსამბლზეც მითხარით ორი სიტყვით.
– ეს არის ანსამბლი „ზედაშე“, რომელშიც ვმღერით მე, ჩემი მეუღლე და, ასევე ჩვენი მეგობრები. ეს ანსამბლი ჩვენამდეც არსებობდა – მგალობლები იყვნენ. დიდ აქცენტს ვაკეთებთ კახურ სიმღერებზე, გვაქვს გურული კრიმანჭული, სვანური სიმღერებიც. მე ქალაქელების ფოლკლორულ ანსამბლებს ცოტა ისე ვუყურებ – დღისით ჰალსტუხით იარო და საღამოს ფოლკლორი იმღერო, ცოტა არარეალურია და იმ ცხოვრებიდან მოწყვეტილი. დავდივართ ექსპედიციებში. სიმღერებს ერთად ასრულებდნენ როგორც ქალები, ასევე ვაჟები. საომარი სიმღერები არც გადარჩებოდა, ქალები რომ არ ყოფილიყვნენ სოფელში.
– მეუღლე როგორ გაიცანით?
– ჩემი ფანჯრის ქვეშ სეირნობდა და მღეროდა (იცინის), ჩავედი და გავიცანი. ახლა ორი შვილი გვყავს და ისინიც მღერიან ქართულ სიმღერებს.
– მშობლები ხშირად ჩამოდიან აქ?
– კი, გვაქვს ურთიერთობა. ბავშვები მამაჩემს „პაპას” ეძახიან.

скачать dle 11.3