კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28(550)-32(606)

მერის და ბავშვებს ეგონათ, რომ თირკმელებზე ვმკურნალობდი. რას წარმოიდგენდნენ, რომ მე „კაგებეს“ გასაიდუმლოებული აგენტი ვიყავი და „ცეერუს“ მკვლელებს ვემალებოდით. ორი თვის შემდეგ განგაში გაუქმდა. ყველანი თბილისში დავბრუნდით და მაშინვე მაცნობეს, რომ საიმედოდ ვიყავი დაცული და „ცეერუს“ ჩემ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.
– როგორ არ ეცადნენ ლენგლში შენს აღმოჩენას, მაგრამ, არაფერი გამოუვიდათ, – მითხრა შჩუკინმა, – ეს იმიტომ, რომ კარგად კონსპირირებული ხარ და შენი არსებობის შესახებ სულ ხუთმა კაცმა ვიცით.
ვიქტორ იაკოვლევიჩი მართალი იყო. ჩემს დონეზე კონსპირირებული აგენტები საბჭოთა კავშირში თითზე ჩამოსათვლელები იყვნენ და ინფორმაციამ იმიტომ არ გაჟონა. ჩემ შესახებ იცოდნენ ჩემმა უშუალო უფროსებმა – შჩუკინმა და მუხინმა, „კაგებეს“ შეფმა იური ანდროპოვმა, საქართველოს „კაგებეს“ შეფმა ალექსი ინაურმა და „ძიამ“, იგივე რომანმა. ხუთივე ძალიან საიმედო ადამიანი იყო. „ცეერუ“ ვერც მათზე გავიდოდა და, რომც გასულიყო, მაინც ვერაფერს შეიტყობდნენ მათგან.
– „კაგებეს“ ორი უმთავრესი ფუნქცია აქვს, – მასწავლიდნენ კოჯრის სპეცსკოლაში, – საიდუმლოების მოპოვება და საიდუმლოების დაცვა. კარგი მზვერავი, კარგი ოპერატიული მუშაკი მხოლოდ იმით კი არ ფასდება, რომ ძვირფას საიდუმლო ინფორმაციებს მოიპოვებს, არამედ, იმითაც, რომ ამ ინფორმაციებს საიმედოდ იცავს. ყოველთვის არსებობს იმის ცდუნება, რომ შენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია ვინმეს გაუზიარო ან მიჰყიდო. მოსმენის ან ყიდვის მსურველი ყოველთვის გამოჩნდება და ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დადგე.
ჩემი მასწავლებლები მართლები იყვნენ. საქმეში ჩაუხედავი კაცი ალბათ არ დაიჯერებს, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ საიდუმლოების დაცვა საკმაოდ რთული რამაა და სპეციალური მომზადების გარეშე ეს თითქმის შეუძლებელია. არც ისე იოლია ენაზე კბილის დაჭერა და ეს მხოლოდ ჩუმად ყოფნა არ არის. არსებობს საიდუმლოს როგორც მოპოვების, ასევე, შენახვის უამრავი ხერხი და, თუ ამისთვის მზად არ ხარ, აუცილებლად „დაიწვები“.
დაზვერვაში ინფორმაციის მოპოვების ხუთი ძირითადი ხერხი არსებობს, რაც კარგად იცის ნებისმიერმა აგენტმა, რომელსაც დაზვერვის კურსები აქვს გავლილი.  ესენია: მოსყიდვა, შანტაჟი, მოპარვა, სექსი და იდეური გადაბირება. ხუთივე ხერხს თავისი ადგილი აქვს და შესაბამის სიტუაციაში გამოიყენება, მაგრამ, არსებობს საბჭოთა და ამერიკული თავისებურებები, რითაც ყველასგან გამოირჩეოდა მსოფლიოს ეს ორი უდიდესი დაზვერვა.
ამერიკელები უპირატესობას ყოველთვის ფულს ანიჭებდნენ და საიდუმლო ინფორმაციების უმრავლესობას, უბრალოდ, ყიდულობდნენ. ხოლო, რაც შეეხება მუშაობის საბჭოთა სტილს, ჩვენ ყოველთვის იდეაზე ვიყავით კონცენტრირებულები, ინფორმაციის გამცემს იდეური კუთხით ვუდგებოდით და ის ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძულების გარეშე, სუფთა იდეური მოსაზრებებიდან გამომდინარე გვაწვდიდა საიდუმლო ინფორმაციებს და გვთანხმდებოდა თანამშრომლობაზე.
– ადრე თუ გვიან, ადამიანი ფიქრდება თავის საქციელზე, აანალიზებს მას და, თუკი აღმოაჩენს, რომ მის საქციელს, ამ შემთხვევაში – მოწინააღმდეგის მხარეზე გადასვლას, მყარი იდეა არ უდევს საფუძვლად, ის აგენტი ქმედუუნარო გახდება. აი, რატომაა ჩვენი მეთოდი ამერიკელების მეთოდზე ბევრად საიმედო. ამერიკელები აგენტს მხოლოდ ყიდულობენ. ჩვენ კი აგენტს ვისისხლხორცებთ, – მასწავლიდა მოხუცი ინსტრუქტორი, რომელიც ჯერ კიდევ „ჩეკას“ სათავეებში იდგა და უამრავი მაღალი კლასის მზვერავი ჰყავდა აღზრდილი.
ამერიკელები დღემდე ფულზე არიან ორიენტირებულები, „კაგებეს“ მემკვიდრე „ეფესბე“ კი კვლავ საბჭოთა მეთოდებით განაგრძობს მუშაობას და არცთუ წარუმატებლად. მართალია, საბჭოთა სტანდარტებამდე მათ ბევრი აშორებთ და, ღმერთმა უწყის, მიაღწევენ თუ არა მას ოდესმე, მაგრამ, ფაქტია, რომ ძველი სკოლა კვლავ მუშაობს და მის დახვეწაში მეც საკმაო წვლილი მიმიძღვის.
ჩემ მიერ ნახსენებმა მოხუცმა ინსტრუქტორმა ერთ-ერთი ინდივიდუალური მეცადინეობის დროს მკითხა:
– აბა, თუ მეტყვი, რა არის ყველაზე მძლავრი იარაღი, რომელიც, შეიძლება, ჩვენს შემთხვევაში, კონსპირირებულმა სპეცაგენტმა გამოიყენოს?
– იარაღის მრავალი საშუალება, უფრო სწორად, სახეობა არსებობს, დაწყებული შხამიანი ნემსით, დამთავრებული ატომური ბომბით. კარგად მომზადებულ აგენტს კი სასიკვდილო იარაღად ფარატინა ქაღალდის  გამოყენებაც შეუძლია, – მშვიდად, სერიოზული გამომეტყველებით მივუგე შეკითხვის ავტორს და მეგონა, ამქვეყნად ამაზე კარგი პასუხი არ არსებობდა.
 ინსტრუქტორმა ბოლომდე მშვიდად მომისმინა და სერიოზულადვე მითხრა:
– არასწორი პასუხია. ყველაზე მძლავრი იარაღი სიტყვაა. ის გადაწონის ყველა შხამიან ნემსსა და ატომურ ბომბს, ერთად აღებულს.
– სიტყვა?
– სწორედაც რომ, ჩემო მეგობარო. თუ სიტყვას ვერ ფლობ და ობიექტს მხოლოდ ტყვიის ენით ელაპარაკები, მაშინ, რიგითი მკვლელი ხარ და მეტი არაფერი. ხოლო, თუკი შენი ცოცხალი სიტყვით შეგიძლია, მეტოქის ტვინი შენს ტალღაზე მომართო და შენი საქმე გააკეთებინო, ჩათვალე, რომ უმაღლესი კლასის ოსტატი ხარ. ჩემთან სწორედ ამიტომ იმყოფები და შენგან უმაღლესი კლასის ოსტატს გამოვიყვან, მით უმეტეს, რომ საამისოდ ყველა მონაცემი გაქვს. ამიტომ, წარმატების მიღწევა არ უნდა გაგიჭირდეს.
მოხუცი ინსტრუქტორი, რომ იტყვიან, „შემყვანი“ ბიძა იყო, შხამიან კობრასაც კი „შეაბამდა“ და ყველა მასტის ადამიანთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა. ის დიდი აზარტითა და საქმის პროფესიული ცოდნით მწვრთნიდა და ჩემი წარმატებებით აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
– ყოჩაღ. შენ უკვე მაღალოსტატურად ბაზრობ, – მითხრა ინსტრუქტორმა, როდესაც მომზადების სრული კურსი გავიარეთ,  – ერთია, რომ სხვისი გადაბირება შეგიძლია და, მეორე, რომ სხვისმა ბაზარმა არ დაგაბას. ამიტომ, გახსოვდეს, რომ, ნებისმიერი საუბარი, თვით ყველაზე უმნიშვნელოც კი, საფუძვლიანად უნდა გაშიფრო და ყველა დეტალს ყურადღება მიაქციო, თან, იმავდროულად, არ უნდა დაიძაბო, რომ არ გაიშიფრო.
მოხუცისგან მიღებული ცოდნა არაერთხელ გამომადგა ჩემს საქმიანობაში და მისი დახმარებით საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო დავალებები მაქვს შესრულებული.
ერთხელ შჩუკინმა მიხმო და მკითხა:
– სეისმურ იარაღზე თუ გსმენია რამე?
– არაფერი. არსებობს ასეთი რამ?
– ჯერჯერობით, არა. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატები ამ პროექტს ამუშავებს. საკმაოდ სოლიდური თანხებია გამოყოფილი და ადრე თუ გვიან, ალბათ, ამ იარაღს შექმნის კიდეც.
– სეისმური, ანუ მიწისძვრის გამომწვევი? – დავაზუსტე მე, რაზეც შჩუკინმა მომიგო:
– კი ბატონო, მიწისძვრის გამომწვევი და, ხომ წარმოგიდგენია, რა დიდი და დამანგრეველი ძალის მფლობელი გახდება ის, ვინც ამას ხელში  ჩაიგდებს?
– უსაშინლესი, – დავეთანხმე ვიქტორ იაკოვლევიჩს, – სეისმური იარაღი ატომურ ბომბზე არანაკლები ძალის იქნება და მთელი რიგი კომპონენტებით აჯობებს კიდეც მას.
– მართალი ხარ, მართალი, – თავი დამიქნია შჩუკინმა, – შენ კი აქ იმიტომ გიხმე, რომ ერთი ოპერაცია დავგეგმოთ.
– დავგეგმოთ. ასეთები დაგვიგეგმავს და შეგვისრულებია?
– ასეთი ოპერაცია ჯერ არ ჩაგვიტარებია, – თავი გააქნია შჩუკინმა და მკითხა, – გადაბირების ხელოვნება ხომ არ დაგავიწყდა?
– გადაბირების ხელოვნება?
– ჰო, რამ გაგაკვირვა? შენს დოსიეში ინსტრუქტორის დასკვნა დევს, რომელშიც წერია, რომ უმაღლესი კატეგორის გადამბირებელი ხარ.
 – მაგარი მოხუცი იყო. ნამდვილი პროფესიონალი და მისგან ყველაფერი ვისწავლე, მაგრამ, ჩვენს გეგმასთან ის რა კავშირშია?
– ჩვენი გეგმა გადაბირებაზე უნდა ავაწყოთ და მთავარი მოქმედი პირი შენ იქნები.
 – ვინ უნდა გადავიბირო?
– ოლივერ სეიმი, – მითხრა შჩუკინმა (ეს სახელი მოგონილია, სინამდვილეში იმ კაცს სხვა სახელი აქვს).
– ეგ ვინაა?
– ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ამერიკელი მეცნიერი. ის სეისმურ იარაღზე მუშაობს და ჩვენს სიაშია.
– მისი გადაბირება რას გვარგებს?
– იმას, რომ ინფორმაციებს მოგვაწვდის სეისმურ იარაღზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ და ამ ინფორმაციებით ჩვენ ჩვენს მეცნიერებს მოვამარაგებთ, რომლებიც სამამულო სეისმურ იარაღს შეგვიქმნიან და, ამერიკელები ამას რომ შეიტყობენ, ჩვენ წინააღმდეგ მის გამოყენებას ვერ გაბედავენ.
– გამოდის, რომ ფულს ამერიკელები დახარჯავენ იარაღის შექმნაში, ჩვენ კი ამით ვისარგებლებთ და ყველაფერს მზამზარეულად მივიღებთ, – ვუთხარი შჩუკინს, – გონებამახვილურია და ეკონომიური.
– რა თქმა უნდა, მით უმეტეს, რომ ჩვენს დაზვერვას ასეთი პრაქტიკა უკვე აქვს და ატომური ბომბიც სწორედ ასე შევქმენით.
– ეგ როგორ?
– ძალიან მარტივად. ბობი ოპენჰაიმერი ჩვენს დაზვერვას გადასცემდა ინფორმაციებს და, საბჭოთა მეცნიერებს მხოლოდ ისღა დარჩენოდათ, ამერიკელების კოპირება მოეხდინათ, რაც წარმატებით განახორციელეს და ამერიკას ძალიან მალე წაართვეს ატომურ ბომბზე მონოპოლია. იცი, ვინ გადაიბირა ოპენჰაიმერი?
– წარმოდგენაც არ მაქვს.
– ბერიამ და სტალინმა პირადად. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების შუაში, ახალგაზრდა ამერიკელი მეცნიერი ბობი ოპენჰაიმერი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც თავის უფროს საბჭოთა კოლეგებს შეხვდა. იმ პერიოდში საბჭოთა ფიზიკოსები დიდი ალბათობით ვარაუდობდნენ, რომ ატომური იარაღის შექმნა შესაძლებელი იყო. მათ ისიც იცოდნენ, რომ ამას დიდი დრო და ფინანსები, აგრეთვე, უმძლავრესი ინდუსტრიული პოტენციალი ესაჭიროებოდა. საბჭოთა კავშირს კი ამის ფუფუნება არ ჰქონდა, რადგან, მომავალი დიდი ომისთვის გაცხოველებული ემზადებოდა. ერთ-ერთი პირისპირ შეხვედრის დროს, რომელიც სტალინის ზუბალოვოს აგარაკზე შედგა, ბერიას სტალინისთვის უთქვამს:
– ამხანაგო სტალინ! ჩვენმა ფიზიკოსებმა საკმაოდ დასაბუთებულად მომახსენეს, რომ უახლოესი ათი წლის განმავლობაში მსოფლიოში ატომური იარაღის შექმნაა შესაძლებელი. ესაა უმძლავრესი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელსაც არა მარტო დიდი ქალაქების, არამედ, დიდი სახელმწიფოების მიწასთან გასწორება შეუძლია. თუმცა, მისი შექმნა არც ისე ადვილია და ამას ძალიან მძლავრი სამრეწველო-ეკონომიკური რესურსები სჭირდება. ვერც ჩვენ და ვერც გერმანია რესურსებს ამ ბომბის შესაქმნელად ვერ გამოვიყენებთ, რადგან, როგორც ჩვენ ვვარაუდობთ და, ალბათ, ჰიტლერიც ასევე ფიქრობს, საბჭოეთი და გერმანია ერთმანეთს ომში დაეტაკება.
ბერიას უცებ სიტყვა შეაწყვეტინა სტალინმა და უთხრა:
– როგორც ვხვდები, შენ გინდა თქვა, რომ, თუკი ჩვენ და გერმანია ატომურ ბომბზე მუშაობას ვერ დავიწყებთ, ამას ამერიკა გააკეთებს –  სწორად მივხვდი?
– დიახ, – დაუდასტურა ბერიამ და რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ, სტალინმა მას კვლავ შეაწყვეტინა სიტყვა:
– მეტსაც გეტყვი: შენ, ალბათ, იმის თქმა გინდა, რომ ჩვენ ამერიკელების მიერ ატომურ ბომბზე მიმდინარე სამუშაოები უნდა გავაკონტროლოთ და, როდესაც ისინი ბომბს გააკეთებენ, გავაკეთოთ ჩვენც. მართალი ვარ?
– აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, – მიუგო ბერიამ სტალინს. ამ უკანასკნელმა კი ჰკითხა:
– ახლა ის მითხარი, როგორ აპირებ ამის გაკეთებას?
– ამჟამად მოსკოვში ახალგაზრდა ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი იმყოფება. როგორც კი ამერიკელები ატომური ბომბის კეთებას დაიწყებენ, მაშინვე მას უხმობენ. ამიტომ, მისი ახლავე გადაბირებაა საჭირო.
– მერე, მიდი, რას უყურებ?! „ჩეკას“ ამის მეტი რა ეხერხება?
– „ჩეკაზე“ უკეთ ამას თქვენ გააკეთებთ. მით უმეტეს, რომ ოპენჰაიმერი გაღმერთებთ და უდიადეს პიროვნებად მიაჩნიხართ.
სტალინს, თურმე, გაეცინა ბერიას სიტყვებზე და უთხრა:
– მიდი, მომიყვანე. მივიღებ და დავამუშავებ. ახალგაზრდობაში, ჯერ კიდევ რევოლუციონერობის დროს, ასეთი რაღაცეები ურიგოდ არ გამომდიოდა.
ერთი სიტყვით, ბერიამ ოპენჰაიმერი მეორე დღესვე ჩაუყვანა სტალინს ზუბალოვოში. დიდმა ბელადმა ის ძალიან მოხიბლა და აღრთოვანებულ ამერიკელ მეცნიერს გამომშვიდობებისას უთხრა:
– გახსოვდეს, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, მოვა დრო და კაცობრიობის ბედის სასწორს ხელში დაიჭერთ. აი, მაშინ გაიხსენეთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და კაცობრიობის სასიკეთოდ იმოქმედეთ.
მოკლედ, ჩემო კოკი, სტალინის მიერ მოხიბლული და გადმობირებული ბობი ოპენჰაიმერი თავიდან ბოლომდე „ჩეკას“ კონტორლის ქვეშ მუშაობდა და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ საბჭოეთმა ძალიან მალე შექმნა ატომური ბომბი. ეს ისტორია კი იმიტომ მოგიყევი, რომ ოლივერ სეიმიც ოპენჰაიმერივით უნდა „დააბა“ და ჩვენზე ამუშაო.
– კი მაგრამ, ოპერჰაიმერი სტალინმა გადმოიბირა, მე კი ვინ ვარ მასთან შედარებით? – გულწრფელად მეუხერხულა სტალინთან შედარება.
შჩუკინმა კი მითხრა:
– შენ გადმობირების სპეციალისტი ხარ, რასაც შენი ინსტრუქტორიც ადასტურებს. თანაც, სტალინივით, შენც ქართველი ხარ და გაქვთ ქართველებს რაღაც განსაკუთრებული შარმი, რაც ადამიანების მოხიბვლაში გეხმარებათ.
– ასე გგონიათ?
– დარწმუნებული ვარ, – მითხრა შჩუკინმა და დაამატა: – ოლივერ სეიმზე ისიც ვიცით, რომ ის ზოგადკაცობრიულ ღირებულებებს პატივს სცემს და მიაჩნია, რომ კაცობრიობა მშვიდობიანად უნდა თანაარსებობდეს. ამიტომ გირჩევ, რომ მასთან ურთიერთობაში სწორედ ამას „მიაწვე“ და, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წარმატებით ჩაივლის.
ორი დღის შემდეგ უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმყოფებოდი და ოლივერ სეიმზე ვნადირობდი. მართალია, ის „ცეერუს“ მეთვალყურეობისა და დაცვის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ, მასთან დაკონტაქტება მაინც მოვახერხე. ეს ნიუ-იორკში, კალათბურთის მატჩის დროს მოხდა. ჩვენ „შემთხვევით“ აღმოვჩნდით ტრიბუნაზე გვერდიგვერდ და ორივე ერთსა და იმავე გუნდს ვქომაგობდით, თამაშის დასრულების შემდეგ კი ერთად აღვნიშნეთ საყვარელი გუნდის გამარჯვება. სეიმი ძალიან განათლებული, გულღია და, შეიძლება ითქვას, მიამიტი ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. ის თამამად გამოთქვამდა აზრებს და თავისი ქვეყნის მთავრობას აკრიტიკებდა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
– იცი რა, ჯიმ? – მითხრა ოლივერმა, რადგან მე მას ამ სახელით გავეცანი, – ბევრს ლაყბობენ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ, სინამდვილეში კი ამ მხრივ სასიკეთო არაფერი კეთდება. აი, თუნდაც, შავკანიანების საკითხს შევეხოთ. დიდი ხანია, მონობა  გაუქმდა, ის საცოდავები კი დღემდე დისკრიმინაციას განიცდიან.
– რამდენადაც ვიცი, პლანტაციებზე მათ არავინ ამუშავებს, – ნახევრად ხუმრობით ვუთხარი სეიმს, მან კი მომიგო:
– პლანტაციები რა შუაშია. აბა, მითხარი, რამდენი შავკანიანია კონგრესში, სენატში, ან, რამდენია მილიონერი ზანგი? რამდენი და, არც ერთი და, იცი, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთან ზანგები კვლავ მონების სტატუსით სარგებლობენ.
– ხომ არ ამეტებ, ოლივერ?
– სულაც არა, ჯიმ, პირიქით. კინოში, თეატრში, ლიტერატურაში, თუკი ვინმე საშინელი და უარყოფითი პერსონაჟია, ყველა ზანგია. შენი აზრით, რას ნიშნავს ეს? რას და იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში თანასწორუფლებიანობის ბალანსი უკიდურესადაა დარღვეული.
ოლივერ სეიმთან დავა ადვილი საქმე არ იყო, რადგან ის პირდაპირ „ათიანში“ ურტყამდა. თუმცა, ჩემი მოვალეობაც „ათიანში“ მორტყმა იყო და ეს ისე უნდა გამეკეთებინა, რომ მას თავის დაძვრენის საშუალება არ ჰქონოდა. ანუ, ჩემი არგუმენტებით ის თანამშრომლობაზე, ესე იგი, ღალატზე უნდა დამეყოლიებინა და ეს კი ისე უნდა გამეკეთებინა, რომ მას თავი მოღალატედ არ ეგრძნო.
ჩვენი გაცნობისა და დამეგობრების სამი კვირის თავზე ოლივერს მანქანით გავუარე და ქალაქგარეთ, ბუნების წიაღში წავედით, როგორც მას უყვარდა თქმა – საფილოსოფოსოდ. ჩვენ უზარმაზარი ხის ძირში ვისხედით, ცივ „კოკას“ ვსვამდით და ჩიტების გალობას ვუსმენდით. მცირე პაუზის შემდეგ ოლივერს ვუთხარი:
– ამდენი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ და შენი პროფესიის შესახებ არაფერი ვიცი. თუმცა, ეს არც ისე ძნელი გამოსაცნობი უნდა იყოს.
– შენ ასე ფიქრობ? – გაეცინა ოლივერს.
– რა თქმა უნდა. შენ ან იურისტი ხარ, ან ლიტერატორი, ან – ორივე ერთად. ისე დახვეწილად და თანმიმდევრულად მსჯელობ, რომ ასეთი რამ მხოლოდ ამ პროფესიის ადამიანებს ძალუძთ.
– არა. შენ შეცდი, სათოფეზეც კი ვერ მიუახლოვდი ჩემს პროფესიას.
– აბა, ვინ ხარ?
– ფიზიკოსი.
– ფიზიკოსი? უცნაურია. შენ სულ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობ, ფიზიკა კი ერთხელაც არ გიხსენებია.
– ფიზიკაში რამე გაგეგება?
– არა, მაგრამ, მაინც საინტერესოა, რას საქმიანობ.
– ისეთს არაფერს, სეისმურ საკითხებზე ვმუშაობ, – უხალისოდ მომიგო ოლივერმა და დაამატა, – ამას ჯობია, სადმე აუზზე წავიდეთ და გავგრილდეთ.
ოლივერ სეიმისთვის მეტი აღარაფერი მიკითხავს. ჩვენ ნიუ-იორკში დავბრუნდით და ერთ-ერთ საზაფხულო აუზზე გავატარეთ მთელი საღამო. ერთი კვირის შემდეგ კი მე და ოლივერი კვლავ შევხვდით ერთმანეთს და საუბარში შევაპარე:
– რას შვრები, როგორ მიდის შენი მუშაობა. დედამიწის ქერქი ხომ ჯანმრთელადაა და ტევტონური ქანების ძვრის საშიშროება ხომ არ არსებობს?
– ოჰო, შენ სპეციფიკური ტერმინებიც გცოდნია. საიდან?
– მთელი კვირა სპეციალურ ლიტერატურას ვსწავლობდი. ხომ უნდა ვიცოდე, რას საქმიანობს ჩემი საუკეთესო მეგობარი?
– მერწმუნე, ჯიმ, რომ დიდად საინტერესოს არაფერს ვაკეთებ. თანაც, ჩვენი სამუშაოები გასაიდუმლოებულია.
– ეს უკვე საინტერესოა. მაინც, რას უმალავთ კაცობრიობას?
– ჯერჯერობით არაფერს. მაგრამ, ჩვენს კვლევებს სულ მალე შეესხმება ხორცი და მაშინ მართლა გვექნება დასამალი.
– ოლივერ, ერთი რამ რომ გითხრა, ხომ არ გამიბრაზდები?
– არა, რატომ უნდა გაგიბრაზდე?
მე მცირე პაუზა გავაკეთე, მთელი ჩემი ნებისყოფა მოვიკრიბე და ობიექტის გადმობირების აქტიური ფაზა დავიწყე:
– მე შენთან უპირველესად, იმიტომ ვმეგობრობ, რომ შენთვის პრიორიტეტია ადამიანი, პიროვნება და, მიგაჩნია, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანი უნდა იყოს. რაც შეეხება შენს საიდუმლო სამუშაოებს, ვფიქრობ, რაღაც სახელმწიფო ავანტიურაში ხარ ჩართული და ეს  ყველაფერი ადამიანების წინააღმდეგაა მიმართული – მე გავჩუმდი და ოლივერს მივაჩერდი. ის კი შეცბა, ჩაფიქრდა და მითხრა:
– იცი, შენ მართალი ხარ. მე მხოლოდ მეცნიერის ჟინი და აზარტი მამოძრავებდა და არც კი დავფიქრებულვარ, რა ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის იმ იარაღს, რომლის შექმნაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ასე მოხდა ატომურ ბომბთან დაკავშირებითაც. ჯერ შექმნეს, შემდეგ გამოიყენეს და იქ ხალხი დღემდე იღუპება. არა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მე ხვალვე შევკრებ ჩემს კოლეგა ფიზიკოსებს. ყველაფერს ავუხსნი და, დარწმუნებული ვარ, ისინი უარს იტყვიან სეისმური იარაღის შექმნაზე.
ოლივერის ასეთი რადიკალური ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არ გვაწყობდა და მშვიდად ვუთხარი:
– ოლივერ, ჩვენ მეგობრები ვართ თუ არა?
– რა თქმა უნდა, ჯიმ. ჩვენ მეგობრები და თანამოაზრეები ვართ.
– ჩემი ხომ გჯერა?
– მჯერა. რომ არა შენ, მე არც კი დავფიქრდებოდი, ისე გავაკეთებდი ამ საშინელ, დამანგრეველ იარაღს, რომელიც, შეიძლება, ატომურ ბომბზე ბევრად საშიში აღმოჩნდეს მომავალში.
– მაშინ, მოდი, მსჯელობას მივყვეთ და ყველაფერი კარგად გავაანალიზოთ, საბოლოო გადაწყვეტილება კი ამის მერე მივიღოთ.
– კი ბატონო, გავაანალიზოთ.
– ოლივერ, ჩემო მეგობარო, მე დარწმუნებული ვარ, ყველა შენი კოლეგა შენნაირად არ ფიქრობს და ერთიც რომ წავიდეს შენი იდეის წინააღმდეგ, ამ საშინელ იარაღზე მუშაობა მაინც გაგრძელდება, სამუშაოებს უფრო მეტად გაასაიდუმლოებენ, იარაღს მაინც შექმნიან და, შეიძლება კატასტროფა გამოიწვიონ. შენ კი, უბრალოდ, გაგაქრობენ. აბა, დაფიქრდი ჩემს სიტყვებზე და მიპასუხე, მართალი ვარ თუ არა.
ოლივერი დაფიქრდა და მითხრა:
– მართალი ხარ. შეიძლება, ერთი-ორი ჩემი კოლეგა დამეთანხმოს, დანარჩენები კი – არა. თუმცა, ის ერთი-ორიც არ დამიჭერს მხარს. რა ვქნათ?
– რა და, იარაღზე მუშაობა უნდა განაგრძო.
– გავნაგრძო და სუპერმონსტრი შევქმნა?
– სხვა გზა არ არის. სამაგიეროდ, ამ იარაღის შესახებ ინფორმაცია რუსებს უნდა გადავცეთ, რომ მათაც შექმნან ეს იარაღი და, ასეთ შემთხვევაში, მისი გამოყენების შანსი ნულს გაუტოლდება. აბა, დაფიქრდი, თუ მართალი არ ვარ.
– მაგაშიც მართალი ხარ.
– რა თქმა უნდა, მართალი ვარ – სამწუხაროდ, მართალი ვარ. ატომურ რბოლაშიც ასე არ არის?! ამერიკასა და რუსეთს ერთმანეთის რომ არ ეშინოდეთ, აქამდე ისე გამოიყენებდა ატომურ ბომბს ერთ-ერთი მხარე, რომ თვალსაც არ დაახამხამებდა.
– მართალი ხარ, მართალი, მაგრამ, რუსებს როგორ დავუკავშირდეთ?
– შენ წერილი უნდა დაწერო, სადაც ვინმე მაღალჩინოსან რუსთან შეხვედრას მოითხოვ იმ საბაბით, რომ მას ზოგადსაკაცობრიო ფასეულობის საფრთხეზე უნდა ესაუბრო. ამ წერილს მე საბჭოთა საელჩოში მივიტან და, როცა იმ მაღალჩინოსანს შეხვდები, ყველაფერს მოუყვები. შემდეგ კი ის გეტყვის, თუ როგორ მოიქცე მომავალში.
ოლივერ სეიმმა ჩემი კარნახით მართლაც დაწერა წერილი, რომელიც მე გადმომცა და მითხრა:
– ჯიმ, იცოდე, ფრთხილად იყავი.
– დარდი ნუ გაქვს, ჩემო მეგობარო, ყველაფერი კარგად იქნება, – მივუგე ოლივერს და წერილი ჯიბეში ჩავიდე.
ოლივერ სეიმის წერილი ცენტრში გადაიგზავნა (ის დღემდე „ეფესბეს“ არქივში ინახება), სამი დღის შემდეგ კი ახალგაზრდა ამერიკელ მეცნიერს საბჭოთა მზვერავი შეხვდა, რომელმაც მასთან საქმიანი ურთიერთობა დაამყარა და ნიჭიერი ფიზიკოსი უძვირფასესი ინფორმაციის მომწოდებელი გახდა. სეისმურ იარაღს ამერიკელები და საბჭოელები ერთდროულად აკეთებდნენ და ხუთი წლის შემდეგ ორივე მხარეს ჰქონდა ეს უმძლავრესი იარაღი. ამიტომ, ამერიკამ რომ ის გამოსცადა და გაიგო, რომ საბჭოელებმაც იგივე ქნეს, „ცეერუ“ შოკირებული იყო და გამოძიება დაიწყეს. თუმცა, ოლივერი ვერ აღმოაჩინეს და ის დღემდე ამერიკის წამყვანი მეცნიერია.
ამ ისტორიაში საინტერესო ისიცაა, რომ ოლივერს ჩემს არაამერიკელობაში წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი და, აბა, რას წარმოიდგენდა, რომ მე საბჭოთა მზვერავი ვიყავი. მას ბოლომდე პაციფისტი და ზოგადსაკაცობრიო იდეალების ტრფიალი ვეგონე. ეს ოპერაცია კი იმით დასრულდა, რომ მე, მის თვალწინ, ოკეანეში, დიდი ღელვის დროს, ტალღებში დავიხრჩვი. სინამდვილეში, დამხმარე ჯგუფმა ყვინთვით გამიყვანა იქიდან. ორი დღის შემდეგ კი საბჭოთა კავშირში დავბრუნდი და შჩუკინს ვეახელი, რომელმაც შემაქო:
– ყოჩაღ, კოკი. შენ არა მარტო კარგი მებრძოლი, არამედ, საუკეთესო გადმომბირებელიც ხარ და შენი მასწავლებელი შენს შეფასებაში არ შემცდარა.
– სეიმმა როგორ გადაიტანა ჩემი დაღუპვა?
– ძალიან მძიმედ. შენ რომ დაიხრჩვი, ის წყალში შემოვარდა შენს საშველად და უეჭველად დაიხრჩობოდა, ჩვენი დაზღვევის ჯგუფის ბიჭებს რომ არ ეყოჩაღათ.
– საცოდავი, მან ხომ ჩემი სახით გულწრფელი მეგობარი დაკარგა, – ვთქვი მე და ოლივერი მართლაც ძალიან შემეცოდა, რადგან მას უერთგულეს ადამიანად მივაჩნდი. თუმცა, ულმობელმა ცხოვრებამ მას ჩემი თავი სამუდამოდ წაართვა...
მაიამის „ტრაგედიის“ მსგავსად, ჩემს „კაგებეშნიკურ“ კარიერაში კიდევ რამდენჯერმე მომიწია სიკვდილი. ყველა ეს სცენა უზადოდ იყო დადგმული ჩემი კოლეგების დახმარებით და, რომ იტყვიან, არასდროს „დავმწვარვარ“. მაგრამ, შემთხვევითობა არაფერში არ არის გამორიცხული და ასეთი რამ მეც დამემართა, თუმცა, ყველაფერი მაინც მშვიდობიანად დასრულდა.
ერთხელ, ცენტრის დავალებით, ერთი მილიარდერის ქვრივი „შევაბი“ და მასთან ორი კვირა გავატარე. ხოლო, როდესაც საჭირო ინფორმაციები მოვიპოვე, უნდა გავუჩინარებულიყავი, ანუ, იმ ქალის თვალწინ „დავღუპულიყავი“, რადგან სხვაგვარად ის ძებნას დამიწყებდა, რაც სასურველი არ იყო.
დაღუპვის სცენა კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულთან გათამაშდა, როცა ჩემი სპორტული კატერი წვეტიან კლდეს შეასკდა და აფეთქდა, მე კი ქალის თვალწინ „დავნახშირდი“... ჩემი „სატრფო“ სულ რაღაც ასიოდე მეტრში იმყოფებოდა იმ ადგილიდან, მე კი კლდეებში ჩამალული ვადევნებდი თვალს მის ვაი-ვიშს და გულში მეცინებოდა, თუმცა, ის ქალი მაინც მეცოდებოდა.
სამი თვის შემდეგ ცენტრმა ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე გამგზავნა ერთი მისიის შესასრულებლად, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ერთ-ერთ კაზინოში მე ერთი ობიექტი უნდა მომეკლა და სასწრაფოდ გავცლოდი იქაურობას.
დავალების შესრულებისას სმოკინგში ვიყავი გამოწყობილი, ბლანჟე მქონდა მოშვებული და სათვალე მეკეთა. ობიექტს სამი დღე ვუთვალთვალე და, შესრულების დრო რომ მოვიდა, შხამიანი ავტოკალამი გადავტენე და მთელი არსებით გადავერთე ობიექტზე. ის „რულეტკას“ თამაშობდა და უკვე მიზანში მყავდა ამოღებული, როდესაც ვიღაცამ მკვეთრად შემოატრიალა და, რომ შევხედე, ჯინა შევიცანი – სწორედ ის მილიარდერი ქვრივი, რომლის თვალწინაც სამი თვის წინ „დავიღუპე“ კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე. მართალია, გარეგნობა შენიღბული მქონდა, ძალიან ინტელიგენტურად მეცვა და შენიღბულიც ვიყავი, მაგრამ, ჯინამ მაინც მიცნო და შეჰყვირა:
– ღმერთო ჩემო, საიმონ, შენ აქ როგორ გაჩნდი?
 წარმოიდგინეთ, რამხელა ძალისხმევაა საჭირო, რომ ასეთ მომენტში არ „დაიწვა“. მე მთელი ჩემი ნებისყოფა მოვიკრიბე და ჯინას მივუგე:
– სამწუხაროდ, თქვენ ცდებით, ქალბატონო. მე რობერტი მქვია და არა საიმონი. ვიღაცაში შეგეშალეთ.
– შემეშალეთ?
– დიახ, შეგეშალეთ. ბოდიშს გიხდით, უნდა წავიდე, – მივუგე ჯინას, ობიექტს ავტოკალმიდან ჩუმად ვესროლე შხამიანი ისარი, მოვკალი და კაზინოდან გამოვედი.
ჯინა გამომეკიდა, კაზინოს კართან შემაჩერა და მკითხა:
– შენ საიმონი არ ხარ?
– ქალბატონო, მე რობერტი მქვია, – შევუსწორე ქალს, რომელმაც აღგზნებულად მითხრა:
– ბოდიშს გიხდით, რობერტ! თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს.
– ბრძანეთ, ქალბატონო, – ვუთხარი ჯინას, თან კაზინოს სიღრმისკენ გავიხედე, სადაც უკვე ჩოჩქოლი იყო ატეხილი და ექიმსა და პოლიციას იძახებდნენ.
– მისტერ რობერტ, მე ჯინა მქვია.
– ძალიან სასიამოვნოა, რობერტი, – მივუგე ქალს და გარეთ გავედი. ჯინაც გამომყვა და მითხრა:
– პატივი დამდეთ და ნომერში მეწვიეთ. მე საპრეზიდენტო აპარტამენტებში ვცხოვრობ.
– კეთილი, გეწვევით. ახლა კი უნდა დაგტოვოთ. მეგობარი მელოდება და ვერ დავაღალატებ.
– ქალი?
– არა, კაცი.
– კეთილი. წაბრძანდით მეგობართან. მე კი თქვენ ზუსტად შვიდზე გელოდებით და, იცოდეთ, არ დამაღალატოთ. თქვენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
რა თქმა უნდა, არანაირი მეგობარი არ მელოდებოდა და კაცი შეგნებულად ვახსენე, რადგან, ვიცოდი, რომ ჯინა სექსს მომთხოვდა და ლოგინში რომ ჩამეწვინა, გავიშიფრებოდი. ამიტომ ჰომოსექსუალობა გავითამაშე და ნომერში რომ ვეწვიე, უკვე წინასწარ მქონდა მომზადებული სათქმელი.
– საიმონ, ბოდიში, რობერტ, მოხვედი? – მითხრა ჯინამ და გაშლილ სუფრასთან მიმიყვანა, რომელიც საგანგებოდ ამ შეხვედრისთვის ჰქონდა შეკვეთილი.
– ჯინა, მე პირდაპირ გეტყვით, რომ ქალებისადმი არანაირი ინტერესი არ გამაჩნია და მხოლოდ კაცებთან ვმეგობრობ. ანუ, ჩვენ სექსი არ გამოგვივა.
 ჩემს სიტყვებს ქალი არც კი შეუცბუნებია, მან გამიღიმა და მითხრა:
– არა უშავს, უბრალოდ, ვიმეგობროთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3