კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაარჩინა დედა სიკვდილს 4 წლის ბავშვმა

ოჯახური კონფლიქტი სისხლისღვრით დასრულდა: 1 ივნისს, დაახლოებით ღამის 10 საათზე, 46 წლის ნოდარ ნ-ძემ 34 წლის ხატია ლ-ია თვითნაკეთი დანით დაჭრა. შემზარავი ტრაგედიის შემსწრე გახდა დაჭრილის მცირეწლოვანი შვილი და, რომ არა ბავშვის გონიერება, შესაძლოა, დედა ცოცხალი ვეღარც ენახა – დედის საშველად ქუჩაში გაქცეულმა 4 წლის ნინიმ შემთხვევითი გამვლელის ყურადღება მიიქცია და დაჭრილი გადაარჩინა – უცნობი მამაკაცი, რომელმაც იმ უბანში შემთხვევით გაიარა, ბავშვის მითითებით, უცხო სახლში შევიდა და ოთახში მძიმედ დაჭრილი ორი ახალგაზრდა ქალი დახვდა. როგორც აღმოჩნდა, მის შესვლამდე ინციდენტის ადგილზე  დაჭრილის და – ეთერი შევიდა. იმ პერიოდში დები ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, მაგრამ, ტყუპისცალის ტირილის ხმაზე და ინსტიქტურად გაიქცა დის დასახმარებლად, მკვლელმა კი არც ის დაინდო – დანით მასაც ორი ჭრილობა მიაყენა და სახლი დატოვა.
როგორ გადარჩნენ დები, დღემდე ყველას უკვირს, რადგან, თვითმხილველთა თქმით, ორივე მათგანი, ფაქტობრივად, გაფატრული იყო, სასწრაფო დახმარება კი თითქმის ნახევარი საათის დაგვიანებით მოვიდა.
მცირეწლოვანი შვილის თვალწინ დედისა და დეიდის მკვლელობის მცდელობისთვის 46 წლის ნოდარ ნ-ძეს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა. მკვლელი ხატიას მეორე ქმარი იყო... 
მოწმის ჩვენებიდან: „ქუჩაში ბავშვი საცოდავად ტიროდა. ვიფიქრე, დაეცა და რამე იტკინა-მეთქი, მაგრამ, ახლოს რომ მივედი, ხელი წამავლო და სახლისკენ მივყავდი, თან, მხოლოდ „დედას” გაიძახოდა. მეგონა, დედა უნდოდა და გავყევი, რომ სახლამდე მიმეცილებინა, მაგრამ, სახლში შესულს შემზარავი სურათი დამხვდა – ორი ახალგაზრდა ქალი სისხლისგან იცლებოდა... არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, სასწაფაფოდ გარეთ გავვარდი და ხალხს მოვუხმე... სასწარაფოს მოსვლამდე მათი დახმარება მეზობელმა სცადა, მაგრამ, ისიც ცუდად გახდა, მარტო იმას იმეორებდა, დები სისხლისგან იცლებიანო. პრობლემა იყო ისიც, რომ ოჯახს დავალიანების გამო სინათლე ჰქონდა გამორთული და არც სანთელი აღმოაჩნდათ. საავადმყოფოში რომ მივიყვანეთ გვითხრეს, ნახევარი წუთიც რომ დაგეგვიანათ, ორივე დაიღუპებოდაო. მათი ბედით შემდეგშიც დავინტერესდი და გავიგე, რომ, თურმე, ოპერაცია ძლივს გადაიტანეს. შევიტყვე ისიც, რომ ისინი ერთ-ერთი მათგანის ქმარმა გაიმეტა სასიკვდილოდ...”
 რატომ კლავდა ქმარი ცოლსა და ცოლისდას
46 წლის ნოდარ ნ-ძე და 34 წლის ხატია ლ-ია არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა, ხატიას საკუთრება იყო. პირველი ქორწინებიდან ხატიას გოგონა ჰყავდა. პირველ ქამარს ის ორი მიზეზით გაეყარა: გარდა იმისა, რომ ნარკომანი იყო, ყაჩაღობის დროს, გაუფრთხილებლობით კაცი შემოაკვდა, რისთვისაც 20 წელი მიუსაჯეს.
ვინაიდან ხატია ქმრის ოჯახს თავიდანვე არ უნდოდა, არასასურველი რძალი  შვილთან ერთად საცხოვრებლად დედის სახლში დაბრუნდა, ამის გამო კი უთანხმოება მას დასთან მოუვიდა. საქმე ისაა, რომ დებს შორის ქონება თავიდანვე გარკვეული იყო – ვინაიდან ხატიამ თავის წილი მზითევისა და ფულის სახით მიიღო,   დედმამისეული ბინა ეთერს უნდა დარჩენოდა. ამიტომ, ეთერი სახლში ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. მაგრამ, გამოთხოვილმა დამ წილი მაინც მოსთხოვა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ საბოლოოდ, სახლი ორად გაიყო – სახლის ერთ მხარეს ეთერი ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილთან, სახლის მეორე ნაწილში კი – ხატია, თავის მცირეწლოვან შვილთან და ავადმყოფ დედასთან ერთად.
მეორე ქმარი ხატიამ ნავთლუღის ბაზარში გაიცნო. ხატია ცხელ ყავას დაატარებდა, ნოდარი კი ყასაბი იყო.
პირველ ცოლთან ნოდარიც გაცილებული იყო. ის ხატიას სახლში დაახლოებით წელიწადი და ოთხი თვე ცხოვრობდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ურთიერთობა მალე დაეძაბათ - ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა.
საინტერესო დეტალი: სახლის გაყოფის მიუხედავად, დებს ერთმანეთი მაინც ძალიან უყვარდათ. ამიტომ, როდესაც საქმე ხატიას მეორედ გათხოვებაზე მიდგა, ეთერმა დას უთხრა, რომ ყასაბი სასიძოდ არ მოსწონდა და სახლში არ შემოეყვანა. მაგრამ, მისი აზრის წინააღმდეგ დედა წავიდა – ის მოწადინებული იყო, შვილი პატრონისთვის ჩაებარებინა, ეთერს აუმხედრდა – ვინ გკითხავს, ჩემს სახლში ვის ვაცხოვრებო და შვილს ყველანაირად შეუწყო ხელი, რომ ნოდარს მოეყვანა ცოლად, რის შემდეგაც ქორწილიც კი გადაუხადა. არადა, ნოდარმა პირველად თვალში სწორედ სიდედრი ამოიღო. რაღაც ორ თვეში გაყინული ხორცით ისე სცემა, რომ ცხვირი ჩაუმტვრია. ამის შემდეგ ქალი თავბედს იწყევლიდა, რომ ხატია ასეთი კაცის ხელში ჩააგდო.
ახალი სიძე ქვისლთან, ანუ, ეთერის ქმართანაც ვერ ეწყობოდა, ეჭვიანობდა – რომ მას უფრო მეტად სცემდნენ პატივს და  სულ მიზეზს ეძებდა მასთან საჩხუბრად. ერთხელ, სრულიად უმიზეზოდ, მასაც თავში სკამი ჩაარტყა და თავგატეხილ კაცს 5 ნაკერი დაადეს.
ამ ინციდენტის შემდეგ დებს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა და, ვინაიდან ერთმანეთის ოჯახის დანგრევა არ უნდოდათ, აღარც ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ და აღარც ერთმანეთთან მიდიოდნენ. მათი ბავშვებიც კი აღარ თამაშობდნენ ერთად...
როგორც პატიმარმა ჩვენებაში განაცხადა სიდედრს გაყინული ხორცით სიხარბის გამო სცემა:
„სახლში უამრავი ნარჩენი ხორცი მიმქონდა, მაგრამ, ჩემი სიდედრისთვის საკმარისი მაინც არ იყო. სულ იმას წუწუნებდა, რომ მსუქანი ხორცი  არ უყვარდა და სახლში მხოლოდ მჭლე მომეტანა, ოღონდ – ბევრი. მისი საყვედურები დაუსრულებლად გრძელდებოდა.
იმ პერიოდში სახლში უამრავი რაოდენობის ხორცი იყო. მაცივარს არავინ ასუფთავებდა და საყინულის გამოსუფთავება დავიწყე. სწორედ ამ დროს შემოვიდა ჩემი სიდედრი და, მაცივრიდან გამოლაგებული ხორცი რომ დაინახა, ყვირილი ატეხა – მჭლე ხორცი ჩემთვის გადავარჩიე და ხელი რატომ ახელიო. ისე მიყვიროდა, თითქოს მის ნივთებს შევეხე. ძალიან გავბრაზდი, ვეღარ მოვითმინე და გაყინული ხორცი პირდაპირ სახეში გავუქანე. ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, მაგრამ, მაინც არ ჩერდებოდა, თავის ხორცს ითხოვდა...” – აცხადებს განსასჯელი, რომლის თქმით, სწორედ სიდედრის გამო ჩხუბობდა ცოლთანაც, თუმცა, ხატია აცხადებს, რომ მისი ქმარი დედამისს სრულიად უმიზეზოდ აუხირდა და, არა მარტო ხორცი ესროლა, არამედ, ხელითაც შეეხო. მაგრამ, არ უნდოდა, ოჯახის უთანხმოება ვინმეს გაეგო და პოლიციას არ გამოუძახა, რასაც ძალიან ნანობდა.
საქმის მასალებით, ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა ამ ამბის შემდეგ კიდევ უფრო გაფუჭდა. დედა ხატიასგან ქმრის სახლიდან გაგდებას ითხოვდა...
ხატიას ჩვენებიდან: „მიუხედავად იმისა, რომ ნოდარს დედაჩემის ხელშეწყობით გავყევი, ჩემმა ქმარმა პირველი დედაჩემი ამოიღო თვალში და უმიზეზოდ აგინებდა. დედაჩემი ითმენდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ცხვირი გაუტეხა, სახლში აღარ დაედგომებოდა და ჩემი და ძლივს დაითანხმა, რომ მასთან ეცხოვრა. დედა ეხვეწებოდა, ტვირთად არ დაგაწვები, ჩემი პენსია მეყოფაო.
ნოდართან გაყრა უკვე მეც მინდოდა, მაგრამ, იმ პერიოდში ასეთ გადაწყვეტილებას ვეღარ მივიღებდი - მისგან უკვე ბავშვს ველოდებოდი. ეს ამბავი დედაჩემა არ იცოდა და ჯერჯერობით არც მინდოდა, ვინმეს გაეგო. ჩემი ორსულობის შესახებ მხოლოდ მე და ჩემმა ქმარმა ვიცოდით.
მას შემდეგ, რაც დედაჩემი ჩემგან გადავიდა, დედაც დავკარგე, დაც და ჩვენი ურთიერთობაც დაიძაბა. ქმარი ჩემი ოჯახის წევრებთან დალაპარაკების უფლებასაც აღარ მაძლევდა და ჩემს შვილსაც უხეშად ექცეოდა. ბოლოს მუქარა მეც დამიწყო – არ ვიცი, საიდან მოუვიდა თავში, მაგრამ, თუ ბავშვს მოვიცილებდი, მოკვლით მემუქრებოდა. არადა, მსგავსი აზრი გულშიც არ გამივლია. ბოლოს ჩვენ შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ თვითონ მთხოვა, ბავშვი მომეშორებინა, თავად კი სახლიდან წავიდა. მისი წასვლის გამო არ მინერვიულია.
ვინაიდან ნოდარს ორი შვილი ჰყავდა მიტოვებული, ვივარაუდე, რომ, რეალურად, ის ჩემს ორსულობას განიცდიდა. მჯეროდა, რომ ყველაფერი დალაგდებოდა, მაგრამ, დაახლოებით ათი დღის შემდეგ დაბრუნდა და გამომიცხადა: შვილს იმ შემთხვევაში გააჩენ, თუ სოფელში მყოფი ჩემი შვილებიც ამ სახლში იცხოვრებენ, დედამისისგან უნდა წამოვიყვანოო. ცხადია, შვილებთან მისი ურთიერთობის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ, პირიქით, ვეუბნებოდი, რომ არდადეგებზე თბილისში ჩამოეყვანა და სადმე წაგვეყვანა, მაგრამ მათ ჩემს სახლში ცხოვრებაზე ნამდვილად არასოდეს მიფიქრია – ორ ოთახში ამდენი ხალხი ფიზიკურად ვერ მოვთავსდებოდით.
ამის მიუხედავად, ნოდარს დავპირდი, რომ მის ნათქვამზე ვიფიქრებდი და ის წავიდა. ამ საუბრიდან ორ დღეში ცუდად გავხდი – სოკოთი მოვიწამლე. იმდენად ცუდად ვიყავი, საავადმყოფოში გადასხმები გამიკეთეს. ძლივს გადავრჩი, მეორე დღეს კი მუცელი მომეშალა... ძალიან ვინერვიულე... იძულებული გავხდი, ნოდარისთვის დამერეკა. ეს ამბავი რომ ვუთხარი, გინება დამიწყო – ის დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილი არ მინდოდა და ჩემი ოჯახის წევრებმა წამაქეზეს, მუცელი მომეშალა. ამიტომ, მეც და მათაც მოკვლით დაგვემუქრა. განსაკუთრებით აგრესიული ის ჩემი დის მიმართ იყო.
როგორც ახლა ვვარაუდობ, ჩვენს დასახოცად ხელსაყრელ მომენტს ელოდა, რადგან, სწორედ იმ ღამეს მოვიდა, როდესაც დედაჩემი და ჩემი სიძე სახლში იყვნენ, თანაც, გადაუხდელობის გამო, შუქი არ გვქონდა.
ნოდარი რომ სახლში შემოვიდა უცნაურად მიყურებდა. ცუდი არაფერი მიფიქრია. სწორედ ამ  დროს ბავშვი დასაძინებლად მიდიოდა და მის დანახვაზე მეორე ოთახში გავიდა. თავიდან მეფიცებოდა, რომ ჩემს გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო, ვუყვარდი და უჩემოდ ვერ გაძლებდა, მაგრამ, მოულოდნელად ის დანა ამოიღო, რომელსაც სულ თან ატარებდა და დამემუქრა – უნდოდა, მეღიარებინა, რომ მუცელი ძალათ მოვიშალე. ვემუდარებოდი, თავი დაენებებინა, არ მინდოდა, ტრაგედია მომხდარიყო და ხმას ავუწიე, თან თვალი ბავშვისკენ მეჭირა, რომელიც კარებში იდგა და შიშით გვიყურებდა. ბავშვს ვუთხარი, დეიდასთან წასულიყო და, იმ დროს, როდესაც ნინი გადიოდა, დანა დამარტყა...
ბავშვი პატარაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ივარაუდა, რომ, რადგან ჩემს დასთან დამდურებული ვიყავი, ის  არ დამეხმარებოდა და ამიტომ ქუჩაში გასულა. თუმცა, ჩემი ყვირილი ჩემმა დამ გაიგო და ოთახში სწორედ იმ დროს შემოვარდა, ნოდარი გაქცევას რომ აპირებდა. ჩემს დას ვუყვიროდი, გაქცეულიყო, რადგან, ჩემს ქმარს ხელში დანა ჰქონდა, მაგრამ, არ დამიჯერა... მერე კი გონება დავკარგე. როგორც შემდეგ შევიტყვე, ბაზარში ნოდარს ვალები დაედო და ამის გამოც ყოფილა ძალიან გაღიზიანებული“...
რა მოხდა რეალურად? სიმართლე მხოლოდ ცოლ-ქმარმა იცის. რაც შეეხება ქმარს, მან მხოლოდ გამოძიებას მისცა ჩვენება და პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა, საბოლოოდ კი 15 წლით პატიმრობა მიესაჯა...

скачать dle 11.3