კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი დუქანი უბოძა ერეკლე მეორემ ბერძნულ მონასტერს თათრის მოედანზე და სად მდებარეობდა თბილისის აშპაშხანა

თბილისის ღირსშესანიშნავ და ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილად ძველი თბილისის უბანში მდებარე ვახტანგ გორგასლის მოედანია, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ამ ხნის განმავლობაში  არაერთხელ შეუცვლია სახელი, რომელთა შორის „მეიდანი” და „თათრის მოედანი” დღემდეა შემორჩენილი ძველი თბილისელების ლექსიკონში. ჩვენი ჟურნალის ამ ნომერში, თბილისის ძველი ფოტოების დახმარებით, ამ უძველესი მოედნის წარმოშობის ისტორიას გთავაზობთ.

თათრის მოედანი
„თათრის მოედანი“ ეწოდებოდა დღევანდელი გორგასლის მოედნის ადგილას მდებარე თბილისის ერთ-ერთ უძველეს მოედანს. ვახუშტი ბაგრატიონი მას „ციხის მოედანს”, ხოლო ჟან სარდენი „სამხედრო მოედანს” უწოდებდა. ორი უკანასკნელი სახელი ასახავდა მოედნის ადგილმდებარეობას. მოედანი უშუალოდ ესაზღვრებოდა კედელს, რომელიც კალას ქვემო ციხისგან გამოყოფდა. მოედანს სხვა სახელებიც ჰქონდა: „ქვემო მოედანი”, „შაითანბაზარი”, „მეიდანი”. ამასთან, გვიანფეოდალურ ხანაში ეს სახელწოდებები პარალელურად იხმარება. ციხეში საუკუნეების განმავლობაში, დამპყრობლები – სპარსელები და ოსმალები იდებდნენ ბინას. შემდეგშიც, ამ უბნის მოსახლეობის ძირითად ნაწილს სპარსელები შეადგენდნენ. აქედან უნდა მოდიოდეს  სპარსელების და ოსმალების ხალხში გავრცელებული განზოგადებული სახელის – „თათრის” გადატანა მოედნის სახელწოდებად.
„ციხის მოედანს” კაპიტან ჩუიკოს მიერ 1800 წელს შედგენილ თბილისის გეგმაზე უკვე „თათრის მოედანი” ეწოდებოდა. გეგმით თუ ვიმსჯელებთ, მოედანი სწორი, მართკუთხა ფორმისა იყო, გრძივი ღერძით სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ. მოედანზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, მეტეხის ხიდიდან, ირიბად შემოდიოდა ვიწრო ქუჩა. საერთოდ კი, მოედანთან თავს იყრიდა მრავალი ქუჩა, რომლებიც მოედანს აკავშირებდნენ აბანოს კართან, შუა ბაზართან, ზარაფხანის უბანთან, რასტაბაზართან, კლდისუბანთან და სხვა. სამხრეთ-დასავლეთიდან მოედანზე გამოდიოდა ეგრეთ წოდებული ციხის დიდი საყდარი („სუფგევორქი”), რომლის წინ მენაბდეებისა და მექუდეების დუქნები იყო ჩამწკრივებული. ამ მხარეზე მოედანს ერწყმოდა ლილახანა (ამჟამინდელი სამღებროს ქუჩა). ალაფების გარდა, მოედანზე მწკრივად იდგნენ ბაყლები – ხილით, ბოსტნეულითა და სხვა სანოვაგით მოვაჭრენი, რომელთა სავაჭრო ადგილს ბაყალხანას უწოდებდნენ; ასევე, მეთევზეები, ყასბები (მოედნის უშუალო სიახლოვეს, მტკვრის ნაპირზე იყო სასაკლაო). ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი მოედანი ტფილისში. დღის განმავლობაში იქ 20 ათასამდე ადამიანი მიდიოდა. გარდა ვაჭრობისა, აქ შესაძლებელი იყო ახალი ამბების გაგება, რადგან გაზეთის ყიდვის საშუალება არცთუ ბევრს ჰქონდა, თანაც, ცოცხალ ინფორმაციას მაშინ უფრო მეტი ფასი ჰქონდა, ვიდრე საგაზეთოს. ცნობილია, რომ ერევნის მოედნის შემდეგ (დღევანდელი თავისუფლების მოედანი), რომელსაც წარსულში „შეშის მოედანს” უწოდებდნენ, რადგან იქ შეშისა და ნახშირის ბაზარი იყო გახსნილი, შეშის და, ძირითადად, ნახშირის გაყიდვა თათრის მოედანზე დაიწყეს. ნახშირი იმ დროს თბილისის მცხოვრებთათვის გათბობის ერთადერთ საშუალება იყო.
თათრის მოედანზე ვაჭრობის ერთ-ერთ საინტერესო წესს გადმოგვცემს ძველი თბილისის მცოდნე და მოტრფიალე იოსებ გრიშაშვილი: „თათრის მოედნის შუაგულში გამართული იყო ყაფანი – დიდი სასწორი, საიდანაც საქონელი მცხოვრებლებსა და ვაჭრებს ურიგდებოდა. სოფლიდან მოსული საქონელი ჯერ ქალაქის მცხოვრებლებს უნდა ეყიდათ და შემდეგ – ქორვაჭრებს. როცა ყაფანზე ბაირაღი იყო ამართული, მაშინ მცხოვრებლებს უნდა ეყიდათ და შემდეგ – ქორვაჭრებს. სრულ 12 საათზე ბაირაღს დაუშვებდნენ და ეს იმას ნიშნავდა, რომ ამის შემდეგ უნდა  დაწყებულიყო ვაჭართა და სოფლელთა აღებმიცემობა”. თათრის მოედანზევე იყო აშპაშხანა, ანუ, სასადილოების რიგები (სახაშეები, საქაბაბეები), რომლებიც განლაგებული იყო თათრის (ახლანდელი გორგასლის) მოედნის სამხრეთ მხარეზე და გორგასლის ქუჩის დასაწყისში. იოსებ გრიშაშვილი აშპაშხანის აღწერისას აღნიშნავდა: „ყოველი რესტორნის პატრონს მუშტრების საამებლად, „სიმებიანი ორკესტრის” ნაცვლად, შეტოლებული ჩიტები ჰყავდა გალიაში”.
მოედანზე, ძირითადად, სურსათ-სანოვაგიანი სავაჭროები იყო განლაგებული. მოედნის ჩრდილო-დასავლეთი მხარე ალაფხანას ეკავა, მოპირდაპირე მხარე – მეხაშეების რიგსა და სამეფო დუქნებს (დუქნები, რომლებიც მეფეს ეკუთვნოდა და იჯარით იყო გაცემული სხვა პირებზე). ამ რიგების უკან, ეგრეთ წოდებული „ბერძენხანა“, ანუ ბერძნების უბანი იყო წარმოდგენილი.
ბერძენხანა
თათრის მოედნის სამხრეთ-დასავლეთით ხაზზე განლაგებულ დუქნების უკან წმიდა ეკატერინეს სახელზე აგებული ბერძნული ეკლესია იდგა. ეკლესიას დავით აღმაშენებლის ზეობის ხანაში ჩაეყარა საფუძველი. ის თემურ-ლენგმა დაანგრია მეთოთხმეტე საუკუნის მიწურულს. ალექსანდრე პირველის მეფობის დროს, 1430 წელს, მონასტერი აღუდგენიათ. 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად, ეკლესია კვლავ დაინგრა. პლატონ იოსელიანის ცნობით, მის ნანგრევებზე ხელახლა აღუდგენიათ ეკლესია სინას მთიდან მოსულ ბერებს. ეკლესიის გარდა, მონასტერში სხვადასხვა სახის სამეურნეო ნაგებობაც არსებულა. შემოსავალი სინას მთის ბერებისთვის ყოფილა განკუთვნილი. მონასტერს თავისი დუქნებიც ჰქონია. ერთი მათგანი უშუალოდ თათრის მოედანზე გადიოდა. ეს დუქანი ერეკლე მეორემ უბოძა მონასტერს 1781 წელს. მონასტერშივე მდგარა ბერძენი არქიმანდრიტის სასახლეც. მონასტერს თბილისელები „ბერძენხანას“ უწოდებდნენ.

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985 წელი).

скачать dle 11.3