კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაიქცა პატარა მზია კვირიკაშვილი სახლიდან და როგორ გამოაცილა ის ქართულმა დიასპორამ ამერიკიდან

ძნელია ისეთ ენერგიულ, ხალისიან, იუმორით სავსე, სიცოცხლის მოყვარულ ადამიანზე, რომელიც ყველას კარგ განწყობაზე აყენებდა და ცრემლებამდე აცინებდა, უკვე წარსულში ისაუბრო. მაგრამ, ადრე თუ გვიან, ყველა წარსულად ვიქცევით. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ეს ადრე მოხდა... „არ მინდა, რომ ეს ინტერვიუ ძალიან სტანდარტული გამოვიდეს. არ მიყვარს ერთი და იგივე ამბის ორღანივით ტრიალი. მზიასაც ვეჩხუბებოდი... კვირა არ გავიდოდა, ორი-სამი ინტერვიუ არ მიეცა. ყველგან თითქმის ერთი და იგივე იწერებოდა. ვეუბნებოდი, ცოტა მოანატრე ხალხს თავი ან თემა გამოცვალე-მეთქი. ყველა კურიოზს აყოლებდა. ერთი ადამიანი ამოუწურავი ხომ არ იქნებოდა?! გამოდის, რომ ახლა მეც იმავეს ვაკეთებ, უკვე მერამდენე ინტერვიუს ვიძლევი, იმის მიუხედავად, რომ მოსაყოლი ახალი არაფერია. მაგრამ, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მზიას მიმართ ინტერესი ისევ არის და მეც არ მინდა, რომ ჩემი და ხალხს დაავიწყდეს...“ ჟურნალი „თბილისელები“ და ქალბატონი ვიოლა კვირიკაშვილი „სიცილის დედოფალს“ ამჯერად სევდიანი ღიმილით გავიხსენებთ.
ოჯახური კონცერტები
ჩვენი ოჯახი, მამის და დედის მხრიდან, ძალიან მდიდარი იყო იუმორით. უნიჭიერესი მამა გვყავდა. მას რომ სამსახიობო კარიერა აერჩია, ლუი დე ფიუნესს და სხვა მსოფლიო კომიკოსებს უკან მოიტოვებდაო, ამბობდნენ. საოცარი პლასტიკა და კომიკური ნიჭი ჰქონდა. იუმორის გრძნობა და მუსიკალური სმენა მშობლების მხრიდან უხვად გვქონდა. ორივე მღეროდა. ბავშვობაში ძალიან ხშირად ვმართავდით ოჯახურ კონცერტებს. დედა გიტარაზე უკრავდა, მამა – მანდოლინაზე, მზია დადგებოდა სცენაზე, პატარა ფარდას ჩამოაფარებდა და ასე იმართებოდა სოლო კონცერტები. მზია რომ წამოიზარდა, მერე მეზობლებმა დაიწყეს მისი გადაპატიჟება. შესანიშნავად უკრავდა. ორმოცდაათკაციან სუფრებს აქეიფებდა და დროს ატარებინებდა თავიდან ბოლომდე. თავის მეგობრებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. კლასში „ქურდად ვიჯექიო“, ამბობდა. ყველა საქმე მზიას თავმჯდომარეობით ირჩეოდა. მის სიტყვას წონა ჰქონდა. ძალიან სამართლიანი და კეთილი იყო. რაღაც ჰქონდა ხმაში ისეთი, რომ გიმორჩილებდა. ხანდახან ისეთი გამოხედვა იცოდა, „მტერს და ავს“, როგორც თვითონ იტყოდა. ძალიან ცელქი ბავშვი იყო. ხან ხეზე აძვრებოდა, ხან – სახლის სახურავზე. ამის გამო ჭინკა შევარქვით. სურათს რომ ვიღებდით, მზიას ერთ პოზაში ვერ ვაჩერებდით. სულ მაიმუნობდა, ენას გამოგვიყოფდა, გვაცინებდა. სულ ყურადღების ცენტრში უნდა ყოფილიყო. ბავშვობაში „სიცოცხლის თავმჯდომარე“ შეარქვეს. რადგან უფროსი ვიყავი და ჭკუას სულ ვარიგებდი, ამის გამო ზაბლონა მასწავლებელს მეძახდა.
სახლიდან გაქცევა
ბავშვობაში ძმასთან იჩხუბა, ქოლგა უნდა წაერთმია. მზიამ აჯობა, გამოსტაცა ეს გაშლილი ქოლგა და თავში ჩასცხო. ვასიკოს კაპილარზე მოხვდა და სისხლმა შადრევანივით ამოასხა. ამან იფიქრა, მოვკალიო და შეშინებული გაიქცა. ეს ხდება დვირში – მამის სოფელში. დაადო თავი და გაუდგა წაღვერის გზას (წაღვერი დედულეთია). მერე ყვებოდა, ჩემს თავზე არწივი დაფრინავდა და იმის მეშინოდაო. ვიღაც მადლიან მძღოლს მანქანა გაუჩერებია, აქ რა გინდაო, – უკითხავს. მზიას უთქვამს, წაღვერში მივდივარ, ბებიასთანო. ამ კაცს წაღვერის ავტობუსში ჩაუსვამს და გაუშვია. ბებიას თავზარი დაეცა, მზიას რომ უთქვამს ვასიკო მოვკალიო. მამამ მისი გაქცევის ამბავი რომ გაიგო, მთელი რაიონი ფეხზე დააყენა. გზები ჩაკეტეს. მერე წაღვერშიც ავიდა. მამა პედაგოგი იყო და გულისხმიერად მიუდგა მზიას, არ გაბრაზებია. მოეფერა, დაამშვიდა და სახლში წამოიყვანა. ასე დამთავრდა ჩემი „პაბეგიო“ – სიცილით ამბობდა ხოლმე.
ერთხელ, საახალწლოდ, ბათუმში მივდიოდით ნათესავთან. ჩაქვში რომ გაჩერდა მატარებელი, მზიას უცებ ტირილი აუვარდა. მეოთხე-მეხუთე კლასში იქნებოდა მაშინ. ერთ მოხუცებულ, სიმპათიურ გლეხ კაცს ინდაური ეჭირა ხელში, ვაგონებში დადიოდა და ყიდდა. მზიას გული აუჩუყდა. როგორ უჭირს, საახალწლოდ, არაფერი არ აქვთ, სახლში ხელცარიელი ხომ ვერ შევაო და დედას ეხვეწებოდა, ინდაური ვიყიდოთო.
მასწავლების მუქარა ნიჭიერ და ზარმაც მოსწავლეს
არ უყვარდა სასკოლო, პროგრამული მასალა. მეცადინეობა ეზარებოდა. გამოცდის წინა დღეებში დაჯდებოდა, ისწავლიდა და ხუთებს მოიტანდა. ქუთაისში ამთავრებდა მუსიკალურ ტექნიკუმს ფორტეპიანოს განხრით, ტექნიკუმის გამოცდაზე მასწავლებელი დაემუქრა და დედას უთხრა, მე მაგას ნიშანს არ ვაღირსებ, მთელი წელი სისხლი გამიშრო. ხომ იცით, როგორი ნიჭიერია და როგორ ვაფასებ, სწორედ ამიტომ ვარ გამწარებულიო. გავიდა მზია გამოცდაზე, დაჯდა ინსტრუმენტთან, დახუჭა თვალები და თითები აათამაშა. სანამ ნაწარმოები არ ჩაამთავრა, თვალი არ გაუხელია. კომისიის თავმჯდომარეს უთქვამს, კარგი ნიშანი მარტო იმისთვის უნდა დავუწეროთ, რომ პირველად ვხედავ ცხოვრებაში, ამხელა კლასიკურ ნაწარმოებს თვალდახუჭული, სმენით უკრავდეს ბავშვიო. დედა კონსერვატორიისთვის ამზადებდა. უნდოდა, კლასიკური განათლება მიეცა, მაგრამ მზიას კლასიკისკენ გახედვაც არ სურდა, ესტრადის მომღერლობა უნდოდა. დიდი დიაპაზონის ხმა ჰქონდა. იულია ფალიაშვილმა მოუსმინა და თქვა, ეჭვი არ მეპარება, ეს ბავშვი აუცილებლად მოეწყობა კონსერვატორიაშიო. მაგრამ, მზიამ თავისი გაიტანა. ის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სასწავლებელში მეორე კურსზე დასვეს. ქალბატონი მერი შილდელი და ციცინო ციცქიშვილი, როგორც მომღერალს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. გაიოზ ქართველიშვილმა მასწავლებლებს უთხრა: ეს ბავშვი ვოკალური მონაცემებით კი გამოირჩევა, მაგრამ სხვა ნიჭი უფრო აქვს, საოცარი იუმორის გრძნობა გააჩნია და ყურადღება მიაქციეთო. ამის მერე სალაპარაკო ჟანრში გადაიყვანეს. ტექნიკუმს რომ ამთავრებდა, გამოცდაზე თავისი დაწერილი ნომრებით გავიდა და სენსაცია მოახდინა.
ფილარმონიის დიდ სცენამდე
დიდ სცენაზე მზია პირველად ფილარმონიის დირექტორმა მიიწვია. მაშინ გათხოვილი იყო, ბავშვიც ჰყავდა. ძალიან ღელავდა, დიდ სცენაზე დგომის გამოცდილება არ ჰქონდა. ამ დროს რუსეთში მხატვრული კითხვის საკავშირო ფესტივალი ტარდებოდა და გადაწყვიტეს, მზია გაეგზავნათ კონკურსზე. სპეციალურად დამუშავებული პროგრამა არ ჰქონდა. თავისი შეკოწიწებული ქართული ნომრებით ჩასვეს თვითმფრინავში და გაუშვეს. ქართულის ხომ არაფერი ესმოდათ რუსებს, მაგრამ ისტერიკული სიცილი იყო დარბაზში. მღეროდა, ცეკვავდა, ყირაზე დგებოდა. ასე უპატრონოდ და ურეჟისოროდ მოხვდა სამეულში და იქიდან ლაურეატი დაბრუნდა. ამის შემდეგ, მოსკოვში საკავშირო ლაურეატების კონცერტი ჩატარდა და მზიაც მიიწვიეს. იქ ჩასულს მოსკოვში სამუშაოდ დარჩენა შესთავაზეს. მზიას უკვე ოჯახი ჰქონდა და მოსკოვში გადაბარგება არ შეეძლო. საქართველოში დარჩა და თავისით იარა „იუმორინამდე“. აქ უკვე ბატონი ჯემალ ბაღაშვილი მისთვის მამაც იყო, მასწავლებელიც, რეჟისორიც და გულშემატკივარიც.
ტელეფონით მოყოლილი ანეკდოტები
მზია სახლში რომ იყო, კედლები იცინოდა. შეეძლო ბავშვებთან ერთად ეთამაშა, ყირაზე დამდგარიყო, მაგიდის  ქვეშ შემძვრალიყო. რას აღარ აკეთებდა. როცა საჭირო იყო სიმკაცრესაც ავლენდა. ბავშვთან ბავშვი იყო, დიდთან – დიდი. დარეკავდი თუ არა, საუბარს ანეკდოტის მოყოლით იწყებდა. თან, ისეთი შემკობით, როგორც იცოდა ხოლმე. ახლობლებს, ამხანაგებს ყველას ურეკავდა, ვინც ანეკდოტებზე გიჟდებოდა. რასაც საკბილოს ნახავდა, ყველაფერზე ხუმრობდა, ჩაცმულობიდან დაწყებული. აგვხედ-დაგვხედავდა და რაღაცაზე აუცილებლად გაგვაშაყირებდა. ან ტელევიზორში მოსმენილ ფრაზას თავის კომენტარს მიაბამდა და ამაზე ავტეხდით სიცილს. ყველაფერში სასაცილოს დაიჭერდა და თავისებურად გააფორმებდა ხოლმე. შვილიშვილები რომ შეეძინა, ბავშვებთან ვეღარ მუშაობდა ხმაურში, ამიტომ თავის ნომრებს ჩვენთან ამზადებდა. ღამით უყვარდა განმარტოება და მუშაობა. როცა რამეს დაწერდა, გვიკითხავდა. განსაკუთრებით ჩემი აზრი აინტერესებდა. ზოგიერთ რამეს ენობრივი თვალსაზრისით ვუსწორებდი. რჩევას ვაძლევდი: არ უნდა გაიაფდე და სცენიდან ყველაფერი არ უნდა თქვა. შეეხე ყველა თემას, მაგრამ ზომიერება აუცილებელია-მეთქი. თვითკრიტიკული იყო. სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის ღელავდა. როცა ახალი „იუმორინა“ იდგმებოდა, პირველი ორი კონცერტის ბილეთებს არასოდეს გვიგზავნიდა, სანამ თვითონ კარგად არ დაიხვეწებოდა. ტელევიზორი და კომპიუტერი უყვარდა ძალიან. ჩემთან რომ გამოდიოდა, ჩემი ბიჭი და მზია ერთად დასხდებოდნენ და ღამეებს ათენებდნენ კომპიუტერთან.
ქუდბედიანი „სიცილის დედოფალი“
„სიცილის დედოფალი“ მზიას ქართლოს კასრაძემ შეარქვა. ისრაელში იყვნენ ერთად გასტროლებზე. ქართლოსს „სიცილის მეფეს“ ეძახდნენ. ერთ-ერთ კონცერტზე მან გამოაცხადა, მე თუ „სიცილის მეფე“ ვარ, ახლა სცენას „სიცილის დედოფალს“ ვუთმობო. ეს ტერმინი მაყურებელმაც აიტაცა და ამის შემდეგ ყველა „სიცილის დედოფალს“ ეძახდა.
მისი ცხოვრება სავსე იყო თავგადასავლებით. ოთხჯერ არის გადარჩენილი სცენაზე სიკვდილს. ორჯერ – სპორტის სასახლეში, სცენიდან რომ ჩავარდა. ისე დაეცა, გვეგონა, ხერხემალი გადაუტყდებოდა. სპორტის სასახლის დირექტორი სთხოვდა: მზია, შენი ჭირიმე, აქ რომ კონცერტი იქნება, აღარ მოხვიდე, კიდევ რამე არ დაგემართოს, ჰონორარს ისე გამოგიგზავნი სახლშიო. მესამედ წნორში სცენაზე მიკროფონებს ამოწმებდნენ და ძალიან დიდმა ძაბვამ დაარტყა და რამდენიმე მეტრზე მოისროლა. მეოთხედ ინფარქტმა დაარტყა სცენაზე. ფარდამდე მიაღწია, დაეკიდა და ჩაიკეცა. იქიდან პირდაპირ საავადმყოფოში აღმოჩნდა. ქუდბედიანი იყო. ერთხელ წერილი მიიღო, ქალი წერდა: ძალიან მიყვარხართ, ქალბატონო მზია, თქვენი ფანი ვარ. სანამ შემეძლო, თქვენს კონცერტებს არ ვაცდენდი. მას შემდეგ, რაც ბილეთები გაძვირდა, ვეღარ ვესწრები და გული ძალიან მწყდებაო. წერილის ბოლოს მისამართიც იყო მითითებული. წავიდა მზია, იყიდა ორი ბილეთი, გააჩერა ტაქსი, ავიდა ლოტკინის გორაზე, მოძებნა ის ქალი და ბილეთები გადასცა... სიურპრიზები უყვარდა.
მძიმე დიაგნოზი
ამერიკაში, საავადმყოფოში რომ მოხვდა, დიაგნოზი ეგრევე მიუხლიათ პირში. ღვიძლი აღარ გაქვსო. იმისთვის იბრძოდა, რომ აქ როგორმე ცოცხალი ჩამოსულიყო. მგზავრობა არ შეიძლებოდა, უფლებას არ აძლევდნენ. თრომბი ჰქონდა ფეხზე. ეს თრომბი ერთხელ მოწყდა და ფილტვებში წავიდა, სუნთქვა დაუმძიმდა, ამიტომ აღმოჩნდა საავადმყოფოში. მზიას ავადმყოფობის შესახებ იქ ყველას სცოდნია. თვითონ ყვებოდა, გაუთავებლად მოდიოდნენ, მნახველთა ნაკადი არ წყდებოდაო. მე რომ გავიგე, უკვე თითქმის ყველაფერი დამთავრებული იყო. პირველად ტელევიზორით მოვუსმინე, რომ გამოაცხადეს, მზია კვირიკაშვილი ცუდად არის, დახმარება სჭირდებაო. გადავირიე, ვიფიქრე, რაღაცას მაიმუნობენ-მეთქი. თურმე, თვითონ რეკავდა იქიდან და ყველას აფრთხილებდა, ვიოლას და დიტოს (შვილს) არაფერი უთხრათო. მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ფეხი სტკიოდა და ამის გამო აღმოჩნდა საავადმყოფოში. ნიუ-იორკში მამა ალექსანდრე ყოფილა ქართული დიასპორის მოძღვარი. მზიასთან მიუყვანიათ. უზიარებია, უნუგეშებია... აეროპორტშიც გაჰყოლია და დაულოცავს. მზიას უკვე სიარული უჭირდა და ეტლით მიიყვანეს თვითმფრინავთან. გრუხუნის ხმა გავიგონე, უკან მივიხედე და ყველა ტაშით მაცილებდა და ტიროდა, ისე როგორც მსახიობებს ეთხოვებიან ხოლმეო.
ბოლო სიმღერა
თბილისის აეროპორტში ბევრი გულშემატკივარი დახვდა. ზოგი ტიროდა, ზოგიც ცუდ ხასიათზე იყო. ვბრაზობდი, რა ატირებთ, ნუთუ ამათ ჩემზე მეტად უყვართ ჩემი და-მეთქი. ეტლით რომ გამოიყვანეს და დავინახე, ისეთი ჩაფერფლილი იყო, მუხლები მაშინ მომეკვეთა. რეანიმობილით რომ მივიყვანეთ სახლში, შვილიშვილები ფანჯრიდან უყურებდნენ. მზიამ ბავშვები რომ დაინახა, ტირილი აუვარდა. ძალიან შეწუხებული იყო. როგორც ჩანს, უკვე იმედი ჰქონდა გადაწურული. ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ თავს არ უტყდებოდა, ან, შეიძლება, უბრალოდ, წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდებოდა, ვერ გეტყვით. მეც დავიწყე თამაში, თითქოს არაფერი სჭირდა. ყველა ფეხზე დადგა. ექიმები, ექსტრასენსები, ანუგეშებდნენ და იმედს აძლევდნენ. იმედიანად იყო. რამდენიმე წამალს იღებდა, ოღონდ რამეს ეშველა, რას არ დავლევო, ამბობდა. ჩემთან სიკვდილზე არ უსაუბრია. მეც გავურბოდი, არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე შვილიშვილებს უმღერა.  ერთი სიმღერა უყვარდა განსაკუთრებით მზიას შვილს. პატარა რომ იყო, ხშირად ვუმღეროდით ერთად. ის სიმღერა მერე შვილიშვილმაც აიტაცა. იმ დღეს, სწორედ ეს სიმღერა წავიღიღინე და მზიამ ბანი მომცა. შვილიშვილს ძალიან მოეწონა და რამდენჯერმე გვამღერა. კარგა ხანს ვიმღერეთ. მზია ძალიან დაიღალა. ბოლოს თქვა: კარგი, ბებო, გვეყოფა, სუნთქვა აღარ შემიძლიაო. ეს იყო მისი ბოლო სიმღერა...
ხანდახან მესიზმრება ხოლმე, მაგრამ იშვიათად გამომაქვს აზრი სიზმრებიდან. როცა სიზმრად გარდაცვლილ ჩემიანებს ვნახულობ, ძალიან ნასიამოვნებს მეღვიძება. ისევ დავხუჭავ ხოლმე თვალებს. სულ ვცდილობ, რომ სიზმარი გაგრძელდეს, მაგრამ, ვაი, რომ შეუძლებელს ვეპოტინები...

скачать dle 11.3