კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეხმარებოდა ზურა სალუქვაძეს გურულად აზროვნება ამერიკაში და სად გაიცნო მან ბონო და დენის როდმანი

პოეტი ზურა სალუქვაძე ექვსი წელია‚ ამერიკაში ცხოვრობს. წელს მან გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა და სხვადასხვა ქალაქში პოეზიის საღამოების გამართვა, რომელშიც მასთან ერთად ახალგაზრდა პოეტები და მუსიკოსი, ოთიკო ანდრიაძე მიიღებენ მონაწილეობას. ძალიან ემოციური, ენერგიული და პოზიტიური ზურა პირველად ლელა ნინუას გადაცემა „დღის სტუმარში“ გამოჩნდა – მაიამიდან ჩაერთო და საკუთარი ლექსები წაიკითხა, რამაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ლელამ არაერთი ახალგაზრდა პოეტი მიიწვია და მათთვის ეს გადაცემა ერთგვარი სტარტი, წარმატების მომტანი გახდა. ზურას ახალი პროექტების განხორციელებაში სწორედ ლელა უწევს დახმარებას, რომელსაც ამდენი პოეტის მოსმენამ ლექსების წერაც კი დააწყებინა.

ზურა სალუქვაძე: ექვსი წელია, ამერიკაში ვცხოვრობ და ამ ქვეყანაში ჩემი ემიგრაცია ორ ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი იყო თავის დამკვიდრება, საკუთარი თავის პოვნა, ენის სწავლა მათთვის გასაგებად, საბუთების მოწესრიგება... ახლა თავიდან ვაპირებ ამერიკაში ჩასვლას, სარეჟისოროზე სწავლას და ყველაფრის  ნულიდან დაწყებას. უბრალოდ‚ უკვე ბევრ კითხვაზე მაქვს პასუხი და ახლოს ვარ მიზანდასახულობის სტარტთან. ჩვენმა პროექტმა – „პოეტური საქართველო“ – შაბათს აიღო სტარტი და‚ სავარაუდოდ‚ 29 აგვისტომდე გაგრძელდება და ბოლოს, სექტემბერში, თბილისში იქნება დასკვნითი კონცერტი. შემდეგ უკვე ვაპირებთ  ჩვენი პროექტის ევროპის ქვეყნებში წაღებას, შერჩეულია რამდენიმე ქალაქი. საორგანიზაციო საკითხები უკვე მოგვარებულია, ახლა‚ ფინანსურ საკითხებს ვაგვარებთ. ორივე პროექტის მიზანია დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის გადაღება, რომლის პრეზენტაცია საქართველოშიც გაიმართება და ევროპის სხვადასხვა ქალაქშიც. ამ ეტაპზე ხუთი პოეტი ვართ, მუსიკალურად გააფორმებს ოთიკო ანდრიაძის ბენდი მეგობრებთან ერთად. შარშან ვიყავი საქართველოში, ერთი საღამოც ჩავატარეთ და, როდესაც სექტემბრის ბოლოს ამერიკაში წავედი, მწერდნენ – აქ არ ჩამოხვალ, იქ არ ჩამოხვალო? რატომაც არა, სადაც „ველქამ“ ვარ, იქ ვიქნები. წამოსვლამდე „ფეისბუქზე“ დავდე ინფორმაცია და ბევრი ადამიანი გამომეხმაურა. რაც მთავარია‚ მედიისგან  მივიღე საინფორმაციო მხარდაჭერა – „იმედი“, „რუსთავი 2“, რადიო „ფორტუნა“ ჩაერთნენ საქმეში. რაც შეეხება ჩვენს  ტურს, პირველი ქალაქი არის ყვარელი, შემდეგ – გორი, დუშეთი, რუსთავი, ბახმარო, ქუთაისი, საჩხერე, სურამი, ახალციხე, ზუგდიდი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ურეკი, ბათუმი, ქობულეთი და, ბოლოს – თბილისი. ძალიან მინდა‚ მთელი ჩემი ემოცია, გრძნობები გავცე, ის თანადგომა დავაფასო‚ რაც ჩემ მიმართ არის და ძალიან მაძლიერებს‚ ისევე, როგორც ლანძღვა. ვცდილობ‚ ყველა სირთულეს პოზიტიურად, იუმორით მივუდგე. სიძნელეებთან ურთიერთობა, გამკლავება მიყვარს... ძლიერ ქალებთან ურთიერთობაც მხიბლავს. მახსოვს‚ მეცხრე კლასში ჩემს შეყვარებულს დავუწერე ლექსი, რომელიც დღემდე აქვს შენახული. იყო მომენტი, როდესაც დეპრესია მქონდა, განვმარტოვდებოდი და ვწერდი, განმარტოება კი გეხმარება იმაში, რომ საკუთარი სამყარო შექმნა. ამას საზოგადოებაში ვერ გააკეთებ და ალბათ‚ ამიტომაც მოდის საპირფარეშოში კარგად აზრები, კიდევ – საწოლში, ძილის წინ – ეს საკუთარ თავთან ყველაზე გულახდილი საუბარია.
 ამერიკული ცხოვრების სირთულეები და ბრძოლა თავის დამკვიდრებისთვის
 2006 წელს წავედი ამერიკაში. თბილისში დავამთავრე ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტი. გვიჭირდა, ვერ შევძელი საგნებში მომზადება და, შესაბამისად‚ იქ ჩაბარება, სადაც მინდოდა. რომ დავამთავრე, მერე ხომ უნდა დამეწყო მუშაობა?! ჩემი ფული მქონდა, მშენებლობაზეც ვმუშაობდი, ხელობაც ვისწავლე, მაგრამ, უფრო მეტი მინდოდა, მეტი ბრძოლა, ამბიცია, თუმცა, საქართველოში არაფერი გამომივიდა. ამიტომ გადავწყვიტე ამერიკაში გამგზავრება – იქ მაინც ბევრის მიღწევა შეგიძლია. ჩავედი და სულ სხვა რაღაც დამხვდა. თუმცა‚ გარკვეული წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ არსებობს ის ამერიკა, რომელიც ჩვენს ფანტაზიებშია, მაგრამ, მასთან მისასვლელად დიდი დრო გჭირდება. პირველი წელი ემიგრანტისთვის ჯოჯოხეთია, რადგან, ფიზიკურად იქ ცხოვრობ, სულიერად კი საქართველოში ხარ, გაორება გჭირს და იბრძვი, რომ შეეგუო. ნოსტალგია არის კიბო, ჭირი, რომელიც კანში გიძვრება და გღრღნის. თავის დასამკვიდრებლად ბევრი რამის გაკეთება გიწევს, თუნდაც‚ შეხლა-შემოხლა. პირველი ჩხუბი აფროამერიკელებთან მომივიდა: აუზზე ვმუშაობდი მაშველად და, თუ იქ ვინმე აურზაურს ატეხდა, უფლება მქონდა, გამეძევებინა. „გეტო“ ჰქვია უბნებს, სადაც‚ ასე ვთქვათ‚ თავხედი ხალხი ცხოვრობს. ერთ დღეს იქ გამიშვეს სამუშაოდ. აუზზე შემოვიდნენ აფროამერიკელები, უფრო სწორად‚ თავხედი ხალხი – იქ სკამი ჩააგდეს, იქ – შეზლონგი, ერთმანეთს ფურთხება დაუწყეს, მოკლედ‚ ორივე გავაძევე. ბოლოს დავცხეთ, ორი-ერთზე იყვნენ, ათივე არ მეჩხუბა. ერთი გვაშველებდა, შვიდი მათ გულშემატკივრობდა და ეს უფრო მთრგუნავდა. „მადა ფაქას“ მეტი არაფერი ვიცოდი, ისინი კი დიდი ზომის გინებებით მაგინებდნენ. გადავირიე, ვამბობ: „ფაქ იუ, მადა ფაქა!“ – ვხვდები‚ დამცინიან და ბოლოს ქართულად დავიწყე გინება. ძალა ხომ მომემატა, თან, ერთიორად გავიზარდე, მოჭიდავე გავხდი. ვინც გვაშველბდა, იმან გაგვაჩერა – რა ენაზე გვაგინებო. ჯორჯია-მეთქი, – სიამაყე მომემატა. დაიხოცნენ სიცილით. ბოლოს პოლიცია მოვიდა და მეც დამადეს ბორკილები. ერთმა მანამდე ქვა ისროლა და ბავშვს მოხვდა. ბავშვის დედამ ისე დამიცვა, როგორც საკუთარ შვილს დაიცავდა. იმ სეზონზე აუზზე შემოსვლა აეკრძალათ, საბოლოოდ კი დავძმაკაცდით...
იტალიურ უბანში ვმუშაობდი. ევროპული გარეგნობა ხომ მაქვს, თან, ხელებით ვლაპარაკობ. ხშირად გავდი-გამოვდიოდი უბანში, ხალხი მცნობდა. ერთხელაც შაბათია. თურმე‚ იმათაც ჰქონიათ შაბათობა. გავიარე და, ვხედავ, იტალიელი გოგოშკები  ალაგებდნენ იქაურობას. ჩემთვის „გაზმანული“ მივდიოდი სამსახურში, წავიტიპე – „ბონჯორნო, სინიორიტა!“ ოპ... იტალიელია, ვიცით ეს ტიპი და რატომ არ მუშაობსო – დარარირა, დარირარო, რირარირი... – მეუბნებიან იტალიურად. ვერ ვეტყოდი, რომ იტალიელი არ ვიყავი. უცებ გურულად ამოქმედდა ტვინი და იტალიური აქცენტით ქართულად ვუთხარი: „როგორ გეკადრეებაათ, მეჩქარებაა, მოვალ აუცილებლაად, მე აქ ვმუშაოობ, გავიქცევიი, ჩაო“, – და გავიქეცი. დღესაც მახსოვს მათი სახეები – ვინ იყო, რა ენაზე გველაპარაკებოდაო. შაბათობასაც გადავურჩი და იმ გოგონებსაც თავი დავამახსოვრე. ყველაზე საინტერესოს მოგიყვები: ავტომობილზე ნომერი მქონდა „გურული“. ხომ იცი‚ „გრუზინული“ ამბავი: ჩადიხარ ამერიკაში, მაშინვე მანქანა უნდა იშოვო, „იგონკაო“. ამიტომაც, „M3“ ვიყიდე, მთელი ხელფასი დავახარჯე და მერე მშიერი ვკვდებოდი, ბენზინის ფული არ მქონდა, მაგრამ ,„M3“ ხომ მყავდა და, თან, სერიად „გურული“ მქონდა. გარდა ამისა‚ მოყვარული კამერით რაღაცეებს ვიღებდი, დაკვეთებიც მქონდა. 12-წუთიანი ფილმიც კი მაქვს ძაღლებზე გადაღებული, რომლებიც მარტო რჩებიან სახლში და უნდათ, რომ ადამიანები იყვნენ, მანქანაც კი ვატარებინე. შემდეგ სამსახური ვიშოვე ნიუ-იორკში, მანჰეტენზე – პირადი მძღოლი ვიყავი სერიზული, მდიდარი და სახელოვანი ქიმიკოსის, რომელმაც გამოიგონა ცნობილი პრეპარატები – „ნარკანი“ და „ოქსიკოდონი“. ისეთ ადგილას ცხოვრობდა, სადაც მეზობლად ცხოვრობენ დემი მური, ბონო. „U2“ ძალიან მიყვარს. სულ ვამბობდი, ერთი ბონო მანახა-მეთქი. ერთ დილასაც სათვალით გავედი გარეთ და ლიფტი გამოვიძახე. გაიღო კარი და, ვხედავ, დგანან კაცი, ქალი და ორი ბავშვი. წადით, მეორე ლიფტს გავაჩერებ-მეთქი და, უცებ, ნაცნობი ხმა მეუბნება: „ო, ქამან‚ მენ!“. შევხედე – ბონოა, შევვარდი და კომპლიმენტი ვუთხარი, მადლობა გადამიხადა – ჩვეულებრივი მასტი მელაპარაკებოდა. აღარ ვიცოდი‚ რა მეთქვა, დავიბენი, უცებ გონება გამინათდა და  ვუთხარი: „Its a beautiful day“, ანუ, მისი სიმღერიდან მოვიყვანე ტექსტი. ტიპს‚ იცი‚ რა დაემრთა?! – ჩაბჟირდა, „ქუულ მენ“ გავხდი. მისი გიტარისტიც გავიცანი - ეჯი. ჰელოუინზე, სადაც ბონოს შვილები ჰყავდა თან, ფოტოც გადავიღერთ ერთად. დენის როდმანსაც შევხვდი მაიამიზე. სადაც ქიმიკოსი მიდოდა, მეც თან დავყვებოდი. ერთ დღეს, საქმეების შემდეგ მაიამიზე გადავფრინდით.  უცებ, დენის როდმანი მოვიდა, გადმოჯდა ჩვენთან, ბევრი ვილაპრაკეთ. ქიმიკოსთან გატარებული წლები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც პიროვნება, ძალიან გავიზარდე, ბევრი რამ ვისწავლე, თუნდაც ეტიკეტი, რადგან, საქმიანი სადილის დროს მანქანაში კი არ მაცდევინებდა, მასთან ერთად ვიყავი. კვირაში ერთხელ „როკფელერ ცენტრში“ გადამყავდა, სადაც ექიმები მკერდის კიბოს სამკურნალო პრეპარატზე მუშაობენ. ის მიდიოდა‚ როგორც დამხმარე ტვინი, იმართებოდა კონფერენციები. მახსოვს ერთ-ერთ დინერზე თავის კოლეგებთან ერთად იჯდა, საუბრობდა, უცებ რაღაც სიტყვა დაიჭირეს და  სერიოზული აღმოჩენა გააკეთეს, რაღაც ამოხსნეს. არ იცი‚ იქ რა მოხდა, ისე გაუხარდათ... მერე ტიპები დათვრნენ – აღნიშნეს.

скачать dle 11.3