კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მგლები 5

უკანასკნელი ქურდი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-31(605)

საგამოძიებო სამსახური უჩვეულო მოვლენის მომსწრე გახდა: პროცედურა, რომელსაც პროკურატურის გამომძიებლები წლების განმავლობაში სხვა უწყებებში ატარებდნენ, ახლა მათ სამსახურში მიმდინარეობდა. შავ შარვლებსა და კოსტიუმებში გამოწყობილი, უემოციო სახეების მქონე ოპერატიული თანამშრომლები ერთმანეთის მიყოლებით შედიოდნენ მათ კაბინეტებში და, „ეფესბეს” პირადობის მოწმობების წარდგენის შემდეგ, იქაურობის ჩხრეკას იწყებდნენ. ისინი მოურიდებლად იქექებოდნენ სამუშაო მაგიდების უჯრებში, ფურცლავდნენ მაგიდაზე დატოვებულ საქაღალდეებს და ამოწმებდნენ კომპიუტერებს. უცერემონიო შემოჭრით გაღიზიანებულმა რამდენიმე გამომძიებელმა ვითარების გასარკვევად მაშინვე მიაშურა საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კაბინეტს.
– დამშვიდდით, ყველაფერი გარკვეულია, – ნიკოლაი კრილოვი თავგამოდებით ცდილობდა თანამშრომლების დაშოშმინებას, – პროკურატურიდან რაღაც ინფორმაციამ გაჟონა. ისინი ყველაფერს გაარკვევენ და უახლოეს მომავალში ყველანი დავუბრუნდებით სამუშაოს.
– რომელ გაჟონვაზეა საუბარი? – შფოთავდნენ თანამშრომლები, – უჯრებსა და სისხლის სამართლის საქმეებში იქექებიან!
საერთო მღელვარების მიუხედავად, „ეფესბეს” თანამშრომლები მშვიდად განაგრძობდნენ მუშაობას. ორიოდ საათში კი,  ჩხრეკის შედეგების გასაცნობად მათ ნიკოლაი ერთ-ერთ კაბინეტში მიიწვიეს. რაღაც ახლის მოსმენის იმედით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უმალ კაბინეტთან მოიყარეს თავი.
„ეფესბეს” ორი თანამშრომელი გამომძიებელ რიბკინის კომპიუტერს უკირკიტებდა. ნიკოლაის მიახლოებისას, ერთ-ერთმა მათგანმა უკან დაიხია, ხელით მონიტორზე მიანიშნა და ჰკითხა:
– რა მონაცემებია ეს, ნიკოლაი პეტროვიჩ?
ნიკოლაი მონიტორს ჩააცქერდა. მასზე ვრცელ სიად იყო ჩამოწერილი რუსეთში მოღვაწე კანონიერი ქურდების გვარები. გვარების გასწვრივ კი – მეტსახელები. შემდეგ მოდიოდა ნებისმიერი დოსიესთვის ტრადიციული მონაცემები: დაბადების თარიღი და ადგილი, ამჟამინდელი სავარაუდო ადგილსამყოფელი, სამართალში მიცემის რაოდენობა, საპატიმრო ვადები, სასჯელის მოხდის ადგილები, კანონიერი ქურდის რანგში აყვანის თარიღები, დაჯგუფებების დასახელებები, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებოდნენ, კავშირები, ბოლოს კი აღნიშნული იყო სამართალდამცველებთან მათი თანამშრომლობის დეტალები – თარიღები, თუ როდის დათანხმდნენ ისინი თანამშრომლობაზე, უწყება და იმ სამართალდამცველის ვინაობა, რომელთანაც უშუალო კავშირში იმყოფებოდნენ გადაბირებული კანონიერი ქურდები; ასევე, მათი უშუალო მონაწილეობით გახსნილი სისხლის სამართლის საქმეების ნუსხა.
ნიკოლაიმ მზერა მოსწყვიტა მონიტორს და „ეფესბეს” თანამშრომელს უპასუხა:
– ეს კანონიერი ქურდების რიგებში ჩანერგილი ოპერატიული აგენტების სიაა.
– მონაცემები გასაიდუმლოებულია?
– თავისთავად, – დაუდასტურა ნიკოლაიმ.
– თქვენს გამომძიებლებს აქვთ ასეთ მონაცემებთან მუშაობის უფლება? – განაგრძო „ეფესბეს” თანამშრომელმა.
– აქვთ, მაგრამ, ამისთვის სპეციალური მოთხოვნით უნდა მომმართონ.
– პროცედურულად როგორ ხდება ეს?
– საჭიროების შემთხვევაში, გამომძიებელი მოთხოვნით მომმართავს. მე ვაკმაყოფილებ მის მომართვას, რის შემდეგაც გამომძიებელი მონაცემებთა არქივში მუშაობს.
– დააზუსტეთ... გამომძიებელი არქივში მუშაობს თუ არქივიდან მისთვის საჭირო მონაცემებს იღებს? – ჰკითხა „ეფესებეს” თანამშრომელმა.
– საიდუმლო მასალების არქივიდან გამოტანა აკრძალულია. გამომძიებელი ადგილზე ეცნობა მისთვის საჭირო მასალებს, შემდეგ კი მას არქივის თანამშრომელს უბრუნებს. გამონაკლისს არავისთვის ვუშვებთ, – უპასუხა ნიკოლაიმ.
– მაშ, როგორ ახსნით ამ მასალების რიბკინის კომპიუტერში აღმოჩენას?
– წარმოდგენა არ მაქვს, – მხრები აიჩეჩა ნიკოლაიმ, – ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რიბკინი კანონიერი ქურდების დაპირისპირების საქმეზე მუშაობდა, რომელსაც მკვლელობების სერია მოჰყვა. ძიებისას მომმართა ამ მასალების შესწავლის მოთხოვნით, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, დოსიე მის კომპიუტერში არ უნდა მოხვედრილიყო.
– ეს ყველაფერი არ არის, – ჩაურთო მეორე თანამშრომელმა, რომელმაც კომპიუტერზე მუშაობა განაგრძო, – დოსიე ინტერნეტის მეშვეობით სადღაც გაიგზავნა.
– მიმღების მისამართის დადგენა შესაძლებელია? – სწრაფად ჰკითხა პირველმა თანამშრომელმა.
– შესაძლებელია, მაგრამ, დრო დამჭირდება.
– იმუშავე, – მოკლედ უბრძანა პირველმა თანამშრომელმა და ნიკოლაის მიუბრუნდა, – სად არის ამჟამად გამომძიებელი რიბკინი?
* * *
მურთაზმა გაჭირვებით დაიმორჩილა აკანკალებული ხელი, კონიაკი მოსვა და ლაპარაკი განაგრძო:
– ორი დღის მერე დამირეკა. თავხედურად, დღისით... შეიძლება, ისიც კი იცოდა, იმ დროს პროკურატურაში რომ ვიყავი.
– რა შემოგთავაზა? – ჰკითხა გურამმა.
– განსაკუთრებული არაფერი. მითხრა, რომ ეკას საკითხს თავად მოაგვარებს და მე ხელი არ უნდა შევუშალო.
– რით არ უნდა შეუშალო ხელი?
– ამას თავის დროზე შეიტყობო, მანამდე კი საქმის დახურვა უნდა შეაყოვნო – მაქსიმალურად გაჭიმე და დაელოდე, ვიდრე ზემოდან არ შემოგთავაზებენ გამოსავალსო!
– იმედი აქვს, რომ პროკურატურაში ან სასამართლოში ვინმეს მოსყიდვას მოახერხებს და ამ გზით გაიყვანს ნუცუბიძეს ციხიდან, – ივარაუდა გურამმა.
– არ ვიცი, მაგაზე ვერაფერს გეტყვი, – თავი გაიქნია მურთაზმა.
– ყოველივე ეს ძალიან ბუნდოვანია, – ჩაილაპარაკა გურამმა, – მისგან უფრო აქტიურ მოქმედებას ველოდი.
– უფრო აქტიურს?! – წყენით გახედა მურთაზმა, – შინ რომ მომივარდნენ საკმარისი არ არის?! მაინცდამაინც უნდა მოვეკალი?
– კარგი, ნუ ბრაზობ, – შემრიგებლურად თქვა გურამმა.
– როგორც გინდა, ისე გამიგე, გურამ. ძალიან ვნანობ, ამ საქმეს რომ მოვკიდე ხელი. ახლა მხოლოდ შენს იმედად ვარ. მაგრამ, წინასწარ გაფრთხილებ: ასე იოლად ვეღარ დამიყოლიებ. რამე თუ არ მომეწონა, დავკრავ ფეხს და საერთოდ გადავიკარგები.
– განყოფილების ხელმძღვანელობაზე რას იტყვი? – მაცდურად ჰკითხა გურამმა, – სამუდამოდ რიგით პროკურორად ხომ არ დარჩები? ისე, დიდი ხნის წინ მინდოდა შენთვის ახალი თანამდებობის შემოთავაზება, უბრალოდ, შესაფერის მომენტს ველოდი... არ დამიწყო ახლა, ნუ მახუჭუჭებ, პირდაპირ მითხარი სათქმელიო!.. – აჩქარდა გურამი, როგორც კი მურთაზმა რაღაცის თქმა დააპირა, –  შენ „შებმას“ არავინ აპირებს, უბრალოდ, იმას გეუბნები, რაც ამ საქმის დახურვის შემდეგ მოხდება.
– ასე თუ გაგრძელდა, მაგ დღეს ვერ ვეღირსები! – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მურთაზმა.
– კარგი, ნუ წუწუნებ, – გურამი წინ გადაიხარა და ჭიქა კონიაკით შეუვსო.
– სათქმელად იოლია – „ნუ წუწუნებ”!.. წარმოიდგინე, რა დღეში ვიყავი. საღამოა, უკვე ბნელდება, წვიმს, ეზოში არავინ ჭაჭანებს და, ამ დროს, კეფაზე პისტოლეტი მაქვს მობჯენილი, მობილურიდან კი ის არაკაცი გეგეშიძე მეჩურჩულება!.. რომელი საქმის დახურვაზე უნდა ვიფიქრო ამის შემდეგ?!
– ჰო... მოდი, იმ ნაბიჭვარს დავუბრუნდეთ. ესე იგი, მის ამოცნობას ვერ შეძლებ?
– გამორიცხულია. საერთოდ ვერ შევამჩნიე, როგორ მომეპარა. ისიც კი არ ვიცი, მარტო იყო, თუ არა! – უპასუხა მურთაზმა და კონიაკი მოსვა, – მობილურის ნომერზე რა გაარკვიეთ?
– განსაკუთრებული არაფერი. შენი სახლის მახლობლად მდებარე ანძაზე უკრაინიდან შემოსული ზარი დაფიქსირდა. დრო და საუბრის ხანგრძლივობა ზუსტად ემთხვევა შენზე თავდასხმის მომენტს. მონაცემები უკრაინულ მხარეს უკვე მივაწოდეთ. ჯერჯერობით მათგან პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს, რას გვაცნობებენ ისინი?  რას მოგვცემს იმის ცოდნა, რომ ზარი განხორციელდა კიევიდან, ლვოვიდან ან ოდესიდან?
– მეორე ზარის შემოწმებას არ აპირებ? – ჰკითხა მურთაზმა.
– გადავამოწმებ, მაგრამ, შენც ხომ ხვდები, რომ ეს ფორმალობა იქნება – კიდევ ერთი ფარატინა ფურცელი, რომელიც უფრო გაზრდის ისედაც გაბერილ საქმეს.
– რას მირჩევ, რა გავაკეთო ახლა? ძიება პრაქტიკულად დასრულებულია. ნუცუბიძე ადვოკატის მონაწილეობით დაიკითხა, დანაშაულის დეტალები სრულიად გამოიკვეთა, ის კი არაფრის აღიარებას არ აპირებს. ხვალვე შემიძლია მასალების ზედამხედველი პროკურორისთვის გადაცემა.
– ვფიქრობ, ეს არ უნდა გავაკეთოთ. გეგეშიძე თავის წესებს გვთავაზობს და, ვიდრე მის საბოლოო მიზანს არ ჩავწვდებით, მისი პირობების მიღება მოგვიწევს.
– მე სხვა რამის მოსმენას ველოდი შენგან, – უკმაყოფილოდ შენიშნა მურთაზმა.
– რას?
– ამ საქმეს შენი თხოვნით მოვკიდე ხელი. მეგონა, რომ იცოდი, რასაც აკეთებდი, ახლა კი ვხედავ, რომ ვცდებოდი. შენ ელოდები, რას შემოგთავაზებს გეგეშიძე და ამის მიხედვით ცდილობ მოქმედებას. ასე თუ გაგრძელდა, ჩვენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან ვიქნებით და საბოლოოდ წავაგებთ!
– აჭარბებ, მურთაზ! – შუბლი შეიკრა გურამმა, – ორივემ კარგად ვიცით, რომ საქმე ჩვეულებრივ კრიმინალთან არ გვაქვს. ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რამის დაგეგმვა შეუძლებელია. ამას შენც ხვდები და სწორედ ეს გაღიზიანებს. დამშვიდდი და მერწმუნე, ყველაფერი კარგად იქნება. დაე, სჯეროდეს იმ ნაბიჭვარს, რომ შეგაშინა და თავის თამაშში ჩაგრთო!.. დაე, სჯეროდეს, რომ მისი სურვილით გაჭიანურდა საქმე!.. დაე, სჯეროდეს, რომ ვინმეს „გაუმაზავს” სისხლში ამოვლებულ მაყუთს და ამით გაიყვანს თავის საყვარელს ციხიდან!.. დაე, სჯეროდეს!..  ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მას ეს რწმენა არ შეერყას!.. მერე კი მოვა დღე, როცა ჩვენ წავუყენებთ პირობებს!.. გესმის ჩემი, მურთაზ?! მერე ჩვენ ვიტყვით, ვინ, სად და რა პოზაში!.. და, დარწმუნებული იყავი, რომ იმ ნაბიჭვარსაც მოვძებნით, კეფაზე რომ გაბჯენდა პისტოლეტს!.. მაგრამ, მანამდე მხოლოდ მოთმინება მიგვიყვანს, მოთმინება და, ფრთხილი და კარგად გათვლილი მოქმედება!..
* * *
ოთხი კედელი, ერთი ციდა საკანი, საპირფარეშიო, პირსაბანი, კედელზე გისოსით აჭედილი ფანჯარა, ორი თანამოსაკნე ქალი და მათი მხრიდან წამოსული გაუთავებელი ჩურჩული: „სულელი!.. თურმე, მაღალ თანამდებობებზეც უმუშავია. ყველაფერი ჰქონდა, რასაც ისურვებდა და რომელიღაც ყაჩაღს გადააყოლა თავი!.. ახია მაგაზე! დატეულიყო თავის ტყავში და ნარზე გორაობა აღარ მოუწევდა!..“
რეალობისგან გასაქცევად ეკა მოჩურჩულე ქალებისკენ ზურგშექცევით წვებოდა და თვალებს ხუჭავდა, მაგრამ, ესეც არ ანიჭებდა შვებას. მახინჯი რეალობა მაშინვე ფიქრებად უბრუნდებოდა.
დაკითხვა იმაზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა. ადვოკატი, რომელსაც მისმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა სთხოვეს საქმეში ჩართვა, მისი ძველი ნაცნობი, ზურაბ გაგნიძე იყო, მაგრამ, მანაც ვერ მოახერხა ეკას დახმარება.
– საიდან აღმოჩნდა ეს პასპორტი თქვენთან?! რატომ ჩამოხვედით საქართველოში სხვის სახელზე გაცემული საბუთით?! ვინ არიან ოლეგ სმირნოვი და ნატალია სმირნოვა?!. – განუწყვეტლივ იმეორებდა გამომძიებელი.
ეკას სადღაც შორიდან ჩაესმოდა მისი ხმა. ბუნებრივია, რომ მას ყოველ კითხვაზე შეეძლო პასუხის გაცემა, მაგრამ...
დაკითხვის დასასრულს გამომძიებელმა ოქმი წინ დაუდო და ხელის მოწერა სთხოვა.
„როგორ მოვიქცე“? – ეკამ კითხვით აღსავსე მზერა მიაპყრო ადვოკატს.
– შეგიძლია, მარტო დაგვტოვო? – გამომძიებელს მიუბრუნდა ზურაბი.
მურთაზმა უსიტყვოდ დახურა საქაღალდე და ოთახიდან გავიდა.
– რას აკეთებ, ეკა?! – სწრაფად ალაპარაკდა ზურაბი, როგორც კი ისინი მარტონი დარჩნენ, – ასე თუ განაგრძე, მე ვერაფრით დაგეხმარები!
– რას ითხოვ ჩემგან? – დაღლილი ხმით ჰკითხა ეკამ.
– პასუხებს!.. – მოკლედ მოუჭრა ზურაბმა.
– არა... – თავი გაიქნია ეკამ, – არ შემიძლია...
– შეცდომას უშვებ, – განაგრძო ადვოკატმა, – შენმა მეგობრებმა ყველაფერი მიამბეს. მე ვიცი, რატომ იქცევი ასე და ვისი დაცვაც გსურს, მაგრამ, შენი თავგანწირვა არაფერს შეცვლის!.. გესმის, ეკა? საერთოდ არაფერს!.. პროკურატურა მაინც ეძებს შენს მეგობარს და, თუ აიყვანეს, ყალბი პასპორტი განსაკუთრებულ წონას ვერ შეჰმატებს მის ისედაც მძიმე დოსიეს, შენთვის კი ამას დიდი მნიშვნელობა აქვს!.. დიდი კი არა, გადამწყვეტი!.. გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, სასამართლო პირობით სასჯელს დაგინიშნავს; შეიძლება, უბრალოდ ჯარიმასაც დასჯერდეს!.. გთხოვ, ნუ გააღიზიანებ მათ და ნუ მისცემ ციხეში შენი გამოკეტვის საშუალებას. შენი ინტერესი არავის აქვს, მათ მხოლოდ შენი მეგობარი სჭირდებათ. ერთ სახელი... მხოლოდ ერთი სახელი და ერთი წინადადება – „პასპორტი მომცა მან”!.. – და ყველაფერი დამთავრდება!..
– არ შემიძლია... – დაიჩურჩულა ეკამ.
– დედაშენზე იფიქრე... მამაშენზე და, რაც მთავარია, საკუთარ თავზე. გთხოვ, ნუ დაიმახინჯებ ცხოვრებას! – არ მოეშვა ზურაბი.
ეკამ უხმოდ გაიქნია თავი.
– მაშინ, შენ თვითონ მირჩიე, როგორ მოვიქცე. შენი ჩვენების გარეშე სასამართლოზე ინტერიერის შესავსებ დეკორაციას დავემსგავსები, ვერაფერს ვიტყვი შენს სასარგებლოდ. ამ დროს კი ძიება ორი ფაქტით წაგიყენებს ბრალდებას: პირველად შენ ფოთში ჩამოხვედი ამ პასპორტით, მეორედ კი – თბილისში. შენ ურთიერთობა გაქვს პიროვნებასთან, რომელიც რამდენიმე ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. შენ შეგიძლია მისი ადგილსამყოფლის დასახელება, მაგრამ, არ აკეთებ ამას – ეს ძალიან ბევრია, ეკა, განუზომელად ბევრი!..
– არა... – ისევ გაიმეორა ეკამ, – არ შემიძლია... მხოლოდ ის მირჩიე, მოვაწერო ხელი ამ ოქმს, თუ – არა?! სხვას არაფერს გთხოვ.
– ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენება თუ არ მიეცი, ხელმოწერა აღარაფერს შეცვლის, – უპასუხა ზურაბმა, – ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში დავმარცხდებით!
– მაინც არა... – ჩაილაპარაკა ეკამ, მერე ოქმს მისწვდა და ხელი მოაწერა.
საკნის კარის უსიამოვნო ჟღრიალმა ეკა ფიქრს მოსწყვიტა.
– ნუცუბიძე! – დერეფნიდან დაიძახა ზედამხედველმა, – გამოდი!
ეკა საწოლზე წამოჯდა და გაოცებული მზერა მიაპყრო ღია კართან მდგარ ზედამხედველს. დაკითხვაზე გუშინ იყო და გამომძიებელს აღარ ელოდა. არც ადვოკატს უნდა შეხვედროდა. ზურაბმაც გააფრთხილა, რამდენიმე დღე არ გამოვჩნდებიო.
– რამდენჯერ გაგიმეორო... გამოდი! – ლოდინი მობეზრდა ზედამხედველს.
– სად მიგყავართ? – ჰკითხა ეკამ.
– ექიმთან...
– ექიმთან?! – გაუკვირდა ეკას, – მე კარგად ვგრძნობ თავს.
– მე არ მიკითხავს, კარგად ხარ, თუ არა! – მკაცრად თქვა ზედამხედველმა, – გამოდი!
სამედიცინო ინსტრუმენტებით გაწყობილ საშუალო ზომის ოთახში თეთრ ხალათში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი იმყოფებოდა. მან ეკა მაგიდასთან დასვა და ჟურნალში მისი მონაცემები შეიტანა. ეკა მოსაწყენი გამოკითხვის დაწყებას ელოდა: „როგორ გრძნობთ თავს?.. რამეს ხომ არ უჩივით?..“ და ასე შემდეგ. მაგრამ, მოვლენები სრულიად მოულოდნელად განვითარდა: ექიმმა ხალათის ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და ხელში ჩაუდო. ეკამ გაოცებული მზერა ესროლა – ვერ მიხვდა, რას სთავაზობდა ექიმი. ვიდრე ის ექიმს შესცქეროდა, მობილური ტელეფონის ეკრანზე ყურმილის გამოსახულება გაჩნდა. აპარატს ზარი გამორთული ჰქონდა, ამიტომაც ზუმერის ხმა არ გაისმა.
– უპასუხე, – ხმადაბლა უთხრა ექიმმა და აპარატზე ანიშნა.
ეკამ დაბნეულმა დახედა ეკრანზე გამოსახულ ნომერს, მაგრამ, არ უპასუხია.
– უპასუხე, – სწრაფად გაიმეორა ექიმმა, – ძალიან ცოტა დრო გაქვს!
ეკა მექანიკურად დააწვა ღილაკს, აპარატი ყურზე მიიდო და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
– გისმენთ...
– ეკა... – გაისმა ყურმილიდან.
ნაცნობმა ხმამ თბილი ჟრუანტელი მოჰგვარა. ისეთი სისუსტე მოერია, რომ აპარატი კინაღამ ხელიდან გაუვარდა. ლუკას ხმა იყო.
– ვიცი, რომ ახლა მარტო არ ხარ და ლაპარაკი გაგიჭირდება, მაგრამ, არა უშავს, მე მაინც მივხვდები, რისი თქმაც გინდა, – განაგრძო ლუკამ, – ახლა მთავარია, დამშვიდდე და ყურადღებით მომისმინო... შეძლებ ამას?
– შევძლებ.
– მართალია, რაც ნატოს უთხარი?
– მართალია, – ოდნავ გასაგონად დაიჩურჩულა ეკამ.
– არ გეკითხები, რატომ მოიქეცი ასე. ვხვდები, რომ შენი მომავალი შვილის ჩემგან დაცვა გინდოდა. მაგრამ, წასვლა თუ გსურდა, უნდა გეთქვა ჩემთვის, მე არ შეგაჩერებდი.
– ვერ შევძელი... ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ, საკუთარი თავი ვერ ვაიძულე... მაპატიე...
– შენ არაფერი გაქვს საბოდიშო. დაივიწყე, რაც მოხდა და მომავალზე იფიქრე.
– აქ, ამ კედლებში მომავალზე ფიქრი შეუძლებელია, – ხმა აუკანკალდა ეკას, – ისინი შეუძლებელს მთხოვენ.
– დამშვიდდი... მე ყველაფერი ვიცი. ვიცი, რაც მოხდა აეროპორტში; ვიცი, ვინც იძიებს საქმეს და ვიცი, რასაც მოითხოვენ შენგან... მაგრამ, ეს ყველაფერი მალე დამთავრდება. მე ისევ იქ დაგაბრუნებ, საიდანაც წამოხვედი!  – ლუკამ პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა, – დაგაბრუნებ და შემდეგ გკითხავ, რა გსურს, დარჩენა თუ წასვლა – ამის პირობას გაძლევ!
* * *
დიმიტრიმ დილა ჩვეული პროცედურით დაიწყო: ყავით ფინჯანი შეივსო და ფოსტის შესამოწმებლად კომპიუტერს მიუჯდა. იმ დღის ფოსტა არაფრით განსხვადებოდა წინა დღეებში მიღებული კორესპონდენციისგან: რამდენიმე წერილი რედაქციიდან იყო მოსული. რამდენიმე – კოლეგებისგან. იყო ნაცნობ-მეგობრების გზავნილები... სიის ბოლოში ნაცნობ სახელს მოჰკრა თვალი და დიმიტრიმ კიდევ ერთხელ გადაამოწმა მისამართი. შეცდომა გამორიცხული იყო – საფოსტო ყუთი მართლაც იგორ რიბკინს ეკუთვნოდა, თავად წერილი კი გუშინ ღამით იყო გამოგზავნილი. გზავნილმა ერთობ გააკვირვა დიმიტრი: ის და რიბკინი გუშინ გვიანობამდე მუშაობდნენ მომდევნო სტატიაზე. ყველა საკითხი უკვე შეთანხმებული ჰქონდათ და რისთვის უნდა დასჭირვებოდა იგორს წერილის გვიან ღამით გამოგზავნა?!
გზავნილის შინაარსმა უფრო მეტ საგონებელში ჩააგდო – ეს იყო სამართალდამცველების მიერ გადაბირებული კანონიერი ქურდების სია. დიმიტრიმ კარგად იცოდა, რომ ასეთი მონაცემები გასაიდუმლოებული ჰქონდათ. თანაც, ეს სია არაფრით უკავშირდებოდა მასალას, რომელზეც ის და რიბკინი მუშაობდნენ. გარდა ამისა, იგორს არასდროს უთქვამს მისთვის, რომ ასეთი მონაცემები გააჩნდა. ვითარების გასარკვევად დიმიტრიმ მობილური ტელეფონი მოიმარჯვა და სასწრაფოდ დაუკავშირდა რიბკინს.
რამდენიმე ზუმერის შემდეგ ყურმილში ნამძინარევი ხმა გაისმა:
– გისმენთ...
– გამარჯობა... რა წერილი გამომიგზავნე გუშინ? – ჰკითხა დიმიტრიმ.
– წერილი?!  – გაუკვირდა რიბკინს, – რაღაც გეშლება, მე არაფერი გამომიგზავნია შენთვის!
– არაფერი არ მეშლება, წერილი შენი მისამართით მოვიდა!
– ქსელის შეცდომა იქნება, – უპასუხა რიბკინმა, რომელიც ვერ მიმხვდარიყო, რატომ ღელავდა დიმიტრი, – მაინც, რა წერილია?
– ტელეფონით ვერაფერს გეტყვი, ახლავე უნდა შევხვდეთ ერთმანეთს!
– კარგი... გამოგივლი, – უპასუხა რიბკინმა.
– არა... ჩემთან არ მოხვიდე. გახსოვს ის ადგილი, სამი დღის წინ რომ შეგხვდი? ერთ საათში იქ მოდი!
– რა საჭიროა ასეთი კონსპირაცია? – გაუკვირდა რიბკინს.
– მაგას შეხვედრისას აგიხსნი, – უპასუხა დიმიტრიმ და ტელეფონი გათიშა.
ერთი საათის შემდეგ დიმიტრი ოლიმპიურ პროსპექტზე მდებარე პატარა კაფეში შევიდა. იგორი უკვე ელოდა – ის განაპირა მაგიდასთან იჯდა და მოუთმენლობით შეპყრობილი აკვირდებოდა კაფეში შემოსულ ადამიანებს.
– გამარჯობა... – მიესალმა დიმიტრი და მაგიდას მიუჯდა.
– რაღაც ხდება... – მღელვარედ წამოიწყო რიბკინმა, – შენთან საუბრის შემდეგ ფოსტის  შემოწმება გადავწყვიტე – მაინტერესებდა, რა წერილი მოგივიდა ჩემი სახელით, მაგრამ, ყველა საფოსტო მისამართი დაბლოკილი აღმოჩნდა. მერე პროკურატურაში დავრეკე, იქ კი მითხრეს, რომ „ეფესბეს” თანამშრომლებმა ჩემი კაბინეტი გაჩხრიკეს და ჩემს კომპიუტერშიც იქექებოდნენ.
– წერილი ნახე, იქნებ ეს მაინც დაგვეხმაროს ვითარების გარკვევაში, – ამ სიტყვებთან ერთად დიმიტრიმ მაგიდაზე ნოუთბუქი დადო, რომელშიც სახლიდან წამოსვლისას გადაიტანა ღამით მიღებული გზავნილი.
გზავნილის ნახვამ იგორს თავზარი დასცა.
– ეს რა არის?! – ჩაილაპარაკა გაჭირვებით, – რა სისულელეა! ასეთ მონაცემებს ინტერნეტით არასდროს გავგზავნიდი!
– გამოდის, რომ ეს ვიღაც სხვამ გააკეთა, – უპასუხა დიმიტრიმ.
– ვინ? – სწრაფად შეხედა იგორმა.
– ვინც ახლა შენს კომპიუტერში იქექება!
– ეს... ეს... ეს ხომ წმინდა წყლის პროვოკაციაა! – ბრაზი მოერია რიბკინს.
– დაივიწყე მორალი... ჩანს, მავანს ძალიან მტკივნეულ ადგილას შევეხეთ.
– დამპალი!.. – იგორს თვალწინ ნიკოლაი დაუდგა, – კრილოვის თანხმობის გარეშე ეს საქმე არ მოხდებოდა.
– არ მოხდებოდა, – დაეთანხმა დიმიტრი, – მაგრამ, ახლა წარსულზე კი არა, იმაზე უნდა ვიფიქროთ, ხვალ რა გველის.
– ხვალ?! – იგორი ჩაფიქრდა. პროკურატურაში მუშაობისას მიღებული გამოცდილება თავისთავად ჰკარნახობდა, თუ რა მოჰყვებოდა გზავნილის მისი სახელით გაგზავნას. „ეფესბე” და პროკურატურა მას უყოყმანოდ დაადანაშაულებდა საიდუმლო მასალების დიმიტრისთვის გადაცემაში, თანაც, შესაბამისი პრეცედენტი უკვე არსებობდა. მან უკვე მიაწოდა ჟურნალისტს სისხლის სამართლის მასალები. ასეთ ვითარებაში ძალიან გაუჭირდებოდა საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება და არსებობდა ძალიან დიდი ალბათობა, რომ მას სიმართლის დამტკიცება სასამართლოზე მოუწევდა.
– გამწირეს... ბოლომდე გამწირეს! „ეფესბე” მხოლოდ ამით აღარ დაკმაყოფილდება – მანამდე გააგრძელებენ წამოწყებულ საქმეს, ვიდრე საკანში არ გამომამწყვდევენ! – დიმიტრის მიუბრუნდა რიბკინი.
– ეგ ნამეტანია. არა მგონია, აქამდე მივიდეს საქმე. ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ველურთა ტომში ხომ არა!.. ჩვენდა საბედნიეროდ, „ეფესბე” ყველაფერს არ წყვეტს. ასე რომ იყოს, აქამდე ციხეში ამოგვალპობდნენ ყველას!
– როგორ მოვიქცეთ ახლა?
– პირველ ყოვლისა, დაწყნარდი. როგორც გეტყობა, ცხოვრებაში პირველად შეგემთხვა ასეთი რამ, ჩემთვის კი არც პირველია და არც უკანასკნელი. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს...  – დიმიტრიმ ნოუთბუქი დახურა და ჩანთაში შეინახა, – ახლა ჩემთან რედაქციაში წავალთ და მოვაწყობთ პრესკონფერენციას. ვნახოთ, რას იტყვის ამაზე ჩვენი ნაქები სპეცსამსახური!
– არ გადავამლაშოთ, დიმა, – დაიძაბა იგორი, – იქნებ, ჯერ კიდევ არ არის გვიან, იქნებ, მოვახერხო ნიკოლაისთან შეთანხმება?
– მერწმუნე, არაფერი გამოგივა, ამ საქმეში შენი ყოფილი ბოსი აღარაფერს წყვეტს.
იგორი წამით ჩაფიქრდა და მერე უპასუხა:
– ჰო... მართალი ხარ. თავად ნიკოლაი არასოდეს წავიდოდა ასეთ პროვოკაციაზე. ის სხვა ყაიდის კაცია.
– ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება. მე ხომ თავიდანვე გაგაფრთხილე, რომ ასეთი საქმეებით ვშოულობ პურის ფულს! – იმედიანად ჩაილაპარაკა დიმიტრიმ და წასასვლელად ადგა.
დიმიტრის მანქანა კაფეს სიახლოვეს, ჩიხში იდგა. ის იყო, ჩიხში შეუხვიეს, რომ იგორმა მანქანაში მჯდარ ორ მამაკაცს მოჰკრა თვალი და ინსტინქტურად იგრძნო, რომ ისინი მათ უთვალთვალებდნენ. დიმიტრისა და იგორის მიახლოებისას მამაკაცები მანქანიდან გადმოვიდნენ და მათი მიმართულებით წამოვიდნენ.
– რაღაც ხდება, – შეფარვით გადაულაპარაკა იგორმა დიმიტრის, – ესენი ჩვენ მოგვყვებიან.
მანქანისკენ წასვლა უკვე შეუძლებელი იყო. იგორი მაშინვე შებრუნდა და გადამკვეთ ქუჩას მიაშურა. დიმიტრიც მას მიჰყვა. მამაკაცები უეცრად მოსწყდნენ ადგილს და სირბილით გამოედევნენ. ამის დანახვაზე იგორმა ინსტინქტურად მოიმარჯვა პისტოლეტი და მამაკაცებს უყვირა, უკან დაიხიეთო. პასუხად თავდამსხმელების მხრიდან სროლის ხმა გაისმა. გასროლისთანავე, დიმიტრიმ უცნაურად აიქნია ხელები და მოწყვეტილი ჩაემხო ტროტუარზე. იგორმა უმალ დაუშვა სასხლეტი. თავდამსხმელები იქვე მდგარ მანქანას ამოეფარნენ და სროლა განაგრძეს. ჩიხში ყვირილი გაისმა. იქვე მყოფი ადამიანები წელში მოხრილები გარბოდნენ აქეთ-იქით და წივილ-კივილით ითხოვდნენ შველას:
– პოლიცია გამოიძახეთ! კაცი მოკლეს!..
ამასობაში იგორმა მჭიდში ჩარჩენილი უკანასკნელი ვაზნა გაისროლა. ადგილზე დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა – თავდამსხმელები მალე მიხვდებოდნენ, რომ განიარაღებული იყო. იგორი შებრუნდა და საპირისპირო მიმართულებით გაიქცა. თავდამსხმელები სროლით დაედევნენ უკან. ერთმა ტყვიამ იგორის საფეთქელთან გაიწივლა, მეორემ კი მის გვერდით მოწიწკნა კედელი. ამ დროს ბრძოლის ველზე კიდევ რამდენიმე მამაკაცი გამოჩნდა. იგორმა ვერც კი გაარკვია, რამდენი იყვნენ, მღელვარებით შეპყრობილმა მხოლოდ რამდენიმე სილუეტს მოჰკრა, რომლებიც მოჩვენებებივით გამოსცდნენ მოსახვევს და პისტოლეტები შემართეს.
– მორჩა... ყველაფერი დამთავრდა!.. – გულისტკივილით გაიფიქრა იგორმა და შეჩერდა. იმავე წამს მას რამდენიმე გასროლის ხმა ჩაესმა და ორივე მდევარი მაშინვე წაიქცა. გაოგნებულმა იგორმა მამაკაცებს მიაპყრო მზერა. ერთი მათგანი დიმიტრისკენ გაიქცა და საძილე არტერია მოუსინჯა, შემდეგ ასფალტიდან მისი ნოუთბუქი აიტაცა და უკან გამოიქცა. ორნი კი იგორს მისცვივდნენ. ვიდრე ის რამეს მოისაზრებდა, ერთ-ერთმა მათგანმა მარჯვენა მოიქნია და საფეთქელში  პისტოლეტის ტარი შემოჰკრა. იგორს თვალთ დაუბნელდა და მუხლმოკვეთილი დაეშვა ტროტუარზე...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3