კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აუკრძალა მთავარმართებელმა ერმოლოვმა დიმიტრი აბაშიძეს ალექსანდრე ბატონიშვილთან დანათესავება და რატომ ლაპარაკობდა ერეკლე ბატონიშვილი სომხურად

ერეკლე მეორეს, როგორც ცნობილია, ბევრი შვილი და შვილიშვილი ჰყავდა. მათი უმრავლესობა იმპერატორმა პეტერბურგში გაიწვია, მხოლოდ ალექსანდრე ბატონიშვილი ებრძოდა დამპყრობელს ბოლომდე. სამშობლოდან გადახვეწილ ალექსანდრეს მარიამ აღაბაბიანთან ერთადერთი ვაჟი – ერეკლე შეეძინა, რომელსაც ცნობილ ავსტრიელ მწერალთან, ბერტა ზუტნერთან, მგზნებარე რომანი ჰქონდა. ერეკლეს ცხოვრების შესახებ გურამ ჭოხონელიძე მოგვითხრობს.

გურამ ჭოხონელიძე: ბერტას დედა გერმანიაში უცნობილესი პოეტის – კორნერის ბიძაშვილი იყო. ბოჰემური ცხოვრების მოყვარულ ქალბატონს აჩემებული ჰქონდა, რომ მისი ქალიშვილი აუცილებლად პრინცს უნდა გაჰყოლოდა ცოლად. ერეკლეს რაც შეეხება, ის რუსეთის იმპერიის მგზნებარე მოწინააღმდეგე იყო, ისევე, როგორც მამამისი. ბატონიშვილმა ალექსანდრემ და დედამ – მარიამმა ერთადერთი ვაჟი – ერეკლე, ანუ ირაკლი, როგორც მას ეძახდნენ, ანტირუსული სულისკვეთებით აღზარდეს. მაშინ, როცა საიმპერატორო კარმა მთელი ქართული სამეფო კარის შთამომავლობა პეტერბურგში წაიყვანა, ერეკლე თბილისში დარჩა. მას კადეტთა სამხედრო სასწავლებელიც კი არ დაუმთავრებია. დედამისი, მარიამი, სომეხი მელიქის ქალი იყო – მამამისი ერევნის მელიქი, ანუ ქალაქის თავი გახლდათ. მცირეწლოვანი იყო მარიამი, 14 წლის, როცა ალექსანდრემ ცოლად შეირთო, თავად ალექსანდრე კი უკვე 40-ს იყო გადაცილებული. იცით, ალექსანდრე ასე გვიან რატომ დაქორწინდა? მას ჰყავდა შეყვარებული, უფრო სწორად, საცოლე, ულამაზესი ჩერქეზი ქალი, რომელიც 1 წელი მიბარებული ყოფილა „მოსარჯულებლად“, ანუ ისლამიდან ჩვენს რჯულზე მოსაქცევად, თუმცა, გაურკვეველი მიზეზით,  ქალი ქორწილამდე ერთი კვირით ადრე გარდაცვლილა. ალექსანდრეს ისე ძლიერ ჰყვარებია საცოლე, მის საფლავთან ფიცი დაუდევს, რომ ცოლს აღარასოდეს შეირთავდა. მაგრამ, დრო გავიდა, ერევანში გაიცნო მარიამი და მასზე დაქორწინდა. თუმცა, მანამდე ალექსანდრე ბატონიშვილმა ჯერ დიმიტრი აბაშიძეს – ქართლის თავადს სთხოვა ქალი, მაგრამ, დიმიტრის ძმამ, ლევანმა, ეს წერილი კავკასიის მთავარმართებელს – ერმოლოვს მიურბენინა. ერმოლოვმა დიმიტრის შემოუთვალა, არ გაბედო ალექსანდრესთვის ქალის მიცემაო. მარიამ აღაბაბიანი ძალიან ცნობილი და განათლებული ქალბატონი გახლდათ, მას ჰყავდა მუსიკალური ოჯახი. მისი ძმები თბილისში ჩამოდიოდნენ, მიზანდართან მეგობრობდნენ და ხშირად მართავდნენ ხოლმე საფორტეპიანო თუ სავიოლინო კონცერტებს. ალექსანდრე და მარიამი ერევანში დაქორწინდნენ და რამდენიმე წლის შემდეგ შეეძინათ ვაჟი – ერეკლე. იმპერატორმა ირაკლი მაინც გაიწვია კადეტთა კორპუსის სამსახურში – პეტერბურგში. მარიამი თავიდან უარზე იდგა, მაგრამ, შემდეგ ისე მოიხიბლა კავკასიის მთავარმართებლის ევროპული სტუმართმოყვარეობით, რომ დასთანხმდა და დედა-შვილი პეტერბურგში გაემგზავრა. თუმცა, ერეკლეს ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს და მარიამმა მაინც მოახერხა მისი უკან წამოყვანა  თავისი სომხური გამჭრიახობის წყალობით. დამავიწყდა მეთქვა, რომ ირაკლის პატარა ასაკიდან აწუხებდა თირკმელები და ვერ ივარგებდა სამხედრო სამსახურისთვის.
ირაკლი ბატონიშვილის ყველაზე დიდი გატაცება ცხენოსნობა იყო და მოყვარული ჟოკეის სტატუსით სხვადასხვა ტურნირშიც იღებდა მონაწილეობას. მას პეტერბურგიდან წმინდა სისხლის ცხენები ჩამოჰყავდა და ყველა შეჯიბრებაში იმარჯვებდა, რაც სხვა წარჩინებულების შურსა და გულისწყრომას იწვევდა. ბატონიშვილის ამ გატაცების შესახებ იწერებოდა კიდეც მაშინდელ პრესაში.
– თქვენ მითხარით, რომ მან საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში შეირთო ცოლად ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი – თამარი.
– დიახ, საკმაოდ საინტერესო ისტორიაა. ერთხელ,  ერეკლე და ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟი, დავითი, ნარდს თამაშობდნენ. დავითს მახარობელმა ამბავი მოუტანა, ასული შეგეძინაო. გოგონას თამარი დაარქვეს. ერეკლემ გაიცინა და დავითს უთხრა – ნახე, თამარი ჩემი ცოლი გახდებაო. მართლაც, როცა თამარმა გარკვეულ ასაკს მიაღწია, ერეკლემ ის ცოლად შეირთო. თუმცა, ვიდრე ცოლს შეირთავდა, მას სხვა რომანებიც ჰქონდა. მათგან ყველაზე გახმაურებული და მგზნებარე იყო გერმანელ მწერალთან და ნობელიანტთან, ბერტა ფონ ზუტნერთან რომანი. ბერტას იმ დროისთვის უკვე ორჯერ ჰქონდა ნიშნობა ჩაშლილი: პირველი საქმრო დაიღუპა, როცა გემით მიდიოდა ამერიკაში, მეორეჯერ კი ის ჰაინეს ძმაზე იყო დანიშნული, რომელმაც წარჩინების ტიტული – „ფონ“ იყიდა. საინტერესო ფაქტია, რომ, მაშინ, როცა ჰაინრიხ ჰაინე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, მისი ძმა საკმაოდ შეძლებული იყო და, ახალშეძენილი ტიტულის წყალობით, ებრაელადაც აღარ ითვლებოდა. როგორც ჩანს, ერეკლესა და ბერტას ახლო ინტიმური ურთიერთობაც ჰქონდათ, თუმცა, ევროპული და ქართული სიყვარული ერთმანეთს ვერ შეეწყო. ეკატერინე დადიანიც ძალიან დაინტერესებული იყო და ხელს უწყობდა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ მაჭანკლობდა... სწორედ ეკატერინეს საშუალებით გაიცნეს მათ ერთმანეთი, ერეკლე (ანუ, ჰერაკლიუსი, როგორც მას ევროპაში ეძახდნენ) ამ დროს უკვე ხანდაზმული იყო. მათი რომანი დაახლოებით 3 წელი  გაგრძელდა. სხვათა შორის, სოლოლაკში, სულხან-საბას ქუჩაზე, ერეკლეს სახლთან, სადაც ის ცხოვრობდა, კარის თავზე არის რკინის ცხაური, სადაც ლათინური ასო „H“ არის ამოკვეთილი, რაც „ჰერაკლიუსს“ ნიშნავს. ირაკლი, აღწერილობის მიხედვით, ტანმორჩილი, მაგრამ, ძალზე კარგი გარეგნობის ყოფილა – შავგვრემანი, წაბლისფერი წვერით. საქართველოში წამოსვლისას ერეკლე ბერტას შეჰპირდა, რომ ცოლად შეირთავდა. ბერტაც ელოდა. როგორც ჩანს, მიმოწერა მაინცდამაინც არ ჰქონიათ. საქართველოში ჩამოსული, ვიდრე ერეკლე ცოცხალი იყო, თბილისში ჩასვლას ერიდებოდა. ბერტამ ძალიან განიცადა ეს განშორება. გადმოცემის თანახმად, მას სვეტიცხოველში, ერეკლეს საფლავზე ვარდი დაუგდია.
– ერეკლე ერევანში დაიბადა?
– დიახ და, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, თავიდან სომხურის გარდა სხვა ენა არც იცოდა. რუსეთ-ირანის ომამდე ოჯახი ერევნის სახანოში ცხოვრობდა, შემდეგ კი ირანში გადასახლდნენ. ერეკლე ხშირად იყო ხოლმე უცხოეთში. თბილისში ცხოვრებისას, როგორც სამეფო ოჯახის წევრი, ის საიმპერატორო კარისგან პენსიას იღებდა,  ერეკლეს ქალიშვილებს ეკუთვნოდათ აბანოები და ბოტანიკურ ბაღში რომ გვირაბია, იმის მიმდებარე ტერიტორია. თუ არ ვცდები, შთამომავლებს დღემდე აქვთ პრეტენზია.
ერეკლე განსაკუთრებულ პატივს სცემდა დედას, თბილისში მან სომხური საკვირაო სკოლებიც კი გახსნა. თამარისა და ერეკლეს შთამომავლებს რაც შეეხება, მათ რამდენიმე შვილი შეეძინათ, თუმცა, მხოლოდ ორი ქალიშვილი შერჩათ, შესანიშნავი ქალბატონები. სხვათა შორის, ცოტამ თუ იცის, რომ „თამარის ვალსი“, რომელიც არტურ ზუტნერმა დაწერა,  სწორედ ამ თამარისადმია მიძღვნილი. ერეკლეს ქალიშვილები პირველი ქართველი ქალები იყვნენ, რომლებმაც პარიზში მიიღეს ფილოლოგიური განათლება. ერთი მათგანის ვაჟი 30-იანი წლების ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ცნობილი მევიოლინე იყო, თუმცა, მის შესახებ ბევრი ცნობა არ მოგვეპოვება. გოგონები მცირეწლოვანები იყვნენ, როცა ერეკლე გარდაიცვალა.
– არტურმა თუ იცოდა მათი რომანის შესახებ?
– შესაძლოა, იცოდა კიდეც, მაგრამ, ევროპელი კაცი ამის გამო თავს ნამდვილად არ მოიკლავდა. ორივე თავგადაკლული პაციფისტი იყო. ბერტა ევროპაში რომ დაბრუნდა, საკუთარი ოთახი ქართულ ყაიდაზე მოაწყო. სხვათა შორის, ბერტა პირველ მსოფლიო ომამდე ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა. გინდათ, საინტერესო ფაქტი გითხრათ? ჰიტლერი ბერტას მოხსენებებს ესწრებოდა პაციფიზმის თემაზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, ფიურერმა მათი ყველა ნაწარმოები აკრძალა და გაანადგურა.

скачать dle 11.3