კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიხსნა საცოლე კრიმინალების მონობისგან ქართველმა სპეცრაზმელმა

მოტაცება
გაჩახჩახებული სასტუმრო „ინტურისტის“ წინ ტაქსი გაჩერდა და მძღოლმა კლიენტს უთხრა:
– მოვედით, „ინტურისტი“ ესაა.
მგზავრმა მძღოლს ორი თუმნიანი გაუწოდა:
– გამომართვი და ბედნიერი მგზავრობა!
– ჯობია, ცოტა დაგელოდო. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე უკან დაბრუნდები და რადგან აქ მანქანები არ ჩანს, ვშიშობ, ღამით ფეხით სიარული მოგიწევს, ვაგზლამდე კი რვა კილომეტრია.
– რატომ ფიქრობ, რომ უკან დავბრუნდები?
– იმიტომ, რომ „ინტურისტში“ ადგილს ვერ იშოვი.
– როგორც გენებოს, – მხრები აიჩეჩა მგზავრმა და მანქანიდან გადავიდა, – რადგან ასე გინდა, დამელოდე. თუმცა, ვფიქრობ, რომ ტყუილად მოგიწევს ლოდინი. მშვიდობით!
მგზავრი სასტუმროში შევიდა და ჰოლში გაუჩინარდა. შემდეგ მთვლემარე პორტიეს მიუახლოვდა და უთხრა:
– მამილო, ერთი ადგილი „გამიჩითე“.
– შანსი არ არის, – მიუგო პორტიემ ახალმოსულს, მაგრამ მის თითებში ტკიცინა ასმანეთიანს რომ მოჰკრა თვალი, ტონი შეარბილა: – შევეცდები, რამე მოგიხერხო, თუმცა, ძვირი კი დაგიჯდება.
მგზავრმა ასმანეთიანი პიჯაკის წინა ჯიბეში ჩაუცურა და უთხრა:
– ეს შენ ავანსად გქონდეს და, თუ კარგად მომემსახურები, ჰონორარს გაგიორმაგებ.
პორტიემ მგზავრს საბუთები მოსთხოვა და ერთადგილიანი „ლუქსის“ გასაღები გადასცა, თან, მეორე ასმანეთიანის მოლოდინში ხელები მოიფშვნიტა. მგზავრმა პორტიეს შეპირებული ჰონორარი მისცა, შემდეგ გასაღები ჯიბეში ჩაიდო, სასტუმროდან გავიდა და ჯერ კიდევ იქ მდგომ ტაქსის მიუახლოვდა.
– ხომ გეუბნებოდი, ადგილს ვერ იშოვი-მეთქი. წავედით? – ჰკითხა ტაქსისტმა.
– არა, მე ვრჩები, რადგან ადგილი ვიშოვე. შენ კი, აი, ეს ორასი მანეთი გამომართვი და ხვალ, გამთენიისას, დილის ხუთ საათზე აქ მოდი, – უპასუხა მგზავრმა, შემდეგ სასტუმროში შებრუნდა და თავისი ნომრისკენ გაემართა.
ტაქსის მგზავრი, 30 წლის სოსო ტუღუში,  ახალი დაბრუნებული იყო ეგვიპტიდან, სადაც უშიშროების სპეცრაზმში იბრძოდა შენიღბულად და ერთ-ერთ ბრძოლაში კონტუზია მიიღო. სოსო თბილისელი იყო და იალტაში თავის დაკარგულ შეყვარებულს, ნატოს ეძებდა. გოგონა მას თბილისში არ დახვდა და სოსომ შეიტყო, რომ ის იალტის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა.
სოსომ იალტის ყველა სასტუმრო შემოიარა და ბოლოს დაადგინა, რომ ნატო „ინტურისტში“ იმყოფებოდა. ტუღუშმა სპორტული ჩანთა ნომერში დატოვა, მანამდე კი იქიდან მაყუჩიანი პისტოლეტი ამოიღო, ქამარში გაირჭო და პორტიესთან დაბრუნდა.
– მამილო, ბარემ სიკეთე ბოლომდე ჰქენი და ნუ გამაწბილებ.
– მაინც, რა გინდა?
– ქალი. მაგრამ, ისეთი, რომ გადამრიოს.
– სამასი მანეთი დაგიჯდება.
– კარგი.
პორტიემ უჯრიდან პატარა ალბომი ამოიღო და სოსოს უთხრა:
– აი, აირჩიე, ჩვენი ქალების სურათებია.
სოსომ ალბომი დაათვალიერა და პორტიეს მიუგო:
– ესენი ბანძები არიან, უკეთესები არ გყავთ?
პორტიემ სოსოს მეორე ალბომი გაუწოდა და უთხრა:
– აი, ჩვენი სუპერქალები.
სოსომ გულდასმით გადაათვალიერა ალბომი და ქერათმიან გოგონაზე შეჩერდა, რომელსაც მხოლოდ ვიწრო ტრუსები ეცვა და მთელი თავისი ქალური ღირსებები უჩანდა. მან უმალვე იცნო ნატო და თვალთ დაუბნელდა, მაგრამ ნებისყოფა მოიკრიბა და პორტიეს უთხრა:
 – აი, ეს მინდა.
– ათასი მანეთი, – მოკლედ მოუჭრა პორტიემ.
– აჰა, გამომართვი, – სოსომ პორტიეს ათი ცალი ასმანეთიანი გადაუთვალა და დაამატა: – ნახევარ საათში ველოდები.
ზუსტად ნახევარ საათში სოსოს ნომრის კარზე ნაზი კაკუნის ხმა გაისმა. სოსომ ნატო ოთახში შეუშვა და კარი გადარაზა, შემდეგ ფანჯარასთან მივიდა და დაინახა, როგორ მოსრიალდა სასტუმროსთან ტაქსი, რომელიც სოსომ დაიბარა.
– დრო ფულია, ბიჭუნი, დავიწყოთ, – თქვა ნატომ.
სოსო უხმოდ შეტრიალდა და ნატოს მიაჩერდა.
– სოსო, შენ?! – შეცბა ნატო.
– მიცანი, როგორც იქნა. არაფრის გაგონება არ მინდა, ისევ მიყვარხარ და ყველაფერს გაპატიებ. წავედით.
ქალი უარზე იყო, მაგრამ, სოსომ ის გაკოჭა, მხარზე გაიდო და კარისკენ გაემართა. ამ დროს სასტუმროს ნომერში ოთხი ათლეტი მამაკაცი შემოვიდა და სოსოს გზა გადაუღობა. ტუღუშმა მათ პისტოლეტი მიუშვირა, თითოეული მათგანი მუხლში დაჭრა და გზა განაგრძო.
– ეს რა თევზი დაგიჭერია? – გაეღიმა ტაქსისტს.
– ახლა ამის დრო არ არის, სადმე საიმედო ადგილზე წამიყვანე და მერე ვილაპარაკოთ.
მძღოლმა მანქანა ადგილიდან მოწყვიტა და იქაურობას გაშორდა.
დევნა
„ინტურისტის“ ქალები იალტელი ავტორიტეტის, მეტსახელად „კოტიკის“ მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, მუხლებში დაჭრილი ახალგაზრდები კი მისი ბანდის წევრები იყვნენ. შეურაცხყოფილი კოტიკი სასტუმროს ერთ-ერთ „ლუქსში“ ცხოვრობდა. მან დევნის ბრძანება გასცა და რვა შეიარაღებული ხელქვეითი ტაქსის დაედევნა.
კოტიკს მთელ ყირიმში ჰყავდა ნაცნობები და, მანქანის ნომრის მიხედვით, მან მალევე დაადგინა ტაქსისტის ვინაობა.
– თუ გზაში ვერ შეიპყრობთ, მაშინ, ტაქსისტს სახლში დაუდარაჯდით, – უბრძანა კოტიკმა ხელქვეითებს.
30 წლის ტაქსისტი, ოლეგ სტუპარი, სოსო ტუღუშის მსგავსად, ძველი „სპეცი“ იყო. ამიტომ, მან თავის კლიენტში უშეცდომოდ ამოიცნო კოლეგა. ტაქსისტი საკმაოდ ინფორმირებული და საზრიანი პიროვნება აღმოჩნდა და სოსოს უთხრა:
– მე არ ვიცი და არც მაინტერესებს, რატომ მოიტაცე ეს გოგონა, მაგრამ, იცოდე, რომ დიდ შარში გაჰყავი თავი, რადგან დღეიდან კოტიკთან გექნება საქმე. ამიტომ, მოდი, ასე მოვიქცეთ: მე თქვენ ჩემი მეგობრის, გენა ვოლსკის აგარაკზე მიგიყვანთ, შემდეგ კი დრო გვიჩვენებს, როგორ მოვიქცეთ.
– მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ, შენ რატომ ყოფ თავს შარში ჩემ გამო?
– თავგადასავლები მომენატრა და, დიდი ხანია, ხეირიანი არაფერი ჩამიდენია. თანაც, აქედან გადასახლებას ვაპირებ.
დევნილებმა ლაჟვარდოვანი სანაპირო გაიარეს და დაბა გურზუფში შეუხვიეს, სადაც ტაქსისტის მეგობრის აგარაკი მდებარეობდა.
სოსომ ნატოს თოკი შეხსნა და ორიოდე საათში დაარწმუნა, რომ ახალ, ბედნიერ ცხოვრებას დაიწყებდნენ.
– თანახმა ვარ, მაგრამ, თუკი ოდესმე ჩემს წარსულს გამახსენებ, იცოდე, თავს არ ვიცოცხლებ...
სოსომ ნატოს პირობა მისცა და ცოტა ხანში ქალისგან შეიტყო, რომ კოტიკი ნოდარ ბაზღაძე იყო – მისი და ნატოს ბავშვობის მეგობარი. სოსოს ნოდარი ჯარში უგზო-უკვლოდ დაკარგული ეგონა და, როცა გაიგო, რომ ნატო სწორედ მან დააყენა ასეთ გზაზე, თვალთ დაუბნელდა.
– ნოდარი მე ცოლობას მთხოვდა და, უარი რომ მიიღო, ერთ მშვენიერ დღეს, თავის „ტურებს“ მიუგდო ჩემი თავი საჯიჯგნად. ორჯერ ვცადე თვითმკვლელობა, მაგრამ, არ გამომივიდა და მას მერე ნოდარის მოკვლის ჟინი მაცოცხლებს, – უთხრა ნატომ სოსოს.
– დამშვიდდი, ძვირფასო, ნოდარს მე ჩავაძაღლებ, – უთხრა სოსომ ნატოს და ქალი ლოგინში ჩააწვინა.
იმავე დღეს გურზუფის გადასახვევთან სოსომ და სტუპარმა რვავე მდევარი ჩახოცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
შურისძიება
ოლეგ სტუპარს თავისი ბინა იალტაში გაყიდული ჰქონდა და ასე თამამად იმიტომ შეება კოტიკის ბოევიკებს. სოსოს თხოვნით, მან ნატო სოხუმში ჩაიყვანა და ახალშეძენილ მეგობარს მისი ნათესავის სახლში დაელოდა.
– ნოდარის სისხლს დავლევ და შემოგიერთდებით. მანამდე კი ჩემს ნატოს თვალის ჩინივით გაუფრთხილდი, – უთხრა სოსომ სტუპარს და ქალ-ვაჟი გაისტუმრა.
იმავე ღამეს სოსო ტუღუში ორი მაყუჩიანი პისტოლეტით, ერთი ავტომატით, ექვსი ცალი ხელყუმბარითა და სამართებელივით ალესილი მაჩეტეთი შეიარაღდა, შემდეგ შარვალ-კოსტიუმში გამოეწყო, შავი სათვალე გაიკეთა, გადაპარსულ თავზე პარიკი ჩამოიცვა  და „ინტურისტისკენ“ გაემართა.
ჰოლში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ხარბი პორტიე დახლთან თვლემდა.
– გაიღვიძე, მამილო, და არ მომატყუო, – უთხრა სოსომ პორტიეს და პისტოლეტი მიუშვირა.
– რა გინდა, გისმენ!
– კოტიკის შესახებ მინდა ინფორმაცია – რომელ ნომერშია და რამდენი კაცი იცავს.
– მეოთხეზე, ორმოცდამეოთხე ნომერში. რვა კაცი იცავს, მაგრამ, ახლა იქ ექვსი კაცია.
სოსომ პორტიეს თავში იარაღის ტარი ჩასცხო და გათიშა და მეოთხე სართულისკენ გაემართა.
ორი მცველი სოსომ კართან „მოხსნა“ – ორივეს თითო გასროლით გაუხვრიტა შუბლი, შემდეგ ნომერში შევიდა და დანარჩენი მცველებიც დახოცა. კოტიკი ამ დროს შხაპს იღებდა და ერთ-ერთი მცველის დაცემის ხმა რომ გაიგონა, საშხაპიდან გამოსძახა:
– რა ხმაურია?
სოსო სააბაზანოში შევიდა და დედიშობილა კოტიკს თავზე წამოადგა.
– სოსო, შენ?! – ამოილუღლუღა კოტიკმა.
– კარგია, რომ მიცანი, – კბილებში გამოსცრა სოსომ და თავის ბავშვობის მეგობარს მაჩეტეთი თანამიმდევრულად დააჭრა ხელ-ფეხი და ბოლოს თავიც გააგდებინა.
შემთხვევის ადგილზე მისულ მილიციას საზარელი სურათი დახვდა: კოტიკის საშინლად დასახიჩრებული სხეულის ნაწილები „ლუქსში“ იყო მიმოფანტული.
ნატო, სტუპარი და სოსო ტუღუში ჯერ ისრაელში გაიქცნენ, იქიდან კი შეერთებულ შტატებში ამოჰყვეს თავი და, საზარელი მკვლელობების მიუხედავად, დაშლის პირას მყოფ საბჭოთა კავშირს მათი ექსტრადიცია არ მოუთხოვია...

скачать dle 11.3