კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

სად მდებარეობდა მეითარისა და ბებუთას აბანოები თბილისში და რომელ აბანოში „განიბანა“ ალექსანდრე პუშკინი

მეათე საუკუნის არაბი გეოგრაფის, აბდულ კასიმ იბნ-ჰაუკალის აღწერით, „აქ წყალი უცეცხლოდ დუღს”, ხოლო ყაზანელი სოვდაგარი ვასილი გაგარი მეჩვიდმეტე საუკუნეში წერდა, ეს ადგილი ღმერთის შექმნილიაო, უკვირდა, თუ როგორ ბანაობდნენ ერთად ქრისტიანები და მუსლიმანები და, ტრადიციული ცოცხის ნაცვლად ქისას იყენებდნენ. თბილისის გოგირდის აბანოები ნახსენები აქვთ მოგზაურ მარკო პოლოს და ალექსანდრე პუშკინს ნაშრომში „მოგზაურობა ერზერუმში”. დღესაც, ეს არის ადგილი, რომელსაც ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე დიდი დატვირთვა აქვს და თანამედროვე თბილისის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

აბანოთუბანი
აბანოთუბანი თბილისის უძველესი ნაწილია. ამ ადგილას წარმოიშვა, როგორც ჩანს, პირველი დასახლება. ამ უბანსა და მიმდებარე ტერიტორიას, საკუთრივ, „ტფილისს“ უწოდებდნენ. აბანოების უბანში და მის მიმდებარე სეიდაბადში შუა საუკუნეებში უმეტესად სპარსელები სახლობდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგცემს, რომ „ტფილისს დის ცხელი წყალი კლდიდამ, არს მით აბანო ექვსნი... აქ დასხა შასეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს”... და შემდეგ: „არიან მსახლობელნი ციხეს და სეიდაბადს სპარსნი მაჰმადიანნი”. ვახუშტი ბაგრატიონი აბანოების უბანს სეიდაბადის ერთ ნაწილად წარმოგვიდგენს. პორუჩიკ ჩუიკოს მიერ შედგენილ 1800 წლის ტფილისის გეგმაზე კი მხოლოდ აბანოების უბანია ნაჩვენები, რადგან სეიდაბადის დანარჩენი ტერიტორია ამ დროისთვის დასახლებული აღარ ჩანს და მთლიანად ბაღებითაა დაფარული.
ვახუშტი ქალაქში ექვს აბანოს ითვლიდა. როგორც ჩანს, ზოგიერთი მათგანი აღა-მაჰმად-ხანის შემოსევებს შეეწირა, რადგან 1800 წლის გეგმაზე მხოლოდ ოთხი აბანოა ამ უბანში აღნიშნული. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანის თბილისის გეგმაზე კი, კვლავ ექვსი აბანოა დატანილი. საინტერესო ცნობებს ვპოულობთ მეფე გიორგი მეთორმეტის ერთ-ერთ სიგელში, სადაც, სხვათა შორის, მეითარისა და ბებუთას აბანოების ერთგვარი ლოკალიზაციაა მოცემული. ბებუთას აბანო მეითარის აბანოს დასავლეთით, თაბორის მხარეს ყოფილა. როგორც მეცხრამეტე საუკუნის გეგმებიდან ირკვევა, ციხის კართან ყველაზე ახლოს თბილისის აბანო იყო განლაგებული. მოგვიანებით მას „ერეკლეს აბანოსაც“ უწოდებდნენ. მის დასავლეთით, ოდნავ მოშორებით კი მელიქის აბანო მდებარეობდა. ძველ აბანოთაგან, ერეკლეს აბანოს გარდა, აღნიშნულია მეითარის, ენალას, გრილი აბანო, ბებუთასი – ყველა ეს აბანო მეჩვიდმეტე საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. მეითარის აბანოს მოგვიანებით „სუმბათოვის აბანოს“ უწოდებდნენ, ხოლო გრილ აბანოს, რომელიც მტკვრის სიახლოვეს მდებარეობდა – „შიოევის აბანოს.“ აბანო იყო ციხის გალავნის შიგნითაც, რომელსაც „ხოჯას აბანო” ერქვა. იოსებ გრიშაშვილი წერდა: „ამ ციხის აბანოს უწოდებდნენ აგრეთვე საჭურისს ხოჯა აღამაჰმადის აბანოს. ტფილისის აღების დროს ეს ხოჯა შევიდა ამ აბანოში, „გაუკვირდა სიკეთე ტფილისისა, მოეწონა წყალნი წმინდანი ყოველითურთ, აღუმრეველნი და მარგებელნი”, მაგრამ, სენისგან რომ ვერ განიკურნა, გაბრაზდა და ბრძანება გასცა, აბანოებიც ძირიად დაენგრიათ“. გრიშაშვილის მოწმობით, ქალების საერთო აბანოდ მხოლოდ ციხის  ანუ „ხოჯას აბანო” იყო და გამოირჩეოდა უწესობით, სივიწროვით.
აბანოების სახელები ხშირად მისი მფლობელის სახელიდან ან თანამდებობიდან გამომდინარეობდა. ამიტომაც იცვლიდა ხოლმე აბანო სახელწოდებას იმის მიხედვით, თუ ვის მფლობელობაში იყო ის. აბანოს სახელწოდება მისი დამახასიათებელი თავისებურებებიდანაც მომდინარეობდა. ენალა ქალაქის მელიქი იყო 1655-1672 წლებში. მას ხელახლა აუშენებია აბანო და წყალი დაუთხანის აბანოდან გამოუყვანია. ზოგიერთი მკვლევარი ენალას აბანოდ მეცხრამეტე საუკუნეში „მირზოევის აბანოდ“ წოდებულ შენობას მიიჩნევს, რომელიც მირზოევამდე ზუბალაშვილს ეკუთვნოდა. ბებუთას აბანო კი, დღევანდელი ეგრეთ წოდებული საგარნიზონო აბანო უნდა იყოს. ამას გარდა, ტფილისის ძველ ცნობარებში ნახსენებია არღუტინ-დოლგორუკის აბანო, ჩიტახოვის, მეითარას, ძმები ცოვიანოვების, თამამშევის, ავლაბარში – გოგილოს აბანო. იმავე ცნობარებზე დაყრდნობით, საერთო აბანოში შესვლა 15-20-25 კაპიკი ღირდა, ხოლო ნომრის დაქირავება – 60-80 კაპიკიდან 1,20-1,50 მანეთამდე ჯდებოდა.
აბანოებს, ძირითადად, ირანული არქიტექტურის კვალი აჩნია (ეს მეჩვიდმეტე საუკუნის თბილისის არქიტექტურის ნიშანდობლივი თვისებათაგანია). მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლურ ყაიდაზე გადაკეთდა  ორბელიანების აბანო, ეგრეთ წოდებული „ჭრელი აბანო”. სახელწოდება მან მიიღო სხვადასხვა ფერის ფილებისგან, რომლებითაც მოპირკეთებულია მინარეთისმაგვარი კოშკებით დაგვირგვინებული მისი პორტალი. სწორედ ამ აბანოში დადიოდა ალექსანდრე პუშკინი თბილისში ყოფნის დროს. ცნობილი ფაქტია, რომ პუშკინის მექისე უცხვირო კაცი იყო. აბანოს მესამე ნომერს კი, რომელშიც პუშკინი „განიბანა“, დღემდე „პუშკინის ნომერს” უწოდებენ. სხვადასხვა დროს ჭრელ აბანოს ესტუმრნენ: ალექსანდრე დიუმა, კოსმონავტი გრეჩკო, ლუდმილა ზიკინა და ამერიკის პრეზიდენტის, ჯონ კენედის უმცროსი ძმა, ედვარდ (ტედ) კენედი, რომელიც 1970-იან წლებში იყო თბილისში ჩამოსული.
ძველი თბილისის აბანოებს მხოლოდ ჰიგიენური დანიშნულება არ ჰქონია, ისინი გარკვეულად საზოგადოებრივ დანიშნულებასაც ასრულებდნენ. იოსებ გრიშაშვილი წერდა: „წინათ აბანო მსურველთათვის ღია იყო, ხალხს გათენებამდე შეეძლო შიგ ყოფნა. აბანო ჩამოსული გლეხისთვის ზოგჯერ სასტუმროს დანიშნულებასაც ასრულებდა. საქონელს ბაღში მირეკავდა, თვითონ კი, განბანილ-განსპეტაკებულს, ორ შაურად, მთელ ღამეს აბანოში არხეიდან ეძინა...აბანოში ქალები მთელი დღით რჩებოდნენ და სადილობდნენ კიდეც... მერე ჩაის სმა იწყებოდა –  ეს იყო მათი კლუბიცა და თეატრიც. გარდა ამისა, ქალებს საშუალება ეძლეოდათ, აბანოში გამოეფინათ თავიანთი ტუალეტები და ძვირფასი სამკაულები. ქალს ახალი ტანისამოსი უეჭველად აბანოში უნდა ჩაეცვა... რასაკვირველია, მაჭანკალი ქალები არც აბანოში ივიწყებდნენ თავიანთ პროფესიას. ბევრი ლამაზი ქალის ბედი გადაწყვეტილა აბანოში, ბევრი სანდომიანი „ქალი და რძალი” გაბედნიერებულა და ბევრი ფიზიკური ნაკლიც აღმოსჩენია გატიტვლებულ ქალს”.
აბანოებში დროსტარება ხშირად ფინალი იყო თბილისელი მოქეიფე ბოჰემისთვის – ბაღებში დაწყებული ქეიფი აბანოებში მთავრდებოდა ხოლმე. იოსებ გრიშაშვილი წერდა: „თბილისის ნახვა და აბანოში არშესვლა იგივეა, რომ პარიზში ჩახვიდე და ეიფელის კოშკი არ ნახოო”.
უშანგი რუხაძე
მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985 წელი).

скачать dle 11.3