კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (51)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რის გამო უწოდებდნენ თომას სანკარას „ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს“ და რატომ აკრძალა მან საკუთარ კაბინეტში კონდიციონერის დადგმა

ანტიიმპერიალისტი და პანაფრიკანისტი თომას ისიდორ ნოელ სანკარა „აფრიკელი ჩე გევარასა” და „პრეზიდენტი-ასკეტის“ სახელებით იყო ცნობილი. იგი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა ბურკინაფასოს მოსახლეობისთვის. მისი პოლიტიკური კარიერა ადრეულ ასაკში ტრაგიკულად დასრულდა, თუმცა მისი პიროვნება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აფრიკის უახლეს ისტორიაში. „თბილისელების” ამ ნომერში მის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.
* თომას ისიდორ ნოელ სანკარა 1949 წელს დაიბადა. მისი მშობლები სხვადასხვა აფრიკული ტომის წარმომადგენლები იყვნენ: დედა ფულბეს ტომიდან, ხოლო მამა – მოსის ტომიდან. მოსის ტომის საკასტო სისტემაში თომასი „სილმი-მოსი” იყო, რაც „მესამე კატეგორიის” ადამიანს, ანუ, მონების შთამომავალს ნიშნავდა. თუმცა, მისი მშობლები მონები არ იყვნენ – მამა, სამბო ჯოზეფ სანკარა, ფრანგულ ჟანდარმერიაში მსახურობდა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო.
* თომასის მშობლებს სურდათ, მათი შვილი კათოლიკე მღვდელი გამხდარიყო, თუმცა,  ბურკინაფასოს რელიგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ისლამის მიმდევარია, თომასი ყურანსაც კარგად იცნობდა. 19 წლის ასაკში თომასი სამხედრო სამსახურში ჩადგა და მადაგასკარში წავიდა ოფიცრების სკოლაში სასწავლებლად. იქ თომასის თვალწინ ორჯერ მოხდა სახალხო გამოსვლები ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ და მას საბოლოოდ ჩამოუყალიბდა რევოლუციური მსოფლმხდეველობა, რაზეც დიდი გავლენა იქონია ვლადიმირ ლენინისა და კარლ მარქსის ნაშრომების გაცნობამ.
* თომას სანკარა სამშობლოში 1972 წელს დაბრუნდა, 1974 წლიდან კი ის ცნობილი გახდა როგორც ყველასგან განსხვავებული ოფიცერი, რომელიც უკრავდა ჯაზ-ჯგუფში და გადაადგილდებოდა მოტოციკლით. 1976 წელს სანკარამ ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა სამხედრო კომანდოსების ცენტრს, სადაც გაიცნო თავისი თანამებრძოლები – ბლეზ კომპოარე, ანრი ზონგო და სხვა რევოლუციონერები, რომლებთან ერთადაც ოპოზიციაში გადასულმა სანკარამ სამხედრო გადატრიალება მოახდინა და  1983 წელს ბურკინაფასოს ფაქტობრივი მმართველი გახდა.
* 1984 წელს თომას სანკარას ინიციატივით, ზედა ვოლტას შეეცვალა კოლონიური სახელწოდება და „ბურკინაფასოს რესპუბლიკა“ დაერქვა; ასევე, სანკარამ შეცვალა სახელმწიფოს დროშა და გერბი, რომლის დიზაინის შექმნაშიც თავად იღებდა მონაწილეობას. მის ტექსტსა და მუსიკაზე შეიქმნა ბურკინაფასოს ჰიმნი.
* რევოლუციის მთავარ გამარჯვებად თომას სანკარას თავისი პირადი უშუალობა მიაჩნდა. იგი არმიელი კაპიტნის ხელფასით ცხოვრობდა – 450 დოლარით თვეში. პრეზიდენტისთვის განკუთვნილ ხელფასს კი, 2 ათას დოლარს უსახლკარო ბავშვების დახმარების ფონდში რიცხავდა. სანკარას სიკვდილის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთელ მის ქონებას ძველი „პეჟო”, მაცივარი გაფუჭებული საყინულით, სამი გიტარა და ოთხი ველოსიპედი შეადგენდა. მისი პირველი ბრძანება, როდესაც პრეზიდენტი გახდა, შემდეგში მდგომარეობდა: აკრძალა საკუთარი პორტრეტების გამოფენა საჯარო ადგილებსა და ჩინოვნიკების კაბინეტებში. მისი თქმით, იგი არაფრით განსხვავდებოდა დანარჩენი შვიდი მილიონი ბურკინაფასოელისგან და არ იყო ღირსი, რომ მისი ფოტოები ყველას თვალში მოხვედროდა.
* თომას სანკარამ თავის კაბინეტში კონდიციონერის დადგმაზე თქვა უარი და ეს იმით ახსნა, რომ რიგით ბურკინაფასოელს არ ჰქონდა იმის ფუფუნება, ცხელ დღეებში კონდიციონერი შეეძინა. მისი ბრძანებით, გასაყიდად გაიტანეს სამთავრობო ავტოპარკი, რომელიც „მერსედესებისგან” შედგებოდა  და შეიძინეს „რენო-5” მოდელის ავტომობილები – იმ დროისთვის იაფი შესანახი და ნაკლები საწვავის მომხმარებელი მანქანები. თომას სანკარა იმ დროის და, ალბათ, თანამედროვე ეპოქის სამაგალითო პრეზიდენტი იყო, რომელიც უარს აცხადებდა ფუფუნებაზე, სასახლეზე და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა უაგადუგუს გარეუბანში.
* მმართველობის პირველ წლებში სანკარამ სამთავრობო კაბინეტის წევრებს შეუმცირა ხელფასი, აუკრძალა მძღოლებით სარგებლობა და პირველი კლასით ფრენა. ჩინოვნიკებს ეკრძალებოდათ  დასავლეთში შეკერილი ძვირად ღირებული კოსტიუმების ჩაცმა და ყველა ვალდებული იყო, ადგილობრივი მკერავების მიერ შეკერილი ტანსაცმლით შემოსილიყო. ერთხელ თომას სანკარამ მინისტრთა კაბინეტის ნახევარი გაათავისუფლა, გათავისუფლებული მინისტრები კი აიძულა, კოლმეურნეობებში წასულიყვნენ და მიწაზე ემუშავათ. 1986 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სანკარას ხელისუფლებაში ყოფნის მესამე წლისთავზე ბურკინაფასოში კორუფცია, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა.
* თომას სანკარას მთავარ რეფორმებად სახელდება: შიმშილის დამარცხება, უფასო ჯანდაცვისა და განათლების სისტემების შექმნა, ბრძოლა ეპიდემიებთან და კორუფციასთან, უდაბნოს გამწვანების პროექტები (სანკარას პრეზიდენტობის პერიოდში ბურკინაფასოში დაირგა 10 მილიონამდე ხე, რამაც შეაჩერა საჰარის უდაბნოს ტერიტორიის გაზრდა), კუბიდან მოწვეული ვოლონტერების მიერ სანკარას ინიციატივით ჩატარდა 2,5 მილიონი ბავშვის ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია,  რის შედეგადაც სიკვდილიანობა ბავშვებში მკვეთრად შემცირდა – 1 000-დან 145-მდე; სანკარას მთავარ გამარჯვებად ითვლება ქალთა უფლებების დაცვა; თავის მთავრობაში მან პირველად დაასაქმა ქალები. გარდა ამისა, აიკრძალა ქალების ძალით დაოჯახება, მრავალცოლიანობა. აფრიკელი მმართველებიდან სანკარამ პირველმა აღიარა  ოფიციალურად, რომ აფრიკაში შიდსის ეპიდემია მძვინვარებდა და დაიწყო კონტრაცეფციის გავრცელების პროგრამა. თომას სანკარას ხელისუფლებაში მოსვლამდე ზედა ვოლტა აფრიკის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა იყო, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 40 წელს შეადგენდა, ხოლო მოსახლეობის 98 პროცენტმა წერა-კითხვა არ იცოდა. ყველა ეს მონაცემი რევოლუციიდან 3 წელიწადში გამოსწორდა.
* დასავლურ პრესაში თომას სანკარა სახელდებოდა როგორც „ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი” და, ასევე, ნეოკოლონიალიზმის ტიპის სახელმწიფოს მშენებელი. სანკარა ღიად აკრიტიკებდა დასავლურ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს და უარს აცხადებდა მათგან რაიმე სახის დახმარების მიღებაზე. მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ფიდელ კასტროსთან, რომელიც 1987 წელს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ბურკინაფასოს,  სანკარას სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე.
* თომას სანკარა 1987 წლის 15 ოქტომბერს, სახელმწიფო  გადატრიალების დროს მოკლეს. გადატრიალების ინიციატორი და სანკარას მკვლელობის შემკვეთი მისი უახლოესი გარემოცვის წევრი, მეგობარი და თანამებრძოლი, ბურკინაფასოს იუსტიციის მინისტრი, ბლეზ კომპოარე იყო. მოგვიანებით, ლიბერიელი საველე მეთაურის, პრინს ჯონსონის  აღიარების  თანახმად, გადატრიალების მთავარი რეჟისორი ლიბერიელი დიქტატორი, ჩარლზ ტეილორი იყო. სანკარასა და მისი 12 თანამებრძოლის ცხედარი უსახელო ძმათა საფლავში დაკრძალეს, ხოლო მისი მეუღლე და ორი შვილი ქვეყნიდან გაიქცნენ. რევოლუციიდან რამდენიმე დღეში ბლეზ კომპოარემ საკუთარი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. მისი ერთ-ერთი პირველი მოქმედება იყო საპრეზიდენტო პოსტზე კერძო „ბოინგის” შეძენა. გარდა ამისა, კომპოარემ ხელფასები გაუზარდა მინისტრებს და გადასახადი დააწესა ჯანდაცვაზე. ის იდეები კი, რისთვისაც თომას სანკარა იბრძოდა, გააუქმა. 1991 წელს ბურკინაფასოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც მხოლოდ მოსახლეობის 7 პროცენტი გამოცხადდა და 100-პროცენტიანი შედეგით პრეზიდენტი ბლეზ კომპოარე გახდა. კომპოარე დღესაც ბურკინაფასოს მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდებობასაც ითავსებს. იგი აფრიკის თანამედროვე დიქტატორად არის ცნობილი.
* თომას სანკარას ჩამოგდებაში დიდი როლი ითამაშეს ბლეზ კომპოარეს მხარდამჭერმა საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. სანკარა იდეალისტი გახლდათ და მისი მთავარი სისუსტე რევოლუციური პატიოსნებისა და თავისი გარემოცვის ერთგულების რწმენა იყო. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, სანკარამ მიტინგზე მიმართა ხალხს. მიტინგი სანკარას კერპის, ერნესტო ჩე გევარას მკვლელობის მე-20 წლისთავს მიეძღვნა. იქ სანკარამ წარმოთქვა ფრაზა, რომელიც მის ეპიტაფიად იქცა: „რევოლუციონერების მოკვლა შეიძლება, იდეის – არა”.

скачать dle 11.3