კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (68)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

როგორ დაავალეს ოთარ ჯაყელს მეორე მსოფლიო ომის დროს პარიზის პრინცის დაცვა და როგორ გადაარჩინა მისი ოჯახი კონგოში ადგილობრივმა მოსახლეობამ

დიდი ხანია‚ რეჟისორი ალექს ჯაყელი  საფრანგეთში ცხოვრობს. იგი იქ დაიბადა, თუმცა‚ მისმა ოჯახმა 60-იანი წლების მიწურულს საქართველოში ცხოვრება გადაწყვიტა. მაშინ ალექსი მხოლოდ 5 წლის იყო. თბილისში დაამთავრა სკოლა, თეატრალური უნივერსიტეტი, წლების განმავლობაში გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო და არ აპირებდა საქართველოდან წასვლას, მაგრამ, 1999 წელს საფრანგეთში მოუწია დაბრუნება... დღეს ბატონი ალექსი დიდი წარმატებით ეწევა სარეჟისორო საქმიანობას და, რაც მთავარია‚ საკურორტო ქალაქ ლაბოლში მას პატარა საქართველო აქვს შექმნილი –  ქართული სიმღერით, ცეკვით, სამოსით, მიწვეული ქართველი მსახიობებით, რომლებსაც მაყურებელი მისი სპექტაკლების საშუალებით ახლოს ეცნობა. ბატონ ალექსს საფრანგეთში თავისი საკმაოდ წარმატებული, ძლიერი თეატრალური კომპანია „პრესტო ანდანტე“  აქვს, ატარებს ფესტივალს, მასტერ-კლასებს და, უკვე წლებია‚ ჩაჰყავს ქართველი მსახიობები, სპექტაკლებში მონაწილეობენ და ნიჭის გამოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ.
წინაპრები
ალექს ჯაყელი: ბაბუა, ალექსანდრე ჯაყელი, ჭიათურის მანგანეცის საზოგადოება „ჩემოს“ ხელმძღვანელობდა. ბათუმში იყო გემი „გურჯისტანი“, რომელსაც ქვანახშირი გადაჰქონდა. სტალინს მისი გაყიდვა უნდოდა, მაგრამ ბაბუას გარეშე ვერ გაყიდდა, ამიტომ გაუშვა ამერიკაში და მას შემდეგ ის აღარ დაბრუნებულა. სადაც დღეს ცენტრალური ფოსტაა, იმ ადგილას იდგა ჯაყელების სამსართულიანი სახლი; ასევე‚ ბაბუაჩემს ეკუთვნოდა სასტუმრო „ინტურისტი“ და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ, ყველაფერი ჩამოართვეს. რა თქმა უნდა‚ მის ოჯახსაც საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ, ბებიაჩემი და მამაჩემი აჭარის მთებით, კონტრაბანდისტებთან ერთად გადაიპარნენ ჯერ თურქეთში და შემდეგ – ევროპაში. აი‚ ასე აღმოვჩნდით ემიგრაციაში ბელგიაში. ბაბუა აღარ დაბრუნებულა. როდესაც ბებია ემიგრაციაში წავიდა, მაშინ მამა 9 წლის იყო. რაც შეეხება დედაჩემის‚ ეთერ რუხაძის ოჯახს, ისინიც ემიგრაციაში იმყოფებოდნენ. მანამდე ისინი ბათუმში ცხოვრობდნენ და შეფიცულებს მალავდნენ, რის გამოც დედაჩემის დედა „კაგებემ“ დაიჭირა. აწამეს, მკერდში ურტყეს კონდახი, მაგრამ, მან დედაჩემთან ერთად მოახერხა ფანჯრიდან გადაძრომა, თურქეთში გაქცევა და შემდეგ საფრანგეთში გადასვლა. მოგვიანებით ბებია მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. დედამ და მამამ ერთმანეთი ბელგიაში გაიცნეს. დედა პიანისტია, სხვადასხვა კონკურსებში იღებდა მონაწილეობას. ედიტ პიაფივით ცნობილი მომღერალია ბარბარა, რომელსაც, ფაქტობრივად‚ დედამ ასწავლა პიანინოზე დაკვრა და ერთად მართავდნენ კონცერტებს. ის დედას შესახებ თავის წიგნშიც წერდა.
მეორე მსოფლიო ომი და ქართველი ლეგიონერი
მამამ არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ის საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში ფაშისტების წინააღმდეგ იბრძოდა. დე გოლს უნდოდა საფრანგეთში მონარქიის აღდგენა, უნდოდა პარიზის კონტის გამეფება, რომელიც სამეფო ტახტის პირდაპირი შთამომავალი იყო. სამხედრო ნაწილის ერთ-ერთი მეთაური იყო ქართველი ოფიცერი დავით შალიკაშვილი. სწორედ შალიკაშვილმა სთხოვა მამას კონტის დაცვა, რომელიც ასევე უცხოურ ლეგიონში იბრძოდა, როგორც რიგითი ჯარისკაცი. ის თხოვნა მამამ პირნათლად შეასრულა. მამა ამ ყველაფერზე იშვიათად ლაპარაკობდა, ჩვენს სახლში ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბებოდა, მოდიოდნენ მამას მოწაფეებიც. მე იმ დროს ბავშვი ვიყავი, მაგრამ, მათთან ერთად საოცარ დროს ვატარებდი. როდესაც მამას ცოტა ბახუსი მოეკიდებოდა, მაშინ ყვებოდა ძველ ამბებს. საოცარ გარემოში გავიზარდე. დღეს მამა ცოცხალი არ არის, დედა ცოცხალია და ამჟამად საქართველოში იმყოფება.
    მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მამა აფრიკაში, კონგოში წავიდა სამუშაოდ. რა თქმა უნდა‚ დედაც თან გაჰყვა. იქ სილის დიდი დეფიციტი იყო – ჭირდა და მამამ გამოიგონა სისტემა, რომლის დახმარებითაც მდინარე კონგოდან შლამი ამოჰქონდა და შემდეგ სილად გადაამუშავებდა. ამით საკმაოდ დიდი თანხა იშოვა, მაგრამ, ბანკში ვერ  დააბანდა. ის ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პატივისცემით სარგებლობდა, რადგან, მათ წერა-კითხვას ასწავლიდა და ფეხბურთის გუნდიც კი ჩამოაყალიბა. ადგილობრივები ეუბნებოდნენ: შენ აშკარად  ჩვენიანი ხარ‚ სხვა სოფლიდან ჩამოსული, ბელგიიდან არ ხარო. ლუმუმბას აჯანყებას ძალიან ბევრი ძალადობა, ადამიანების გაუპატიურება, უამრავი ცუდი რამ მოჰყვა, მაგრამ მამაჩემის ოჯახს არავინ შეეხო, რადგან, თავად მოსახლეობა იცავდა – მათ ჩასვეს თვითმფრინავში ჩემი და და ძმა, რომლებიც 4-5  წლისანი იყვნენ და გამოუშვეს ბრიუსელში. მე იმ დროს დაბადებული არ ვიყავი, საფრანგეთში დავიბადე, აფრიკიდან მათი დაბრუნების შემდეგ. აჯანყების გამო მამამ ყველაფერი დაკარგა და ასე ცარიელ-ტარიელები დაბრუნდნენ პარიზში, ამიტომ, კვლავ ნულიდან მოუწიათ ცხოვრობის დაწყება. პარიზში მამამ არქიტექტურული კაბინეტი გახსნა და თავის პროფესიას დაუბრუნდა. ის ძალიან ბევრი პროექტის ავტორია – მან ააშენა პარიზში ტექნიკური ბიბლიოთეკა, რომელიც როდენის მუზუემთან ახლოს დგას და კიდევ ბევრი შენობა. თუმცა‚ 60-იან წლებში საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა – იფიქრა, შვილები გამიფრანგდებიანო და მთელი ოჯახი 1969 წელს საქართველოში წამოვიდა. თუმცა‚ მოგვიანებით, ანუ 1999 წელს, მე კვლავ საფრანგეთში დავბრუნდი.
დაბრუნება საქართველოში და შექმნილი პრობლემები
როდესაც მამა საქართველოში ჩამოვიდა, სამშვილიან ოჯახს მასივში მისცეს პატარა, ოროთახიანი ბინა. ამან მამაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ფაქტობრივად‚ ორი წელი უბინაოდ ვიყავით, მამაჩემის დეიდებთან ვცხოვრობდით. ბოლოს ვიღაც ჩაერია და ყაზბეგის ქუჩაზე მოგვცეს ექვსოთახიანი ბინა.  მამასთან ბევრი ადამიანი მოდიოდა და სთავაზობდნენ, რემონტს გაგიკეთებთო, მაგრამ, უარს ეუბნებოდა, რადგან, ამ ყველაფრის უკან „კაგებე“ იდგა. მაშინდელ მთავრობას აწყობდა კაპიტალისტური ქვეყნიდან ჩამოსულ ოჯახთან ურთიერთობა, რომელიც უცებ ხდებოდა პარტიის წევრი. მამა ასეთ კორუფციაში არასდროს შესულა და, ამიტომაც, სულ „კაგებე“ დაჰყვებოდა თან. მახსოვს‚ ერთხელ, რაღაც სუფრა იყო, ვიღაცამ დალია და მამას ფამილარულად უთხრა: ბატონო ოთარ, რამ მოგიყვანათ ამ ქვეყანაშიო. მამამ უპასუხა: იმიტომ ჩამოვედი, რომ ეს ქვეყანა თქვენისთანებს არ დარჩეთო. იმის გამო, რომ კაპიტალისტურ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ჩვენს ოჯახს დიდი პრობლემები შეექმნა: მამაჩემს არ მისცეს დოცენტობა, პროფესორობა, დედაჩემი კი, საერთოდ, შემცირებაში მოაყოლეს – კონსერვატორიიდან გამოუშვეს. ერთი სიტყვით, მათ საქართველოში კარიერა ვერ ააწყვეს, თუმცა‚ ისინი ამაზე საერთოდ არ ნერვიულობდნენ. მამა‚ ერთადერთი‚ იმაზე დარდობდა, უნდოდა, უფრო მეტი ფინანსური საშუალება ჰქონოდა, რომ შვილები კარგად ჰყოლოდა.
უკან – საფრანგეთში. ლაბოლის პატარა საქართველო
ჩემზე ამბობდნენ, ნიჭიერიაო, მაგრამ, სკოლაში ძალიან ცუდად ვსწავლობდი, არ მიყვარდა. პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში დავდიოდი, სადაც ლევან ჩიქვანაია იყო დირექტორი – ძალიან კარგი კაცი. ნულ კლასში ვიყავი, როდესაც მის კაბინეტში შევედი. მკითხა: ალექს, რა გაგიჭირდაო. ჩემოდნით წიგნები კი არ დამქონდა, არამედ „ლეგოები“. გადმოვუყარე მაგიდაზე და ვუთხარი: სწავლა არ შემიძლია, აქ უნდა ვითამაშო, ესენი უნდა ავაწყო-მეთქი. მიდი ითამაშე, მეც მოგეხმარებიო, – მითხრა. საოცარი პედაგოგი იყო. თამაში რომ მომბეზრდა‚ მერე კლასში მომინდა შესვლა, მაგრამ, სწავლა მაინც არ მიყვარდა. განსაკუთრებით – მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ტექნიკური საგნები. წიგნი არ გადამიშლია, თუმცა, კითხვა, წერა ძალიან მიყვარდა. 5 წლის ვიყავი, როდესაც ვთქვი – რეჟისორი და მხატვარი უნდა გავხდე-მეთქი და არც გადამიხვევია. 16 წლის ვიყავი‚ როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ლიბერალები იყვნენ დედა და მამა, არაფერში ერეოდნენ, ჩვენ რაც გვიხაროდა, მათაც უხაროდათ.  მეოთხე წელია‚ ჩემთან‚ საფრანგეთში, ვეპატიჟები ქართველ მსახიობებს, რომლებიც ორი-სამი თვის განმავლობაში ცხოვრობენ საფრანგეთში და ჩემს თეატრში, ჩემს კომპანიაში თამაშობენ ფრანგ მსახიობებთან ერთად. ოღონდ, ისეთ ადამიანებს ვეპატიჟები, რომლებიც ნიჭიერები, მაგრამ,  გარიყულები არიან თეატრალური საზოგადოებიდან, ან, არაცნობადები იმის გამო‚ რომ „ვიღაცის“ შვილები არ არიან.
ქალაქ ლაბოლში ვცხოვრობ. საკურორტო ქალაქია, ატლანიტიის ოკეანესთან, ფეშენებელური, მილიონერები რომ ისვენებენ. აქ 2005 წელს დავაარსე ჩემი კომპანია „პრესტო ანდანტე“, მანამდე სხვადასხვა თეატრში ვმუშაობდი. ვდგამ სპექტაკლებს, ახლა უკვე  125-ე სპექტაკლს ვაკეთებ. მაქვს ჩემი თეატრი, სადაც ვდგამთ სპექტაკლებს, შემდეგ კი მათ ყიდულობენ და, ხან ბელგიაში ვთამაშობთ, ხან – საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში. ჩვენი კომპანია საკმაოდ ცნობილია მთელ რეგიონში, ერთ-ერთი საუკეთესოა, მრავალ კუთხეს მოიცავს. მე ვატარებ მასტერ-კლასებს პროფესიონალი მსახიობებისთვის და, ასევე‚ ლიცეუმებში, საბავშვო ბაღში, მოყვარულთა წრეში... ფაქტობრივად‚ ამ რეგიონში მთელი მონოპოლია ჩემს კომპანიას აქვს აღებული, რომელიც სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება, თვითდაფინანსებაზეა. წლიურად ჩვენს კომპანიაში ვატრიალებთ ათასიდან 250-300 ათასამდე ევროს, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ამჟამად ორი ქართველი მყავს ჩემთან – ცოლ-ქმარი. ისინი შემთხვევით გავიცანი. ათი წელია‚ ბელგიაში ცხოვრობენ, ფენომენალურად მღერიან სხვადასხვა ენაზე, მუსიკას მიწერენ ჩემი სპექტაკლებისთვის. ახლა ჩემთან არიან, რადგან, ტარდება ფესტივალი – „ხელოვნება პლაჟზე“. ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ქვიშაზე, საღამოს 6-7 საათზე ვთამაშობთ სპექტაკლებს, ფესტივალი ლაბოლის მერიისგან არის დაფინანსებული. უკვე სამი წელია‚ ვაკეთებ ფესტივალს, ვიწვევ ქართველ მსახიობებს; მაქვს ჩოხები, აჭარულის სამოსი, ძირითადად‚ სულ ქართველები მონაწილეობენ, არის ქართული სიმღერა, ცეკვა. ახლო მომავალშიც დიდი გეგმები გვაქვს. მარტში უნდა შევარჩიო ორი ქართველი მსახიობი და სამი თვით ჩამოვიყვანო ლაბოლში. ისინი ყველა სპექტაკლში მიიღებენ მონაწილეობას და ჩემი ასისტენტებიც იქნებიან. ერთი იქნება ზურა პირველი, რომელიც პოლონეთში მოღვაწეობს – უნიჭიერესი და უწესიერესი ადამიანია, მეორესაც შევარჩევ...

скачать dle 11.3