კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რასთან არის დაკავშირებული ქალებში ორგაზმის არქონა და რა გავლენას ახდენს ქალის სექსუალურობაზე ბავშვობაში მიღებული ფსიქოტრავმები

ანორგაზმია, სექსოლოგების მტკიცებით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში. ამ დარღვევას ხელს უწყობს სხვადასხვა სოციო-კულტურული ფაქტორი, ფსიქიკური დარღვევები, აგრეთვე, ქალის სასქესო ორგანოების პათოლოგიები. ქალები, ხშირად ახდენენ ორგაზმის იმიტაციას, რაც ზოგჯერ პარტნიორისადმი ინდიფერენტულობით, ან, პირიქით – სიამოვნების სურვილით არის განპირობებული. ანორგაზმიისა და ორგაზმის იმიტაციის პრობლემის შესახებ სექსოლოგი გია ბეროშვილი გვესაუბრება.

– ანორგაზმია, ეს არის სექსუალური დარღვევის სახე, რომლის დროსაც ადამიანს არ შესწევს უნარი, მიაღწიოს ორგაზმს არც სექსუალური აქტის და არც სხვა საშუალებებით სასქესო ორგანოების სტიმულაციის დროს. ანორგაზმიის გამომწვევი მიზეზები იყოფა ფსიქოგენურ და სომატოგენურ (ანუ ორგანულ, სხეულებრივ) მიზეზებად. უფრო ხშირად მას განიხილავენ როგორც ფსიქოგენურ დარღვევას, თუმცა, იგივე ანორგაზმია შეიძლება გამოიწვიოს სომატურმა დაავადებებმა. მაგალითად, ჰორმონულმა დარღვევებმა, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიებმა, შაქრიანი დიაბეტის დროს განვითარებულმა ნეიროპათიებმა, გაფანტულმა სკლეროზმა, მენჯის ძვლების ტრავმებმა და ასე შემდეგ.
– რა სიხშირით გვხვდება ეს პრობლემა ქალებში?
– საერთაშორისო სტატისტიკით ეს ციფრები ძალიან მერყევია, დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის – სოციო-კულტურულზეც. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ეს პრობლემა, საშუალოდ, ქალების 30-40 პროცენტს აწუხებს, რაც არ არის მცირე და, შეიძლება, ეს მაჩვენებელი უფრო მეტიც იყოს, რადგან, ამის სტატისტიკა ჩვენთან არ არსებობს.
– არის ანორგაზმია მხოლოდ ქალური პრობლემა?
– ანორგაზმია მხოლოდ ქალების პრობლემა არ არის, ის გვხვდება მამაკაცებშიც, თუმცა, ბევრად იშვიათად და მისი მიზეზები ასევე იყოფა ფსიქოგენურად და სომატოგენურად. მამაკაცებში ანორგაზმია შეიძლება გამოიწვიოს ბავშვობის ფსიქოტრავმებმა, ნეგატიურმა ემოციებმა სქესობრივი მომწიფების ასაკში და მრავალმა სხვა ფსიქოგენურმა ფაქტორმა. მამაკაცის ანორგაზმიის გამომწვევი ორგანული მიზეზებიდან უფრო ხშირია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიები.
– არის თუ არა ანორგაზმია ქალებში ყოველთვის დაკავშირებული სექსუალური გამოცდილებისა და სათანადო განათლების უქონლობასთან?
– გარკვეულწილად, არის თუმცა, რა თქმა უნდა, არა ყოველთვის. მეცნიერულად დადგენილია, რომ ქალები, რომლებსაც ჰქონდათ სექსუალური გამოცდილება ქორწინებამდე, ან, უფრო მეტი ინფორმაცია საკუთარი სექსუალურობის შესახებ (თეორიულ ინფორმაციას ვგულისხმობ), უფრო ადვილად აღწევენ ორგაზმს. ცხადია, ეს გადამწყვეტ მიზეზად არ ითვლება, მაგრამ, სასურველია, გარკვეული თეორიული სექსუალური განათლება ყველას ჰქონდეს.
– არის თუ არა ის დაკავშირებული, კულტურულ ფენომენთან? – ქართული კულტურის სექსთან დამოკიდებულებას ვგულისხმობ.
– კულტურულ ფაქტორებთან ანორგაზმიის პირდაპირი დაკავშირება არასწორი იქნებოდა, თუმცა, ის ამ ფენომენზე გარკვეულ გავლენას ახდენს. მაგრამ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ანორგაზმია მხოლოდ ქართველების პრობლემა არ არის, ის მთელ მსოფლიოში დღესაც რჩება პრობლემად, ამიტომ, ყველაფერს „ქართულ სექსს“ ნუ დავაბრალებთ.
– როგორ ხდება ანორგაზმიის დიაგნოზის დასმა?
– ძალიან მარტივად – უბრალოდ, ეკითხები პაციენტს და ისიც გპასუხობს... – ეს ნახევრად ხუმრობით. ანამნეზის საშუალებით, ანუ პაციენტის დაავადების ისტორიის შევსების პერიოდში გამოკითხვით დგინდება, არსებობს თუ არა ეს პრობლემა, ანუ, აღნიშნავს თუ არა პიროვნება, რომ მას აქვს ანორგაზმია.
– რა არის ცრუ ანორგაზმია?
– ეს არის სამედიცინო ტერმინი. როდესაც ქალი ვერ ახერხებს თითქმის მიღწეული ორგაზმის დასრულებას და რჩება დაუკმაყოფილებელი, ანუ, განიცდის გარკვეულ ძლიერ სიამოვნებას, რომელიც უნდა დამთავრდეს ორგაზმით, მაგრამ, არ მთავრდება.
– არის თუ არა სინამდვილეში ანორგაზმია დაორსულების ხელის შემშლელი ფაქტორი?
– ქალის ანორგაზმია ორსულობის ხელის შემშლელი ფაქტორი არ არის. ის მითი, რომ მამაკაცმაც და ქალმაც ერთდროულად უნდა განიცადონ ორგაზმი, რათა ნაყოფი ჩაისახოს, არასწორია.
– არის თუ არა ანორგაზმია რომელიმე ქალური დაავადების თანმდევი, მაგალითად, გენიტალიების ანომალიები, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა თუ თამაშობს რაიმე როლს?
– როგორც უკვე ვქვით, ქალის ანორგაზმიის მიზეზი უფრო ხშირად ფსიქოგენურია, ვიდრე ორგანული, მაგრამ, ეს პრობლემა შეიძლება შეიქმნას ქალის სასქესო ორგანოების სხვადასხვა პათოლოგიის დროს და ეს არცთუ იშვიათია, მაგალითად: ჰორმონული სისტემის პათოლოგიების, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, საკვერცხეების პათოლოგიების შემთხვევაში და ასე შემდეგ.
– რა როლი ენიჭება ამ პრობლემის გადაჭრაში მამაკაცს და არის თუ არა დამნაშავე ხშირად პირველი სექსუალური პარტნიორი?
– სექსუალურ პარტნიორს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, მაგრამ, პირდაპირ ვერ ვიტყვით, არის თუ არა დამნაშავე, რადგან, ანორგაზმიას ქალბატონში, რომელსაც აქვს ორგანული პრობლემები, ვერანაირი მამაკაცი პარტნიორი ვერ მოაგვარებს ექიმის გარეშე. ამასთანავე, გარკვეულწილად, შეიძლება, მამაკაცის არასწორი „სექსუალური ქცევა“  გახდეს ქალის ანორგაზმიის მიზეზი.
– არის თუ არა მასტურბაცია ანორგაზმიის გამომწვევი ფაქტორი და რა ასაკიდან მიმართავენ გოგონები თვითდაკმაყოფილების ამ მეთოდს?
– მასტურბაცია არ განიხილება როგორც ანორგაზმიის გამომწვევი მიზეზი,  პირიქით, მასტურბაციას მამაკაცებიც და ქალებიც მიმართავენ სწორედ იმისთვის, რომ ორგაზმს მიაღწიონ. თავის მხრივ, მასტურბაცია არ ითვლება პათოლოგიურ ქმედებად, თუ ის ასოცირებული არ არის რაიმე ფსიქიკურ დარღვევასთან. მასტურბაციას ეწევა მამაკაცთა უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით – კრიზისულ, ანუ, გარდატეხის ასაკში, ჭაბუკური ჰიპერსექსუალობის პერიოდში, ან, მაშინ, როცა არ ჰყავს მუდმივი სექსუალური პარტნიორი. სავარაუდოდ, შეიძლება ეს იყოს 12-16 წლის ასაკიდან.
– ხშირად არის თუ არა ანორგაზმიის მიზეზი ფსიქიკური და არა ფიზიოლოგიური (მაგალითად, შიში, გაღიზიანება, ანტიპათია პარტნიორის მიმართ)?
– ჩამოთვლილმა ფაქტორებმა შეიძლება, დათრგუნოს ქალში ორგაზმი, რადგან, ანორგაზმია ქალებში უფრო ფსიქოლოგიური წარმოშობისაა. სწორედ ამიტომაც, თუ ზემოჩამოთვლილი ფაქტორები გახშირდა, არათუ დათრგუნავს ორგაზმს ქალში, არამედ, შესაძლოა, გამოიწვიოს სრული ანორგაზმია და სექსისადმი მისი საერთოდ ინდეფერენტულობაც.
– რატომ ახდენს ქალი ორგაზმის იმიტაციას?
– სამწუხაროდ, ამ ქმედებას ქალები ხშირად მიმართავენ და ეს არ ხდება მარტო საქართველოში. სტატისტიკა იმდენად დამაინტრიგებელია, რომ, შეიძლება, დაუჯერებელიც იყოს. ზოგიერთი მეცნიერის კვლევების მიხედვით, ქალები, რომლებიც, ასე ვთქვათ, „თამაშობენ ორგაზმს“, 60-70 პროცენტს შეადგენენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ანორგაზმია აქვთ, უბრალოდ, არის მრავალი მიზეზი, რის გამოც შეიძლება, ქალმა მოახდინოს ორგაზმის იმიტაცია და მათ შორის ერთ-ერთ უპირველესად ითვლება ის, რომ მას სურს, პარტნიორს აგრძნობინოს, რომ მასთან აქვს ჰარმონიული სექსუალური კონტაქტი, რადგან, მას ესმის, რომ მამაკაცისთვის პრესტიჟულია, როდესაც მასთან აღწევს ორგაზმს; ქალში არის, აგრეთვე,  პარტნიორის დაკარგვის გარკვეული ქვეცნობიერი შიში და, ამიტომ, ამ „თამაშით“, ანუ ორგაზმის იმიტაციით, ცდილობს, დაიმკვიდროს ადგილი მამაკაცის ცხოვრებაში, როგორც სექსუალურმა ქალმა. მიზეზები ამ თამაშისა უამრავია, მაგრამ, გეტყვით საპირისპიროსაც: ქალმა ორგაზმის იმიტაცია შეიძლება იმიტომაც მოახდინოს, რომ აღარ აინტერესებს თავისი საქსუალური პარტნიორი ან არ არის განწყობილი სექსისადმი, მაგრამ ამას პარტნიორი მოითხოვს. ამიტომ, ცდილობს, დაკმაყოფილებულად მოაჩვენოს თავი, რათა მამაკაცმა სექსუალური აქტი დასრულებულად ჩათვალოს. კიდევ მრავალი სხვა მიზეზიც არსებობს, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
– საჭიროებს თუ არა ანორგაზმია ყველა შემთხვევაში სამედიცინო ჩარევას?
– ეს პრობლემა ყველა შემთხვევაში საჭიროებს სპეციალისტის ჩარევას, რადგან, ანორგაზმია, შეიძლება ითქვას, არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მაგრამ, ადამიანში იწვევს ძლიერ ფსიქო-ფიზიოლოგიურ ძვრებს, რაც შემდგომში მის სოციალურ ადაპტაციაშიც აისახება. ამიტომ, მათ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, უნდა მიმართონ სპეციალისტებს, პირველ ყოვლისა, იმის გასარკვევად, თუ რა მიზეზითაა გამოწვეული პრობლემა და შემდეგ, გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით მოხდება მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევა.

скачать dle 11.3