კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მგლები 5

უკანასკნელი ქურდი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-30(604)

– რა მოხდა? – შიშით წამოიძახა მურთაზის მეუღლემ, როდესაც ქმრის გაფითრებული სახე და მარჯვენა ხელში ჩაბღუჯული პისტოლეტი შენიშნა.
– არაფერი, საძინებელში შედი! – უპასუხა კაცმა, შემდეგ მხარი აუქცია ცოლს, ფანჯარას მიუახლოვდა და ფრთხილად გადაიხედა ეზოში. იქ არავინ ჩანდა. თავდამსხმელი მოჩვენებასავით გამქრალიყო. მურთაზი ფანჯარას მოშორდა, ფარდა გადაწია, სავარძელში დაჯდა და ფიქრს მიეცა.
კეფაზე ახლაც გრძნობდა პისტოლეტის ცივ ლულას, მაგრამ, უფრო მეტად იმ ხმამ დასცა თავზარი, რომელიც, თავის გარაჟში მყოფს, მობილური ტელეფონიდან ჩაესმა.
– გამარჯობა, მურთაზ...
მურთაზი უმალ მიხვდა, ვისაც ეკუთვნოდა ეს ხმა. კანკალმა სწრაფად დაურბინა სხეულს და კიდურებმა მოძრაობის უნარი დაკარგა.
– რა მოგივიდა, დამუნჯდი?! – ცივად განაგრძო ლუკამ.
– ვინ ბრძანდებით? – გაჭირვებით ჩაიხიხინა მურთაზმა.
– შენით ვერ ხვდები?!
– მე თქვენ არ გიცნობთ.
– კარგი, დაგდებ პატივს და თავიდან გაგეცნობი – ლუკა გეგეშიძე!.. რამეს გახსენებს ჩემი ვინაობა?
– მახსენებს...
– მაშინ, ყურადღებით მისმინე, ნაბიჭვარო! – განაგრძო ლუკამ, – ჩემი ერთი სიტყვაც კმარა, მაგ გოროხივით თავიდან ტვინი რომ დაანთხიო. მხოლოდ იმიტომ ხარ ცოცხალი, რომ დღესდღეობით შენში რაღაც საჭიროებას ვხედავ. იმედი არ გამიცრუო, თორემ, შუბლში მართლაც გაგიჩნდება ნახვრეტი!
– რა გინდა? – ყრუდ ჩაილაპარაკა  მურთაზმა.
– მხოლოდ ერთ სიტყვას გეტყვი, დანარჩენს შენით მიხვდები, ეკა! – უპასუხა ლუკამ.
– ეკა იზოლატორშია. დღეს პირველად შევხვდი.
– მე ვერ მომწვდით და მას სჯით?
– მერწმუნე, მე არაფერი მაკავშირებს მაგ საქმესთნ! – სწრაფად თქვა მურთაზმა.
– როგორ?! – გაიკვირვა ლუკამ, –  საქმეს იძიებ და არაფერი გაკავშირებს მასთან?!
– არა, სხვა რამ მინდოდა მეთქვა. საქმეს მე ვიძიებ, მაგრამ, ეკას დაპატიმრებასთან არაფერი მაკავშირებს. მე მხოლოდ გუშინ გავიგე, რაც მას შეემთხვა.
– რატომ აჩერებ იზოლატორში, ასეთი რა დააშავა ეკამ? ხომ შეგიძლია მისი თავდებით ან გირაოთი გათავისუფლება?!
– არ შემიძლია!.. მერწმუნე, რომც მოვინდომო, არავინ მომცემს ამის საშუალებას!
– ვინ დგას ამ საქმის უკან? – ჰკითხა ლუკამ.
– არ ვიცი... საქმე საგამოძიებოს უფროსმა, გურამ მაჩაიძემ მომცა.
– კონკრეტულად რა დაგავალა?
– განსაკუთრებული არაფერი – საქმე უნდა გამოვიძიო და სასამართლოს გადავცე, – უპასუხა მურთაზმა.
– ესე იგი, ეკას სროკზე გაშვებას აპირებენ?! – ბრაზი მოერია ლუკას,
– არა მგონია, ეკას ინტერესი არავის აქვს.
– მაშ – რატომ აჩერებენ იზოლატორში?
– ზუსტად ვერ გეტყვი. შემიძლია, ვივარაუდო, რომ მავანს არ მოეწონა პრეზიდენტის პრესცენტრის თანამშრომლის შენთან ურთიერთობა და ასეთი ფორმით გადაწყვიტა მისი დასჯა ან კიდევ...
– როგორც ვხედავ, ამ წლების განმავლობაში შენში არაფერი შეცვლილა, – დამცინავად თქვა ლუკამ, – რა სირიც იყავი, იმად დარჩი. ვინ ჭამს, ნაბოზარო, შენს მალალეტკურ ბაზარს?! ეგ შენი კანტორის პაგონიან ჟურნალისტს მოუყევი, რომელიც პირში ჩაგთხრის მიკროფონს. აზრზე მოდი, ნაბიჭვარო! შენ ინტერვიუს კი არა, აღსარებას ამბობ! ჩემთან ურთიერთობისთვის სამსახურიდან რომ გაეშვათ, არ გამიკვირდებოდა და ალბათ მართლებიც იქნებოდნენ, მაგრამ, სროკი ნამეტანია!.. ნუ გამოცდი ჩემს მოთმინებას, დროზე ამოღერღე, ვის და რა ინტერესი აქვს ეკას მიმართ!
– ეკა არავის აინტერესებს, – მძიმედ წარმოთქვა მურთაზმა, – მაჩაიძე მანამდე გააჩერებს ციხეში, სანამ შენ არ გამოჩნდები. ვინ დგას მაჩაიძის უკან, არ ვიცი – ასეთ საქმეში რიგით გამომძიებელს არავინ ჩაახედებს. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, გითხრა: მაჩაიძემ რაღაც ოპერაცია ახსენა, რომელშიც რუსეთისა და უკრაინის პროკურატურებიცაა ჩართული.
– ესე იგი, ეკა მძევლად აიყვანეს?
– ასე გამოდის, – დაეთანხმა მურთაზი.
– ასე რატომ გაგიმეტეს? შენმა ბოსებმა ხომ იციან, რომ ჩემთვის რიგითი გამომძიებელი არ ხარ და შენს დასაბრედად საჭიროზე მეტი მიზეზი მაქვს?  – წარსული შეახსენა ლუკამ.
– რად გვინდა ძველის გახსენება? შენც ხვდები, რომ მაშინ არაფრის შეცვლა არ შემეძლო, ყველაფერს ჭკუასელი წყვეტდა.
– მე არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც პირველად შეგხვდი – ათწლიან სროკს ასე უბრალოდ ვერ ამოვაგდებ ცხოვრებიდან. მაგრამ, არასდროს დამიპირებია შენთვის პასუხის მოთხოვნა. ეს რომ მომენდომებინა, დიდი ხნის მკვდარი იქნებოდი. დღეს კი... როცა რელსებზე მიდიხარ, იმისი ანგარიშიც უნდა გქონდეს, რომ ლოკომოტივი დაგეჯახება. მეორედ აღარ მოვისმენ შენგან – რად გვინდა ძველის გახსენება. შენც ხვდები, რომ მაშინ რაიმეს შეცვლა არ შემეძლო. ყველაფერს სხვა წყვეტდაო! შენ მაგრად მიჰქარე ჩემთან და იმ საქმის გამო შენთვის არაფერი დამიშავებია. მაგრამ, ახლა ნაღდად დაგბრიდავ, საერთოდ გაგაქრობ და ვერავინ ვერასდროს ვერ მოაგნებს შენს დამპალ მძორს! ალალად გეტყვი: ძალიან მინდა ამის გაკეთება, მაგრამ, შენნაირი დამპლის გამო არ დავარღვევ ჩემს წესს. ერთ შანსს მოგცემ. გააკეთებ იმას, რაც მე მინდა – იცოცხლებ. თუ არა – ტრუპი ხარ!
– რა გინდა? – ყოყმანით ჰკითხა მურთაზმა.
– ეკა უნდა გათავისუფლდეს! – მოკლედ მოუჭრა ლუკამ.
– არ შემიძლია, გესმის? არ შემიძლია!
– მე ვწყვეტ, რა შეგიძლია და რა–არა! რასაც გეტყვი, გააკეთებ, – გასაგებია?!
– გასაგებია, – გაუბედავად უთხრა მურთაზმა.
– ერთი რამ დაიმახსოვრე: დღეიდან შენს სიახლოვეს ყოველთვის იქნება ვიღაც, ის, ვისაც შენ ვერც კი შეამჩნევ. საკმარისია, რამე არ მომეწონოს შენს ქცევაში და... დანარჩენი უკვე გითხარი!.. რამდენიმე დღეში დაგიკავშირდები და გეტყვი რაც უნდა გააკეთო!... – თქვა ლუკამ და მობილური გათიშა.
მურთაზმა გაუბედავად ასწია ხელი და აპარატი მის უკან მდგომ ირაკლის გაუწოდა.
– კარგად გაიგე, რაც გითხრეს? – ჰკითხა მან.
– ჰო... გავიგე, – ჩაილაპარაკა მურთაზმა.
– ისე ნუ მოიქცევი, რომ კიდევ დამჭირდეს აქ მოსვლა.  შენთვის იქნება უკეთესი, თუ აღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს... – ყურში ჩასჩურჩულა ირაკლიმ და კეფიდან პისტოლეტის ლულა მოაშორა.
მურთაზს ზედმეტი ხმაური არ გაუგია – ნაბიჯის ხმა ან მცირე ფაჩუნი მაინც. ინსტინქტურად იგრძნო, რომ მის გვერდით აღარავინ იმყოფებოდა, უკან გაიხედა. თავის სიახლოვეს ვერავინ შენიშნა – თავდამსხმელი მოჩვენებასავით გამქრალიყო. მისი პისტოლეტი კი იქვე, მანქანის უკანა საბურავთან მიეტოვებინა. მურთაზმა სასწრაფოდ ჩაბღუჯა იარაღი და სირბილით გავარდა სადარბაზოს შესასვლელისკენ.
„ახლა როგორ მოვიქცე? – ფიქრი განაგრძო მურთაზმა, – დამპალი მაჩაიძე! მაინც გამხვია შარში, გამომიყენა! ხორცსაკეპში შემაგდო და მშვიდად ელოდება, როდის ამიგებს ანდერძს კაცისმკვლელი გეგეშიძე. მეც კარგი სულელი ვარ, ნაღდი იდიოტივით მოვიქეცი. სხვას რას ველოდი? საიდან გამიჩნდა იმის მოლოდინი, რომ გეგეშიძე ფულით სავსე ჩემოდნით მოვიდოდა და იტყოდა: რაც იყო – იყო, ძველებურად მოვაგვაროთ ეს გაუგებრობა. მაყუთს გაგიმაზავთ, ქალი გაუშვით და მეც დამივიწყეთო?! მაჩაიძეს, შეიძლება, მართლაც სჯეროდეს ასეთი ზღაპრების, მე კი არ უნდა შევმცდარიყავი. ყველაზე კარგად მე ვიცნობ იმ არაკაცს და ისიც უნდა გამეთვალისწინებინა, რომ გეგეშიძე მანამდე ასკდება კედელს სანამ არ გაანგრევს. შემოვლა მისი სტილი არ არის. ჩემდა საუბედუროდ, ჯერ არ შეხვედრია ისეთი კედელი, რომელზეც ტვინს მიანთხევდა. რაზე ვფიქრობ? ჯანდაბამდე გზა ჰქონია გეგეშიძესაც და მის საყვარელსაც, მე რა ვქნა, როგორ გამოვიდე მდგომარეობიდან? იმ არაკაცმა გასაგებად მითხრა – მოგკლავო!.. მხოლოდ იდიოტი არ მიაქცევს ყურადღებას მის მუქარას. ყველაფერზე წამსვლელია. ამაზე უარესიც გაუკეთებია და ჩემი გამომძიებლობაც არ შეაჩერებს – უყოყმანოდ მომიქსევს თავის მკვლელებს... რით დავუპირისპირდები მე? – ვერაფრით!.. ის ნაბიჭვარი თვალითაც არ მინახავს, მოჩვენებასავით წამომეპარა. ხვალ ქუჩაში რომ შემხვდეს, ვერც კი ვიცნობ და, ვინ იცის, რამდენი ასეთი მკვლელი ჰყავს დამპალ გეგეშიძეს?!. ერთი რომ გავშიფრო, მეორე მოვა; მასაც რომ მოვუარო, მესამე გამოჩნდება... არა, ეს გამოსავალი არ არის, ნებისმიერ შემთხვევაში წავაგებ. მაშ, რა ვქნა, გეგეშიძეს დავყვე? გავაკეთო, რაც მას უნდა? რა სისულელეა! რა გამოდის? ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე! – გეგეშიძემ თუ არ მომკლა, მაჩაიძე მომიღებს ბოლოს!.. არა... არა... ეს გამოსავალი არ არის. იმ მკვლელის გამო ჩემიანებს ხომ არ დავუპირისპირდები?! – გაიფიქრა მურთაზმა, მერე მობილური ტელეფონი მოიმარჯვა და სწრაფად აკრიფა გურამ მაჩაიძის ნომერი. 
* * *
ნიკოლაის გასაოცრად, რიბკინი ძალიან მშვიდად შეხვდა. თავი ისე ეჭირა, თითქოს ის ავადსახსენებელი სტატია საერთოდ არ გამოქვეყნებულიყო.
– ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რომ ზურგიდან დარტყმა შეგძლებია! – დაუფარავი ბრაზით წამოიწყო გამომძიებლის მშვიდი გამომეტყველებით გაღიზიანებულმა ნიკოლაიმ.
– რას გულისხმობთ?
– ამას! – ნიკოლაიმ ორად გაკეცილი გაზეთი გაუწოდა.
– ეს არ არის ზურგში დარტყმა, ეს არის იმ დარტყმის პასუხი, რომელიც თქვენ მომაყენეთ, – უპასუხა რიბკინმა.
– იმას თუ ხვდები, რომ ამ სტატიის შემდეგ პროკურატურაში არავინ გაგაჩერებს? – მკაცრად თქვა ნიკოლაიმ.
– თქვენ? – კითხვა შეუბრუნა რიბკინმა, – თქვენ თუ დარჩებით პროკურატურაში?
– ეგ შენ არ გეხება, ჯობია საკუთარ მომავალზე იფიქრო.
– ამის სათქმელად მომიწვიეთ? – რიბკინმა საათს დახედა, –  თუ არაფერი გაქვთ დასამატებელი, მე წავალ.
– ნუ ჯიუტობ, იგორ, ჩვენ კიდევ გვაქვს მდგომარეობის გამოსწორების შანსი.
– მე არ მიმაჩნია, რომ ამ მდგომარეობას გამოსწორება სჭირდება!
– ესე იგი, შენ სტატიის გაგრძელებას აპირებ?
– მე არა, სტატიას ჟურნალისტი გააგრძელებს, – შეუსწორა რიბკინმა.
– მაინც, რა მონაცემები გადაეცი გრომოვს? – ჰკითხა ნიკოლაიმ.
– პრაქტიკულად, ყველაფერი.
– რიჟკოვთან დაკავშირებული მასალებიც?! – მოიღრუბლა ნიკოლაი. ეს მისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო. მალიშევმა საგანგებოდ გააფრთხილა, რომ არ მოითმენდა რიჟკოვის აფხაზ, ჩეჩენ და არაბ კრიმინალებთან ერთად მოხსენიებას.
– ამ თემამ განსაკუთრებით დააინტერესა გრომოვი, – მშვიდად უპასუხა რიბკინმა.
– არა, ეს სიგიჟეა! ხვდები, რას გამოიწვევს იმ მასალების პრესაში გამოჩენა?!
– ვხვდები!
– ხვდები და მაინც აკეთებ ამას?!
– ნიკოლაი პეტროვიჩ, მე ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე ამ საქმეზე. თქვენ კი გონიერი განმარტების ღირსადაც არ ჩამთვალეთ, როგორც  „შპანას,” ისე მომექეცით: მიბრძანეთ – საქმე ჩააბარე და სოჭში გადაიხვეწეო!.. მე პატივს ვცემ ჩემს პროფესიას და პროკურატურაში ვინმეს ხუშტურების დასაკმაყოფილებლად არ მოვსულვარ. არც კრიმინალისა და მკვლელის თავისუფლებაზე დატოვებას შევურიგდები!.. მაინც, რას მოიმოქმედებთ, როდესაც გრომოვი გეგეშიძესთან დაკავშირებული მონაცემების გამოქვეყნებას დაიწყებს? მაშინაც არ განაახლებთ ძიებას?!
– მე არ ვწყვეტ ამ საკითხს!
– ძალიან ცუდი. მე კი საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელი მეგონეთ! – ირონიით უპასუხა რიბკინმა.
– იგორ, გამოუსწორებელ შეცდომას უშვებ და ვიდრე გვიან არ არის, შეჩერდი. შელამაზების გარეშე გეტყვი: გრომოვის სტატიები ყველას მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენებს, პირველ ყოვლისა კი – შენ!
– მე?! – გაიკვირვა რიბკინმა, – რატომ? როგორც ვხვდები, მე თქვენს უწყებაში აღარ ვმუშაობ!.. რით შემაშინებთ?.. საყვედურს გამომიცხადებთ, შვებულებაში არ გამიშვებთ თუ პრემიაზე მეტყვით უარს?!
– იგორ, გამოცდილი გამომძიებელი ხარ და ჩემი კარნახის გარეშეც უნდა მიხვდე, რომ ამ საქმით ხელისუფლებაა დაინტერესებული.
– იქნებ „ეფესბე”! – დამცინავად ჩაილაპარაკა რიბკინმა, – ჩემთვის გასაგებია, რატომაც არ სურს „ეფესბეს” ამ საქმის გახმაურება. ასე იოლად ვერ შეელევიან რიჟკოვის პატიოსან სახელს, იმ რიჟკოვის, რომელიც აფხაზეთში ჩეჩენ კრიმინალთან და არაბ ტერორისტთან ერთად ნარკოტრასის ორგანიზებით იყო დაკავებული!
– რატომ ირთულებ ცხოვრებას? შენ რა გგონია, რომ „ეფესბე” გეგეშიძეს მშვიდად ცხოვრების საშუალებას მისცემს?! მისი საკითხი უკვე გადაწყვეტილია – ის იმაზე მალე ჩაწვება საფლავში, ვიდრე შენ წარმოგიდგენია!
– ანუ, „ეფესბე” ყველაფერს გააკეთებს, რომ გეგეშიძე სასამართლოზე ვერ მოხვდეს?
– თუნდაც ასე იყოს! „ეფესბე” თავის თავზე იღებს ჭუჭყიან სამუშაოს და რატომ უნდა შევუშალოთ ხელი?! – მხრები აიჩეჩა ნიკოლაიმ.
– მე კი სიამოვნებით მოვისმენდი გეგეშიძის აღსარებას! თქვენ არ გაქვთ ამის სურვილი? – ჰკითხა რიბკინმა.
– სხვათა შორის, ტყუილად გაქვს ამის იმედი. მე კარგად შევისწავლე მისი დოსიე და, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ამ სუბიექტს არასდროს მიუცია ჩვენება.
– ამისთვის მისი საკანში მოთავსებაა საჭირო, დანარჩენს კი შემდეგ ვნახავთ.
ნიკოლაიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და შემდეგ თქვა:
– გამოდის, რომ ვერ შევთანხმდით!
– შევთანხმდით?! – გაუკვირდა რიბკინს, – თქვენ არაფერი შემოგითავაზებიათ ჩემთვის!
– შეაჩერე სტატიები და, პირობას გაძლევ, რომ სამსახურში დაგაბრუნებ, – შესთავაზა ნიკოლაიმ.
– მე ჩემი პირობა მაქვს: მე გრომოვს შევაჩერებინებ სტატიებს, თქვენ კი განაახლებთ ძიებას და საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალებას მომცემთ.
– გამორიცხულია! – თავი გაიქნია ნიკოლაიმ.
– მაშინ, ჩათვალეთ, რომ ვერ შევთანხმდით... კარგად ბრძანდებოდეთ!.. – ცივად მოსხიპა რიბკინმა და კარს მიაშურა.
ნიკოლაიმ უკმაყოფილო მზერით გააცილა გამომძიებელი და, როგორც კი ის კაბინეტიდან გავიდა, ტელეფონით დაუკავშირდა მალიშევს და მხოლოდ ერთი ფრაზა უთხრა:
– ვერ შევთანხმდით!..
* * *
ვოვა მოულოდნელი ცნობით დაბრუნდა ხარკოვიდან: მოსკოველი ქურდები, ლეონიდ მარჩუკი და რომან ციგანოვი ლუკასთან შეხვედრას ითხოვდნენ.
– რა უნდათ? – იკითხა ლუკამ, როცა ვოვამ მოსკოველების დანაბარები გადასცა.
– არ დაუკონკრეტებიათ, მარტო ის მითხრეს, საქმე ქურდულს ეხებაო.
ლუკა ჩაფიქრდა. მარჩუკთან და ციგანოვთან რამდენჯერმე იყო შეხვედრილი. მათთან არასდროს ჰქონია ახლო ურთიერთობა. ორივე მოსკოველი ქურდი გამზატთან და ჩაჩბასთან ახლობლობდა. როდესაც მათ დაუპირისპირდა, ყველას ეგონა, რომ მარჩუკი და ციგანოვი აფხაზ და ჩეჩენ ქურდებს მიემხრობოდნენ და ღიად ჩაერთვებოდნენ ომში, მაგრამ, მოსკოველებმა გვერდზე გადგომა არჩიეს და ერთხელაც არ შეუხსენებიათ თავი ხარკოველებისთვის.
– რას იტყვი? – ლუკა ფიქრს ჯაბას ხმამ მოსწყვიტა.
– არ მომწონს მათი გამოჩენა, – უპასუხა ლუკამ, – თავის დროზე ხმა არ ამოიღეს. ისე ეჭირათ თავი, თითქოს ის რაზბორკა მათ საერთოდ არ ეხებოდათ. მაშინაც კი არ გამოჩენილან, როცა იმ ნაბოზრებმა ვოლინა მოკლეს!
– მე ხომ არ შევხვდე? ახლა არ ღირს შენი გამოჩენა, „ძაღლები“ გაცოფებულები გეძებენ, – შესთავაზა ჯაბამ.
– არა... ვინუჟდენში მაგდებენ – საქმე ქურდულს ეხებაო. რომ არ შევხვდე, ქურდებისთვის თავის არიდებად ჩამითვლიან, – იუარა ლუკამ.
შეხვედრა როსტოვის გარეუბანში მდებარე აგარაკზე შედგა. მარჩუკი და ციგანოვი მარტონი მივიდნენ აგარაკზე, სადაც მათ ლუკა და ჯაბა ელოდნენ. მოსკოველებმა ცივად მოიკითხეს დამხვდურები და მაშინვე საქმეზე გადავიდნენ.
– საქმე ქურდულს ეხება. არიფს ბაზარს ვერ დავასწრებთ! – თქვა ციგანოვმა და ჯაბას გახედა.
– დაგვტოვე, – ანიშნა ლუკამ ჯაბას და, როგორც კი ის ოთახიდან გავიდა, სავარძელზე დაჯდა და მოსკოველებს ჰკითხა:
– რისთვის გინდოდათ ჩემთან შეხვედრა?
– შენთან „სლივას“ თხოვნით ჩამოვედით... – წამოიწყო მარჩუკმა.
სლივა როსტოველი კანონიერი ქურდი და ვოლინას დიდი ხნის მეგობარი იყო, რომელიც იმჟამად როსტოვის ციხეში ათწლიან საპატიმრო ვადას იხდიდა.
– სლივას პირადად შეხვდით, თუ ქსივა მოგწერათ? – იკითხა ლუკამ.
– ციხის საავადმყოფოში შევხვდით, – უპასუხა ციგანოვმა, – ჰეპატიტი აიკიდა და კრიტიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.
– გასაგებია... რა დაგაბარათ ჩემთან?
– საქმე შენს უკრაინულ კავშირებს ეხება. სლივამ ერთი პრობლემის მოგვარება გთხოვა და ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია.
–  „ჩვენთვისაც“ რას ნიშნავს, ვის გულისხმობთ, საკუთარ თავს თუ  ქურდებს?
– ქურდებს... – უპასუხა ციგანოვმა.
– რა ბაზარია? – ჰკითხა ლუკამ.
– მოკლედ აგიხსნი ვითარებას, – განაგრძო მარჩუკმა, – ცოტა ხნის წინ  უკრაინულმა „ნორდსტრიმმა” გაზსადენის აქციების ნაწილი გამოიტანა გასაყიდად. მაგ აქციებით რუსული „გაზპრომი” ინტერესდება, მაგრამ, უკრაინის მთავრობაში რამდენიმე პიროვნება ხელს უშლის ამ გარიგებას. სლივას უნდა, რომ შენი საახლობლო ჩარიო საქმეში.
– ესე იგი, ჩემმა ხალხმა აქციები „გაზპრომს” უნდა მიაღებინოს?
– ჰო, – დაუდასტურა ციგანოვმა.
– სლივა არასდროს ერეოდა ასეთ საქმეებში, – შენიშნა ლუკამ.
– არ ერეოდა, – დაუდასტურა მარჩუკმა, – მაგრამ, ახლა მთავრობა უყენებს უსლოვიებს. ეს საქმე თუ მოგვარდა, სლივას „აქტიროვკით” (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვადამდელი გათავისუფლება) გაათავისუფლებენ.
– აქტიროვკის გაკეთება მაყუთის გამაზვითაც შეიძლება, – თქვა ლუკამ, – ფულის გამო არ ღირს ასეთ საქმეში ჩარევა.
– საქმე მარტო აქტიროვკას არ ეხება.  მთავრობა სერიოზულადაა დაინტერესებული უკრაინული აქციებით. სლივას პირობა მისცეს, რომ, თუ საქმე მოგვარდა, სერიოზულ ინფორმაციას მიაწვდიან.
– რას გულისხმობთ?
– მასკიანების სიას, – უპასუხა ციგანოვმა.
ლუკას დაუჯერებლად მოეჩვენა მოსკოველი ქურდის ნათქვამი. ის „მასკიანებში” ქურდებს შორის ჩანერგილ ინფორმატორებს გულისხმობდა. ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ რუსეთის მთავრობაში ვინმეს ამ აგენტების გამჟღავნება დაეშვა.
– რიჟა ბაზარია! – თავი გაიქნია ლუკამ, – სერიოზულ ნაბოზრებს არავინ გაშიფრავს!
– სლივამ გვითხრა, რომ ძალიან სერიოზული „ეფესბეშნიკი” მებაზრაო და მისი სიტყვა დასაჯერებელიაო, – თქვა მარჩუკმა.
– ძალიან დიდ მაყუთზეა ბაზარი – აქციების ფასი ხუთას მილიონ დოლარს ურტყამს. ამხელა „ფოსტის” გამო „ძაღლები“ რამდენიმე ნაბოზრის გაშიფვრას არ მოერიდებიან, – დაამატა ციგანოვმა.
– არ მჯერა მე „ძაღლების“ სიების, ამ ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის! – თქვა ლუკამ.
– მაგას ჩვენ გავარკვევთ. შენ ქურდები აქციების საკითხის მოგვარებას გთხოვენ.
– თქვენ გაარკვევთ?!  – გაეცინა ლუკას, – რამის გამრკვევები რომ ყოფილიყავით, ჩემთან არ მოხვიდოდით!
– მოიცა, შენ რა, უარს გვეუბნები?! – მოიღრუბლა მარჩუკი.
– ჰო... მე საჭიროდ არ მიმაჩნია მაგ საქმეში ჩარევა. სლივას სროკიდან გამოყვანა სხვანაირადაც შეიძლება – მაყუთი გაუმაზეთ „ძაღლებს“. თუ, ეგეც პრობლემა გაგიხდათ?
– მგელო, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ვინ იცის, რამდენი ნაბოზარი გაიშიფრება იმ სიით, – სწრაფად თქვა ციგანოვმა.
– ქურდმა ბოზური საქციელით უნდა გაშიფროს მასკიანი და არა „ძაღლების“ დაწერილი სიით. მომინდომეს ლუსტრაცია!.. – ლუკამ პაუზა გააკეთა და განაგრძო: მაინც, რას უზამთ იმ სიას? რომელი გაბედავთ იმ სიით სერიოზული ბაზარის აწევას?
– მაგას სხადნიაკი გადაწყვეტს.
– მაშინ, აქციების საქმეც თქვენ უნდა მოაგვაროთ. მე უკვე ვთქვი: „ეფესბეს” საქმეებში არ ჩავერევი! – ცივად თქვა ლუკამ.
– ეგ გადავცეთ სლივას? – მოიღრუბლნენ მოსკოველები.
– სლივას მე თვითონ დავუკავშირდები...
– არ გირჩევთ, მგელო, ჩვენთან დაპირისპირებას. მაგ საქმეზე უკვე ვიბაზრეთ მოსკოვში. ქურდებმა „დაბრო” თქვეს. შენ კი, ყველაფრის ჩაშლა გინდა!
– მე მოვრჩი ბაზარს. კიდევ რამე გაქვთ სათქმელი? – იკითხა ლუკამ.
– არა!.. – ბრაზით წამოისროლეს მოსკოველებმა და წასასვლელად ადგნენ.
მოსკოველი ქურდების სტუმრობას კიდევ უფრო უცნაური გაგრძელება მოჰყვა: მომდევნო დღეს მოსკოვიდან ჩამოსულმა პეტროვიჩმა საგაზეთო სტატია ჩამოიტანა, რომელშიც ლუკასა და აფხაზ ქურდებს შორის მომხდარი დაპირისპირება იყო აღწერილი. ლუკამ ყურადღებით წაიკითხა სტატია და შემდეგ ჯაბას მიუბრუნდა:
– ეს არ არის ყურმოკრული ამბის ჟურნალისტური გაფორმება. ამის დამწერი კარგადაა ჩახედული საქმეში!
– გრომოვი ცნობილი ჟურნალისტია, ტრუხა მასალებზე არ მუშაობს. თუ წერს, ესე იგი სანდო და კარგად შემოწმებული წყაროც ჰყავს, – ჩაურთო პეტროვიჩმა.
– ნაღდი საგამოძიებო მასალებია, – ჩაილაპარაკა ლუკამ, – რა გვარი იყო ის გამომძიებელი?
– იგორ რიბკინი, – უპასუხა პეტროვიჩმა.
– შენ რას იტყვი, – გახედა ლუკამ, – რას უნდა უკავშირდებოდეს ეს სტატია?
– ძნელი გასარკვევია, მაგრამ, როგორც მგონია, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ, – თქვა  პეტროვიჩმა, – ისე, ასეთ აბდაუბდას არასდროს შევსწრებივარ. ჟურნალისტი ამტკიცებს, გეგეშიძე ცოცხალიაო, პროკურატურა კი გაიძახის – არა, მკვდარიაო! მიდი და გაარკვიე, ვინ რომელ პლასტინკას უკრავს!  თანაც, სტატიას გაგრძელება ექნება და იქ უკვე ნაღდად რიჟკოვზე იქნება ბაზარი!
– ასეთი პოპულარობა ძალიან არასასურველია, – ჩაურთო ჯაბამ.
– და ამ დროს ციგანოვი და მარჩუკი შემოგვეტენენ, – ლუკა წამით ჩაფიქრდა და შემდეგ ადვოკატს მიუბრუნდა: – პეტროვიჩ, მოსკოვში მოგიწევს დაბრუნება. იმ ჟურნალისტისა და გამომძიებლის ასავალ-დასავალი გაგვირკვიე. მგონი, ზედმეტი არ იქნება მათთან დალაპარაკება...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3