კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იოსებ სტალინის სამი საბედისწერო შეცდომა

მეორე მსოფლიო ომამდელ, ომის წინა პერიოდისა და ომის შემდგომ წლებს შეიძლება ვუწოდოთ ფრანკლინ რუზველტის, უინსტონ ჩერჩილისა და იოსებ სტალინის ეპოქა. ამ სამმა ადამიანმა განსაზღვრა მსოფლიოს ერებისა და სახელმწიფოების ბედი. არსებობს ფრთიანი გამოთქმა: „ჩერჩილი, რუზველტი, სტალინი – ომი, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ და მშვიდობა, რომელსაც ისინი ეძიებდნენ”. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდგომ დაიწყო სულ სხვა ეპოქა, რომელიც აღარ იყო რუზველტის, სტალინისა და ჩერჩილის ეპოქა; ეს სხვა პოლიტიკოსების, სხვა მოაზროვნეების ეპოქა იყო.
ფრანკლინ რუზველტის სიკვდილისა და უინსტონ ჩერჩილის პოლიტიკიდან მოულოდნელად წასვლის შემდეგ (1945 წელი) იოსებ სტალინი მარტო დარჩა. მას უკვე ახალ პოლიტიკურ აზროვნებასთან, ახალ პოლიტტექნოლოგიებთან, ახალი თაობის პოლიტიკოსებთან ჰქონდა საქმე და არანაკლებ მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლების გადახდა ელოდა, ვიდრე მანამდე ჰქონდა გადახდილი. იგი დათმობას არ აპირებდა. თუმცა, მოხდა ისეთი რამ, რამაც მსოფლიო პოლიტიკის ეს მესამე ლიდერიც ისტორიის კუთვნილებად აქცია. ეს „რაღაც“ მოხდა არა ევროპაში ან ამერიკაში, არამედ, რუსეთში, საბჭოთა კავშირში.
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ რუსულ პოლიტიკურ და სამხედრო ელიტას გაუჩნდა რწმენა იმისა, რომ სტალინის გარეშეც ადვილად გავიდოდნენ ფონს. რუსის გონებაში ბუნებრივად მომწიფდა კითხვა: თუ ამერიკელები ურუზველტოდ, ხოლო ინგლისელები უჩერჩილოდ აღწევდნენ დიდ წარმატებებს, რატომ არ შეიძლებოდა, რომ რუსებს უსტალინოდ გაეკეთებინათ იგივე?! ამ კითხვაზე რუსული პოლიტიკური და სამხედრო ელიტის უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა. განსაკუთრებით აქტიურობდა სამხედრო ელიტა (მარშლები: გიორგი ჟუკოვი, ივან კონევი, სემიონ ტიმოშენკო, კონსტანტინ როკოსოვსკი, როდიონ მალინოვსკი და სხვები). გრძნობდა თუ არა სტალინი, რომ პოლიტიკური და სამხედრო ელიტა, ადრე თუ გვიან, დაუპირისპირდებოდა?! უნდა ვივარაუდოთ, რომ გრძნობდა. ყოველ შემთხვევაში, სტალინი ხედავდა სამხედრო ელიტის მხრიდან საშიშროების საფრთხეს. ამიტომ იყო, რომ მან ჟუკოვის ამბიციები აღკვეთა, ხოლო როკოსოვსკი პოლონეთში გაგზავნა სამუშაოდ. ძნელი სათქმელია, იგრძნო თუ არა ბელადმა პოლიტიკური ელიტის მხრიდან მომდინარე აგრესიაც, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ის არაფერს ამჟღავნებდა. თუმცა, შეუძლებელია, სტალინს არ სცოდნოდა, რომ საბჭოთა პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები: ვიაჩესლავ მოლოტოვი, გიორგი მალენკოვი, ნიკოლაი ბულგანინი, ლაზარ კაგანოვიჩი, ნიკიტა ხრუშჩოვი, ანასტას მიქოიანი და სხვები, ტიპური მედროვეები, უნიჭო, დიდ პოლიტიკაში სრულიად გამოუსადეგარი ადამიანები იყვნენ. მათ მხოლოდ სტალინის გვერდით შეეძლოთ გარკვეული როლის შესრულება, დამოუკიდებლად მათ ზესახელმწიფოს კი არა პატარა ქვეყნის მართვაც არ შეეძლოთ. ცოტა მოგვიანებით, სტალინის სიკვდილის შემდეგ კი უკვე ნათელი გახდა, რომ ისინი ლაჩრებიც ყოფილან. ეს პოლიტიკური ელიტა სტალინმა შექმნა და ცხადია, მანვე დაუშვა ისიც, რომ მისი ცნობილი წარმომადგენლები უნიჭო, გაიძვერა, ფლიდი და მშიშარა ადამიანები იყვნენ. ეს ის დრო იყო, როდესაც საბჭოთა ზესახელმწიფოს ერთი ადამიანის გონება მართავდა, პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები კი, მონური ერთგულებით ასრულებდნენ მის ყველა ბრძანებასა და მითითებას. დაუჯერებელია, რომ ბელადს არ სცოდნოდა სიბრძნე: „მონას სამსახური შეუძლია, მაგრამ ერთგულება – არა”. პოლიტიკური ელიტის ცნობილი წარმომადგენლების მხრიდან მლიქვნელობას სტალინი უდრტვინველად იტანდა. თუმცა, არ შეიძლებოდა, არ სცოდნოდა კიდევ ერთი სიბრძნე: „მლიქვნელობა – მუხლებზე დაჩოქილი აგრესიაა”. ომის შემდგომ სტალინმა ფრთხილად დაიწყო ნიადაგის მოსინჯვა ძველი პოლიტიკური ელიტის ახალი ელიტით ჩანაცვლების მიზნით, მაგრამ, ისეთი მრავალნაცადი დიქტატორისთვისაც კი, როგორიც სტალინი იყო, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ძველი პოლიტიკური ელიტა ყველა ღონეს ხმარობდა და საარსებო სივრცეს არ უთმობდა ახალ პოლიტიკურ ელიტას. იგივე მდგომარეობა იყო სამხედრო ელიტაშიც: ომგადახდილი მარშლები ძალაუფლების შეზღუდვასა და დაკარგვას კი შეეგუვნენ, მაგრამ, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს ახალი გენერალიტეტის დაწინაურებას. სტალინი აშკარა დაპირისპირებას მოერიდა და ეს აღმოჩნდა მისი პირველი საბედისწერო შეცდომა. როგორც ჩანს, ბელადი ვარაუდობდა, რომ პოლიტიკურ და სამხედრო ელიტას შორის განხეთქილებას ჩამოაგდებდა და, საბოლოოდ, პოლიტიკური ელიტის ძალებით გასრესდა სამხედრო ელიტას, მაგრამ, ეს მეორე საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა: პოლიტიკური და სამხედრო ელიტის წარმომადგენლებმა სტალინის სვლა ამოიცნეს და მის წინააღმდეგ ერთი ფრონტით ამოქმედდნენ. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში სტალინმა პოლიტიკური და სამხედრო ელიტა ერთი ხელის მოსმით გაანადგურა, რაც მან სპეცსამსახურებზე დაყრდნობით განახორციელა. შეეძლო თუ არა მას ამჯერადაც სპეცსამსახურების ხელით გაენადგურებინა პოლიტიკური და სამხედრო ელიტა?! სამბჭოთა სპეცსამსახურები მაშინ იმდენად ძლიერი ძალა იყო, რომ პოლიტიკურ და სამხედრო ელიტას ადვილად მოუღებდა ბოლოს. სტალინმა სპეცსამსახურების ხელით პოლიტიკური და სამხედრო ელიტის განადგურებაზე უარი თქვა, ანუ, უარი თქვა 30-იანი წლების პრაქტიკის 40-50-იან წლებში განმეორებაზე. იყო თუ არა ეს მის მიერ დაშვებული მესამე საბედისწერო შეცდომა? გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში სტალინს შეცდომა არ დაუშვია – მან სწორად განჭვრიტა, რომ ლავრენტი ბერია არ დაუშვებდა სპეცსამსახურების ომს პოლიტიკური და სამხედრო ელიტის წინააღმდეგ. ამის მიზეზი ის იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დასასრულსა და შემდგომ ხანებში ბერიამ დაიწყო კარგად გააზრებული და თავისი შედეგებით შორსმიმავალი პოლიტიკური თამაში. იგი თავს სტალინის მემკვიდრედ სახავდა, მაგრამ, კარგად იცოდა, რომ ახალ დროში დასავლეთისთვის მიუღებელ პოლიტიკურ ლიდერს საბჭოთა კავშირის მართვა გაუჭირდებოდა. წამოწყებული პოლიტიკური თამაშის მიზანი იყო ბერიას წარმოჩენა ლიბერალურ-პოლიტიკურ მოღვაწედ და მისთვის 30-იანი წლების რეპრესიების პასუხისმგებლობის ჩამოცილება. შეიძლება, ეს მიუღწეველი მიზანიც იყო, მაგრამ, ბერიამ ეს თამაში ნამდვილად დაიწყო. უცხოეთში მომუშავე საბჭოთა დიპლომატებმა და საგარეო დაზღვევის რეზიდენტურებმა მიიღეს სრულიად კონკრეტული დავალებები ლავრენტი ბერიასთვის ახალი იმიჯის შექმნის მიზნით. ასეთ ვითარებაში ბერიას საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტის რეპრესიები რომ დაეწყო, იგი სამუდამოდ დაიმკვიდრებდა სისხლიანი ჯალათის სახელს და მისთვის საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ლიდერობისთვის ბრძოლასაც დაეკარგებოდა აზრი, ბერია კი ასეთ პერსპექტივას იმდენად უფრთხოდა, რომ მას სპეცსამსახურებთან ოფიციალურად არანაირი კავშირის დაჭერა არ სურდა. იგი მხოლოდ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს მოადგილე იყო. თუმცა, არაოფიციალურად სპეცსამსახურებს მაინც ის განაგებდა. იოსებ სტალინმა კარგად იცოდა ლავრენტი ბერიას სამომავლო გეგმები, ამიტომ, სპეცსამსახურებზე დაყრდნობით პოლიტიკური და სამხედრო ელიტის განადგურება მისთვის არც დაუვალებია. შექმნილ გამოუვალ ვითარებაში სტალინმა ჩათვალა, რომ პოლიტიკურ ელიტაში ძალთა გადაჯგუფებას მოახდენდა და მასზე დაყრდნობით სამხედრო ელიტას გაანადგურებდა და ეს იყო მის მიერ დაშვებული მესამე საბედისწერო შეცდომა. რა გეგმები ჰქონდა საბჭოთა პოლიტიკურ და სამხედრო ელიტას? გადამწყვეტ შეტევაზე გადასვლას ლაჩრების ბრბო ვერ ბედავდა, თუნდაც იმიტომ, რომ ერთმანეთის ნდობა არ ჰქონდათ – ეშინოდათ, ვინმეს არ დაესწრო და ბელადისთვის პირველს არ მოეხსენებინა ყველაფერი. პოლიტიკური და სამხედრო ელიტა სტალინის გარდაცვალებას ელოდა. სტალინის ჯანმრთელობა კი დღითიდღე უარესდებოდა. არ არის გამორიცხული, რომ მას ნელი მოქმედების შხამით წამლავდნენ, ყოველ შემთხვევაში, 1952 წელს გადაღებული ერთ-ერთი ფოტოდან აშკარად ჩანს, რომ სტალინი უკვე მძიმედ იყო ავად. 1952 წლის ბოლოს მას უკვე აშკარად უჭირდა მეტყველება, გადაადგილება, ერიდებოდა ხანგრძლივ თათბირებსა და შეხვედრებზე გამოჩენას. თითქმის არავითარ ბრძანებებსა და მითითებებს აღარ გასცემდა. ბელადი განმარტოვდა. აშკარაა, მან სიკვდილის მოახლოება იგრძნო... სტალინის სიკვდილის მომლოდინე პოლიტიკურ და სამხედრო ელიტას საწადელი 1953 წლის 5 მარტს აუხდა. რუსეთის ისტორიაში კიდევ ერთი ტრაგედია გათამაშდა: უნიჭოებმა, მლიქვნელებმა და ლაჩრებმა ზესახელმწიფო ყოველგვარი ბრძოლის გარეშე გადაიბარეს. ეს უკვე აღარ იყო სტალინის ტრაგედია, ეს რუსეთის ტრაგედია იყო.
ვახტანგ გურულის
მასალების მიხედვით

скачать dle 11.3