კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი წლით ისჯებოდნენ ადამიანები მრუშობის გამო და ვინ კარგავს ქრისტიანის სახელის ტარების უფლებას

„აკრიბია“ ნიშნავს ზუსტ აზრს, სიზუსტეს, სიმკაცრეს, კანონის მიხედვით მოქმედებას. ანუ, ეს არის საეკლესიო საკითხთა გადაწყვეტა კანონის შესაბამისი მკაცრი განსაზღვრულობით. აკრიბიით, ანუ აბსოლუტური სიმკაცრით‚ უნდა გადაწყდეს მხოლოდ ის პრობლემები, რომლებიც დოგმატური ხასიათისაა. ასე რომ‚ აკრიბია – ეს არის მკაცრი განსაზღვრულობა, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ორაზროვნებას, გაურკვევლობასა და ფარდობითობას, რაც დასაშვებია საეკლესიო ცხოვრების ზოგიერთ დისციპლინურ-პრაქტიკულ საკითხსა და სამოძღვრო საქმიანობის სფეროში და რომელიც შეიძლება გადაწყდეს საეკლესიო იკონომიით. ხოლო „იკონომია“ – ეს არის პრინციპი, რომელიც ღვთიური კაცთმოყვარების სულისკვეთებით, იმ საღმრთო სიბრძნისა და ნების თანხმიერ, რომლის მიხედვითაც აღესრულება კაცთა მოდგმის ცხონება, საერთო საქმის სარგებლობისთვის გარკვეულ დათმობაზე მიდის საეკლესიო კანონმდებლობასთან. ამგვარი იკონომია დაშვებულია თვით ეკლესიის მიერ, რისი დასტურიც არის მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი ისტორია, რომელსაც ურთულესი საკითხები არაერთხელ გადაუწყვეტია იკონომიით. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

– ეკლესიაში დადგენილი ნებისმიერი სასჯელი – ეს არის კარგი სამსახური ადამიანის მიმართ, რომელიც საკუთარ თავში გულისხმობს ადამიანის გამოსწორებას. შესაბამისად‚ ეს არ არის სასჯელი, ეს არის წყალობა, რომელიც ადამიანს გამოსწორებაში, სწორი ცხოვრების წარმართვაში ეხმარება.  ამიტომაც, როგორც ასეთი‚ სასჯელი, თავისი მნიშვნელობით – ეკლესიაში არ არსებობს, თუმცა არსებობს მიდგომის ფორმები, რაც დამოკიდებულია იმაზე, ერისკაცია ადამიანი თუ სასულიერო პირი, რით სცოდავს, რა ცოდვაში ვარდება. ამ ყველაფერს კი აწესრიგებს საეკლესიო სამართალი, სადაც ეს მუხლები, ცოდვები, მიდგომები  დეტალურად არის აღწერილი‚ თუ რა სასჯელი უნდა იქნეს გამოყენებული ადამიანის მიმართ. ამისთვის  არსებობს ორი ფორმა: აკრიბია და იკონომია. ვთქვათ‚ ადამიანმა დაუშვა შეცდომა, ჩავარდა ცოდვაში, ეკლესიურ სწავლებაში ახალი სწავლება შემოიტანა, ისეთი, რომელიც ეკლესიისთვის მიუღებელია, ანუ‚ თუ ადამიანი სცოდავს ეკლესიის კანონების წინაშე, დოგმების წინაშე, რომლებიც უცვლელია, პიროვნება ექვემდებარება ამა თუ იმ სასჯელს და ამას უკვე ეპისკოპოსი წყვეტს – ეკლესიის წიაღში მთავარი იერარქი. ანუ, დოგმატები, კანონები, რომლებიც მსოფლიო, ადგილობრივი კრებების, მოციქულების, წმიდა მამების მიერ არის დადგენილი, სანამ ეკლესია იარსებს‚ მანამ იარსებებს თავისი ურყევი ფორმით, მის მიმართ ჩადენილი ცოდვა, ეს არის აკრიბია. თუ ამ ცოდვას სჩადის ერისკაცი, მაშინ მის საქციელზე რეაგირებას ახდენს უშუალოდ მისი მოძღვარი ან ეპისკოპოსი, ხოლო, თუ სასულიერო პირი – მაშინ, ადგილობრივი ეპარქიის ეპისკოპოსი ან რამდენიმე ეპისკოპოსის მიერ შედგენილი საბჭო. რაც შეეხება იკონომიას, ანუ შეწყალების პრინციპს, ეს უკვე ეხება ადამიანების მიდგომას ეკლესიასთან, რელიგიასთან, სარწმუნოებასთან, სასულიერო პირებთან, ანუ, ეს ადამიანთა ცხოვრების წესს აწესრიგებს. თუ პირველი საუკუნეების ქრისტიანებს‚ მათი სარწმუნოებიდან გამომდინარე, ცხოვრების წესის მკაცრად დაცვას სთხოვდნენ, მათ ეკლესიურ, ყოველდღიურ ცხოვრებას მეტი ყურადღება ექცეოდა, დღეს‚ რა თქმა უნდა‚ ასე არ არის. თუმცა‚ ცხოვრების წესის, მარხვების, საეკლესიო ცხოვრების არსი არ შეცვლილა არც დღეს, მაგრამ მათთან მიდგომა არის შეცვლილი, უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ – შერბილებულია. მაგალითად‚ ძველად, თუ მრევლი ორი-სამი კვირის განმავლობაში  გააცდენდა წირვა-ლოცვას და არ ექნებოდა ამის მიზეზი, არგუმენტირებული საბუთი, რომ ავადმყოფობის ან რაღაც მნიშვნელოვანი პრობლემის გამო გააცდინა, ხშირ შემთხვევაში, ის, შეიძლება‚ ეპისკოპოსის რამდენიმეწლიანი უზიარებლობით დასჯილიყო. თუ ადამიანი მრუშობის ცოდვით შესცოდავდა, მას 7 წლის განმავლობაში არ აზიარებდნენ. თუმცა‚ ეს ვადა შეიძლება შემცირებულიყო მისი შემდეგი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, როგორ მოინანიებდა ის, როგორ განაგრძობდა ცხოვრებას. მოციქულთა ერთ-ერთ კანონში ასეთი რამ წერია: თუ ადამიანი დაარღვევს მარხვას, ის დაისჯება უზიარებლობით. მაგრამ, ამ სასჯელის ვადა პიროვნებასთან მიმართებაში ინდივიდუალური იყო, ხოლო თუ სასულიერო პირი დაარღვევდა მარხვას, ის იმ მომენტშივე უნდა განეკვეთათ ეკლესიიდან, რა თქმა უნდა‚ თუ ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ხდებოდა. როგორც უკვე აღვნიშნე, დღესაც, საეკლესიო, ქრისტიანული ცხოვრების წესი ისევ უცვლელია, უბრალოდ‚ მის მიმართ მიდგომაა შეცვლილი, რადგან ჩვენ ადამიანებს ვერ მოვთხოვთ ისე ცხოვრებას, იმის გაკეთებას, რასაც პირველი საუკუნის ქრისტიანები აკეთებდნენ.
– ვინ ცვლის ამ მნიშვნელოვანი და უცვლელი საკითხების მიმართ მიდგომასა და შემსუბუქებას?
– თუ ფართო საზოგადოებრივი საკითხია ეკლესიის წიაღში წამოჭრილი, მნიშვნელოვანი ფართო მასებისთვის, რაღაც ახალი უნდა გადაწყდეს, მაშინ ეკლესია უშვებს ამ დათმობას და ამას წყვეტს ეპისკოპოსთა საბჭო პატრიარქის თავმჯდომარეობით. თუ ინდივიდუალური საკითხია და ეს ეხება ერთ ან რამდენიმე ადამიანს, მაშინ უკვე მოძღვარი წყვეტს თავის ადგილობრივ სამრევლოში. ადრე, პირველ საუკუნეებში‚ ადამიანს მრუშობის გამო მკაცრად სჯიდნენ, დღეს სასჯელის ფორმა განსხვავებულია და ის შეიძლება 5 წლამდე, 2 წლამდე‚ ან თვეებამდე იქნას დაყვანილი – გააჩნია პიროვნებას, მის სულიერ მდგომარეობასა და მის მიმართ მოძღვრის მიდგომას.
– თუმცა‚ დღეს ასეთი რამ ხშირად ხდება.
– ჩვენ, სასულიერო პირებიც, ამ კარგი გაგებით ძალაუფლებას ძალიან ცუდად ვიყენებთ – არა იმისთვის, რომ ადამიანი მოექცეს, გადარჩეს, დაფიქრდეს თავის დანაშაულზე, პირიქით – რადგან ეს ძალაუფლება მოგვეცა, ამიტომ, ადამიანზე ისე უნდა აღვასრულოთ, როგორც ჩვენ მოგვეპრიანება. გარდა ამისა‚ ამ საკითხის მიმართ ძალიან ფაქიზი მიდგომაა საჭირო, რადგან, ყველა ადამიანი ინდივიდუალური, მნიშვნელოვანი და დელიკატური საკითხია.
– უზიარებლობის სასჯელის გარდა, დასჯის კიდევ რა ფორმები არსებობდა? ძველად იყო ხატზე გადაცემა, სასულიერო პირების მიერ ერისკაცების დაწყევლა, შეჩვენება...
– ხატებზე გადაცემა არსებობდა, მაგრამ, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა; ასეთი რამ მაშინ ხდებოდა, როდესაც ეკლესიური ცხოვრება საქართველოში დაკნინებული იყო, არ იყვნენ სასულიერო პირები იმ რაოდენობით, რომ ყველა სოფელში თითო მოძღვარი მაინც ყოფილიყო. ეკლესიას აქვს ერთი ფორმა, თავად მაცხოვარი მსჯელობს ამის შესახებ მოციქულებთან საუბრისას, როდესაც მათ ეუბნება, რომ ექნებათ ძალაუფლება ადამიანთა „შეკვრისა“ და „გახსნისა“. ანუ, აქ საუბარია ეკლესიის ძალაუფლებაზე და მის აღმსრულებლებზე, ანუ სასულიერო პირებზე. თუ ადამიანი აშკარად უპირისპირდება დედაეკლესიას, გმობს ღმერთს, საეკლესიო ტრადიციას, კანონებს, უდიერად ეხება სიწმიდეებს და მისი მოქცევის, გამოსწორების ყველა ხერხი ამოწურულია, რა თქმა უნდა‚ რჩება ერთადერთი ფორმა – ეს არის შეჩვენების პრინციპი, რომელიც მოიცავს დიდ განკანონებს, დიდ განყენებას, ანუ ის ეკლესიასთან ურთიერთობას კი არა, ქრისტიანის სახელის ტარების უფლებასაც კარგავს. დღეს ასეთი რამ იშვიათად ხდება. შეიძლება‚ მოძღვარს მღვდლობის 40-წლიანი პრაქტიკა ჰქონდეს, მაგრამ, არც ერთხელ არ გამოიყენოს ეს სასჯელი მრევლის მიმართ. ერთია, რომ ძალაუფლება მოგეცა და, მეორე – რომ ის არ უნდა გამოიყენო ცუდად. ასე რომ  არ იყოს‚ შეიძლება არაეკლესიურმა ადამიანმა სასულიერო პირის შეურაცხყოფა მიაყენოს ან ხელით შეეხოს და ამის გამო მღვდელმა შეაჩვენოს, „შეკრას“. სასულიერო პირის შეურაცხყოფა ძალიან სამწუხარო ფაქტია, ცუდია, მაგრამ, ეს არ ნიშნავს ეკლესიის შეურაცხყოფას. თუმცა, შეიძლება, რაღაც მარცვალი ვიპოვოთ, მაგრამ‚ ამის გამო სასულიერო პირის მიერ ადამიანის შეჩვენება, დაწყევლა არ შეიძლება. სამწუხარო ის არის, რომ ნებისმიერი ადამიანის სიტყვას თავისი პირდაპირი ადრესატი ჰყავს, ამიტომ, ამ შემთხვევაში, მღვდლის მიერ მრევლის დაწყევლა ან შეჩვენება ძალიან ცუდია, თუნდაც ეს შეჩვენება არ იყოს კანონიერად აღსრულებული. მაგრამ‚ თუ ადამიანი, როგორც უკვე აღვნიშნე‚ ჩავარდება უკიდურეს, გამოუსწორებელ მდგომარეობაში, ანუ შეურაცხყოფს ეკლესიას, რელიგიას, მის მიმართ ამ სასჯელის თვითნებურად გამოყენების უფლება სასულიერო პირს მაინც არ აქვს, ამისთვის მან ადგილობრივი ეპისკოპოსისგან უნდა აიღოს კურთხევა ან თავად ის ეპისკოპოსი აღასრულებს. შეჩვენება‚ რა თქმა უნდა‚ სიტყვიერად ხდება, მაგრამ‚ მანამდე მცირე გამოძიება, სასამართლო უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება ანათემას, ეს უფრო საყოველთაო შეჩვენებაა. საეკლესიო კრებებიდანაც არის ცნობილი, რომ ეპისკოპოსების მიერ შედგენილი საბჭო, კრება შეაჩვენებდა ერთ რომელიმე ეპისკოპოსს ან მღვდელმთავარს, გარკვეული მწვალებლობის, ეკლესიაში შფოთის შემოტანის გამო. მსოფლიო კრებებშიც იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც შეაჩვენებდნენ ეპისკოპოსს, მღვდელმთავარს, რომელსაც ეკლესიაში შფოთი შემოჰქონდა, უპირისპირდებოდა საღვთო გარდამოცემას და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ, თუ ადამიანი შეინანებდა, წერილობით და ზეპირად აღიარებდა, რომ შესცოდა დოგმატური საკითხებისადმი, ეკლესიისადმი, შეჩვენება უქმდებოდა და ხდებოდა მისი ხელახლა „გახსნა“. ხოლო, თუ ის ადამიანი არ შეინანებდა და აღესრულებოდა შეკრულის მდგომარეობაში, მაშინ ის არა მხოლოდ აქ, არამედ, იმქვეყნადაც შეჩვენებული იქნებოდა.

скачать dle 11.3