კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

ინტიმური საუბრები

საკუთარ თავში ეჭვი მეპარება
როგორც ჩემი ახლობლები ამბობენ, ყველანაირად კარგი ბიჭი ვარ, როცა არ ვსვამ, მაგრამ, თუ ზომაზე მეტი დავლიე, შეურაცხადი და უკონტროლო ვხდები. მთელი უბედურება კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს „მაგრამ“ და „თუ“ არც ისე იშვიათად ხდება და, შესაბამისად, შედეგიც სავალალო მოჰყვება ხოლმე, ანუ, როგორც იტყვიან, პათოლოგიური სიმთვრალე მაქვს: ვხდები შარიანი, ვიწყებ ყველასთან ჩხუბს, გარშემო ყველაფერს ვამტვრევ, უკანასკნელი სიტყვებით ვაგინებ დიდსა და პატარას, მერე კი ვჯდები და ვიწყებ ხმამაღლა ტირილს. ეს ყველაფერი ხომ საშინელებაა, მაგრამ უფრო უარესი ის არის, რომ მერე, როცა გამოვფხიზლდები, არაფერი აღარ მახსოვს და მგონია, რომ რაღაცეებს მიგონებენ. ჩემი ასეთი საქციელის გამო ნათესავებიც და მეგობრებიც გამირბიან – ყველას ყელში ამოუვიდა ჩემი ლოლიავი, მაგრამ, ეს კიდევ არაფერი, ჩემი პათოლოგიური სიმთვრალის წყალობით, შეყვარებული დავკარგე – ვერაფერს რომ ვერ გახდა, ადგა და მიმატოვა. მითხრა, რადგან სასმელი გირჩევნია ჩემს თავს, სულ კარგად იყავი, სვი და ამტვრიე ყველაფერი, აგინე ყველას, მერე კი დაჯექი და იბღავლე, მე შენკენ აღარ გამოვიხედავო. ისე განვიცადე, კინაღამ თავი მოვიკალი, მერე კი ბოღმაზე იმდენი დავლიე, „ბელაია გარიაჩკა“ დამემართა და მართლა ძლივს გადამარჩინეს. ერთი თვე საავადმყოფოში ვიწექი და ბოლოს კაფსულა ჩამიდგეს.
ახლა აღარ ვსვამ. მართალია, ხანდახან მინდება ხოლმე ბიჭებთან ერთად წაქეიფება, მაგრამ, ყველა ჭირიანივით გამირბის. ვიცი, რომ უჩემოდ ქეიფობენ და ატარებენ დროს და, სადღაც, გულის სიღრმეში, მწყინს კიდეც, რომ არ მეძახიან, მაგრამ, კარგად რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ ამას ისევ ჩემთვის აკეთებენ და ამით ვიმშვიდებ თავს. უკვე რამდენიმე თვეა, წვეთი აღარ დამილევია და, როგორც დედაჩემი მეუბნება, ადამიანს დავემსგავსე. მინდა, საერთოდ დავივიწყო სასმლის არსებობა, ანუ, კაფსულას რომ ამომიღებენ, მერეც აღარ დავლიო, თუმცა, არ ვიცი, როგორ შევძლებ ამას. მეშინია, ვაითუ ისევ ვეღარ შევიკავო თავი. არადა, ლოთი კი არ ვარ (რა დროს ჩემი ლოთობაა 23 წლის ასაკში), უბრალოდ, ჩემს ორგანიზმს ალკოჰოლზე აქვს რეაქცია და ეს ვერავის გავაგებინე. მამაჩემი მეუბნება, ერთი-ორჯერ კიდევ რომ დალიო, მერე კაფსულაც აღარ გიშველის, კლასიკური „ბრადიაგა“ გახდები და ყველა უარს იტყვის შენზეო. სიმართლე გითხრათ, ასეთი მომავალი სულაც არ მხიბლავს, მაგრამ, არ ვიცი, მოვერევი თუ არა თავს. ახლა, რაც აღარ ვსვამ, ჩემს შეყვარებულს შევუთვალე, უკვე გამოვსწორდი და დამიბრუნდი-მეთქი. მან კი დამირეკა და მითხრა, დაბრუნებაზე მაშინ მელაპარაკე, კაფსულის ამოღებიდან კიდევ ერთი წლის განმავლობაში წვეთს თუ აღარ დალევო. ოღონდ ის შემირიგდეს და თავს გადავახტები, თუმცა, ხანდახან მაინც ეჭვი შემიპყრობს ხოლმე: შევძლებ კი?!
თორნიკე, 23 წლის.

მე ამქვეყნად საუკეთესო მამა მყავდა
და-ძმებს შორის უფროსი შვილი მე ვიყავი, ორი მომდევნო ძმა მყავს. მამა სამივეს თან გვყვებოდა, მაგრამ მე განსაკუთრებით მანებივრებდა. არ არსებობდა სურვილი, რომ ჩემთვის მაშინვე არ შეესრულებინა. ბიჭებს ცოტა უფრო მკაცრად ექცეოდა, უფრო მეტს მოითხოვდა მათგან, მაგრამ, ზოგადად, არაჩვეულებრივი მამა იყო. ყველაფერზე თვითონ დავყავდით – მუსიკაზე, სპორტზე, ექიმებთან... დასასვენებლადაც კი, არასდროს მარტოს არ წავუყვანივართ დედას; მამა ყიდულობდა ჩვენთვის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. დედამ ჩვენი ზომებიც კი არ იცოდა, იმდენად არ ეხებოდა ეს საკითხი. რომ წამოვიზარდე და პრანჭიაობა დავიწყე, მაშინაც კი, ისეთ ტანსაცმელს შემირჩევდა, ჩემი ყველაზე პრეტენზიული დაქალებიც კი შოკში იყვნენ. მოკლედ, მამას დედოფლად ვყავდი სახლში და, ცოდვა გამხელილი სჯობს, ხანდახან თავს ვუტყდებოდი, რომ მამა უფრო მიყვარდა, ვიდრე დედა. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოჯახში ჩემს პრივილეგიებს არ აღიარებდა და, საერთოდ, ცივად მექცეოდა, იყო ბებია (მამის დედა), რომელიც ჩვენთან არ ცხოვრობდა, მაგრამ, შორიდანაც ახერხებდა ხოლმე ჩემ მიმართ „წაიაზვებას“: ხან ჩემი ნიშნები არ მოსწონდა (მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არ ვსწავლობდი), ხან მეგობრებს მიწუნებდა, ხან – ჩაცმა-დახურვას, ხან რას და ხან – რას. სხვათა შორის, არც დედაჩემს ანებივრებდა ტკბილი სიტყვებით და დედას მიმართ მისი შენიშვნების ძირითადი თემა ისევ და ისევ მე ვიყავი. ხშირად მამაჩემსაც გადასწვდებოდა ხოლმე, თუმცა, შედარებით უფრო ფრთხილად, რადგან, იცოდა თავისი შვილის ფიცხი და ფეთქებადი ხასიათი და ეშინოდა მისი ჩხუბის, მით უფრო, თუ ბებია მე შემეხებოდა. სანამ პატარა ვიყავი, ვერაფრით ვერ ვიგებდი, რატომ არ მოვწონდი და არ ვუყვარდი ბებიას (ბებიებს ხომ შვილიშვილი გოგოები განსაკუთრებით უყვართ), რატომ არ მეფერებოდა, არ მისვამდა კალთაში და არ მიყვებოდა ზღაპრებს, მაშინ, როცა ჩემს ძმებს ისე დაჰფოფინებდა და ისე ანებივრებდა, მამას ხშირად უთქვამს, ნუ გამიფუჭე შვილები, ასე ნუ ელოლიავები, ეგენი კაცები უნდა გაიზარდონ და ცოტა მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოო. ამაზე ბებია გაკაპასდებოდა და ეუბნებოდა, მე ამათზე ზრუნვას ვერავინ ამიკრძალავს, ბოლოს და ბოლოს, ჩემს სისხლსა და ხორცს ველოლიავები, ზოგიერთებივით სხვისას კი არაო. ამ სიტყვებზე დედა ცრემლმორეული გადიოდა ოთახიდან, მამა კი ძლივს იკავებდა თავს ჩხუბისგან, რადგან, მეც იქ ვიდექი, გაოცებული სახით ვუსმენდი უფროსების დიალოგს და ვერ ვხვდებოდი, ასე რატომ „კბენდნენ“ ერთმანეთს. მამა აშკარად ჩემ გამო იკავებდა თავს და, ვერაფერს რომ ვეღარ ეუბნებოდა დედამისს, კარს გაიჯახუნებდა და სახლიდან გადიოდა ხოლმე, ბებია კი გამარჯვებული სახით განაგრძობდა ჩემი ძმების მოვლას, მე კი ერთს გადმომხედავდა გესლიანად და, ისე, რომ სხვას არ გაეგონა, ჩამისისინებდა: „სულ შენი ბრალია ყველაფერი, შე პატარა გომბიო!“ მე არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიტყვა „გომბიო“ და ვერც იმას ვხვდებოდი, რატომ ვძულდი ბებიას. ერთი-ორჯერ ვკითხე კიდეც ცალკე დედას და ცალკე მამას, ბებიას რატომ ვეჯავრები-მეთქი, მაგრამ, ორივემ თითქმის ერთნაირად მიპასუხა: კი არ ეჯავრები, ასეთი მძიმე ხასიათის ქალია და ყურადღება არ მიაქციოო. ძალიან მინდოდა, დამეჯერებინა, მაგრამ, ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ ეს სიმართლე არ იყო და ბებიას აშკარად ჰქონდა ჩემი სიძულვილის მიზეზი.
სკოლა რომ დავამთავრე და სტუდენტი გავხდი, მამამ ოროთახიანი ბინა იყიდა ჩემს სახელზე, გააქირავა და დედას უთხრა, იმ ქირას ყოველთვე პირდაპირ შეიტან შემნახველ სალაროში (მაშინ ასე ერქვა) ბავშვის სახელზე და, სანამ უმაღლესს დაამთავრებს, საკმაო თანხა დაუგროვდებაო. აცრემლებული დედა მამას ჩაეხუტა და ერთი საათი უხდიდა მადლობებს. მე დედას საქციელი ძალიან გამიკვირდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გამაოცა მამას სიტყვებმა: ოჯახში ყველას მკაცრად გვითხრა, დედაჩემთან არაფერი წამოგცდეთ, არ არის საჭიროო.
მერე ისე მოხდა, რომ მამას ინფარქტი დაემართა და მეოთხე კურსზე ვიყავი, რომ გარდაიცვალა. ასე მეგონა, მთელ სამყაროში შეწყდა სიცოცხლე. ისე ცუდად ვიყავი, კინაღამ თან გავყევი. ოცდაოთხი საათის განმავლობაში ექიმი მედგა თავზე. საწყალ დედაჩემს ქმრის გამოტირება და გლოვა არ ვაცადე. რა თქმა უნდა, ბებიაც ძალიან განიცდიდა შვილის სიკვდილს, მაგრამ, ჩემდამი სიძულვილს ასეთ დღეებშიც კი ვერ მალავდა.
არ ვიცი, ვინ უთხრა, მაგრამ, სწორედ მამას ორმოცის დღეს, ბებიამ გაიგო ჩემი ოროთახიანი ბინის შესახებ და მისმა კივილმა შეძრა იქაურობა – ჩემი საწყალი ქმრისა და შვილის ნაგროვებ-ნაწვალები ქონება ვიღაც ნაბიჭვარს რატომ უნდა დარჩენოდაო. ეს უკვე მეტისმეტი იყო და ორმოცის მეორე დღესვე კატეგორიულად მოვთხოვე დედაჩემს, ბოლოს და ბოლოს, აეხსნა, რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ დედა ჩემზე ფეხმძიმედ ყოფილა, მამას რომ გაჰყოლია ცოლად, ანუ, მე არ ვყოფილვარ იმ კაცის ბიოლოგიური შვილი, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარდი და ვინც ამქვეყნად ყველას მერჩივნა. ეს ჩემთვის ისეთი შოკი იყო, მართლა არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, მაგრამ, დედა მამშვიდებდა და მეუბნებოდა, თქვენისთანა მამაშვილობას ვერავინ დაიკვეხნის, მამას ისე უყვარდი, მის სულს ნუ აწყენინებ, მიცვალებულსაც მოვლა სჭირდება და მხარში უნდა ამომიდგეო.
ახლა უკვე ზრდასრული ქალი ვარ და მე თვითონ მყავს შვილები (უფროს ბიჭს მამაჩემის სახელი დავარქვი). ჩემს ქმარსაც ყველაფერი მოვუყევი და ძალიან თანამიგრძნო. მე მამაჩემი კიდევ უფრო მეტად მიყვარს და დარწმუნებული ვარ, ჩემნაირი მამა დედამიწის ზურგზე არავის ჰყოლია. ბებია რომ გარდაიცვალა, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ, მამას ხათრით მეც ვიჯექი ჭირისუფლებში, თუმცა, ერთი ცრემლიც ვერ გადმოვაგდე – ვერ ვაიძულე ჩემი თავი; დედამ კი მაინც ისე დაიტირა, როგორც მოყვარულმა რძალმა.
მაია, 39 წლის.

скачать dle 11.3